მთავარი,სიახლეები

ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები მხარდაჭერას – ენმ-ის ახალი სახე თავის გამოუცდელობაზე

07.09.2021 • 1943
ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები მხარდაჭერას – ენმ-ის ახალი სახე თავის გამოუცდელობაზე

თეკლე კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ გარკვეულ საკითხებში პარტიის ხედვებს არ გაიზიარებს? ამ და სხვა თემებზე „ბათუმელების“ კითხვებს თეკლე კავაზაშვილი პასუხობს.

  • თეკლე, რა საკითხებზე აპირებთ საკრებულოში მუშაობას, რა გეგმები გაქვთ?

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს და მით უმეტეს, თვითმმართველობის ორგანოში, ჩემი გუნდის სხვა წევრებისგან ველოდები პრაქტიკულ მხარდაჭერას. მჯერა, ჩვენი გუნდის გამოუცდელი ნაწილის იდეები და პრაქტიკული ცოდნა კარგად გენერირდება და საკმოდ კარგ შედეგს დადებს. როგორც ასეთი, კონკრეტული გეგმების ჩამოწერილი ლისტი არ მაქვს, მაგრამ დავასახელებ იმ თემებს, რაც ბათუმს აწუხებს, ეს იქნება ეკოლოგიური საკითხები, პარკინგის პრობლემები. რაც ქალაქს მართლა ტკივა და ყველა ბათუმელს აწუხებს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ურბანული დაგეგმარება, მშენებლობა, ეკოლოგია – ამ მიმართულებებზე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას.

  • რა გამოცდილება გაქვთ, სად მუშაობთ?

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე, სამართალმცოდნე ვარ პროფესიით. ამ დროისთვის გავდივარ სამაგისტრო პროგრამას საჯარო სამართლის მიმართულებით და ვგეგმავ ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩავაბარო. პარალელურად ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა აკადემიური სფერო და სულ მინდოდა ჩემი დაგროვილი თეორიული ცოდნა გამეზიარებინა სხვებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. შესაბამისად, ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდა და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ბათუმის ორ სხვადასხვა სკოლაში.

მიხარია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოს მუშაობაში უშუალოდ ვიქნები ჩართული. პრაქტიკული ცოდნა დამეხმარება, რომ ბავშვებს უკეთესად ავუხსნა კონკრეტული საკითხები.

  • აპირებთ ისევ გააგრძელოთ სკოლაში მუშაობა საკრებულოში შესვლის შემთხვევაშიც?

ეს ორი სამსახური შეთავსებადია ერთმანეთთან, ბავშვებთან მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მიხარია, რომ ცოდნა, რაც გამაჩნია, მომავალ თაობებს გადავცე, მით უმეტეს, რომ სამოქალაქო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებს ახლა თუ არ ვასწავლეთ სწორი მიდგომა… სწორი მოქალაქეები, რომ გავზარდოთ, თავიდანვე უნდა ვასწავლოთ.

  • თქვენ დაასახელეთ ეკოლოგია, ასევე პარკინგის პრობლემა – ერთი კონკრეტული საკითხი რომ დამისახელოთ, რაც აქტუალურია ქალაქში და მომიყვეთ, როგორ აპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას, რა ხედვა გაქვთ?

იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც საკრებულოს წევრებს აქვთ შესაძლებელია, რიგი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა. შეიძლება, დარგის ექსპერტები, თუნდაც უცხოელები მოვიწვიოთ, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, სპეციალისტები, რომლებიც მარტივად შეძლებენ გადაჭრის გზების პოვნას. უნდა უზრუნველყოთ ისეთი ვარიანტის შექმნა, რომ არ იყოს მხოლოდ შაბლონური. სწორედ ამის გამო ვამბობ, რომ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც, მაგალითად, აქვს გიორგი კირთაძეს [ენმ-ის მერობის კანდიდატი] ან ჩვენი სიის სხვა რომელიმე წევრს, დაგვეხმარება.

  • ბოლო პერიოდის მწვავე საკითხებს შორისაა ქაოტური მშენებლობები ქალაქში. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები ამბობენ, რომ მათ აქვთ უფლება ააშენონ საკუთარ მიწაზე. თქვენ როგორც სამართალმცოდნე, ამ საკითხების დარეგულირების რა გზებს ხედავთ?

ყველა თანხმდება, რომ ინვესტიციები მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს იმ სამართლებრივ ნორმებთან და რეგულაციებთან, რაც არის დადგენილი. როგორც მახსოვს, იყო შემუშავებული ქალაქგეგმარების დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა კონკრეტული სიმაღლის შენობების დაშვებას კონკრეტულ უბნებში. მახსოვს, რომ ძველ ბათუმში დაშვებულია 12 მეტრი – დეტალებში არ ვარ ჩახედული.

ვთვლი, რომ კონკრეტულ უბნებს უნდა მიეცეთ კონკრეტული დანიშნულება, მაგალითად, სამრეწველო, კულტურული, ტურისტული, ამ ზონების მიხედვით გადანაწილდეს სიმაღლეები. როგორც განვითარებულ ქალაქებში ხდება. გეგმა უნდა იყოს გრძელვადიანი და არა ოთხწლიანი და არა ერთ რომელიმე მმართველობაზე მორგებული. რეგულაცია უნდა გამოადგეს ქალაქს და არა ვიწრო სპექტრს – ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, თუ სხვებს, რომლებიც ჩადებენ ფულს და ამით ხეირს ნახავენ. ამ მხრივ კანონმდებლობა დასახვეწია. რთული საკითხია, რადგან მხოლოდ ბათუმი ამას ვერ გადაწყვეტს.

  • თუ თქვენი ხედვა არ დაემთხვა გუნდის ხედვას, შეძლებთ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაცვას, მაგალითად, საკრებულოს სხდომაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციის ღიად დაფიქსირებას?

რა თქმა უნდა, გუნდს და ერთიან პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი პარტიული სია, რომელიც ბათუმის საკრებულოში წარვადგინეთ, საკმაოდ მრავალფეროვანია. შესაბამისად, ბევრი ახალი აზრია, ახალი სახეები, რომლებიც ყველანაირი კლიშეებისა და მარწუხებისგან გათავისუფლებული არიან.

ძირითადად ახალგაზრდა კადრებია სიაში, რომლებსაც ინდივიდუალიზმი არ დაუკარგავთ და შეუძლიათ საკმაოდ კრიტიკულად, ცივი გონებით იმსჯელონ და ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც თვითონ მოეწონებათ და არა ვიღაც ერთ ადამიანს. ერთი შეჯერებული აზრი, როგორც ამას აკეთებდა გასულ წლებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ წინა წლებში, არასწორია. მგონია, რომ ცვლილებების დროა.

რეალურად ქალაქის საკრებულოში ქალაქისთვის უნდა ვიმუშაოთ და არ კონკრეტული ინტერესებისთვის. ამ შინაგანი რწმენით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

  • პარტიებმა, მათ შორის ენმ-მ იმდენი ქალი ჩასვა სიებში, რასაც კვოტირება ავალდებულებდა. როგორ ფიქრობთ, ამ მიმართულებით ისევ არის სამუშაო, რომ მეტი ქალი ვიხილოთ სიებში, პოლიტიკაში, საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე?

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატადაც ჰყავს ქალი ერთ უბანში. ქალთა ჩართულობა პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ საკითხს თანდათან უფრო მეტი ყურადღება ექცევა. თუმცა ბათუმის პირველი მოწვევის საკრებულო რომ ავიღოთ, მთლიანად კაცებით იყო დაკომპლექტებული და სულ იყო დავიდარაბა და ჩხუბი. იყო ხოლმე მომენტები, რაც არ იყო სასიამოვნო საყურებელი. ქალების გარეშე საკრებულოს ბალანსი აკლდა, 24-წევრიან საკრებულოში რომ 24-ვე კაცია, ეს მე არასახარბიელოა. გენდერული ბალანსი ყველგან უნდა იყოს დაცული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: