მთავარი,სიახლეები

ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

06.09.2021 • 1819
ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად  დიასამიძე ამჟამად  ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. რას ფიქრობს ის ეკოლოგიაზე, ქალთა უფლებებსა და სხვა გამოწვევებზე – ის ამ თემებზე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.

  • ბატონო ზვიად, რა შეცვალეთ ადრე, როცა თვითმმართველობაში მუშაობდით. შეგიძლიათ დაასახელოთ რაიმე საკითხი, რასაც ყველაზე მნიშვნელოვნდა მიიჩნევთ?

2006-2010 წლებში ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე და 2014-2017 წლებში მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. საკრებულოში მუშაობის პერიოდში არ მქონია შენიშვნა და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული.

ორი მუნიციპალური პროგრამის ინიციატორი ვიყავი ამ პერიოდში. პირველი შეეხებოდა შშმ ბავშვების და მათი მშობლების ტრანსპორტით უზრუნველყოფას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების რეაბილიტაციის პროგრამას და მესამე ეს იყო „შუახევიჰესის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულ სოფლებში – ჩანჩხალოში, მახალაკიძეებსა და ნიგაზეულში მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი.

  • რას ფიქრობთ „შუახევიჰესზე“, ღირდა ამ ჰესის აშენება?

ჰესი სახელმწიფოებრივი პროექტია და ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანია, თუმცა ძალიან ცუდი იყო ის, რომ აქტიური მეწყრული ზონები აღმოჩნდა გარკვეულ სოფლებში და ამის გამო ხშირად ვიყავი კრიტიკული.

ფაქტობრივად, ჩანჩხალოში სასმელი წყლის გაქრობის პრობლემა იდგა, კომპანიას ჰქონდა ეს მონაცემები დამუშავებული და ვხედავდი რა რისკებს მოიცავდა. სხვათა შორის, ეს მონაცემები გამოვითხოვე მუნიციპალიტეტიდან, თუმცა არ მომცეს – მითხრეს, რომ აღარ აქვთ.

  • რა ეწერა ამ მონაცემებში?

სასმელი წყლების დაახლოებით 30 პროცენტი იკარგებოდა. ნიგაზეულში კი ერთი დიდი წყარო საერთოდ გაქრა. ასევე ჩანჩხალოში მთლიანად გაქრა წყალი დიასამიძის ეზოში, რომელსაც წლებია ოჯახი მოიხმარდა.

  • მერიიდან რატომ წამოხვედით, რა იყო მიზეზი?

2010 წელს დავტოვე სამსახური. უკმაყოფილებას გამოვხატავდი ხოლმე გარკვეულ უსამართლობებზე, რადგან ზეწოლები იყო და წამოსვლა ვამჯობინე.

  • „ლელოში“ როგორ აღმოჩნდით?

მე თვითონ გადავწყვიტე გაერთიანება მათთან, რადგან საერთო ხედვები და აზრები გვაქვს ბევრი მიმართულებით.

  • როგორც ვიცი მასწავლებელი ხართ, რა პრობლემები აქვს სკოლას, სოფელს?

მე ბათუმში კერძო სკოლაში ვასწავლი ისტორიას, წამყვანი მასწავლებელი ვარ. სკოლებში სახელმძღვანელოებია შესაცვლელი, მაგალითად არ მომწონს მეათე კლასის ისტორიის სახელმძღვანელო. ზოგადად, სისტემაც შესაცვლელია, სუსტია სამეურვეო საბჭოები, ინფორმაცია გამოვითხოვე ერთი სკოლიდან და სამართლებრივ დავამდე მივიდა, რომ ინფორმაცია მიმეღო. პანდემიური სიტუაცია თვითნებაზეა მიშვებული და არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ სწავლა სკოლის შენობებში დაგვეწყო.

  • ქალაქში თუ ასწავლით, როგორ იმუშავებთ შუახევის საკრებულოში?

ქალაქში კი ვმუშაობ მაგრამ სოფელში ვცხოვრობ. სკოლაში მცირე დატვირთვა მაქვს. პედაგოგიურ საქმიანობას არ მიკრძალავს კანონი…

სოფლებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის თამბაქოს წარმოებაზე აქციზის დაწესება. როგორც ვიცით, მაღალმთიან აჭარაში ბევრს მოჰყავთ თამბაქო და ეს საკითხია მოსაგვარებელი. თუმცა ეს გლობალური თემაა და შუახევის საკრებულო ამას ვერ მოაგვარებს.

თუ საკრებულოში შევალ, ახალგაზრდების გააქტიურებაზე მექნება პროგრამა. მნიშვნელოვანია მათი გადამზადება, სამართლებრივი ბაზის გაძლიერება და ინფორმირება, რადგან სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ვფიქრობ, ყველა სოფლიდან შეიძლება რაღაც სიკეთის მიღება. ბევრი პროგრამაა და ამის შესახებ უნდა იცოდნენ.

  • აქამდე არ ეხმარებოდით ინფორმირებულობაში?

ყველასთან კომუნიკაციას ვერ შევძლებდი და სადაც შემეძლო, არსად დამზარებია თანადგომა და კონსულტაცია.

  • ეკოლოგიაზე რა შეგიძლიათ თქვათ, ხომ არ გაქვთ რაიმე პროგრამა ამ მიმართულებით. სოფლებში ძალიან შესამჩნევია წიწვოვნების ხმობა.

წიწვოვნებს ლაფნიჭამია ანადგურებს. თითქოს იღებენ პრევენციულ ზომებს, მწერიჭამია ხაფანგებია განლაგებული, თუმცა არაეფექტურია ეს გზა. ქართველ სპეციალისტებთან მქონდა კონტაქტი და ვფიქრობ, სხვა რამეა გასაკეთებელი დაავადებასთან საბრძოლველად.

გაზიფიკაცია არ გვაქვს სოფლებში, რაც ასევე შეამცირებდა მწვანე საფარის განადგურებას.

  • როგორც გვითხარით გენდერულ საბჭოშიც მუშაობდით. რა ტიპის პრობლემები აქვთ ქალებს შუახევში, რა შეიძლება მათი გაძლიერებისთვის გაკეთდეს. თუ გაქვთ თქვენი ინდივიდუალური ხედვა?

ვფიქრობ, ქალების აქტიურობაა საჭირო, მათ შორის პოლიტიკაშიც. ჩვენთან გუნდში სულ ახალგაზრდები არიან და მათი მუშაობა მომავალში აისახება მუნიციპალიტეტზე. როცა მაქვს შესაძლებლობა, ვცდილობ დავარწმუნო ხოლმე ქალები, რომ უფრო აქტიურები იყვნენ.

  • ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე თუ გქონდათ ინფორმაცია და თუ დახმარებიხართ ძალადობის მსხვერპლს?   

როცა იყო ხოლმე მსგავსი შემთხვევები, ყოველთვის ვცდილობდი დამერწმუნებინა ქალები, რომ ებრძოლათ მათი უფლებებისთვის.

  • ხშირად, განსაკუთრებით სოფლებში, ქალებს გაჩუმებას ურჩევენ, რომ მოთმენა სჯობს. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

ვფიქრობ, გაჩუმება და შეგუება არ არის გამოსავალი. ეს კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას და ყველა დამნაშავეა, ვინც ძალადობის მსხვერპლს ამას ურჩევს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით თანამონაწილე იმ შედეგის, რაც შეიძლება დადგეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: