მთავარი,სიახლეები

სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

01.09.2021 • 2710
სადავეები ხელიდან გაშვებულია – რა გამოსავალს გვთავაზობენ ექიმები ახლა 

დღეს პირველი სექტემბერია და ბათუმის ქუჩებში ამცრელი ბრიგადებიც გამოჩნდნენ, ადამიანებმა უფრო მარტივად, პირდაპირ ქუჩაში ვაქცინაცია რომ შეძლონ. თუმცა რეალობაში, როცა კორონავირუსის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, ჯერ კიდევ მთავარი პრობლემა მითები და ლეგენდებია, რაც უფრო პოპულარულია, ვიდრე ექიმების მოწოდებები.

ექიმების ნაწილი ამ პროცესში პირდაპირ ხედავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. მათი აზრით, არ შეიძლება დეზინფორმაციას ასეთი გასაქანი მისცემოდა ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე და ამას ცხადყოფს მოცემულობაც: კორონავირუსის წინააღმდეგ არაფრის კეთებით გამორჩეულ ქვეყანაში პრიორიტეტია რესტორანი და გართობა, სკოლის და საბავშვო ბაღის ნაცვლად.

პირველი სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 3886 ახალი შემთხვევა.

მაჩვენებლების კლება შემოდგომის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალისტებმა ივარაუდეს, ხელისუფლებამ კი, რომელმაც კოვიდსიტუაციის მართვა ვერ მოახერხა, თქვა, რომ „პიკურმა მდგომარეობამ გადაიარა“.

რა იქნება ახლა, თუკი „პიკი გადავიარეთ“?

„სამწუხაროდ, სადავეები ხელიდან გაშვებულია… ერთიანი ხედვის და თავმობმული მოქმედების გარეშე ახლა ძალიან დიდი იქნება დანაკარგი,“ – მიიჩნევს, მაგალითად, ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე. იგი დანიაში მუშაობს კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დანიაში უკვე მოსახლეობის დაახლოებით 85 აცრილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

„რეგულაციები რამდენიმეა დარჩენილი და ისიც 10 სექტემბრიდან მოიხსნება. თუმცა მოსახლეობა უკვე შეეჩვია კონკრეტულ წესებს, მაგალითად, დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებას,“ – გვიყვება ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე. – „დანიამ ამას მიაღწია იმით, რომ კორონავირუსის საკითხებზე იყო ცენტრალიზებული მიდგომა, მათ შორის, ინფორმაციის გავრცელების კუთხით. განცხადებებს აკეთებდნენ წამყვანი ექსპერტები, პროფესორები და ეს ინფორმაცია ყოველთვის იყო ძალიან კონკრეტული, მარტივად გასაგები, პროცესი იყო ღია და ადამიანებს ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, რა რესურსი არსებობდა, რა იყო საჭირო. არასდროს ეს ინფორმაცია არ იყო დამაბნეველი“.

გამოწვევებზე საუბრის დროს დანიაში მომუშავე ექიმი მთავარ აქცენტს ანტივაქსერულ მოძრაობაზე აკეთებს და ამბობს, რომ გაკვირვებული დარჩა, როცა ანტივაქსერებმა „ასე მოიკიდეს ფეხი“ და მეორე – მისი კოლეგების ნაწილი საქართველოში ვაქცინის, ანუ მედიცინის საპირისპირო მხარეს დადგა.

ზაზა უჯმაჯურიძე

„ჩემდა სამწუხაროდ ბევრი ისეთი ექიმია, რომელსაც კარგი განათლება აქვს, ინგლისურიც იციან, ანუ ინფორმაციასაც იღებენ და ანტივაქსერია… ვერანაირად ვერ ვამართლებ საქციელს ასეთი ექიმისა, რომელიც პაციენტს ეუბნება, რომ არ უნდა აიცრას, ექიმი არ უნდა უშვებდეს პაციენტს სიკვდილის გზაზე,“ – კატეგორიულია ზაზა უჯმაჯურიძე და ანტივაქსერი ექიმების დასჯასაც ითხოვს:

„მაშინ თქვან, რომ ტრადიციულ მედიცინას კი არა, ალტერნატიულ მედიცინას წარმოადგენენ. ყველას აქვს ამის უფლება ჰომეოპათიით დაინტერესდეს, ან ზღაპრების სჯეროდეს, მაგრამ ტრადიციული მედიცინის სახელით ამას ვერ უნდა ბედავდეს ექიმი… ეს რეალურად არის დანაშაული საზოგადოების წინაშე. აქ მეტი ლაპარაკი არ შეიძლება,“ – გვითხრა ზაზა უჯმაჯურიძემ.

რა გააკეთეს დანიაში ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ?

„ეს ყველგან არის, ყველგან გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც  კონსპირაციული იდეები მოსწონთ, მაგრამ ეს დანიაში არ წასულა კერძო სოციალურ ქსელს მიღმა, არ მიეცა ამას დიდი გასაქანი და რაც მთავარია, ცოდნა, მკაფიო გზავნილები დავახვედრეთ ანტივაქსერულ მოძრაობას, გარდა ამისა, დანიელი ხალხი გაცილებით უფრო რაციონალურად აზროვნებს და ენდობა მედიცინას და მის მესვეურებს“ – აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე.

ექიმი მიიჩნევს, რომ საქართველოში ხელისუფლებას შეეძლო ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ანტივაქსერული მოძრაობის წინააღმდეგ, თუკი მას ამის ნება ექნებოდა.

„საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა მსოფლიოში, ასეთი გასაქანი ანტივაქსერულ მოძრაობას არ აქვს არსად, ანტივაქსერებმა ფონი ვერ უნდა შექმნან, ეგ გამორიცხულია… ხელისუფლებას შეეძლო იგივე ფეისბუქის ადმინისტრაციისთვის ეთხოვა კონკრეტული გვერდების დაბლოკვა, როგორც ეს ხდება ტერორიზმის მოწოდების შემთხვევაში. ანტივაქსერობა ტერორიზმს ნიშნავს ახლა, გაცნობიერებულად აკეთებ ამას, თუ გაუცნობიერებლად,“ – ამბობს ზაზა უჯმაჯურიძე.

დანიაში მყოფი ქართველი ექიმის დაკვირვებით წამყვანმა ქართველმა პროფესიონალებმა, რომლებმაც ხალხის დიდი სიყვარული და ნდობა მოიპოვეს დასაწყისში, თითქოს დათმეს საკუთარი პოზიციები. ყოველ შემთხვევაში, ხალხი მათ ნაკლებად უსმენს, რაც სამწუხაროა, არადა მათი მოწოდებები ძალიან მართებულია.

„სამწუხაროდ, ჩვენ [საქართველო] წავედით არამეცნიერული გზით და იგივე სამეულს, რომელსაც ადრე უსმენდა ხელისუფლება, ახლა ჩანს, რომ მათ სიტყვას აღარ აქვს ძალა. არადა თქვენ რომ ავტომანქანა გაგიფუჭდეთ, ჩემთან ხომ არ მოხვალთ, მიხვალთ ავტორიზებულ სახელოსნოში ხომ?“ – კითხულობს ზაზა უჯმაჯურიძე.

1 ექიმის 150 პაციენტი ჰყავს – პრობლემები, რომლებიც ისევ უმართავია

„დავიწყეთ დაღმასვლა, მაგრამ ახლა ზეწოლა იქნება ძალიან დიდი ჰოსპიტალურ სექტორზე, გარდაცვალების მაჩვენებელიც იქნება ისევ მაღალი,“ – ასეთია ექიმის, ვახტანგ კალოიანის მოლოდინი პიკის გადავლის შემდეგ. იგი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია ოპოზიციიდან და კონკრეტულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თანმიმდევრული და ორგანიზებული მართვის შემთხვევაში არ გვექნებოდა.

ვახტანგ კალოიანი

„მაგალითად, პრობლემაა ამ დრომდე მძიმე პაციენტების მოთავსება ჰოსპიტლებში და სანამ კრიტიკულად მძიმე არ გახდება პაციენტის მდგომარეობა, კლინიკაში არ ათავსებენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი, ამ დროს არ აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა იცოდეს, სად არის თავისუფალი ადგილი, სად გამოთავისუფლდება და ასე შემდეგ. პრობლემაა ასევე ჰოსპიტლებს შორის კომუნიკაცია, პაციენტის ტრანსპორტირება ერთი კლინიკიდა მეორეში,“ – გვიყვება ვახტანგ კალოიანი.

პრობლემაა ისეთი საკითხებიც, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის ექიმთან დაკავშირება, როცა მით უმეტეს ცხელი ხაზიც აღარ გემსახურება, ან როცა სოფლად ცხოვრობ და ინტერნეტი არ გაქვს, შესაბამისი ინფორმაცია რომ მოიძიო.

„ცხელი ხაზი 112 გადაიტვირთა, რადგან ის არ იყო ამ რაოდენობაზე გათვლილი. შეიძლებოდა და ახლაც შეიძლება ოპერატორების დამატება, მაგრამ ესეც არ გააკეთეს, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში არ გადაჰყავთ, მარტივად დააკავშირონ ექიმს,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

დღეს უკვე, როცა ადამიანს კორონავირუსი უდასტურდება, თუ ის კლინიკაში, ან კოვიდსასტუმროში გადასაყვანი არ არის, მის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ექიმების ერთიან ბაზაში განთავსდება. ოჯახის ექიმი თავად უნდა დაუკავშირდეს კოვიდპაციენტს.

ერთ ექიმს რომ უკვე 150 პაციენტი ჰყავს მისახედი, ამ რეალობაზე ამახვილებს ყურადღებას ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი.

„უკვე იმდენი პაციენტია, რომ აქტიური კომუნიკაცია ექიმთან რთულია. ზოგიერთ ოჯახის ექიმს უკვე 100 – 150 ადამიანი ჰყავს და ამდენს ვერც კი დაურეკავს დღის განმავლობაში ერთი ექიმი. ექიმების ლიმიტი ამოწურულია. ექიმის გაზრდას 9 – 10 წელი სჭირდება. გამოსავალი არის ეპიდსიტუაციის კონტროლი, რომ შემცირდეს პაციენტების რაოდენობა,“ – მიიჩნევს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმ ვახტანგ კალოიანის დაკვირვებით, გამოწვევად რჩება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, მედიკამენტების მარაგის დროული შევსება და პროცესის ორგანიზება იმგვარად, როცა ექიმს მინიმუმ დროულად მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია.

„სამედიცინო პერსონალი ახლა ძალიან დაღლილია, მათ საკუთარ თავზე უწევთ ბევრი რამის აღება,“ – დასძინა ვახტანგ კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანის თქმით, სამედიცინო პერსონალი გადაღლილია

ვახტანგ კალოიანი ასევე მიიჩნევს, რომ კონკრეტული ჯგუფების აცრა სავალდებულო უნდა გახდეს.

„მაგალითად, საჯარო მოხელეების, ვაჭრობის სფერო, სკოლებში დასაქმებული ადამიანები… პრიორიტეტი უნდა იყოს ბაღების და სკოლების გახსნა. ეს უნდა იხსნებოდეს პირველ რიგში და ყველაზე ბოლოს იკეტებოდეს. ხელისუფლება ცდილობს შექმნას სურათი, რომ თითქოს ბიზნესი მუშაობას, მაგრამ ამ დროს ბიზნესს უზარმაზარი პრობლემები აქვს. ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი.

რა უნდა გაკეთდეს ახლა?

„ტელევიზორებიდან ლაპარაკი საკმარისი აღარ არის, უშუალოდ უნდა ვესაუბროთ ადამიანებს, თუ გვინდა, რომ ზამთარს მშვიდად შევხვდეთ,“ – ამბობს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი. მისი აზრით, ანტივაქსერი კი არაა ბევრი, არამედ ადამიანების დარწმუნებას ვერ ვახერხებთ.

„ჩვენ ბევრი ანტივაქსერი არ გვყავს… ამ ადამიანების ძირითად ნაწილს სჭირდება კომპეტენტური პირის განმარტება, მათთვის მნიშვნელოვანია პირადი ისტორია და ფიქრობენ, რომ ვაქცინას რაღაცას დამართებს. ადამიანებს სჭირდებათ მყარი არგუმენტები ავტორიტეტული პირებისგან. მხოლოდ ტელევიზორში მოსმენა „აიცერი“, „აიცერი“ არაა საკმარისი“, – მიიჩნევს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი მიიჩნევს, რომ მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობაც.

„მაგალითად, სიღნაღში მხოლოდ ერთი აცრის პუნქტია, მაგრამ სიღნაღში ბევრი სოფელია, რომელიც ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული ამ ცენტრს. ზოგიერთს საკუთარი ხარჯით არ შეუძლია გადაადგილება, მოხუცია და ვერ გადაადგილდება, ამიტომაც საჭიროა მობილური ჯგუფები,“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა „ბათუმელებთან“.

ექიმი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ეფექტური შედეგის მომტანი იქნება მასობრივი ტესტირება, რადგან დროულად დაფიქსირდება უსიმპტომო პაციენტები. ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ემხრობა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო აცრას.

„მასობრივი ტესტირება უნდა გამოცხადდეს, რომ პანდემიის გავრცელება მკვეთრად შევამციროთ… სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას ჰქონდა განცხადება, რომ მხარს უჭერს ექიმების სავალდებულო აცრას. ბუნებრივია, უნდა არსებობდეს რაღაც პერიოდი, რა დროსაც მოხდება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.

ბიძინა კულუმბეგოვი

ინტენსიური ვაქცინაცია, არსებული რეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი და მასობრივი ტესტირება – ამ სამ ფაქტორს ასახელებს ბიძინა კულუმბეგოვი იმისთვის, რომ პოზიტიური მოლოდინი გაჩნდეს და ნოემბრისთვის კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასს მაინც ჩამოსცდეს.

„მაგრამ ხელისუფლება ახლა უფრო წინასაარჩევნო კამპანიითაა დაკავებული და არა ინტენსიური ვაქცინაციის პროცესით,“ – დასძინა საუბრის ბოლოს ბიძინა კულუმბეგოვმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: