ბავშვებს „გამარჯობა“ ჩემი სახელი ეგონათ – დაწყებითის მასწავლებელი მარნეულიდან

ზვიად ფიფია მარნეულში, სოფელ კარჩაგანის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის.

მასწავლებლობა, როგორც თვითონ გვითხრა, „შემთხვევით“ გადაწყვიტა, თუმცა არასდროს უნანია. ახლა ფიქრობს, რომ პედაგოგობა ნამდვილად მისი საქმეა. „ბათუმელებთან“ ის სკოლაზე და მის პროფესიულ ცხოვრებაზე საუბრობს.

  • ბატონო ზვიად, თქვენ დაგასახელეს საუკეთესო მასწავლებლად. როგორ მოხვედით ამ სფეროში?

უკვე 15 წელია, რაც პედაგოგი ვარ. რაღაც პერიოდი ჟურნალისტად ვმუშაობდი. ერთხელ სკოლის დირექტორთან ვიყავი ინტერვიუზე და მან შემომთავაზა მასწავლებლობა.

დავთანხმდი, რადგან პროფესიით პედაგოგი ვარ და ვიფიქრე „რატომაც არა“. თუმცა მეორე დღეს მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რა მიზეზი მომეფიქრებინა, რომ სკოლაში არ წავსულიყავი, რადგან მიმაჩნდა, რომ გამოწვევებს ვერ გავუმკლავდებოდი.

თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ ეს პროფესია არის ჩემი და თავიდანვე უნდა ამერჩია.

  • ყველაზე საინტერესო ისტორია რა გახსენდებათ თქვენი პრაქტიკიდან?

შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს „გამარჯობა“ ჩემი სახელი ეგონათ. ალბათ იმიტომ, რომ კლასში როცა შევდიოდი, ვამბობდი – „გამარჯობა“.

მეორე წელს გაიგეს ბავშვებმა, რომ ზვიადი მქვია და ჩემი გვარი ფიფიაა.

მეორე წელს, კლასში რომ შევედი, ოვაციებით შემხვდნენ. კვარაცხელიას გვარს რომ იძახიან ნეაპოლის ფანები, ისეთი აღტაცებით იძახდნენ ჩემს სახელს.

მაშინ მივხვდი, რომ ბავშვებმა მიმიღეს და მეგობრად მაღიარეს.

  • როგორ ხდება აღიარება, რას ელოდებიან ბავშვები მასწავლებლისგან?

როცა მასწავლებელი ხარ, აქ იკარგება ასაკის შეგრძნება. ბავშვის თვალით უნდა შეხედო შენს საქმიანობას.

ვცდილობ, არა მარტო ქართული ენა, შესწავლის პროცესიც იყოს საინტერესო და სახალისო მათთვის.

ჩემი ზურგჩანთა გამახსენდა, რომელსაც მე ახლა ჯადოსნურ ჩანთას ვეძახი, რადგან როცა კლასში შევდივარ, ჩემი მოსწავლეები ყოველთვის ამ ჩანთას უყურებენ, აინტერესებთ, რას ამოვიღებ იქიდან.

თოჯინები ამოვა თუ სხვა ფერადი რესურსები, რადგან  როცა მრავალფეროვან რესურსს ვიყენებ, ძალიან უხარიათ.

ორი დაწყებითი კლასი მყავს და ორივეში განსხვავებულ გაკვეთილებს ვატარებ. ვცდილობ, გაკვეთილი ბავშვების ინტერესების მიხედვით წარვმართო.

როგორც წესი, დაწყებით კლასებს კაცი მასწავლებლები არ ირჩევენ ხოლმე, ამიტომ უკვირდათ, რატომ ავირჩიე, რადგან ბავშვებმა არ იციან ენა და ფიქრობენ, რომ რთული იქნება ასეთ დროს მათთან ურთიერთობა. თუმცა მე მირჩევნია ქართული ენა პირველივე კლასიდან ვასწავლო და უკეთ გავიგო, როგორები არიან ისინი.

ძალიან მოსწონთ, როცა მსგავს სიტყვებს აღმოაჩენენ ხოლმე. მაგალითად, „ფენჯერე“, ანუ იგივე ფანჯარა აზერბაიჯანულ ენაშიცაა და როცა ეს აღმოაჩინეს, აღფრთოვანებულნი იყვნენ.

  • რა არის მთავარი მასწავლებლობაში?

როცა მოსწავლეს აღიქვამ, როგორც პიროვნებას. როცა კლასში შევედი, პირველინ რაც გავიფიქრე, იყო – აი, იქ, ბოლო მერხზე რომ მოსწავლე ზის, მე რომ ვიყო, როგორი გამოხედვა, როგორი ყურადღება, როგორი სიტყვა გამიხარდებოდა მასწავლებლისგან.

ჩემი მოსწავლის ადგილზე წარმოვიდგენ ხოლმე თავს და ეს მიადვილებს ურთიერთობას.

მასწავლებელი ბავშვისთვის ახლობელი ადამიანი უნდა იყოს. როცა მე ამ სოფელში არ ვარ უცხო და ვგრძნობ სითბოს, მადლიერებას, ვფიქრობ, ეს არის ჩემი წარმატება.

პირველ კლასში ასეა, – ჯერ დაკვირვებას გადიხარ, შემდეგ მოდის შეფასება და თუ გაღიარეს, გექნება ნდობაც და სიყვარულიც.

დერეფანში რომ გამოიქცევიან ხოლმე ბავშვები და ხელს ჩამჭიდებენ, მე მგონი, ეს არის ბედნიერება.

  • ნდობას როგორ გამოხატავენ?

ჩემთან მოსწავლეები არ არიან შეზღუდულები და ალბათ ეს მოსწონთ. როცა კლასში შევდივარ ან გამოვდივარ, ფურცლებზე ჩემს სახელს და გულებს მიწერენ. ზოგჯერ დაფაზე მხვდება ხოლმე გულები.

არაქართულენოვან გარემოში როცა მუშაობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თემის და კოლეგების დამოკიდებულება, ამ მხრივ მე გამიმართლა.

თუ მოსწავლე გაღიარებს, მშობელიც გენდობა და ეს არის სასიამოვნო პროცესი.

მასწავლებლობის დროს გავიგე, რომ თურმე სიმღერის ნიჭიც მქონია და ცეკვისაც, ხატვაც შემძლებია და ხელნაკეთი ნივთების დამზადებაც, რადგან ეს აღმომაჩენინეს ბავშვებმა.

ჩემმა მოსწავლეებმა სიმღერით ისწავლეს ქართული და მეც მოსწავლეებთან ერთად ვიზრდები.

  • რა არის კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ უკეთ მოხდეს ამ ბავშვების ინტეგრაცია ქართულ გარემოში და თუ ხედავთ ამის საჭიროებას?

ყველაზე მეტად, რაც სჭირდებათ ამ ბავშვებს, სწორედ ქართულენოვან გარემოსთან ურთიერთობაა. ამიტომ კარგი იქნება ინტეგრაციული ბანაკები, გაცვლითი პროგრამები. ადრე იყო და თუ კიდევ გაგრძელდება, იქნება კარგი.

ადრეული ასაკის განათლების რეფორმა, რომელიც ინერგება, ითვალისწინებს საბავშვო ბაღებისთვის ქართულენოვანი მასწავლებლის კომპონენტის დანერგვას და ეს იქნება ასევე კარგი, რადგან ძალიან შეუწყობს ხელს ქართული ენის დონის ამაღლებას.

  • როგორც მასწავლებელს, რამ  შეგიწყოთ უფრო მეტად ხელი პროფესიულ ზრდაში – პრაქტიკამ თუ გამოცდებმა?

გამოცდილება, რომელიც სასწავლო გარემოში მივიღე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გაკვეთილზე ყოველთვის გეგმით შევდივარ ხოლმე, მაგრამ სანამ 25 კილომეტრს გავივლი, კლასში მისვლამდე ეს გეგმა ხშირად იცვლება.

გზაში ვფიქრობ, „ეს უფრო მოუხდებოდა“, „ეს უფრო დააინტერესებთ“ და ასე იცვლება გეგმები.

ძალიან საინტერესო იყო პროფესიული ტრენინგებიც. ვფიქრობ, ბევრი სიახლის გაცნობის საშუალება მომცა.

  • როგორ ვიცი, აფხაზეთიდან ხართ, რა გინდათ მოგვიყვეთ ამაზე?

ჩემი მშობლები გაგრაში ცხოვრობენ. ომის შემდეგ, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ცხოვრება.

მახსოვს, ბავშვობაში ჩვენს ეზოში ყვავილნარი გვქონდა, ეზო დაკრიალებული და ეს სახლი და ეზო, ყველაფერი იყო დედაჩემისთვის. აფხაზეთის კონფლიქტი რომ არა, ახლა მე ვიქნებოდი მშობლიურ სახლში.

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ომი (რუსეთ-უკრაინის) დამთავრდება რუსეთის დამარცხებით და იმედი მაქვს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც სამუდამოდ აიბარგებიან.

დიდი იმედი მაქვს, რომ შევაღებთ ევროპის კარს და გავხდებით მათი ნაწილი, რადგან ჩვენ ხომ ისედაც მთელი არსებობის მანძილზე ვიყავით ევროპული ტრადიციების მატარებელი და აქეთ მივისწრაფვით. ევროპაც მოგვიაზრებს თავის ნაწილად.

  • რა არის ჩვენზე, მოქალაქეებზე დამოკიდებული?

თუ ჩვენ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, რა თქმა უნდა, ბევრი რამეა ჩვენზეც დამოკიდებული, თუნდაც ის, რომ ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, მასწავლებელი იქნება, პოლიციელი თუ ექიმი, ვაკეთოთ ღირსეულად.

ეს ხომ ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს და ევროპაც ხომ ეს არის, განვითარება.

ბათუმი-ხულო-გოდერძის მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 16 თებერვლის მონაცემებით, დიდთოვლობის გამო, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. კერძოდ:

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:

  • ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 [პაქსაძეები (ხულო)-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:

  • ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 [ქედა-პაქსაძეები(ხულო)] მონაკვეთზე

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით:

  • ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 [ქედა-პაქსაძეები(ხულო)] მონაკვეთზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში და ხელვაჩაურისა და ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში გრძელდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან და სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა.

„მუნიციპალიტეტებში, დიდთოვლობისა და უამინდობის გამო, საავტომობილო მოძრაობა რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.“ – აცხადებს აჭარის გზების დეპარტამენტი.

 

მთავარი ფოტო: აჭარის გზების დეპარტამენტი

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 16 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 140 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 296 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 6 517 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 2 306 ერთეული [+3]
  • MLRS – 466 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 239 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 287 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 012 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 167 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 219 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 16 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 209 ვერტმფრენი
  • 3 152 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 891 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 024 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 111 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 407 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთს თავისი ჯარის 97% უკრაინაში ჰყავს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია“ – ენმ-ს თავმჯდომარის ბრიფინგი ბათუმში

„ბატონო ბიძინა, თამაში დასრულებულია… ჩიხში ხართ და ერთადერთი გამოსავალი არის ამ რეზოლუციის შესრულება,“ – აღნიშნა დღეს, 15 თებერვალს, ბრიფინგზე ენმ-ს ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა. იგი ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლის მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.

ამავე რეზოლუციით ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას ევროსაბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

„მათ ჩვენს მთავრობას მოუწოდეს, რომ გააუქმონ სიკვდილით დასჯა და სადიზმი… რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფოდ იქნას გათავისუფლებული და გადაყვანილი სამკურნალოდ. მკაფიოდ, სიტყვა-სიტყვით, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ, შავით თეთრზე წერენ, რომ ადამიანი არის მძევალი, პოლიტიკური პატიმარი და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

ასევე ამ რეზოლუციაში შავით თეთრზე წერია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ასევე წერია, რომ დაევალა ევროკომისიას იმუშაოს მის პირად სანქცირებაზე,“ – აღნიშნა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა.

____

ნახეთ რა თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ რეზოლუციაზე:

„ჩალის ფასი აქვს“ – კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მაშინ, როცა სხვადასხვა კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 70-80 % ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს.

თურქეთში ნანგრევებიდან დედა და მისი 2 შვილი დაიხსნეს მიწისძვრიდან მეათე დღეს

დღეს, 15 თებერვალს, დამანგრეველი მიწისძვრიდან მეათე დღეს, მაშველებმა თურქეთში, ჰატაის პროვინციაში ნანგრევებიდან დაიხსნეს დედა ორ შვილთან ერთად.

დედა და შვილები სახლის ნანგრევებში დაახლოებით 228 საათი იყვნენ. მაშველებმა მათი ხმა გაიგონეს და სამუშაოები დაიწყეს. თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ პირველად დედა დაიხსნეს ნანგრევებიდან, რომელმაც იკითხა, რა დღე იყო და წყალი ითხოვა. ქალმა მაშველებს უთხრა თავისი და მისი შვილების სახელები.

ფოტო: „ანადოლუ“

მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს ელას შვილებიც, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვერტმფრენით ქალაქ ადანაში გადაიყვანეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას 35 400 ადამიანი ემსხვერპლა და 105 505 დაშავდა, თუმცა ეს საბოლოო რიცხვები არ არის, მაშველები ამ წუთებშიც მუშაობენ და მიწისძვრიდან მეათე დღესაც პოულობენ ნანგრევებში ცოცხალ ადამიანებს.

თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

რუსეთს თავისი ჯარის 97% უკრაინაში ჰყავს – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთმა თავისი არმიის დაახლოებით 97% ჩართო უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ესეც კი არ აღმოჩნდა საკმარისი უკრაინის თავდაცვის გასარღვევად. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა BBC Radio 4-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოსკოვის შეტევითი სტრატეგია ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას ითვალისწინებდა უკრაინის თავდაცვის „გასარღვევად“. თუმცა მაქსიმუმი, რასაც რუსეთის სარდლობამ მიაღწია – ეს არის ძალიან ნელი წინსვლა.

„ის, რასაც რუსეთი ცდილობს – წაიწიოს წინ, ამას თითქმის პირველი მსოფლიო ომის დონეზე აკეთებს, გადაღლის ხარისხითა და წარმატების მაჩვენებლებით, რაც იზომება მეტრებში და არა კილომეტრებში“, – განაცხადა უოლესმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ყველა ამ მოკრძალებული წარმატების მისაღწევად ოკუპანტებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს.

ბრიტანელი მინისტრის შეფასებით, დასავლეთი საკუთარ უსაფრთხოებას აძლიერებს, როცა რუსეთის დამარცხებაში უკრაინას ეხმარება.

„თუ რუსული არმიის 97% ახლა უკრაინაშია, პირადი შემადგენლობის გადინების ძალიან, ძალიან მაღალი მაჩვენებლით, მისი ბრძოლისუნარიანობა პოტენციურად შემცირებულია 40%-მდე და როდესაც მისი ტანკების თითქმის 2/3 განადგურებულია ან მწყობრიდანაა გამოყვანილი, ამას პირდაპირი გავლენა აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მან.

მის თქმით, ყველაზე მეტად გაუგებარია რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული სიტუაცია, რომელიც ან „რეალობასაა აცდენილი“, ან „ადამიანთა სიცოცხლეს არაფრად მიიჩნევს“.

ბრიტანულ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთში სამხედრო წარმოების მკვეთრი ვარდნა ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მდგომარეობის გაუარესებას.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ დონბასში ბრძოლებში ახლა რუსეთის პოტენციალის უპრეცედენტო განადგურება ხდება და დამპყრობლები მის აღდგენას ვეღარ შეძლებენ.

როცა სოფლის სკოლაში ინგლისურს არ გასწავლიან – ილიას გამოცდილება

24 წლის ილია სურმანიძემ ხულოს სოფელ რაქვთის საჯარო სკოლა დაამთავრა. როცა მოსწავლე იყო, ილიას ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი არცერთ კლასში არ ჰყოლია.

სკოლაში, სადაც ილია სწავლობდა, დღემდე არ ჰყავთ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი.

ილია გვიყვება, რას ნიშნავს, სხვა საგნის სპეციალისტი გასწავლიდეს უცხო ენას, რა გზებით ჩააბარა მან და მისმა რამდენიმე კლასელმა საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები ინგლისურ ენაში და რა გამოწვევების წინაშე აყენებს დღემდე ის ფაქტი, რომ სკოლაში ინგლისური ენა ვერ ისწავლა.

„სკოლაში არასდროს არ გვყოლია ინგლისურის ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი.

ინგლისურის სწავლა, თუ სწორად მახსოვს, მეხუთე კლასში დავიწყეთ და სკოლის დამთავრებამდე ისეთი მასწავლებელი გვყავდა, მხოლოდ წერა-კითხვას რომ გვასწავლიდა და იმასაც ვერ ახერხებდა სწორად. სამწუხაროდ, მინიმალურ დონეზე იცოდა. მე მგონი, ჩვენი ინგლისური ენის მასწავლებელი გერმანულის სპეციალისტი იყო.

2017 წელს დავამთავრე სკოლა. როცა საატესტატო გამოცდები დაიწყო, ინგლისურის გამოცდის ჩასაბარებლად ბათუმში მომიწია წამოსვლა, როგორც ჩემს სხვა კლასელებს. საერთოდ არაფერი არ გამომიყენებია, რაც სკოლაში ვისწავლე. სხვა საგნებში არ გვქონდა პრობლემა, სხვა საგნებს კვალიფიკაციური, გამოცდილი მასწავლებლები გვასწავლიდნენ.

ინგლისურ ენაში 3-თვიანი, მინიმალური მომზადებით ჩავაბარე საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც. უფრო მალე ვერ წამოვედი სკოლიდან, რადგან იქაც ითხოვდნენ დასწრებას, ბევრი გაცდენა რომ არ დაგვგროვებოდა და არ გავრიცხულიყავით, ამიტომ, ეტაპობრივად, სოფელში გვიწევდა ასვლა, რაც ჩვენს ამ სამთვიან მომზადებაზეც უარყოფითად ისახებოდა. 110 კილომეტრია ჩემს სოფელსა და ბათუმს შორის.

კლასში 7 მოსწავლე ვიყავით. მხოლოდ სამმა ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და ჩვენგანაც ერთი ინგლისურის გამოცდაში ჩაიჭრა და ერთი წელი დასჭირდა მოსამზადებლად“, – გვიყვება ილია.

ილია იხსენებს, რომ სკოლაში ვინც არ უნდა მისულიყო რესურსცენტრიდან, ყოველთვის ეუბნებოდნენ მოსწავლეები, თუ როგორ ძალიან სჭირდებოდათ ინგლისურ ენაში სერტიფიცირებული პედაგოგი.

„ბევრ ახლომდებარე სოფლის სკოლებს ჰყავდა სერტიფიცირებული ინგლისური ენის მასწავლებლები. გვინდოდა ჩვენც გვყოლოდა, მაგრამ დირექტორის და ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად ყურადღებას არავინ არ გვაქცევდა.

ყოველთვის ვეკითხებოდი დირექტორს, თუ რატომ არ გვყავდა სერტიფიცირებული მასწავლებელი – „მე მაქვს გამოცხადებული [ვაკანსიები], მაგრამ არ ხერხდება, არ მოდიან მასწავლებლებიო“ –  ასე მპასუხობდა.

7-8 წელი და შეიძლება მეტიც იყოს, რაც ჩვენს სკოლას ინგლისურის სერტიფიცირებული მასწავლებელი არ ჰყავს.

განათლების სამინისტროს გადასაჭრელია ეს პრობლემა“, – ამბობს ილია სურმანიძე.

ილია იხსენებს იმასაც, რომ რაქვთის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებლის მოსვლის იდეას მხარს ის მასწავლებელიც უჭერდა, რომელიც უცხო ენას ასწავლიდა სკოლაში.

„ინგლისურის არცოდნის გამო დიდ პრობლემებს წავაწყდი. როგორც სკოლაში ვერ ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობასა თუ ღონისძიებაში, ასევე, უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებში ვერ მივიღე მონაწილეობა ერთი მიზეზით – ინგლისური საჭირო დონეზე არ ვიცოდი.

ილიამ ბაკალავრიატი სამართლის მიმართულებით ბათუმში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში დაამთავრა და ახლა საჯარო მმართველობას სწავლობს მაგისტრატურაში.

გვიყვება, რომ ინგლისურს ბაკალავრიატში მხოლოდ 2 სემესტრი სწავლობდა: „ეს დრო არ არის საკმარისი, მით უფრო, როდესაც 10 საგანს სწავლობ ერთდროულად და უნივერსიტეტის პარალელურად ენის სწავლას დაუთმო დრო, რთულია.

ამ ორი სემესტრის შემდეგ ინგლისურის სწავლას ვეღარ ვახერხებდი, რადგანაც სწავლის საფასურის დაფინანსება აჭარის განათლების სამინისტროსგან ავიღე და იმისთვის, რომ დაფინანსება შემენარჩუნებინა, საუნივერსიტეტო საგნებზე უფრო მეტი დროის დათმობა მიწევდა, ვეღარ ვემზადებოდი ინგლისურში.

მსაყვედურობდნენ უნივერსიტეტში, როგორმე მოახერხე, ისწავლე ინგლისური და დაგეხმარებით, გაცვლით პროგრამაში რომ მიიღო მონაწილეობაო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე და ჩემი გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობაც ამიტომ შეფერხდა“, – ამბობს ილია.

ილია ამბობს იმასაც, რომ ინგლისურის არ ცოდნა დიდ ბარიერს უქმნის დასაქმებაშიც – „როცა ინგლისური არ იცი, ვერც საჯარო და ვერც კერძო სექტორში ვერ საქმდები. საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებ, სამწუხაროდ“.

მას გული სწყდება, რომ მის მშობლიურ სოფელში ამ დრომდე არ ჰყავთ ინგლისურის მასწავლებელი, რაც არაერთი მოსწავლისთვის ხდება ხელშემშლელი.

„სოფლიდან მოდის ყველა, ვინც ახალგაზრდაა, რაც სკოლაში მოსწავლეების დეფიციტსაც ქმნის“ – ამბობს ილია.

ამავე თემაზე:

რას აკეთებენ აჭარის მთის სკოლები, სადაც ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავთ 

 

ინსემინაცია უშვილობის დროს – ვისთვის არის ეს მეთოდი

საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს პროცედურა ხშირად გამოიყენება წყვილებში უნაყოფობის დასაძლევად ან ქორწინებაში არ მყოფი, დედობის მსურველი ქალებისთვის ორსულობის მისაღწევად.

ამ მეთოდის ეფექტურობა საშუალოდ 13-17 პროცენტია, თუმცა ცალკეულ კვლევებში ნათქვამია, რომ ქალების და იმ წყვილების რეპროდუქციული პოტენციალი, რომელთაც სჭირდებათ დონორის სპერმის გამოყენება, იმ წყვილებთან შედარებით, რომლებიც უშვილობას მკურნალობენ – უკეთესია [3557%-ია], მაგრამ მონაცემები მწირია იმის დასადასტურებლად, რომ ეს რეალურად ასეა.

ინსემინაციის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქალის ასაკია. ინ-ვიტრო კლინიკა Birth-ის რეპროდუქტოლოგი ირმა რამიშვილი ამბობს, რომ ეს პროცედურა რეკომენდებულია 35-36 წლამდე ასაკის ქალებისთვის.

ირმა რამიშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ საკითხზე ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რა პროცედურაა საშვილოსნოს შიდა ინსემინაცია?

ეს არის სპეციალურად დამუშავებული სპერმის შეყვანა კათეტერის საშუალებით და დატოვება საშვილოსნოს ღრუში. ხელოვნური ინსემინაცია არის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია, ანუ უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ინიშნება ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი გზით ორსულობის დადგომისთვის გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს.

როგორც წესი, სპერმა შეჰყავთ საშვილოსნოს ღრუში თხელი კათეტერის მეშვეობით, საშვილოსნოს ყელის გავლით, რითაც მცირდება სპერმის მიერ კვერცხუჯრედამდე გასავლელი მანძილი, გადალახულია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი ბარიერი და იზრდება განაყოფიერების შანსი.

ინსემინაცია ინიშნება ექიმის მიერ იმ შემთხვევაში, როცა პრობლემა არსებობს ძირითადად სპერმის მხრიდან და ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება შესაძლებელია სპერმის დამუშავების შედეგად, ან შეიძლება ორივე პარტნიორთან იყოს პრობლემა – ქალთან, მაგალითად, იყოს ფოლიკულის ზრდის შეფერხება.

სხვა ჩვენებებია: ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ფაქტორები; ვაგინიზმი (საშოსა და საშვილოსნოს ყელის კუნთების სპაზმი); დონორის სპერმის გამოყენების აუცილებლობა; ეაკულატორულ-სექსუალური დარღვევები (როდესაც საშოში სპერმის მოხვედრა შეუძლებელია); სპერმის კონცენტრაციის ან მოძრაობის უმნიშვნელო შემცირება.

ინსემინაციისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კვერცხსავალი მილები იყოს გამავალი, რადგან საშვილოსნოს ღრუში შეყვანილმა სპერმამ უნდა გაიაროს მილები კვერცხუჯრედამდე მისაღწევად.

ამ მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელი, საერთო ჯამში, დაახლოებით 13-15 %-ია, მსოფლიოს ძალიან დიდი კლინიკებში, სადაც ინსემინაციის ჩატარების მაღალი რიცხვია, შედეგიანობა 18%-ს აღწევს.

  • როგორი უნდა იყოს მაჩვენებლები, რომ ინსემინაცია ჩატარდეს?

ინსემინაციისთვის მომზადებას ვიწყებთ იმით, რომ ქალს ვიბარებთ მენსტრუაციის დაწყებიდან მე-2 ან მე-3 დღეს, ვიწყებთ ფოლიკულების მონიტორინგს, ანუ დაკვირვებას იმაზე, თუ რა ზომის ფოლიკული გააჩნია ქალს და ვაძლევთ შესაბამის დანიშნულებას იმისთვის, რომ ეს ფოლიკულები გავზარდოთ.

პარალელურ რეჟიმში აუცილებლად ვაკვირდებით, როგორ იზრდება საშვილოსნოს შიგნითა შრე, ანუ ენდომეტრიუმი. შემდეგ ვაჯამებთ ორ მთავარ მონაცემს – ფოლიკულის სიდიდეს და ენდომეტრიუმის სისქეს.

ფოლიკულის სიდიდე უნდა იყოს 18-20-22 მმ და ენდომეტრიუმის სისქე – 8 მმ და მეტი, სტრუქტურა კი უნდა იყოს სამშრიანი.

როცა ეს კომპონენტები გვაკმაყოფილებს, მაშინ პაციენტს ვაძლევთ დამატებით დანიშნულებას, პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს ოვულაციას.

ამის შემდეგ გადავითვლით გარკვეულ საათებს, რადგან ჩვენ ვიცით ამ წამლის გაკეთების შემდეგ, რამდენ საათში მოხდება ოვულაცია და სწორედ იმ გარკვეულ საათებში, უკვე კათეტერით ქალის საშვილოსნოს ღრუში შევიყვანთ დამუშავებულ სპერმას, რითაც რეალურად სპერმას ვუმოკლებთ გზას საშოდან საშვილოსნოს ღრუმდე. საშვილოსნოში მოთავსებული სპერმატოზოიდები უფრო ადვილად მოძრაობენ მილების მიმართულებით, სადაც ხდება განაყოფიერება.

  • რატომ განისაზღვრება ამ მეთოდისთვის ასაკის ზედა ზღვარი 35-36 წლით?

იმიტომ, რომ 35 წლის შემდეგ ქვეითდება ფოლიკულების რაოდენობა, კვერცხუჯრედის ხარისხი და განაყოფიერების უნარიც.

ინსემინაციის დროს ჩვენ ეკრანზე ვხედავთ ფოლიკულს, მაგრამ არ ვიცით არის თუ არა შიგნით კვერცხუჯრედი.

კვერცხუჯრედის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს – ფოლიკულური სითხე ქალს უნდა ამოუღო პუნქციით და მიკროსკოპის ქვეშ გაადიდო; ინსემინაციის დროს შესაძლებელია გაიზარდოს ერთი ან სამი ფოლიკული, მაგრამ გარანტია არ გვაქვს, რომ შიგნით იქნება კვერცხუჯრედი.

ამიტომ არის ეს პროცედურა ნაჩვენები ამ ასაკამდე ქალებში, რადგან 35-36 წლამდე თეორიულად შესაძლებელია, რომ მეტი რაოდენობის კვერცხუჯრედი იყოს და ისინი იყოს უკეთესი ხარისხის.

  • ამ მეთოდს მიმართავენ როგორც შვილოსნობის პრობლემის მქონე წყვილები, ისე პოტენციური მარტოხელა დედები [დონორთან ერთად], რომელთაც შესაძლოა შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონდეთ. ამ შემთხვევაში როგორია ამ მეთოდის ეფექტურობის მაჩვენებელი?

არ არსებობს მასშტაბური კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომელი ჯგუფის წყვილში იქნა უფრო მაღალი ალბათობით წარმატება მიღებული. ზოგადად არსებობს კვლევა, რომ წარმატების მაჩვენებელი არის 13-15%-ში.

დაახლოებით 15 წლის წინ მიიჩნეოდა, რომ უშვილობის შემთხვევათა 60% იყო ქალის ფაქტორით განპირობებული, 10 წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 50/50-ზეა; დღეს კი მიიჩნევა, რომ შვილოსნობის პრობლემა 40% შემთხვევაში ქალის ფაქტორით არის განპირობებული, 40% – კაცის ფაქტორით, 20% კი დაუდგენელი ფაქტორებია – როცა ქალთანაც ყველაფერი მწყობრშია, კაცთანაც და ორსულობა მაინც არ დგება.

  • რა დრო სჭირდება წინარე გამოკვლევებს და უშუალოდ ინსემინაციის პროცედურას ჯამში?

ეს არ არის ხანგრძლივი პროცესი. აუცილებლად კეთდება ზოგადი გამოკვლევა – რამდენად ჯანმრთელია ქალი. აუცილებლად უნდა შემოწმდეს წინასწარ სარძევე ჯირკვლები, საშვილოსნოს ყელი და რა თქმა უნდა – ფარისებრი ჯირკვალი. ვაკეთებთ ზოგადი ჰორმონალური სტატუსის განსაზღვრას, ვიღებთ პროლაქტინს – საკვერცხის ჰორმონებს.

როცა ქალს ეს ყველაფერი წესრიგში აქვს, ციკლის მოსვლის მეორე ან მესამე დღეს, ვიწყებთ ფოლიკულომეტრიას – ვამოწმებთ ფოლიკულის ზომას, ქალს ვაძლევთ დანიშნულებას, რომ გავზარდოთ ფოლიკულები და როცა ფოლიკულები გახდება 18-20-22 მმ, ვაკეთებთ ტრიგერს, ანუ ნემსს, რომ მოვახდინოთ ოვულაციის პროვოცირება და გარკვეული საათების შემდეგ შეგვყავს სპერმა.

თუ ყველაფერი წესრიგშია, თავისუფლად შესაძლებელია ციკლის მეორე დღიდან პროცედურის ჩატარებამდე ორი კვირა გვეყოს, შესაძლოა – 1 თვე.

  • რა არის საშუალოდ ამ პროცედურის ფასი?

პროცედურის ღირებულება საშუალოდ 800 ლარია, კვლევები პროცედურამდე და მედიკამენტები დაახლოებით იგივე თანხა ჯდება. ანუ საშუალოდ ეს 1600-1700 ლარია.

  • როგორ უნდა მოემზადონ ადამიანები ორსულობის დადგომამდე?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რაც შეიძლება მალე – თამბაქოს მოხმარება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ შეწყდეს, ასევე, აღიკვეთოს ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა.

ასევე, არსებობს სპეციფიკური შემადგენლობის ვიტამინების ნაკრები, რომელმაც შესაძლოა (ეს რანდომიზირებული კვლევით დადასტურებული არ გახლავთ) გააუმჯობესოს, მაგალითად, სპერმის ხარისხი, კვერცხუჯრედის ხარისხი. ამ დანიშნულებასაც, ძირითად დანიშნულებასთან ერთად, დამატებითი სახით ვაძლევთ.

მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. საქმე ის არის, რომ ძილის საათი სწორად განსაზღვრავს ქალის ჰორმონების გამომუშავების რიტმს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქალისთვის სტრესული გარემოს შემცირება საჭიროა იმიტომ, რომ ნერვიულობისას მის ორგანიზმში ჭარბად გამოიყოფა ადრენალინი, ადრენალინი კი გამოიწვევს საკვერცხის ჰორმონების გამოყოფის დათრგუნვას და ციკლის არევას, ამიტომ მშვიდ გარემოს, ძილს, სუფთა ჰაერზე სეირნობას რეალურად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენებას არ გაძლევთ – გალიფ ოზთურქი სასამართლოს

„ჩვენებას არ იძლევა, მხოლოდ საბოლოო სიტყვით ისარგებლებს“, – გალიფ ოზთურქის ეს პოზიცია დღეს, 15 თებერვალს, მისმა ადვოკატმა, რობერტ გრიგალაშვილმა გაახმოვანა.

ამ პროცესზე მოსამართლე ლევან ყოლბაია გალიფ ოზთურქის ჩვენებას ელოდა.

„რა მოგწერათ მიზეზი, რის გამო არ ესწრება სხდომას?“ – ჰკითხა მოსამართლეს ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა.

მოსამართლემ ადვოკატებს გადახედა და უთხრა, რომ მე-2 დაწესებულებიდან მიღებულ წერილში არ არის დასახელებული მიზეზი, ამჯერად რის გამო არ დაესწრო სხდომას მილიონერი ბრალდებული.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა თავდაპირველად პროკურატურა მას ნარკოდანაშაულის ჩადენის მუხლით მიედავა, 9-თვიანი ინტერვალის შემდეგ კი, უკვე ფინანსურ დანაშაულსაც ედავება – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების ბრალდებით. 

ნარკოდანაშაულის საქმეზე, პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს. ფინანსურ დანაშაულზე ოზთურქის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

ამ სხდომის დაწყებამდე იგივე მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქის წინააღმდეგ ფინანსურ დანაშაულის საქმეზე ჩანიშნა წინასასამართლო სხდომის თარიღი. მოსამართლესთან პროკურატურას ამ შემთხვევაში შუამდგომლობა არ ჰქონია აღკვეთი ღონისძიების შეფარდების კუთხით – ოზთურქი ამ ეტაპზეა ისედაც პატიმრობაშია.

„გამოძიება გრძელდება“, – გვითხრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ, ვიდრე მოსამართლე ოზთურქის წინააღმდეგ ნარკოდანაშაულის საქმის განსახილველად შემობრუნდებოდა დარბაზში. პროკურორმა მიგვანიშნა, რომ ოზთურქს ბრალი შესაძლოა ისევ წარუდგინონ.

„ვიდრე ბრალდებულს არ შევუთანხმდები, პოზიციას ვერ გავაჟღერებ“, – გვიპასუხა ადვოკატმა ლალი აფციაურმა, რომელიც სავარაუდო ფინანსურ დანაშაულზე იცავს გალიფ ოზთურქის ინტერესებს, მას სასამართლოს ფოიეში შევხვდით და გასაუბრებაზე უარი გვითხრა.

რა სქემით იშოვა ფული ოზთურქმა? – კონკრეტიკა ვთხოვეთ პროკურორ ლევან მურვანიძეს, რადგან პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არ არის ცხადი, გამოძიების ვერსიით, როგორ გაათეთრა ფული ოზთურქმა.

„გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, მეტ დეტალზე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, – გვითხრა პროკურორმა ლევან მურვანიძემ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმება არ განიხილება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე კი, ჩვენება ექიმმა ჯემალ ჯიქიძემ მისცა. მას დაპატიმრებამდე შეუმოწმებია გალიფ ოზთურქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„საშიშროებას წარმოადგენს იშემიის წარმოქმნა თავის ტვინში. ინსულტამდე შეიძლება მიიყვანოს პაციენტი,” – თქვა მოწმემ და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღწერა.

„რისკია ამ დროს პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ყოფნა?“ – ჰკითხა ექიმს ადვოკატმა ენვერ ბარდაქმა.

„რისკია პენიტენციური დაწესებულება და რისკია საყოფაცხოვრებო პირობებიც. თუ მკურნალობა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, რისკი იზრდება“, – აღნიშნა ჯემალ ჯიქიძემ.

ჩვენება მისცა სასამართლოს გეოდეზისტმა და კარტოგრაფმა დავით ზედგენიძემ. მას დეტალურად შეუსწავლია ოზთურქის აპარტამენტი, სადაც იგი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა და დააკავეს.

„მაღალი დონის რემონტი არ იყო, ჩვეულებრივი კორიდორული სისტემის მოწყობაა…,“ – აღნიშნა ამ მოწმემ.

დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ოზთურქის აპარტამენტში რამდენიმე ბინა იზოლირებული იყო და იქ ოზთურქის ნათესავები ჩერდებოდნენ სხვადასხვა დროს.

აპარტამენტი ორსართულიანია – შენობის მე-18 სართულიდან მე-19 სართულზე ასვლა კი, მხოლოდ კიბით შეიძლება.

ადვოკატები მიანიშნებენ ჩხრეკის პროცედურაზე, როცა ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ მე-19 სართულზეც, სადაც მდებარე საძინებელში იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი.

„რამდენი ბინა შეიძლება ჩათვლილიყო ინდივიდუალურ საცხოვრებლად?“ – ჰკითხა გეოდეზისტს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

„მინიმუმ 4 ფართობის იყო ასეთი“, – თქვა მოწმე დავით ზედგენიძემ. მისი თქმით, ეს ჰგავდა სასტუმროს.

„ანუ სასტუმროდ აღიქვით?“ – ჩაეკითხა მოწმეს პროკურორი ლევან მურვანიძე.

„დიახ, ლიფტიდან იქ როგორც კი გამოვედი, ეს განცდა მქონდა“, – თქვა მოწმემ. მოწმეების გამოკითხვა სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. თებერვლის ბოლოს მოსამართლემ გალიფ ოზთურქის საქმეზე განაჩენი უნდა მიიღოს.

——————————-

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

ბობოყვათის სანაპიროზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტი მერიას უკან დაუბრუნეს

ქობულეთში, ზღვის სანაპიროსთან დაგეგმილი მშენებლობის კონცეფციისა და განაშენიანების გეგმაზე მუშაობა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.

ბობოყვათში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია, შპს „ბობოყვათი“ გეგმავს.

საპატრიარქოს რეზიდენციის მიმდებარედ მრავალფუნქციური დანიშნულების დასასვენებელი კომპლექსი „ბობოყვათის“ მშენებლობის მიზნით მომზადებული განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება სააგენტოში ქობულეთის მერიას ჰქონდა წარდგენილი.

სააგენტოს უნდა გადაეწყვიტა, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებდა თუ არა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარებას, თუმცა, დოკუმენტებზე მუშაობა შეწყვიტა და ისინი შენიშვნებით ქობულეთის მერიას უკან დაუბრუნა.

„გაცნობებთ, რომ აღნიშნული შენიშვნების საფუძველზე განახლებული სკრინინგის განცხადებისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ, სააგენტო უზრუნველყოფს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას“ – მიმართავს სააგენტო ქობულეთის მერიას.

დოკუმენტების მიხედვით:

  • „კონცეფციით წარმოდგენილია შერეული ინტენსივობის განაშენიანება, გზის პირზე განვითარებულია მაღლივი აქცენტები [20 და 25 სართულიანი შენობები], შუა ნაწილში დაგეგმილია საშუალო ინტენსივობის დასასვენებელი საცხოვრებელი სახლები, რომელთა სართულიანობაც არის 5-7 სართული, ხოლო არსებული ტყის პირას და სანაპირო ზოლთან ახლოს არის 2-სართულიანი ვილები და თაუნჰაუსები.
  • ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა, ღია და დახურული საჯარო სივრცეების მოწყობა, სპორტული გასართობი თუ დასასვენებელი აქტივობების ფართო სპექტრით. წარმოდგენილი სივრცით მოცულობით გადაწყვეტა უზრუნველყოფს კომპლექსისთვის ჯანსაღ ინსოლაციას და საუკეთესო ხედებს.
  • შეთავაზებაში გათვალისწინებული უნდა იყოს ლანდშაფტისა და კურორტის ჰარმონიული შერწყმა; მწვანე და დასასვენებელი სივრცეები; 540 მ სიგრძის სანაპირო ზოლის განვითარება და კეთილმოწყობა; გასართობი სივრცეები და ღია თავშეყრის ადგილები ბავშვებისთვის და მშობლებისთვის; სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედნები; არსებული ფიჭვნარის ტყის მასივის შენარჩუნება და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; აუზები; ავტოსადგომები და სხვა.“

[toggle title=”სააგენტოს შენიშვნების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

„არ არის წარმოდგენილი ამჟამად რომელ ფუნქციურ ზონას/ქვეზონას მიეკუთვნება გეგმარებითი ერთეულზე არსებული ნაკვეთები (განაშენიანების პარამეტრების მითითებით).

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გეგმარებითი ერთეული მდებარეობს ნაშენი ტერიტორიის საზღვრებში, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე და ინიცირების მომენტისთვის მასზე არ ვრცელდება დარგობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე რეჟიმი/რეგლამენტი. საჭიროა დაზუსტდეს რის ფარგლებში აქვს ტერიტორიას მინიჭებული აღნიშნული სტატუსი და რა სახის რეგულაციები ვრცელდება მასზე;

საჭიროა დაზუსტდეს შპს „ბობოყვათის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები და ფართობები, ვინაიდან სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიულ დოკუმენტში აღნიშნული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა.

არასრულად არის აღწერილი ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება.

ასევე, შესაფასებელია, როგორ დარეგულირდება საპროექტო ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლა/გამოსვლა, იმგვარად, რომ მაგისტრალზე არ შეფერხდეს, ან მინიმალურად შეფერხდეს საავტომობილო ნაკადების მოძრაობა.

სკრინინგის დოკუმენტში, კერძოდ: ბიომრავალფეროვნების თავში (გვ. 20) საპროექტო ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების ჩამონათვალში მითითებულია კაკლის ხის შემდეგი სახეობა: Juglans cordiformis, ხოლო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რაოდენობრივ-ხარისხობრივ აღწერაში კი მოცემულია კაკლის ხე (Juglans regia), რომელიც წარმოადგენს წითელი ნუსხით დაცულ სახეობას. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას.

განსაკუთრებით საჭიროა ყურადღება გამახვილდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ფრინველთა სამიგრაციო ზოლზე, შენობების მშენებლობით (განსაკუთრებით მრავალსართულიანი/მაღლივი შენობების მშენებლობის შემთხვევაში) მოსალოდნელ ზემოქმედებასა და ამ ზემოქმედების თავიდან აცილებაზე.

კონცეფციასა და სკრინინგის განცხადებაში წარმოდგენილი მონაცემთა მატრიცა და ნახაზებისა და სურათების გარკვეული ნაწილი არის დაბალი რეზოლუციის, რაც ართულებს მასზე ასახული ინფორმაციის წაკითხვას;

საჭიროა წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია საპროექტო ტერიტორიაზე არსებული და სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით დაგეგმილი მცენარეული საფარით დაფარული სივრცის ოდენობის შესახებ.

სკრინინგის განცხადებაში გარემოს კომპონენტებზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაცია მწირია და საჭიროებს დამატებითი შემარბილებელი ან/და პრევენციის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენას.

სკრინინგის განცხადებასა და სტრატეგიული დოკუმენტის კონცეფციის ტექსტურ ნაწილში არ არის წარმოდგენილი გრაფიკულ ნაწილში ასახული პირსის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია.

კონცეფციის გრაფიკულ ილუსტრაციაზე მითითებულია „პოტენციური სანაოსნო კავშირი“ ბათუმის პორტთან. საჭიროა დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში იყოს მითითებული იგეგმება თუ არა ნავმისადგომის მოწყობა, რადგან პროექტის გეგმაზე მისი მოწყობა გათვალისწინებულია.

ნავმისადგომის მოწყობის შემთხვევაში კი დოკუმენტში, წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მის პარამეტრებზე, მშენებლობით გამოწვეულ შესაძლო ზემოქმედებაზე, საჭიროების შემთხვევაში, ამ ზემოქმედების თავიდან აცილებაზე.“

[/toggle]

 

ყვითელი ხაზით მონიშნულია საპროექტო ტერიტორია ბობოყვათში / ფოტოები სკრინინგის განცხადებიდან

„ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც უნდა განხორციელდეს ბულვარის ზღვის ტალღებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად, ტერიტორიის ნაწილზე განხორციელებულია, ხოლო დარჩენილ ნაწილზე განხორციელდება ბულვარის მოწყობის დროს და შესაბამის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ბულვარის მოწყობის სამუშაოებთან ერთად განახორციელებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი“ – აღნიშნულია განვითარების ხედვის დოკუმენტში.

პროექტი 15 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც კომპანიას 12 ჰექტარი ეკუთვნის, 3 ჰექტარი კი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ამავე თემაზე:

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

რუსეთში „ვიაგრას“ მიწოდება შეწყდა

რუსული მედიის ცნობით, ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Viatris-ი (Pfizer-ის შვილობილი) წყვეტს რუსეთში ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარატის, Viagra-ს მიწოდებას.

რუსული მედიასაშუალების, „მედუზას“ ცნობით, 2022 წლის მარტში ამერიკულმა კომპანია Eli Lilly-მ შეაჩერა რუსეთში Cialis-ის მიწოდება, ეს პრეპარატიც ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება.

რუსეთში აცხადებენ, რომ ბაზარზე წარმოდგენილია სხვა პრეპარატები, რომლებიც  ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ გამოიყენება.

„მედუზას“ ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ისეთმა ცნობილმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა, როგორიცაა: Pfizer-ი, Novartis-ი, AbbVie და Sanofi განაცხადეს, რომ აჩერებენ ინვესტიციებს რუსეთში, მაგრამ შეინარჩუნებენ მედიკამენტების მიწოდებას. ამავე პერიოდში არაერთმა კომპანიამ შეაჩერა გარკვეული პროდუქტების მიწოდება რუსეთში, მაგალითად, AbbVie-მ შეწყვიტა ბოტოქსის მიწოდება, რომელიც ესთეტიკურ მედიცინაში გამოიყენება.

ბათუმში კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა – 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში, ლიფტი ჩავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროს ლიფტში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, 3 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი, ორმა კი კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ხულო-კურორტ გოდერძის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების [თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა] გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი[ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე ამ დროისთვის [15 თებერვალი, 15:05 სთ.] აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“ – აცხადებს დეპარტამენტი.

მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 თებერვალს შენარჩუნებული იქნება თოვა, მაღალ მთაში კი – ნისლი; შაბათს, 18 თებერვალს კი, გამოიდარებს.

რუსმა ჩინოსნებმა იციან, რომ სამხედრო ინდუსტრია ქვეყნის სისუსტე ხდება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 15 თებერვლის ანგარიშში რუსეთში სამხედრო წარმოებაზე გაზრდილ მოთხოვნასა და შესაბამისი მიწოდების გამოწვევებს განიხილავს. უწყების ანგარიშში განხილულია მაღალი რანგის მოხელეების განცხადებები – მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ამჟამინდელ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს ეკუთვნის.

მედვედევმა 9 თებერვალს ომსკის მანქანათმშენებელი ქარხანა მოინახულა და ტანკების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, მანამდე იყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო შეხვედრისას საჯაროდ გამოხატული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე რეაქცია, რომელიც ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვს მიემართებოდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე პუტინმა მანტუროვს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ უკეთესი მხარდაჭერისკენ მოუწოდა და ასევე მკაცრად გააკრიტიკა „სულელობისთვის“. მანტუროვი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაზეა პასუხისმგებელი.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ვარაუდობს, მაღალი რანგის რუსმა მეთაურებმა იციან, რომ სამხედრო ინდუსტრიის პროდუქტი ქვეყნის კრიტიკული სისუსტე ხდება, რაც უკრაინაში შეჭრის სტრატეგიული და ოპერატიული მცდარი გათვლებითაა გამწვავებული.

„თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წარმოება ჩამორჩება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს უკრაინაში სამხედრო კამპანიის რესურსებით მომარაგებასა და მისი გრძელვადიანი თავდაცვის მოთხოვნების აღსადგენად“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 15 თებერვლის ანგარიშში.

„მესამე პრეზიდენტს არ მოგაკვლევინებთ“ – საპროტესტო აქცია ქედაში

„თავისუფლება მიშას“ – ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია დღეს, 15 თებერვალს, ქედაში გაიმართა.

აქციის მონაწილეები დაბა ქედის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ, რომ სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოხერხდეს.

„ახალი ადამიანები გვიერთდებიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არც არიან, მაგრამ მოდიან, რადგან ხედავენ, რომ მიგვაქანებენ რუსეთისკენ,“ – გვიყვება რამინ ბერიძე, ენმ-ს ქედის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, – „შევდივართ ყველა სოფელში და ვემზადებით დიდი აქციისთვის, ჩვენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ მოვაკვლევინებთ“.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იმართება, მაგალითად, 9 თებერვალს აქცია გაიმართა ხელვაჩაურში, 10 თებერვალს კი – ქობულეთში.

————–

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ.

სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ  გაასაჩივრებენ.

ამ თემაზე: CNN “ვივამედიდან” სააკაშვილის კადრებს ავრცელებს

ნანგრევებიდან 42 წლის ქალი გამოიყვანეს თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს

თურქეთში, მიწისძვრიდან მეათე დღეს, ნანგრევებიდან 42 წლის  ქალი, მელიქე იმამოღლუ ცოცხალი გამოიყვანეს.

ქალმა 222 საათი გაატარა სახლის ნანგრევებში.

მას პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35 ათას ადამიანს გადააჭარბა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

_________________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com

ბათუმის ცენტრალური პარკიდან სავაჭრო ჯიხურები გააქვთ

დღეს, 15 თებერვალს, ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ ბათუმის ცენტრალურ პარკში სავაჭრო ობიექტების დემონტაჟი დაიწყო.

მათი განცხადებით, სავაჭრო ობიექტებს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ.

„ამ წლიდან ეს ობიექტები არის უკვე უნებართვო. ჩვენ გავაფრთხილეთ მეპატრონეები, მაგრამ არ გაიტანეს ჯიხურები, ამიტომ მუნიციპალურ ინსპექციას გააქვს  მერიის საწყობში“, – თქვა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილემ, თენგიზ მესხიძემ.

ცენტრალური პარკიდან სავაჭრო ჯიხურები გააქვთ.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მესხიძის თქმით, პარკის ტერიტორიიდან 8 ჯიხური უნდა გაიტანონ, ქალაქის ტერიტორიაზე კი 15-მდე მსგავსი ობიექტია, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარება.

„გორგილაძის ქუჩაზეა რამდენიმე ასეთი ობიექტი, რომლებიც უნებართვოდ დგას და დღეს-ხვალ გავიტანთ. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეები მიიღებენ ახალ ნებართვებს, ობიექტებს არ შევეხებით“, – ამბობს მესხიძე.

თენგიზ მესხიძის თქმით, ჯიხურები მოქალაქეებს იმ შემთხვევაში დაუბრუნდებათ, თუ ისინი მუნიციპალურ ინსპექციას მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენენ.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 თებერვლის 21 საათიდან 16 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, თოვა, დროგამოშვებით – ძლიერი.

იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 20-25 მეტრი წამში. მთაში მოსალოდნელია ნისლი და ქარბუქი.

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი ყინვა

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 17 თებერვალს შენარჩუნებული იქნება თოვა, მაღალ მთაში კი – ნისლი.

აჭარაში შაბათს, 18 თებერვალს, გამოიდარებს.

ჟურნალისტ პონომარენკოს 6 წელი მიუსაჯეს რუსულ არმიაზე „ფეიკის“ გავრცელებისთვის

რუსეთში, ციმბირის ერთ-ერთი ოკრუგის დედაქალაქ ბარნაულის ლენინის რაიონულმა სასამართლომ RusNews-ის ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს, რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელების საქმეზე, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ასევე 5 წლით აუკრძალა პონომარენკოს ჟურნალისტური საქმიანობა. ამის შესახებ იუწყება სოტას კორესპონდენტი, რომელიც სხდომათა დარბაზში იმყოფება.

თავის ბოლო სიტყვებში მარია პონომარენკომ განაცხადა: „არასოდეს არც ერთი ტოტალიტარული რეჟიმი არ ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც მის დაშლამდე“.

პონომარენკოს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც „რუსული არმიის შესახებ პოლიტიკური სიძულვილით მოტივირებული ფეიკების გავრცელებას“ გულისხმობს. ეს მუხლი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში ერთი წლის წინ გაჩნდა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მალევე.

პროკურორი პონომარენკოს კოლონიაში გაშვებას 9 წლით ითხოვდა (მუხლი მაქსიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), ასევე დაჟინებით ითხოვდა მისთვის ინტერნეტში საზოგადოებრივი საქმიანობის 5  წლით აკრძალვას.

მარია პონომარენკო 2022 წლის მარტში, საკუთარ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებული პოსტისთვის გაასამართლეს, რომელიც ეხებოდა რუსული ჯარის მიერ მარიუპოლში დრამატული თეატრის დაბომბვას (იმ დროს ქალაქი ბლოკადაში იყო და რუსული არმია განუწყვეტლივ ბომბავდა). თავდაპირველი პოსტი გამოჩნდა ანონიმურ არხზე, რომელსაც ათასი გამომწერი ჰყავდა და მოგვიანებით წაიშალა.

ერთი თვის შემდეგ, 2022 წლის აპრილში, პონომარენკო დააკავეს სანკტ-პეტერბურგში, სადაც ცოტა ხნით ადრე გადავიდა საცხოვრებლად. „ის დააკავა სპეციალურმა დაჯგუფებამ“, – თქვა აქტივისტმა იანა დრობნოხოდმა. სანკტ-პეტერბურგიდან მარია გადაიყვანეს ალტაის მხარეში, სადაც მის სისხლის სამართლის საქმეს იძიებდნენ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 15 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 139 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
  • ტანკი – 3 290 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 507 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 2 303 ერთეული [+4]
  • MLRS – 466 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 236 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+02]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 011 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 161 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 219 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 15 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 208 ვერტმფრენი
  • 3 132 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 875 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 020 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 101 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 388 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსმა ჩინოსნებმა იციან, რომ სამხედრო ინდუსტრია ქვეყნის სისუსტე ხდება – ბრიტანეთის დაზვერვა

ვის შეუძლია „იაფი სახლის“ პროგრამაში მონაწილეობა – შეცვლილი კრიტერიუმები

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ პროგრამაში, კონკრეტულად კი ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმებში, რამდენიმე საკითხი დააზუსტა.

გარდა ამისა, მერიამ, პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე #82-ში აშენებული სახლების განაწილების დაწყებამდე, ამ სახლებში ერთი კვ.მეტრის ფასი და ყოველთვიური სახდელის ოდენობა განსაზღვრა [ბინის ღირებულება].

ცვლილებები პროგრამაში ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.

მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩაზე, #82-ში აშენებულ კორპუსებში ერთი კვ.მეტრის ფასი 1669,08 ლარი იქნება. მერიის განმარტებით, ღირებულება საერთო სარგებლობის ფართთან და წილობრივ მიწასთან ერთად განსაზღვრეს.

ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ კორპუსებში, მერიის დაანგარიშებით, ყველაზე პატარა – 36. 85 კვ. მეტრი ბინის ფასი 61 505 ლარია: ასეთ შემთხვევაში ყოველთვიური სახდელი 341.70 ლარი იქნება. ყველაზე დიდი – 65. 59 კვ.მეტრი ბინის ფასი – 109 474 ლარი, ყოველთვიური სახდელი კი 608 ლარი იქნება.

ეს 15 წელზე განაწილების შემთხვევაში. მერიაში ამ ვადის 20 წლამდე გაზრდასაც არ გამორიცხავენ იმ მიზეზით, რომ გადახდაში პრობლემები უკვე ფიქსირდება: „ვერ იხდიან“.

ჯავახიშვილის #82-ში „იაფი სახლის“ [იგივე ხელმისაწვდომი საცხოვრისის] პროგრამის ფარგლებში 4612 კვ. მეტრზე 4 კორპუსი ააშენეს. თითოეულ კორპუსში 25 ბინაა. შესაბამისად, პროგრამის მეორე ეტაპზე მერია პროგრამის ფარგლებში 100 ბინას გაანაწილებს.

მერიის ინფორმაციით, ამ ოთხი კორპუსის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ 941 696 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ოჯახების შერჩევის კრიტერიუმებს, ცვლილების მიხედვით, პროგრამაში მონაწილე ოჯახის ყველა წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე ან  ოჯახებზე, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა პროგრამის ამოქმედების შემდგომ მიიღეს.

პროგრამაში მონაწილეობისთვის ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრი მაინც უნდა იყოს დარეგისტრირებული ბათუმში, პროგრამის ამოქმედებამდე ბოლო ერთი წელში მაინც. პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე ან ოჯახებზე, რომლებმაც ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ [თუ მანამდე ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო რეგისტრირებული ბათუმში].

ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან სახლი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ან კომერციული ფართობი, რომლის ზომაც აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.

პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე ან ოჯახებზე, რომლებსაც პროგრამის ამოქმედების დროს საკუთრებაში გააჩნდათ უძრავი ქონება და იგი გაასხვისეს პროგრამის ამოქმედების შემდგომ.

მერიამ ასევე დააზუსტა, რომ განკარგულება, რომლითაც პროგრამაში ცვლილება დაამტკიცეს ვრცელდება მუნიციპალური პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ მიმდინარე და შემდგომი ეტაპების სარგებლობით დაინტერესებული პირების განაცხადებზე და მათ საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. [ პროგრამის მეორე ეტაპზე]

მერიის ინფორმაციით, კრიტერიუმების დაზუსტება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამდნენ ოჯახები, რომლებმაც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ბათუმში რეგისტრაცია გაიარეს პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რეგისტრაციიდან ერთი წლის შემდგომ კი მიმართეს ბათუმის მერიას.

პროგრამის პირველ ეტაპზე მერიამ ბინა 80 ოჯახს გადასცა.

პროგრამით სარგებლობა ბათუმში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელთაც არ აქვთ ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ. მერია შერჩეულ ოჯახებთან შესაბამის ხელშეკრულებებს აფორმებს.

მთავარი ფოტო: ბათუმის მერია – იაფი სახლი

ვინ იხეირა რუსების შემოსვლითა და ფასების გაძვირებით – ინტერვიუ ეკონომისტთან

„ყველაზე დიდი საფრთხე ამ პროცესში არის ენერგომატარებლები, რაც რუსეთში იაფია და ვეღარ ყიდიან დასავლეთში. ახლა ამ გაიაფებამ შესაძლოა გააჩინოს განცდა, ორიენტირი გააკეთონ რუსეთზე და… უკეთეს ფასს მიაღწიონ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს ეკონომისტმა გიგა ბედინეიშვილმა. მას იმაზე ვესაუბრეთ, ომის დაწყების შემდეგ ცხოვრების გაძვირება რამდენად უკავშირდება საქართველოში რუსეთის თითქმის მილიონ-ნახევარი მოქალაქის შემოსვლას?

ეკონომისტის დაკვირვებით, რუსების მასობრივად შემოსვლამდეც გვქონდა ინფლაცია, ხოლო ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან ციფრებში ეკონომიკური ზრდა მოგვცა.

„ამიტომაცაა, რომ ჩვენ გვაქვს ახლა მაღალი ეკონომიკური ზრდა და გვაქვს მაღალი ინფლაციაც. მაღალი ინფლაცია ბრალდება მთავრობას, ეკონომიკური ზრდა კი, რაც გამოხატულია ციფრებში, ამ ეტაპზე უკავშირდება რუსებს. მაგრამ ისინი ხომ წავლენ? – იმედია, წავლენ. შემდეგ ეკონომიკური ზრდა რის საფუძველზე უნდა გვქონდეს? რუსების იმედზე ხომ არ უნდა ვიყოთ?“ – კითხულობს ეკონომისტი.

„ბათუმელებმა“ გიგა ბედინეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, იგი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის დეკანია.

  • ბატონო გიგა, მარტივად დასანახია, რომ ცხოვრება გაძვირდა: ბინის ყიდვა, ქირაობა, საკვები პროდუქტები… რა წილი აქვს ფასების გაძვირებაში რუსების მასობრივად შემოსვლას საქართველოში? ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს რუსეთის 1 მილიონ 459 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

საქართველოში მაღალი ინფლაცია გვაქვს უკვე ორი წელია დაახლოებით, ფაქტობრივად, კოვიდპანდემიის შემდეგ. ეს იყო დაკავშირებული ეროვნული ბანკის ქმედებებთან, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, როცა, შეიძლება ითქვას, სულელური გადაწყვეტილებები მიიღეს კოვიდპანდემიის დროს.

ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ინფლაცია და ამ ინფლაციას მარტო რუსების შემოსვლას ვერ დავაბრალებ. გეთანხმებით, რომ რაღაც კატეგორიებში დამატებით მოთხოვნა გაჩნდა, იგივე ბინის ქირავნობის კუთხით, მაგრამ თავად ინფლაცია დიდი ხნის პრობლემაა. საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდაც მანამდე გვქონდა, ვიდრე რუსები დაიწყებდნენ შემოსვლას.

  • იქნებოდა ფასების იგივე ზრდა, რუსების ეს რაოდენობა რომ არ შემოსულიყო ქვეყანაში? 

იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს მონეტარული ბაზრის პრინციპებია. ინფლაციას როცა დაიწყებ, ძალიან რთულია შემდეგ მისი შეჩერება. ინფლაცია ჯიუტი რამეა: ჯინს როცა ამოუშვებ ბოთლიდან, მერე მისი ჩაბრუნება მარტივი არ არის. გიდასტურებთ, რომ რაღაც კატეგორიაში შესაძლოა რუსების შემოდინების გამო გაიზარდა ფასები.

გიგა ბედინეიშვილი
  • ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემით, 2022 წლის დეკემბერში 317.31 მლნ აშშ დოლარი ფულადი გზავნილი ჩარიცხეს, რაც დაახლოებით 700 %-იანი წლიური ზრდის მაჩვენებელია. რა გავლენა ჰქონდა ამ გზავნილების ზრდას? 

დიახ, გადმორიცხვები გაზრდილია და რუსეთიდან ფულადი გზავნილები პირდაპირ კავშირშია მათ შემოსვლასთან. ვიღაც შემოდის რუსეთიდან, ანგარიში აქვს რუსეთში და შემდეგ ფული გადმოაქვს აქ. ეს პროცესი ჩვენ გვაქვს დაახლოებით ერთი წელია.

ვალუტის გამყარებაც დოლარის შემოსვლას რომ უკავშირდება, ამაში მთავრობას ვერ შეეკამათები. ამას შეიძლება ჰქონდეს მცირე გავლენა.

  • ეს შემოსავლები როგორ და როდის აისახება ჩვენს მოქალაქეებზე? ანუ რუსები ყიდულობენ და ქირაობენ ბინებს, სარგებლობენ კვების ობიექტებით და ასე შემდეგ. თუ ეს მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებზე აისახება, ვისაც მაგალითად, რამდენიმე ბინა აქვს ან რესტორანი? 

ვინც აქირავებს ბინას, ცხადია, იმას შემოსავლები გაეზარდა, რადგან რუსები ბევრად უფრო ძვირად ქირაობენ ბინას, ვიდრე მანამდე ქირავდებოდა. ვისაც ფიქსირებული შემოსავლები ჰქონდა, მისთვის ცხოვრების დონე გაუარესდა, ვინაიდან ინფლაცია მთავარი დარტყმაა ასეთი ადამიანებისთვის. ინფლაციაზე ბევრ რამეს აქვს გავლენა, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა ამ შემთხვევაში ჰქონდა არასწორ პოლიტიკას, რაც იყო 2 წლის წინ, როცა მონეტარული მასა მკვეთრად გაიზარდა.

მიმაჩნია, რომ რუსების შემოსვლას საქართველოში იმ ხარისხის გავლენა ინფლაციაზე არ ჰქონია – მათ მიერ საქართველოში ფულის ხარჯვას პირდაპირი გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომაცაა, რომ ჩვენ გვაქვს ახლა მაღალი ეკონომიკური ზრდა და გვაქვს მაღალი ინფლაციაც. მაღალი ინფლაცია ბრალდება მთავრობას, ეკონომიკური ზრდა კი, რაც გამოხატულია ციფრებში, ამ ეტაპზე უკავშირდება რუსებს, მაგრამ ისინი ხომ წავლენ? – იმედია, წავლენ, შემდეგ ეკონომიკური ზრდა რის საფუძველზე უნდა გვქონდეს? რუსების იმედზე ხომ არ უნდა ვიყოთ?

  • უძრავი ქონების აგენტებმაც გვითხრეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უჭირთ ბინის დაქირავება. კიდევ რამდენით შეიძლება გაძვირდეს ბინის ქირა თბილისში, ან ბათუმში, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსები ისევ შემოდიან? „თიბისი კაპიტალის“ 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, თბილისში გასაქირავებელ ბინებზე კვადრატული მეტრის ფასი 120%-ით გაიზარდა. ბათუმშიც ბინის ფასი უძრავი ქონების აგენტების თქმით, გაორმაგდა.

მგონია, რომ ნახტომი იყო დიდი რაოდენობით რუსების შემოსვლის გამო. მგონია, რომ მომავალში განსაკუთრებულ ზრდას არ უნდა ველოდოთ. მე ვეყრდნობი ამ დაშვებას, რომ რუსების შემოდინება ასე არ გაგრძელდება და პირიქით, გადინება მოხდება. თუ მთელი რუსეთი აქ გადმოსახლდა, მაშინ, ცხადია, კიდევ გაიზრდება ბინის ფასი.

ჩემი მოლოდინია, რომ უკრაინაში სიტუაცია უკეთესობისკენ წავა, იმედი მაქვს, რომ პუტინის რეჟიმი ჩამოინგრევა და რუსებიც დაუბრუნდებიან ძველ ცხოვრებას.

  • საქსტატის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული საკვები პროდუქტები გაიაფდა. თუ ომის დაწყების დროისთვის საშუალო ინდექსი წინა თვესთან შედარებით გვქონდა მარტში 104.6, აპრილში – 100.9, 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი არის 98.5. რას აჩვენებს თქვენთვის ეს ციფრები?

მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს რეალური იყოს და იგი უკავშირდებოდეს ვალუტის გამყარებას.

  • მაგრამ ადამიანები უფრო და უფრო უჭირთ საკვების ყიდვა, ბინის ქირაობა…

ვიღაც ხომ კმაყოფილია?

  • კონკრეტული ჯგუფი, მშენებლები, მაგალითად? 

ვიღაც ხეირობს, ვიღაც – ზარალობს. ზოგადად, ეკონომიკური ზრდა მაღალი გვაქვს, ეს დადებითად აისახა ჯამში. მოქალაქე არ არის ის, ვინც აქირავებს?

  • დიახ, მაგრამ ისინიც ამბობენ ცხოვრება იმდენად გაძვირდა, მიღებული შემოსავლები თავის გასატანად ძლივს გვყოფნისო.

ვინც გააქირავა, ის ხეირობს, ან ვისაც მაღაზია აქვს, ის უფრო მაღალ ფასად ჰყიდის… მთლიანობაში, გავლენა არის ეკონომიკური ზრდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, რაღაც პრობლემა არსებობს, ჯერ არ გამოკვეთილა კონკრეტული ნიშნები, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ფაქტია, რომ რუსეთიდან ნაკადის შემოსვლამ მოგვცა დადებითი ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ რუსეთზე არ უნდა ავაწყოთ საქართველოს ეკონომიკა. ისინი დღეს შემოვიდნენ, ხვალ – წავლენ.

საქართველოს ხელისუფლებას რომ ჰქონოდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს გავლენა არ იქნებოდა ასეთი მაღალი. ამას სჭირდება სწორი პრივატიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, პრემიერი არ უნდა იძახდეს, ფასებს გავაკონტროლებო და ივანიშვილიც კულისებიდან არ უნდა მართავდეს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა – ივანიშვილი, რომელიც რუსეთში ფორმირებულია და ამბობდა კიდეც წლების წინ, მე ვერ წარმომიდგენია რუსეთს მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია სურდესო.

  • ჩანს ახალი ტენდენციაც, როცა ევროპულ პროდუქციას ანაცვლებს რუსული, რომელიც შედარებით იაფია. ღარიბაშვილიც საუბრობს ფასების ზედა ზღვრის დაწესებაზე. რა ტენდენციაა ეს და რამდენად ხედავთ საფრთხეს, რომ ამ მიდგომით ჩვენ ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად გავხდეთ რუსეთზე დამოკიდებული?

ზედა ზღვრის დაწესება აბსოლუტურად გაუმართლებელი პოლიტიკაა და იმედია, ამას არ გააკეთებენ. ყველაზე დიდი საფრთხე ამ პროცესში არის ენერგომატარებლები, რაც რუსეთში იაფია და ვეღარ ყიდიან დასავლეთში. ახლა ამ გაიაფებამ შესაძლოა, გააჩინოს განცდა, რომ ორიენტირი გაკეთდეს რუსეთზე, რომ უკეთეს ფასს მიაღწიოს.

ენერგომატარებლებზე გრძელვადიანი დამოკიდებულება ყოველთვის საშიშია, რადგან რუსეთმა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიყენოს ეს პოლიტიკური მიზნებისთვის. ის ევროპაშიც ამას ცდილობდა.

სახიფათოა ასევე ექსპორტი რუსეთში, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება გადაუტრიალდეს პუტინს თავში რაღაც და ემბარგო დაგვადოს. ინვესტიციები კი, რუსეთიდან არ მიმაჩნია უსაფრთხოების პრობლემად, პირიქით, ფულის შემოდის და ბერკეტი საქართველოს უჩნდება. არ ვგულისხმობ გამონაკლის შემთხვევებს, მაგალითად, ყიდულობენ პორტს, რომ ჩაკეტონ მოძრაობა – თუ ასეთი კონსპირაციაა, კი ბატონო.

დიდი ალბათობით რუსული ინვესტიცია მოწყვლადია საქართველოში, ამის კარგი მაგალითია „თელასი“. შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესოდ იქცევიან არა იმიტომ, რომ ზოგადად რუსი ბიზნესმენები კარგი არიან, არამედ მოწყვლადია ქართულ იურისპრუდენციაში.

მტერზე უარესია რუსეთი – მასწავლებელი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ის გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების სამინისტრომ საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს.

დიანა 21 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია. ის ომამდე გულრიფშის რაიონში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად, თუმცა ყველაფრის მიტოვება მოუხდა.

„როცა სამეგრელოში ჩამოვედით, რაღაც პერიოდი დევნილთა შტაბში ვმუშაობდი წითელი ჯვრის ეგიდით, შემდეგ კი სკოლაში დავიწყე მუშაობდა და უკვე 28 წელია მასწავლებელი ვარ“, – გვეუბნება ის.

დიანა ამბობს, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად არაფორმალურ განათლებასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ სკოლაში რამდენიმე კლუბი აქვს შექმნილი და ხშირად, შაბათ-კვირასაც აქტიურად ატარებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ბავშვები მაინც ახერხებენ განვითარებას და ამაში ძალიან დიდი როლი აქვს კლუბებს.

ამ კლუბების დამსახურებაა ისიც, რომ ბავშვები ძალიან კარგი ქართულით მეტყველებენ, აზროვნებენ და სხვა უნარებსაც ივითარებენ. თუ განათლება და განვითარება გინდა, ყველგან შეძლებ ამას“, – მიიჩნევს დიანა წურწუმია.

მისი თქმით, სასწავლო რესურსებს ბავშვებთან ერთად ქმნის და ეს კიდევ უფრო მეტად ეხმარება მათ ახალი იდეების წარმოჩენაში.

„ნაყიდს ყოველთვის ჯობია შენი ხელით შექმნილი, რადგან შექმნის პროცესში მოსწავლე იზრდება და ახალი იდეებიც უჩნდება.

კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ძალიან გვეხმარება ჩვენი კლუბი – „კირკიტი“, სადაც ვმსჯელობთ, ვდებატობთ, გარკვეული ნაწარმოებებიდან ილუსტრაციებს ვქმნით და გამოფენილიც გვაქვს ჩვენი კლუბის ფეისბუკ გვერდზე.

ვაკეთებთ თოჯინებსაც და ვახმოვანებთ ცალკეულ ნაწარმოებებს. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ბავშვებს მეტყველების, აზროვნების განვითარებაში“, – ამბობს დიანა.

მისი თქმით, სადებატო თემებს ბავშვები თავად არჩევენ. მაგალითად, მომდევნო თემა ზოოპარკებია.

„ამ შაბათს უნდა მომიტანონ არგუმენტები, თავისი მაგალითებით იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ზოოპარკები იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს“, – გვეუბნება დიანა.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და კიდევ უფრო გაძლიერდა რუსული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში, უმსჯელიათ თუ არა მოსწავლეებს ამ თემაზე სკოლაში? რას ეუბნებით მათ ომზე? – ვკითხეთ მასწავლებელს.

ის ამბობს, რომ პირველი, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააკეთეს, დახმარების ფონდი იყო, რომელიც პირადად მისი ინიციატივით გაკეთდა.

„დაახლოებით 6 ათასი ლარის პროდუქტი შევაგროვეთ და გავაგზავნეთ უკრაინაში. როცა ომია, როგორ შეიძლება ადამიანს ამაზე რეაქცია არ გქონდეს?

ჩვენ კინოკლუბიც გვაქვს – „სინედოკი“, სადაც დოკუმენტურ ფილმებს ვაჩვენებთ. აქ ვაჩვენეთ სირიის ომზე ფილმი და ვმსჯელობდით“, – გვეუბნება დიანა.

როგორ ფიქრობთ, რუსეთი საქართველოს მტერია? – ვკითხეთ მას, რაზეც დიანა გვპასუხობს: „მე ვიტყოდი, რომ მტერზე  უარესია“.

აქ ის იხსენებს საკუთარი ოჯახის ტრაგიკულ ისტორიას აფხაზეთში.

„მე ვიცი რა არის ომი… ბიძაჩემი 38 წლის იყო, როცა მოკლეს, ბებიაჩემი ჯერ დაჭრეს, შემდეგ  ბენზინი დაასხეს და ცოცხლად დაწვეს. მძიმეა ხომ?…

ძალიან ბევრი ახლობელი, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ომს შეეწირა. ჩემთვის ძალიან რთულია ომზე საუბარი. ამიტომ, უნდა დასუსტდეს რუსეთი, რომ ჩვენ შევძლოთ იმის დაბრუნება, რაც დავკარგეთ. ურჩხული უნდა დასუსტდეს“, – ამბობს დიანა წურწუმია.

მისი აზრით, დღეს იმიტომ უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით, რომ ისიც ჩვენსავით საკუთარ მიწას იცავს. „უკრაინელი თავის ქვეყანას იცავს. ის არავის ტერიტორიაზე არ შეჭრილა, ისევე როგორც ჩვენ“, – ამბობს დიანა.

ის საჭიროდაც კი არ მიიჩნევს კითხვის დასმას, თუ სად არის საქართველოს მომავალი, რადგან, მისი აზრით, ეს ისედაც ცხადი და გასაგებია.

„როცა რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში, მაშინ დავაფიქსირე ჩემი აზრი და იმავე აზრზე ვიქნები ყოველთვის. ეს არის სულხანის გზა – გზა, რომელიც მიდიოდა ევროპაში. ორი გზა არ არსებობს.

„რა ხელს-ჰყრის პატივს ნაზი ბულბული, გალიაშია დატყვევებული“… ქედან გამომდინარე, ჩვენ სულიერად თავისუფალი ადამიანები უნდა გავზარდოთ, პიროვნებებად გავზარდოთ და როცა კარგი განათლება ექნებათ, ადვილად ვერავინ მოახვევს თავის აზრებს“, – გვეუბნება დიანა.

მისი აზრით, მთავარია, ბავშვებს კარგად ვასწავლოთ ისტორია, ყველა ფაქტი სწორად მივაწოდოთ და შემდეგ თავად შეძლებენ ლოგიკური დასკვნის გამოტანას.

„ამ ყველაფერთან ერთად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ არ უნდა დახოცონ ადამიანებმა ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო. სწორედ ამიტომ მომწონს დებატ-კლუბის არსებობა ჩემ სკოლაში.

ვასწავლი, რომ განსხვავებული აზრის გამო არ უნდა სძულდეთ ერთმანეთი, არ იჩხუბონ და არ დაარტყან ერთმანეთს, რისი პრობლემაც, სამწუხაროდ, საქართველოში არის“, – ამბობს დიანა.

რას აკეთებენ აჭარის მთის სკოლები, სადაც ინგლისურის მასწავლებლები არ ჰყავთ 

„ბათუმელებს“ ინგლისური ენის სერტიფიცირებული, ახალგაზრდა მასწავლებელი ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ სურდა აჭარის მთის რომელიმე სოფლის სკოლაში მუშაობა დაეწყო ინგლისურის მასწავლებლად, მაგრამ პროგრამის ფარგლებში ეს ვერ მოახერხა: მას უთხრეს, რომ პროგრამა გაუქმებულია.

მასწავლებელმა „ბათუმელებს“ სთხოვა, შემდგომში პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, მისი ვინაობა არ გავამხილოთ.

საქმე ისაა, რომ აჭარის განათლების სამინისტრომ, თავის დროზე, სწორედ სოფლის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავა პროგრამა – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“. თუმცა, მთის სოფლების ზოგიერთ სკოლაში დღემდე, მაგალითად ინგლისურ ენას ასწავლის სხვა საგნის, ან სულაც არასერტიფიცირებული მასწავლებელი. შესაბამისად, პროგრამის საჭიროება ისევ დგას დღის წესრიგში.

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება“.

პროგრამა, მოტივაციის გაზრდის მიზნით, მასწავლებლებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

შესაბამისად, „ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რის საფუძველზეც უთხრეს უარი ახალგაზრდა, ინგლისურის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ჩართულიყო აჭარის განათლების სამინისტროს ქვეპროგრამაში – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“?

სამინისტროში პროგრამის კოორდინატორი, მაია დოლიძე კვლავაც ადასტურებს, რომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მიმდინარეა პროგრამა და ითვალისწინებს ხულოს, შუახევისა და ქედის სკოლებში მასწავლებლების დეფიციტის შევსებას, სადაც უცხო ენისა და საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული მასწავლებლები არ ჰყავთ.

„სკოლა ჯერ უშუალოდ რესურსცენტრს მიმართავს და რესურსცენტრი აგზავნის [მასწავლებლებზე] მოთხოვნის წერილს [განათლების] სამინისტროში.

ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, რომ ამა თუ იმ სკოლას არ ჰყავს ინგლისურის, მათემატიკის, თუ ფიზიკის მასწავლებელი, პირობითად“, – გვითხრა მაია დოლიძემ.

აქ წაიკითხეთ „ბათუმელების“ მიერ მომზადებული სტატია – ხულოს 4 სკოლა ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს ეძებს.

მაია დოლიძე აზუსტებს, რომ განათლების სამინისტროში შესული ყველა მსგავსი წერილი [მასწავლებლების დეფიციტზე], მათ დეპარტამენტში გადადის.

„მე, უშუალოდ მაია დოლიძეს, ამ წუთას, მსგავსი წერილი არ მომსვლია და არ მაქვს. ჩემამდე ეს ინფორმაცია არ მოსულა. მე ვარ ამ პროგრამის კოორდინატორი, თუ იქნებოდა მსგავსი მომართვა, ყველა შემთხვევაში ეს მოვიდოდა ჩემთან.

ჩვენ საბუთებს ვიღებთ უწყვეტ რეჟიმში. ნებისმიერ დროს შეუძლია აპლიკანტს ჩააბაროს საბუთები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მირეკავენ და მეკითხებიან, დავუშვათ, რომ შემოვიტანო განცხადება, როდის გავივლი კონკურსს? რა თქმა უნდა, მაგაზე მე პასუხი არ მექნება…  მიუხედავად ასეთი პასუხისა, ადრე მაინც შემოჰქონდათ საბუთები, ახლა აღარ კარგავენ დროს. ამ წუთას მე საერთოდ არც ერთი განაცხადი არ მაქვს.

პედაგოგები, რომლებსაც ჩვენ აქედან ვაგზავნით უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, ვაძლევთ დანამატს ჩატარებული საათების მიხედვით – თვეში 800-1000 ლარის ოდენობით. გამოყოფილია მათთვის ბინაც“, – ამბობს მაია დოლიძე.

ხულოს რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი, რამინ ბერიძე ამბობს, რომ მათი სკოლა, სადაც ახლა 57 მოსწავლე სწავლობს, ინგლისური ენის სერტიფიცირებულ მასწავლებელს უკვე 5 წელია ეძებს და ჯერ ისევ არ ჰყავთ. მისი თქმით, ამის შესახებ მუნიციპალიტეტის რესურსცენტრშიც იციან.

„სასწავლო წლის დასაწყისში მე-12 კლასში სკოლას 5 მოსწავლე ჰყავდა, ახლა მხოლოდ 1 ჰყავს. უცხო ენის გამო მოსწავლეები ახალ წლამდე გადავიდნენ ქალაქის სკოლებში. ინგლისურში პრობლემა რომ არ ჰქონოდათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ამიტომ გადავიდნენ.

სისტემატურად მიდევს ვაკანსიაზე ინგლისურის და რუსულის საათები, მაგრამ არავინ არ მოდის.

რესურსცენტრიც ჩართულია, უნდა დამეხმაროს, მაგრამ რელიეფურად ძალიან მაღალი სოფელია ჩვენი, ძალიან ცუდი კლიმატური პირობებია ზამთარშიც და ამის გამო არიდებენ თავს მასწავლებლები მოსვლას“, – ამბობს რამინ ბერიძე.

ხულოს ვერნების საჯარო სკოლაც ეძებს ინგლისურის სერტიფიცირებულ მასწავლებელს. სკოლის დირექტორის, ზურაბ აბაშიძის თქმით, საქმის კურსშია ხულოს რესურსცენტრიც და რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ედუარდ მიქელაძე ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლაშიც იყო, კონტაქტი ჰქონდა სკოლის დირექტორთან და ინგლისურის მოქმედ მასწავლებელთან სკოლაში.

„ინგლისურის ერთი სერტიფიცირებული მასწავლებელი მყავს და ინგლისურის სხვა მასწავლებელიც აუცილებლად გვესაჭიროება. სულ 31 [ინგლისური ენის საგაკვეთილო] საათი გვაქვს სკოლაში. უშუალოდ ერთი მასწავლებელი ვერ სწვდება, დროებით ასწავლის“, – გვითხრა ზურაბ აბაშიძემ.

„ბათუმელებმა“ ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ედუარდ მიქელაძეს ჰკითხა, სერტიფიცირებული მასწავლებლების გაგზავნის მიზნით ამ და სხვა სკოლებში, სადაც კადრების დეფიციტია, მიმართეს თუ არა პროგრამას – „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“.

„ეს პროგრამა, რაც პანდემია დაიწყო, მას შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოცხადებულა. მიმართვა გვქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა პროგრამით უშუალოდ ვინც თავის დროზე მიიღეს ისინი არიან, ანუ არც მომატებულა და პრინციპში, ვინც ვერ ჩააბარა ის მასწავლებლები წავიდნენ, მოაკლდნენ, თუმცა დამატებით აღარ ყოფილა.

მე წელსაც მქონდა საუბარი ქალბატონ მაიასთან და მითხრა, რომ პროგრამის გაგრძელებაზე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ანუ დავამატებთ თუ არა უკვე შემდეგისთვის იქნება ცნობილი, სექტემბრიდან გაჩერებულები ვართო“, – ამბობს ედუარდ მიქელაძემ.

„ბათუმელებმა“ ხულოს რესურსცენტრის დირექტორს გადასცა მაია დოლიძის განცხადება – რომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ მიმდინარე პროგრამაა.

„მაშინ, თუ მიმდინარეობს ჰკითხეთ, როცა მოგმართეს, რატომ არ დაუმატეთ [ინგლისურის მასწავლებლები] იმ სკოლებში, სადაც არ ჰყავთ მასწავლებლებიო. საქმის კურსშია ყველა, რომ მასწავლებლები არ გვყავს რამდენიმე სკოლაში.

მაია დოლიძემ მითხრა, რომ ამ ეტაპზე გაჩერებულია პროგრამა, უფრო სწორად არ ვამატებთ არაფერსო და შემდეგისთვის, ალბათ უფრო სექტემბრიდან რაღაც სიახლეები გვექნებაო“, – დასძინა ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მოგვიანებით, ედუარდ მიქელაძე დაგვიკავშირდა და შემდეგი განაცხადა: „თებერვალში ვაკანსიები ინგლისურში პრაქტიკულად აღარ გვაქვს. ერთადერთი, ვერნებში რომ მრავალი საათია ეგ რჩება მხოლოდ. ამ ეტაპზე საციხურში რაც იყო, მოვაგვარეთ და პრაქტიკულად არსად არ გვაქვს ინგლისურში ვაკანსიები“.

„ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა სკოლებს, სადაც გასულ კვირას განმარტეს, რომ არ ჰყავთ ინგლისურის სერტიფიცირებული მასწავლებელი. სკოლის დირექტორებმა ისევ გაიმეორეს, რომ არ ჰყავთ ინგლისურის მასწავლებელი, ერთ-ერთმა მათგანმა კი თქვა, რომ ეს პრობლემა შემდეგი კვირიდან მოგვარდება.

ქედაში ქალის ბიზნესიდეას 4500 ლარით აფინანსებენ, ძალადობის მსხვერპლს კი ოჯახს გაარიდებენ

წელს ქედის მუნიციპალიტეტი ქალი მეწარმეებისა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის რამდენიმე მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა ბიუჯეტი ჯამში 50 000 ლარია.

პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ადგილზე საკუთარი საქმის წამოწყების დაფინანსებას გულისხმობს. თითოეული ბიზნესიდეა მაქსიმუმ 4500 ლარით დაფინანსდება. პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადებების მიღება მარტის თვიდან დაიწყება. მონაწილის მხრიდან თანადაფინანსება განსაზღვრულია 20%-ით.

ქედის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში, მირანდა ფარტენაძე ამბობს, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ცხრა ქალი დაფინანსდა, რომლებიც დღეს სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.

მირანდა ფარტენაძე განმარტავს, რომ პროგრამის მიზანი ქალების ეკონომიკური გაძლიერებაა, ამიტომაც „ამ საქმიანობის განმახორციელებელი უნდა იყოს უშუალოდ ქალი და არა, მაგალითად, მისი ქმარი ან შვილი. ანუ ამ ქალი მეწარმეების სახელზე უნდა ფიქსირდებოდეს ქონება, იჯარა და ა.შ.“

გასულ წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულმა ერთ-ერთმა ქალმა ქედაში დანერგა სრულიად ახალი სერვისი – გახსნა ქიმწმენდა. მეორე ქალმა გრილის აპარატი შეიძინა და მახუნცეთის ტერიტორიაზე აამუშავა, კიდევ ერთმა ქალმა კი შეიძინა ვირტუალური სათვალეები, იყიდა სპეციალური პროგრამები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ადგილზე  ვირტუალურად დაათვალიერო ქედაში არსებული რომელიმე კულტურული ძეგლი თუ სხვა ღირსშესანიშნავი ადგილი.

მეწარმე ქალთა მხარდაჭერის ბიუჯეტი წელს 30 ათასი ლარია.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამა“ ორკომპონენტიანია. პირველი კომპონენტი გულისხმობს ქედაში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალებისთვის ფინანსურ დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობის დაქირავებას. მეორე კომპონენტი კი, ამ საკითხებზე ხუთ შეხვედრას მოიცავს. ლექცია-სემინარები ნოემბრის თვიდან სხვადასხვა ჯგუფთან ჩატარდება.

„პროგრამის საშუალებით ხდება უშუალოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის გარიდება ოჯახიდან, სადაც ის უსაფრთხოდ არ გრძნობს თავს, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების ვადაში. 400-დან 800 ლარამდე თანხა გამოიყოფა ამ ადამიანებისთვის, ყოველთვიური დახმარებისა და ქირის სახით,“ – ამბობს მირანდა ფარტენაძე.

ასეთ ბენეფიციარზე ყოველთვიურად გასაცემი თანხის ოდენობა სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება, მათ შორის არის შვილების რაოდენობა.

ქედის მერიაში განმარტავენ, რომ ეს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა, თუმცა დღემდე პროგრამით არავის უსარგებლია.

პროგრამის ბიუჯეტი წინა წელს 6 740 ლარი იყო, წელს კი 10 000 ლარია.

„გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა/ცნობიერების ამაღლების მიზნობრივი პროგრამა“ კი, ძირითადად თემებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაზეა ორიენტირებული. პროგრამის ფარგლებში 8 ღონისძიებაა დაგეგმილი. ბიუჯეტი 10 000 ლარია.

მირანდა ფარტენაძის განმარტებით, გენდერული თანასწორობის საკითხებზე შეხვედრები ჩატარდება მოსწავლეებთან, სოფლის მცხოვრებლებთან, ასევე, სხვადასხვა ჯგუფთან. დაგეგმილია ერთი გასვლითი ღონისძიებაც, ექსკურსიის სახით, რომლის ფარგლებში ქალები შეხვდებიან სხვა ძლიერ ქალებს და მოისმენენ მათ ისტორიებს.

ბათუმის „სანდასუფთავების“ უფროსი ახალ ავტომანქანას ყიდულობს

„ბატონო არჩილ, მართლა მაინტერესებს, რა მანქანა გემსახურებათ?“ – ჰკითხა ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს საკრებულოს წევრმა ვაჟა დარჩიამ. მანვე სხდომაზე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერიის ორგანიზაცია, შპს „სანდასუფთავება“ ორი ავტომანქანის შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის ბიუჯეტი 212 000 ლარია. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ერთ ავტომანქანას ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, სულხან ევგენიძისთვის ყიდულობენ.

საკრებულოს წევრს აინტერესებდა, რატომ ყიდულობს ბათუმის მერიის სანდასუფთავების უფროსი ძვირადღირებულ ავტომანქანას მაშინ, როცა ორგანიზაციას ნარჩენების დროულად გასატანად მანქანები არ ჰყოფნის.

„როგორც ვიცი, დიპლომატებთან შეხვედრა მისი სტატუსით არ უწევს, უმაღლესი თანამდებობის პირებთან დახვედრა არ უწევს და რაში სჭირდება გვითხრას, აგვიხსნას და ჩვენც დავეთანხმებით“, – მიმართა საკრებულოს წევრმა ბათუმის მერს საკრებულოს სხდომაზე.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შპს „სანდასუფთავება“ ორ ახალ ავტომანქანას ყიდულობს, შესყიდვის ბიუჯეტი 212 000 ლარია. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაციას 2022 წელს გამოშვებული ორი ახალი, მსუბუქი ავტომანქანის შეძენა სურს, მათ შორის, ერთი მაღალი გამავლობის უნდა იყოს.

განსაკუთრებულ მოთხოვნებში ავტომანქანის ფერიც არის მითითებული. ორგანიზაციას შავი ავტომანქანების შეძენა სურს, თუმცა მიმწოდებელს სხვა ფერის შეთავაზებაც შეუძლია: „შესასყიდი ავტომობილის ფერი შავი, სხვა შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმებით“ – ვკითხულობთ სატენდერო წინადადებაში.

სატენდერო წინადადებების მიხედვით, ავტომანქანის მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს: ცხენის ძალა – 152, არანაკლებ 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ელექტროშუშები, მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში, კონდიციონერი, აუდიოსისტემა, ელექტროსარკეები გამათბობლით, ტყავის სავარძლები, წინა და უკანა სავარძლის გათბობა და ასე შემდეგ…

საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია სხდომაზე ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებით კოლეგების მოსაზრებითაც დაინტერესდა, თუმცა მას მხოლოდ დავით მახარაძე გამოეხმაურა „ოცნებიდან“. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა კი, მოგვიანებით მხოლოდ ის თქვა, რომ მერიის ავტოპარკი დიდი ხანია არ განახლებულა.

„თანამდებობის პირები ხართ. მართლა მაინტერესებს, რომელიმეს 2022 წლის 40 000-დოლარიანი მანქანები გემსახურებათ? – სიგიჟე არ არის? – ნაგავს მიაქვს ბულვარი. ხშირად იმის გამო ვჩხუბობთ, ნაგავი ვერ გააქვთო და დავამატოთ თანხა და დასუფთავების მანქანა ვიყიდოთ არ ჯობია?  – მართლა სიგიჟეა სანდასუფთავების უფროსი დადიოდეს 40 000 -დოლარიანი მანქანით“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ სხდომაზე.

დავით მახარაძემ „ოცნებიდან“ კოლეგას უპასუხა, რომ ხშირად უწევს საცობში დგომა სანდასუფთავების მანქანის უკან, შესყიდვის შესახებ კი არ იცის და ვერ იჭორავებს:

„ძალიან ხშირად ვდგავარ საცობში სანდასუფთავების მანქანის უკან  და მადლობა მათ ნამდვილად კარგად მუშაობენ,  დანარჩენი არ ვიცი… მაგი სხვა თემაა, დასაბუთება უნდა და ვერ ვიჭორავებთ.“

საბოლოოდ ვაჟა დარჩია მიხვდა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ საკითხი სერიოზულად არ განიხილა. „მართლა თუ მასე მუშაობს სანდასუფთავება, რომ შეუძლია 40 000- დოლარიანი მანქანა იყიდოს, მეც მომიძებნეთ სამსახური მანდ“, – ასე დაასრულა საკრებულომ „სანდასუფთავების“ ავტომანქანების შესყიდვის გადაწყვეტილების განხილვა.

ავტომანქანების შესყიდვასთან დაკავშირებული ტენდერი 6 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ის არ შედგა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შესყიდვას განმეორებით გამოაცხადებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით შპს „სანდასუფთავებას“ დეტალების დაზუსტების თხოვნით მივმართეთ. ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს.

რაც შეეხება მერის ავტომანქანას, ჩვენი ინფორმაციით, მერი გადაადგილდება „ჰიუნდაი სონატათი“ და ის ამ ავტომანქანით გადაადგილდებოდა მაშინაც, როცა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

რა წერია კანონპროექტში, რომლითაც მედიისა და NGO-ების აგენტებად გამოცხადება იგეგმება

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ვინ არის „ხალხის ძალა“, შეგიძლიათ ნახოთ აქ „ერთი სხეულის ორი ხელი – რა გეგმები აქვს ხალხის ძალას?“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტები“ არიან ის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალაა.

ამონარიდი კანონპროექტიდან:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;

ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;

ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

ისეთი არასამეწარმეო [არაკომერციული] იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა,“ – აღნიშნულია კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ამავე კანონრპოექტის მხედვით, „შემოსავალში“ იგულისხმება „ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე [ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი]. იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.“

„უხოური ძალა“ კი, არის:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია.

კანონპროექტის მიხედვით, მედიაორგანიზაციები და მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომელთა ბიუჯეტის 20 %-ზე მეტი დონორებისგან ივსება, იუსტიციის სახლში უნდა დარეგისტრირდნენ აგენტებად.

„უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა,“ – ჩაუწერიათ კანონპროექტში სოზარ სუბარს და მის თანამოაზრეებს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „უცხოური გავლენის აგენტი“ ვალდებული იქნება, ყოველი შემდგომი წლის იანვარში შეავსოს ფინანსური დეკლარაცია.

თუ ფინანსურ დეკლარაციას მედიასაშუალება ან არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეადგენს, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. ანალოგიური ოდენობის ჯარიმაა გათვალისწინებული, თუ ვინმე აგენტად რეგისტრაციას თავს აარიდებს.

Game Of Throns-ის ვარსკვლავი უკრაინის დასახმარებლად საკუთარი გმირის ფიგურას ყიდის

ირლანდიელი მსახიობი, ჯეკ გლისონი, Prozorro-ს აუქციონზე საკუთარი გმირის, მეფე ჯოფრი ბარათეონის ფიგურას გაყიდის. ჯოფრი ბარათეონის როლი გლისონმა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ შეასრულა.

აუქციონზე შემოსული თანხა უკრაინის არმიას გადაერიცხება.

ინფორმაცია აუქციონის გვერდზე გავრცელდა. მსახიობის თქმით, ამ ჟესტით მას სურს გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

„მსურს ერთი მხატვრის მიერ ლოს ანჯელესში დამზადებული ფიგურა გავიტანო  აუქციონზე“, – ამბობს გლისონი.

მსახიობი პირობას დებს, რომ ხელს მოაწერს ფიგურაზე და გამარჯვებულს თავად გადასცემს სტატუეტს. გამარჯვებულს კუთვნილი ფიგურის მიღება ფოსტითაც შეეძლება, სურვილის შემთხვევაში.

ჯოფრი ბარათეონის ფიგურა

აუქციონი 15 თებერვალს 12:15 საათზე დაიწყება.

უკრაინის „ველური თეატრის“ მსახიობმა, ანდრეი კლიმენკომ, 6 დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსახიობი გლისონი მეგობრებთან ერთად მიემგზავრება უკრაინაში და სპეციალურად შეიარაღებული ძალებისთვის ბრიტანელი მოხალისეების მიერ შექმნილი პიკაპი მიაქვს.

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობი უკრაინაში სამხედროებთან, მოსწავლეებთან და მსახიობებთან შეხვედრას გეგმავს.

გლისონი ეწვევა საქველმოქმედო ორგანიზაცია ACT LOTS-ის ერთ-ერთ ღონისძიებას, სადაც ინგლისურენოვანი უკრაინელი მსახიობები „Game of Thrones“- იდან სცენებს გაითამაშებენ.

ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები – შსს ბათუმში აფეთქებაზე

„გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამოღებული და შესწავლილია მოქალაქეების მიერ გადაღებული, ფაქტის ამსახველი კადრები. პოლიციამ უკვე გამოჰკითხა თვითმხილველები,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 14 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საუბარია აფეთქებაზე ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე. შემთხვევა მოხდა გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თანამშრომლები სწრაფმავალი კატარღებით ეტაპობრივად ათვალიერებდნენ ბათუმისა და ფოთის მიმდებარე აკვატორიას, ასევე, ნავსადგურებს და ახორციელებენ ანაკლიიდან სარფამდე სანაპირო ზოლის მონიტორინგს.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები კი სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად მონიტორინგს ახორციელებენ.

მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ და კოორდინირებულად მუშაობენ,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ში ასევე აღნიშნავენ, რომ სპეციალური ტექნიკით და აღჭურვილობით სანაპირო ზოლის მონიტორინგს ახორციელებენ, ხოლო საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ მეთევზეებთან და სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

„უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ განთავსდება სპეციალური ბარიერები. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად გამოიცა სპეციალური ცირკულარი, ნავიგაციის უსაფრთხოების ზომების შესახებ. ნავსადგურების კაპიტნებისა და ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის, კომერციული, სატრანსპორტო და სატვირთო გემების, აგრეთვე თევზსაჭერი სეინერების წარმომადგენლების ინფორმირება.

რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, გასული წლის განმავლობაში განხორციელდა ინფორმაციის მოწოდება, კერძოდ, ბულგარეთის შავი ზღვის სასაზღვრო საკოორდინაციო და საინფორმაციო ცენტრიდან და თურქეთის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრიდან მიღებულ იქნა ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვაო სივრცეში [თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და უკრაინა] აღმოჩენილი მცურავი ნაღმების შესახებ.

ასევე გვეცნობა, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების [შტორმი] შედეგად, შესაძლებელია, მცურავი ნაღმები შემოტანილ იქნას საქართველოს საზღვაო სივრცეში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის ან აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ 14 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში.

10℃ ყინვაში გათბობაც კი არ გვაქვს – „საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვა გუშინ, 13 თებერვალს დაიწყო. კურორტ საირმეში მდებარე ქარხნის 40-მდე დასაქმებული არასაკმარის ხელფასს, არასათანადო სამუშაო პირობებს, დამსაქმებლის მხრიდან შანტაჟსა და მუქარას აპროტესტებს.

პროტესტის მონაწილეები ხელფასის 30 პროცენტით მომატებას და შრომის უსაფრთხო პირობებს ითხოვენ.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ამბობენ, რომ მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს, აკოტრებს ქარხანას და დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცული თანამშრომლები

კომპანიის კუთვნილ ქარხანაში ახლა მუშაობა შეჩერებულია.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ალექსანდრე ფირცხალაშვილი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელია. მისი თქმით, გაფიცულებს აქვთ ინფორმაცია, რომ კომპანია უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებას გეგმავს ქარხანაში. მისი თქმით, კომპანია სწორედ ამ მიზნით აპირისპირებს თანამშრომლებს ერთმანეთთან და ქმნის გაუსაძლის შრომით პირობებს:

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები

„გაცილებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანს დღის ცვლაში მომუშავესთან შედარებით. როცა ეს მოთხოვნა წამოვაყენეთ, გვითხრეს, რომ თუ არ მოგვწონს, შეგვიძლია სამსახურიდან წავიდეთ.

მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, საპირფარეშოები, გაგვიუქმეს და დაგვიკეტეს მოსასვენებელი ოთახები. -4 გრადუსია ჰაერის ტემპერატურა საირმეში დღისით, ღამით ეს მაჩვენებელი -10 გრადუსს აღწევს. ამ პირობებში ქარხანაში არ გვაქვს გათბობა. გვაქვს ინფორმაცია, რომ კომპანია გეგმავს რუსეთის მოქალაქეების დასაქმებას“, – ამბობს პროტესტის მონაწილე „ბათუმელებთან“.

კომპანია „საირმე მინერალ ვოთერსის” 92% წილის მფლობელი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე იაკოვ გვიჩიაა, 4-4% კი ხათუნა და გია გვიჩიებს ეკუთვნით, ორივე მათგანი სენტ კიტსის და ნევისის ფედერაციის მოქალაქეა.

„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა.

კომპანია მინერალურ წყალ „საირმეს“ და სასმელ წყალ „ნაკადულს“ აწარმოებს.

კომპანიის წარმომადგენლებმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ბათუმში მშობიარე ქალი გარდაიცვალა

დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში (ბაუ), ფიზიოლოგიური მშობიარობისას 42 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გარდაცვლილი ქალი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადაყვანილი.

„ექსპერტიზა უტარდება უკვე და გაირკვევა რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს.

ჩვილი დარჩა ჩვენთან, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ახალშობილთა რეანიმაციაში“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკაში.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალისთვის ეს მეოთხე მშობიარობა იყო.

აჭარის მთის ზოგ სოფელში მისასვლელი გზები ჩაკეტილია

დიდთოვლობის გამო დღეს, 14 თებერვალს, აჭარის ბევრ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია.

რამდენი სოფელი ვერ უკავშირდება ცენტრალურ გზას, ამის დასაზუსტებლად ხულოს მერიის პრესსამსახურმა აჭარის გზების დეპარტამენტში გადაგვამისამართა. თუმცა, ინფორმაცია ვერც აჭარის გზების დეპარტამენტისგან მივიღეთ.

„დიდთოვლობის გამო აჭარის 5 მუნიციპალიტეტში: ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში, ჯამში, 72 ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველგან გაიწმინდება ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები და ამის შემდეგ დაიწყება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა: „ამ ეტაპზე მაღალი გამავლობის ავტომანქანით გზებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის.“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის ინფორმაციით კი, არც ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა არ დაფიქსირებულა.

ხულოს ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ნახევარ მეტრს აჭარბებს.

ზღვას ბათუმის სანაპიროზე დრონებით ათვალიერებენ – რა გაირკვა აფეთქების შემდეგ

ბათუმის სანაპიროზე გემების და სხვა მცურავი საშუალებების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

როგორც ბათუმის ნავსადგურის სადისპეტჩერო სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, შეზღუდვა უკავშირდება გუშინდელ ფაქტს, როცა ბათუმის სანაპიროზე, პლაჟთან ახლოს, სავარაუდოდ ნაღმი აფეთქდა.

„ჯერჯერობით შეჩერებულია ყველანაირი მოძრაობა ზღვაში. როგორც ვიცით, მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიული წყლების შემოწმება დრონებით და დასრულების შემდეგ გვეტყვიან პასუხს.

თუ სხვა რაიმე სახიფათო არ არის ზღვაში, მაშინ დაგვრთავენ გასვლის ნებართვას“, – თქვეს სადისპეტჩეროში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, მძლავრი აფეთქება მოხდა,  თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს საგანი, რომელიც ბომბს ჰგავს.

ჯერჯერობით შს სამინისტროში არ აზუსტებენ, რა აფეთქდა ზღვაში. უწყების განცხადებით, „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.

ასე გამოიყურება ბათუმის სანაპირო ახლა marinetraffic-ის მიხედვით – დღეს, 14 თებერვალს, ბათუმის სანაპიროზე არც ერთი გემი არ დგას

___

აფეთქების ვიდეო:

აფეთქება ბათუმის სანაპიროზე

ამნისტიამდე შეისწავლეთ ბათუმში შენობების მდგრადობა – საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სამშენებლო ამნისტიამდე შენობების მდგრადობის შესწავლას ითხოვს. ოპოზიციის ინიციატივაა ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროექტს სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად, განსაკუთრებით შენობების მდგრადობის კონტროლისთვის.

სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები აჭარიდან, მათ უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონების წესები შეიმუშავეს.

სამშენებლო რეგულაციების გასამკაცრებლად სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივა საკრებულოს წევრს აკაკი გვიანიძეს ეკუთვნის. აკაკი გვიანიძე საკრებულოში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ საარჩევნო სიით შევიდა. ინიციატივას მხარს უჭერს ვაჟა დარჩიაც „ლელოდან.“

საკრებულოს ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თურქეთში  მიწისძვრით გამოწვეული ნგრევის შემდეგ სპეციალისტების მოსაზრებების გათვალისწინება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით აუცილებელია.

„სპეციალისტები ამბობენ, რომ სეისმური გამოთვლების დროს საქართველოში ისევ ძველი სეისმური რუკებით სარგებლობენ, რაც გადასახედია“, – განაცხადა აკაკი გვიანიძემ.

სხდომაზე ვაჟა დარჩიამ ყურადღება გაამახვილა ასევე უკანონო და პროექტის დარღვევით აშენებულ შენობებზე, რომელთა დაკანონების მიზნითაც საქართველოს სამშენებლო კოდექსში ცვლილებას საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

„თან ვიხდიდეთ მილიონობით ლარს გენგეგმაში და თან ამ დოკუმენტის მიღებამდე ვარეგისტრირებდეთ უკანონოდ აშენებულ შენობებს. ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, ეს რამდენად სწორია?“ – შესთავაზა მან კოლეგებს სხდომაზე.

აკაკი გვიანიძემ სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული ინიციატივის კენჭისყრა მოითხოვა, რასაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურა ნაკაიძე და ნატალია ზოიძე გამოეხმაურნენ. ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნის მოთხოვნა სპონტანურად არ შეიძლება და საკითხი მოსამზადებელია. ნატალია ზოიძის თქმით კი,  „საქართველო არ არის ტექტონურ ზონაში და სპეციალისტები პირიქით, იმას ამბობენ, რომ მოსახლეობა არ უნდა დავაპანიკოთ.“

უკანონოდ აშენებული შენობების ექსპლუატაციაში მისაღებად სამშენებლო კოდექსში ცვლილების ინიციატივაზე ბათუმის მერმაც ისაუბრა. არჩილ ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა იმ მოქალაქეების უფლებებზე, რომლებიც უკანონოდ აშენებულ, შესაბამისად ჩაუბარებელ სახლებში ცხოვრობენ. მერის თქმით, მათ ბევრი პრობლემა აქვთ, მაგრამ იმ მიზეზით, რომ მათი სახლები ჩაუბარებელია, ვერ გახდნენ მერიის ბენეფიციარები.

რაც შეეხება უკანონოდ აშენებული შენობების მდგრადობას, არჩილ ჩიქოვანის განმარტებით, ამ შენობებს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების გარეშე მერია არ ჩაიბარებს და ეს კანონში, მათ შორის, ცვლილების პროექტში გათვალისწინებულია.

დეპუტატები აჭარიდან ბათუმში უკანონოდ აშენებული შენობების დაკანონებას ითხოვენ

 

პუტინი წინდებივით ცვლის გენერლებს – კირბი

თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ რუსეთმა არმიაში არსებული პრობლემების გადაჭრა ერთ წელში ვერ შეძლო.

ამის შესახებ 13 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ თქვა.

კირბიმ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, როგორ იღებს კრემლი გადაწყვეტილებებს, თუმცა მან თქვა, რომ არც რუსეთის პრეზიდენტი და არც რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები არ იღებენ გონივრული გადაწყვეტილებებს ბრძოლის ველზე.

„მათ ისევ აწუხებთ ზოგიერთი იგივე პრობლემა, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ: ლოგისტიკა, უზრუნველყოფა, ინტეგრაცია, პერსონალი, ქვედანაყოფების ერთობლიობა. მე შემიძლია გავაგრძელო. მათ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემები.

და ამას ისიც ადასტურებს, რომ ის (პუტინი), აგრძელებს გენერლების შეცვლას, ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“, – დასძინა მან.

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების მიხედვით, აჭარის სამ მუნიციპალიტეტში, ჯამში, 297 725 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ანგარიშები ეხება ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოიცავს 2021-2022 წლებს.

„საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით [ხულოს, შუახევისა და ქედის] მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას“, – აცხადებს აუდიტი.

შესაბამისად, 2020-2021 წლებში სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება:

  • ხულოში – ჯამში 95 523 ლარის ღირებულების საწვავის,
  • შუახევში – ჯამში 95 385 ლარის საწვავის,
  • ქედაში – ჯამში 106 817 ლარის საწვავის.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.“

ხულო

აუდიტის ანგარიშის მიხედვით: „2020-2021 წლებში ხულოს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო ხარჯებმა შეადგინა 833 654 ლარი.

ხულოს მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2020-2021 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა აგაი სისტემის [ავტომანქანის გამართვის და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა] გამოყენებით და ჯამში გახარჯულია 234 515 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 11 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 138 994 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 21 ერთეულ ავტოტრანსპორტზე – 95 523 ლარის საწვავი.

ტრანსპორტთან დაკავშირებული დანახარჯების ანალიზი ცხადყოფს, რომ არასათანადო კონტროლია დაწესებული ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება.

აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტს არ შეუმუშავებია მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე ნორმატიული აქტი, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სფეროს რეგულირებას.“

შუახევი

რაც შეეხება შუახევის მერიას, აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2020-2021 წლებში საწვავის ხარჯვა ხორციელდებოდა საწვავის ტალონებით და ჯამში გახარჯულია 409 413 ლარის საწვავი, მათ შორის, ბალანსზე რიცხულ 27 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა 314 028 ლარის საწვავი, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ავტოტრანსპორტზე გახარჯულია 95 385 ლარის საწვავი.

„ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება ვერ დასტურდება, კერძოდ: საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ 23 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ჯამში გაცემულია 42 700 ლიტრი, 95 385 ლარის ღირებულების საწვავი, რომლის ხარჯვასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტები ზოგადი ხასიათისაა და არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტულ პერიოდში სამსახურებრივი დანიშნულებით გადაადგილება, შესრულებული სამუშაო, გავლილი მანძილი და გაწეული მომსახურება.“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, „დადგინდა, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ წინა პერიოდებში, ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში გაცემული და ჩამოწერილი საწვავიდან, 2022 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში გაუხარჯავია არანაკლებ 2 200 ლიტრი.“

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

ამასთან, იმსჯელოს ცალკეული პირების მიერ საწვავის ნაშთის დაგროვების გამომწვევ მიზეზებზე და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი თანხების ბიუჯეტში დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს აუდიტი.

ქედა

ანგარიშის მიხედვით, 2020-2021 წლებში ქედის მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე არსებული 11 ავტომანქანით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი საწვავს გასცემდა საჯარო მოსამსახურეების ავტომანქანებზეც, კერძოდ, 2020 წელს გაცემულია − 20, ხოლო 2021 წელს − 34 კერძო საკუთრებაში არსებულ ავტომანქანებზე.

  • „სულ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის მიერ დახარჯულია 100 903 ლიტრი საწვავი, საერთო ღირებულებით − 219 016 ლარი. მათ შორის, დასაქმებულების პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე გახარჯულია 106 175 ლარის საწვავი.
  • მუნიციპალიტეტში საწვავის გამოყოფის და მისი ხარჯვისას დამკვიდრებული პრაქტიკის შესწავლით ირკვევა, რომ არ ხდება საჭიროების, საწვავის ლიმიტის ოდენობის განსაზღვრის და ხარჯვის მიზნობრიობის ანალიზი და დასაბუთება.
  • ასევე მუნიციპალიტეტის ორგანოებს არ აქვთ შემუშავებული მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი, რომელიც უზრუნველყოფს ავტოპარკის და მისთვის გამოყოფილი ხარჯის მიზნობრიობას.“

„აუდიტის შედეგად, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოვლინდა მივლინების გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ საწვავის ჩასხმის, ასევე სატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზის მოცულობაზე მეტი ჩასხმის შემთხვევები.

კერძოდ, 9 შემთხვევაში − 642 ლარის ღირებულების, 263 ლიტრი საწვავი ჩასხმულია მივლინების გარეშე, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისმა დაწესებულებამ [შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმო“] ვერ წარმოადგინა დოკუმენტაცია სამსახურებრივი ავტომობილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის სამსახურებრივი საჭიროება.

ასევე 7 შემთხვევაში [შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“] სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხმულია საწვავის ავზის მოცულობაზე ბევრად მეტი საწვავი [TOYOTA RAV4, გამოშვების წელი – 2005, სახელმწიფო ნომერი PP 838 SP, საწვავის ავზის მოცულობა – 65. ერთჯერადად განხორციელებულია 87 ლიტრიდან 132 ლიტრამდე ჩასხმები].“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, „ქედის მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.“

ამავე თემაზე:

ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი

 

 

 

 

Exit mobile version