Skip to content

Batumelebi

ბათუმელები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 23 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 522 440 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 367 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 387 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 50 216 ერთეული [+32]
  • MLRS – 2 152 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 665 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 530 560 ერთეული [+1 426]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 723 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 152 553 ერთეული [+380]
  • სპეცტექნიკა – 4 737 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუბიო პროგნოზირებს, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში

რუსეთში, უფასა და სამარაში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხნებს დაესხნენ თავს

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byთედო ჯორბენაძე23.09.202623.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

ბათუმში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა 2025 წელს უნდა დაესრულებინა კომპანია „არალს“, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის სახელს რამდენიმე მიზეზით უკავშირებენ. ამ კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და სამუშაოები ჯერაც არ დაუსრულებია.

ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში წერს, რომ შპს „არალმა“ 6 თვეში გათვალისწინებული დაფინანსების მხოლოდ 20-23 პროცენტი აითვისა. საქმე ისაა, რომ კომპანიას 10 მილიონ 763 521 ლარად ორი საბავშვო ბაღი უნდა აეშენებინა ივანე მესხის პირველი ჩიხი #7-ში და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33დ-ის მიმდებარედ.

მერია ირწმუნება, რომ სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და ახლა კერამიკული ფილის დაგების, ფასადისა და სახანძრო სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ადგილზე შენობების დათვალიერებით ირკვევა, რომ აქ საქმე უფრო რთულადაა. შესაბამისად, მშენებლობა ოქტომბერში, დიდი ალბათობით, ვერ დასრულდება. დოკუმენტებში სწორედ ეს თარიღია მითითებული. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კომპანია „არალმა“ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა [მაგალითად, მისი დაგებული გზა მალევე დაზიანდა სოფელ ივლიტაში]. თუმცა, არც ბათუმში ბაღების პროექტების გაჭიანურებისა და არც სხვა ტენდერების პირობების ვერ შესრულების გამო, მას მნიშვნელოვანი პრობლემები სახელმწიფოსთან არ შეჰქმნია.

მაგალითად, 2025- 2026 წლებში შპს „არალმა“ 25 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო.

გასულ წლებში გამოიკვეთა ასევე ფაქტები, როცა შპს „არალს“ ხელშეკრულება კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ გაუფორმეს.

რატომ უკავშირებენ კომპანიისთვის „სასათბურე პირობების“ შექმნას ბიძინა ივანიშვილთან მისი დამფუძნებლის ნაცნობობას? – საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შედეგად, შპს „არალის“ ანგარიშებზე თანხა რამდენიმე ათეული მილიონით მას შემდეგ გაიზარდა, როცა დამფუძნებელმა, ოთარ თათეშვილმა ბიძინა ივანიშვილს [კონკრეტულად კი ეკატერინა ხვედელიძეს] აბასთუმანში მიწის ნაკვეთი გადაუფორმა [ამონაწერში საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებაა მითითებული].

ჯერ „ქართუს“, ხოლო შემდეგ სახელმწიფო უწყებების მრავალმილიონიან დაკვეთებს კომპანია ერთმანეთის მიყოლებით 2019 წლიდან, ანუ მას შემდეგ იღებს, რაც ოთარ თათეშვილმა ბიძინა ივანიშვილი გაიცნო და კურორტ აბასთუმანში „რომანოვების სასახლესთან“ სასურველი მიწის ნაკვეთი მიჰყიდა.

ამის შემდეგ კომპანია „არალმა“ ააშენა აბასთუმნის „ფილტვის ცენტრი“ და აქტიურად იყო ჩართული სანატორიუმების  „ზეკარისა“ და „ცისარტყელას“ ადგილებზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმროების მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვიდან მალევე შვილმა და ამ დროისთვის უკვე კომპანიის დირექტორმა, დემეტრე თათეშვილმა აბასთუმანში 3883 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამონაწერის მიხედვით, ქონება სახელმწიფომ უპირობო აუქციონზე გაყიდა.

ეს ნაკვეთი დემეტრე თათეშვილმა 2020 წელს სახელმწიფოს უკან დაუბრუნა და გაცვლის ხელშეკრულებით დაირეგისტრირა [ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება] 4660 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ახლოს, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფ მერიოტთან“.

შპს „არალი“ 2004 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის წილებს დემეტრე, მარგალიტა, ეკა და ბექა თათეშვილები ინაწილებენ, კომპანიას დემეტრე თათეშვილი ხელმძღვანელობს. 2012 წლიდან კი ერთპიროვნულად ოთარ თათეშვილი ფლობდა. ის 2020 წელს გარდაიცვალა. შესაბამისად, კომპანიას მისი შვილები მართავენ.

ოთარ თათეშვილი თავის სიცოცხლეში უარყოფდა ბიძინა ივანიშვილთან ნაცნობობას და მისთვის მიწის ნაკვეთის მიყიდვას, თუმცა ამას საჯარო მონაცემები ადასტურებს.

  • რა მოხდა ბათუმის საბავშვო ბაღების შემთხვევაში

ბათუმის მერია ბიუჯეტის 2 კვარტლის ანგარიშში განმარტავს, რომ კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის დარღვევით ჩაატარა. შესაბამისად, ვერ შეძლო კვარტალური გეგმით გათვალისწინებული დაფინანსების სრულად ათვისება, რის გამოც პირგასამტეხლო დააკისრეს.

დოკუმენტის მიხედვით, ივანე მესხის პირველი ჩიხი #7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2026 წლის ორ კვარტალში კომპანიას 2 მილიონ 196 360 ლარი უნდა აეთვისებინა. აითვისა 649 292 ლარი. 

„1503 კვ.მ. ფართობის, 16-ოთახიანი საბავშვო ბაღის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და სახანძრო სისტემის ქსელის მოწყობა მიმდინარეობს“, – წერს მერია ანგარიშში.

კომპანიას ბაღის მშენებლობა დასრულებული უნდა ჰქონდეს ასევე ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33დ-ის მიმდებარედ.

2 მშენებარე საბავშვო ბაღი ბათუმში – პროექტი, რომელშიც სახანძრო და საკანალიზაციო სისტემა გამორჩათ

დოკუმენტების მიხედვით, რომელიც შესყიდვების სააგენტოს პორტალზეა ატვირთული, კომპანიამ სამუშაოები ორივე შემთხვევაში 2026 წლის ოქტომბერში უნდა დაასრულოს.

ივანე მესხის #7-ისა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის #33 დ-ს მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი ბათუმის მერიამ 2024 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 10 მილიონ 763 601 ლარი იყო. გამარჯვებულს, შპს „არალს“ ხელშეკრულება 2024 წლის 13 ნოემბერს თითქმის იგივე ფასით, 10 763 521 ლარზე გაუფორმეს. თავდაპირველი ვერსიით, კომპანიას სამუშაოები 2025 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა. 

მშენებლობის ადგილზე კომპანიის წარმომადგენლებმა „ბათუმელებთან“ საუბარი და კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვეს – ჩვენ დასაქმებულები ვართ, კომპანიის ხელმძღვანელებს დაუკავშირდითო. აქ მხოლოდ ის განგვიმარტეს, რომ სამუშაოების შესრულება იმის გამო დაგვიანდა, რომ მაღალი ხარისხი მიეღოთ: „ამ სამუშაოებს 5 წლიანი გარანტია აქვს, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ყველაფერი მაღალი ხარისხით იყოს შესრულებული, თუნდაც დაგვიანდეს.“

მშენებარე საბავშვო ბაღი მუსხელიშვილის ქუჩაზე
მშენებარე ბაღი მესხის ქუჩაზე

„ბათუმელებმა“ არაერთხელ სცადა კომპანიის დირექტორთან დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ინფორმირებული პირის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, „დაგვიანება მხოლოდ კომპანიას არ უნდა დავაბრალოთ, თუნდაც ის ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული, „მერიის ცოდვებიც შეისწავლეთო“.

„გაიგეთ, როდის მოგვაწოდა მერიამ პროექტი, მუშაობა რომ დაგვეწყო. ისიც მოიკითხეთ, რატომ ვერ მოგვაწოდა. გაარკვიეთ თანამედროვე სტანდარტული ბაღის პროექტი სახანძრო უსაფრთხოებას რატომ არ ითვალისწინებდა, ან ის მაინც გაიგეთ, იყო თუ არა პროექტში მითითებული, სად უნდა დაგვეერთებინა საკანალიზაციო სისტემა, რომელიც საერთოდ არ არსებობს უბანში.“ 

  • რა გაირკვა დოკუმენტებით

„ბათუმელებმა“ ინფორმირებული პირის  მონათხრობი დეტალურად გადაამოწმა და გამოარკვია, რომ მერიამ პროექტი ორი ბაღისთვის არაერთი ხარვეზით შეისყიდა. შემდგომში ეს ხარვეზები თავად შენობების პროექტის ავტორ კომპანიასთან – შპს „Georgianhouse“-სთან შეთანხმებით გაასწორეს [შპს „Georgianhouse“-მა ბაღების პროექტები მერიის დაკვეთით სხვა ტენდერის ფარგლებში მოამზადა, შემდეგ სწორედ ამ პროექტებით გამოაცხადა მერიამ ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე].

თავდაპირველად პროექტით გაურკვეველი იყო, სად უნდა დააერთებინათ ბაღის საკანალიზაციო სისტემა ე.წ. შამბოს დადგმა კი თავიდანვე გათვალისწინებული არ ყოფილა. დოკუმენტით დასტურდება ისიც, რომ მოგვიანებით გაახსენდათ სახანძრო უსაფრთხოების აუცილებლობის საკითხი და ისიც, რომ სხვანაირად ბაღი აკრედიტაციას ვერ გაივლიდა.

ბათუმის მიუხედავად ამისა, მერია თავის ანგარიშებში არასოდეს აანალიზებს შეცდომებს, რომელიც მისმა სამსახურებმა დაუშვეს და მარტივად წერს, კომპანიამ გეგმა-გრაფიკის დარღვევით აწარმოვა სამუშაოები, რისთვისაც დავაჯარიმეთო.

ბათუმის საკრებულო კი, რომელსაც ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი ევალება, მსგავს საკითხებს სიღრმისეულად არ სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ სხდომებზე არაერთხელ დააყენა საკითხი ოპოზიციამ ბაღების დეფიციტსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობა არასდროს დაინტერესებულა და სხდომაზე მერიის წარმომადგენლისთვის არ დაუსვამს კონკრეტული კითხვები პროექტების გაჭიანურების თაობაზე.

  • სახანძრო უსაფრთხოება – რა დასტურდება დოკუმენტებით? 

დოკუმენტებში არსად წერია, რომ პროექტით გაურკვეველია, სად უნდა დაეერთებინათ საკანალიზაციო სისტემა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიაზე არ არსებობს და არც მიმდებარე ქუჩაზე. თუმცა ამას შეთანხმებული ცვლილებები „ამბობს.“

„მუშაობის პროცესში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა შიდა ტიხრების ზომების, კარ-ფანჯრების ნომინაციის და სხვა რიგი უზუსტობები, რომლის კორექტირების შეთანხმებას პროექტის ავტორთან დასჭირდა გარკვეული დრო. გარდა ამისა, სამუშაოების შეფერხების მიზეზი გახდა მაღალი ძაბვის გადატანაც“, – ვკითხულობთ ერთ-ერთი ცვლილების დოკუმენტში.

შესწორებების ოდენობისა და მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის ავტორი ადგილზე არც მისულა ისე მოამზადა საბავშვო ბაღის პროექტი, ან თუ მივიდა ადგილზე ვითარება სათანადოდ არ შეისწავლა.

„მოგახსენებთ, რომ სკვერის ტერიტორიას ესაზღვრება ე.წ. ელ. ქვესადგური [„ტეპე“), რომლის მოპირკეთების სამუშაოები ვერ ხორციელდება, ვინაიდან აღნიშნულ ქვესადგურზე არსებობს მაღალი ძაბვის გამავალი საჰაერო ხაზები, უსაფრთხოების თვალსაზრისით კი საჭიროა ელ. მომარაგების სადგურის გათიშვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობით ეცნობა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, რომელთა მხრიდანაც რეაგირება არ მომხდარა“, – წერდა კომპანია მერიას.

ერთ-ერთ დოკუმენტში ცვლილების შეთანხმების თაობაზე მერია ადასტურებს პროექტის სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას:

  ამონარიდი დოკუმენტიდან:

„მიმდინარე წლის 10 თებერვალს შპს „არალმა“ განმეორებით მოგვმართა წერილობით (10/142604122-90), რომ ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი შეჩერებულია მათგან დამოუკიდებელი, ხელშემშლელი გარემოებების გამო. აღნიშნული საჭიროებს დროულ გადაწყვეტილებას, რამაც გამოიწვია სამუშაოების ტემპის შენელება და დღის წესრიგში დააყენა საპროექტო ცვლილებების აუცილებლობა, კერძოდ:

ივანე მესხის პირველ ჩიხსა და ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე საბავშვო ბაღების საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს მხოლოდ ლოკალური კვამლის დეტექტორებისა და სართულებზე 4 ერთეული ჰიდრანტის მოწყობას. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული მინიმალური მოთხოვნები არ არის საკმარისი სპეციფიკური დაწესებულებისთვის, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, საჭიროა ორივე ობიექტის ყველა სათავსოში მოეწყოს წყლის ავტომატური საშხეფეები (ე.წ. სპრინკლერული სისტემა).“

შემსრულებელმა მერიას შეახსენა ისიც, რომ ბაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ საჭირო იქნებოდა ავტორიზაცია, რაც შეიძლებოდა შენობას იმ სახანძრო უსაფრთხოების სისტემით ვერ გაევლო, რაც ტენდერით იყო მოთხოვნილი და შესაბამისი ხანძარმქრობის დამონტაჟება შესთავაზა:

„აღნიშნული სისტემა ხანძრის კერის გაჩენისთანავე მოახდენს მის ლოკალიზებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევაკუაციის დროის სიმცირის პირობებში. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო სისტემა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის ერთ-ერთი უალტერნატივო წინაპირობაა.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების მომართვისა (11-1426040678, 09/02/2026) და „საქართველოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევის თანახმად, აუცილებელია შენობაში დამონტაჟდეს ავტოსაშხეფი სისტემა, შესაბამისი სატუმბო სადგურითა და წყლის რეზერვუარით. ასევე ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით სამუშაო სივრცეები, აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით ხანძრის დეტექტორებითა და საგანგაშო სისტემებით.

წარმოდგენილი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ობიექტებზე სამუშაოების შეჩერება გამოწვეულია ობიექტური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორებით. ვინაიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია სავალდებულო პროცესია, ნებისმიერი გადახრა სტანდარტებიდან გამოიწვევს დაწესებულების ფუნქციონირების შეჩერებას ექსპლუატაციაში მიღებისთანავე.“

მეორე ბაღთან დაკავშირებით, რომელიც მუსხელიშვილის ქუჩაზე შენდება, კომპანია მერიას ასევე წერდა:

„ობიექტზე მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ქმნის სახიფათო გარემოს. მოქმედი რეგულაციებით, ასეთ ზონებში მძიმე ტექნიკის მუშაობა და კეთილმოწყობის სამუშაოების წარმოება მკაცრად შეზღუდულია ან აკრძალულია სპეციალური უსაფრთხოების დერეფნების დაცვის გარეშე“.

დოკუმენტებში არაერთხელ არის აღნიშნული, რომ პროექტში კრიტიკული შეუსაბამობები ფიქსირდებოდა:

  • ამონარიდი დოკუმენტებიდან

ბათუმის მერიას ვკითხეთ, რამდენად მართალია, რომ მერიას დათმობაზე წასვლა და ბაღების მშენებლობის დასრულების გადავადება პროექტში არსებული ხარვეზების გამო მოუწია. აი რა მოგვწერს მერიიდან:

„გასულ პერიოდში საბავშვო ბაღებზე სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა. აღნიშნული გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით, რომლებშიც მითითებული იყო უხვნალექიანი დღეების რაოდენობა, როდესაც სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, საპროექტო დოკუმენტაციაში სამუშაოების მიმდინარეობის ეტაპზე გამოვლენილი რიგი საჭირო ცვლილებების გათვალისწინებით.

საბოლოოდ, სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 25 აგვისტო. თუმცა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო შესაბამისი რესურსებისა და მუშახელის საჭირო მობილიზება, რის შედეგადაც, დღეის მდგომარეობით, სამუშაოები ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

შესაბამისად, კომპანიას 25 აგვისტოდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე ერიცხება ყოველდღიური პირგასამტეხლო.“

საბავშვო ბაღი მესხის ქუჩაზე – მიმდინარე სამუშაოები
Posted byცაგო კახაბერიძე22.09.202623.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმის მერია, ელექტრონული ტენდერი, კორუფცია, ტენდერი

“ჩემს სიზმრებში ყოველთვის სოხუმში ვარ” – აფხაზეთიდან დევნილი ისტორიკოსის ამბავი

„30 წელის განმავლობაში ამ სახლზე არაფერი შეუცვლიათ, როგორც ჩემმა მშობლებმა დატოვეს, ისე არის დღემდე“, – გვეუბნება პროფესორი კახა კვაშილავა და მშობლიური სახლის ფოტოს გვაჩვენებს, რომელიც სოხუმში, ტურბაზის უბანში მდებარეობს.

მაშინ, როცა იქ კვაშილავების ოჯახი ცხოვრობდა, სახლის მისამართი იყო კომკავშირის გზატკეცილი #118ა. ახლა ეს ქუჩა მუშნი ხვარწკიას სახელს ატარებს. ხვარწკიას აფხაზულ წყაროებში „აფხაზეთის გმირს“ უწოდებენ, რადგან ის ქართველების წინააღმდეგ ომში დაიღუპა 1992 წლის მიწურულს.

ამ ომში იბრძოდა კახა კვაშილავაც, ისტორიკოსი, რომელიც სოხუმში ცხოვრების, აფხაზებთან ურთიერთობის, ომის, დევნილობის და მშობლიურ სახლში დაბრუნების იმედის შესახებ გვესაუბრა.

ფოტო, რომელსაც პროფესორი კახა კვაშილავა გვაჩვენებს, 2023 წელსაა გადაღებული. როგორც გვითხრა, ფოტო მისმა აფხაზმა მეგობრებმა გამოუგზავნეს, რომლებთანაც „ადამიანური ურთიერთობების“ შენარჩუნების დღემდე ახერხებს, იმ დათქმით, რომ „პოლიტიკაზე ბევრს არ ვსაუბრობთ“.

ფოტო დაბალი რეზოლუციისაა, ამიტომ ბევრი დეტალის გარჩევა ჭირს, მაგრამ კარგად ჩანს მომწვანო ფერის ჭიშკარი. წლებთან ერთად მეტალის ჭიშკარს საღებავი გადასცლია, აქა-იქ აქერცლილა კიდეც, ამიტომ ხასხასა მწვანე ახლა უფრო მქრქალი და გაცრეცილი ჩანს.

კახა კვაშილავა გვიყვება, რომ ეს ჭიშკარი 1989 წელს, მშობლებთან და დასთან ერთად შეღება. მაშინ მე-9 კლასში იყო და აკაკი წერეთლის სახელობის სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში სწავლობდა.

„2-3 წლის წინ გამომიგზავნეს ჩემი სახლის ფოტოები, ქუჩის მხრიდან გადაღებული. ჩანს ჭიშკრის და ჩემი სახლის. მაშინ 30 წელი იყო გასული, რაც სხვა, აფხაზური ოჯახი დაეუფლა ჩემს სახლს. მე მახსოვს, 1989 წელს, მეცხრე კლასში ვიყავი, ახალი ღობე გავაკეთეთ, მეტალის. ამ ახალ ღობეს მთელი ოჯახი ვღებავდით – მამაჩემი, დედაჩემი, ჩემი და და მე. აი, იმ საღებავითაა დღემდე შეღებილი ის ღობე. უკვე დაჟანგულია, ჩამოფხეკილი, მაგრამ არ აქვს შეღებილი.

ერთადერთი, რაც „გააკეთა“ ამ ოჯახმა – ეზოში გვქონდა პატარა მოლი, გაზონივით დატოვებული და ეს მოუასფალტებია. დანარჩენი – არაფერი. როგორც დავტოვეთ სახლი, ისეა ახლაც. იმიტომ, რომ ალბათ, ქვეცნობიერად გრძნობს, რომ ეს სახლი მისი საცხოვრისი არ არის. არ ვიცი, ბოლო წლებში რამე შეიცვალა თუ არა, მაგრამ ორიოდე წლის წინ ისე იყო, როგორც ჩვენ დავტოვეთ”, – ამბობს კახა კბაშილავა.

ფოტოზე, ჭიშკრის უკან, ეზოს სიღრმეში, სახლი ჩანს – სახურავი და ფანჯრები. ამ ფანჯრებს მიღმა კახა კვაშილავას საძინებელი ოთახი იყო. ოთახი, რომელშიც მას 19 წლამდე ეძინა. შემდეგ ომი დაიწყო, რომელმაც კვაშილავების ოჯახი, სხვა ათობით ათასი ოჯახის მსგავსად დევნილად აქცია.

33 წელია, რაც კახა კვაშილავას მშობლიურ სახლში არ ყოფილა. თუმცა, დაბრუნების იმედს არ კარგავს.

„მე და ჩვენი ოჯახი შევაღებთ ამ ჭიშკარს!” – წერს კვაშილავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

კახა კვაშილავას მშობლიური სახლი სოხუმში
  • ცხოვრება სოხუმში

კახა კვაშილავა გვიყვება, რომ სოხუმში გაიზარდა, ძალიან მრავალეთნიკურ უბანში. იქ, სადაც ერთად ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, აფხაზები.

მისი თქმით, 1980-იანი წლებში თანდათან უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა დაძაბულობა ხალხს შორის. „ბათუმელებთან“ საუბრისას კახა კვაშილავამ გაიხსენა რამდენიმე ისტორია ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდიდან, ის, რაც განსაკუთრებით მძაფრად ახსოვს დღემდე. 

„სკოლის გვერდით, ჩვენს უბანში იყო სასურსათო მაღაზია, სადაც შევდიოდით ხოლმე ტკბილეულობის საყიდლად. ერთხელ, მახსოვს, სკოლიდან ვბრუნდებოდი – ძალიან პატარა ვარ, მეოთხეკლასელი – შევედით ამ მაღაზიაში. ხურდა გვქონდა და კანფეტის ყიდვა გვინდოდა. მაღაზიის გამყიდველმა [აფხაზმა] ქალმა, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში იქ მუშაობდა, გვითხრა: „მე კანფეტს ქართველებზე არ ვყიდი“. ეს იყო ჩემთვის შოკი. ეს იყო 1984 წელი. ადრეული გაზაფხული იყო, მახსოვს, ჯერ კიდევ თბლად გვეცვა. ისიც კი მახსოვს, რომ წვიმიანი ამინდი იყო. იმის შემდეგ მე მაღაზიაში არ შევსულვარ. თუმცა, ამ ქალს ყოველთვის ვხედავდი – ფართო, ღია ვიტრაჟები ჰქონდა მაღაზიას. „Я грузинам ничего не продам“ [ქართველებზე არაფერს ვყიდი] – ეს ფრაზა ჩამრჩა ყურში. 

სახლში რომ მოვედი, მშობლებს ვუთხარი. მთლად არც გაჰკვირვებიათ. მართალია, ჩვენ გვყავდა აფხაზი ნათესავები, დაკავშირებულები ვიყავით ოჯახებით, მე ახლაც მყავს აფხაზი მეგობრები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ და რომლებთანაც შენარჩუნებული მაქვს კონტაქტი, მაგრამ იყვნენ ასე სეპარატისტულად განწყობილი ადამიანებიც. არსებობდა ეს სეპარატიზმი, რომელიც რაღაც პერიოდი მიჩქმალული იყო, მაგრამ ხალხი გრძნობდა ამას. შემდეგ, განსაკუთრებით 80-იანი წლების მიწურულს. 

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ კიდევ:

1989 წელია. ჩემი სკოლის გვერდით იყო წიგნების მაღაზია და ხშირად, როცა ფული მქონდა, შევდიოდი და ვყიდულობდი წიგნებს. ერთხელ, მახსოვს, მაღაზიიდან რომ გამოვდიოდი, კარებთან მდგარი მოლარე ქალი, ქერათმიანი, ახალგაზრდა გოგო, მიდის იქვე მდგარ კაცებთან და უყვირის: თქვენ [ქართველები] აქედან წაეთრევით, რადგან ეს სომხურ-აფხაზური მიწა არისო. ეს ქალი თვითონ სომეხი იყო. 

შემდეგ, ეს ყველაფერი გადავიდა ამ კონფლიქტში.

მახსოვს, 1992 წელია, თბილისშია ეს ომი [სამოქალაქო]. მე სოხუმში მივდივარ. უკვე სკოლა მაქვს დამთავრებული, პირველკურსელი ვარ. მაჩერებს ვიღაც სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ჩრდილოკავკასიური კილოთი მთხოვს პასპორტის ჩვენებას. ვუთხარი, რომ პასპორტი არა მაქვს და რომც მქონდეს, არ მოგცემდი-მეთქი. რატომო და შენ ვინ ხარ-მეთქი, რა უფლებით მაჩერებ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი ქვეყანაა და შენი არაა-მეთქი. ეტყობა შეგნებული იყო, არაფერი აღარ მითხრა და გამშორდა. 1992 წლის ივლისი იყო. რამდენიმე დღეში დაიწყება ომი”, – იხსენებს სოხუმელი პროფესორი.

  • ომის დაწყება – „სიკვდილი მოვიდა უბანში“ 

„ჩვეულებრივი დღე იყო, 14 აგვისტო. დღის 1-ის 15 წუთი იყო, როცა გავიგე ავტომატის კაკანი. პირველი შეტაკება მოხდა ჩვენი სახლიდან ერთ კილომეტრში. მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდება, რაღაც ცუდი დაიწყო. შიშიც იყო. სიკვდილიც მოვიდა უბანში. საშინელება იყო.

იყო თუ არა მოულოდნელი? არა, ომი მოულოდნელი არ იყო.

ჩანდა, რომ დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ მაინც დაიწყებოდა. იმიტომ, რომ ისეთი პროცესი იყო დაწყებული, რომ ვერაფერი შეაჩერებდა.

დღეს ამბობენ ხოლმე, რომ მეტი ცივი გონება, ნაკლები ემოციურობა, მეტი საუბარი ომს არ მოიტანდა. ტყუილია. ტყუილია, იმიტომ რომ ყველა რესურსი ამოწურული იყო. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რესურსი ამოუწურავი არ არისო. არა, რესურსი ამოწურული იყო. ყველანაირ დათმობაზე ქართველი წასული იყო. ყველაზე მთავარი დათმობა, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მისმა ხელისუფლებამ მიიღო, იყო ის საარჩევნო კანონმდებლობა აფხაზეთში, რომელიც ეთნიკურ უმრავლესობას უმცირესობაში აყენებდა.

ყველაფერი დათმობილი იყო. მაგრამ იქითა მხარე, რუსეთის მხარდაჭერით, რუსეთის წაქეზებით მიზნად ისახავდა უქართველებო აფხაზეთს. ამას ვერცერთი ქართველი ვერ დაუშვებდა. ის, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს ქართველობა იქიდან გაიყარა, ეს იყო უბრალოდ თვითგადარჩენა. იმიტომ, რომ მოდიოდა ძალიან დაუნდობელი ძალა, რომელსაც არ ჰქონდა შებრალების უნარი, რომელიც ემპათიისგან სრულიად დაცლილი იყო. ვგულისხმობ რუსებს და აფხაზებსაც. იმათ, ვინც ომობდა.

თუმცა, ბევრი აფხაზი გახდა დევნილი – ისინი წამოვიდნენ ქართველებთან ერთად. ისეთები, რომლებისთვისაც ეს ომი მიუღებელი იყო.

ეს ომი მათთვის განსაკუთრებით ძალიან დიდი ტრაგედია იყო. მაგალითად, 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად მოკლეს აფხაზი რაულ ეშბა. რაულ ეშბა, რომლისთვისაც აფხაზეთის განვითარება და აფხაზი ხალხის გადარჩენა შესაძლებელი იყო მხოლოდ ქართველებთან თანაცხოვრებით და არა პირიქით. ეს ადამიანი მოკლეს”, – იხსენებს კახა კვაშილავა.

კახა კვაშილავა თბილისში, გმირთა მემორიალთან, 2021 წლის 27 სექტემბერს,, სოხუმისდაცემის დღეს
  • ომში წასვლა – 19 წლის ჯარისკაცი 

„18 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო და 19 წლისა მე თვითონ, ჩემი ნებით წავედი ომში.

წავედი ომში, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი კანონი უმაღლესი განათლების შესახებ კანონი მე, მე როგორც სტუდენტს, მათავისუფლებდა ჯარში წასვლისაგან.

წავედი ომში და 1993 წლის 1-ელი მარტიდან საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე ვიყავი [სოხუმის დაცემის შემდეგაც]. ეს ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, ძალიან მძიმე, მაგრამ იმედით სავსე. იმედით, რომ ეს ომი დაასრულებდა ყველანაირ სირთულეს. ომმა შეუძლებელია რაღაც დაასრულოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის ბოროტება რაც აფხაზეთში არსებობდა, ამ ომს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ასე არ მოხდა.

მაშინ ერთი კითხვა დავუსვი საკუთარ თავს: ჩემი უსაფრთხოებისთვის ვინმე რატომ უნდა მოკვდეს? ვინმეს ზურგს რატომ უნდა ამოვეფარო მე? ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ვიღაც გარდაცვლილიყო და მე მეგრძნო პასუხისმგებლობა, რომ მან ამით მე დამიცვა.

მეორე მოტივი [ბრძოლაში ჩართვის], რა თქმა უნდა, იყო სამშობლოს დაცვა და სამშობლოს სიყვარული. სამშობლოს სიყვარულში ვგულისხმობ საკუთარი ოჯახის, უბნის, ქალაქის და ზოგადად სამშობლოს დაცვას. რატომ უნდა დამიცვას სხვამ, როდესაც ხელი მაქვს, ფეხი მაქვს, ჯანმრთელობა მიწყობს ხელს …

მეკითხებიან ხოლმე – არ შეგეშინდა? მეშინოდა. რა თქმა უნდა, მეშინოდა, მაგრამ ისე გავიზარდე, ისე მზრდიდნენ ოჯახში, რომ სამშობლოს დაცვა, სამშობლოს სიყვარული უპირველესი იყო.

მე მინახავს ადამიანები, ჩემზე ფიზიკურად ბევრად ძლიერები, აი ხელს რომ დამჭიდებდნენ და დამჭყლეტდნენ – ისეთები, როგორ გარბოდნენ. და ასევე, მინახავს ადამიანები, რომლებსაც უბანში თითით აჩვენებდნენ – ამისგან კაცი არ დადგებაო, ეს მუქთახორააო, ეს ისეთია, ეს ასეთიაო და აი, ასეთმა ადამიანებმა თავი გაწირეს”, – ჰყვება კახა კვაშილავა.

  • დევნილობის პირველი წლები ბათუმში

აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ კვაშილავების ოჯახი ბათუმში ჩამოვიდა. ისინი ლერმონტოვის ქუჩაზე, მეზღვაურთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდნენ.

მეორე სართულზე, 15 კვადრატული მეტრი დაუთმეს კახას, მის მშობლებს და დას. ოთახში იყო ერთი კარადა, სამი ლოგინი თხელი ლეიბებით, ერთი მაგიდა, სამი სკამი, ერთი გრაფინი და სამი ჭიქა. საპირფარეშოს ოჯახი სხვა, ათობით დევნილ ოჯახთან ერთად იზიარებდნენ.

გაჭირვების, სტრესის, ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად, კახა კვაშილავა ბათუმს კეთილგანწყობითა და მადლიერებით იხსენიებს. ეს, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც აქ შეხვდა და რომლებიც ყველაზე რთულ დროს დაეხმარნენ. ბათუმელია მისი ცოლი, შორენა ტარუღიშვილიც.

ომამდე კახა კვაშილავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ისტორიას სწავლობდა. იქ მხოლოდ პირველი კურსის დასრულება მოასწრო. ბათუმში მან სწავლა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელსაც დღემდე მის ალმა მატერს უწოდებს.

„მაშინ დეკანი იყო ძალიან კარგი ადამიანი, ბატონი ბიჭიკო დიასამიძე, რომელთანაც მივედი და ვუთხარი, რომ სტუდენტი ვარ და სწავლის გაგრძელება მინდა-მეთქი, მაგრამ არანაირი საბუთი არ მქონდა. ყველაფერი დარჩა სოხუმში. ამ კაცს როგორ უნდა მივეღე?! ცარიელ-ტარიელი ვიყავი. თან პირველი სემესტრი დასრულებული იყო და სადღაც ორ კვირაში ახალი სემესტრი იწყებოდა. მახსოვს, მაგიდაზე ეწყო წიგნები და მითხრა – აი, გაძლევ ერთ კვირას. ეს წიგნები წაიღე. ერთ კვირაში მოდი და გამოცდები ჩააბარე. თუ ჩააბარებ, მივხვდები, რომ ისტორიკოსი ხარო. სრულიად უცნობ ადამიანს გამატანა წიგნები.

ერთ კვირაში მივედი, ჩავაბარე გამოცდები. თუ არ ვცდები, ბატონი აზიზ ახვლედიანი იყო მაშინ რექტორი. მაშინ დამეკითხნენ, თავისუფალი მსმენელი გინდა იყო, თუ ჩვენთან გინდა ისწავლოო. მე ვუთხარი, მირჩევნია თავისუფალი მსმენელი და ის ჩემი დევნილი უნივერსიტეტის დიპლომი ავიღო-მეთქი. თუმცა, ჩემს ალმა-მატერად ყოველთვის რჩება ბსუ. ძალიან კარგი წლები გავატარე იქ და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს იმ წლებში შეძენილი. ზოგიერთი ჩემი კურსელი უკვე ბსუ-ის ლექტორია”, – გვიყვება კახა კვაშილავა.

როცა აფხაზეთი დატოვეთ, ფიქრობდით, რომ დიდხანს ვერ დაბრუნდებოდით? როდის მიხვდით ამას? – ვკითხეთ კახა კვაშლავას.

„ჩემთვის… მე ახლა გავიაზრე, რომ 33 წელია დევნილი ვარ. არის ეს პასუხი?” – გვითხრა მან. 

“მეზღვაურთა სასტუმროში” მცხოვრები დევნილები. 1993 წლის ნოემბერი (ფოტო: კახა კვაშელავა)
  • აფხაზი მეგობრები

„მე ახლაც მყავს აფხაზი მეგობრები, რომლებიც სოხუმში ცხოვრობენ და რომლებთანაც შენარჩუნებული მაქვს კონტაქტი. პოლიტიკაზე, ძირითადად, ბევრს არ ვსაუბრობთ, მაგრამ ალაგ-ალაგ გამოერევა ხოლმე ეს თემა.

მე პატივს ვცემ ამ ადამიანებს, მათ შეხედულებებს. ისინი ღირსეული ადამიანები არიან.

სოციალურ ქსელში, საკმაოდ მკაცრ პოსტებს ვწერ, ისინი კითხულობენ, მაგრამ არცერთ ჩემს აფხაზ მეგობარს არ გადაუწყვეტია ჩემი ფეისბუქიდან წაშლა. არცერთ მათგანს არ შეუწყვეტია ჩემთან კონტაქტი. დაბადების დღეზე მირეკავენ, ან მომწერენ ხოლმე, სხვადასხვა დღესასწაულებზე, ჩვენ გვაქვს ეს ურთიერთობა.

ზოგჯერ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ვცდილობდეთ რაღაც ძვრას ამ მიმართულებით, მაგრამ თან ვცდილობთ ურთიერთობები შევინარჩუნოთ ადამიანურ დონეზე.

სხვათა შორის, ჩვენი თაობა, ეს ის თაობაა, რომლებიც ერთმანეთს ვიცნობთ. აფხაზეთშიც და ენგურს გამოღმა საქართველოშიც მოვიდა თაობა, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. შესაბამისად, მათ სამეტყველო ენა ერთმანეთთან არა აქვთ. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ”, – ამბობს კახა კვაშილავა.

თქვენი აზრით, რომელი თაობისთვის უფრო მარტივია ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა? თქვენთვის, ვინც იცნობთ ერთმანეთს, ვისაც გიცხოვრიათ ერთმანეთის მეზობლად, თუმცა შემდეგ, გიბრძოლიათ კიდეც ერთმანეთის წინააღმდეგ, თუ ომის შემდეგ დაბადებული თაობისთვის, რომლებიც, მართალია, ერთმანეთს არ იცნობენ, მაგრამ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ არ უბრძოლიათ? – ვკითხეთ მას. 

კახა კვაშილავა ამ შეკითხვას ასე პასუხობს:

„ჩვენთვის. ჩვენი თაობისთვის. ჩვენი თაობისთვის უფრო ადვილია ამ პრობლემის მოგვარება. ჩვენ ერთმანეთთან გვისაუბრია. გვიომია კიდევაც, როგორც სწორად შენიშნეთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ და შესაბამისად, ჩვენ უფრო მეტად გამოვძებნით ერთმანეთთან მისასვლელ გზებს“. 

კახა კვაშილავამ გაიხსენა მისი და მისი მეგობრის, ფრიდონ ქარდავას დიალოგი ამ საკითხზე.

„ბათუმში ცხოვრობს ჩემი მეგობარი, ცნობილი მწერალი ფრიდონ ქარდავა. 2000-იანების დასაწყისში ზუსტად ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. მისი შვილი, ქუჯი, მაშინ ძალიან პატარა იყო, სადღაც 2 თუ 3 წლის. მაშინ ფრიდონმა ასეთი სიტყვა მითხრა: კახა, აფხაზეთის პრობლემა ჩვენმა თაობამ უნდა მოაგვაროს. ქუჯის თაობას ეს არ უნდა დავუტოვოთ, რადგან ქუჯის თაობისთვის ეს არ იქნება იმდენად დიდი ტვირთი, როგორიც ჩვენთვის.

ეს მართალია“, – ამბობს კახა კვაშილავა.

  • „გაისად, სოხუმში“

როცა კახა კვაშილავას აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივებზე ვკითხეთ, გაიხსენა, რომ იგივე კითხვა ჯერ კიდევ ბათუმში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების დროს, მეზობელმა დაუსვა.

მაშინ 21-22 წლის იყო და ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, ამიტომ კითხვის ავტორს მის ნაცვლად სხვამ უპასუხა.

კახა კვაშილავას დღემდე ახსოვს პასუხი, რომელიც 30 წლის წინ მის ნაცვლად გასცეს.

„ერთ ეპიზოდს გავიხსენებ ბათუმის ცხოვრებიდან. ბათუმში, სადაც დევნილები შეგვასახლეს, სასტუმრო „მეზღვაურის“ აივანზე ვდგავართ და ერთი ასაკოვანი ბატონი მეკითხება: „კახა, შენ ხომ ისტორიკოსი ხარ, რას ფიქრობ, როდის დავბრუნდებით?”

მაშინ მესამე-მეოთხე კურსზე ვიყავი. არ ვიცი-მეთქი ვუთხარი. მეორე ასაკოვანმა კაცმა მითხრა ისეთი რაღაც, რაც დღემდე მახსოვს.

„სვანეთით რომ მოვდიოდითო და ვეკითხებოდით, ჭუბერი საითააო, გვეუბნებოდნენ, აი, ამ მთას რომ გადაივლი უკვე ჭუბერიაო.

ერთი მთა გავიარეთ, ორი მთა გავიარეთ, სამი, ათი მთა და ყოველ ჯერზე ამას გვეუბნებოდნენ. თავიდან გავბრაზდი, რატომ გვატყუებენ-მეთქი და მერე მივხვდი, რომ იმედს არ მიკარგავდნენო. ვიღაცას რომ ეთქვა, 10-15 მთის იქითაა, შეიძლება აღარც გამეგრძელებინა გზა, ან სიშორის შემშინებოდა და იქვე დავღუპულიყავიო. გვატყუებდნენ, რომ აი, ამ მთის იქითაა, მაგრამ იმედს გვაძლევდნენ – იარეთ, იარეთ და აუცილებლად მიხვალთო.

შენ არ მოატყუო ეს კაცი, უბრალოდ უთხარი, რომ გაისად დავბრუნდებითო. იმ იმედით ვიცხოვროთ, რომ გაისად დავბრუნდებით“. 

მიუხედავად იმისა, რომ 33-მა წელმა გაიარა, მე, მაგალითად, ყოველდღე ჩემი სახლი მესიზმრება.

ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ჩემს სიზმარში მისი გეოგრაფია აუცილებლად სოხუმია. ის ადამიანები, ვისთანაც მე თბილისში ვურთიერთობ – სამსახურეობრივი იქნება, პირადი თუ მეზობლური ურთიერთობები, ჩემს პროექციაში, სიზმარში, აუცილებლად სოხუმში გადადიან.

მე არასდროს არ დამსიზმრებია საკუთარი თავი ბათუმში, თბილისში ან სხვაგან. მხოლოდ სოხუმში მეღვიძება“, – გვეუბნება კახა კვაშილავა.

ისტორიკოსი წუხს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის აფხაზეთში დაბრუნების საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში. მისი თქმით, დროსთან ერთად ადამიანების, მათ შორის, დევნილების ცხოვრებაში ჩნდება სხვა საკითხები, რომლებიც სრულად მოიცავს მათ ყოველდღიურობას, ამიტომ დაბრუნების იდეა „თანდათან იქცევა სადღეგრძელოს ტექსტად“.

კახა კვაშილავა გვესაუბრა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ საზოგადოებრივ დისკურსში შემოტანილ „ბოდიშის“ იდეაზეც.

„2000-იანი წლების დასაწყისში თითქმის მთელ საქართველოში ბილბორდები იყო: „აფხაზეთი საქართველოა”, „სოხუმი ჩემი სახლია“. თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, მაღიზიანებდა. მე მინდა საქმის კეთება და არა ის ბილბორდები. მაგრამ დრო გავიდა, არც საქმე გაკეთებულა და ეს ბილბორდებიც მოიხსნა. ჩემთვის უკვე იმ ბილბორდმა ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

საზოგადოების ნაწილს აფხაზეთი მხოლოდ გარკვეულ მომენტებში ახსენდება – ლექსს წაიკითხავს, სადღაც სადღეგრძელოს იქნება სუფრასთან და ა.შ. თორემ, ისე იმდენი პრობლემაა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი ჩაიკარგა. სხვა პრობლემებიც მოგვიტანა ცხოვრებამ, ხელისუფლებამ, მთავრობამ, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ამ საკითხმა სადღაც უკან, ძალიან შორ პლანზე გადაიწია.

ბოლო წლებში გამოჩნდა ბოდიშის ნარატივიც. ვის მოვუხადო ბოდიში და რისთვის? კი, ბოდიშის მოხდა, მონანიება ძალიან ქრისტიანული აქტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს. ვის წინაშე მოვინანიო? მე დამესხნენ თავს, მე მესროლეს და მე გამომაძევეს. პრობლემა არასდროს მოგვარდება, თუ ჩვენ ცალმხრივად ვთქვით ბოდიში”, – ამბობს ისტორიკოსი.

ამჟამად, კახა კვაშილავა თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიას ასწავლის. ამბობს, რომ სტუდენტებს ხშირად ესაუბრება აფხაზეთზე, ასწავლის, აფიქრებს და ცდილობს, რომ მათთვის ამ თემამ არ დაკარგოს მნიშვნელობა.

„ხშირად ვესაუბრები აფხაზეთზე ჩემს სტუდენტებს, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი არ არი აფხაზეთელი. ვცდილობ რაღაც დავალება მივცე აფხაზეთზე, ვაფიქრო ამაზე.

აფხაზეთის პრობლემა არ უნდა იყოს მხოლოდ დევნილი საზოგადოების პრობლემა. თუ ეს მხოლოდ დევნილი საზოგადოების პრობლემა იქნება, ვერასდროს ვერ გადაწყდება.

აფხაზეთის პრობლემა, ცხინვალის პრობლემა საქართველოს საკითხი უნდა იყოს. სრულიად საქართველო ამ ტკივილით უნდა ცხოვრობდეს, ამ ამოცანით უნდა ცხოვრობდეს, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას.

საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად. მოვიდა მტერი, მესამე ძალა, რომელსაც რუსი ჰქვია და აგვირია ოჯახი. მაგრამ ჩვენი სიძლიერე იმაში იქნება, თუ მოვძებნით ძალას და ამ პრობლემას მოვაგვარებთ. მოვაგვარებთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რადგან მეორე ომს ჩვენ ერთმანეთთან ვერ ავიტანთ. მთავარია უკრაინამ გაიმარჯვოს ჩვენი ქვეყნების საერთო მტერთან ბრძოლაში“, – ამბობს კახა კვაშილავა.

Posted byთამთა კახაბერიძე22.09.202623.09.2026Posted inკვირის ამბები, მთავარი, სიახლეებიTags: აფხაზეთის ომი, დევნილები, სოხუმი

„სულ გამიშვი-დამაკავე და გინებაა, მთვრალი კაცები სახლებთან გვიშარდავენ“ – მოსახლეობის პროტესტი

„პატარა ჩიხია, სადაც 7 ოჯახი ვცხოვრობთ. ძალიან ვიწრო შემოსასვლელი გვაქვს და ამ ვიწრო ჩიხში ყოველ საღამოს საქორწილო მანქანების კოლონა რომ მოაწვება, სახლებში ვეღარ შევდივართ.

ავტომანქანებს გვიჩერებენ სახლთან, სახლის წინ, შესასვლელ კარებთან. მერე მიდის გინება, პატრული გამოვიძახეთ და არ შველის. სახლთან მოდიან მთვრალი კაცები და ხან აქ მიაშარდავენ და ხან იქ, გაგვიკეთეს ტუალეტი სახლებთან.

გუშინწინ ისეთი ჩხუბი იყო, ჩემი შვილიც კი ჩაერია და ყველა თავის ოჯახს უფრთხილდება, ხომ?! მეუღლე ჰიპერტონიკი მყავს და ყოველ მეორე დღეს სასწრაფო რატომ უნდა დამჭირდეს.

სულ ჩხუბი, სულ გამიშვი-დამაკავე, სულ დედის გინება, აწყობენ დრიფტებს და ისმის წრიპინი, კივილი, რეზინის ნამწვი შემოდის ფანჯრებში და არ გვძინავს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმში, ოლთისის ჩიხში მცხოვრები დალი შალიკაძე, რომლის მეზობლადაც სარიტუალო დარბაზი „ლიდერ პალასია“ გახსნილი და რეგულარულად ქორწილი იმართება.

გარდა გზის ჩახერგვისა, მოსახლეობა საუბრობს ფეიერვერკების ხმაურზეც, რომელიც ყოველ ღამით მათი სახლების წინ ფეთქდება.

„ამ ხმაურმა ჩემი შვილიშვილი შეაშინა და მეტყველების პრობლემა შეექმნა, ახლა ფსიქოლოგთან დაგვყავს“, – ამბობს დიანა ბოლქვაძე, რომელიც ამავე ჩიხში ცხოვრობს.

„დიდი ხანია ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ღია ეზო მაქვს, ბავშვები გვყავს და გარეთ ვერ გამოგვიშვია. ფეიერვერკებით ვწუხდებით, ჩხუბით ვწუხდებით. ამას ემატება ჩემი სახლის წინ პენოპლასტების ცეხი, რომლისგანაც საშინელი სუნი გამოდის და ვეღარ ვსუნთქავ, ვიხრჩობი.

არ ვიცი აქვთ თუ არა რეგულაციები დაცული, მაგრამ ფაქტია, რომ ეზოში ვერ ვსუნთქავთ. საამქროს კარი სულ ღიაა და პენოპლასტის მტვერი გარეთ გამოდის, მანქანა მიყენია ეზოში და სულ დასვრილია საამქროს მტვრით, ვერ გაივლი ეზოში, ყველგან საამქროს ნარეცხია.

უნდა გადაეტანათ ცეხი და არ გადაიტანეს. მოკლედ, ყველა მხრივ შეწუხებული ვართ“, – ამბობს დიანა  ბოლქვაძე.

ამავე ჩიხში ცხოვრობს რაისა ღოღობერიძეც.

„ექვსი ბავშვი ცხოვრობს ამ ეზოში და მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. ინსულტიანი მყავს მეუღლე და ამხელა ფეიერვერკები რომ სახლს აქანებს, ფეთქდება, ეს ხომ მოქმედებს ჩვენზე. ნამწვის ნარჩენები თავზე გვეყრება ყოველ ღამე. ბავშვებს ძილი ერღვევათ.

გამოდიან დარბაზით ხმაურით, წივილ-კივილით, ახტებიან ღობეზე, მიმტვრევენ. ასეთ გარემოში, როგორ ვიცხოვროთ.

ამიტომ, დააყენონ დაცვა, უზრუნველყონ წესრიგი, სიმშვიდე და ჩვენც მშვიდად ვიქნებით და ისინიც ნორმალურად იმუშავებენ. არის აქ სხვა სარიტუალო დარბაზიც, მაგრამ არ ისვრის ფეიერვერკებს. ამასაც შეუძლია, რომ არ გამოიყენოს და არ დაარღვიოს ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და უსაფრთხოება“, – გვეუბნება რაისა ღოღობერიძე.

მეზობლები აფეთქებული ფეიერვერკის ნარჩენებსაც გვაჩვენებენ, რომელიც მათ ეზოებში ცვივა.

დალი შალიკაძე აფეთქებული ფეიერვერკის ნარჩენებს გვაჩვენებს რომელიც ეზოებში ცვივა. აქვეა პენოპლასტის ცეხი, საიდანაც მეზობლების თქმით, გარემო ბინძურდება.

„აი, ეს არის მტკიცებულება. ასეთ ნარჩენებს ყრია ეზოებში, მანქანებზე, ყველგან და შეიძლება თვალში მოხვდეს ვიღაცას“, – ამბობს დალი შალიკაძე.

ვიდეო:

მეზობლების თქმით, „ლიდერ პალასის“ მეპატრონემ მომიჯნავე მიწაც იყიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ დარბაზში ალტერნატიულ შესასვლელს გააკეთებდა.

„მოგვატყუა და არანაირი შესასვლელი არ გააკეთა და გვაქვს აგერ ვიწრო შესასვლელ-გამოსასვლელი. ვერც ბავშვები თამაშობენ, ვერც ხალხი გამოვდივართ ეზოში მშვიდად. თუ არ შეცვლის პროექტს და არ გადაწყვეტს ამ პრობლემას ნორმალურად, გადავკეტავთ გზას და ვერცერთ ქორწილს ვეღარ ჩაატარებს“, – ამბობენ მეზობლები.

ვესაუბრეთ მირზა რიჟვაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ „ლიდერ პალასის“ მენეჯერია. ის ამბობს, რომ გზა სახელმწიფოსია და ყველას ეკუთვნის. იგი არ იზიარებს მოსახლეობის შენიშვნებს ხმაურსა და დისკომფორტთან დაკავშირებით.

„24 საათში შეიძლება შეიქმნას 15-წუთიანი საცობი. როცა მაყრიონი მოდის მაშინ არის ხოლმე ეს საცობი.

რაც შეეხება ხმაურს, ჩხუბი იყო და მოვაგვარეთ, ფეიერვერკი 10:00 საათის შემდეგ არ არის და არც მუსიკის ხმა გამოდის გარეთ. კერძო საკუთრებაში, ჩემს მიწაზე ვისვრი და ყველა რეგულაცია მაქვს დაცული. ამ ეტაპზე არ მაქვს არაფერი შესაცვლელი“, – ამბობს მირზა რიჟვაძე.

მარცხნივ: „ლიდერ პალასის“ მენეჯერი მირზა რიჟვაძე.
მარჯვნივ: [სავარაუდოდ] ცეხის მეპატრონე, რომელმაც „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ბათუმელებმა“ სცადა ეზოში არსებული საამქროს წარმომადგენელთან გასაუბრებაც, რომელიც შეეცადა, რომ ხელი შეეშალა ჩვენთვის მუშაობაში. „დატოვე ტერიტორია და გადი გარეთ“, – თქვა კაცმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.

მისი თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს, თავად გაარკვევს მოსახლეობასთან.

ოლთისის ჩიხში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გვითხრეს, რომ ხმაურსა და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ბათუმის მერიის მუნიციპალურ ინსპექციასაც მიმართეს, თუმცა მათ არავინ მიაქცია ყურადღება.

როგორ ხედავს მუნიციპალური ინსპექცია ოლთისის ჩიხში მცხოვრები მოქალაქეების პრობლემის გადაწყვეტის გზას? – „ბათუმელები“ ამ შეკითხვით მერიას მიმართავს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

Posted byლელა დუმბაძე22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბავშვთა უსაფრთხოება, გადაჭარბებული ხმაური, მოსახლეობის პროტესტი

New Case Against Garibashvili? – “Witness Says He Provided Protection to Call Centres”

Givi Jibladze, who was summoned as a witness in the case against Eliso Kiladze, founder of “Qronika+“, said during a closed court hearing that “Irakli Garibashvili is a person who provided protection call centres.” Journalists are not allowed to attend the closed hearing. The information was provided to journalists by a lawyer.

“He said that […] when Garibashvili became prime minister, he ‘pushed aside’ the Investigation Service of the Ministry of Finance, and Garibashvili took control of these call centres,” said Natia Korkotadze, one of Eliso Kiladze’s lawyers.

According to the lawyer, Jibladze has also provided this information to investigators, but Garibashvili has not been questioned about it.

“I didn’t say that,” Givi Jibladze told TV Pirveli when he was leaving the courthouse, in response to questions about the matter.

Netgazeti is seeking comment from Irakli Garibashvili’s lawyer and will update the story if further information becomes available.

It is not yet known whether another criminal case will be opened against Garibashvili.

Garibashvili is currently facing two criminal cases: bribery and the legalization of illicit income. He has admitted to the latter charge and entered into a plea agreement, under which he is currently serving a five-year prison sentence.

As for the bribery case, the former leader of Georgian Dream and former prime minister was charged on August 24 with accepting an especially large bribe by a group acting pursuant to a prior agreement. He denies the charge and plans to fight it in court.

The founder of Qronika+ has been detained in connection with a case involving fraudulent call centres. Her case was separated from the cases against the other nine defendants and is being heard as a separate proceeding. Kiladze denies the charges and says the case against her is revenge by Mamuka Mdinaradze. The proceedings are closed, meaning the media cannot independently observe what takes place in court.

Givi Jibladze himself is also charged alongside Eliso Kiladze in the fraudulent call-centre case, although he remains at liberty on bail.

Other defendants include former Prosecutor General Otar Partskhaladze; brothers Davit and Giorgi Mikadze, who are accused of the murder of Merab Jangveladze; Irakli Sekhniashvili; and others. According to the Prosecutor’s Office, defendants Givi Jibladze, Ben Anor, Tornike Janelidze and Giorgi Kamladze cooperated with the investigation and not only admitted to the crimes they had committed but also made a substantial contribution to uncovering the transnational crime. The court released them on bail.

Posted byირმა დიმიტრაძე22.09.2026Posted inArticles in EnglishTags: Eliso Kiladze, Georgia, Irakli Garibashvili, Scam Call Centers

Letter VII: Garibashvili Says His Own Team “Screwed Him Over”

On September 21st, former Prime Minister Irakli Garibashvili has released another letter from prison explaining the circumstances of his imprisonment.

Garibashvili says he was promised that if he pleaded guilty, he would receive a plea deal, a lengthy suspended sentence, and a fine, but would not be sent to prison. However, he says he was “screwed over.”

According to Garibashvili, the main purpose and motive behind his arrest was to neutralise him politically.

“Questions have been raised in society about my imprisonment, and many vague theories and speculations are circulating. In my previous letters, I partially explained and hinted at the main motive, but I have decided to elaborate further and explain to the public the real reason I was sent to prison. The main purpose and motive behind my arrest was and remains to neutralize me politically, damage and discredit my name and reputation among the people, and ultimately destroy my political future.

After they committed an act of unimaginable treachery, set a dirty trap for me, broke their word, violated our agreement and stormed into my home, I was given a message that same day: ‘You won’t be able to keep your hands clean; you must forget about politics.’ This was followed by a promise: ‘Not a single day in prison, a lengthy suspended sentence and a fine.’ Once again, I was ‘screwed over.’ On January 4, I was unexpectedly informed that the terms had changed and that I would have to go to prison for five years. I had already pleaded guilty, been released on bail and was waiting for the plea deal to be finalized under the promised terms.

As I have already explained to the public in my letters, because of my 20-year relationship with Bidzina Ivanishvili and my loyalty to him, I went silently to the political execution and ended up in prison because I did not want to enter into a confrontation. In doing so, I made a sacrifice and also sought to protect my team and my country. In return, I was ‘screwed over’ for the third time,” Garibashvili says.

However, Garibashvili says that after his arrest, he communicated with the authorities through an intermediary and was told that his imprisonment had damaged the government more than it had damaged him.

“In February, when communication was established through an intermediary, the government’s main message, apart from the newspaper, was as follows: my imprisonment had damaged the government more than it had damaged me… I realized that they were trying to frame me and preparing another dirty provocation. The reason was clear: they had failed to discredit me sufficiently in the eyes of the public and had not achieved the effect they expected from my arrest and the accompanying propaganda.

After that, there was no communication until July. Then, as the public already knows, they unexpectedly sent me a letter with new terms. Through an intermediary, I was also verbally informed that my imprisonment had seriously damaged the government, while my reputation had not suffered any significant harm. Public sympathy for me had grown, particularly among Georgian Dream voters, especially against the backdrop of dozens of people convicted in the case concerning the attempted overthrow of the government being released on suspended sentences.

The public could not understand or explain why I was being kept in prison for five years, given that I had pleaded guilty, compensated the damages, had no injured party and had paid the fine. My imprisonment had therefore become a burden for the government.

This was compounded by irrational suspicions and fears that I might return to politics after being released from prison. For this reason, they were demanding that I admit to a new, fabricated corruption charge, so that, on the one hand, my name could be destroyed once and for all and, on the other, they could further safeguard themselves against the risk of my return to politics,” Garibashvili says.

Garibashvili says his imprisonment was political from beginning to end, from the very first day, and that everything done against him was politically motivated and had nothing to do with a legal process.

He says he is now in prison because of “absurd suspicions, fears and envy,” which he describes as unimaginable injustice and malice against him and his family.

“Over the past two weeks, the government’s false and dirty propaganda has continued its discreditation campaign against me using ridiculous and feeble methods, driven solely by fear. I have also heard hypocritical and false statements from government representatives, to which I would like to respond as follows: From what I can see, you are having far too much fun with this and have become completely absorbed in your roles. Stop pretending! First cast out the beam out of thine own eye; and then talk about corruption. The public knows perfectly well that this is a complete farce and an insult to our society,” Garibashvili says.

In another letter from prison, Irakli Garibashvili also says that Georgian Dream is bringing back “the methods of rule used by the United National Movement”.

He says Georgian Dream has caused suffering to individuals and families and created a sense of hopelessness among the public.

“With these ridiculous and malicious spectacles, you have insulted state institutions and made them a laughingstock both inside and outside the country. You have given both internal and external enemies arguments to use against us and, most importantly, inflicted enormous and irreparable damage on your own country, your government and the ruling party itself.

Through your reckless policies and actions, you have plunged the country into continuous chaos and an endless crisis. You have confused even your own voters, caused suffering to individuals and families, and instilled in the public a sense of hopelessness, instability and fear of an unpredictable future. You are already following Saakashvili’s path and bringing back the methods of rule of the United National Movement…

You are committing evil. Be careful!” Garibashvili says.


Irakli Garibashvili, former Georgian Dream leader and former prime minister, was charged with a new offense on August 24: accepting a bribe of particularly large value as part of a group acting in prior agreement. According to his lawyer, Garibashvili denies the charges and intends to fight them in court.

According to the Prosecutor’s Office, Garibashvili received a bribe of GEL 750,000, which was handed to him directly by Juansher Burchuladze. The charge carries a prison sentence of 11 to 15 years.

Since August 17, Irakli Garibashvili, the imprisoned former Georgian Dream leader and former prime minister, has been publishing letters on social media. He claims he is being “forced” to start fighting back.

In his first post, the former prime minister wrote that he had received a letter in prison, at Bidzina Ivanishvili’s instruction, offering him the opportunity to take responsibility for a new corruption case. In the same statement, Garibashvili said that Ivanishvili and the authorities bear full responsibility for the safety of him and his family.

In a post published on August 18, he no longer mentioned Ivanishvili and said that the letter he had published on Facebook the previous day had been sent to him in July by Mamuka Mdinaradze, one of Georgian Dream’s leaders.

Garibashvili says he communicated his position to Mdinaradze that same day and “reiterated once again” that he had no intention of returning to politics. According to the letter, “they” responded that there was “still a 1% risk” of his return to politics.

Garibashvili claims that the corruption charge was brought against him precisely to eliminate that risk. Mdinaradze also responded to Garibashvili.

In a letter published on August 20, Garibashvili addressed Georgian Dream, saying that the party had staged a “dirty provocation” against him, set a “despicable trap,” deceived and sacrificed him, and terrorized his family. He said that they had stormed into the homes of his parents and his father-in-law’s family. In the same letter, he said he had once again received a hint that his father could be arrested.

Posted byირმა დიმიტრაძე22.09.202622.09.2026Posted inArticles in EnglishTags: Georgia, Georgian Dream, Irakli Garibashvili

„ოფისი დაიკეტა, მაგრამ სამხრეთის კარიბჭე არ ჩერდება“ – რა მოუვიდა მედიას, რომელიც ახალციხიდან მუშაობს

„მზია ამაღლობელის ბანერი სახლში წამოვიღე, ტექნიკასთან და ბევრ სხვა ნივთთან ერთად, ვერ დავტოვე. ციხიდან როცა გამოვა, ამ ბანერზე ხელს მოვაწერინებ და „კარიბჭეს“ ახალ თაობას გადავცემ“, – გვიყვება გულო კოხოძე, ონლაინმედია „სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი. ის ჩვენთან სატელეფონო საუბარში ემოციურად იხსენებს, როგორ ჩაალაგეს ნივთები ოფისის დაცლამდე, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, ხარჯებს ვეღარ გადაიხდიდნენ.

გულოს სახლში სხვა ნივთებთან ერთად წაუღია დაფაც, რომელზეც ყოველ დილით წერდნენ გეგმას, რედაქციაში ვის რაზე უნდა ემუშავა, ვინ რას გამოიკვლევდა.

ბოლო გეგმა არ წაუშლიათ. დაფა ამ ჩანაწერით შეინახეს. გადაწყვიტეს, რომ „ოფისი“ ახლა სოციალურ ქსელში, „ჩატში“ ექნებათ, ანუ ყოველ დილით ონლაინ ხვდებიან და გეგმავენ დღის განრიგს.

„სამხრეთის კარიბჭეში“ გადაწყვიტეს, რომ იმუშავებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ახალციხეში საცხოვრებელი აქვს.

„ვინც ბინას ქირაობდა გადავწყვიტეთ, რომ შეეჩერებინათ მუშაობა – ვერ შეძლებდნენ ყოველდღე ამხელა გზის გამოვლას. ვუთხარით, რომ არ ინერვიულონ, ჩვენ არ გავჩერდებით, თუმცა ყველა არ წასულა, მაგალითად დარჩა ნუკა, რომელიც ბორჯომელია, ის მუშაობას აგრძელებს.“ – ამბობს გულო კოხოძე.

წასვლამდე ოპერატორმა რედაქტორს დაჟინებით მოსთხოვა, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში აუცილებლად დაურეკონ: „გაგვაფრთხილა, როცა დაგჭირდებით, აუცილებლად დამირეკეთ, ჩამოვალ და გადავიღებო, სხვებიც ამაზე შეგვითანხმდნენ“.

„სამხრეთის კარიბჭე“ დამოუკიდებელი რეგიონული მედიაორგანიზაციაა, რომელიც ძირითადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სიახლეებსა და მოვლენებს აშუქებს, აქვს სომხურენოვანი გვერდიც. რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზაცია დიდი ფინანსური გამოწვევების წინაშე დადგა. ოთხი თვის წინ კი დატოვეს ოფისი, სადაც 10 წელი მუშაობდნენ.

დიდიმამიშვილის ქუჩა #16 -ში, „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში მისულ რესპონდენტებს ახლა ოფისის მეზობლად მცხოვრები პასუხობს და ჟურნალისტებთან აკავშირებს: „ისინი ახალ მისამართს ითხოვენ და უჭირთ იმის გაგება, რომ მისამართი არ გვაქვს. ასე როგორ იმუშავებთო, გვეკითხებიან“, – გვიყვება გულო კოხოძე.

„ადრე, სანამ ამ ოფისში ადამიანები მეგულებოდნენ, ყველაზე მეტად დილით, ოფისის ყავის სუნი მენატრებოდა, მერე – ჩემ მარჯვნივ, მარცხნივ და პირდაპირ მსხდომი ადამიანები, მოუცლელობაში გამოჩხრეკილი წუთები სალაპარაკოდ და რადიოს მიქშერი, თავისი ნაცრისფერ-სტაფილოსფერი ღილაკებით. ახლა, როცა ამ ოფისს ჩავივლი, ვერ ვიჯერებ, რომ შიგნით აღარავინაა და ეს დღე არსებობს…“ – დაწერა ცოტა ხნის წინ თაკო ფეიქრიშვილმა, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტმა ფეისბუქზე. 

ორგანიზაციის დირექტორი ამბობს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ოფისი „სინათლე მედიას“ დახმარებით შეინარჩუნეს, თუმცა საბოლოოდ მიხვდნენ, რომ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე უნდა გადასულიყვნენ.

„ოფისი აპრილის ბოლოს დავცალეთ, ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ფინანსური პრობლემები გვქონდა, ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ოფისი დაგვეცალა და ონლაინ გაგვეგრძელებინა მუშაობა.

სახლებიდან ვმუშაობთ. გვყავს სომხურენოვანი თარჯიმანი, ასე რომ სომხურენოვან გვერდს ისევ ვაკეთებთ, ეს შევინარჩუნეთ. ძალიან გვეხმარებოდა „სინათლე მედია“ და აპრილამდე თუ შევძელით ოფისში დარჩენა, ეს იყო „სინათლე მედიის“ დახმარებით. შენობაში ვიხდიდით მაღალ თანხას, ამას ემატებოდა კომუნალურები და ასე შემდეგ“ – ამბობს გულო.

სელფი „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციაში
  • რა შეცვალა ონლაინ მუშაობამ

„პანდემიის პერიოდში, როცა ონლაინ მუშაობის რეჟიმზე გადავედით, სიმართლე გითხრათ, ძალიან რთული იყო მაშინაც. არ ვიყავით მიჩვეულები, არ ვიცოდით რა იყო ონლაინ მუშაობა, იმ დროიდან დამკვიდრდა და რაღაც გამოცდილებაც მივიღეთ. უკვე ვიცოდით, რომ წავიდოდით სახლში, წავიღებდით შესაბამის ტექნიკას, რაც გვჭირდებოდა და ასე თუ ისე გამოვიყენებდით.

ბუნებრივია, რთულია გუნდურობისთვის, ურთიერთობისთვის, ყოველდღიური დაგეგმვისთვის…

დილით როცა დგები, ემზადები და მიდიხარ, იცი, რომ სამსახურში მთელი დღის საქმეს ახმარ შენს ენერგიას. აქ უკვე აირია ყველაფერი, ვერ გარკვეულხარ სახლის საქმე – სამსახურის საქმე, დროის გადანაწილება რთულია.

ახლა ოთხნი ვართ და ასე დავლაგდით. დილით ვიკრიბებით, ვწერთ, ვინ რა უნდა გავაკეთოთ, რაღაცას ვინაწილებთ ახალს, რაღაცას ვაგრძელებთ, ვგეგმავთ ვინ წავა იმ დღეს გადაღებაზე, ვინ შეძლებს და ასე შემდეგ. იმას, რასაც დაფაზე ვწერდით, ახლა უკვე ჩატში ვწერთ ერთმანეთს. ჩატი როგორც კი ხმას გამოსცემს, უკვე ყველანი იქ ვართ და ვიცით, რომ რაღაც ხდება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ 2004 წელს დაარსდა. გამოცემა გაზეთის სახით გამოიცემოდა 2004-2017 წლებში, ქართულ და სომხურ ენებზე, 2017 წელს კი მედიაორგანიზაციამ ჯერ ვებგვერდი, შემდეგ კი რადიო დააარსა. გამოცემას და მის ჟურნალისტებს არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული. ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“
  • „ერთმა მხარდამჭერმა საკუთარი სახლი შემოგვთავაზა“

„როცა სატვირთო მანქანა მოვიდა ჩვენი სამსახურის წინ და დავიწყეთ ოფისის დაცლა, რამდენიმე ადამიანი მოვიდა და გვკითხა, სად გადავდიოდით. გაუკვირდათ, როცა ვუთხარით, რომ ოფისი აღარ გვექნება. არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახლი შემოგვთავაზა, ჩემთან გადმოდითო, მადლობის მეტი რა გვეთქმოდა.

ძალიან გაუკვირდათ ადამიანებს, სამსახური თუ არსებობს, უნდა არსებობდეს ოფისიცო, ასე როგორ შეძლებთო.

იყო ასეთი კითხვებიც – „თქვენც გაქრებით?“

მოგვიწია კეთილისმსურველი ადამიანების დარწმუნება, რომ ჩვენ ონლაინ შევძლებთ მუშაობას.

როცა წავედით, სახლის მეპატრონე აკეთებდა რემონტს. მან გვითხრა, რომ ადამიანები მიდიოდნენ და ითხოვდნენ რედაქციის ახალ მისამართს. ის უხსნიდა, ოფისი აღარ აქვთო და არ იჯერებდნენ, ადამიანები მიჩვეულები იყვნენ ჩვენთან ოფისში მოსვლას და იქ საუბარს… ძალიან რთული იყო ამის ახსნა. საჯაროდ ოფისის დახურვაზე ინფორმაცია არ დაგვიდია. ტელეფონზე ვინც გვეხმიანება, ვეუბნებით, რომ ჩვენ თვითონ მივალთ ადგილზე“.

გულო კოხოძე გვიყვება, რომ რეგიონში, სადაც ის 10 წელზე მეტია ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, პროტესტის მძლავრი ხმა არ ისმის და უკმაყოფილებას უფრო პირად საუბრებში გამოხატავენ:

„სამცხე-ჯავახეთი ყოველთვის იყო რეგიონი, სადაც ნაკლებად ისმოდა პროტესტის ხმა, სამწუხაროდ.

ის, რომ ახლა ახალციხეში საპროტესტო აქციაზე ადამიანები დგანან, ეს არის სამცხე-ჯავახეთისთვის სასწაული მოვლენა.

როცა გვხვდებიან, პირადად გველაპარაკებიან, მაგრამ ამის ხმამაღლა, საჯაროდ თქმა ძალიან უჭირთ.

შეიძლება არის შიში, შეიძლება კი არა, არის შიშის ფაქტორი, მაგრამ, ზოგადად, აქტივიზმით რეგიონი არასდროს გამოირჩეოდა. ის, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ მათთვის არის პირველი ქართულ-სომხურენოვანი ონლაინ მედია, არის მნიშვნელოვანი. ამას გვეუბნება არაერთი.

არაერთმა გვითხრა: რამდენჯერ გავიარე და ოფისის ფანჯრებზე გამოკრული განცხადება – „ქირავდება“ – ძალიან გვაწუხებსო. რა გავაკეთოთ, რით დაგეხმაროთო, გვეუბნებიან.

მინდა ვუთხრა მათ, რომ სანამ შევძლებთ არ გაჩერდება „სამხრეთის კარიბჭის“ ონლაინ გამოცემა.

თავიდანვე მოვილაპარაკეთ და ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან ადგილობრივები, როგორც კი დაგვჭირდება, ჩამოვლენ.

ადამიანი რომ დაფიქრდეს, რას მისცემს ადგილობრივ მოქალაქეს „სამხრეთის კარიბჭის“ დახურვა? – ყველაფერი, რაც აქ იწერება, მათი ამბავია, მათი პრობლემები შუქდება, მათი საკითხები, რაც მათ აწუხებთ.

ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რას მოგვცემს „კარიბჭის“ დახურვა? – იმ ინფორმაციას, რომელსაც ახლა ეცნობიან, ვეღარ გაეცნობიან.

როცა რაიმე ხდება, გვწერენ, როდის იქნება მასალა მზად, როდის დადებთ. ან გვეკითხებიან – შეძლებთ, რომ დროულად მოგვცეთ ეგ ინფორმაცია?

აი, ეს დააკლდებათ. და რა მოემატებათ?! – არაფერი, გარდა იმისა, რომ დაიხურება სივრცე, სადაც მათ შვილებზე იწერებოდა, მათ მეზობლებზე იწერებოდა, ყველას სიკეთეზე, პრობლემებზე იწერებოდა, საგამოძიებო მასალები იწერებოდა, რაშიც უდიდესი შრომაა ჩადებული“ – ამბობს გულო კოხოძე.

Posted byცაგო კახაბერიძე22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: მედია, რუსული კანონი

მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 60 წელს გადაცილებული კაცი დააკავეს

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ვერსიით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 60 წელს გადაცილებული ბრალდებული არასრულწლოვანზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა დაზარალებული.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დააკავეს“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და მე-4 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, არასრულწლოვანის, 14 წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა იუწყება, რომ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Posted byბათუმელები22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: პროკურატურა

რუსეთში, უფასა და სამარაში უკრაინული დრონები ნავთობის ქარხნებს დაესხნენ თავს

22 სექტემბერს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, სამარის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანას ათობით დრონით დაესხა თავს.

ტელეგრამ-არხ Astra-ს ცნობით, უკრაინული დრონების სამიზნე სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. დრონების დარტყმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

სამარაში მდებარე კუიბიშევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ საკუთრებაა და რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა.

2026 წლის ივნისში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე გახდა და „როიტერის“ წყაროების ცნობით, მუშაობა დროებით შეაჩერა.

ასევე, დღეს, 22 სექტემბერს, ღამით, რუსეთში, ქალაქ უფაში, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად დაზიანდა „ბაშნეფტ-უნპზ“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 7,5 მილიონი ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს გადაამუშავებს.

2026 წლის დასაწყისიდან დღემდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს 70-ზე მეტჯერ შეუტიეს. შედეგად, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოცულობა 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ამან ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გამოიწვია, რამაც ხელისუფლება აიძულა, ექსპორტზე აკრძალვა დაეწესებინა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა.

ზელენსკიმ უპასუხა, რომ კიევი დეესკალაციისთვის მზად იყო, მაგრამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტას თან უნდა ახლდეს რუსეთის თავდასხმების შეწყვეტა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

_______________

ფოტოზე: 22 სექტემბრის დილა სამარაში. წყარო: Exilenova+/telegram

Posted byნანა კვაჭაძე22.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

თურქეთში სკოლასთან სროლა იყო, დაშავდა 8 ადამიანი – მედია

თურქული მედიის ცნობით, 22 სექტემბერს მანისას პროვინციის თურგუტლუს რაიონში, ერთ-ერთ სკოლასთან სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა.

სროლა იყო დილის 8 საათის ფარგლებში, „ინჯი უზმეზის“ (İnci Üzmez) სახელობის პროფესიულ-ტექნიკურ სკოლასთან. პირმა სანადირო თოფიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალა. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. სროლის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ბოლო ცნობებით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სკოლასთან მშობლები შეიკრიბნენ, რათა შვილების მდგომარეობა გაერკვიათ. ზოგიერთი მშობელი ტერიტორიაზე შესვლისას პოლიციას დაუპირისპირდა.

მედიის ცნობით, დაწყებულია გამოძიება.

___________________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

Posted byნანა კვაჭაძე22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: თურქეთი, მსოფლიო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე ივანიშვილის და კობახიძის დაკითხვას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 5 წლის თავზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურისგან პასუხებს ითხოვს.

ასევე, პარტიის მოთხოვნაა დაიკითხონ ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი.

„არსებობს უამრავი მტკიცებულება და ჩანაწერი იმისა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე მიდიოდა წარმოუდგენელი ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი” – განაცხადა დღეს, 22 სექტემბერს პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე ემნ-ს წევრმა მარიამ დოლიძემ.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

ენმ-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობენ და სთხოვენ საკრებულოში „ნეიტრალური მხარე დაიჭიროს“. ნეიტრალურობა ამ შემთხვევაში ნიშნავდა იმას, რომ საკრებულო ოპოზიციური ვეღარ იქნებოდა და უმრავლესობით გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებდა.

2021 წლის 19 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ბათუმის საკრებულოში „ოცნებას“ ეყოლებოდა უმრავლესობა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე 2021 წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში  გამოძიება დაიწყო საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით“. შსს-ს გამოძიება სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევაზე არ დაუწყია.

დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია. 

ამავე თემაზე: 

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

Posted byცაგო კახაბერიძე22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ენმ, ნუგზარ ფუტკარაძე

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 24-25 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად წვიმა. 

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

Posted byბათუმელები22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ამინდის პროგნოზი აჭარაში, ამინდის პროგნოზი ბათუმში

ახლობლების სახელით ბანკიდან სესხები აიღო და თანხა მიითვისა – პროკურატურა

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

რუსთავში ბრალდებულმა თანამშრომლებისა და ახლობლების პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ სახელზე ერთ-ერთ ბანკში დისტანციურად გახსნა საბანკო ანგარიში და აღნიშნული პირების სახელზე ონლაინსესხის დამტკიცება მოითხოვა.

„ბრალდებულმა არასწორი და ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, საბანკო ორგანიზაცია მოატყუა და 4 სხვადასხვა პირის სახელზე დამტკიცებულ სესხს საერთო ჯამში – 48 130 ლარს თაღლითურად დაეუფლა“ – წერს პროკურატურა.

ბრალდებული 2026 წლის 20 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Posted byბათუმელები22.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: თაღლითობა, პროკურატურა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 22 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 520 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 364 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 374 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 50 184 ერთეული [+42]
  • MLRS – 2 151 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 663 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 529 134 ერთეული [+1 441]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 720 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 152 173 ერთეული [+312]
  • სპეცტექნიკა – 4 733 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byთედო ჯორბენაძე22.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.

ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას (პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით)“ – წერს ორგანიზაცია.

საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.

საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა.

„ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო გადაწყვეტილებიდან მალევე შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.

საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის“ – წერს ორგანიზაცია.

მოქალაქე ირაკლი მილაძე 2022 წელს დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოში უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო.

მილაძემ ტიკტოკზე გააკრიტიკა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა და თბილისის მერის, ასევე მერიის თანამშრომლებისა და პოლიციელების მისამართით უცენზურო სიტყვები გამოიყენა. ამის გამო ის 500 ლარით დააჯარიმეს – შსს ამტკიცებდა, რომ მილაძის ქმედება ექცეოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლში, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას. მათ შორის, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას.

საქალაქო სასამართლომ მილაძეს 2000-ლარიანi ჯარიმა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციომ ეს თანხა 500 ლარამდე შეამცირა.

ფოტოზე: ბრიფინგი საიაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ვრცლად ამ თემაზე: 

ტიკტოკზე გამოხატვის თავისუფლების საქმე – სტრასბურგის გადაწყვეტილება და გამოხმაურებები

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: საია, სტრასბურგის სასამართლო

„ჩემს შვილს იძულებით მოაწერინეს ხელი აღიარებაზე“ – ინტერვიუ დედასთან, რომლის შვილსაც 17 წელი მიუსაჯეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ IT სპეციალისტს, გიორგი კვიცარიძეს 17 წელი მიუსაჯეს.

გიორგის დედა, ეთერ ხატისკაცი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისი შვილი რეალურად იმ კადრების მოპოვების გამო დასაჯეს, რითაც დადასტურდა, რომ ქობულეთის პოლიციის შენობაში პოლიციელები დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ. ეთერ ხატისკაცის თქმით, ეს კადრები სწორედ მისმა შვილმა მოიპოვა „პოლიციელების ჩათებიდან“.

გიორგი კვიცარიძის საქმის გარშემო „ბათუმელებმა“ დაკავებულის დედას, ეთერ ხატისკაცს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ქალბატონო ეთერ, როგორც ვიცით, თქვენს შვილს 17 წელი მიუსაჯა სასამართლომ და ისიც ვიცით, რომ ბრალდებას არ ეთანხმებით. შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როგორ აღმოჩნდა თქვენი შვილი ამ ამბავში? 

მე მყავს ერთი შვილი და ამის მეტი არაფერი არ გამაჩნია. არც სახლი, არც კარი – არაფერი, როცა ერთ დროს ყველაფერი მქონდა. პირველი ქალი ვარ, რომელიც ქუთაისში საჭესთან იჯდა.

  • ქუთაისში ცხოვრობდით?

მამა მყავდა თბილისელი და დედა ქუთაისელი. მე და გიორგი 30 წელი მოსკოვში ვცხოვრობდით, იქ დაამთავრა გიორგიმ კომპიუტერული ტექნოლოგიები და იქ ჰყავდა ოჯახიც, მაგრამ როცა ყველაფერი აირია [ომი დაიწყო უკრაინაში], ჩვენ წამოვედით საქართველოში. გიორგის მეუღლე არ წამოვიდა და, ფაქტობრივად, დაშორდნენ ერთმანეთს.

ქუთაისში სახლი მქონდა, ის გავყიდე და იმით ბინა გავურემონტე ჩემს რძალს, რადგან პატარა დაიბადა.

აქ რომ ჩამოვედით, სახლი აღარ გვქონდა. ამიტომ ჩემს თანაკლასელთან ავიღე ბინა ქირით და თან ჩემი შვილი ეძებდა სამსახურს. ზოგს კომპიუტერის აწყობა სჭირდებოდა, ზოგს რა და მოდიოდა ხალხი. ბოლოს მე დავიწყე მუშაობდა ქუთაისის ავტოქარხნის კლინიკის ემერჯენსში და გიორგიც აიყვანეს თანამშრომლად, ძალიან კარგად აუწყო ტექნიკა. ბოლო წელიწად-ნახევარი უკვე ხელფასების პრობლემა იყო, ვეღარ გვიხდიდნენ, 4 მლნ ვალი გვაქვსო ამბობდნენ და წამოვედით იქიდან.

მე ძმა და ძმისშვილი მყავდა „კანონიერი ქურდები“, ახლა გარდაცვლილები არიან, მაგრამ ჩემი ძმის მეგობარი იყო შაქრო კალაშოვი, გაგონილი გექნებათ ალბათ მისი სახელი – მასთან ჩავედი, კრასნოდარის ზონაში რომ იჯდა და ველაპარაკე, ასეთ დღეში ვარ, სამსახური არ აქვს ჩემს შვილს-მეთქი.

მითხრა, რომ ლატვიაში გაუშვებდა სამუშაოდ. იქ ბიზნესი ჰქონდა და კაზინოში დაასაქმა. ეს იყო 2025 წელი. სავიზო რეჟიმი რომ არ დაერღვია, სამი თვის შემდე ჩამოვიდა გიორგი და დისტანციურად მუშაობდა, შაქრო ურიცხავდა ხელფასს და ვიყავით კარგად.

  • როდის დაიწყო პრობლემები?

ადრე, რომელ კლინიკაშიც მუშაობდა გიორგი, იქ იყო ერთი რეანიმატოლოგი – გოჩა ქავთარაძე, რომელიც ახლოს იყო გიორგისთან და მან გააცნო ერთი კაცი, ამირან მღებრიშვილი, რომელიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან სახლში.

ერთ დღეს, სამზარეულოში როცა ლაპარაკობდნენ, გავიგე, რომ გოჩა ქავთარაძისთვის ჰქონდა ნაჩვენები გიორგის პოლიციელების მხრიდან ძალადობის კადრები, ამ მღებრიშვილს კი არ ჰქონდა ნანახი.

  • ვინ არის მღებრიშვილი, სად მუშაობს?

პოლიციასთან მოთანამშრომლე კაცია. ერთი კადრი უჩვენებია ჩემს შვილს ამისთვისაც. მე გასასვლელი ვიყავი ბანკში, ცუდი ამინდი იყო და ჩემმა შვილმა მითხრა – ამირანი მიდის და გაგიყვანსო. მანქანაში რომ ჩავსხედით, ამირანი მეუბნება – „მაჩვენე რა ის კადრებიო“. მე გამიკვირდა, რა კადრები, რაზე მელაპარაკები ან შენ ვინ ხარ, რომ კადრები გაჩვენო-მეთქი.

დადგა 30 დეკემბერი, ამირან მღებრიშვილი ისევ მოვიდა ჩვენთან და სამზარეულოში ჩუმად ელაპარაკებოდა გიორგის. ჩემს შვილს ვუთხარი, არ მომწონს ეს კაცი-მეთქი. შემდეგ გიორგიმ მითხრა, თბილისში უნდა გავყვე ამირანს, ვიღაც რუსულენოვანს უნდა შეხვდეს და რადგან ენა არ იცის, მე მივყვებიო.

  • რა მიზნით ხვდებოდა?

არაფერი არ ვიცი. წავიდნენ და მალევე მობრუნდნენ. ვერ შეხვდა იმ კაცსო – მითხრა. 31 დეკემბერს ისევ მოვიდა ეს მღებრიშვილი ჩვენთან დილით. ჩავწეროთ ბარემ სახლში, რას მოდის აქ ყოველ დღე-მეთქი, ვუთხარი გიორგის. რაღაც ცუდს მიგრძნობდა გული. იმ დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო გარეთ, მაგრამ მაინც წავიდნენ.

გიორგიმ დღის სამ საათზე დამირეკა და მითხრა, ავტობანზე ვარ და 20 წუთში სახლში ვიქნებიო. გავიდა ერთი საათი, ორი საათი და არ მოვიდა. ავნერვიულდი ძალიან, გახდა 10-12 საათი და ისევ არ გამოჩნდა. 04:00-20 საათზე ზარი იყო კარებზე. გავაღე კარები და დამხვდა ოთხი პოლიციელი. ვკითხე – „ხომ მშვიდობაა?“ ვიფიქრე ავარია ხომ არ მოხდა და ხომ არ დავიღუპე-მეთქი. მითხრეს, რომ გიორგი დაკავებული იყო და ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ სახლშიო.

  • სასამართლო ორდერი ჰქონდათ?

ორდერი მაჩვენეს, იარაღს და არასამომხმარებლო ნივთიერებას ვეძებთო. ეს ბინა ნაქირავებია, არაფერი დააზიანოთ  და რამე არ ჩადოთ, თორემ მე ხელს არაფერს მოვკიდებ და მხოლოდ თქვენი ანაბეჭდები იქნება ზედ-მეთქი, ვუთხარი პოლიციელებს. გადააბრუნეს ყველაფერი, მაგრამ რა უნდა ენახათ, რაც არ იყო. მე ტელეფონი მქონდა თან და ვიდეოს ვიღებდი.

გიორგის კომპიუტერი, რომელშიც ეს კადრები იყო შენახული, მაგიდაზე იდო. პოლიციელებს ვუთხარი, რომ სხვისია კომპიუტერი, გასაკეთებლად აქვთ მოტანილი-მეთქი და სხვაგან გავიტანე. ამიტომ ვერ წაშალეს ეს კადრები.

  • ნარკოტიკებზე რომ იყო დაკავებული, ეს როდის გაიგეთ?

დარეკა ვიღაცამ ტელეფონზე და მომასმენინეს. გამომძიებელი ვარო და ჩქარ-ჩქარა მომაყარა, ესა და ეს ნივთიერება ამოვიღეთო. მე ვკითხე, მხოლოდ გიორგი დააკავეთ თუ სხვაც-მეთქი. ტაქსის მძღოლი იყოო – მითხრეს. შემდეგ გავიგე, რომ არანაირი ტაქსის მძღოლი არ ყოფილა, ამირან მღებრიშვილი ახლდა თავისი მანქანით.

  • ვინ იძიებდა ამ საქმეს?

პროკურორი იყო რეზო თოფურია. ვუთხარი, ჩემი შვილი არაკანონიერად გყავთ დაკავებული და გაათავისუფლეთ-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ გიორგი კადრების გამო ჰყავდათ რეალურად დაკავებული და არა ნარკოტიკების გამო.

კერძო ადვოკატმა 5 000 ლარი მომთხოვა და ვერ ავიყვანე, არ მქონდა ფული. ამიტომ სახაზინო ადვოკატი იცავდა გიორგის. პირველი ადვოკატი იყო ირაკლი შენგელია, რომელმაც კითხვები დაუსვა გამომძიებელს. მაგალითად, ჰკითხა, როცა გიორგი დააკავეთ, გეცვათ თუ არა პოლიციის ფორმაო. გამომძიებელმა უთხრა, რომ არ ახსოვდა და ყველაფერზე ამას იმეორებდა.

შემდეგ გავიგე, რომ პროკურორი თოფურია შევარდნილა გიორგისთან იზოლატორში და ეკითხებოდა, სად გაქვს კადრებიო. გიორგიმ უთხრა არ მახსოვსო.

  • ეს კადრები როდის მოიპოვა თქვენმა შვილმა და რატომ მოიპოვა, რატომ გაუჩნდა ამის ინტერესი?

როგორც გითხარით, ჩვენ რუსეთში ვცხოვრობდით. თუმცა არეულობა რომ დაიწყო, აღარ უნდოდა გიორგის იქ გაჩერება. [უკრაინაში] ბავშვებზე ძალადობის, გაუპატიურების კადრები რომ გავრცელდა, მაშინ საერთოდ გაგიჟდა. მისი ფეისბუქის გვერდზე რომ შეხვიდეთ, სულ რუსეთის ლანძღვაა, შეზიზღდა იქაურობა. მერე ივანიშვილმა რაც გააკეთა, კი იცით.

ხალხზე ძალადობის ამბები იყო. ჩემს ოჯახსაც სული გამწარებული ჰქონდა პოლიციელების გამო. 35 წლის იყო ჩემი ძმისშვილი, რომ მოწამლეს და მოკლეს…

მერე მაჩვენა ეს კადრები, თუ იცი რა ხდება ქუთაისშიო. ერთი პოლიციელი – ჯინჭარაძე, ვიცანი კიდეც იმ კადრებში. ისიც მოდიოდა ჩვენთან და რას წარმოვიდგენდი ასეთ რამეს.

  • ეს კადრები როცა გაჩვენათ, ალბათ მიხვდებოდით, რომ მათი გასაჯაროება თქვენი ოჯახისთვის საფრთხე იქნებოდა. ამაზე გქონდათ საუბარი?

არ გვქონია ამაზე საუბარი. უბრალოდ მითხრა, რომ კადრები შემენახა. 5 ფაილი მქონდა ჩემს ტელეფონში, რაც გამოქვეყნდა და 33 ფაილია კიდევ, საშინელი კადრები, სიგარეტებს რომ აწვავენ დაკავებულებს, ბიჭებს რომ აშიშვლებენ და ასე შემდეგ. ეს 33 კადრი ინახება გიორგის კომპიუტერში, რომელიც პოლიციას არ წაუღია.

  • ახლა ხომ იციან, რომ თქვენთან არის, ფიქრობთ, რომ შეიძლება თქვენც იყოთ საფრთხის ქვეშ?

კი, მეც ასე მგონია. სააკაშვილმაც დაწერა პოსტი ჩემზე, დაცვა დაუყენეთ ამ ქალს და ის ახალგაზრდა გაათავისუფლეთო. დაემუქრა პროკურორი რეზო თოფურია ჩემს შვილს, ხელს თუ არ მოაწერ ჩვენებას, რაც იმ კადრებშია, იმაზე უარესს ვუზამთ დედაშენსო.

  • რაზე მოაწერინეს, რომ ნარკოტიკები ჰქონდა ჩხრეკისას?

დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ანალიზებში არაფერი გამოჩნდა.

მღებრიშვილს რატომ არ აუღეთ ანალიზები-მეთქი – ვიკითხე და მღებრიშვილმა უარი განაცხადაო – ასე მიპასუხეს. ეს მღებრიშვილი ადრე ჰყოლიათ დაჭერილი ნარკოტიკებზე.

საქმეში მხოლოდ გიორგის აღიარებითი ჩვენებაა, რომელზეც იძულებით მოაწერინეს ხელი, სხვა არსებითი მტკიცებულება არ არის საქმეში, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ყველა ინსტანციაში.

  • სასამართლოზე რა მტკიცებულებები ჰქონდათ, იყო რამე სარწმუნო?

ვიდეო იწყებოდა იქიდან, როცა ჩემს შვილს უკვე ეკეთა ხელბორკილები და ჯიბიდან უღებენ რაღაცას, გიგა ეუბნებოდა, რას შვრებითო. წესით, ვიდეო უნდა დაეწყოთ იქიდან, როცა აჩერებენ მანქანას, როცა გადმოჰყავთ გიორგი და ჩხრეკის კადრები უნდა ყოფილიყო უწყვეტად. ასე არ იყო. კადრები წყდებოდა, მერე ისევ იწყებოდა. ასეთი დამონტაჟებული კადრები იყო სასამართლოზე წარმოდგენილი.

ჯერ ამხელა სასჯელს ვინ აძლევს მოხმარებაზე. ჩემი შვილი არ არის მომხმარებელი, წესიერი ადამიანია და ძალიან შორსაა ნარკოტიკებისგან. ჩვენებაზე ხელი იძულებით რომ მოაწერინეს, 8 დღე შიმშილობდა.

ამის მერე გავასაჯაროვე მე ეს კადრები, რომ გაეგო საზოგადოებას, რა იყო რეალურად გიორგის დაკავების მიზეზი.

  • თქვენ ამბობთ, რომ 33 ფაილი გაქვთ შენახული, პოლიციელების ძალადობაზე. რადგან მიუსაჯეს უკვე თქვენს შვილს, აპირებთ, რომ დარჩენილი ფაილებიც გამოაქვეყნოთ?

არ ვიცი. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული. ჩემს შვილთან 2 ოქტომბერს მაქვს პაემანი, შევხდები და დავილაპარაკებთ.

  • როგორც მითხარით ბრძოლას აპირებთ, მაგრამ გყავთ სახაზინო ადვოკატი. რამდენად შეძლებს ის თქვენი შვილის ინტერესების დაცვას?

ცხადია, ვერ ვენდობი ბოლომდე, მაგრამ პირველი ადვოკატი ვინც მყავდა, ის ჩაეხსნა საქმეს – მითხრა, რომ მასზე ზეწოლას ახდენდნენ „ზევიდან“. ამიტომ სხვა ადვოკატებთანაც მაქვს მოლაპარაკება და დიდი ალბათობით, მათ გადავცემ საქმეს – ჩემი შვილის უფლებებს ბოლომდე დავიცავ.

Posted byლელა დუმბაძე21.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ადამიანის უფლებები, პოლიციელები, ძალადობა

„მინდა ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში“ – ღარიბაშვილი ახალ წერილს აქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს ციხიდან.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მის წერილს:

„საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და სპეკულაცია ვრცელდება. წინა წერილებში მე ნაწილობრივ განვმარტე და მინიშნებები გავაკეთე ძირითად მოტივთან დაკავშირებით, თუმცა გადავწყვიტე, კიდევ უფრო მეტად გავშალო ეს საკითხი და ხალხს ავუხსნა რეალური მიზეზი, რის გამოც ჩამსვეს ციხეში.

ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება.

მას შემდეგ, რაც წარმოუდგენელი არაკაცობა ჩაიდინეს, ბინძური მახე დამიგეს, მოცემული სიტყვა გატეხეს, შეთანხმება დაარღვიეს და სახლში შემომივარდნენ, იმავე დღეს გადმომცეს გზავნილი – „სუფთად ვერ დარჩები, პოლიტიკა უნდა დაივიწყო“ – და მოაყოლეს დაპირება: „არცერთი დღე ციხეში, მრავალწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა“. ისევ „გადამაგდეს“. 4 იანვარს მოულოდნელად მაცნობეს, რომ პირობები შეიცვალა და 5 წლით უნდა წავსულიყავი ციხეში.

უკვე აღიარებული მქონდა ბრალი, გირაოს სანაცვლოდ ვიყავი თავისუფლებაზე და ველოდებოდი დაპირებული პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

როგორც უკვე ავუხსენი საზოგადოებას ჩემს წერილებში, ბიძინა ივანიშვილთან 20-წლიანი ურთიერთობისა და მისდამი ჩემი დამოკიდებულების გამო უსიტყვოდ ავედი პოლიტიკურ სასაკლაოზე და ჩავჯექი ციხეში, რადგან არ მინდოდა დაპირისპირებაში შესვლა. ამით ჩემი მსხვერპლი გავიღე, ასევე გავუფრთხილდი გუნდსა და ქვეყანას. სანაცვლოდ მივიღე მესამე „გადაგდება“.

თებერვალში, როდესაც შუამავლის მეშვეობით შედგა კომუნიკაცია, გაზეთის გარდა, ხელისუფლების ძირითადი გზავნილი შემდეგი შინაარსის იყო: ჩემი დაჭერით ხელისუფლება უფრო დაზიანდა, ვიდრე მე… მივხვდი, რომ შარს მდებდნენ და ახალ ბინძურ პროვოკაციას მიმზადებდნენ. მიზეზი გასაგები იყო – ხალხში ვერ მოახდინეს ჩემი სათანადოდ დისკრედიტაცია და ვერ მიიღეს ის ეფექტი, რასაც ელოდებოდნენ ჩემი დაჭერითა და თანმდევი პროპაგანდით.

ამის შემდეგ, ივლისამდე, აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და, როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, სრულიად მოულოდნელად გამომიგზავნეს წერილი და ახალი პირობები, ხოლო სიტყვიერად, შუამავლის მეშვეობით, გადმომცეს, რომ ჩემი დაჭერით ხელისუფლება ძალიან დაზიანდა, ჩემს რეპუტაციას კი მნიშვნელოვანი ზიანი არ მისდგომია.

ხალხისა და განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების თანაგრძნობა გაიზარდა ჩემს მიმართ, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლების დამხობის საქმეზე გასამართლებული ათეულობით პირი გაათავისუფლეს პირობითი სასჯელით. ხალხისთვის გაუგებარი და აუხსნელი იყო ჩემი ციხეში 5 წლით დატოვება, ვინაიდან მე აღიარებული მქონდა ბრალი, ზიანი ანაზღაურებული მქონდა, დაზარალებული არავინ მყავდა და ჯარიმაც გადახდილი მქონდა. ამიტომ ხელისუფლებისთვის ჩემი პატიმრობა ტვირთად გადაიქცა.

ამას დაემატა უაზრო ეჭვები და შიშები, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში არ დავბრუნებულიყავი. ამის გამო მთხოვდნენ ახალი, ბინძური კორუფციული ბრალის აღიარებას, რათა, ერთი მხრივ, მომხდარიყო ჩემი სახელის საბოლოოდ განადგურება და, მეორე მხრივ, დამატებით გადაეზღვიათ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების რისკები.

აქედან გამომდინარე, ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ხელისუფლების ცრუ და ბინძური პროპაგანდა სასაცილო და უსუსური მეთოდებით აგრძელებს ჩემს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიას, რაც მხოლოდ შიშით არის ნაკარნახევი. ასევე მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლების ფარისევლური და ყალბი განცხადებები, რაზეც მინდა შემდეგნაირად ვუპასუხო: როგორც ვატყობ, ძალიან გაერთეთ და როლში შეხვედით. ნუ თვალთმაქცობთ! ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის სრული ფარსი და ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა.

ამ სასაცილო და ბოროტი სპექტაკლებით თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მიაყენეთ შეურაცხყოფა და დასაცინი გახადეთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; შიდა თუ გარე მტრებს სალაპარაკო არგუმენტები მიეცით და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას, ხელისუფლებასა და თავად მმართველ პარტიას მიაყენეთ უდიდესი, გამოუსწორებელი ზიანი.

თქვენი უგუნური პოლიტიკითა და ქმედებებით ქვეყანა შეიყვანეთ უწყვეტ ქაოსსა და დაუსრულებელ კრიზისში, საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეთ, გაამწარეთ ადამიანები და ოჯახები, ხალხში გააჩინეთ უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში.

თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ…

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

  • რა ხდება?

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო წერილი, სადაც მას კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ.

ამის შესახებ 17 აგვისტოს, ღარიბაშვილის ვერიფიცირებულ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა მისი განცხადება და ნაწყვეტი წერილიდან, რომელზეც ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სახელით მიიღო.

„ქართული ოცნების“ ყოფილ, ორგზის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც სხვადასხვა დროს იკავებდა შს და თავდაცვის მინისტრის პოსტებსაც, 2025 წლის 24 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. იგი პატიმრობაშია.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინეს – მას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ელის

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202621.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ირაკლი ღარიბაშვილი

ბათუმში 78 წლის ქალს ზებრაზე ავტომანქანა დაეჯახა – მძღოლი ადგილიდან მიიმალა

78 წლის ქალს ბათუმში, ზებრაზე გადასვლისას ავტომანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა მაიაკოვსკის ქუჩაზე, დაახლოებით ღამის 10 საათზე.

ხანდაზმული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს მრავლობითი დაზიანებით.

„ბათუმელები“ ესაუბრა მის შვილს, რომელმაც გვითხრა, რომ დედამისი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმები კრიზისის გადალახვას ელოდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მძღოლს, შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დადგენილია პირის ვინაობა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ავარია, ავარია ბათუმში

ტაიფუნი იაპონიაში – მთავრობამ ორ მილიონამდე ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს ტაიფუნი „დუჟუანი“ უახლოვდება. ხელისუფლება ტოკიოსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას წყალდიდობისა და მეწყრის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს.

დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს ევაკუაციის რეკომენდაცია მიეცა. იაპონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევაკუაცია ექვს პრეფექტურაში 1,908,645 ადამიანს ეხება. ეს პრეფექტურებია: იბარაკი, ჩიბა, ტოკიო, კანაგავა, შიზუოკა და საიტამა.

ევაკუაცია სავალდებულო არ არის, მაგრამ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) ზოგიერთ რაიონში მოსახლეობა სიცოცხლისთვის დაუყოვნებლივი საფრთხის შესახებ გააფრთხილა.

„გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი მუნიციპალიტეტის კატასტროფების რისკის დონე და ევაკუაცია მოახდინოთ, სანამ ადგილობრივი ხელისუფლება ოფიციალური ევაკუაციის ბრძანებას გასცემს“, – ციტირებს „ბიბისი“  იაპონიის მეტეოროლოგიური სააგანტოს მთავარ სინოპტიკოსს, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ტაიფუნი მოსალოდნელზე ძლიერი იყო.

მედიის ცნობით, წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ადამიანი უკვე დაშავდა, ერთი ქალი დინებამ წაიღო და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

პროგნოზის მიხედვით, ტაიფუნი 24 საათს გასტანს. გამოცხადებულია მეოთხე და უმაღლესი – მეხუთე დონის გაფრთხილება.

_____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA/FRANCK ROBICHON

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202621.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: იაპონია, მსოფლიო, სტიქია

ლანჩხუთში ავტობანის 2 თვის წინ გახსნილი მონაკვეთი დროებით ჩაიკეტა – ხიდებთან დეფორმაციებია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი ჩაიკეტება.

დეპარტამენტის ინფორმაციით მიზეზი ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციებია, რომლებსაც კონტრაქტორი კომპანია საკუთარი ხარჯით მოაგვარებს. ეს მონაკვეთი 2 თვის წინ გახსნეს.

„სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30–კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჩატარდება;

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, 2026 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორივე მიმართულებით დროებით შეიზღუდება;

შეზღუდვის პერიოდში, სამტრედია–გრიგოლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი, ლესას სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია–ლანჩხუთი–გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე და ხაჯალიას სატრანსპორტო კვანძისა და ხაჯალია–სუფსას საავტომობილო გზის გავლით განაგრძობს მოძრაობას გრიგოლეთის მიმართულებით;

გრიგოლეთი–სამტრედიის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნებოდა, ეს გზების დეპარტამენტმა ჯერ 2026 წლის 17 ივნიის დააანონსა, შემდეგ კი – 14 ივლისს. ლესა-ხაჯალიას მონაკვეთი გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 18 ივლისს გაიხსნა.

Posted byთედო ჯორბენაძე21.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: სამტრედია-გრიგოლეთის გზა

ბათუმში ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის 375 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმში წელს ფესტივალ „განდაგანას“ ორგანიზებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან ჯამში 375 ათას 615 ლარია გათვალისწინებული.

ამ თანხაში არ შედის ჰონორარი, რომელსაც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსებს გადასცემენ. მაგალითად, გასულ წელს ჰონორარებში 190 ათასზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ფესტივალი ორდღიანი იქნება, თუმცა ჯერ ჩატარების თარიღი არ არის დაზუსტებული.

ამ დროისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ა[ა]იპ „ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს“ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული:

  • დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების შესყიდვაზე – 189 225 ლარით
  • კულინარიული სივრცის მოწყობისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფაზე – 186 390 ლარით

„ფესტივალის ჩატარების თარიღია 2026 წლის ოქტომბრის თვის – 2 დღე. ფესტივალი შეიძლება გადატანილი იქნას ამინდის გათვალისწინებით. დაზუსტებული თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში“, – აღნიშნულია ორივე ტენდერის პირობაში.

ამავე პირობით უცვლელი რჩება ფესტივალის ჩატარების ადგილი – ევროპის მოედანი ბათუმში და მისი მიმდებარე ტერიტორია – მემედ აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.

„დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების შესყიდვა ითვალისწინებს ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით: თემატური ინსტალაციებით, კვების ზონებით, კვების ჯიხურებით, ეთნოკუთხეებით, ნალიით, ლაუნჯებით, მასშტაბური თაღებით, დროშებით და მათი მოწყობა-განთავსება-განათებით ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩებზე.

ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე და მის მიმდებარედ [ბარათაშვილსა და მემედ აბაშიძეზე] წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფელი, რომელიც ადგილზე მოსულ ვიზიტორებს ქალაქიდან გაუსვლელად სოფელში მოგზაურობას ჰპირდება. სპეციალურად ამ დღისთვის ტერიტორია გაფორმდება სოფლის თემატიკის შესაბამისი დეკორაციებით.

მთავარი საფესტივალო კონსტრუქციების მოწყობა დასრულებული უნდა იყოს ფესტივალის წინა დღეს“ – წერია ტენდერის პირობაში.

რაც შეეხება კულინარიული სივრცის მოწყობას, ეს მოიცავს „მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო სრული ინვენტარის უზრუნველყოფას, კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის სრული უზრუნველყოფით ორი დღის განმავლობაში კულინარიული მასტერკლასების ორგანიზებით.

„განდაგანას“ ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი აჭარული სამზარეულოა, რომელიც ფესტივალის ფარგლებში სათანადოდ, მრავალფეროვნად უნდა იქნეს წარმოჩენილი. კერძები ადგილზე მომზადდება და ფესტივალზე მოსულ ვიზიტორებს აჭარული ტრადიციული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ.

… წარმოდგენილი იქნება აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი და მეზობელი რეგიონები მათთვის დამახასიათებელი კერძებით და დესერტებით. ჯიხურები ინდივიდუალურად აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარით [ელექტროქურა, წყლის ნიჟარა, დენის წყარო, წყლის მომარაგებით…] ჯიხურების წინ მოეწყობა დასაჯდომი სივრცეები – გადაბმული ხის მაგიდებითა და სკამებით.

მოეწყობა კულინარიული მასტერკლასები, რისთვისაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო რეკვიზიტი თუ ინგრედიენტი. კულინარიული მასტერკლასისთვის, გარდა მზარეულებისა, უნდა შეირჩეს ცნობადი შეფები, რომლებიც საინტერესო კულინარიულ მასტერკლასს შემოგვთავაზებენ.

კულინარიული შეჯიბრებები და მასტერკლასები შემუშავებული იქნას წინასწარ კულინარიული რეჟისორის მიერ“, – აღნიშნულია ტენდერის მოთხოვნებში.

ტენდერებში წინადადებების მიღება 2026 წლის 28 და 29 სექტემბერს მთავრდება.

აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამაში – „ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების განვითარება“ – ჩამოთვლილია შემდეგი ღონისძიებები: „ზაფხულის ფესტივალი, განდაგანა, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის კონფერენცია, მოლაშქრეთა ფესტივალი“, ხოლო თითოეული ამ ღონისძიებისთვის გათვალისწინებულია 420 ათასი ლარი, ანუ ჯამში გაწერილია 2 მილიონ 100 ათასი ლარი.

ბათუმში დაწყებულია და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი. ბოლო რამდენიმე წელია ბათუმში ამ დროს ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უწევდა ორგანიზებას.

მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსებულია „გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალიც“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღონისძიებას ფესტივალის სახე წელს არ ექნება.

რატომ ჩატარდება სხვა ფორმატით და რატომ არ ექნება ფესტივალის სახე? – ამ კითხვაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში არ უპასუხეს.

ამ თემაზე:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

Posted byთედო ჯორბენაძე21.09.202622.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმი, ტენდერი, ტურიზმი, ფესტივალი, ფესტივალი განდაგანა

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან – მომხმარებლებს საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე, პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ.

პრაქტიკულად აღარ არსებობს არც დროის გამოყოფის და არც სხვა ტიპის ბარიერი -დღესვე შეგიძლიათ, პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ თქვენი შვილების დიდი სურვილებისა და მიზნების მხარდაჭერისთვის მზადება.

ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე – ლარში, დოლარში, ევროში და ფუნტში. თანხის შეტანის პერიოდულობა და ოდენობა კი სრულად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

დაგროვების პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის დაყენებაც – ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად, თქვენთვის სასურველი თანხით.

საბავშვო ანაბარი იხსნება მშობლის ან ოფიციალური მეურვის მიერ, მინიმუმ 2 წლის ვადით ბავშვის სრულწლოვანებამდე.

როგორ გახსნათ საბავშვო ანაბარი მობაილბანკიდან?

  • თუ არასრულწლოვანი შვილი უკვე რეგისტრირებული გყავთ თქვენს მობაილბანკში, შედით საბავშვო სივრცეში და გახსენით ანაბარი რამდენიმე წამში.
  • თუ თქვენი შვილის სივრცე მობაილბანკში ჯერ არ არის რეგისტრირებული, პირველ ეტაპზე დაამატეთ მისი მონაცემები მობაილბანკში, შემდეგ კი საბავშვო სივრციდან გახსენით ანაბარი.

დაიჯერეთ, რომ დიდი მიზნების მიღწევა ყოველდღიურად გადადგმული პატარა ნაბიჯებით  უფრო რეალური ხდება. სანამ თქვენი და თქვენი შვილების სურვილები და მიზნები მიუღწეველ ან რთულად გასამკლავებელ დიდ ხარჯებად იქცევა, დაიწყეთ მათი ასრულებისთვის ზრუნვა დღესვე – გახსენით საბავშვო ანაბარი პირდაპირ თიბისი მობაილბანკიდან და იყავით მზად მომავლისთვის.

YouTube video player

Posted byრეკლამა21.09.2026Posted inრეკლამა, სიახლეებიTags: თიბისი

შუახევის მერია ხულოსთან საზღვარზე „სკვერს“ აწყობს – გამოყოფილია 87 300 ლარი

შუახევის მერია შუახევი-ხულოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ სკვერის მოწყობას გეგმავს.

სამუშაოები აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება.

შუახევის მერიას ორი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვართან სკვერის მოწყობაზე ტენდერი 87 ათას 300 ლარით აქვს გამოცხადებული.

საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაცია / ფოტო ტენდერიდან

რაც შეეხება სკვერს – პროექტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ფილები, მოეწყობა მოაჯირი და განათება, დაიდგმება 1 ფანჩატური, რამდენიმე დეკორატიული საყვავილე ქოთანი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აქ არსებულ ჯვარს, და მოეწყობა ახალი სტელა[აბრა] ქართულ და ინგლისურ ენებზე წარწერებით – ერთ მხარეს „შუახევი“, მეორე მხარეს კი – „ხულო“ და ამ მუნიციპალიტეტების გერბებით.

სატენდერო დოკუმენტების და პროექტის მიხედვით სულ ეს იქნება ახალი სკვერი.

საპროექტო ტერიტორია

„წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას და თანამედროვე სკვერის მოწყობას.

პროექტის მიზანია მიმდებარე სივრცის ესთეტიკური, ფუნქციური და ტურისტული ღირებულების გაზრდა, ვიზიტორებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა და მუნიციპალიტეტების საზღვრის გამოკვეთილი, მიმზიდველი იერსახის ჩამოყალიბება.

საპროექტო ტერიტორია მოეწყობა როგორც მცირე საზოგადოებრივი რეკრეაციული სივრცე, რომელიც განკუთვნილი იქნება დასვენების, შეხვედრებისა და ფოტოგადაღებისთვის“, – აღნიშნულია პროექტში, რომლის მიხედვითაც უნდა შეასრულოს სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა.

„თანამედროვე სკვერი“ / რენდერი პროექტიდან

დოკუმენტების მიხედვით, „თანამედროვე სკვერის“ პროექტი შედგენილია შპს „ლეველ აპი“-ს მიერ. შესყიდვების პორტალის მიხედვით, ამ კომპანიასთან შუახევის მერიას ხელშეკრულება 62 ათას ლარზე აქვს გაფორმებული სხვადასხვა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის მიერ „შუახევის მუნიციპალიტეტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვართან სკვერის მოწყობაზე“ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 25 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან და დაასრულოს 60 დღეში“.

 

Posted byთედო ჯორბენაძე21.09.2026Posted inმთავარი, მთიანი აჭარა, სიახლეებიTags: შუახევი

კადიროვმა რეკორდული მონაცემებით, 99.85 პროცენტით „გაიმარჯვა“ არჩევნებში

რუსული მედიის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის არჩევნებში რეკორდული შედეგით გაიმარჯვა, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 99.85% მიიღო.

ეს კადიროვის ახალი რეკორდია – 2016 წლის წინა არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, კადიროვმა ხმების 94.8% მიიღო, ხოლო 2021 წელს – 99.7%.

კადიროვის გარდა, 2026 წლის ჩეჩნეთის არჩევნებში მონაწილეობდნენ „სამართლიანი რუსეთიდან“ ჩეჩნეთის საზოგადოებრივი პალატის თავმჯდომარე ისმაილ დენილხანოვი და კომუნისტური პარტიიდან ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი ხალიდ ნაკაევი. თითოეულმა მათგანმა ხმების 0.05% მიიღო.

რუსეთში სახელმწიფო დუმის და რეგიონული ლიდერების არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი უკვე დასრულდა. ოფიციალური მონაცემებით, არჩევნები რუსეთში 15 წლის განმავლობაში „რეკორდული აქტივობით“ ჩატარდა, რაც, საარჩევნო ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა, გაყალბებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მობილიზაციის ნიშანი იყოს.

რუსული პუტინისტური საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ამ დროის მონაცემებით [12:30 სთ] რუსეთის დუმის არჩევნებში ბარიერი გაალახა მმართველმა „ედინნაია რასიამ“, რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ და „ახალმა ხალხმა“.

წინასწარი შედეგების თანახმად, „ედინაია რასიას“ კვლავ შეუძლია სახელმწიფო სათათბიროში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება.

არჩევნებში ერთადერთი პარტია, რომელიც ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოდიოდა, „იაბლოკო“ იყო, თუმცა 10 აგვისტოს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იაბლოკოს“ საარჩევნო სია სახელმწიფო დუმის არჩევნებიდან ამოიღო. გადაწყვეტილება სასამართლომ პარტია „როდინას“ მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ გამოიტანა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ „იაბლოკომ“ საავტორო უფლებები დაარღვია თავის საარჩევნო მასალებზე და სავარაუდოდ, უცხოური დაფინანსება მიიღო.

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202621.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთი

„სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას“ – პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ვერსიით, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლის გავრცელების მუქარით, ვიდეოზარით საუბრისას, დაზარალებულს სთხოვდა შიშველი სხეულის ჩვენებას.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა და გამოყენება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Posted byნანა კვაჭაძე21.09.202621.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: პირადი ცხოვრების ხელყოფა, პროკურატურა

ბათუმში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

აჭარაში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს.

„დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“ – წერს შსს.

Posted byნანა კვაჭაძე21.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: შსს

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში – 21 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 519 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 361 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 365 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 142 ერთეული [+75]
  • MLRS – 2 149 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 662 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 527 693 ერთეული [+1 728]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 712 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 151 861 ერთეული [+516]
  • სპეცტექნიკა – 4 729 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byთედო ჯორბენაძე21.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] განხილვასთან დაკავშირებით ბათუმის მერიაც და გარემოს ეროვნული სააგენტოც, გარემოსდაცვით კანონმდებლობას არღვევენ.

საქმე ისაა, რომ სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა. კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს და ის ამ დრომდე აღარ გამოუქვეყნებიათ.

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 27-ე მუხლის მიხედვით კი, სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით გამოქვეყნებული განცხადება აუცილებლად „უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების სავარაუდო დროის, ადგილისა და წესის შესახებ.“

„ბათუმელები“ აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ იყო, ამიტომ აიღეს და მერიისგან პასუხს ელოდებოდნენ.

„თარიღი ბათუმის მერიასთან დაზუსტდება და საჯარო განხილვის შესახებ განცხადებაც უახლოეს დღეებში დაიდება. დოკუმენტაცია ჯერ განხილვის ეტაპზეა“, – გვითხრეს მაშინ სააგენტოში.

ამავე სააგენტოში ბათუმის მერის მიერ 2026 წლის 29 ივლისს გაგზავნილ წერილში კი აღნიშნულია, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

წყარო: გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალი

ბათუმის გენერალური გეგმის [გენგეგმის] პროექტის საბოლოო ვერსია ბათუმის მერიას 2022 წელს უნდა ჰქონოდა და დაემტკიცებინა კიდეც, თუმცა ბათუმი ამ დრომდე გენგეგმის გარეშეა.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავებაზე“ ბათუმის მერიას ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2021 წლის 16 აგვისტოს აქვს გაფორმებული 2 495 700 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით.

„შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ხელშეკრულების დადებიდან [საპროექტო მომსახურების შედეგის მიღება-ჩაბარების ვადების გარეშე], არ უნდა აღემატებოდეს 370 დღეს. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2024 წლის 25 აპრილამდე პერიოდი“, – აღნიშნული იყო ხელშეკრულებაში.

ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე შეცვალეს. გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც [ბოლო ცვლილებით 2027 წლის 20 აპრილამდე].

ამ დროისთვის „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 1 796 904 ლარი გადაუხადეს.

ბათუმი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება / 16.09.2026

ხელშეკრულებაში შეტანილი ბოლო ცვლილებით, კომპანია და მერია შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების „თითოეული ეტაპი დაკავშირებულია მიღების/შესრულების/შემოწმების/სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში გადაგზავნის/ხარვეზის დადგენის/მიღება-ჩაბარებისათვის მომზადების ვადებთან.

ჩაბარებული ეტაპების ნაწილი წარმოდგენილი იქნა ხარვეზით, ნაწილი ვადაგადაცილებით, რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან“ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გეგმების სამუშაო ვერსიის და სგშ ანგარიშების განხილვა, რომელიც გადაგზავნილია გარკვეულ ადმინისტრაციულ ორგანოებში და არ არის მოსული საპასუხო წერილები“, – წერია 2026 წლის 8 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში.

ადმინისტრაციულ ორგანოებში კანონით გათვალისწინებული თუ დადგენილი მოთხოვნები და წესები რომ ნამდვილად ირღვევა, ამის მაგალითად ეს შემთხვევაც [სგშ-ს განხილვა] მოწმობს.

იმავე კოდექსის მიხედვით, მე-12 მუხლი ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს, განცხადების [სგშ-ს ანგარიშის] განთავსებიდან 40 დღის ვადაში, გარემოს სააგენტოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით.

ამავე კოდექსის 34-ე მუხლით კი, მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს წარედგინება ზეპირადაც, საჯარო განხილვის დროს.

საჯარო განხილვის დრო კი, სგშ-ს ანგარიშის გამოქვეყნებიდან, ანუ 11 აგვისტოდან დღემდე – 18 სექტემბრამდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

2026 წლის 11 სექტემბერს ბათუმის მერიიდან მოგვწერეს, რომ რაღაც დოკუმენტაციას ელოდებიან და გადააგზავნიან სააგენტოში: „გვაქვს უკვე. გადაეგზავნება სააგენტოს და ორშაბათს [14 სექტემბერს] გამოაქვეყნებენ [საჯარო განხილვის თარიღს]. დაველოდოთ ორშაბათს. ყოველ შემთხვევაში გონივრული ვადა იქნება იმისათვის, რომ საზოგადოება სრულყოფილად გაეცნოს“.

18 სექტემბერს, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს და სმს-შეტყობინებებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს და არც გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბათუმის გენგეგმის პროექტთან და ამავე პროექტის სგშ-სთან დაკავშირებით შეგიძლიათ ვრცლად ნახოთ ამ ბმულებზე:

ბათუმს სხვადასხვა სახეობის 1 მლნ მტაცებელი გადაუფრენს – რა ელით მათ, თუ „ზურმუხტის ქსელის“ ზონაში კორპუსები აშენდება

რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

რკინიგზის სახიფათო გადასასვლელები ბათუმში – რა გამოსავალს გვთავაზობს ქალაქის გენგეგმის პროექტი

სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია

რა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან – ბათუმის გენგეგმის კონცეფცია

Posted byთედო ჯორბენაძე20.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმის გენგეგმა, ბათუმის მერია, გარემო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გენგეგმა

„კლინიკიდან გამოგვიშვეს, ფული გვაქვს გადასახდელი“ – 30 წლის რამაზ ნინიძის და

30 წლის რამაზ ნინიძის და, მადონა ნინიძე ერთი თვის შემდეგ ისევ საზოგადოებას სთხოვს, რომ ძმის გადარჩენაში დაეხმარონ. მისი ძმა დაახლოებით 7 თვის წინ სიმაღლიდან ჩამოვარდა და მიიღო მრავლობითი დაზიანება.

ახალგაზრდა კაცს ბათუმში უმკურნალეს, მაგრამ მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, ამიტომ იძულებულები გახდნენ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაეყვანათ.

„ანგარიშზე 80 ლარი გვქონდა, ამიტომ რეანიმობილიც კი ვერ ვიქირავეთ და მინივენით წავიყვანეთ. შემდეგ მოხდა ის, რომ ძირითადად „ბათუმელების“ მკითხველის მხარდაჭერით შევძელით ამდენ ხანი კლინიკაში დარჩენა და მკურნალობაო“, – ამბობს მადონა.

მადონა ნინიძის თქმით, გუშინ ისინი კლინიკიდან გამოუშვეს, რადგან დავალიანება დაუგროვდათ – დაახლოებით 30 ათასი დოლარი.

ქალი ამბობს, რომ ამ თანხის ნაწილიც რომ შეაგროვონ, კლინიკაში დაბრუნებას ისევ მოახერხებენ.

„შედეგი ძალიან კარგი გვაქვს, მაგრამ სჭირდება 1-1,6 თვე, რომ აულაგდეს ეს ჭრილობები. გუშინ იძულებულები ვიყავით დაგვეტოვებინა კლინიკა, 30 ათასი დოლარი გვაქვს გადასახდელი, ნახევარი მაინც რომ გადავიხადოთ, დაგვაბრუნებენ კლინიკაში. ჩემი ძმა ოთხი თვეა კლინიკაშია, თვეში 30 ათას დოლარს ვიხდიდით.

ახლა ჩემ ძმას ასეთი სიტუაცია აქვს – ჭრილობების, ნაწოლების 70 პროცენტი ამოვსებულია. ვერცხლის თერაპიას გადიოდა კლინიკაში. ფეხებზე ნაწოლები სრულიად ამოევსო. დარჩა ზურგის მონაკვეთი, როცა ისიც შეივსება, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება – დავსვამთ ეტლში და წამოვიყვანთ.

შემდეგი ეტაპი იქნება ქირურგიული ოპერაცია, გაივლის თუ არა, ჯერ არ ვიცით, ეგ შემდეგ ეტაპზე გამოჩნდება, ახლა მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი სიცოცხლის გადასარჩენად 1 თვე მაინც უნდა დარჩეს კლინიკაში.

ქუჩა-ქუჩა დავდივართ და ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ უკვე აღარ ვიცით, რას შევძლებთ“.

__

30 წლის რამაზ ნინიძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შემდეგ მისამართზე

საქართველოს ბანკი
#GE20BG0000000162723867

თიბისი ბანკი
#GE21TB7332445064300017

ლიბერთი ბანკი
#GE61LB0211179796666000

მიმღები: რამაზ ნინიძე

__

ამავე თემაზე:  „80 ლარით წავედით სტამბულის გზაზე და დღემდე ხალხის მხარდაჭერით ვართ“ – რამაზ ნინიძის ცოლი

Posted byეთერ თურაძე20.09.202620.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: სტამბული, უბედური შემთხვევა, ჯანდაცვა

ზელენსკის თქმით, დღეს რუსეთზე თავდასასხმელად დრონებთან ერთად რაკეტა „ფლამინგოც“ გამოიყენეს

რუსეთში არჩევნების ბოლო დღეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე უკრაინული დრონების მასირებული იერიში განხორციელდა.

მოსკოვის მერის, სერგეი საბიანინის განცხადებით, 19 სექტემბრის საღამოდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 1 600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, მათგან 450 მოსკოვის სიახლოვეს.

თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 20 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

იერიშის სამიზნე იყო მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კაპოტნიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, აქ დააზიანეს რამდენიმე საწარმოო დანადგარი. The Insider-ის გამოთვლით, მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ეს ქარხანაზე სულ მცირე მეოთხე თავდასხმაა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დრონების გარდა დღევანდელი თავდასხმისთვის გამოყენებული იყო რაკეტები – „ფლამინგოც“.

თავდასხმის გამო მოსკოვის აეროპორტებში 400-ზე მეტი რეისი გადაიდო. თუმცა, მოსკოვის ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ხმის მიცემის პროცედურა მესამე დღეს „ჩვეულ რეჟიმში“ მიმდინარეობს.

დღეს, 20 სექტემბერს, რუსეთში ერთიანი ხმის მიცემის ბოლო დღეა – რუსეთი ირჩევს სახელმწიფო სათათბიროს (Госдума) IX მოწვევას: ირჩევენ 450 დეპუტატს, მათგან 225-ს პარტიული სიებით, ხოლო ამდენივეს ერთმანდატიანი ოლქებიდან.

Posted byეთერ თურაძე20.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

მეწყრი გონიო-კვარიათის, ურეხისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე – მერია ამბობს, რომ ზარალს დათვლის და აანაზღაურებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო ძლიერი დატბორვა 10-მდე ქუჩაზე დაფიქსირდა. მერიაში დახმარების სათხოვნელად შევიდა 100-ზე მეტი ზარი.

ამოტუმბვის სამუშაოები გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში, თუმცა არ დასრულებულა: „დარჩენილ ლოკაციებზე ბათუმის მერის მხრიდან მიმდინარეობს მოსახლეობასთან უკუკავშირი სამუშაოების განხორციელების საჭიროების იდენტიფიცირების მიზნით“, – აცხადებენ მერიაში.

წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

მეწყრული პროცესები განვითარდა 10-მდე ლოკაციაზე – მწვანე კონცხის, ურეხის, გონიო-კვარიათის მიმართულებით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.

მერიაში აცხადებენ, რომ „დაუყოვნებლივ დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიზნით.“

დატბორილ მონაკვეთებზე შეფერხებით მოძრაობდა მუნიციპალური ტრანსპორტი. მერიაში აცხადებენ, რომ მარშრუტების ცვლილება ხორციელდებოდა გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით და საჭიროებისამებრ იცვლებოდა: „ელექტროავტობუსების გადაადგილება შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის მათი გადაადგილება აღდგენილია.“

მერიის ინფორმაციით, დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად აანაზღაურებენ ზიანს.

მეწყრული პროცესები განვითარდა ხელვაჩაურშიც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

სოფელ ციხისძირში, რკინიგზის მიმდებარედ ჩამოწვა მიწის მასა, რამაც შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ირწმუნება, რომ 19 სექტემბერს დღე-ღამის განმავლობაში 19-20 სექტემბერს მოსული ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მმ შეადგინა, რაც თვის კლიმატური ნორმის 90%-ს აღემატება. ამასთან, 1 საათში (19.09.21:00-19.09.22:00) ამ რაოდენობის 20% (52.5 მმ) მოვიდა.

ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის სადგურზე 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა (273 მმ) უპრეცედენტოა სექტემბრის თვისთვის და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს.

ასევე, სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ 19-20 სექტემბერს ქობულეთის სადგურზე 134.5 მმ, კოხის (ქობულეთი) – 58.5 მმ, მტირალას ეროვნული პარკის – 93 მმ, ხოლო სინდიეთის (ხელვაჩაური) სადგურზე 50.8 მმ შეადგინა.

20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლში და მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც ბათუმის ცალკეულ უბნებში ადგილი ჰქონდა ქუჩების დატბორვას და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვას.

Posted byცაგო კახაბერიძე20.09.202620.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმი, დატბორილი ბათუმი

ბათუმში ათეულობით მისამართზე კორპუსების სარდაფები დაიტბორა, სახურავებიდან კი წყალი ჩავიდა

„წყლითაა სავსე ჩვენი კორპუსის სარდაფი“ – გუშინდილი ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმში არაერთ მისამართზე დაიტბორა მრავალბინიანი კორპუსების სარდაფები.

„ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ ასევე მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ კორპუსების სახურავებში წყალი ჩავიდა და განსაკუთრებით ბოლო სართულებზე მცხოვრებლებს ზიანი მიადგათ.

რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა ისიც, რომ სამაშველო სამსახური მათი კორპუსიდან  ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდა: „ზოგ ადგილზე გაუჭირდა მანქანას მიდგომა და სხვადასხვა გზებით ვცდილობდით დახმარებას.“

აჭარის მთავრობის ინფორმაციით ამოტუმბვის სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობდა.  პერიოდულად კი მიმდინარეობდა ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები: „
მუნიციპალიტეტის სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. ლოკაციებზე, სადაც დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და მორიგე ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.“ – წერს მთავრობა.
ამ დროისთვის მთავრობას, ასვე მერიას არ გამოუქვეუნებია ინფორმაცია დაახლოებით რამდენი ზარი შევიდა ცხელ ხაზზე და რამდენ მისამართზე მოახერხეს მისვლა შესაბამისმა სამსახურებმა.
ფოტო: აჭარის მთავრობა
Posted byცაგო კახაბერიძე20.09.2026Posted inსიახლეებიTags: აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, წყალდიდობა

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამის საათებში წვიმა და ელვა-ჭექა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 სექტემბერს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. 

Posted byთედო ჯორბენაძე20.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ამინდის პროგნოზი, ამინდის პროგნოზი აჭარაში, ამინდის პროგნოზი ბათუმში

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 517 990 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 356 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 361 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 067 ერთეული [+56]
  • MLRS – 2 146 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 659 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 525 965 ერთეული [+1 833]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 695 ერთეული [+23]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 151 345 ერთეული [+423]
  • სპეცტექნიკა – 4 716 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Posted byბათუმელები20.09.202621.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: რუსეთ-უკრაინის ომი

„იმავე ეტაპზე ვართ“ – ავარიულად გამოცხადებული თბილისის 21-ე სკოლის პედაგოგები მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის #21-ე სკოლის მასწავლებლები განათლების მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს შეხვდნენ.

სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც ორ დღეში, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მოულოდნელად შეწყვეტეს, მიზეზად კი შენობის ავარიულობა დაასახელეს. მედიასთან საუბრისას განათლების მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება შენობის ავარიულობის შესახებ სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღეს. 

თბილისის 21-ე სკოლის [ყოფილი „გერმანული სკოლა“] მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სკოლის პედაგოგმა, გიორგი ბაგრატიონმა სატელეფონო საუბარში გვითხრა, რომ ჯერ განსაკუთრებული სიახლე არ გამოკვეთილა და ამ საკითხის განხილვა გრძელდება:

„მინისტრის მოადგილეს კიდევ ერთხელ კარგად ავუხსენით სკოლის სპეციფიკა და არგუმენტები მივაწოდეთ, თუ რატომ ვერ ვერ მოხერხდება ორი ცვლა, ორი სკოლა, ან ონლაინ სწავლება. ავუხსენით, ერთადერთი გამოსავალი რატომ იყო ერთი შენობა და პირველი ცვლა. ამასთან, ძალიან დეტალურად გაიარა დასკვნის საკითხი, დასკვნა რატომ იყო საეჭვო. დასკვნაში წერია, რომ ვიზუალური დათვალიერებით შეაფასეს შენობა. ასევე, მეორე-მესამე კატეგორია რატომ გადავიდა მეოთხეში და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა იყო და ეს ყველაფერი გავაცანით.

საბოლოოდ ისევ იმავე ეტაპზე ვართ, რომ უნდა მოვიძიოთ შენობა, სადაც სკოლა განთავსდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც დავუსაბუთეთ, რა მოჰყვება ამას. სკოლის გახლეჩა და ნგრევა რომ მოჰყვება, ეს აუხსენით. [მინისტრის] მოადგილისთვის სიახლე იყო ის, რომ სკოლას განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს, რაც არის არგუმენტი იმის, რომ სკოლა აუცილებლად ერთ შენობაში უნდა იყოს, პირველ ცვლაში.“

მასწავლებლის თქმით, მოადგილემ შეხვედრაზე უთხრა მათ, რომ სამინისტრო სამხარაულის დასკვნას ეჭვქვეშ არ აყენებს, თავად კი აქვთ შესაძლებლობა ჩაატარონ ახალი ექსპერტიზა და გადაამოწმონ შენობის მდგრადობა.

რა წერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში 21-ე სკოლის შესახებ

Posted byცაგო კახაბერიძე19.09.202619.09.2026Posted inსიახლეებიTags: განათლების სამინისტრო, სკოლა

#13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია – მერია

დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს – მოქალაქეების მიერ უამრავი ფოტო-ვიდეო მასალის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნების შემდეგ,დღის ბოლოს, ბათუმის მერიაც გამოჩნდა. მერიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ უამინდობასთან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია.

დილიდან ამ დრომდე, დატბორვასთან დაკავშირებით შემოსულია 50-მდე ზარი. მათგან დაახლოებით ნახევარზე რეაგირება უკვე განხორციელდაო – იუწყება მერია.

„ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება და გაგრძელდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის საჭიროება არსებობს. უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები“, – ირწმუნება ბათუმის მერია.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე მისამართზე დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, სადაც შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს, წყალმომარაგების მიმართულებით კი, ამ ეტაპზე, შეფერხება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, მერიის ინფორმაციით, მარშრუტები გზებზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით იცვლება. უსაფრთხოების მიზნით, #13 მარშრუტზე მოძრავი ელექტროავტობუსების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.

დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, ბათუმის მერიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისია განიხილავს და დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ზიანის ანაზღაურდება – ამასაც მერია წერს.

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები. ამ დრომდე შეფერხებულია მოძრაობა, მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული სანიაღვრე ქსელი და სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს და გამტარუნარიანია.

Posted byცაგო კახაბერიძე19.09.2026Posted inმთავარი, სიახლეებიTags: ბათუმის მერია, წყალდიდობა

ჩანაწერების გვერდებათ დაშლა

Newer posts 1 2 3 4 5 … 1,636 Older posts
Batumelebi, Proudly powered by WordPress.
Exit mobile version