მთავარი,სიახლეები

რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

07.09.2021 • 4334
რატომ მცირდება თხილის ფასი და რა ღირს თხილი დღეს?

თხილის ფასი საშუალოდ 50 თეთრით შემცირდა. საშუალო ხარისხის თხილი აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 4 ლარი ღირდა, სექტემბრის დასაწყისში კი თხილის ფასი 3 – 3.5 ლარია.

ბათუმის აგრარულ ბაზარში თხილს საშუალოდ 3 ლარად იბარებენ და 5 ლარად ჰყიდიან. ამ ფასად აბარებენ მეთხილეები თხილს ქობულეთსა და გურიაშიც, სადაც თხილის ჩაბარების არაერთი პუნქტია მოწყობილი.

„ხარისხის მიხედვით თხილში ვიხდით 2 ლარიდან 5 ლარამდე, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 50 თეთრით არის შემცირებული ფასი, თუმცა არ გამოვრიცხავ ეს ფასი ისევ შემცირდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბადრი ლორჩოშვილი, თხილის ექსპორტიორი კომპანია „ნათს ელის“ ხელმძღვანელი. ეს კომპანია სენაკში იბარებს თხილს.

თხილის ფასი ტრადიციულად იზრდება, როცა მოსავალი შრება, თუმცა თხილის ექსპორტიორის თქმით, წელს რამდენიმე ახალი ფაქტორია, რის გამოც თხილის ფასი პირიქით შემცირდა.

„ეს არის პანდემია და თურქეთი, რომელიც თხილის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. წელს იქ განსაკუთრებით დიდი მოსავალია, დიდი მოსავალია ჩვენთანაც,“ – აღნიშნა ბადრო ლორჩოშვილმა.

ბიზნესმენის დაკვირვებით პრობლემაა, როგორც თხილის ხარისხიანი მოსავლის მიღება, ასევე მისი დროული აღება და შენახვა.

„მოსავლის 20 პროცენტი ჯერ კიდევ აღებული არაა, თხილს ახლა აზიანებს ეს წვიმიანი ამინდი. პრობლემაა შენახვაც, რადგან ზოგჯერ ფერმერს ჰგონია, რომ თხილი გამომშრალია, მაგრამ არაა ასე და თხილი ფუჭდება,“ – გვიყვება ბადრო ლორჩოშვილი.

თხილის ექსპორტიორის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე თხილის ფასი წელს დაახლოებით 5.5 ამერიკული დოლარია.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/357875/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: