აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევაა

8 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 224 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 732 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 34 ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონში კოვიდსასტუმროშია 631 ადამიანი.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 2571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 60 ადამიანი გარდაიცვალა.

60 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 2571 ახალი შემთხვევა | 8 სექტემბერი

8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის  2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 29 449 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 60 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარაში – 224, იმერეთში – 414, ქვემო ქართლში – 195, შიდა ქართლში – 172, გურიაში – 89, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 204, კახეთში – 242, მცხეთა-მთიანეთში – 49, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 153, მათგან 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კითხვას შეუძლია რეალურ და არარეალურ სამყაროში გამოგზაუროს | ზაზა მიქელაძე

ავტორი: ზაზა მიქელაძე, „სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებელი

___

ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე ლადო მრელაშვილის „იყალთოელი ბიჭები“ და მივხვდი, რომ რაღაც სხვანაირი და საინტერესო იწყებოდა.

მას შემდეგ ჩემი ცხოვრება წიგნების გარეშე წარმოუდგენელია. კითხვა ჩემი პიროვნების განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელსაც შეუძლია ერთდროულად ორ განზომილებაში, რეალურ და არარეალურ სამყაროში გამოგზაუროს და თვალსაწიერის დაუშრეტელ მორევში გიძღოდეს წინ.

გადის დრო, იცვლება ადამიანი და შესაბამისად სხვაგვარი ხდება ცნობიერი, ღირებულებათა სისტემა და მთელი აზროვნება, რომელიც განსაზღვრავს შენს პიროვნებად ყოფნას და გეხმარება იყო საინტერესო, ინდივიდუალური და განუმეორებელი, გახდე ერთი ღირებული ნაწილი მრავალფეროვან სამყაროში და ამის შემჩნევასა და დანახვაში სწორედ წიგნი გეხმარება. პოულობ წარმოსახვით მეგობრებს, ზოგჯერ გიყვარდება კიდეც, პოულობ მათ მსგავს ადამიანებს შენს გარშემო და კიდევ უფრო საინტერესოს ხდი შენს ცხოვრებას.

მახსოვს, თინეიჯერობის მიწურულს წავიკითხე ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“. ყოველი სტრიქონი უფრო და უფრო მეტად მაგრძნობინებდა წიგნის მაგიურ ძალას, ვხვდებოდი როგორ იტაცებდა გონებას და ადამიანის ფიქრებსა და განცდებში, სულში ღრმად ჩახედვის შესაძლებლობას მაძლევდა.

სულ მინდოდა ბევრი და მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონოდა ყველა ქალაქსა თუ სოფელს და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს, რადგან ბუნებასთან ჰარმონიული ყოფით წიგნის მაგიური ძალა მათ სულებს კიდევ უფრო ძლიერად სწვეოდა… ეს პროექტი ამის შესაძლებლობას იძლევა.

იმედი მაქვს, წიგნი კიდევ უფრო მეტ როლს შეასრულებს ადამიანების გაკეთილშობილებასა და მშვიდობიანი სამყაროს შექმნაში.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

მასწავლებელი საქართველოდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

დღეს, 7 სექტემბერს, მასწავლებელი მარი ხარიტონაშვილი  მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (Global Teacher Award) გამარჯვებული გახდა. ის მესამე მასწავლებელია საქართველოდან, ვინც აღნიშნული ჯილდო მიიღო.

მარი ხარიტონაშვილი წელს „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზეც“ იყო წარდგენილი და საუკეთესო ათეულშიც მოხვდა.  იგი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.

კონკურსი Global Teacher Award-ი ინდოეთში იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს.

„სანამ საქართველოში ეროვნულ ჯილდოზე წარმადგენდნენ, მანამდე შევიტანე ამ კონკურსზე განაცხადი. სკოლაში გეოგრაფიას ვასწავლი, თუმცა ინგლისური ენა კარგად ვიცი და ეს მეხმარება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში.

ბოლო ორი წელია ბავშვებიც მყავს ჩართული. ვთანამშრომლობთ იაპონიასთან, მაროკოსთან,  ჩეხეთთან, ბულგარეთთან. სხვადასხვა თემას ვარჩევთ ხოლმე დისკუსიისთვის და კვირაში ან თვეში ერთხელ გვაქვს პირდაპირი ჩართვები.

მაგალითად, იაპონიასთან მდგრადი განვითარების მიზნებზე გვქონდა დისკუსია, ძალიან აქტუალური საკითხია ეს დღეს მსოფლიოში. ვსაუბრობდით ასევე სიღარიბის თემაზე.

მაროკოსთან კულტურაზე, ეროვნულ ტრადიციებზე გვქონდა ჩართვები და ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა მოსწავლემ. თვე-ნახევრის წინ საჩუქრად გამოუგზავნეს ტრადიციული სამოსი.

რუმინეთთან და ბულგარეთთანაც საინტერესო პროექტები გვაქვს კულტურაზე და თვეში ერთხელ გვაქვს ჩართვები, სადაც კონკრეტულ თემაზე მიდის დისკუსია,“- გვეუბნება მარი ხარიტონაშვილი.

მარი 24 წელია რაც სკოლაში ასწავლის, ხუთი წლის წინ გახდა კონკურსის – „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული, რის შემდეგადაც ესტონეთში გაემგზავრა, სამი წლის წინ კი საქართველოსა და ევროსაბჭოს ერთობლივ პროექტში – „პესტალოცი“ გაიმარჯვა და ავსტრიაში იმყოფებოდა.

„ამ პროექტში მიგრაციის თემა ავირჩიე, რადგან საქართველოსთვის ნაცნობი პრობლემაა და გავიმარჯვე,“ – გვითხრა მან.

რა გამოგარჩევთ სხვა პედაგოგებისგან? – ვკითხეთ მას. პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის სწავლებაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალური, არამედ არაფორმალური განათლებაც.

„ამაში მარტო განათლებას არ ვგულისხმობ, არამედ არაფორმალურ, თავისუფალ ურთიერთობას მოსწავლეებთან. ძალიან ხშირად თინეიჯერ მასწავლებელს მეძახიან, რადგან თავისუფალი მიდგომა მაქვს ბავშვებთან. არასდროს ვაგრძნობინებ მოსწავლეს, რომ მკაცრი ვარ და ჩემს წესებს უნდა დაექვემდებაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში ვითვალისწინებ ბავშვების აზრს, ზოგჯერ შევმცდარვარ კიდეც და ბოდიშიც მომიხდია ბავშვისთვის. მათ სოციალურ ქსელებშიც ვუთმობ დროს და ვსაუბრობთ მოსწავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვფიქრობ, რომ ბავშვების მეგობარი ვარ და ხშირად ისეთ საკითხებზეც კი მესაუბრებიან, რაც შესაძლოა მშობლებსაც არ გაუზიარონ. თბილი ურთიერთობები მეხმარება იმაში, რომ სკოლაში, გაკვეთილებზე უფრო მაღალ შედეგზე გავიდე,“ – ამბობს მარი.

მისი თქმით, მასთან ბავშვებს არ აქვთ დახურული კითხვები, თემები და მოსწავლეებს შეუძლიათ ყველა საკითხზე მიმართონ.

„ეკოტურისტული კლუბი შევქმენი სკოლაში და ამაშიც ბევრმა მოსწავლემ ამიბა მხარი,“-ამბობს მარი ხარიტონაშვილი.

მას ასევე ვკითხეთ, მოსწავლეებთან უფრო გლობალურად ხომ არ განუხილავთ ის გამოწვევები, რის წინაშეც დადგნენ ქვეყნები პანდემიის დროს. მარი ხარიტონაშვილის თქმით, ამ საკითხზე ჩართვები ჰქონდათ ბანგლადეშიდან და ტაილანდიდან, სადაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ პანდემიის დროს 10-20 პროცენტით გაიზარდა სიღარიბე მათ ქვეყნებში.

„გვიზიარებდნენ ქალაქის დანაგვიანებული ქუჩების ფოტოებს, უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე გვიყვებოდნენ. წარმოიდგინეთ, ჩვენ როგორ გაგვიჭირდა, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბევრად დიდია პანდემიისგან გამოწვეული კრიზისი როგორც განათლების მხრივ, ასევე ეკონომიკაში,“ – ამბობს მარი.

ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად

ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალდასრულებული ან მიმდინარე პროექტები ის ძირითადი საკითხებია, რაზეც „ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებზე საუბრობს.

„განსაკუთრებული პერიოდია ჩვენი ქალაქის ისტორიაში, უნდა გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები. გავაგრძელოთ რეკრეაცია…“ – მიმართავს არჩილ ჩიქოვანი ამომრჩეველს და „დაწყებულის გასაგრძელებლად“ მხარდაჭერას ითხოვს.

ბოლო ერთი წელია, რაც ის მერის მოვალეობას ასრულებს, ოფიციალურად კი ვიცე-მერია და კანდიდატობის გამო გადადგომას კანონი მას არ ავალდებულებს.

ოპოზიციური პარტიები „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, მას აჭარის გზების დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის დროინდელი სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასებაც გაუხსენეს.

აუდიტის დასკვნა ეხებოდა 2016-2017 წლების შესყიდვებს, როცა დეპარტამენტს სწორედ არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ამ ამბის შემდეგ ის დააწინაურეს კიდეც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეგობარი და მეჯვარე ჯერ მთავრობის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად გადაიყვანა, შემდეგ კი  მას ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჩააბარეს, დანიშვნის დღიდან ის მერის მოვალეობას ასრულებს.

75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი

წინასაარჩევნო შეხვედრებზე ჩიქოვანი მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურულ, ასევე ურბანულ პრობლემებს ასახელებს და ამომრჩეველს მწვანე სივრცეებს ჰპირდება. კონკრეტულად, სად და რამდენ სკვერს მოაწყობს „ოცნების“ კანდიდატი ქალაქში თუ ის მერი გახდება, ამას ამომრჩეველთან შეხვედრებზე არ აკონკრეტებს.

რამდენიმე პრინციპულ საკითხზე კი მისი მოსაზრება ვერც კანდიდატობამდე გავიგეთ და ვერც კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

არჩილ ჩიქოვანმა, როგორც ქონების მესაკუთრე სტრუქტურის ხელმძღვანელმა პირმა, თავისი მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე. არც ის ვიცით, ემხრობა თუ არა ის ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. თუმცა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად ექცევა მუსლიმებს.

არ ვიცით რა ხედვა აქვს არჩილ ჩიქოვანს ბათუმში უნებართვოდ აშენებულ ათასობით კვ.მეტრ ფართობზე, საზოგადოებრივი სივრცეების მიტაცების კონტროლზე, ამ საკითხებზე ის უმეტესად პასუხობს, რომ პრობლემა „სამართლებრივი გზებით“ უნდა მოგვარდეს. სამაგიეროდ გვახსოვს უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში ის გენგეგმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეც საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ ხედავს ამ საკითხების დარეგულირების გზებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩიქოვანის მოსვლიდან დღემდე მერიის საიტზე აღარ ქვეყნდება  რამდენიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც ადრე, მართალია, შეფერხებებით, თუმცა ხელმისაწვდომი იყო. ამას მერია ვებგვერდის გადატვირთვით ხსნის. ეს პრობლემა კი უკვე ნახევარ წელზე მეტია ვერ მოგვარდა.

არჩილ ჩიქოვანს აქვს ასევე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

არჩილ ჩიქოვანის მთავარი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] გიორგი კირთაძეა. მის სასარგებლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ბათუმში საკუთარ კანდიდატს არ ასახელებს და საერთო კანდიდატად ენმ-ის კანდიდატს განიხილავს.

გიორგი კირთაძე აჭარაში ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე პარტიიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.

გიორგი კირთაძეს თვითმმართველობის ორგანოში  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე საკრებულოს უმრავლესობამ გადააყენა. ამის შემდეგ ის საკრებულოში მუშაობას ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის რანგში აგრძელებდა. შემდეგი მოწვევის საკრებულოში კი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სიით შევიდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი კირთაძეს პარტიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესის წამოწყების მცდელობა ჰქონდა. 2019 წელს მან სამშენებლო კომპანიაც დააფუძნა, თუმცა მალევე დაანება თავი ამ საქმეს. ამბობს, რომ არ გამოუვიდა:

„მივხვდი, რომ არ დადგებოდა ჩემგან დეველოპერი. გარდა ამისა, ეს საქმიანობა ოპოზიციურ პარტიასთან შეუთავსებელი იყო.“

„გირჩია“ კიდევ ერთი კვალიფიციური პარტია, რომელმაც ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ფუტკარაძე დაასახელა. ის ბათუმში ფიტნესკლუბის მფლობელია. გასული წლის ნოემბერში კოვიდის გავრცელების გამო შემოღებული აკრძალვის დარღვევისთვის მისი ფიტნესკლუბი შრომის ინსპექციამ დალუქა.

გიორგი ფუტკარაძე

გიორგი ფუტკარაძეს თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილება ამ დრომდე არ ჰქონია.

მერობის კანდიდატი  დაასახელა ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ პარტიის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე წინა მოწვევის საკრებულოში „ოცნებას“ წარმოადგენდა. იყო ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც ჩააბარეს.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა. თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში.

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში. 2019 წელს მან „ქართული ოცნება“დატოვა, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ბათუმში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია ყოფილი პოლიციელი გია ხალვაში. მერობის კანდიდატად ამჯერადაც დარეგისტრირდა მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე.

  • პირველები სიებში

ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექიმი, ქირურგი კახა ქაშიბაძე ჩაწერა. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს.

„ჩემთვის დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფნა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, რადგანაც ჩემი ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა და მისი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ის, რამაც უნდა მიგვიყვანოს ცვლილებებამდე და იმ კურსის შენარჩუნებამდე, რაც აქამდე გვქონდა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედით“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.

რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ის სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ

„ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი კი ფეხბურთელი ასლან ბალაძეა. საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ის თვითმმართველობის კოდექსის შესწავლასაც აპირებს. პარტიის შეთავაზებას კი საკრებულოში მოსახვედრად არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, აფასებს, როგორც გამოწვევას მის ცხოვრებაში:

„სიახლეები ყოველთვის კარგია ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება სპორტს ვემსახურებოდი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს შემოთავაზება და მოულოდნელიც იყო. ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში გავატარო ის პრინციპულობა, არ დავაკლო არაფერი ჩვენს საქმიანობას იმიტომ, რომ ჩემი სპორტში მოღვაწეობა იყო წარმატებული და ისეთი წარმატებული მინდა ვიყო პოლიტიკაშიც, ამიტომ ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის.“

„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

„ლელოს“ სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. ირაკლი კუპრაძე იურისტია, პარტიაში შესვლამდე ის სამოქალაქო აქტივისტი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა შრომითი უფლებებისა და  მწვანე პოლიტიკის საკითხებზე. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

„ევროპული საქართველოს“ პირველი ნომერი ბადრი გორგაძეა.  „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ პირველი ნომერი კი – თემურ გორგაძე, პროფესიით თეოლოგია და საჯარო სექტორში არასოდეს უმუშავია.

  • ქალები

აჭარაში არც ერთ პარტიას მერობის კანდიდატად ქალი არ დაუსახელებია, ისინი, ძირითადად, მხოლოდ პარტიულ სიებში კვოტირების შესახებ კანონის გათვალისწინებით მოხვდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 15-წევრიან პროპორციულ სიაში მხოლოდ 5 ქალია. გარდა ამისა, პარტიამ შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთი ქალი, მოქმედი საკრებულოს წევრი ნაზი ფუტკარაძე წარადგინა.

მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 5 ქალია, მათგან ორი საკრებულოს მოქმედი წევრია. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატად არც ერთი ქალი არ ჰყავს.

თეკლა კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ ხედვები მიმდინარე საკითხების განხილვისას  პარტიის ხედვებს არ დაემთხვევა, ამ და სხვა თემებზე წაიკითხეთ აქ.

წინა ხელისუფლების მმართველობიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში იყო ერთი დიდი მმართველი პარტიის უმრავლესობის ფრაქცია, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს და ოპოზიციის ერთი ფრაქცია, რომელიც ამ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდა.

ბათუმის საკრებულო არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, რომ კონკრეტული საკითხის მიმართ სხვადასხვა ინტერესის თანხვედრის შემთხვევაში მმართველი ძალის სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება დაფიქსირებულიყო.

მერიას უმეტესწილად დამტკიცებული სახით გაჰქონდა ის, რაც საკრებულოში პროექტის სახით შეჰქონდა. დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მაკონტროლებელი კოლეგიალური ორგანოა და მერია აღმასრულებელი, არჩეულ მერს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საკრებულოს. ეს მაშინაც კარგად გამოჩნდა, როცა ბათუმის ყოფილმა მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს მესიჯად მისწერა  კონკრეტული საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოეღო, მან კი ok-ით უპასუხა.

საკრებულოს სხდომებზე გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საკრებულოს წევრების უმეტესობას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არათუ არ შეუსწავლია, არც გადაუხედია მათთვის. მათგან ბრიფინგები გვახსოვს და არც პრინციპული უარი. კრიტიკული განცხადებებით ძირითადად ოპოზიცია შემოიფარგლებოდა, თუმცა ძირითადად უშედეგოდ.

სკოლებს შეეძლებათ აირჩიონ დასწრებული ან დისტანციური სწავლება

საქართველოს განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

მანამდე კერძო და საჯარო სკოლები, ასევე, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, სწავლას დისტანციურ რეჟიმში, 15 სექტემბერს დაიწყებენ.

გამონაკლისია მხოლოდ პირველკლასელები – სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი 4 ოქტომბერს სკოლაში დაიწყებენ სწავლას, მხოლოდ ერთი პირობით – იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც სკოლა მდებარეობს, ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი უნდა იყოს.

ასევე, სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში.

„სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც“, – წერს განათლების სამინისტრო.

ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები მხარდაჭერას – ენმ-ის ახალი სახე თავის გამოუცდელობაზე

თეკლე კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ გარკვეულ საკითხებში პარტიის ხედვებს არ გაიზიარებს? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს თეკლე კავაზაშვილი პასუხობს.

  • თეკლე, რა საკითხებზე აპირებთ საკრებულოში მუშაობას, რა გეგმები გაქვთ?

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს და მით უმეტეს, თვითმმართველობის ორგანოში, ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები პრაქტიკულ მხარდაჭერას. მჯერა, ჩვენი გუნდის გამოუცდელი ნაწილის იდეები და პრაქტიკული ცოდნა კარგად გენერირდება და საკმოდ კარგ შედეგს დადებს. როგორც ასეთი, კონკრეტული გეგმების ჩამოწერილი ლისტი არ მაქვს, მაგრამ დავასახელებ იმ თემებს, რაც ბათუმს აწუხებს, ეს იქნება ეკოლოგიური საკითხები, პარკინგის პრობლემები. რაც ქალაქს მართლა ტკივა და ყველა ბათუმელს აწუხებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ურბანული დაგეგმარება, მშენებლობა, ეკოლოგია – ამ მიმართულებებზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას.

  • რა გამოცდილება გაქვთ, სად მუშაობთ?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, სამართალმცოდნე ვარ პროფესიით. ამ დროისთვის გავდივარ სამაგისტრო პროგრამას საჯარო სამართლის მიმართულებით და ვგეგმავ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩავაბარო. პარალელურად ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა აკადემიური სფერო და სულ მინდოდა ჩემი დაგროვილი თეორიული ცოდნა გამეზიარებინა სხვებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. შესაბამისად, ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდა და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ბათუმის ორ სხვადასხვა სკოლაში.

მიხარია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოს მუშაობაში უშუალოდ ვიქნები ჩართული. პრაქტიკული ცოდნა დამეხმარება, რომ ბავშვებს უკეთესად ავუხსნა კონკრეტული საკითხები.

  • აპირებთ ისევ გააგრძელოთ სკოლაში მუშაობა საკრებულოში შესვლის შემთხვევაშიც?

ეს ორი სამსახური შეთავსებადია ერთმანეთთან, ბავშვებთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მიხარია, რომ ცოდნა, რაც გამაჩნია, მომავალ თაობებს გადავცე, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს ახლა თუ არ ვასწავლეთ სწორი მიდგომა… სწორი მოქალაქეები, რომ გავზარდოთ, თავიდანვე უნდა ვასწავლოთ.

  • თქვენ დაასახელეთ ეკოლოგია, ასევე პარკინგის პრობლემა – ერთი კონკრეტული საკითხი რომ დამისახელოთ, რაც აქტუალურია ქალაქში და მომიყვეთ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას, რა ხედვა გაქვთ?

იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც საკრებულოს წევრებს აქვთ შესაძლებელია, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა. შეიძლება, დარგის ექსპერტები, თუნდაც უცხოელები მოვიწვიოთ, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, სპეციალისტები, რომლებიც მარტივად შეძლებენ გადაჭრის გზების პოვნას. უნდა უზრუნველყოთ ისეთი ვარიანტის შექმნა, რომ არ იყოს მხოლოდ შაბლონური. სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც, მაგალითად, აქვს გიორგი კირთაძეს [ენმ-ის მერობის კანდიდატი] ან ჩვენი სიის სხვა რომელიმე წევრს, დაგვეხმარება.

  • ბოლო პერიოდის მწვავე საკითხებს შორისაა ქაოტური მშენებლობები ქალაქში. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ამბობენ, რომ მათ აქვთ უფლება ააშენონ საკუთარ მიწაზე. თქვენ როგორც სამართალმცოდნე, ამ საკითხების დარეგულირების რა გზებს ხედავთ?

ყველა თანხმდება, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს იმ სამართლებრივ ნორმებთან და რეგულაციებთან, რაც არის დადგენილი. როგორც მახსოვს, იყო შემუშავებული ქალაქგეგმარების დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული სიმაღლის შენობების დაშვებას კონკრეტულ უბნებში. მახსოვს, რომ ძველ ბათუმში დაშვებულია 12 მეტრი – დეტალებში არ ვარ ჩახედული.

ვთვლი, რომ კონკრეტულ უბნებს უნდა მიეცეთ კონკრეტული დანიშნულება, მაგალითად, სამრეწველო, კულტურული, ტურისტული, ამ ზონების მიხედვით გადანაწილდეს სიმაღლეები. როგორც განვითარებულ ქალაქებში ხდება. გეგმა უნდა იყოს გრძელვადიანი და არა ოთხწლიანი და არა ერთ რომელიმე მმართველობაზე მორგებული. რეგულაცია უნდა გამოადგეს ქალაქს და არა ვიწრო სპექტრს – ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, თუ სხვებს, რომლებიც ჩადებენ ფულს და ამით ხეირს ნახავენ. ამ მხრივ კანონმდებლობა დასახვეწია. რთული საკითხია, რადგან მხოლოდ ბათუმი ამას ვერ გადაწყვეტს.

  • თუ თქვენი ხედვა არ დაემთხვა გუნდის ხედვას, შეძლებთ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაცვას, მაგალითად, საკრებულოს სხდომაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციის ღიად დაფიქსირებას?

რა თქმა უნდა, გუნდს და ერთიან პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი პარტიული სია, რომელიც ბათუმის საკრებულოში წარვადგინეთ, საკმაოდ მრავალფეროვანია. შესაბამისად, ბევრი ახალი აზრია, ახალი სახეები, რომლებიც ყველანაირი კლიშეებისა და მარწუხებისგან გათავისუფლებული არიან.

ძირითადად ახალგაზრდა კადრებია სიაში, რომლებსაც ინდივიდუალიზმი არ დაუკარგავთ და შეუძლიათ საკმაოდ კრიტიკულად, ცივი გონებით იმსჯელონ და ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც თვითონ მოეწონებათ და არა ვიღაც ერთ ადამიანს. ერთი შეჯერებული აზრი, როგორც ამას აკეთებდა გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ წინა წლებში, არასწორია. მგონია, რომ ცვლილებების დროა.

რეალურად ქალაქის საკრებულოში ქალაქისთვის უნდა ვიმუშაოთ და არ კონკრეტული ინტერესებისთვის. ამ შინაგანი რწმენით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

  • პარტიებმა, მათ შორის ენმ-მ იმდენი ქალი ჩასვა სიებში, რასაც კვოტირება ავალდებულებდა. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით ისევ არის სამუშაო, რომ მეტი ქალი ვიხილოთ სიებში, პოლიტიკაში, საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე?

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატადაც ჰყავს ქალი ერთ უბანში. ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ საკითხს თანდათან უფრო მეტი ყურადღება ექცევა. თუმცა ბათუმის პირველი მოწვევის საკრებულო რომ ავიღოთ, მთლიანად კაცებით იყო დაკომპლექტებული და სულ იყო დავიდარაბა და ჩხუბი. იყო ხოლმე მომენტები, რაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი. ქალების გარეშე საკრებულოს ბალანსი აკლდა, 24-წევრიან საკრებულოში რომ 24-ვე კაცია, ეს მე არასახარბიელოა. გენდერული ბალანსი ყველგან უნდა იყოს დაცული.

პირველკლასელები სწავლას დაიწყებენ 4 ოქტომბერს – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ცნობით, წელს პირველკლასელები სწავლას სკოლის შენობებში დაიწყებენ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

„ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში დაიწყონ.

ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში“ – იუწყება სამინისტრო.

6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.63%.

რაც შეეხება საჯარო და კერძო სკოლებს, პროფესიული სასწავლებლებსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სამინისტროს ცნობით ისინი სწავლას 15 სექტემბერს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აჭარაში კოვიდზე სახლში ცრიან იმ პირებს, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ

აჭარაში იმ პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74-მა პაციენტმა ისარგებლა.

სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე – 1522.

„შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან,“ – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამით ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სარგებლობენ, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ.

აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია 161 846 აცრა, მათ შორის ორი დოზით აცრილია რეგიონში მცხოვრები 58 477 მოქალაქე.

__________

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

„ნებართვები ამოწურულია“ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პაუხი მძღოლებს

„ამ ეტაპზე ველოდებით თურქეთის მხრიდან გამოგზავნილი ნებართვების მიღებას, რის შემდგომაც, უახლოეს მომავალში დაიწყება მათი გაცემა,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დღეს, 7 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაცია უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც სააგენტოს ბათუმის სამსახურის ოფისთან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, საქართველოს და თურქეთს შორის მუდმივად იცვლება გადაზიდვების ნებართვების რაოდენობა, წელს ეს მოთხოვნები 42 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ნებართვების რაოდენობა უკვე ამოწურულია.

„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული მთავრობათშორისი ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებს შორის ყოველწლიურად იცვლება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გარკვეული რაოდენობა… თურქეთის რესპუბლიკასთან გაცვლილი ნებართვები სრულად ამოწურულია.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ნებართვების დამატებით გაცვლის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მოგვიანებით გაავრცელებს,“ – აღნიშნულია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, როდის მიიღებენ მძღოლები შესაბამის ნებართვებს.

მთავარი ფოტო: მძღოლების აქცია სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან, 7 სექტემბერი.

ბათუმში 7 ქუჩაზე წყალი 23 საათამდე შეწყდა

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 7 სექტემბერს, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეწყდა შემდეგ მისამართებზე:

  • გოგოლის ქუჩა
  • მაიაკოვსკის ქუჩა
  • თაბუკაშვილის ქუჩა
  • სვიშევსკის ქუჩა
  • გ. წერეთლის ქუჩა
  • ნიჟარაძის ქუჩა
  • ვოლსკის ქუჩა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.

ჩვენი პარტიის წევრებს აშინებენ და აშანტაჟებენ – „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხულოში მაჟორიტარობის კანდიდატმა ილია კოჩალიძემ დატოვა.  დღეს, 7 სექტემბერს, კოჩალიძის წასვლაზე კომენტარი გააკეთა პარტიის ხელმძღვანელმა აჭარაში და ბათუმის მერობის კანდიდატმა ირაკლი მიქელაძემ. მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრებს სუსი და „ქართული ოცნება“ აშანტაჟებს და აშინებს.

„ქართული ოცნების“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება დაშინება, შანტაჟი და მოსყიდვა ჩვენი პარტიის წევრებზე. როგორც გუშინ ვნახეთ, პარტია დატოვა ერთ-ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ხულოში და თავისი კანდიდატურა მოხსნა.

მინდა ვუთხრა სუსს და „ქართულ ოცნებას“, რომ ეს ყველაფერი ძალიან ემსგავსება 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს და როგორც მაშინ გასცა ქართველმა ხალხმა პასუხი „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე, მოახლოებულ არჩევნებზე ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს,“ – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს არა მარტო მაჟორიტარობის, არამედ მერობის კანდიდატებზეც. „ყველანაირად ცდილობენ, რომ დააშინონ ეს ადამიანები“ – ამბობს მიქელაძე.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ოცნებიდან“, მან მმართველი პარტია 2017 წელს დატოვა.

2 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი.

აჭარაში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში

7 სექტემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილების ასაკი 62-დან 81 წლამდე იყო.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 50 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ვირუსით გარდაიცვალა 7 917 ადამიანი.

თურქეთში დადასტურდა ახალი მიუ შტამის 2 შემთხვევა

თურქეთის რესპუბლიკაში ახალი, ე.წ. მიუ შტამის 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია მხოლოდ 2 შემთხვევაზე და ძირითადად თურქეთში ახლა კორონავირუსის დელტა და დელტა+ შტამები ცირკულირებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მიუ შტამი პირველად კოლუმბიაში დაფიქსირდა 2021 წლის იანვარში.

კორონავირუსის მიუ ვარიანტი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც B.1.621, დაემატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინტერესის სიას 30 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც იგი 39 ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი.

ჯანმოს ცნობით, კოვიდის ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური დაცვისთვის თავის არიდების თვისება, თუმცა ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს.

გამყრელიძე ამბობს, რომ კოვიდის დღევანდელი სტატისტიკა არაზუსტია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 7 სექტემბერს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 50 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა დღესვე, ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.

„დღევანდელი მაჩვენებელი – 1965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი,“ – თქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ. მან განმარტა, რომ სერვერების შეფერხება დაფიქსირდა და დღიური ინფიცირების ზუსტი მონაცემი ამ დრომდე უცნობია.

„ბოლო 3 კვირა არის ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების ნელი ტემპით, მაგრამ ეს გრძელდება… რეალურად უნდა ყოფილიყო კლება, მაგრამ პროგნოზის მიხედვით, დღეს უნდა ყოფილიყო 3500 – 3700. სამშაბათს, როგორც წესი, გვაქვს მატება,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, დიაგნოსტიკის პორტალს ჰქონდა შეზღუდული წვდომა სერვერთან და „ყველა შედეგი არ არის ატვირთული“.

„ნეტა ვცდებოდე მე დღეს,“- დასძინა ამ თემაზე საუბრის დროს ამირან გამყრელიძემ.

განახლებულ კოვიდსტატისტიკას „ბათუმელები“ მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

თხილის ფასი საშუალოდ 50 თეთრით შემცირდა. საშუალო ხარისხის თხილი აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 4 ლარი ღირდა, სექტემბრის დასაწყისში კი თხილის ფასი 3 – 3.5 ლარია.

ბათუმის აგრარულ ბაზარში თხილს საშუალოდ 3 ლარად იბარებენ და 5 ლარად ჰყიდიან. ამ ფასად აბარებენ მეთხილეები თხილს ქობულეთსა და გურიაშიც, სადაც თხილის ჩაბარების არაერთი პუნქტია მოწყობილი.

„ხარისხის მიხედვით თხილში ვიხდით 2 ლარიდან 5 ლარამდე, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 50 თეთრით არის შემცირებული ფასი, თუმცა არ გამოვრიცხავ ეს ფასი ისევ შემცირდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბადრი ლორჩოშვილი, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია სენაკში იბარებს თხილს.

თხილის ფასი ტრადიციულად იზრდება, როცა მოსავალი შრება, თუმცა თხილის ექსპორტიორის თქმით, წელს რამდენიმე ახალი ფაქტორია, რის გამოც თხილის ფასი პირიქით შემცირდა.

„ეს არის პანდემია და თურქეთი, რომელიც თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. წელს იქ განსაკუთრებით დიდი მოსავალია, დიდი მოსავალია ჩვენთანაც,“ – აღნიშნა ბადრო ლორჩოშვილმა.

ბიზნესმენის დაკვირვებით პრობლემაა, როგორც თხილის ხარისხიანი მოსავლის მიღება, ასევე მისი დროული აღება და შენახვა.

„მოსავლის 20 პროცენტი ჯერ კიდევ აღებული არაა, თხილს ახლა აზიანებს ეს წვიმიანი ამინდი. პრობლემაა შენახვაც, რადგან ზოგჯერ ფერმერს ჰგონია, რომ თხილი გამომშრალია, მაგრამ არაა ასე და თხილი ფუჭდება,“ – გვიყვება ბადრო ლორჩოშვილი.

თხილის ექსპორტიორის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე თხილის ფასი წელს დაახლოებით 5.5 ამერიკული დოლარია.

ამ თემაზე:

რა ფასი ექნება წელს თხილს – ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან 

წელს 5 ათასამდე ორსული დაინფიცირდა კოვიდით – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე წელს ორსულებში დელტა შტამის გავრცელება იყო ძალიან სწრაფი და ინფიცირების მაჩვენებელმა 5 ათასს მიაღწია.

„2020 წელს ჩვენ  ორსულებში გვქონდა 1300-მდე ინფიცირების შემთხვევა და აქედან მხოლოდ 1 იყო გარდაცვალება. წელს ინფიცირებული ორსულების რაოდენობამ თითქმის 5 000-ს მიაღწია.

ერთდროულად, ერთსა და იმავე პერიოდში, ინფიცირებული იყო 40-50 ორსული, რა თქმა უნდა, მდგომარეობა იყო სხვადასხვანაირი, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი იყო 0.3 პროცენტი, რაც საერთო სიკვდილიანობასთან შედარებით დაბალია, მაგრამ  ვიცით, როგორი რთულია ორსულის და ახალშობილის გარდაცვალება, რისი შემთხვევებიც ჩვენ გვქონდა“- თქვა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ორსულების ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა ტემპი არც თუ ისე მაღალია. „რა თქმა უნდა, მეტი აქტიურობაა საჭირო“- ამბობს გაბუნია.

ჯერჯერობით საქართველოში ორსულების ვაქცინაცია დასაშვებია მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით.

აუცილებელია სტუდენტებმა დროულად ჩაიტარონ აცრა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ძალიან დაბალია სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი.

„სკოლის გარემოს გარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის განახლება. სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია. ამიტომ აუცილებელია, რომ მასწავლებლებთან ერთად, გააქტიურდნენ სტუდენტებიც და დროულად ჩაიტარონ აცრა“, – ამბობს გაბუნია.

რაც შეეხება სკოლებს, გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლის პროცესი 4 ოქტომბერს იმ შემთხვევაში განახლდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდება და ინფიცირების კლება  გაგრძელდება.

________________________

მსგავს თემაზე:

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

რა შემთხვევაში განახლდება 4 ოქტომბერს სწავლა სკოლაში – თამარ გაბუნიას კომენტარი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სასკოლო გარემოში სწავლა იმ შემთხვევაში განახლდება, თუ კორონავირუსის გავრცელების ტემპი შემცირდება.

„ტენდენცია არის კეთილსაიმედო, კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. ზოგიერთ სკოლაში თითქმის 60 პროცენტს აღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ შექმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა,“ – ამბობს გაბუნია.

მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს ჯერჯერობით დისტანციურად გაგრძელდება.

თამარ გაბუნიას თქმით, პედაგოგებისთვის განსხვავებით ბევრად საყურადღებოა უნივერსიტეტების საკითხი, რადგან სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი საკმაოდ დაბალია.

„სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არის ძალიან დაბალი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგებთან ერთად, საუნივერსიტეტო გარემოში გააქტიურდნენ სტუდენტები და დროულად ჩაიტარონ აცრა,“ – განაცხადა მან.

ვაქცინირებული პირები ლატარიაში ფულს მოიგებენ – საპრიზო ფონდი 3 მილიონამდე ლარია

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს, რომ ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის გათამაშება დაიწყება.

„ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს.

ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში, წლის ბოლომდე.

ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება.

ცხადია, იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდი. 100 ლარი და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო.

შემაჯამებელი გათამაშება იქნება წლის ბოლოს და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი.

გათამაშება შედგება ყოველდღიურად, ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის გზით შეარჩევს გამარჯვებულებს, შეატყობინებს ამ ადამიანებს და გადასცემს შესაბამის პრიზებს. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა ტექნიკურ მხარეზე ლატარიის კომპანია გაავრცელებს უფრო დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

დღეს, 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე განაცხადეს, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გაგრძელდება, თუმცა 13 სექტემბრიდან შეზღუდვა მოიხსნება საზოგადოებრივ  ტრანსპორტზე.

 

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდება.

სხვა დანარჩენი შეზღუდვა კი ისევ ძალაში რჩება.

„მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ.

შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტის, ან 24 საათის მანძილზე ანტიგენის ტესტის პასუხი,“ – აცხადებს მთავრობა.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში აქციას მართავენ

დღეს, 7 სექტემბერს, სატვირთო ავტომანქანების მძღოლები ბათუმში, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მძღოლები ტვირთის სხვა ქვეყნებში გადატანის ნებართვას ითხოვენ.

„ცოტა ხნის წინ მათ „ეკონომიკური შესასვლელიც“ გადაკეტეს, მაგრამ პოლიციის ხელმძღვანელი პირების თხოვნით, შესასვლელი მალევე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ ადგილზე მოვლენ სააგენტოს წარმომადგენლები, ახლა აქციაზე მათ ველოდებით,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, დაახლოებით 20 დღე არ მიუღიათ ნებართვა ტვირთის გადატანაზე. მძღოლებისთვის უცნობია, რატომ არ აძლევენ მათ შესაბამის ნებართვებს.

„6 წლის წინ ვიყიდე ტრაილერი და პერიოდულად ასე გვიქმნიან პრობლემებს, ნებართვებს არ გვაძლევენ,“ – გვიყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რუსლან ზოიძე.

„ბანკის ვალი აქვს ყველას. მე პირადად თვეში 2700 ლარი მაქვს შესატანი, სხვებს მეტი აქვსთ. ნებართვა სჭირდება კომპანიას, ჩემს კომპანიას მხოლოდ ეს ერთი მანქანა აქვს. უკვე 6 თვე არ მიგვიღია ნებართვა მესამე ქვეყანაზე, ანუ, მაგალითად, თურქეთიდან რომ სხვა ქვეყანაში გადახვიდე, ხოლო 20 დღეა თურქეთშიც არ გვიშვებენ.

უფრო მსხვილ კომპანიებს აძლევენ ნებართვებს, ფულით ხდება თუ როგორ, არ ვიცი. ჩვენ არ გვეუბნებიან, რატომ არ გვიშვებენ,“ – გვითხრა რუსლან ზოიძემ.

ნებართვას საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვაზე 70 ლარი სჭირდება, დაჩქარებული წესით – 100 ლარი. აქციის მონაწილეების თქმით, ასზე მეტი მძღოლი საქართველოში ახლა ამ ნებართვას ელოდება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც განმარტებას დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლების აქცია ბათუმში

ბათუმში ღამღამობით იწვიმებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 სექტემბრის 21 საათიდან 8 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 21 – 26 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი 
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 9-10 სექტემბერს მოსალოდნელია ღამით ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

დაკავებულია 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 21 პირი, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი.

„თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში 21 პირი დააკავეს, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორი. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო გასაღების მცდელობაში ედებათ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების შესყიდვა და ფარული აუდიო-ვიდეოს ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული სამი პირი სოციალურ ქსელში ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ და ასაღებდნენ. მათი პირადი საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს 8 ლიტრამდე სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, ჩხრეკისას ასევე ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა“ – აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 201 ახალი შემთხვევა

7 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 784 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, რეგიონში კოვიდსასტუმროშია 682 ადამიანი.

დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 ადამიანი გარდაიცვალა.

 

50 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა კოვიდის 1965 ახალი შემთხვევა | 7 სექტემბერი

განახლებული ინფორმაცია: აღნიშნული სტატისტიკა დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, თუმცა  ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს რეალური რიცხვი არ არის და ახალი შემთხვევების რაოდენობა მეტია.

განახლებულ კოვიდსტატისტიკას „ბათუმელები“ მიღებისთანავე გამოქვეყნებს.

______________________________

7 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 25 624 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 50 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

6 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.67%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.63%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 651 შემთხვევა, აჭარაში – 201, იმერეთში – 288, ქვემო ქართლში – 100, შიდა ქართლში – 150, გურიაში – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 168, კახეთში – 161, მცხეთა-მთიანეთში – 80, სამცხე-ჯავახეთში – 51, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

,,აჭარაბეთ არენაზე“ კომერციული ფართების იჯარით გაცემა მიმდინარეობს

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე – ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული ფართების, მათ შორის პანორმული რესტორნის, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა მიმდინარეობს. კერძოდ, ვებ-გვერდზე Eauction.ge გამოცხადებულია ელექტრონული აუქციონები 455,4 კვ.მ. და 776,24 კვ.მ. კომერციულ ფართებზე (ლინკები იხ. ქვემოთ). ასევე, ელექტრონული აუქციონი მიმდინარეობს სტადიონის შიდა პერიმეტრზე მდებარე რესტორნის (221,19 კვ. მ.) იჯარით გაცემაზე, რომელსაც პანორამული ხედი აქვს უშუალოდ სათამაშო მოედანზე და რესტორნის ვიზიტორებს უნიკალურ სანახაობას სთავაზობს.

აჭარაბეთ არენა 2023 წელს უეფას 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ორ საშინაო შეხვედრას აჭარაბეთ არენაზე გამართავს.

აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://eauction.ge/Home/EntityView/732823

https://eauction.ge/Home/EntityView/732788

https://eauction.ge/Home/EntityView/732888

https://eauction.ge/Home/EntityView/732790

https://eauction.ge/Home/EntityView/732889

მე ავირჩევდი მეამბოხე, სამართლიან და თავისუფალ მერს

ავტორი: ნათია სირაბიძე

ერთხელ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქში – როანოკეში გახლდით ქართველ ჟურნალისტებთან ერთად. ქალაქის ცენტრში სეირნობისას გზად შეგვხვდა ქუჩაში მომავალი ქალაქის მერი. არც ფოტოგრაფი დაყვებოდა და არც ქოლგის დამჭერი. ჩვეულებრივ მოგვესალმა, მოიკითხა ჩვენი ამბავი, თავადაც მოგვიყვა, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მერად, ისე კი ადვოკატია, რომ შემოსავალი მიიღოს.

როგორც ამიხსნეს, იმდენად სისტემატიზირებულია ქალაქის მართვა, მერს ბევრი საქმე არ აქვს, ამიტომ იმდენ საათს მუშაობს, რამდენიც საჭიროა. იტყვით იქ აწყობილია ქვეყანა და ადვილია მერობაცო, მაგრამ ჩვენთანაც ხომ ოდესმე უნდა არწყოს სისტემა. ამისთვის გთავაზობთ ჩემ მოსაზრებას, რომ: მერი უნდა იყოს მეამბოხე, თავისუფალი და სამართლიანი.

აი რატომ:

მერად ვისურვებდი სამართლიან ადამიანს, რაც ეფექტური მმართველობის წინაპირობაცაა. მან უნდა შექმნას დემოკრატიული და არაცენტრალიზებული მართვის სისტემა, დაიყენოს გვერდით კომპეტენტური პირები და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები. ის არ უნდა აფარებდეს ხელს პედოფილებს და მოძალადეებს; არ აგინებდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერს, ვინც კითხვას დასვამს; კანის ფერის და პარტიული თუ რელიგიური მიკუთვნების მიუხედავად უნდა იზიარებდეს ბათუმელების მოსაზრებას.

მერობის კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი გავლენებისგან; თავისუფალი მიკერძოებული სურვილებისგან, არგოს საკუთარ ოჯახს თუ პარტიას; თავისუფალი მეგობრების, ნათესავების, „ზემოდან მითხრეს“ ხათრით ადამიანების დასაქმებისგან; თავისუფალი ფეისბუქ პოსტებისგან – ვინ რა დაპოსტა, ვის რამდენი მოწონება დაუსვა; თავისუფალი კომუნიკაციის შიშისგან, რომ “ჭირსა თუ ლხინში” მოქალაქეებთან საუბარი და მათი ინტერესების გათვალისწინება შეძლოს.

ბათუმის მერი უნდა იყოს მეამბოხე, რომ გაბედოს და ბოლოს და ბოლოს შეიმუშავოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა; რომ შეძლოს მავანთა კრიტიკის მიუხედავად ქალაქის ინტერესების დაცვა; უნდა გაბედოს და წინასაარჩევნო პროგრამა იმ პირობით დადოს ამომრჩევლებთან, რომ ვერ შესრულების შემთხვევაში მოიშლება და დათმობს სკამს. მან უნდა გარისკოს და არ შეეშინდეს განახორციელოს ახალი და ინოვაციური იდეები, მიუხედავად მათი ავტორების პარტიული კუთვნილებისა.

ასეთ მერს ავირჩევდი მე. თქვენ თქვენი არჩევანი გაქვთ, მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი ჩვენი ქალაქია, ჩვენი პასუხისმგებლობა. ამიტომ გადაწყვეტილებამდე უნდა დავფიქრდეთ, როგორი მერი გვინდა? ვინ უფრო ააწყობს სისტემას? ვინ იშრომებს დამატებითი შემოსავლისთვის პატიოსნად?

იქნებ ოდესმე ჩვენც ავირჩიოთ მერი ნახევარ განაკვეთზე.

როგორ ცხოვრობს 3 ქვეყანა, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია

როგორ ცხოვრობენ ევროპის სამ ქვეყანაში – ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში უკვე მოსახლეობის 60%-ზე მეტია აცრილი, რას აკეთებს სახელმწიფო ვაქცინირებულთა წასახალისებლად და რა ეზღუდება აუცრელ მოსახლეობას?

ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებს“ ვენაში მცხოვრები ქართველი სტუდენტი, სალომე სალაძე, პარიზში მცხოვრები საფრანგეთის მოქალაქე საშა ბეიარი და ჰამბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი – სოფო თოლორდავა ესაუბრა.

  • „ეკლესიაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აიცრან“

სალომე სალაძე, ვენა: „ავსტრიაში მოსახლეობის 50%-ზე მეტია აცრილია. აცრილებს კაფე-ბარებში, მუზეუმში, სპორტდარბაზებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა დახურულ სივრცეებში შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილება.

სალომე სალაძე

კინოში, თეატრში, ოპერაში ვერ შეხვალ, თუ ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოჯანმრთელებული არ ხარ და ამის საბუთი არ გაქვს, ან აცრილი უნდა იყო, ან კიდევ PCR ტესტი უნდა გქონდეს გაკეთებული ბოლო 72 საათში. შეგიძლია წარადგინო ანტიგენტესტიც, რომლის ვალიდურობაც 24 საათია.

აუცრელები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, ამ დაწესებულებებში არ ითხოვენ არც ტესტს, არც აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს, მთავარია გეკეთოს ნიღაბი.

საავადმყოფოებსა და კლინიკებში ითხოვენ აუცილებლად ორმაგი დაცვის სპეციალურ ნიღაბს.

თეატრებში, კინოში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში არის ტესტის კუთხეები, სადაც ტესტირება უფასოა, თუმცა ახლა სახელმწიფო ნელ-ნელა ხურავს უფასო ტესტების პუნქტებს, რადგან მძიმე ტვირთად დააწვა ეს ფინანსურად სახელმწიფოს. მოსახლეობა ან უნდა აიცრას, ან გადაიხადოს თავად ტესტების საფასური.

აფთიაქში შეიძლება ტესტზე დარეგისტრირება უფასოდ. არის ბევრი ადგილი აფთიაქებში რეგისტრაციის გარეშე ტესტის გასაკეთებლად.

არის, მაგალითად, ასეთი ძველი, ცნობილი კაფე ვენაში, „მუზეუმკაფე“, თავად უკეთებენ სწრაფ ტესტს სტუმრებს. ვენის ოპერაში თუ უნდა ადამიანს შესვლა, პირდაპირ ოპერის წინ დგას კონტეინერი, სადაც ტესტს უფასოდ გიკეთებენ, უბრალოდ რეგისტრაციაა საჭირო და  15 წუთშია პასუხი.

სახელმწიფო ვაქცინაციის ძლიერ პროპაგანდას ეწევა, ამაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არიან ჩართული. პრესკონფერენციებზე ყველა პოლიტიკოსი მოუწოდებს მოსახლეობას აცრისკენ.

ეკლესიაც მოუწოდებს მოსახლეობას, რომ აიცრან, მეტიც – ვენის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაში, წმინდა სტეფანეს ტაძარში, ეკლესიის წარმომადგენლების თანხმობით  სახელმწიფომ აცრის პუნქტი განათავსა. გახსნის დღეს ქალაქის მერი იყო მისული ქალაქის სასულიერო პირებთან ერთად, ამ შეხვედრაზე სასულიერო პირმა განაცხადა, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა სხვებსა და საკუთარ თავზე ზრუნვაა, რომ საყვარელი ადამიანების შესანარჩუნებლად აცრა პანდემიაში უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ მივეცით სახელმწიფოს უფლება განეთავსებინა ეკლესიაში აცრის პუნქტებიო.

ფიზიკურად არ მინახავს ამ 2 წელიწადში ვინმეს პირბადე არ ეკეთოს დახურულ სივრცეში. თუ ავტობუსში ვინმე უპირბადოდ ამოვა, გამორიცხულია მძღოლმა დაძრას ავტობუსი, ასეა მეტროშიც.

უპირბადოდ გადაადგილებაზე ჯარიმა 90 ევროა, მაგრამ ამ ჯარიმებს აქ არ აუქმებენ, უნდა გადაიხადოს კანონდამრღვევმა“.

  • „შეუძლებელია აუცრელი თავისუფლად გადაადგილდე ყველგან“

საშა ბეიარი, პარიზი: „ფრანგებისთვის ძვირფას თავისუფლების იდეას რომ არ მიადგეს ჩრდილი, საფრანგეთის მთავრობა პირდაპირ არ აცხადებს, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა, მაგრამ შეუძლებელია აუცრელი თავისუფლად გადაადგილდე ყველგან, წახვიდე რესტორანში, კინოში, თეატრში, სპორტდარბაზში და ა.შ. ვაქცინირებულებმა უნდა წარმოადგინონ კოვიდდოკუმენტი ფურცელზე ან ციფრულ ფორმატში.

საშა ბეიარი

კინოთეატრებსა და სპორტდარბაზებში მაქსიმუმ 50 კაცს უშვებენ ერთად.

ვაქცინაციის პროცესს ძალიან ვნებს ყოველ შაბათს ანტივაქსერთა გამოსვლები.

მიტანის სერვისში, ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულებისთვის, ასევე სპორტსმენებისთვის ვაქცინაცია სავალდებულოა. სავალდებულოა ასევე მათთვის, ვინც ასაკოვან ადამიანებთან მუშაობს.

თუ ვერ წარადგენ დახურულ სივრცეებში ვაქცინაციის საბუთს, აუცილებელია ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის წარდგენა.

PCR ტესტების საფასურს აქამდე დაზღვევა იხდიდა, მაგრამ მალე ეს ტესტები ფასიანი გახდება.

საფრანგეთში იხსნება სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები. 66 მილიონი ფრანგისგან 49 მილიონმა უკვე გაიკეთა ვაქცინის პირველი დოზა, 45 მილიონი კი ორი დოზითაა უკვე აცრილი, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 68% ორი დოზითაა აცრილი, 75%-ს კი პირველი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე თითქმის ყველა გამოსვლისას საუბრობენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი, პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სახეები“.

  • „დახურულ სივრცეში პირბადე რომ არ ატარო, მოქალაქეები არ მოგცემენ ამის საშუალებას“

სოფო თოლორდავა, გერმანია: „ჰამბურგში ვცხოვრობ. მილიონიანი ქალაქია და დღეს 8 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის დელტა შტამით. გერმანიაში მოსახლეობის 61%  აცრილია.

გერმანელებს საკუთარი ხელისუფლების დიდი ნდობა აქვთ, მთლიანად ერთვებიან საარჩევნო პროცესში, რუდუნებით ირჩევენ მინისტრებს, პასუხსაც შესაბამისად სთხოვენ საჭიროების შემთხვევაში. ამდენად, ხალხი ენდობა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებსა და მოწოდებებს.

სოფო თოლორდავა

დახურულ სივრცეში ყველა ატარებს პირბადეს. რომ არ ატარო, მოქალაქეები არ მოგცემენ ამის საშუალებას. ღია სივრცეში უპირბადოდ გადავადგილდებით.

ანტივაქსერთა რაოდენობა ძალიან მცირეა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე დაიკეტა, აცრას ახლა ოჯახის ექიმები აკეთებენ.

აცრა არ არის სავალდებულო გერმანიაში, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა მაღალი და ეს საჭირო არ გამხდარა.

გერმანიის მთავრობა ვაქცინაციის საკმაოდ დროულ და სწორ პროპაგანდას ეწეოდა, ამან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე.

დახურულ სივრცეში ყველას უკეთია პირბადე: აცრილებსაც და აუცრელებსაც.

მე საავადმყოფოში ვმუშაობ და პატარა ბავშვებს ვუღებ ფოტოებს. რახან აცრილი ვარ, არ ნიშნავს, რომ არ შემეყრება კოვიდი, ნაკლებია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც. შესაბამისად, საავადმყოფო მთხოვს კვირაში ერთხელ მაინც გავიკეთო ტესტი.

ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები გახსნილია რეგულაციებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენობაში ბავშვებთან ერთად შესვლა, ჩამოდის აღმზრდელი და მიჰყავს ბავშვები. ჩემი შვილი ყოველდღე იკეთებს ტესტს იქვე, ადგილზე და ეს უფასოა. მეორე შვილი ბაღში დადის, ყოველ ორშაბათს ვუკეთებ ტესტს სახლში, დაგვირიგეს ამისთვის უფასოდ ტესტები მშობლებს.

ბავშვებს ნიღბები გერმანიაში 6 წლიდან უკეთიათ.

რეგულაციებმა გერმანიაში შედარებით სტაბილური გახადა მდგომარეობა. ის, რომ მოსახლეობის 61% აცრილია, უზარმაზარი შედეგია. სიკვდილიანობამ იკლო. კატასტროფაა, რაც საქართველოზე გვესმის და ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი ადამიანი კვდება ვირუსით ყოველდღე, სამწუხაროა, რომ აცრის მნიშვნელობა ხალხმა ვერ გაითავისა.

მთავრობა პირველი დღიდანვე მოუწოდებდა აცრისკენ ხალხს, სასულიერო პირებს ჯანდაცვის საკითხებზე აქ არავინ უსმენს, არც ვიცით რას ფიქრობენ ვაქცინაციაზე. ეს მათი კომპეტენცია არ არის“.

რა გჭირდება 6 სექტემბრიდან თურქეთში გადასასვლელად

რა არის საჭირო თურქეთში გადასასვლელად? – ეს კითხვა მოქალაქეებს მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა თურქეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების შესახებ განაცხადა. ახალი წესების მიხედვით, 6 სექტემბრიდან ანუ დღეიდან თურქეთის მთელ ტერიტორიაზე  მოქალაქე ვალდებულია აცრილი იყოს სრულად, ან კორონავირუსით ინფიცირებიდან გასული უნდა იყოს 6 თვე, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეს, რაც ბოლო 48 საათის განმავლობაშია გაკეთებული.

ამას ნებისმიერი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს მოგთხოვენ, თუმცა თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი რეგულაცია არ ვრცელდება „საავტომობილო, სატვირთო გადაზიდვების მძღოლებზე, ასევე მეზღვაურებსა და ტურისტებზე“.

თუ ტურისტი არ ხართ და თურქეთში სამუშაოდ მიდიხართ, ამ შემთხვევაში თურქეთში შესასვლელად ისევ დაგჭირდებათ სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათში გაცემული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ეხება თუ არა ეს შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც, მაგალითად, თურქეთში ჩაის ან თხილს კრეფენ და ცნობილია, რომ მათ ტურისტული ვიზა აქვთ? – კითხვით საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი დღის წინ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ჩაის პლანტაციაში მუშაობს და მანამდე თხილს კრეფდა. მასაც ამ თემაზე საუბრის დროს ვინაობის გამხელა არ სურს, რადგან „ტურისტული ვიზა“ აქვს.

„ცნობილია, რომ აქ ვინმე ჩაის კრეფს თუ თხილს, ყველას ტურისტული ვიზა გვაქვს,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული კაცი. – „შრომითი ვიზა პრობლემაა, რადგან ამ დროს დამატებითი ვალდებულება აქვს დამსაქმებელს სახელმწიფოსთან, გადასახადი უნდა გადაიხადოს, დაზღვევაც უნდა გაგიკეთოს და ასე შემდეგ, ამიტომაც, ამას არ აკეთებენ. ათასობით ქართველი, რომელიც თაკარა მზეში მუშაობს ჩაიში, ან თხილს კრეფს, ტურისტია. ჩვენი ვალდებულებაა, ყოველ 3 თვეში უკან, საქართველოში დავბრუნდეთ.

მერე ისევ უკან ვბრუნდები ახალი, სეზონური საქმის შესასრულებლად,“ – გვიყვება თურქეთში სეზონურად დასაქმებული.

„ბათუმელების“ რესპონდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქე თურქეთში მხოლოდ მაშინ აიცრება, თუკი მას ბინადრობა აქვს.

„ძირითადად ბინადრობა იმათ აქვთ, ვინც უფრო ხანგრძლივად მუშაობს, მაგალითად, ბავშვების ან მოხუცების მომვლელები. ასეთი ბევრი აიცრა, როგორც ვიცი. ჩვენ არ ვიცრებით და ვერც მოგვთხოვენ – ტურისტები ვართ,“ – დასძინა თურქეთში სეზონურად დასაქმებულმა, მას ჩაის პლანტაციაში შესვენების დროს გავესაუბრეთ.

დღეში 7 000 ნაბიჯი სიკვდილის რიკს ამცირებს – კვლევა

ხშირად გვსმენია, რომ კარგი ჯანმრთელობისთვის დღეში 10 000 ნაბიჯის გავლაა საჭირო, თუმცა ბოლო კვლევამ, რომელიც მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარის, ამანდა პალუჩის ხელმძღვანელობით ჩატარდა, აჩვენა, რომ საკმარისია დღეში 7 000 ნაბიჯის გავლაც.

კერძოდ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე 7 ათას ნაბიჯს დგამენ, უეცარი სიკვდილის რისკი 50-70 პროცენტით ნაკლებად ემუქრებათ მათთან შედარებით, ვინც ნაკლებს მოძრაობს.

ექსპერიმენტი 2005 წელს დაიწყო და მის მონაწილეებს თვალს ადევნებდნენ 2018 წლამდე. ამ პერიოდში საკვლევი ჯგუფის 72 წევრი გარდაიცვალა. კვლევაში სულ 2110 პირი მონაწილეობდა, მათი საშუალო ასაკი 41-66 წელი იყო, ნაბიჯების რაოდენობის დასათვლელად ისინი აქსელერომეტრს ატარებდნენ.

კვლევა 3 სექტემბერს გამოქვეყნდა.

მკვლევართა აზრით, ყოველდღიურად ფეხით სიარული ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებზე – ამ შემთხვევაში ნაადრევი სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

“ამაზე საკრებულოში რომ შევალ მერე გიპასუხებთ” – „ოცნების“ ახალი სახე ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში მოხვედრის მსურველთა პროპორციულ სიაში მმართველ პარტიას მხოლოდ 5 ქალი ჰყავს. ზუსტად იმდენი, რამდენიც კვოტირებითაა განსაზღვრული. სიის მეცხრე ნომერი ჟურნალისტი ნინო ცხვარაძეა.

რამდენად აქვს შანსი პარტიული სიით გასულ კანდიდატს იყოს დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ მას.

  • პროფესიით ჟურნალისტი ხართ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ „ქართული ოცნება“?

ბოლო 22 წელია ვმუშაობ გაზეთ „აჭარაში“ ჟურნალისტად. წლების განმავლობაში ვაშუქებდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ჩემი პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ვერ იტყვის ვერცერთი მხარე, ვერც პოზიცია და ვერც ოპოზიცია, რომ მათი სათქმელი არ მივიტანე მკითხველამდე.

ვიყავი დაბალანსებული ჟურნალისტი. მე ასე ვფიქრობ, თუმცა შეფასება საზოგადოებისთვის მიმინდია. პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე იმიტომ, რომ თუ აქამდე გაზეთის საშუალებით მიმქონდა ხელისუფლებამდე მოსახლეობის პრობლემები, გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, ალბათ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება იმ ტრიბუნიდან ვთქვა ჩემი სათქმელი.

  • თქვენი აზრით რა გამოგარჩევთ სხვა კანდიდატებისგან?

ალბათ ჩემი წარსულიდან გამომდინარე. ჩემი წარსული არ უკავშირდება არცერთ პოლიტიკურ ძალას. ამასთან, კარგად ვიცი თვითმმართველობა. წლების განმავლობაში ამ კუთხით ვმუშაობდი და ეს გამოცდილება მომავალში გამიადვილებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას.

  • ხელისუფლებს მაღალი თანამდებობის პირები ძალიან ხშირად ესხმიან თავს ჟურნალისტებს, თუნდაც ოპოზიციურ მედიებში დასაქმებულ თქვენს კოლეგებს. ეს დისკომფორტს გიქმნით, თუ თქვენც ფიქრობთ, რომ „ზოგიერთი ჟურნალისტი“ ამას იმსახურებს?

არამხოლოდ ჟურნალისტზე, ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა, თავდასხმა მიუღებელია ჩემთვის. სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია. ეს უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს. მედია უნდა იყოს თავისუფალი და მედიას საქმიანობაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

  • თქვენი პირადი დამოკიდებულება გასაგებია, მაგრამ პარტიაში, რომელსაც წარმოადგენთ, სხვა განწყობებია. თუკი საკრებულოში შეხვალთ, პარტიული ხაზის გამტარებელი იქნებით?  რამდენად შეიცვლება თქვენი პოლიტიკა.

ვერ გეტყვით, რომ გუნდური პრინციპით არ ვიმუშავებ. ამას არც უარვყოფ და ღიად ვაცხადებ. თუმცა გუნდის შიგნით აუცილებლად მექნება ჩემი პოზიცია, რასაც გავახმოვანებ შიგნით და ნებისმიერ საკითხზე მექნება საკუთარი პოზიცია, მოსაზრება და მსჯელობა.

  • ბათუმის მოქმედმა საკრებულომ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალაქის ურბანულ განვითარებაზე, მაგალითად „ამბასადორი“ და „რივიერაც“ კმარა. მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?

სენსიტიური თემა არის ძალიან. თქვენ მითხარით, რომ უმრავლესობამ დაუჭირა ამ გადაწყვეტილებებს მხარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობამ შესაბამისი სპეციალისტების დასკვნების საფუძველზე დაუჭირა ამ მშენებლობებს მხარი.

  • პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ ორ პროექტზე?

ურბანული განაშენიანების გეგმა უნდა არსებობდეს. ასეთ დროს არქიტექტორები და ურბანისტები გიკარნახებენ რა ჯობია და რა არ ჯობია. ამიტომ მოდი ჯერ შევიდე საკრებულოში და მერე ვისაუბროთ.

  • მე გეკითხებით უკვე მომხდარ ფაქტზე. როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამ პროექტებზე?

გემოვნებაზე არ დავობენ და მოსახლეობის ნაწილს მოსწონს მაღალი შენობები, ნაწილს არ მოსწონს.

  • მაღალ შენობებზე არ მიკითხავს. ორი კონკრეტული პროექტის შესახებ გკითხეთ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში შენდება – „ამბასადორზე“ და „რივიერაზე“.

მოდით, როცა შევალ საკრებულოში, მერე გიპასუხებთ ამ კითხვაზე.

ჩემთვისაც, ისევე როგორც ბევრი ბათუმელისთვის, ეს არის სენსიტიური საკითხი. ამ ეტაპზე შეფასებისა და ჩემს პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ.

  • თუ თქვენ გახდებით საკრებულოს წევრი და იქნება დავალება მსგავს პროექტებზე, თქვენ როგორ მოიქცევით? რამდენად გექნებათ უნარი საკუთარი პრინციპებით იხელმძღვანელოთ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ?

ზოგადად, ჩემს პრინციპებს არ ვუღალატებ. გადაწყვეტილებას მივიღებ ისეთს, რომელიც ქალაქისთვის იქნება სასარგებლო.

  • ფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი იქნებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?

დამოუკიდებელი ვიქნები. ეს უკვე აღვნიშნე. გუნდთან ერთად, გუნდური პრინციპით ვიხელმძღვანელებ. თუმცა შიგნით აუცილებლად გვექნება მსჯელობა. დავიცავ საკუთარ პოზიციას.

  • თქვენს პარტიას ზუსტად იმდენი ქალი შეჰყავს საარჩევნო სიებში, რამდენსაც კანონი ავალდებულებს. ეს რითია გამოწვეული – იმით, რომ ქალების ადგილი ისევ „კუხნაშია“?

ქალის ადგილი ყველგანაა, მათ შორის „კუხნაშიც“. თუმცა ალბათ თავის დროზე ცოტა ქალებმაც დავაშავეთ, როცა ოჯახით შემოვიფარგლებოდით. მე ვფიქრობ, თუ ქალი აქტიური იქნება მას შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი მიმართულებით იმუშაოს და მოსინჯოს ძალები. არამხოლოდ პოლიტიკაში. ეს კვოტირების ამბავი არ არის, მაგრამ თუ რეგიონის სამთავრობო გუნდს გადავავლებთ თვალს, გენდერული ბალანსი დაცულია. ორი მინისტრი ქალი გვყავს. ესეც ხომ პარტიის გადაწყვეტილება იყო? ეს ფაქტი ქალების მნიშვნელობას უსვამს ხაზს პოლიტიკაში.

ჩემთვის მისაღებია მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში. გენდერს არასდროს შეუშლია ჩემთვის ხელი მეკეთებინა ის საქმე, რაც მინდოდა. რისი უნარი და შესაძლებლობაც მქონდა. ამიტომ ჩვენც უნდა ვიყოთ უფრო მეტად აქტიურები.

  • ანუ ფიქრობთ, რომ ქალებს აქტიურობა აკლიათ?

კი, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ვიყოთ აქტიურები.

თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში კანდიდატი კაცები ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი ოჯახები. ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გვერდით წარმატებული ქალები არიან. მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოჯახივით იზრუნებენ, მოუვლიან ქვეყანას, რეგიონს, ქალაქს. ალბათ ქალები უფრო მეტად დეტალებზე ვართ ორიენტირებულები, უფრო მეტად შემწყნარებლები ვართ და პრობლემების გადაწყვეტაზე არ ვართ ხისტები. თუმცა ზოგჯერ კაცური სიხისტეც საჭიროა და ქალური სათნოებაც.

  • თუმცა არ ჩანს, რომ თქვენს პარტიას აინტერესებს ქალების ჩართვა პოლიტიკაში. ასე რომ არ იყოს, საარჩევნო სიაში კვოტირებით განსაზღვრულზე მეტ ქალს ჩასვამდა არა?

მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. გამოწვევების არ უნდა შეგვეშინდეს. უარი არ უნდა ვთქვათ. ალბათ ჰქონდა უფრო მეტ ქალს შეთავაზება, მაგრამ უარი თქვეს პასუხისმგებლობა აეღოთ საკუთარ თავზე. ვფიქრობ, უფრო მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ და ჩართულები პროცესებში. კაცებზე ნაკლებად ნამდვილად არ შეგვიძლია საქმის კეთება.

  • ბათუმის მთავარ პრობლემად რა მიგაჩნიათ, რომელსაც გამოასწორებდით?

მეც ძალიან მაწუხებს წვიმის დროს დატბორილი ქუჩები. სამუშაოები დაწყებულია და ვფიქრობ მოწესრიგდება სანიაღვრები ისე, რომ ბათუმელებმა შევძლოთ სუფთა ქუჩაში გავლა წვიმის დროს. ყოფითი პრობლემები არის. მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურები არის დარჩენილი.

  • სამი მნიშვნელოვანი რამ დაასახელეთ, რომელიც ბოლო 5 წელიწადში მოხდა ბათუმში და რამაც დადებითი გავლენა მოახდინა ადგილობრივებზე, გზების დაგების გარდა.

პირველი სტადიონს ვიტყოდი, რომელმაც ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ქალაქზე. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ელექტროავტობუსები და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა. ასევე „ოცნების ქალაქი“. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა პრობლემებზე მისაუბრია ჩემი გაზეთის საშუალებით და ეს პრობლემა რომ გადაწყდა, ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

  • თუმცა „ოცნების ქალაქში“ არსებული პრობლემა ამ ეტაპზე მხოლოდ ნაწილისთვის გადაწყდა.

დარწმუნებული ვარ ყველა მიიღებს „ოცნების ქალაქში“ ბინას.

  • შეხვედრები თუ გქონდათ მოსახლეობასთან, რა პრობლემური საკითხებია ისეთი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს? რის მოგვარებას გთხოვენ?

გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა იმ რეკომენდაციის და წესის დაცვით, რა მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროდან. აქვე მინდა ვისარგებლო და საზოგადოებას მოვუწოდო აუცილებლად გაიკეთონ აცრა. ეს აუცილებელია პანდემია რომ დავამარცხოთ. ავიცრათ არამარტო საკუთარი ჯანმრთელობისთვის, არამედ ჩვენი ახლობლებისთვის.

შემოერთებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გვთხოვენ მოქალაქეები. რაც დროში გაწელილი პროცესია. ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება.

ძირითადად მაინც არის კანალიზაციის პრობლემა, წყლის პრობლემა, გზის პრობლემა. ვიცით, რომ კანალიზაციის პროექტის რამდენიმე ფაზა განხორციელდა და სამომავლოდაც იგეგმება ამ ფაზების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, დროის ამბავია თორემ ყველა ოჯახთან მივა წყალი, გზა, გარეგანათებაც იქნება, სანიაღვრეებიც იქნება გაკეთებული.

ამასთან არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ არიან ინფორმირებულები. მაგალითად, მეტი ინფორმირებაა ადამიანების იმ პროგრამებზე, რომელიც აქვს ვთქვათ მერიას.

ბიუჯეტის დაგეგმვა მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების საფუძველზე ხდება. ბათუმის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მონაწილეობითი ბიუჯეტი. მოქალაქეები მეტად აქტიურები უნდა იყვნენ. ის მოსაზრება, პრობლემები, რაც მათ აწუხებთ, აუცილებლად მიიტანონ შესაბამის ორგანომდე.

  • როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მუშაობა თვითმმართველობაში? რა საკითხებზე იმუშავებთ?

ალბათ ნებისმიერ საკითხზე ვიმუშავებ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ამას გარდა კლინიკაში ვმუშაობ, ყოველდღიური შეხება მაქვს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან. აჭარა გამოირჩევა ჯანდაცვის კუთხით. უამრავი პროგრამაა. ალბათ უფრო ვიმუშავებ ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. ასევე ჩემთვის და ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მომავალი თაობის განათლება. აქაც ბევრი სასიკეთო რამე კეთდება. თუმცა გასაკეთებელი კიდევ არის, განათლება და კულტურა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის.

ასევე ვისურვებდი მერიის პროგრამებით გადამზადდეს ექიმები, ექთნები. ეს შემდეგშიც გამოგვადგება. აი, თუნდაც დღეს, როდესაც პრობლემა არის მედპერსონალის კუთხით. ეს სამომავლოდაც სასარგებლო იქნება, იგივე ეპიდემიების მართვაში დაგვეხმარება.

რეგიონის მთავრობა აფინანსებს უცხოეთში სტუდენტებს, მაგრამ თუკი წარმატებულ ბათუმელ სტუდენტებს ბათუმის მერიაც დააფინანსებს, ესეც სასურველი იქნება ჩემთვის და პრიორიტეტული.

  • კოორდინატორებზე მინდა გკითხოთ, თუ გაქვთ ინფორმაცია რამდენი კოორდინატორია ბათუმში?

ეს ინფორმაცია არ მაქვს, არ დავინტერესებულვარ. თუმცა მსოფლიო მასშტაბით ჰყავთ არჩევნებზე კოორდინატორები და წარმომადგენლები. ჩვენთანაც არიან. კანონი არ კრძალავს.

  • რამდენად სწორად მიგაჩნიათ პირადად თქვენ კოორდინატორების ინსტიტუტი?

თუ ვიღაც მიუტანს ადამიანებს ინფორმაციებს, რა ვიცი, ამაში ახლა არასამართლიანს ვერ ვხედავ.

თუ კოორდინატორები ზედმეტად შეაწუხებენ მოსახლეობას… მაგრამ არ მგონია, რომ რამე არაკანონიერს აკეთებდნენ. ეს ყველგანაა მსოფლიოში.

  • ხომ არ იცით რამდენი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს ბათუმში?

ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ.

  • საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ამ ადამიანებისთვის რის გაკეთებას შეძლებთ?

სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვინცაა იმათ ეხმარება ხელისუფლება, მაგრამ ვინც ვერ ხვდება ამ ბაზაში, აქ შეიძლება იყოს პრობლემა და  შესასწავლია, რატომ ვერ ხვდებიან ეს ადამიანები. იმიტომ, რომ შემხვედრიან მოქალაქეები, რომელთაც უთქვამთ, აი, ჩვენ ვერ მოვხვდით. ვერ ვღებულობთ შესაბამის დახმარებას. ამ კუთხით უფრო მეტია სამუშაო.

რატომ ვერ შეამოწმეს მარიხუანა, რომელიც სკოლის ეზოში აღმოაჩინეს

ამ დრომდე არ არის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა სკოლის ეზოში სავარაუდოდ მარიხუანას აღმოჩენაზე. ბათუმში, მე-18 საჯარო სკოლის ეზოში 3 ძირი მარიხუანა 2 სექტემბერს ამოიღეს.

„ამოიღეს, ნარგავები წაიღეს და მიმდინარეობს მოკვლევა, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს,“ – გვითხრეს ბათუმის რესურსცენტრში. აქ ასევე განმარტეს, რომ საქმეს აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურიც სწავლობს.

„ექსპერტიზის დასკვნა ჯერ ცნობილი არ არის,“ – ამბობს გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის უფროსი.

იგივე პასუხი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრშიც, სადაც ვიკითხეთ: რა გაირკვა სკოლის ეზოში მარიხუანას აღმოჩენაზე? იყო თუ არა ამოღებული მცენარე ნამდვილად მარიხუანა?

შსს-ს პრესცენტრში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს და სხვა სიახლე ცნობილი არ არის.

რატომ ვერ დაადგინა ამ დრომდე, ანუ 4 დღის განმავლობაში სკოლის ეზოში ამოღებული მცენარე მარიხუანაა თუ არა? – კითხვით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მივმართეთ, სადაც ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, თუმცა სამუშაო დღის დასრულებამდე ბიუროს პრესცენტრმა განმარტება ვერ მოგვაწოდა.

ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად  დიასამიძე ამჟამად  ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. რას ფიქრობს ის ეკოლოგიაზე, ქალთა უფლებებსა და სხვა გამოწვევებზე – ის ამ თემებზე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

  • ბატონო ზვიად, რა შეცვალეთ ადრე, როცა თვითმმართველობაში მუშაობდით. შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე საკითხი, რასაც ყველაზე მნიშვნელოვნდა მიიჩნევთ?

2006-2010 წლებში ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. საკრებულოში მუშაობის პერიოდში არ მქონია შენიშვნა და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული.

ორი მუნიციპალური პროგრამის ინიციატორი ვიყავი ამ პერიოდში. პირველი შეეხებოდა შშმ ბავშვების და მათი მშობლების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების რეაბილიტაციის პროგრამას და მესამე ეს იყო „შუახევიჰესის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულ სოფლებში – ჩანჩხალოში, მახალაკიძეებსა და ნიგაზეულში მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი.

  • რას ფიქრობთ „შუახევიჰესზე“, ღირდა ამ ჰესის აშენება?

ჰესი სახელმწიფოებრივი პროექტია და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია, თუმცა ძალიან ცუდი იყო ის, რომ აქტიური მეწყრული ზონები აღმოჩნდა გარკვეულ სოფლებში და ამის გამო ხშირად ვიყავი კრიტიკული.

ფაქტობრივად, ჩანჩხალოში სასმელი წყლის გაქრობის პრობლემა იდგა, კომპანიას ჰქონდა ეს მონაცემები დამუშავებული და ვხედავდი რა რისკებს მოიცავდა. სხვათა შორის, ეს მონაცემები გამოვითხოვე მუნიციპალიტეტიდან, თუმცა არ მომცეს – მითხრეს, რომ აღარ აქვთ.

  • რა ეწერა ამ მონაცემებში?

სასმელი წყლების დაახლოებით 30 პროცენტი იკარგებოდა. ნიგაზეულში კი ერთი დიდი წყარო საერთოდ გაქრა. ასევე ჩანჩხალოში მთლიანად გაქრა წყალი დიასამიძის ეზოში, რომელსაც წლებია ოჯახი მოიხმარდა.

  • მერიიდან რატომ წამოხვედით, რა იყო მიზეზი?

2010 წელს დავტოვე სამსახური. უკმაყოფილებას გამოვხატავდი ხოლმე გარკვეულ უსამართლობებზე, რადგან ზეწოლები იყო და წამოსვლა ვამჯობინე.

  • „ლელოში“ როგორ აღმოჩნდით?

მე თვითონ გადავწყვიტე გაერთიანება მათთან, რადგან საერთო ხედვები და აზრები გვაქვს ბევრი მიმართულებით.

  • როგორც ვიცი მასწავლებელი ხართ, რა პრობლემები აქვს სკოლას, სოფელს?

მე ბათუმში კერძო სკოლაში ვასწავლი ისტორიას, წამყვანი მასწავლებელი ვარ. სკოლებში სახელმძღვანელოებია შესაცვლელი, მაგალითად არ მომწონს მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო. ზოგადად, სისტემაც შესაცვლელია, სუსტია სამეურვეო საბჭოები, ინფორმაცია გამოვითხოვე ერთი სკოლიდან და სამართლებრივ დავამდე მივიდა, რომ ინფორმაცია მიმეღო. პანდემიური სიტუაცია თვითნებაზეა მიშვებული და არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სწავლა სკოლის შენობებში დაგვეწყო.

  • ქალაქში თუ ასწავლით, როგორ იმუშავებთ შუახევის საკრებულოში?

ქალაქში კი ვმუშაობ მაგრამ სოფელში ვცხოვრობ. სკოლაში მცირე დატვირთვა მაქვს. პედაგოგიურ საქმიანობას არ მიკრძალავს კანონი…

სოფლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის თამბაქოს წარმოებაზე აქციზის დაწესება. როგორც ვიცით, მაღალმთიან აჭარაში ბევრს მოჰყავთ თამბაქო და ეს საკითხია მოსაგვარებელი. თუმცა ეს გლობალური თემაა და შუახევის საკრებულო ამას ვერ მოაგვარებს.

თუ საკრებულოში შევალ, ახალგაზრდების გააქტიურებაზე მექნება პროგრამა. მნიშვნელოვანია მათი გადამზადება, სამართლებრივი ბაზის გაძლიერება და ინფორმირება, რადგან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ვფიქრობ, ყველა სოფლიდან შეიძლება რაღაც სიკეთის მიღება. ბევრი პროგრამაა და ამის შესახებ უნდა იცოდნენ.

  • აქამდე არ ეხმარებოდით ინფორმირებულობაში?

ყველასთან კომუნიკაციას ვერ შევძლებდი და სადაც შემეძლო, არსად დამზარებია თანადგომა და კონსულტაცია.

  • ეკოლოგიაზე რა შეგიძლიათ თქვათ, ხომ არ გაქვთ რაიმე პროგრამა ამ მიმართულებით. სოფლებში ძალიან შესამჩნევია წიწვოვნების ხმობა.

წიწვოვნებს ლაფნიჭამია ანადგურებს. თითქოს იღებენ პრევენციულ ზომებს, მწერიჭამია ხაფანგებია განლაგებული, თუმცა არაეფექტურია ეს გზა. ქართველ სპეციალისტებთან მქონდა კონტაქტი და ვფიქრობ, სხვა რამეა გასაკეთებელი დაავადებასთან საბრძოლველად.

გაზიფიკაცია არ გვაქვს სოფლებში, რაც ასევე შეამცირებდა მწვანე საფარის განადგურებას.

  • როგორც გვითხარით გენდერულ საბჭოშიც მუშაობდით. რა ტიპის პრობლემები აქვთ ქალებს შუახევში, რა შეიძლება მათი გაძლიერებისთვის გაკეთდეს. თუ გაქვთ თქვენი ინდივიდუალური ხედვა?

ვფიქრობ, ქალების აქტიურობაა საჭირო, მათ შორის პოლიტიკაშიც. ჩვენთან გუნდში სულ ახალგაზრდები არიან და მათი მუშაობა მომავალში აისახება მუნიციპალიტეტზე. როცა მაქვს შესაძლებლობა, ვცდილობ დავარწმუნო ხოლმე ქალები, რომ უფრო აქტიურები იყვნენ.

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე თუ გქონდათ ინფორმაცია და თუ დახმარებიხართ ძალადობის მსხვერპლს?   

როცა იყო ხოლმე მსგავსი შემთხვევები, ყოველთვის ვცდილობდი დამერწმუნებინა ქალები, რომ ებრძოლათ მათი უფლებებისთვის.

  • ხშირად, განსაკუთრებით სოფლებში, ქალებს გაჩუმებას ურჩევენ, რომ მოთმენა სჯობს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

ვფიქრობ, გაჩუმება და შეგუება არ არის გამოსავალი. ეს კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ყველა დამნაშავეა, ვინც ძალადობის მსხვერპლს ამას ურჩევს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით თანამონაწილე იმ შედეგის, რაც შეიძლება დადგეს.

26 აგვისტოს კახეთში სტიქიისგან მიყენებული ზიანი 152 მიწის ნაკვეთს აუნაზღაურდება – თიბისი დაზღვევა

2021 წელს 8 თვის განმავლობაში თიბისი დაზღვევამ, მხოლოდ აგრო დაზღვევის ნაწილში 2 მლნ ლარამდე ზარალი აანაზღაურა, რაც 417 გაუთვალისწინებელი შემთხვევით იყო გამოწვეული. წლევანდელი მონაცემების თითქმის ნახევარს შეადგენს გასულ კვირას კახეთში სეტყვით მიყენებული ზარალი.

26 აგვისტოს ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4,600 ჰექტარი მსხმოიარე და რთველისთვის მზა ვენახები დააზიანა და გაანადგურა. მხოლოდ ამ სტიქიით მიყენებული ზარალიდან თიბისი დაზღვევა საკუთარი პროდუქტის – აგროდაზღვევის მეშვეობით – 152 შემთხვევას აანაზღაურებს, რაც მთლიანობაში 1 მლნ ლარს შეადგენს.

თიბისი დაზღვევა 2019 წლიდან ჩართულია აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში. ამ პერიოდიდან დღემდე, კახეთში მომხდარი ბოლო სტიქიის ჩათვლით, ჯამურად ფერმერებზე ანაზღაურებული თანხა 4,5 მილიონი ლარზე მეტია.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც მიწა საჯარო რეესტრში აქვს რეგისტრირებული, დასაზღვევი ნაკვეთის ფართობი კი არ აღემატება 5 ჰექტარს (30 ჰა კი მარცვლეულის შემთხვევაში).

იმ შემთხვევაშიც კი, როცა ვერ კმაყოფილდება სახელმწიფო პროგრამის კრიტერიუმები, შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მიწის დაზღვევა სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც.

შადრევნის შეღებვისთვის „დროას“ წევრები 5000 ლარით დააჯარიმეს

პარტია „ელენე ხოშტარია-დროას“ წევრები ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს პროტესტის ნიშნად მთავრობის კანცელარიის წინ შადრევნის აკრილის საღებავით შეღებვისთვის.

„დროას“ ცნობით, პარტიის წევრები ნარჩენების მართვის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით დაჯარიმდნენ.

„დროას“ წევრებმა შადრევანი წითლად ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 2021 წლის 18 ივლისს, პროტესტის ნიშნად  შეღებეს.

შედარებისთვის – 2021 წლის ივნისში თბილისის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა „უცნობი“ ბერლინის კედლის ფრაგმენტის მოხატვისთვის.

Exit mobile version