მთავარი,სიახლეები

ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად

07.09.2021 • 2514
ვინ იბრძვის ბათუმის მერობისთვის და საკრებულოში მოსახვედრად

ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალდასრულებული ან მიმდინარე პროექტები ის ძირითადი საკითხებია, რაზეც „ოცნების“ მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრებზე საუბრობს.

„განსაკუთრებული პერიოდია ჩვენი ქალაქის ისტორიაში, უნდა გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები. გავაგრძელოთ რეკრეაცია…“ – მიმართავს არჩილ ჩიქოვანი ამომრჩეველს და „დაწყებულის გასაგრძელებლად“ მხარდაჭერას ითხოვს.

ბოლო ერთი წელია, რაც ის მერის მოვალეობას ასრულებს, ოფიციალურად კი ვიცე-მერია და კანდიდატობის გამო გადადგომას კანონი მას არ ავალდებულებს.

ოპოზიციური პარტიები „ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, მას აჭარის გზების დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის დროინდელი სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასებაც გაუხსენეს.

აუდიტის დასკვნა ეხებოდა 2016-2017 წლების შესყიდვებს, როცა დეპარტამენტს სწორედ არჩილ ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. ამ ამბის შემდეგ ის დააწინაურეს კიდეც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, მეგობარი და მეჯვარე ჯერ მთავრობის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსად გადაიყვანა, შემდეგ კი  მას ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ჩააბარეს, დანიშვნის დღიდან ის მერის მოვალეობას ასრულებს.

75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი

წინასაარჩევნო შეხვედრებზე ჩიქოვანი მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურულ, ასევე ურბანულ პრობლემებს ასახელებს და ამომრჩეველს მწვანე სივრცეებს ჰპირდება. კონკრეტულად, სად და რამდენ სკვერს მოაწყობს „ოცნების“ კანდიდატი ქალაქში თუ ის მერი გახდება, ამას ამომრჩეველთან შეხვედრებზე არ აკონკრეტებს.

რამდენიმე პრინციპულ საკითხზე კი მისი მოსაზრება ვერც კანდიდატობამდე გავიგეთ და ვერც კანდიდატად წარდგენის შემდეგ.

არჩილ ჩიქოვანმა, როგორც ქონების მესაკუთრე სტრუქტურის ხელმძღვანელმა პირმა, თავისი მკაფიო პოზიცია არ დააფიქსირა ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე. არც ის ვიცით, ემხრობა თუ არა ის ბათუმში მეჩეთის მშენებლობას. თუმცა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დასტურდება, რომ ბათუმის მერია დისკრიმინაციულად ექცევა მუსლიმებს.

არ ვიცით რა ხედვა აქვს არჩილ ჩიქოვანს ბათუმში უნებართვოდ აშენებულ ათასობით კვ.მეტრ ფართობზე, საზოგადოებრივი სივრცეების მიტაცების კონტროლზე, ამ საკითხებზე ის უმეტესად პასუხობს, რომ პრობლემა „სამართლებრივი გზებით“ უნდა მოგვარდეს. სამაგიეროდ გვახსოვს უკანონოდ აშენებული სართულების დაკანონების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ბოლო პერიოდში ის გენგეგმისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზეც საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ ხედავს ამ საკითხების დარეგულირების გზებს.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩიქოვანის მოსვლიდან დღემდე მერიის საიტზე აღარ ქვეყნდება  რამდენიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც ადრე, მართალია, შეფერხებებით, თუმცა ხელმისაწვდომი იყო. ამას მერია ვებგვერდის გადატვირთვით ხსნის. ეს პრობლემა კი უკვე ნახევარ წელზე მეტია ვერ მოგვარდა.

არჩილ ჩიქოვანს აქვს ასევე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება.

არჩილ ჩიქოვანის მთავარი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] გიორგი კირთაძეა. მის სასარგებლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ბათუმში საკუთარ კანდიდატს არ ასახელებს და საერთო კანდიდატად ენმ-ის კანდიდატს განიხილავს.

გიორგი კირთაძე აჭარაში ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ამავე პარტიიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია.

გიორგი კირთაძეს თვითმმართველობის ორგანოში  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის წინა ხელისუფლების დროს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე საკრებულოს უმრავლესობამ გადააყენა. ამის შემდეგ ის საკრებულოში მუშაობას ოპოზიციის ფრაქციის თავმჯდომარის რანგში აგრძელებდა. შემდეგი მოწვევის საკრებულოში კი ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის სიით შევიდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი კირთაძეს პარტიის თავმჯდომარეობის პარალელურად ბიზნესის წამოწყების მცდელობა ჰქონდა. 2019 წელს მან სამშენებლო კომპანიაც დააფუძნა, თუმცა მალევე დაანება თავი ამ საქმეს. ამბობს, რომ არ გამოუვიდა:

„მივხვდი, რომ არ დადგებოდა ჩემგან დეველოპერი. გარდა ამისა, ეს საქმიანობა ოპოზიციურ პარტიასთან შეუთავსებელი იყო.“

„გირჩია“ კიდევ ერთი კვალიფიციური პარტია, რომელმაც ბათუმში მერობის კანდიდატად გიორგი ფუტკარაძე დაასახელა. ის ბათუმში ფიტნესკლუბის მფლობელია. გასული წლის ნოემბერში კოვიდის გავრცელების გამო შემოღებული აკრძალვის დარღვევისთვის მისი ფიტნესკლუბი შრომის ინსპექციამ დალუქა.

გიორგი ფუტკარაძე

გიორგი ფუტკარაძეს თვითმმართველობის ორგანოში მუშაობის გამოცდილება ამ დრომდე არ ჰქონია.

მერობის კანდიდატი  დაასახელა ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ პარტიის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე წინა მოწვევის საკრებულოში „ოცნებას“ წარმოადგენდა. იყო ამ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, შემდეგ კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაც ჩააბარეს.

ირაკლი მიქელაძე ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრია. 2017 წელს, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, იგი თვეების განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და საკრებულოს სხდომებს არ ესწრებოდა. თუმცა მის სახელზე პრემია და ხელფასი მაინც იწერებოდა და იღებდა ბენზინისა და ტელეფონის ხარჯებსაც, რისთვისაც 16 450 ლარი დაიხარჯა ჯამში.

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ მიქელაძემ პრემიის სახით მიღებული 7050 ლარიდან 1800 ლარი დააბრუნა ქალაქის ბიუჯეტში. 2019 წელს მან „ქართული ოცნება“დატოვა, რის მიზეზადაც ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ბათუმში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია ყოფილი პოლიციელი გია ხალვაში. მერობის კანდიდატად ამჯერადაც დარეგისტრირდა მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე.

  • პირველები სიებში

ბათუმის საკრებულოს პროპორციულ სიაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ექიმი, ქირურგი კახა ქაშიბაძე ჩაწერა. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს.

„ჩემთვის დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფნა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, რადგანაც ჩემი ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა და მისი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ის, რამაც უნდა მიგვიყვანოს ცვლილებებამდე და იმ კურსის შენარჩუნებამდე, რაც აქამდე გვქონდა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედით“, – ამბობს კახა ქაშიბაძე.

რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ის სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ

„ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი კი ფეხბურთელი ასლან ბალაძეა. საკრებულოში შესვლის შემთხვევაში ის თვითმმართველობის კოდექსის შესწავლასაც აპირებს. პარტიის შეთავაზებას კი საკრებულოში მოსახვედრად არჩევნებში მიეღო მონაწილეობა, აფასებს, როგორც გამოწვევას მის ცხოვრებაში:

„სიახლეები ყოველთვის კარგია ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება სპორტს ვემსახურებოდი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს შემოთავაზება და მოულოდნელიც იყო. ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში გავატარო ის პრინციპულობა, არ დავაკლო არაფერი ჩვენს საქმიანობას იმიტომ, რომ ჩემი სპორტში მოღვაწეობა იყო წარმატებული და ისეთი წარმატებული მინდა ვიყო პოლიტიკაშიც, ამიტომ ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის.“

„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

„ლელოს“ სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძეა. ირაკლი კუპრაძე იურისტია, პარტიაში შესვლამდე ის სამოქალაქო აქტივისტი იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა შრომითი უფლებებისა და  მწვანე პოლიტიკის საკითხებზე. იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

„ევროპული საქართველოს“ პირველი ნომერი ბადრი გორგაძეა.  „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ პირველი ნომერი კი – თემურ გორგაძე, პროფესიით თეოლოგია და საჯარო სექტორში არასოდეს უმუშავია.

  • ქალები

აჭარაში არც ერთ პარტიას მერობის კანდიდატად ქალი არ დაუსახელებია, ისინი, ძირითადად, მხოლოდ პარტიულ სიებში კვოტირების შესახებ კანონის გათვალისწინებით მოხვდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 15-წევრიან პროპორციულ სიაში მხოლოდ 5 ქალია. გარდა ამისა, პარტიამ შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ერთი ქალი, მოქმედი საკრებულოს წევრი ნაზი ფუტკარაძე წარადგინა.

მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში 5 ქალია, მათგან ორი საკრებულოს მოქმედი წევრია. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატად არც ერთი ქალი არ ჰყავს.

თეკლა კავაზაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მესამე ნომერია. ამ დრომდე საჯარო სექტორში არ უმუშავია. ამბობს, რომ თავის თეორიულ ცოდნას გუნდის პრაქტიკულ გამოცდილებას შეუთავსებს და ასე შეძლებს ეფექტურად იმუშაოს ქალაქისთვის. როგორ შეძლებს პრაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდისგან საკუთარი მოსაზრებების დაცვას, თუ ხედვები მიმდინარე საკითხების განხილვისას  პარტიის ხედვებს არ დაემთხვევა, ამ და სხვა თემებზე წაიკითხეთ აქ.

წინა ხელისუფლების მმართველობიდან დღემდე ბათუმის საკრებულოში იყო ერთი დიდი მმართველი პარტიის უმრავლესობის ფრაქცია, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს და ოპოზიციის ერთი ფრაქცია, რომელიც ამ გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენდა.

ბათუმის საკრებულო არასდროს ყოფილა ისეთი მრავალფეროვანი, რომ კონკრეტული საკითხის მიმართ სხვადასხვა ინტერესის თანხვედრის შემთხვევაში მმართველი ძალის სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება დაფიქსირებულიყო.

მერიას უმეტესწილად დამტკიცებული სახით გაჰქონდა ის, რაც საკრებულოში პროექტის სახით შეჰქონდა. დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მაკონტროლებელი კოლეგიალური ორგანოა და მერია აღმასრულებელი, არჩეულ მერს უფრო მეტი გავლენა აქვს, ვიდრე საკრებულოს. ეს მაშინაც კარგად გამოჩნდა, როცა ბათუმის ყოფილმა მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს მესიჯად მისწერა  კონკრეტული საკითხი დღის წესრიგიდან არ ამოეღო, მან კი ok-ით უპასუხა.

საკრებულოს სხდომებზე გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საკრებულოს წევრების უმეტესობას დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები არათუ არ შეუსწავლია, არც გადაუხედია მათთვის. მათგან ბრიფინგები გვახსოვს და არც პრინციპული უარი. კრიტიკული განცხადებებით ძირითადად ოპოზიცია შემოიფარგლებოდა, თუმცა ძირითადად უშედეგოდ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: