მთავარი,სიახლეები

რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ 

24.08.2021 • 9638
რატომ გადაწყვიტა კახა ქაშიბაძემ იყოს ენმ-ს სიის პირველი ნომერი ბათუმის საკრებულოში – ინტერვიუ 

ცნობილი ქირურგი კახა ქაშიბაძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერია. ის ქვეყნის მასშტაბით იმ იშვიათი ექიმების რიგს მიეკუთვნება, ვინც ურთულეს – ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას ატარებს. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში საქმიანობა და როგორ ხედავს ის ბათუმის მომავალს. გთავაზობთ ინტერვიუს კახა ქაშიბაძესთან.

  •  ბატონო კახა, თქვენ ხართ ენმ-ს სიის პირველი ნომერი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითქმის გარანტირებულად მოხვდეთ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

ჩემთვის დღეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოფნა არ არის პოლიტიკაში მოსვლა, რადგანაც ჩემი ქალაქის თვითმმართველობაში ყოფნა და მისი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. ის, რამაც უნდა მიგვიყვანოს ცვლილებებამდე და იმ კურსის შენარჩუნებამდე, რაც აქამდე გვქონდა და არ დავბრუნდეთ იქ, საიდანაც წამოვედით. 

რა თქმა უნდა, პროფესიული საქმიანობის მიტოვებას არ ვაპირებ, არც კლინიკაში, არც უნივერსიტეტში – ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ამ ქალაქისთვის ვაკეთებ. მე მომწონს ჩემი პროფესია, მიყვარს და არც ვაპირებ მის დატოვებას არასდროს. 

  • სწორედ ეგ უნდა მეკითხა, რომ თქვენ იმ ექიმებს შორის ხართ, ვინც ყველაზე რთულ ოპერაციებს ატარებს. როგორ აპირებთ ეს ორი საქმე – პოლიტიკა და მედიცინა შეუთავსოთ ერთმანეთს, რადგან ორივე ითხოვს დიდ ენერგიას და დროს.  

ჯერ შევიდე და მერე ვნახოთ. აქ საუბარია გამარჯვებაზე. თუ ჩვენ არ გავიმარჯვეთ და თუ ეს ხელისუფლება არ შევცვალეთ, მაშინ არც იმ თვითმმართველობაში ყოფნას აქვს აზრი. ამიტომ მე იქ არ ვიქნები. 

  • ამბობთ, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვა უმრავლესობაში, გამარჯვების შემთხვევაშიც არ შეხვალთ საკრებულოში? 

მე არ შევალ, დიახ. თუმცა, ვფიქრობ, აუცილებლად მოვიგებთ. თუ ჩვენ არ დავიჯერეთ, რისთვის ვიბრძვით, სხვასაც ვერ დავაჯერებთ. 

ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი არაწესიერი ქცევა. არ არსებობს მიზანი, რომელსაც შეიძლება უღირსი საქციელით ამართლებდე. 

  • თქვენთვის რა არის უღირსი საქციელი პოლიტიკაში?

თუკი ჩემი ქცევა სხვის უბედურებაზე, სხვის დაჩაგვრაზე, სხვის იგნორირებაზე და სხვის ხარჯზე უნდა ხდებოდეს, ეს ჩემთვის უღირსი და მიუღებელია. ეს არასდროს გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ. ვერც ვერავის მოვუწონებ, იმის მიუხედავად ჩემ გვერდით დგას თუ არა.  

  • რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო წლებში?

მაგალითად ის, როცა 70 მილიონი ლარი, რომელიც შემოერთებული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი, ცენტრალურ ბიუჯეტს გადაურიცხა. დღეს კი ის რაიონები, რომლებიც ქალაქს შემოუერთეს, კანალიზაციის და წყლის გარეშეა დარჩენილი. კორპუსები შენდება იმ რაიონებში და ამ დროს წარმოუდგენელია კანალიზაცია არ არსებობდეს უბანში. ეს ჩემთვის მიუღებელია და ვინც ამას ხელი მოაწერა, ამით ვერ იამაყებს. 

ასევე, ის სამი საშინელი სახლი, ბულვარის ზღვისპირა პარკის დაბოლოებაში რომ დადგეს, მიუღებელია ჩემთვის. მომხრე ვარ რეფერენდუმი ჩატარდეს და ქალაქმა მიიღოს გადაწყვეტილება, რა უქნას ამ სახლებს. მე მხარს დავუჭერდი ამ სახლების დემონტაჟს. 

ვისი ბრალია ეს და ვინ რა ზარალს მიიღებს, საერთოდ არ მაინტერესებს. როცა ისეთ რამეს ჩადიხარ, რასაც ახლა ჩადიან – შუაგულ ზღვისპირა პარკში ცათამბჯენებს აშენებენ, ჩვენი ბავშვების ფილტვების და ჩვენი მომავლის ხარჯზე. ამისთვის ერთ მშვენიერ დღეს, აუცილებლად ვინმე მოგთხოვს პასუხს. 

როცა ჩადიხარ უმსგავსობას იმიტომ, რომ გაგდის, მაშინ ისიც უნდა იცოდე, რომ დაგსჯიან. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მარტო მე გადავწყვიტო რაიმე, საკუთარი ხვალინდელი დღე ქალაქმა უნდა გადაწყვიტოს. 

  • ქალაქის ფილტვებს არც „ნაციონალური მოძრაობა“ უფრთხილდებოდა მაინცადამაინც, ბულვარში მშენებლობების პროცესი მათ დროს დაიწყო.

ჰოდა, რომ არ ზრუნავდა მაშინ, იმიტომ წავიდნენ. თუმცა ამავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზღვისპირა პარკი მაინც გააშენა, ისიც არ გვექნებოდა, ჭაობის ბუდე იყო. 

  • პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გონიოს პოლიგონზე ახალი ქალაქი უნდა აშენდეს კაზინოებით, სასტუმროებით და ბანკებით. ყოფილი პოლიგონის განაშენიანებაზე საუბრობდა „ნაცმოძრაობაც“ ადრე. თქვენ როგორ ფიქრობთ – სჯობს, რომ ეს ტერიტორია დარჩეს რეკრეაციულ, მწვანე ზონად, თუ გაშენდეს ქალაქი?

გონიოს პოლიგონი ვეებერთელა ტერიტორიაა და მარტო რეკრეაციულ ზონად ალბათ ვერ დარჩება, მაგრამ მე იმის მომხრე ვარ, რომ ზღვის ზოლი, ყველგან იყოს რეკრეაციული ზონა. რაღაც რაიონები უნდა გაშენდეს ალბათ იქ, მშენებლობების წარმოება არ ნიშნავს, რომ მწვანე საფარი განადგურდეს, მაგრამ რატომ გვინდა ეს 100-სართულიანი სახლები ბათუმში, მაინც ვერ ვხვდები. 

ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა დავუშვით ამ ქალაქში მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა. ბევრ ევროპულ ქალაქში ასეთ საშინელებას ვერ ნახავთ. ჩემი მეგობრები ინდოეთიდან რომ ჩამოდიოდნენ, ხანდახან ვერ იჯერებდნენ და მამეორებინებდნენ – მართლა 150 ათასი ცხოვრობს ამ ქალაქში? აბა, რად გინდათ ეს ცათამბჯენებიო. მე ინდოეთში არ მინახია ასეთი ცათამბჯენებიო. ჩემთვის სულერთია ამას ვინ აკეთებდა, წინა ხელისუფლება, იმის წინა თუ ეს. ცუდი არის ცუდი. 

  • როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის შეჩერება. თუკი იქნებით ქალაქის თვითმმართველობაში, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის შესაჩერებლად?

ეს არ არის ერთი ადამიანის გადასაწყვეტი. უდავოა, რომ რაღაც- რაღაცები პრინციპულად შესაცვლელია. არ შეიძლება ქალაქი ვითარდებოდეს ერთი კაცის ნება-სურვილზე. ალბათ უნდა შეჩერდეს ყველაფერი, შემუშავდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმა, სადაც უნდა იყოს ყველაფერი გათვალისწინებული – ინფრასტრუქტურაც, განაშენიანებაც, სახლების მშენებლობაც რაღაც დონეზე, რადგან ვმრავლდებით, ვიზრდებით, ახალი ოჯახები იქმნება და, ბუნებრივია, სადღაც უნდა იცხოვრონ ამ ადამიანებმა. 

როცა ეს გეგმა შემუშავდება, ისეთი მაღალი ლეგიტიმაციით უნდა იყოს მიღებული, რომ შემდგომ სხვა არჩევნებით მოსულ ახალ გუნდს ძალიან გაუჭირდეს რაიმეს კორექტირება. ოღონდ, ეს უნდა იყოს ფართო შეთანხმების საგანი.  

  • ამაზე საუბრობდა „ოცნებაც“ ხელისუფლებაში მოსვლის წინ, თუმცა საპირისპირო გააკეთეს.

მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ის რასაც მე ვამბობ და რისიც მწამს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, თუ ისე არ მოხდება, ამასაც ვიტყვი, არც მომერიდება და არც შემრცხვება.

კრიტიკა არის ის, რაც ამოძრავებს პოლიტიკას. განსხვავებული აზრი ამოძრავებს სამყაროს. განსხვავება რომ არ იყოს, ცხვრის ფარა ვიქნებით მაშინ. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩვენი აზრი და ამ აზრის გამოხატვა არასდროს უნდა გვრცხვენოდეს. 

თუ იღებ პასუხისმგებლობას სხვის კეთილდღეობაზე, შენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და კიდევ უფრო მეტად უნდა ილაპარაკო სიმართლე.

ნაცმოძრაობის ერთ-ერთ შეცდომად ის მიმაჩნია, რომ ბევრი კარგი, რასაც აკეთებდნენ, ვერ ახერხებდნენ კარგად აეხსნათ ხალხისთვის. 

მე თუ ვერ ვხედავ ამ სიკეთეს, რაც კონკრეტულ პროექტს მოაქვს, მაშინ ჩემთვის საერთოდ არ არის მისაღები. თუ ამ გლობალური პროექტების გვერდით ადამიანს საჭმელი, სასმელი აკლია, საცხოვრებელი აკლია, უმუშევარია, უსამართლობას ხედავს, მისთვის სულ ერთია, რას აშენებ. ამიტომ ჯობდა ამისთვის მიეხედათ თავის დროზე ან ორივე უნდა გაეკეთებინათ. 

ჩვენ ვიცით, რომ ბავშვისთვის სწავლა საჭიროა და კარგია, მაგრამ თუ არ გავაგებინებთ ამის მნიშვნელობა, როგორ ვასწავლით?  ხომ არ ვცემთ? გააგებინო უნდა მისი მნიშვნელობა. ასეა გლობალური პროექტების შემთხვევაშიც. 

  • კიდევ რა არის შესაცვლელი ამ ქალაქში თქვენი აზრით?

ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, და განაშენიანება. სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ შედის კორპუსებთან, მეოცე სართულზე როგორ უნდა ავიდეს ექიმი, როცა ყველა ლიფტი ჩიპზეა, ამაზე უფიქრია ვინმეს? ან მიცვალებული როგორ უნდა გადაასვენო, ვინმემ იფიქრა ამაზე? 

სახლები ერთი მეორეზე რომ დგას და ავტომობილების გასაჩერებელი არაა, უფიქრია ამაზე ვინმეს? 

ბავშვები რომ ქუჩაში მათხოვრობენ, ამაზე ვინმემ იფიქრა? არავინ. 

უსახლკაროების და უქონელების პრობლემა დგას ქალაქში.  კლინიკაში მუშაობის დროს დიდხანს მქონდა კამათი მენეჯმენტთან, რადგან ვამბობდი, რომ  ჩემთან კონსულტაცია ფული არ ღირს. არ შეიძლება ადამიანს საუბარში ფულს ვართმევდე, როცა ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია ის თანხა მისთვის. 

ზოგჯერ ხორცის ყიდვა მრცხვენია, რადგან ვიცი, რომ ვიღაც თვეობით ვერ ყიდულობს, ასეთი სოციალური უსამართლობა არ შეიძლება ქალაქში იყოს. შვილები გვეზრდება და თუ ჩვენი შვილების ბედნიერება და სიმშვიდე გვინდა, სხვაც ბედნიერი უნდა იყოს. ასეთი სოციალური დისბალანსი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში, კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს როგორმე უნდა გამოსწორდეს. 

ამას მარტო ქალაქი ვერ გადაწყვეტს, ბევრად უფრო დიდი და რთული პრობლემაა, მაგრამ სამშობლო იწყება პატარა ადგილებიდან – სოფლებიდან, ქალაქებიდან, ოჯახიდან და ისიც უნდა გავითავისოთ, რომ მარტო ქალაქი არ უნდა გაძლევდეს, ჩვენც უნდა მივცეთ რამე და როცა ვიღაც გააკეთებს სკვერს, მეორე დღეს ის სკამი არ უნდა მოგლიჯო და დააზიანო.

  • თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახალი ხელისუფლება, „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობით თუ კოალიციური, რომელს უფრო უჭერთ მხარს?

ქართული სიმღერა მრავალფეროვანია. ერთის სიმღერას შედეგი არ მოუტანია არასდროს. ერთი პარტიის მმართველობა აუცილებლად მთავრდება დიქტატურით. მეტიც, არც ერთ თანამდებობაზე ადამიანმა 5-7 წლის მეტი არ უნდა გაატაროს. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ რაიმე ღირებული გააკეთო. ეს უნდა იყოს გარდაუვალი, მაშინ არ იქნება პრობლემა. 

ყველა ჩემმა თანამშრომელმა იცის, რომ 60 წლის შემდეგ, დიდი ქირურგიიდან წავალ, იმიტომ, რომ სხვამ უნდა დაიკავოს ჩემი ადგილი. არ შეიძლება შენ გიყურებდნენ მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე. გენიოსებიც კი რამდენიმე ქმნილებას ქმნიან და მერე იმით ცხოვრობენ. მე არ ვარ გენიოსი და რატომ უნდა მიყურონ ამდენი წელი. 

რაც შეეხება არჩევნებს, არჩევანი არის ძალიან მარტივი, არჩევანი არის თეთრი და შავი, ბნელი და ნათელი, ეს არის კონკურენტები. ბნელი არის ის, ვინც ამბობს, რომ თურმე მოსწონდა საბჭოთა კავშირი, რომ თურმე მოსწონდა მაშინდელი ქარხნები. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მე არ მომწონდა და არც სხვას ამ სამყაროში და ვისაც მოსწონდა, დარჩეს იქ. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: