განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები.
რეგისტრაციის პირველ ეტაპი დაიწყება 2022 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 26 მარტის ჩათვლით. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.
დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეაფასებს ბავშვს და დაადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებებს.
რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადა 2022 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.
რეგისტრაციის მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებია ის ბავშვები რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 2 მაისიდან და გაგრძელდება 13 მაისის ჩათვლით.
მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე (registration.emis.ge.)
ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. „დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“.
მეოთხე ეტაპზე კი, რომელიც 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება, ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.