მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

მე ავირჩევდი მეამბოხე, სამართლიან და თავისუფალ მერს

07.09.2021 • 1531
მე ავირჩევდი მეამბოხე, სამართლიან და თავისუფალ მერს

ავტორი: ნათია სირაბიძე

ერთხელ ვირჯინიის შტატის პატარა ქალაქში – როანოკეში გახლდით ქართველ ჟურნალისტებთან ერთად. ქალაქის ცენტრში სეირნობისას გზად შეგვხვდა ქუჩაში მომავალი ქალაქის მერი. არც ფოტოგრაფი დაყვებოდა და არც ქოლგის დამჭერი. ჩვეულებრივ მოგვესალმა, მოიკითხა ჩვენი ამბავი, თავადაც მოგვიყვა, რომ ნახევარ განაკვეთზე მუშაობს მერად, ისე კი ადვოკატია, რომ შემოსავალი მიიღოს.

როგორც ამიხსნეს, იმდენად სისტემატიზირებულია ქალაქის მართვა, მერს ბევრი საქმე არ აქვს, ამიტომ იმდენ საათს მუშაობს, რამდენიც საჭიროა. იტყვით იქ აწყობილია ქვეყანა და ადვილია მერობაცო, მაგრამ ჩვენთანაც ხომ ოდესმე უნდა არწყოს სისტემა. ამისთვის გთავაზობთ ჩემ მოსაზრებას, რომ: მერი უნდა იყოს მეამბოხე, თავისუფალი და სამართლიანი.

აი რატომ:

მერად ვისურვებდი სამართლიან ადამიანს, რაც ეფექტური მმართველობის წინაპირობაცაა. მან უნდა შექმნას დემოკრატიული და არაცენტრალიზებული მართვის სისტემა, დაიყენოს გვერდით კომპეტენტური პირები და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილებები. ის არ უნდა აფარებდეს ხელს პედოფილებს და მოძალადეებს; არ აგინებდეს ჟურნალისტებს ან ნებისმიერს, ვინც კითხვას დასვამს; კანის ფერის და პარტიული თუ რელიგიური მიკუთვნების მიუხედავად უნდა იზიარებდეს ბათუმელების მოსაზრებას.

მერობის კანდიდატი უნდა იყოს თავისუფალი გავლენებისგან; თავისუფალი მიკერძოებული სურვილებისგან, არგოს საკუთარ ოჯახს თუ პარტიას; თავისუფალი მეგობრების, ნათესავების, „ზემოდან მითხრეს“ ხათრით ადამიანების დასაქმებისგან; თავისუფალი ფეისბუქ პოსტებისგან – ვინ რა დაპოსტა, ვის რამდენი მოწონება დაუსვა; თავისუფალი კომუნიკაციის შიშისგან, რომ “ჭირსა თუ ლხინში” მოქალაქეებთან საუბარი და მათი ინტერესების გათვალისწინება შეძლოს.

ბათუმის მერი უნდა იყოს მეამბოხე, რომ გაბედოს და ბოლოს და ბოლოს შეიმუშავოს ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა; რომ შეძლოს მავანთა კრიტიკის მიუხედავად ქალაქის ინტერესების დაცვა; უნდა გაბედოს და წინასაარჩევნო პროგრამა იმ პირობით დადოს ამომრჩევლებთან, რომ ვერ შესრულების შემთხვევაში მოიშლება და დათმობს სკამს. მან უნდა გარისკოს და არ შეეშინდეს განახორციელოს ახალი და ინოვაციური იდეები, მიუხედავად მათი ავტორების პარტიული კუთვნილებისა.

ასეთ მერს ავირჩევდი მე. თქვენ თქვენი არჩევანი გაქვთ, მხოლოდ ის უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი ჩვენი ქალაქია, ჩვენი პასუხისმგებლობა. ამიტომ გადაწყვეტილებამდე უნდა დავფიქრდეთ, როგორი მერი გვინდა? ვინ უფრო ააწყობს სისტემას? ვინ იშრომებს დამატებითი შემოსავლისთვის პატიოსნად?

იქნებ ოდესმე ჩვენც ავირჩიოთ მერი ნახევარ განაკვეთზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: