„რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგსა და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ. იმიტომ, რომ არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ გუბაძე.
- ბატონო ნუგზარ, უკრაინაში შეჭრილმა რუსულმა სამხედრო ძალებმა, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიანიშნებს ბირთვულ საფრთხეზეც, ფაქტობრივად, ბირთვული ომით აშანტაჟებს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ სადგურზე?
ზაპოროჟიეში არსებული ელექტროსადგური შედარებით თანამედროვე ელექტროსადგურია, იმდენად მძლავრი, რომ მსოფლიოს ატომური სადგურების ხუთეულში შედის და დაცვის კარგად აღჭურვილი სისტემა აქვს.
მაგრამ ატომურ ელექტროსადგურს რა დაცვაც აქვს, ეს გათვალისწინებულია ექსტრემალურ სიტუაციებზე და ასეთ დროს, ავტომატურად გამორთვაზეც.
ცხადია, რომ ნებისმიერი ატომური ელექტროსადგური დივერსიასაც ითვალისწინებს, აქ ლაპარაკია თუნდაც დაბომბვაზე. ატომური ელექტროსადგურები მიეკუთვნება ენერგიების მიღების ერთ-ერთ ყველაზე სუფთა წყაროს. მისი პრობლემა არის მხოლოდ ავარიები და რადიაციის გაჟონვა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბევრად უფრო მძლავრი ელექტროსადგურია, ვიდრე ჩერნობილი. წინასწარმეტყველების დონეზე რომ არ გამომივიდეს, შედარებას გავაკეთებ. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ სკანდინავიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილიც კი, რადიაქტიური ზემოქმედების ქვეშ მოყვა.
- მართვა შეუძლებელია?
შეუძლებელია იმ თვალსაზრისით, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ დროს საითკენ არის ქარი მიმართული და ღრუბლები საით წავა-წამოვა. აფეთქების დროს წარმოქმნილი ნაწილაკები კონდენსაციის ცენტრებს წარმოქმნიან ღრუბლებში და აი, ამ წვეთებს ეძახიან ხოლმე რადიოაქტიურ თოვლს, წვიმას. ჩერნობილის აფეთქების დროს, მაგალითად, ყველაზე მეტი რადიოაქტიური ნაწილაკები დასავლეთ საქართველოში დაილექა. საშინლად დაბინძურებული იყო ჩაი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ პერიოდში იყიდებოდა მაღაზიებში. ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ ეს ყველაფერი ამოეღოთ, თუმცა ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი და არავის არ გაუთვალისწინებია.
- ახსენებენ რადიაციულ თავდაცვას. რას გულისხმობს ეს და საქართველოს თუ გააჩნია ეს თავდაცვის საშუალება?
რადიაციული თავდაცვა ერთ რომელიმე კომპონენტს, რაღაც ქოლგას არ მოიცავს. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ რადიოაქტიური შეტევის დროს ან როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ამის გავრცელება.
მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი საქართველოში არსებული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს მიმართ, რადგან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენც, ვინც ამ საკითხებში ვართ ასე თუ ისე გათვითცნობიერებული, ყველანაირად ხელს ვუწყობთ. თუმცა რადიაციული უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ვთქვათ, ატომური ბომბი თუ ჩამოვარდა, ისინი ჩვენ გვიშველიან. ეს ასე არ არის.
უკრაინაში თუ რომელიმე ბლოკი აფეთქდა, ეს გამოიწვევს ბევრად მეტ უბედურებას, ვიდრე ჩერნობილმა გამოიწვია.
ატომურ ბომბსა და ატომურ ელექტროსადგურს შორის ის განსხვავებაა, რომ ატომური ბომბი არ არის მართვადი. თუ ბომბი ჩაირთვება, მაშინვე ფეთქდება, თუმცა რეაქციები ზუსტად ერთნაირად მიმდინარეობს. იქაც ხდება ნეიტრონების ბომბარდირება, ბირთვის გახლეჩა, ენერგიის გამოყოფა და ასე შემდეგ. მაგრამ ატომური ელექტროსადგურები მართვადია. მიმდინარეობს შენელება ბირთვული რეაქციის, მაგრამ თუ ყველა შემანელებელი მოირღვა, ის არის ჩვეულებრივი ატომური ბომბი.
ამიტომ, არ მესმის რაზე მიდიან რუსები, როცა თავს ესხმიან ატომურ ელექტროსადგურს და ცეცხლს უკიდებენ. რა ჰგონიათ, გაქცევას მოასწრებენ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩერნობილის 30-კილომეტრიან ზონაში, რომელსაც სიკვდილის ზონას უწოდებდნენ, ყველაფერი დანგრეული და განადგურებულია.
- როგორ ფიქრობთ, რისი იმედი აქვს პუტინს, თუ ამას ჩაიდენს?
პუტინი თუ იქ არ იქნება, ალბათ მოასწრებს გადარჩენას, მაგრამ ვინც იქ იქნება, ვერავინ გადარჩება. მაგრამ პუტინის ჯარისკაცები ხომ იღუპებიან… თუმცა მე პუტინისგან არ მიკვირს, ის თავს არ მოიკლავს, თუ მისი ჯარისკაცები დაიღუპებიან.
600 ათასი ლიკვიდატორი იყო გაგზავნილი ჩერნობილში, აქედან 10 პროცენტი ანუ 60 ათასი ადამიანი ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში დაიღუპა, 180 ათასი დროთა განმავლობაში დაიღუპა.
შეიძლება ადამიანმა მიიღოს დასხივება და თუ აღარ მიეკარება რადიაციის წყაროს, იმუნური სისტემა აღიდგინოს.
- მას შემდეგ, რაც პუტინმა ბირთვული საფრთხეები ახსენა, გაჩნდა სხვადასხვა ვერსია, თუ რა უნდა მივიღოთ რადიაციისგან თავის დასაცავად, საუბარია იოდზე. არსებობს რაიმე სპეცტანსაცმელი თუნდაც, რამაც შეიძლება დაგიცვას რადიაციისგან?
რადიოაქტიური გამოსხივების დროს, ვთქვათ, გამა გამოსხივება გადის ნახევარი მეტრის სისქის ბეტონში, ის გადის დაახლოებით 3 სმ სისქის ტყვიაში. ამ სისქის ტყვიას ვერ ჩავიცვამთ. ის, რასაც აჩვენებენ ხოლმე თუნდაც ფილმებში, რომ რაღაც სკაფანდრები აცვიათ და ასე აღჭურვილი მიდიან, ეს ვერ დააკავებს ვერც ბეტა გამოსხივებას, ვერც ნეიტრონებს. უბრალოდ, არის იმისთვის, რომ თუ რაღაც მტვერი დაგეყარა, გამოხვიდე, ტანსაცმელი გადაყარო, რომ გარეთ არ გამოიტანო დაბინძურება. სხვა რაიმე ასეთი დაცვა არ არსებობს.
- მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, თუ გაჩნდა რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხე?
მესმის, რომ კითხვები ჩნდება, ვთქვათ, გავიქცეთ და მიწის სიღრმეებში ჩავძვრეთ, კი ბატონო, თუ ჩავძვრებით მიწის სიღრმეში, გადავრჩებით. ან ძალიან სქელი ბეტონის კედლებში თუ დავრჩებით, გადავრჩებით.
მაინც და მაინც ფანჯრის წინ ნუ დავდგებით და ნუ შევხედავთ ღრუბელს.
თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, თუ ხედავ, რომ სოკოს-მაგვარი ღრუბელი წარმოიქმნება ცაზე, ჩათვალე, რომ ცოცხლებში აღარ წერიხარ. სხვა შემთხვევაში, დამცავი არის მეტრო, დამცავი არის მიწის სიღრმეები, ბეტონის კედლები და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც გარკვეულწილად.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ატომურ ბომბზე, არამედ ატომურ რეაქტორზე. თუ მოხდა სადგურზე აფეთქება, ამ დროს ჩნდება ზონები, ვთქვათ, 30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც იყო ჩერნობილის დროს, შემდეგ იყო 60-კილომეტრიანი, 100-კილომეტრიანი ზონები და ასე შემდეგ. ჩვენც რაღაც ზონები უნდა შემოვიღოთ და მეორე, იმაზეა დამოკიდებული, აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ღრუბელი საით წავა.
ბელარუსზე, რომელიც ახლა ტაშს უკრავს პუტინს, 60 პროცენტი წავიდა რადიოაქტივობა ჩერნობილის დროს. ამან გამოიწვია სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება, სისხლძარღვთა დაავადებები, გულის უკმარისობები და შემდეგ, როცა ეს ხალხი იღუპებოდა, ამას აღარ აღრიცხავდნენ. ჩერნობილმა ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია და რომ არა სკანდინავიის ქვეყნები, ვერც გაიგებდა მოსახლეობა, ისე მიაჩუმათებდნენ.
რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგს და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ – დასხივების ზონაშიც კი არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო.
ამიტომ მე ვამბობ ასე, რომ ძალიან დიდი საშიშროებაა. ისინი, ვინც ახლა ებრძვიან უკრაინელებს, უკიდებენ ცეცხლს ატომურ ელექტროსადგურს, რას ფიქრობენ, თვითონ გადარჩებიან? მაგრამ ეს არის უგუნური ხალხის საქციელი.
- თქვენ ამბობთ, რომ უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ვთქვათ, ბუნკერს შეაფარო თავი, რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს ადამიანი ბუნკერში?
ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ მოხდება აფეთქება ზაპოროჟიეში. ჯერ ის რადიოაქტიური ღრუბელი თუ წყალი უნდა ვნახოთ საით წავა. ამიტომ მუდმივად საჭიროა ამის კონტროლი და ამას, სხვათა შორის, კარგად აწარმოებს საქართველო. უნდა მოდიოდეს სიგნალი არის თუ არა მომატებული რადიაციის დონე და ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს მეორე საკითხია.
თუ რადიაციული ღრუბელი სხვაგან წაიღო ქარმა, მაშინ ჩვენ საფრთხე ნაკლებად გვემუქრება.
- იოდის გამოყენებაზე რას გვეტყვით?
ჩერნობილის შემდეგ ბავშვებს ყელში უსვამდნენ იოდს და სწორს შვრებოდნენ, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ყველაზე მეტად შთანთქავს იოდს და თუ ჩვენ ნაჯერობაში გავიყვანთ, მერე რადიოაქტიურ იოდს აღარ მიიღებს ორგანიზმი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზომიერად, რადგან ამან ის გამოიწვია, რომ ბავშვებს იოგები დაუზიანდათ და ვეღარ ლაპარაკობდნენ.
ახლა მეშინია ამაზე ლაპარაკი, რადგან ეს გამოიწვევს პანიკას, არიქა, იოდი ვიყიდოთო და გაქრება აფთიაქებში. არა ხალხო. ჯერჯერობით რაიმე მოქმედებაზე გადასვლა სწორად არ მიმაჩნია. თუ რამე მოხდება, ჩვენ გვყავს შესაბამისი სამსახურები და მათ შორის ვარ მეც იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება საქართველოში, რა მდგომარეობაა რადიაციის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ.
_________________________
მთავარი ფოტო: ნუგზარ გუბაძე/„რადიო თავისუფლება“.






