მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

10.10.2021 •
ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

„გადაშალეთ კოდექსი და ნახეთ,” – მიმართა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის იურისტს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ, რომელმაც დღეს, 10 ოქტომბერს მედიაგამოცემა “ბათუმელების” და მისი ჟურნალისტის – თამარ ნერგაძის სარჩელი განიხილა.

ჟურნალისტს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერილი საჩივრის განხილვაზე ბათუმის საოლქო კომისიამ უარი უთხრა და ამიტომ მიმართა სასამართლოს. მოსამართლემ ჩათვალა, რომ საოლქო კომისიამ გადაწყვეტილება უნდა შეცვალოს.

თუ საბოლოოდ საოლქო კომისია ჟურნალისტის საჩივარს განიხილავს, პრაქტიკა შეიცვლება – ამ დრომდე საარჩევნო ადმინისტრაცია მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები საოლქო კომისიამ არ უნდა განიხილოს. სასამართლოში ჟურნალისტის და „ბათუმელების“ მოთხოვნაც ეს იყო: საჩივრის განხილვაზე საოლქო კომისიამ უარი არ თქვას.

„ბათუმელების“ ჟურნალისტი თამარ ნერგაძე არჩევნებს 2 ოქტომბერს ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა. პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ის საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.

საუბნო კომისიის წევრები, განსაკუთრებით კი, კომისიის მდივანი – სოფიო საფარიძე, ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ გახდა აგრესიული, როცა კომისიის წევრებმა გაიგეს, რომ დარღვევის შესახებ ჟურნალისტმა ინფორმაცია ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვით გაავრცელა.

„კომისიის მდივანმა აგრესიულად მომთხოვა პასუხი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მომმართავდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ოჯახივით მიგიღეთ, საჭმელზე გეპატიჟებოდით და შენ ეს რა გამომიქვეყნე გოგო“, „ქუჩის ჟურნალისტი ხარ“, „რას გავხარ“, „დავრეკეთ შესაბამის ადგილას და იყო ჩვენთან ზარები, გვითხრეს, ვიცით უკვე რა ბინძური სულის ჟურნალისტი არის ჩვენთან“, „სკოლაში გაზრდი დებილს და დაინახავ მერე ტელეფონით ხელში დგას და ჟურნალისტი გამხდარა“, „დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან“, „ქალი რომ ასეთი ინტრიგანი იქნები, დადგები და იღებ ყველაფერს“…

სოფიო საფარიძე ცდილობდა კონფლიქტური გარემო შეექმნა, ბრალს მდებდა, „კომისიის წევრების დაცინვასა და აბუჩად აგდებაში“. მისი კომენტარები არ იყო საქმიანი შინაარსის, თუმცა მე, როგორც ჟურნალისტს არ შემეძლო კომისიის მდივანთან კამათში შესვლა“ – განუმარტა ჟურნალისტმა მოსამართლეს.

2 ქოტომბერს, არჩევნების დღეს ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ მიმართა კომისიის თავმჯდომარესაც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისიც განაწყენდა გაშუქებით – რატომ გამოაქვეყნა ჟურნალისტმა ხმების დათვლის მიტოვების ამსახველი ფოტო. ფოტოს მიხედვით, გადასათვლელ ბიულეტენებთან მხოლოდ კომისიის ერთი წევრი ზის.

34-ე უბანი. 2 ოქტომბრის არჩევნების ღამე. ფოტო, რომლის გამოქვეყნებამაც გააღიზიანა უბნის წევრები

„მასეთი ჟურნალისტებია სირცხვილი და ყავა ჯგუფურად არავის დაულევია… არც ლოგიკა და არც განათლება ჟურნალისტს რომ არ ექნება… ისე მადლობა ძაან კი გაგვართო თორე რა გაათენებდა დილამდე,“ – დაწერა ფეისბუქზე გამოქვეყნებული ამ ფოტოს ქვეშ 34-ე საარჩევნო უბნის მდივანმა სოფიო საფარიძემ და ჟურნალისტის უბანზე ყოფნის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა. მოსარჩელის თქმით, ჟურნალისტს ფოტოც კანონდარღვევით გადაუღეს.

ჟურნალისტის თქმით, კომისიის მდივანმა უბანზე ყოფნის დროს მას ასევე არ მისცა საშუალება ჩანაწერთა წიგნში აესახა, როგორ უშლიდნენ ხელს პროფესიულ საქმიანობაში.

„კომისიის მდივანმა მითხრა, რომ საღამოს რვა საათის შემდეგ ჩანაწერთა წიგნში მოსაზრებების დაფიქსირება დაშვებული აღარ არის,“ – აღნიშნავს თამარ ნერგაძე მოსამართლისთვის მიწოდებულ ახსნა-განმარტებით წერილში.

დღევანდელ პროცესს არ დასწრებიან საუბნო კომისიის წარმომადგენლები, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით ჟურნალისტმა საოლქო კომისიას მიმართა.

„ეს საარჩევნო დავასთან დაკავშირებული საჩივარია, ამიტომაც ვერ განვიხილეთ,” – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ. იურისტის განმარტებით, კომისიამ ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საარჩევნო კანონმდებლობითაა განსაზღვრული პირთა წრე, ვისაც არჩევნების დროს საჩივრების დაწერა შეუძლია.

“მაგრამ დისციპლინური საქმისწარმოებისთვის რა არის საჭირო? არ შეუძლია ნებისმიერ პირს დარღვევაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ეს განიხილოთ?” – იკითხა მოსამართლემ.

“არასწორად იყო შედგენილი საჩივარი,” – უკან აღარ დაიხია საოლქო კომისიის იურისტმა.

“რა მიუთითეთ ხარვეზად, რა იყო არასწორი?” – საოლქო კომისიის წარმომადგენელს მიუბრუნდა გაღიზიანებული მოსამართლე და როცა დაინახა, პასუხი ვერ მოისმენდა, დაამატა:

“ასეც რომ ყოფილიყო, საჩივრის შინაარსით ხომ იყო გასაგები, რას ითხოვდა მხარე?” – იკითხა მოსამართლემ.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები არჩევნების დროს ვერ წერენ ადმინისტრაციულ საჩივრებს, რატომ არ შეიძლება დარღვევის შესახებ ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა სხვა პირმა საოლქო კომისიას მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია და მოითხოვოს საუბნო კომისიის წევრის, ან წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დასმა? – ამ კითხვაზე პასუხის მიღება სხვადასხვა ფორმით სცადა მოსამართლემ.

“საარჩევნო დავის განხილვა დასრულებულია, მაგრამ ამ საჩივარს, როგორც ცნობად, ისე მიიღებს საოლქო კომისია… განიხილავს დისციპლინურ პასუხისმგებლობას კომისიის თავმჯდომარე ერთპიროვნულად,” – თქვა ბათუმის საოლქო კომისიის იურისტმა, სულიკო შვენთიძემ.

“და რატომ ჩათვალეთ, რომ ეს საარჩევნო დავა იყო მაინცადამაინც? სად წერია ეს?” – საოლქოს იურისტს ჰკითხა ისევ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

“მოვძებნი,” – საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვა დაიწყო სხდომაზე ოლქის იურისტმა.

უხერხული სიჩუმე, რომელიც დარბაზში ჩამოვარდა, ისევ მოსამართლემ დაარღვია:

“ბევრი რომ არ ეძებოთ, ვერ ნახავთ ასეთ ჩანაწერს…” – თქვა მოსამართლემ და შემდეგ საოლქოს იურისტს მიუთითა, განკარგულებაშივე რომ შეეძლო იმავეს ჩაწერა, რაც სხდომაზე თქვა:

„განკარგულებით თქვენ პირდაპირ უარი უთხარით საჩივრის განხილვაზე. შეგეძლოთ ეს დაგეწერათ, რომ არ არის საარჩევნო დავა, მაგრამ დისციპლინურ პასუხისმგებლობას განიხილავდით,“ – განმარტა მოსამართლემ.

საოლქო კომისიის იურისტმა არჩია ამ ნაწილში მოსამართლეს დათანხმებოდა.

„ძალიან კარგია, რომ კონსენსუსამდე მივედით. 3 დღეს გაძლევთ ვადას, რომ მისწეროთ „ბათუმელებს“, – დასძინა მოსამართლემ და შემდეგ „ბათუმელების“ ინტერესების დამცველს, ნათია კაპანაძეს მიმართა, 3 დღის შემდეგ დამიტოვეთ შეტყობინება, თუ საოლქო ისევ უარს ამბობს საჩივრის განხილვაზე და მივიღებ საბოლოო გადაწყვეტილებასო.

სარჩელში იურისტი ნათია კაპანაძე ასაბუთებს, რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჟურნალისტებისთვის ის, რომ უბანზე დაფიქსირებული დარღვევები და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე ჟურნალისტებსაც შეეძლოთ საჩივრის დაწერა.

„მიგვაჩნია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან საარჩევნო პროცესებში ეთიკის ნორმების დარღვევა და საოლქო კომისიის უარი წარმოადგენს ჟურნალისტის და მედიაორგანიზაციის უფლებების შეზღუდვას დაიცვას საკუთარი უფლებები და ადმინისტრაციული ორგანოსგან/ორგანოებისგან მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო გარემო პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად.

79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის პასუხი ცალსახად ეწინააღმდეგება მხარეთა თანასწორობის და სამართლიანი განხილვის პრინციპს. საფრთხეს უქმნის ჟურნალისტის და რედაქციის შესაძლებლობას იდავონ საკუთარი დარღვეული უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ეწინააღმდეგება უკანონო შეზღუდვის თუ დარღვევის შემთხვევაში უფლებების დაცვისათვის შექმნილი კონსტიტუციური გარანტიების რეალიზების პროცესს,“ – აღნიშნულია სარჩელში, რომლითაც „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: