ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, „კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე“ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დაიწყო. პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვიდრე კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნით არ დადგინდება რამ გამოიწვია სადარბაზოს ჩამოშლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუშვეს.
„საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადგინდებოდა ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო თუ არა უშუალოდ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართობში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, ეს არ არის დადგენილი. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა საცხოვრებელი სახლი… ზაურ ბუდაგოვის პოზიცია რომც იყოს, რომ მე დავანგრიე ეს სახლი, არც უნდა იქნას გაზიარებული იმიტომ, რომ სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება დადგინდეს საინჟინრო ექსპერტიზის მეშვეობით,“ – გვითხრა ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა რამინ პაპიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
ექსპერტიზის დასკვნა რომ ჯერ არ არსებობს, ამას საქმის პროკურორი, ალექსანდრე ძირკვაძეც ადასტურებს.
„გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი მიზეზების შესახებ. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, საქმის მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნა არ არის, მაგრამ ის, რომ ბრალდებულებმა თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება, როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობლების ჩვენებებით. ისინი ადასტურებენ, რომ პირველ სართულზე ბინაში სრულიად იყო მოშლილი კედლები,“ – ამბობს პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე.
პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა დეზინფორმაცია უწოდა კორპუსის სარდაფში სარემონტო სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რამინ პაპიძის მტკიცებით, შიდა კედლების დემონტაჟი მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მიმდინარეობდა. ადვოკატმა ჟურნალისტებთან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ამ მშენებლების პროექტი ავტორი იქვე ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ სურს.
„ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, მოწმეების ჩვენებებით ეს ვერ დადგინდება. ეს უნდა შეისწავლოს ექსპერტმა,“- დასძინა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.
პროკურორის ვერსიით, 8 ოქტომბერს, სახლის ჩამონგრევამდე, ბრალდებულებმა კორპუსის კედლების გამაგრება სცადეს და შემდეგ დატოვეს ადგილი.
„დილის საათებში, 8 ოქტომბერს, ბრალდებულები მივიდნენ აღნიშნულ ფართობში სამუშაოების გასაგრძელებლად. მათ შენიშნეს, რომ კედლებს ჰქონდა მოძრაობა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი…“ – გვითხრა ალექსანდრე ძირკვაძემ.
უნდა დადგეს თუ არა საჯარო მოხელეების და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც უნებართვო მშენებლობის შეჩერება არ სცადეს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძეს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია მერიის წარმომადგენლები… თუკი გამოიკვეთება სხვა პირების ბრალეულობის საკითხი, პროკურატურას ექნება ამ შემთხვევაშიც უმკაცრესი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე დადგენილი ინფორმაციით, აღნიშნულ ფართობში სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება და საჩივრები, ასევე ცხელ ხაზზე შეტყობინება, არ ყოფილა. ეს მოცემულობა გვაქვს ამ ეტაპზე,“ – გვიპასუხა ალექსანდრე ძირკვაძემ.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
ქვეყანა გლოვობს ბათუმის ტრაგედიას – 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოიშალა. ნგრევის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
_____________
ფოტოზე: 26 მაისის ქუჩა ბათუმში, სახლის ნანგრევები. ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი განცხადებას ავრცელებს ჰოსპიტლის ერთ პალატაში ჭერის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
„ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. პაციენტების სხვა პალატაში, მათთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა.
ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და მედპერსონალს ინციდენტით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის.
ჰოსპიტლის საინჟინრო სამსახურების მიერ მყისიერად მოხდა ფაქტის შესწავლა. დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე.
უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა.
ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის. ამჟამად ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ჩაქვის გვირაბთან ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის დროს დაახლოებით ოთხი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. არავინ დაღუპულა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 პირია კლინიკაში გადაყვანილი. „მიმდინარეობს მუშაობა“, – გვითხრეს სასწრაფოში, სადაც არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა. ინფორმაცია “ბათუმელებს” იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაუდასტურეს.
“ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ დაზიანებულა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბავშვთა საავადმყოფოს პრესცენტრში.
თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო. კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამსხვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვდნენ.
„მე ვიყავი პირველ სართულზე, ჭერი მეორე სართულზე ჩამოინგრა. ჩემი პატარა ძმა მყავდა საავადმყოფოში, თერმომეტრის აღება მინდოდა მისთვის, რა დროსაც ეს შემთხვევა მოხდა. დავინახე, ერთი ბავშვის მამა ბოლო ხმაზე ყვიროდა. უკან მოყვებოდა მეორე მშობელი, იძახდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზეო. კომპიუტერები დაამტვრიეს. შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ბავშვები ცუდად გახდნენ. ტიროდნენ. ერთ-ერთი ბავშვის დედამ თქვა, მე გადავეფარე ჩემს შვილს, თორემ მთლიანად გადაემხობოდა ჭერი საწოლსო,“ – მოუყვა „ბათუმელებს“ ერთ-ერთი თვითმხილველი, დიანა ზიადუსტი.
“ბათუმელების” ინფორმაციით, ამ დროისთვის [2:00 საათი, 11 ოქტომბერი] კლინიკაში მისულია პოლიცია.
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის, თამარ ნერგაძის საჩივრის განხილვა გადაწყვიტა სასამართლო ჩარევის შემდეგ. 4 დღის წინ, 6 ოქტომბერს, ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ბათუმელების“ ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე ოფიციალურად უარი თქვა.
დღეს, 10 ოქტომბერს, ამ საქმეზე მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საოლქო კომისიას მოუწოდა, გადაწყვეტილება შეცვალოს.
სასამართლო განხილვა საოლქო კომისიას დღევანდელ განკარგულებაში, რომელიც საღამოს 5 საათზე მიიღეს, საერთოდ არ უხსენებია. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის „საჩივარი ყურადსაღებია“, თუმცა არაა დასაბუთებული, რატომ ვერ შენიშნა ეს საოლქო კომისიამ 4 დღის წინ, როცა საჩივრის განხილვაზე უარი თქვა.
79-ე საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, თამარ ნერგაძის საჩივარზე ცალკე დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყება. თუმცა, განკარგულებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, როდის იმსჯელებს ამ საკითხზე ოლქი. განკარგულებაში წერია, რომ „კანონმდებლობით… დადგენილ ვადებში“.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ჟურნალისტი არაა უფლებამოსილი არჩევნების პროცესზე საჩივრები დაწეროს, თუმცა კანონმდებლობა არ კრძალავს იმას, რომ ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა სხვა პირმა, საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია საოლქო კომისიას. ამ უფლების მიუხედავად, ბოლო პერიოდის პრაქტიკის მიხედვით – ჟურნალისტები წერილობით საოლქო კომისიებში არაფერს ასაჩივრებენ.
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღევანდელ სხდომაზე ამ უფლების რეალიზების პრობლემას გაუსვა ხაზი. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საოლქო კომისიას დისციპლინური საქმისწარმოება უნდა დაეწყო იმის მიუხედავად, რომ ეს საჩივარი საარჩევნო დავების კატეგორიაში არ გადის.
„…წარმოდგენილი საჩივარი ყურადსაღებია და საჩივარში აღნიშნულ გარემოებებზე უნდა მოხდეს კომისიის სხდომაზე მსჯელობა დისციპლინური საქმისწარმოების ფარგლებში, რომელიც განიხილება საარჩევნო დავებისგან დამოუკიდებლად, განსხვავებული წესითა და განსხვავებულ ვადებში,“ – აღნიშნულია ბათუმის საოლქო კომისიის მიერ დღეს, 10 ოქტომბერს მიღებულ განკარგულებაში.
ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე მას შემდეგ შეუშალეს, როცა მან კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
____
მთავარი ფოტო: არჩევნების ღამეს, გარკვეული მიზეზების გამო 34-ე უბანზე მიატოვეს თვლა
„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა.
ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს.
თუ საბოლოოდ საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, პრაქტიკა შეიცვლება – ამ დრომდე საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები საოლქო კომისიამ არ უნდა განიხილოს. სასამართლოში ჟურნალისტის და „ბათუმელების“ მოთხოვნაც ეს იყო: საჩივრის განხილვაზე საოლქო კომისიამ უარი არ თქვას.
„ბათუმელების“ ჟურნალისტი თამარ ნერგაძე არჩევნებს 2 ოქტომბერს ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა. პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ის საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
საუბნო კომისიის წევრები, განსაკუთრებით კი, კომისიის მდივანი – სოფიო საფარიძე, ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ გახდა აგრესიული, როცა კომისიის წევრებმა გაიგეს, რომ დარღვევის შესახებ ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით გაავრცელა.
„კომისიის მდივანმა აგრესიულად მომთხოვა პასუხი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მომმართავდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ოჯახივით მიგიღეთ, საჭმელზე გეპატიჟებოდით და შენ ეს რა გამომიქვეყნე გოგო“, „ქუჩის ჟურნალისტი ხარ“, „რას გავხარ“, „დავრეკეთ შესაბამის ადგილას და იყო ჩვენთან ზარები, გვითხრეს, ვიცით უკვე რა ბინძური სულის ჟურნალისტი არის ჩვენთან“, „სკოლაში გაზრდი დებილს და დაინახავ მერე ტელეფონით ხელში დგას და ჟურნალისტი გამხდარა“, „დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან“, „ქალი რომ ასეთი ინტრიგანი იქნები, დადგები და იღებ ყველაფერს“…
სოფიო საფარიძე ცდილობდა კონფლიქტური გარემო შეექმნა, ბრალს მდებდა, „კომისიის წევრების დაცინვასა და აბუჩად აგდებაში“. მისი კომენტარები არ იყო საქმიანი შინაარსის, თუმცა მე, როგორც ჟურნალისტს არ შემეძლო კომისიის მდივანთან კამათში შესვლა“ – განუმარტა ჟურნალისტმა მოსამართლეს.
2 ქოტომბერს, არჩევნების დღეს ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ მიმართა კომისიის თავმჯდომარესაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისიც განაწყენდა გაშუქებით – რატომ გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ხმების დათვლის მიტოვების ამსახველი ფოტო. ფოტოს მიხედვით, გადასათვლელ ბიულეტენებთან მხოლოდ კომისიის ერთი წევრი ზის.
34-ე უბანი. 2 ოქტომბრის არჩევნების ღამე. ფოტო, რომლის გამოქვეყნებამაც გააღიზიანა უბნის წევრები
„მასეთი ჟურნალისტებია სირცხვილი და ყავა ჯგუფურად არავის დაულევია… არც ლოგიკა და არც განათლება ჟურნალისტს რომ არ ექნება… ისე მადლობა ძაან კი გაგვართო თორე რა გაათენებდა დილამდე,“ – დაწერა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ამ ფოტოს ქვეშ 34-ე საარჩევნო უბნის მდივანმა სოფიო საფარიძემ და ჟურნალისტის უბანზე ყოფნის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. მოსარჩელის თქმით, ჟურნალისტს ფოტოც კანონდარღვევით გადაუღეს.
ჟურნალისტის თქმით, კომისიის მდივანმა უბანზე ყოფნის დროს მას ასევე არ მისცა საშუალება ჩანაწერთა წიგნში აესახა, როგორ უშლიდნენ ხელს პროფესიულ საქმიანობაში.
„კომისიის მდივანმა მითხრა, რომ საღამოს რვა საათის შემდეგ ჩანაწერთა წიგნში მოსაზრებების დაფიქსირება დაშვებული აღარ არის,“ – აღნიშნავს თამარ ნერგაძე მოსამართლისთვის მიწოდებულ ახსნა-განმარტებით წერილში.
დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან საუბნო კომისიის წარმომადგენლები, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით ჟურნალისტმა საოლქო კომისიას მიმართა.
„ეს საარჩევნო დავასთან დაკავშირებული საჩივარია, ამიტომაც ვერ განვიხილეთ,” – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ. იურისტის განმარტებით, კომისიამ ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საარჩევნო კანონმდებლობითაა განსაზღვრული პირთა წრე, ვისაც არჩევნების დროს საჩივრების დაწერა შეუძლია.
“მაგრამ დისციპლინური საქმისწარმოებისთვის რა არის საჭირო? არ შეუძლია ნებისმიერ პირს დარღვევაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ეს განიხილოთ?” – იკითხა მოსამართლემ.
“არასწორად იყო შედგენილი საჩივარი,” – უკან აღარ დაიხია საოლქო კომისიის იურისტმა.
“რა მიუთითეთ ხარვეზად, რა იყო არასწორი?” – საოლქო კომისიის წარმომადგენელს მიუბრუნდა გაღიზიანებული მოსამართლე და როცა დაინახა, პასუხი ვერ მოისმენდა, დაამატა:
“ასეც რომ ყოფილიყო, საჩივრის შინაარსით ხომ იყო გასაგები, რას ითხოვდა მხარე?” – იკითხა მოსამართლემ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები არჩევნების დროს ვერ წერენ ადმინისტრაციულ საჩივრებს, რატომ არ შეიძლება დარღვევის შესახებ ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა სხვა პირმა საოლქო კომისიას მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია და მოითხოვოს საუბნო კომისიის წევრის, ან წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება სხვადასხვა ფორმით სცადა მოსამართლემ.
“საარჩევნო დავის განხილვა დასრულებულია, მაგრამ ამ საჩივარს, როგორც ცნობად, ისე მიიღებს საოლქო კომისია… განიხილავს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად,” – თქვა ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.
“და რატომ ჩათვალეთ, რომ ეს საარჩევნო დავა იყო მაინცადამაინც? სად წერია ეს?” – საოლქოს იურისტს ჰკითხა ისევ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.
“მოვძებნი,” – საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა დაიწყო სხდომაზე ოლქის იურისტმა.
უხერხული სიჩუმე, რომელიც დარბაზში ჩამოვარდა, ისევ მოსამართლემ დაარღვია:
“ბევრი რომ არ ეძებოთ, ვერ ნახავთ ასეთ ჩანაწერს…” – თქვა მოსამართლემ და შემდეგ საოლქოს იურისტს მიუთითა, განკარგულებაშივე რომ შეეძლო იმავეს ჩაწერა, რაც სხდომაზე თქვა:
„განკარგულებით თქვენ პირდაპირ უარი უთხარით საჩივრის განხილვაზე. შეგეძლოთ ეს დაგეწერათ, რომ არ არის საარჩევნო დავა, მაგრამ დისციპლინურ პასუხისმგებლობას განიხილავდით,“ – განმარტა მოსამართლემ.
საოლქო კომისიის იურისტმა არჩია ამ ნაწილში მოსამართლეს დათანხმებოდა.
„ძალიან კარგია, რომ კონსენსუსამდე მივედით. 3 დღეს გაძლევთ ვადას, რომ მისწეროთ „ბათუმელებს“, – დასძინა მოსამართლემ და შემდეგ „ბათუმელების“ ინტერესების დამცველს, ნათია კაპანაძეს მიმართა, 3 დღის შემდეგ დამიტოვეთ შეტყობინება, თუ საოლქო ისევ უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებასო.
სარჩელში იურისტი ნათია კაპანაძე ასაბუთებს, რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვის ის, რომ უბანზე დაფიქსირებული დარღვევები და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე ჟურნალისტებსაც შეეძლოთ საჩივრის დაწერა.
„მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან საარჩევნო პროცესებში ეთიკის ნორმების დარღვევა და საოლქო კომისიის უარი წარმოადგენს ჟურნალისტის და მედიაორგანიზაციის უფლებების შეზღუდვას დაიცვას საკუთარი უფლებები და ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.
79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის პასუხი ცალსახად ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის და სამართლიანი განხილვის პრინციპს. საფრთხეს უქმნის ჟურნალისტის და რედაქციის შესაძლებლობას იდავონ საკუთარი დარღვეული უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ეწინააღმდეგება უკანონო შეზღუდვის თუ დარღვევის შემთხვევაში უფლებების დაცვისათვის შექმნილი კონსტიტუციური გარანტიების რეალიზების პროცესს,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს წარუდგინა ბრალი. საუბარია ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოს პირველი სართულის მესაკუთრესა და ორ მუშაზე.
პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ., 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ, 9 ოქტომბერს, დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, შსს-მ გამოძიებით დაადგინა, რომ ზ.ბ. ანაზღაურების სანაცვლოდ ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა. სამუშაოები ითვალისწინებდა კედლების მოშლასაც.
„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე.
ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრი იყო.
კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დღის 12 საათზე ჩამოინგრა. ამ დროს დავლაძეების ოჯახის 4 წევრი იყო სახლში – ინგა მეკეიძე ორ შვილთან, 9 წლის ანასტასიასთან და 1 წლის ერეკლესთან, ასევე სახლში იმყოფებოდა ინგა მეკეიძის მაზლი, 42 წლის ნუგზარ დავლაძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთიდან ახალჩამოსული იყო და სტუმრად იმყოფებოდა ძმის ოჯახში.
35 წლის ინგა მეკეიძე იყო პირველი ადამიანი, რომელიც 8 ოქტომბერს, სადარბაზოს ჩამონგრევიდან დაახლოებით 7 საათის შემდეგ ამოიყვანეს მაშველებმა. მისი ხმა მაშველებს ჯერ კიდევ ნანგრევებიდან ესმოდათ. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი 9 ოქტომბერს, დილას გარდაიცვალა.
მაშველებმა 42 წლის ნუგზარ დავლაძის ცხედარი ძმისშვილის ცხედართან ერთად იპოვეს ნანგრევებში 8 ოქტომბერს. მალევე ნანგრევებიდან ამოიყვანეს კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი.
ოჯახის 2 წევრი გადარჩა. ინგა მეკეიძის ქმარი, რამაზ დავლაძე და მათი შვილი, რომელიც მამას ბაღში ჰყავდა წაყვანილი.
დავლაძეების ოჯახის წევრებს დღეს, 10 ოქტომბერს დაკრძალავენ სოფელ ჭარნალში.
ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. ნგრევის ფაქტზე, სამშენებლო ნორმების დარღვევის ბრალდებით, 3 ადამიანია დაკავებული.
_______________
ფოტოზე: ნანგრევებთან მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
დღეს, 10 ოქტომბერს, ნანგრევებთან ახლოს, იქ, სადაც მოქალაქეები ყვავილებსა და სათამაშოებს ტოვებენ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების მოსაგონებლად და სამძიმრისთვის, მივიდნენ ნანგრევებში დაღუპული ანასტასია მეკეიძის კლასელები და მათი მშობლები.
მეოთხეკლასელებმა ადგილზე ყვავილები დატოვეს და სანთლები დაანთეს.
„2 საათზე ველოდებოდით ანასტასიას სკოლაში. 12 საათზე გავიგეთ, რომ სახლი ჩამოინგრა. არ ვიცი ის დღე როგორ გავიარეთ. უდიდესია ტრაგედიაა არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“ – უთხრა ჟურნალისტებს კლასის დამრიგებელმა თამილა შარაბიძემ, პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა.
9 წლის ანასტასია და მისი 1 წლის ძმა ერეკლე 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ დედასთან ერთად.
სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვის.
საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის წერილს აქვეყნებს, რომელშიც იგი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა.
გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით.
ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა უკვე სტაბილური. იგი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
„პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ სტაბილური. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, კონტაქტურია, ასრულებს დავალებებს.
პაციენტი დღეს მაინც დარჩება რეანიმაციაში, რადგან ის დარღვევები რაც ჰქონდა შემოსვლისას, კორეგირებული ჯერჯერობით არ არის.
პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყველა საათში ხდება სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი. ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, თუმცა სტაბილური“ – განაცხადა დეა ქაჯაიამ, კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორმა.
37 წლის მამაკაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას გადაურჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს.
ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.
„მიშენებების პრობლემა სამწუხაროდ ოთხმოცდაათიანი წლების უბედურებაა, როგორც ბათუმში ასე თბილისში. არ ვიცი მაგას რა უნდა ვუყოთ და რა უნდა უყოს ხელისუფლებამ. პრობლემა გვაქვს დიდი, არამარტო ბათუმში, არამედ მთელს ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, 9 ოქტომბერს ბათუმში.
შს მინისტრი ამ დროს 26 მაისის ქუჩაზე, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. აქ გუშინ, 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. დაღუპულია ცხრა ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულებულია.
არ ვიცით რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს შს მინისტრი, რომ დაშენება-მიშენება მხოლოდ ოთხმოცდაათიანი წლების ტენდენცია იყო. ბათუმში არსებული ვითარების გათვალისწინებით შეგვიძლია დამატებით ის ვთქვათ, რომ დაშენება-მიშენების გარდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმში კორპუსების პირველი სართულების გამონგრევის და კომერციულ ფართობებად ქცევის ტენდენციაც დამკვიდრდა.
ასეთი სამუშაოების დროს მესაკუთრეები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ფართობი, მათ შორის სარდაფის ნაწილი და სიღრმეებში ჩასვლასაც არ ერიდებიან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ დროის განსაკუთრებით საფრთხილოა გრუნტის ამოღება, ამიტომაც თუ მსგავსი სამუშაო დაგეგმილია, პროექტი აუცილებლად უნდა შეაფასოს კონსტრუქტორმა. გარდა ამისა, დაუშვებელია ე.წ. საყრდენი კედლის მოშლა.
პირველი სართულებისა და სარდაფების კომერციულ ფართობებად ქცევაზე მოთხოვნა მაღალი რომაა, ამას მერიაშიც ადასტურებენ. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახური, უმეტესად პირველი კლასის სამუშაოებზე გასცემს შეთანხმებას. თუმცა რამდენად ემთხვევა შემდეგ შესრულებული სამუშაო შეთანხმების პირობებს, ამაზე პასუხი მერიაში არ აქვთ.
„სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს, მიმართვები ან საჩივრები ამის თაობაზე შესაძლოა ჰქონდეს ზედამხედველობის სამსახურს. რაც შეეხება ფაქტებს, რემონტი ვისაც გაუკეთებია სახლში, აქვთ სურვილი, რომ რაღაც ფართობები გაადიდონ. თუ იქ დაუდევრად გამოანგრევს რაღაცას არასპეციალისტი, შესაძლებელია დაზიანება მოხდეს ან გასცდეს მერიასთან შეთანხმებული დოკუმენტაციის ფარგლებს. ძირითადად თანხმდება ვიტრაჟის მოწყობის პროექტები, ხოლო ამ შეთანხმებული პროექტის გარდა დამატებით შიგნით ვინ რას მოიმოქმედებს ამის კონტროლი ურთულესი იქნება. ზოგადად, ასეთი ტიპის ნებართვები არის ყველაზე მოთხოვნადი“, – ამბობს მირიან მეტრეველი, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
რა შეთანხმებას ითხოვდა მესაკუთრე 26 მაისის #13-ში: სადარბაზო, რომელიც დაინგრა
26 მაისის უკვე ჩამონგრეულ კორპუსში [#13] პირველი კლასის სამუშაო ერთ-ერთი ბინის მესაკუთრემ [შს სამინისტროს ინფორმაციით ის დაკავებულია] ბათუმის მერიის ურბანული პოლიტიკისა და ქალაქმშენებლობის სამსახურს 2020 წელს შეათანხმა.
მერიაში განგვიმარტეს ასევე, რომ ეს შეთანხმება მხოლოდ ქუჩის მხარეს ვიტრაჟის მოწყობას ითვალისწინებდა. თუმცა, ეს სამუშაო მესაკუთრეს საერთოდ არ შეუსრულებია.
მირიან მეტრეველის განმარტებით, მსგავსი ტიპის შეთანხმება არის ე.წ. შეტყობინება, რომელსაც ერთწლიანი ვადა აქვს. 26 მაისის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მერიაში შესულ შეტყობინებას ვადა 2021 წლის თებერვალში გაუვიდა [შეთანხმება 2020 წლის თებერვლით თარიღდება]. ამიტომაც მერიის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ მერიას აქ სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე ნებართვა გაცემული არ ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრე უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა.
„თავდაპირველი კითხვები წამოვიდა დაშენებაზე, სწორედ ამას უკავშირდებოდა მერის მოვალეობის შემსრულებლის კომენტარები, რომ იქ ნებართვა გაცემული არ ყოფილა. რაც შეეხება ზოგადად ნებართვებს, ამ სახლზე 2017 წელს გაიცა ლიფტის მიშენების ნებართვა ეზოს მხრიდან, თუმცა შენობის გარედან. ხოლო პირველ სართულზე 2020 წლის თებერვალში აქვს პირველი კლასის შეთანხმება მესაკუთრეს, არსებული ფანჯრის ნაცვლად, ვიტრაჟის მოწყობაზე, რაც არ ჰქონდა განხორციელებული.“
მირიან მეტრეველი განმარტავს ასევე, რომ ვიტრაჟის მოწყობაზე შეთანხმების პროექტი გულისხმობდა კონსტრუქციულ ნახაზებს და მეთოდოლოგიას, როგორ უნდა განხორციელებულიყო სამუშაოები: „შიდა სამუშაოების, მიწის ამოღების, სარდაფის და პირველი სართულის გაერთიანების, მსგავსი სამუშაოების თაობაზე ჩვენთვის არ მოუმართავს.“
რას გულისხმობს პირველი კლასის სამუშაო
ე.წ. პირველი კლასის სამუშაო ძირითადად მსუბუქ სარემონტო სამუშაოებს გულისხმობს, ამიტომაც კანონი ასეთი შეთანხმების გაცემისას რთულ პროცედურებს არ ითვალისწინებს და არც დასრულებულ სამუშაოს იბარებს მერია. ამ პროცესს ძირითადად არავინ აკონტროლებს. მირიან მეტრეველი ამბობს, რომ ამ პროცესის კონტროლისთვის რესურსი ფაქტობრივად არ არსებობს.
26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, ნანგრევებთან არაერთი ადამიანი აცხადებდა მსგავსი პრობლემის შესახებ. მათ მედიას უთხრეს, რომ მსგავსი სამუშაოების გაპროტესტებით მშენებლებთან შედეგს ვერ მიაღწიეს და პასუხები ვერც შესაბამისი სტრუქტურისგან მიიღეს.
მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა
დღეს, 9 ოქტომბერს, მედიასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა ისიც, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მერიის შესაბამის სამსახურებს გამოკითხავენ. პოლიციას აინტერესებს იყო თუ არა რაიმე სახის შეთანხმება, ნებართვა ან განაცხადი 26 მაისის #13-ში სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.
ბათუმის მერიის ქალაქლმშენებლობსა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, მირიან მეტრეველმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. მან ასევე გვითხრა, რომ ამ დროისთვის არ იცის, მერიის სხვა თანამშრომლები თუ დაიბარეს გამოკითხვაზე: „ჩემი სამსახურიდან სხვა არავინ ყოფილა ჩემს გარდა და სხვა სამსახურების შესახებ არ ვიცი.“
ვერ შევძელით გადამოწმება, იყო თუ არა ვინმე დაბარებული გამოკითხვაზე მუნიციპალური ინსპექციიდან. ამ უწყებას ბათუმში საზედამხედველო სფეროები, მათ შორის სამშენებლო მიმართულების კონტროლი ევალება. ამ დროისთვის ინსპექციის ხელმძღვანელი ტელეფონს არ პასუხობს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქემ ფართობის გასაერთიანებლად საკუთრებაში არსებულ ბინას საყრდენი კედლები გამოაცალა, უკვე ფაქტობრივად დასტურდება. ასეთი გაერთიანების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის ალბათ ვიტრაჟსაც მოაწყობდა. ამ სახლში მაცხოვრებლების ინფორმაციით, ის ფართობს კომერციული თვალსაზრისით გამოსაყენებლად ამზადებდა.
პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოების თაობაზე, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე სახლიდან გასულ ზაფხულსაც მოგვმართეს. მოქალაქეებს აინტერესებდათ შეთანხმებული იყო თუ არა სამუშაოები მერიასთან და იყო თუ არა ეს სამუშაოები უსაფრთხო. მაშინ მერიაში გვითხრეს, რომ ნებართვა გაცემული იყო. ახლა ეს სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
დღეს, 9 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდებარე სახლების მდგომარეობას შეისწავლიან. რამდენად მოახერხებენ სპეციალისტები მსგავსი პროექტების შესწავლას სრულად, ეს ჯერჯერობით არ ვიცით.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩამონგრეულ კორპუსში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალური ინსპექცია ერთი კვირის წინ გამოიძახეს, რასაც სამსახური არ ადასტურებს:
„26 მაისის 13-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე შიდა სამუშაოებთან დაკავშირებით ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში შეტყობინება არ დაფიქსირებულა“- აცხადებენ ინსპექციაში.
შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ კორპუსთან საძიებო-სამაშველო ღონისძიებები დასრულდა.
ადგილზე რჩებიან პოლიციის თანამშრომლები და გრძელდება გამოძიება.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქუჩა, სავარაუდოდ, გადაიკეტება, რადგან არსებობს გვერდით მდებარე შენობის ჩამონგრევის საფრთხე.
მაშველები 29 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილზე.
ტრაგედიის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთი ადამიანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმიანება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა.
„შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს.
ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“ – წერს ბრიტანეთის საელჩო ფეისბუქზე.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
„ჩვენ არაფერი ვიცით,“ – შუა ქალაქში უკანონო კორპუსების მშენებლობაზე საუბარი აშინებთ ადამიანებს, რომლებიც გოგოლის ქუჩის მიმდებარედ, უკანონოდ აშენებული და მიმდინარე უკვე 9 კორპუსის სამეზობლოში ცხოვრობენ. მაშინ, როცა უკანონო მშენებლობა არათუ შეჩერდა, არამედ კიდევ 2 ახალი კორპუსი ემატება და ხელისუფლება იმასაც კი მალავს, თუ რა შენდება, მოქალაქეები თვლიან, რომ დუმილი სჯობს.
დღემდე ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ირწმუნებოდა, რომ დააჯარიმა კომპანია, რომელიც უკანონოდ აშენებს. ოფიციალური დოკუმენტებით კი, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოითხოვა, სულ სხვა რამ იკვეთება – დადგინდა, რომ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმა კომპანია, რომელსაც არც მიწა ეკუთვნის და არც მშენებლობა – „მეტრო ტერმინალი“. გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ უკვე 9 კორპუსს სულ სხვა კომპანია – „მეტრო მოლ ოფ აჭარაა“ აშენებს და მერიას ის არ დაუჯარიმებია.
რა ხდება ამჟამად გოგოლის ქუჩაზე და ამ უკანონობასთან მიმართებაში რა სქემით მუშაობს მერია?
15 სექტემბრის შემდეგ, როცა უკანონო, ყაზარმული ტიპის კორპუსების შენების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა, რამდენიმე კორპუსს 3-3 სართული დაემატა. იქვე ორი ახალი კორპუსის მშენებლობაც დაუწყიათ. კორპუსების და, მათ შორის, „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორია 7 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ სრულად შემოსაზღვრული დაგვხვდა. უკანონოდ აშენებული და მშენებარე კორპუსების გვერდით „მეტროს“ ავტოსადგურია, რომელიც დაუხურავთ და ესეც შემოსაზღვრული ღობის მიღმაა.
ვცდილობთ, 2 ახალი კორპუსის მშენებლობაზე სადმე ვიპოვოთ გამოკრული ინფორმაცია მშენებლობის შესახებ, რაც კანონით სავალდებულოა, ან ვინმეს გავესაუბროთ. დაცვის პოლიციის თანამშრომლები მალევე ამჩნევენ ტერიტორიაზე ჩვენს შესვლას და სასწრაფოდ ობიექტის დატოვებას გვთხოვენ. „კითხვებს არ ვპასუხობთ“, – მარტივად გვიცილებენ ისინი.
7 კორპუსის მშენებლობის შეჩერების ნაცვლად, გოგოლის ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობაც დაიწყო.
რამდენიმე კორპუსს უკვე მე-9 სართულს აშენებენ. აქ არავინ გვითხრა, რამდენი სართულის და ჯამში რამდენი კორპუსის აშენებაა დაგეგმილიგოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასთან ერთად ავტოსადგურის ტერიტორიაც შემოსაზღვრულია
რა შენდება გოგოლის ქუჩაზე, გაიგეთ რამე? – ვეკითხები მეზობლებს, რომლებიც უკანონო მშენებლობის ღობის იქეთ ცხოვრობენ. დაცვის თანამშრომლები ფოტო-ვიდეოებს გვიღებენ როგორც ჩვენ, ისე აქ მცხოვრებთ. სწორედ ამიტომ ბევრი უარს ამბობს საუბარზე, რამდენი ქალი კი ვინაობის გამხელის გარეშე გვიყვება, რომ მშენებლობაზე დასაქმებულ ინჟინრებს გაესაუბრნენ და გაიგეს, რომ ონლაინკაზინოებს აშენებენ, სადაც ბათუმში ჩამოსული ათასობით უცხოელი მოქალაქე იმუშავებს.
მშენებლობა გოგოლის ქუჩაზე გრძელდება.
„ინჟინერმა გვითხრა, რომ ფულიც აქ მოიჭრებაო და რა ვიცი, ამიტომ არის დახურულიო… ჩინელებიც ვნახეთ, რამდენიმე დღის წინ იყვნენ, მშენებლობა დაათვალიერეს და წავიდნენ, 10- 15 კაცი იქნებოდა, აქედან ყველაფერი ჩანს და მათაც დაგვინახეს…“ – ამბობს ერთ-ერთი ქალი, რომელიც ამჩნევს, რომ უკანონო მშენებლობის დაცვის თანამშრომლები გვიღებენ და ხმამაღლა ამატებს:
„ძალიანაც კარგია, რომ ეს შენდება. გველების ბუდე იყო აქაურობა“, – გვტოვებს ისიც.
რატომ დააჯარიმა მერიამ ის კომპანია, რომელსაც უკანონოდ აშენებული კორპუსები არ ეკუთვნის – რა ჩანს დოკუმენტებიდან
„ბათუმელები“ უკანონო მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღიდან ითხოვს მერიისგან პასუხს: რატომ შენდება კორპუსები უკანონოდ? რატომ ვერ ჩერდება? რა შენდება?
მერიაში თავდაპირველად უარი თქვეს ზეპირ კომუნიკაციაზე და მოგვთხოვეს ინფორმაცია წერილობით გამოგვეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ წერილის გაგზავნიდან 10 დღეზე მეტი გავიდა, მერია მაინც არ გვაწვდის ინფორმაციას, გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობის შესახებ.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით კი, ეს ინსპექცია კომპანია „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა და მას მშენებლობის შეჩერებას, ასევე დემონტაჟს სთხოვდა. ინსპექციის ეს ჯარიმები „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელში კომპანია წერს, რომ ამ კორპუსების მშენებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
აღმოჩნდა, რომ უკანონო კორპუსების მესაკუთრე „მეტრო მოლ ოფ აჭარაა“, რომელსაც მერია პასუხს არ სთხოვს.
მერიის მუნიციპალური ინსპექცია 15 სექტემბრიდან ამბობს, რომ პირველად „მეტრო ტერმინალი“ 1-ელ ივნისს დააჯარიმა და შემდეგ კიდევ 6-ჯერ დააჯარიმეს ეს კომპანია 5 – 5 ათასი ლარით. სწორედ ეს ჯარიმები და მშენებლობის შეჩერების, ასევე დემონტაჟის შესახებ დადგენილებები გაასაჩივრა კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ სასამართლოში. მერია ამ დრომდე არწმუნებდა საზოგადოებას, რომ უკანონო მშენებლობას ვერ აჩერებდა, რადგან სასამართლო დავა დასრულებული არ არის.
რეალურად კი, სასამართლოს შეეძლო მერიასა და კომპანიას შორის დავის დასრულებამდე უკანონო მშენებლობა შეეჩერებინა, თუმცა მერიამ სასამართლოს ამის საშუალება არ დაუტოვა, რადგან სასამართლოში შესული დოკუმენტების მიხედვით, ყაზარმული ტიპის კორპუსებთან იმ კომპანიას არაფერი აკავშირებს, რომელსაც მერია აჯარიმებს და დემონტაჟს ითხოვს.
როდის გაიგო მერიამ უკანონო მშენებლობის შესახებ და რა გააკეთა?
„ბათუმელებისთვის“ მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, უკანონო კორპუსების მშენებლობის შესახებ ბათუმის მერიისთვის მინიმუმ ივნისის დასაწყისში იყო ცნობილი. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ პირველი ივნისის შემოწმების აქტით მუნიციპალურმა ინსპექციამ 20-დღიანი ვადა მისცა კომპანიას „მეტრო ტერმინალი“ მშენებლობის შესაჩერებლად.
„დაუყოვნებლივ შეაჩერეთ სამშენებლო სამუშაოები და მოახდინეთ ობიექტის დემონტაჟი“, – ვკითხულობთ პირველ ივნისის შემოწმების აქტში. ამ აქტის მიხედვით, მშენებლობა მაშინ გოგოლის ქუჩაზე საწყის ეტაპზე იყო და რამდენიმე ბლოკში მხოლოდ ორი სართული იყო აშენებული.
მეზობლების თქმით, აქ მძიმე ტექნიკა ერთი დღეც არ გაჩერებულა
ამ აქტის გამოცემიდან 15 დღეში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი ბრძანებას გამოსცემს და „მეტრო ტერმინალის“ ნაცვლად, „მეტრო მოლ ოფ აჭარას“, ანუ იმ კომპანიას, რომელიც რეალურად მიწის და იქ აშენებული კორპუსების მესაკუთრეა, პირობების უთანხმებს „სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების“ მიზნით“ , – ვკითხულობთ ბრძანებაში, რომელსაც არჩილ ჩიქოვანი აწერს ხელს.
ბრძანების მიხედვით არ ჩანს, რა სახის საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობის პირობების შეთანხმება დაიწყო მერიამ. თავიდანვე მერიაში ზეპირსიტყვიერად ინფორმაციის მოწოდებაზე უარი უთხრეს „ბათუმელებს“. 27 სექტემბერს, მერიის მოთხოვნით ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. ამ დრომდე ბათუმის მერიას არ ჩაუთვლია საჭიროდ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, რისთვის შენდება ყაზარმული ტიპის კორპუსები გოგოლის ქუჩაზე.
მერიამ ოფიციალურად შეცდომა აღიარა, მაგრამ რა შეიცვალა?
მუნიციპალური ინსპექციის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ამ უწყებამ 2021 წლის 27 ივლისის დადგენილებაში აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და რეალურად სხვა საკადასტრო მიწის ნაკვეთს არიცხავდა ჯარიმებს, როცა „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებდა კორპუსების უნებართვო მშენებლობისთვის.
„შეცდომით იქნა მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. კერძოდ ქ. ბათუმში ნ. გოგოლის ქ. 11 ბ-ს [მიწის ს/კ 05.29.17.075] ნაცვლად მითითებულ იქნა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ქ. ბათუმში, ნ. გოგოლის ქ. #11 [მიწის ს/კ 05.29.17.054],“ – აღნიშნულია მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებაში.
საკადასტრო კოდი შეიცვალა, თუმცა მშენებლობა არ შეჩერებულა და ინსპექციამაც ისევ „მეტრო ტერმინალის“ დაჯარიმება განაგრძო.
კომპანიამ „მეტრო ტერმინალი“ 16 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
რა თქვა მერიისგან დაჯარიმებულმა კომპანიამ სასამართლოში?
„აღნიშნული დადგენილება, წარმოადგენდა სრულიად უსაფუძვლო, მტკნარ ფაქტებზე დამყარებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, იმდენად, რამდენადაც არც მიწის ნაკვეთზე ს/კ 05.29.17.054 არსებულ ობიექტზე მიმდინარეობდა მშენებლობა და არც „მეტრო ტერმინალი“ არ ახორციელებდა მშენებლობას და არც წარმოადგენდა აღნიშნული სამართალურთიერთობის სუბიექტს“, – ვკითხულობთ კომპანია „მეტრო ტერმინალის“ სარჩელში.
ამ სარჩელში კომპანია ირონიასაც არ მალავს იმაზე, რომ შეცდომის აღიარების შემდეგ, მუნიციპალური ინსპექცია ისევ ადმინისტრაციული მოკვლევის გარეშე „მეტრო ტერმინალს“ აჯარიმებს, ანუ საკადასტრო კოდი გასწორდა, მაგრამ ისევ „მეტრო ტერმინალი“ ჯარიმდება.
მართლაც, დოკუმენტაციის მიხედვით, 27 ივლისს ხარვეზის გასწორების შემდეგ, 30 ივლისს ისევ „მეტრო ტერმინალი“ დააჯარიმეს.
რა იყო სასამართლოში მერიის მუნიციპალური ინსპექციის შეპასუხება, ან რა ჩაწერა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში – ბათუმის მერიის მსგავსად, უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებული დავის შესახებ ინფორმაციას სასამართლოც ასაიდუმლოებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გვითხრეს, რომ რადგან დავა კერძო კომპანიას ეხება, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ვერ მოგვაწვდიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა „ბათუმელებს“ მხოლოდ ის განუმარტა, რომ დავას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება [ანუ რომლითაც მშენებლობის შეჩერება კანონით სავალდებულო გახდებოდა] გასაჩივრებულია სააპელაციო წესით და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
რატომ დასჭირდა მერიას ეს სქემა?
სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე მერიის პასუხი კითხვაზე: რატომ აჯარიმებდა და აჯარიმებს იმ კომპანიას, რომელსაც უკანონო მშენებლობასთან სამართლებრივი შემხებლობა არ აქვს? რისთვის დასჭირდა ეს სქემა მერიას? – ინფორმაციის და განმარტების მისაღებად ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურს მივმართეთ. აქ გვიპასუხეს, რომ „თუ დამატებით კითხვები გაგვიჩნდა, ისევ საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ“.
საჯარო ინფორმაციის გასაცემად მაქსიმალური ვადა 10 სამუშაო დღეა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალსართულიანი კორპუსები უკანონოდ ააშენეს და კიდევ აშენებენ, კომპანია „მეტრო მოლ ოფ აჭარას“ ეკუთვნის და ის 2032 წლამდე იჯარით „მეტრო ატლას ჯორჯიას“ აქვს გადაცემული. იურისტების განმარტებით, მერიას უკანონო მშენებლობისთვის უნდა დაეჯარიმებინა მესაკუთრე, ანუ „მეტრო მოლ ოფ აჭარა“.
„მეტრო მოლ ოფ აჭარას“ და „მეტრო ტერმინალს“ საერთო მესაკუთრე ჰყავთ – „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჯორჯია“, თუმცა სამართლებრივად „მეტრო ტერმინალს“ უკანონოდ აშენებულ 7 კორპუსთან შეხება არ აქვს და სასამართლოც რეალურად მშენებლობას ვერ შეაჩერებდა, რადგან მერია ერთის ნაცვლად მეორე კომპანიას აჯარიმებდა.
მერიას რომ სიმართლე გარკვევა და უფრო ზუსტად – უკანონო მშენებლობის შეჩერება არ სურს, ჩანს იქედან, რომ საკუთარ საქმიანობაში ხარვეზის დადგენის და აღიარების შემდეგაც, ანუ ივლისის ბოლოდან, მუნიციპალური ინსპექცია ისევ იმ კომპანიას აჯარიმებს, ვისაც უკანონოდ აშენებული და მშენებარე კორპუსები არ ეკუთვნის. ამ სქემით მერია სასამართლო მექანიზმს ანულებს, ხოლო ვიდრე ჟურნალისტებს საჯარო ინფორმაციასაც კი სრულად არ აწვდის და აიძულებს, ინფორმაცია გაჭიანურებულ რეჟიმში მივიღოთ ნაწილ-ნაწილ, შუა ქალაქში უკანონოდ კორპუსების მშენებლობა სრულდება.
„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს.
„მზად ვართ, სრულიად უსასყიდლოდ დაზარალებულ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურება გავუწიოთ.
დაგვიკავშირდით: +995 595 201 811.“
ინფორმაციას ცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც გუშინ, 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, არსებობს ნანგრევების გვერდით არსებული შენობის ჩამონგრევის საფრთხეც.
ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა.
„მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს რაღაც ნაწილი… ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ან სინკარების ჩამოხსნა. ამას მშენებლები გადაწყვეტენ“ – განაცხადა მან.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე შეჩერდა. ტერიტორიიდან გაიყვანეს მაშველები.
ნანგრევების ირგვლივ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსია. აქ მცხოვრები მოსახლეობა გუშინ, სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ გაიყვანეს ტერიტორიიდან.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – 3 ბავშვი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნაგრევებთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.
მოქალაქეები მოდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ.
კორპუსის ნანგრევებში 3 ბავშვი დაიღუპა.
ყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილიყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
მაშველები ნანგრევებთან ჯერ ისევ მუშაობენ. ნანგრევებში ეძებენ 1 ადამიანს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის, ამ დროის [16 სთ.] მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევას, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია დაღუპული. საელჩო დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს.
ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები.
მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“ – წერს ფეისბუქზე აშშ-ის საელჩო საქართველოში.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოთერაპევტები დახმარებას სთავაზობენ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს.
ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 577 71 71 50
ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ავრცელებს.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
ბათუმში დღეს, 9 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მატჩის გადადების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს, მატჩის ორგანიზატორებს, თუმცა მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა მოთხოვნა მატჩის გადადებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილეს.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის დაშვების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა და მატჩი დღეს, ბათუმში მაყურებლის გარეშე გაიმართება.
გულშემატკივრებს, ვინც შეიძინა მატჩზე დასასწრები ბილეთი, სრულად აუნაზღაურდებათ ბილეთის საფასური.
მატჩზე დასწრებას შეძლებს მხოლოდ საბერძნეთის დელეგაცია, რომელიც უკვე ბათუმში იმყოფება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები.
თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობა არ ჩატარდება.
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.
ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში“ – წერს კალაძე ფეისბუქზე.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
კლინიკა „მედცენტის“ განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ერთ-ერთი დაშავებული, 37 წლის მამაკაცი მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე“ – წერს „მედცენტრი“.
კაცი, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, გუშინ, ნანგრევებში მყოფი ეკონტაქტებოდა მაშველებს.
კლინიკის ცნობით, დღეს, 9 ოქტომბერს სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის სანახავად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდა.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალადღეს დილას.
„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო“ – ამ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განმარტება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში კონკრეტული ფართობის გაერთიანების შესახებ განაცხადს და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას უკავშირდება. ამ კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდაგოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ამის შესახებ „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
როგორც ჩანს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნიეს, რომ ინფორმაცია ფართობების გაერთიანების მოთხოვნასა და შესაბამისი განაცხადის დახარვეზების შესახებ საზოგადოების ერთმა ნაწილმა არასწორად გაიგო და რეესტრი მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოდ მიიჩნია.
მშენებლობის ნებართვის გაცემა ბათუმის ტერიტორიაზე მხოლოდ მერიას შეუძლია, შესაბამისად, სააგენტო განმარტავს, რომ ვერ გასცემდა მშენებლობის ნებართვას 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოებთან დაკავშირებით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. ამიტომაც მიმდინარე განაცხადზე წარმოება წარიმართა მხოლოდ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.
სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ზაურ ბუდაგოვმა და ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.
„განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ 4 სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი.
განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“ – აცხადებს სააგენტო.
გუშინ, რვა ოქტომბერს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განმარტა, რომ მერიას 26 მაისის #13-ში სამშენებლო სამუშაოების ნებართვა გაცემული არ ჰქონდა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოასვენეს, ქალი და ბავშვი – ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს. ნანგრევებში დაღუპულები დედა-შვილია.
კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.
მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.
9 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2844 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 042 ტესტი კორონავირუსზე.
ბოლო დღეებია საქართველოში ყოველდღიურად დადასტურებული ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 ათასზე მეტია.
გასულ 24 საათში 29 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.01%.
ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 23 848 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს.
კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება,“ – წერს ღარიბაშვილი.
__________________
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 2 ბავშვის.
_________
ფოტოზე: ჭადრაკის დაფა და სათამაშო თოფი, რომელიც ნანგრევებში იპოვეს. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდებარე სახლების მდგომარეობას შეისწავლიან.
ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება“ – განაცხადა მან.
რიჟვაძის თქმით, ახლომდებარე კორპუსებიდან გადაყვანილი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება როგორც საცხოვრებელი ადგილით, ასევე, სხვა საჭიროებებითაც.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 2 ბავშვის.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.
„თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივლენ და დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.
9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 2 ბავშვის.