რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 344 820 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +930]
  • ტანკი – 5 720 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 10 667 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 8 100 ერთეული [+1]
  • MLRS – 920 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 238 ერთეული [+12]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 609 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 710 ერთეული [+11]
  • სპეცტექნიკა – 1 190 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 15 დეკემბერს გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 258 ვერტმფრენი
  • 9 696 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 078 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 338 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 336 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

ღამის ბათუმი წინასაახალწლოდ | ფოტორეპორტაჟი

საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში ბათუმის ბიუჯეტიდან წელს 5 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ბათუმში წელს საახალწლო მანათობელ ახალ კონსტრუქციებსაც ამონტაჟებენ.

ქალაქის გაფორმება დაწყებულია.

წინასაახალწლოდ განათებული ბათუმი დღეს – მარიამ მუთიძის ფოტორეპორტაჟი
ბათუმი / 15.12.2023 / ფოტოები: მარიამ მუთიძე, ბათუმელები
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023
ბათუმი / 15.12.2023

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო, რომელსაც საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ.

ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე აწყობენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი.

ამ თემაზე

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

ქობულეთში შტორმით დანგრეული სანაპიროს აღდგენის პროექტს შეისყიდიან

„ზიანი არის საკმაოდ დიდი და, შესაბამისად, შემსყიდველს არ აქვს რესურსი საკუთარი ძალებით მოახერხოს აღწერა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“, – წერს ქობულეთის მერია შესყიდვების სააგენტოს და პროექტის გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

პროექტის შეძენას მერია 30 ათას ლარად გეგმავს.

„გადაუდებელი აუცილებლობა დადგა 26-27 ნოემბერს, როცა მოხდა სტიქია. ამის შემდგომ დაახლოებით 28 ნოემბერს მოგვეცა საშუალება დაგვეწყო გაწმენდითი სამუშაოები [ზღვამ ძალიან დიდი მასა ამოყარა ინერტული მასალისა].

იქედან გამომდინარე, რომ ინერტული მასალის მასა იყო ძალიან დიდი და ჯერ კიდევ არ დასრულებულა სანაპირო ზოლის გაწმენდა, საბოლოო სურათის გამოკვეთის შესაძლებლობა არ არის.

რამდენიმე დღეში საბოლოოდ გაიწმინდება ინერტული მასალისაგან სანაპირო ზოლი და საპროექტო ორგანიზაციას მიეცემა საშუალება დაიწყოს აღწერის სამუშაოები, რათა შემდგომ მოამზადოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია“, – წერს მერია სააგენტოს.

მერიის განცხადებიდან ჩანს, რომ შტორმის შედეგად მიყენებული ზიანი ჯერ დათვლილი არ არის. ინფორმაციის გადამოწმება დღეს ქობულეთის მერიაში ვცადეთ, თუმცა „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.

„ძირითადად დაზიანებულია სანაპირო ზოლის 3 კმ-იანი მონაკვეთი… შესაბამისად, ხელშეკრულებაც ფორმდება სწორედ 3 კმ-იან მონაკვეთის აღდგენა/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“, – აღნიშნულია მერიის წერილში.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, 2023 წლის 26-27 ნოემბერს შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებული შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის ბულვარის ინფრასტრუქტურა:

დაზიანდა ჯებირები, რიგ მონაკვეთებზე მოიშალა სანაპირო ინფრასტრუქტურა, საპარკო სკამები, დეკორატიული ფილები და გამწვანებული ტერიტორიები. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ ფართო მასშტაბიანია“.

„ქობულეთის სანაპირო ზოლი (ბულვარი) რეაბილიტირდა არც ისე დიდი ხნის წინ და ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, საჭიროა მისი დროული აღდგენა/ რეაბილიტაცია, რათა მომდევნო საკურორტო სეზონს მუნიციპალიტეტი შეხვდეს გამართული ინფრასტრუქტურით.

ამისათვის კი, პირველ რიგში, საჭიროა მოხდეს დაზიანებული სანაპირო ზოლის აღწერა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. ვინაიდან საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესასრულებელი და ბულვარის ტურისტული სეზონის დაწყებამდე აღდგენა არის საჭირო, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენა მოხდეს დროულად.

გთხოვთ, მოგვცეთ თანხმობა დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შეძენა განვახორციელოთ გამარტივებული შესყიდვის წესით, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში“, – წერს მერია.

განაცხადის ფორმაში ერთ-ერთ კითხვაზე – რატომ ვერ იქნებოდა ვითარება წინასწარ განსაზღვრული? – ქობულეთის მერია პასუხობს: „შესაბამისი სპეციალისტების შეფასებით, შტორმის მასშტაბი საუკუნის არის და ათეულობით წლებია ამ მოცულობის სტიქია შავ ზღვაში არ ახსოვთ. შესაბამისად, ბუნებრივია, ის რომ განვითარდებოდა 8 ბალიანი შტორმი და ზიანს მიაყენებდა სანაპირო ზოლს წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული“.

ქობულეთის მერია ასევე აცხადებს, რომ „ქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა სწორედ ამ სანაპირო ზოლით სარგებლობს, რომელიც ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, მისი დროული რეაბილიტაცია/აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის.“

მერია პროექტის მომზადებას ხელშეკრულების გაფორმებიდან 40-50 დღეში ვარაუდობს. პროექტის მომზადების შემდეგ გამოჩნდება, თუ რა თანხა იქნება საჭირო სანაპირო ზოლის აღსადგენად.

ამავე თემაზე:

როგორ გამოიყურება ქობულეთის სანაპირო შტორმის შემდეგ | ფოტო

 

მთავარი ფოტო: შტორმი ქობულეთში / ფოტო: ქობულეთის მერია

ბათუმში მთავარ საახალწლო ნაძვის ხეს დგამენ | ფოტო

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი დაიწყო.

ნაძვის ხეში, რომელსაც ევროპის მოედანზე მეორე წელია დგამენ, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს მილიონამდე ლარია გადახდილი.

საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმში / დეკემბერი, 2023
საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმში / დეკემბერი, 2023
საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმში / დეკემბერი, 2023
საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმში / დეკემბერი, 2023
საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟი ბათუმში / დეკემბერი, 2023

ასეთი იყო ბათუმის ნაძვის ხე შარშან:
საახალწლო ნაძვის ხე ბათუმში / 25.12.2022

საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში [რაშიც ნაძვის ხის დადგმაც შედის] ბათუმის მერია წელს 5 მილიონზე მეტ ლარს იხდის.

ხელშეკრულება ტრადიციულად შპს „აჭარგანათებასთან“ არის გაფორმებული. პარალელურად დაწყებულია ქალაქის გაფორმებაც.

ვარდების სკვერი ბათუმში / დეკემბერი, 2023

„ქალაქ ბათუმში საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების და სხვადასხვა მოწყობილობის [თანმდევი მომსახურება მონტაჟით-დემონტაჟი] სახელმწიფო შესყიდვაზე“ მერიის სამმართველოს ტენდერი 5 მილიონ 159 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ხელშეკრულება კი ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანია „აჭარგანათებასთან“ ზუსტად ამ თანხაზეა გაფორმებული.

ბათუმში ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს აანთებენ.

ვრცლად ამ ტენდერის შესახებ:

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

წელს საქართველოში უკვე 5.2 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

2023 წელს საქართველოში 5 მილიონ 2 ათას 100 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. ამ სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული ნოემბრისა და დეკემბრის თვეების მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

წელს საქართველოში შემოტანილი პიროტექნიკიდან დაახლოებით 2 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარის მხოლოდ ფეიერვერკია. გარდა ფეიერვერკისა, საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სულ შემოტანილია 34 000 000 აშშ დოლარის პიროტექნიკა.

სტატისტიკა წლების მიხედვით:

  • 2022 წელი –  6 მლნ 310 ათასი აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
  • 2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
  • 2018 წელი  – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი
  • 2016 წელი – 3 მლნ 922 ათასი აშშ დოლარი
  • 2015 წელი – 3 მლნ 662 ათასი აშშ დოლარი

საახალწლო პიროტექნიკით ყოველწლიურად ზიანდებიან ადამიანები. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.

წელს პიროტექნიკის აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორები მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ. პეტიციას ხელი უკვე მოაწერა 25622-მა ადამიანმა [100%].

„2023 წელს მხოლოდ იანვრის თვეში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 87 პირი დაშავდამათ შორის 19 არასრულწლოვანიაგრეთვე დაფიქსირდა კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებიცგარდა აღნიშნულისაპიროტექნიკისა და ერთჯერადი ასაფეთქებლების გამოყენება ზიანს აყენებს და ხშირად სიკვდილამდეც კი მიჰყავს ცხოველები და ფრინველებისაახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ზიანდებიან მიუსაფარი ცხოველებირომლებიც თავშესაფრის გარეშე  არიან ღია ცის ქვეშ“, – ვკითხულობთ პეტიციაში.

მარტის თვეში „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშიც შეიტანეს, თუმცა 9 თვეა პარლამენტს მისი განხილვა არ დაუწყია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი თქვა, რომ მართალია, პიროტექნიკის გამოყენების მკაცრ შეზღუდვას ემხრობა, თუმცა ამ საკითხზე „ლელოს“ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები შეიკრიბებიან

 ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

დღეს, 15 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ამ მოვლენის აღსანიშნავად საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან.

„15 დეკემბერს საბოლოოდ დადასტურდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რომელიც უდიდესი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე, ჩვენს მეგობარ უკრაინელებთან, ბელარუსებთან და მოლდოველებთან ერთად.

დიდი ქართველი მოაზროვნეები – ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, ნოე ჟორდანია და სხვები – მუდამ ოცნებობდნენ საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებაზე.

არაერთი თაობის ბრძოლის მიზანი იყო და არის სწორედ საქართველოს ბუნებრივ, მშობლიურ გარემოში დაბრუნება. დღეს ამ მიზანთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ“ – ნათქვამია ტექსტში, რომელსაც ბათუმის დემოკრატიული სკოლა ავრცელებს.

შეკრება ევროპის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/„შინ ევროპისკენ“.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვაზე: ღელვა 2-3 ბალი, წყლის ტემპერატურა +14 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 17 და 18 დეკემბერს დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

 

 

მთავარი ფოტო: შტორმის დროს დანგრეული პირსი ბათუმის ახალ ბულვართან / 14.12.2023 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 15 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 343 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 090]
  • ტანკი – 5 706 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 10 654 ერთეული [+38]
  • საარტილერიო სისტემა – 8 099 ერთეული [+11]
  • MLRS – 920 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 226 ერთეული [+20]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 608 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 699 ერთეული [+24]
  • სპეცტექნიკა – 1 189 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 258 ვერტმფრენი
  • 9 696 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 078 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 338 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 336 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები 

ე.წ. „ძარღვის განასკვა“ – კუნთების უნებლიე, უკონტროლო და მტკივნეული, შეტევითი ხასიათის შეკუმშვა ხშირი მოვლენაა. კუნთების სპაზმის უმეტესობა უვნებელია, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ასეთი ეპიზოდი შეიძლება გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობასთანაც იყოს დაკავშირებული.

რატომ ვითარდება კუნთის სპაზმი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი და რა რეკომენდაციები არსებობს ამ ეპიზოდის შესამსუბუქებლად? – ამაზე „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა საუბრობს.

MayoClinic: კუნთების სპაზმი ჩვეულებრივ, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება. მასში შეიძლება ჩართული იყოს კუნთის ნაწილი, მთლიანი კუნთი ან კუნთების ჯგუფიდან რამდენიმე კუნთი. კუნთების სპაზმი ძირითადად ფეხის კუნთებში ვითარდება, ყველაზე ხშირად წვივის კუნთში, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში.

  • რა შეიძლება იყოს კუნთების დაჭიმვის მიზეზები? 

კუნთების დაჭიმვა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს შეიძლება განვითარდეს ნორმალური მდგომარეობის დროს, უბრალოდ ფიზიკური გადატვირთვის ფონზე ან გამოვლინდეს, როგორც ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის სიმპტომი. რთული სათქმელია, როდის რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ როცა ეს პრობლემა რეგულარულია და არის მწვავედ გამოხატული, უმჯობესია მივმართოთ ექიმს.

მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი ფეხის კუნთების სპაზმისა შეიძლება გახდეს ორგანიზმში ისეთი ძირითადი მინერალების ნაკლებობა, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი. ამ სამი ელემენტიდან ყველაზე ხშირად არის მაგნიუმის ნაკლებობა ამ პრობლემის დროს. 

კუნთები შეიძლება დაიჭიმოს კუნთების ძლიერი მუშაობის ან დაძაბვის შედეგად, სხეულიდან სითხის კარგვის (მაგალითად, ოფლის გამოყოფის გზით) გამო.

MayoCLinic: გარდა ამისა, მედიკამენტებმა, რომლებიც ხშირად ინიშნება მაღალი არტერიული წნევისთვის, შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გაძლიერება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ორგანიზმი გამოფიტოს ამ მინერალებისგან.

კუნთები შეიძლება დაიჭიმოს ფიზიკური დატვირთვის შედეგად; ან უბრალოდ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერების შედეგად.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია ორსულებთან, თუმცა ამას პათოლოგიას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს არის უბრალოდ [ფიზიკური] გადატვირთვა ორსულობის ფონზე და გადადის ორსულობის შემდეგ.

ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი პრობლემები, მაგალითად, გულის უკმარისობა და ქვემო კიდურების ვენების სისხლის მიმოქცევის პრობლემა ანუ ვენების გაფართოება.

იშვიათ შემთხვევებში კუნთების ხშირი დაჭიმვა შეიძლება ნევროლოგიური პრობლემების ნიშანიც იყოს [ასეთ დროს გამოხატულია სხვა სიმპტომებიც: ტკივილი, კუნთების სისუსტე ან კოორდინაციის დარღვევა].

MayoClinic: კიდევ ერთი მიზეზია ნერვის კომპრესია. ხერხემლის ნერვებზე ზეწოლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი/სპაზმური ტკივილი ფეხებში. ტკივილი ჩვეულებრივ ძლიერდება სიარულისას. ასეთ დროს ოდნავ წინ დახრილმა სიარულმა, მაგალითად, როცა საყიდლების ეტლს აწვებით წინ, შეიძლება შეამსუბუქოს სპაზმი.

  • რა კავშირია სისხლძარღვოვან პრობლემასა და კუნთების დაჭიმვას შორის?

როცა არის ქვემო კიდურების ვენების მიმოქცევის პრობლემა ან ვენების გაფართოება, ვენური სისტემა გადატვირთულია სისხლით; სისხლის მოცულობა, რომელიც რჩება კიდურებში, მეტია, ვიდრე უნდა იყოს, რაც შემდგომ უკვე იწვევს ნევროლოგიურ პასუხს და ამის ფონზე ისპაზმება კუნთი, რადგანაც ქსოვილები გადატვირთულია ვენური სისხლით. 

გულის უკმარისობას რაც შეეხება, როცა ჩვენი მთავარი ტუმბო ვერ ქაჩავს, ვერ ამოძრავებს სისხლს ქსოვილებს შორის, აქაც იგივე მექანიზმია, ქსოვილებში რჩება სისხლის გარკვეული რაოდენობა და შემდეგ დატვირთვის დროს კუნთი ისპაზმება. 

ზოგიერთ შემთხვევაში, ძლიერი სპაზმის შემსუბუქების შემდეგ ადგილი შეიძლება მტკივნეული დარჩეს რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში.

უნდა ვახსენოთ, რომ სისხლძარღვოვანი პრობლემების დროს, პაციენტს აღენიშნება სხვა ჩივილებიც (თუმცა არ არის აუცილებელი) – ეს არის შეშუპება, სიმძიმე ფეხებში (გამოხატულია ძირითადად დღის მეორე ნახევარში, საღამოს);

ასეთ დროს კუნთების სპაზმი უმეტესად ვითარდება საღამოს ან ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში.

  • ანგეოლოგიურ პრობლემაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს უშუალოდ ქვემო კიდურების გახშირებული დასპაზმვა, თუ ეს სხვა კუნთებსაც ეხება?

რაც შეეხება სავარაუდო ანგეოლოგიურ პრობლემას – ეს უფრო ქვემო კიდურების კუნთების სპაზმს ეხება. ზედა კიდურების ან სხვა კუნთების დასპაზმვა ნაკლებად შეიძლება იყოს სისხლძარღვების ბრალი. სხვა კუნთების სპაზმი უფრო გამოწვეული იქნება იმ სხვა მიზეზებით, რაც ჩამოვთვალეთ – ელემენტების ნაკლებობა, კუნთის გადატვირთვა, სითხის ნაკლებობა. თუ ქვემო კიდურებზე გვაქვს ლაპარაკი, მაშინ შესაძლოა ანგეოლოგიურ სიმპტომად მივიჩნიოთ.

  • კუნთების სპაზმის რა სიხშირე შეიძლება მივიჩნიოთ პრობლემურად?

თუ ახალგაზრდაა ადამიანი და პერიოდულად, რაღაც დატვირთვების შედეგად უჩნდება ეს სპაზმები, თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ – ამას შეგვიძლია დავარქვათ ფიზიოლოგიური. მაგრამ თუ ეს არის ხშირი – კვირაში რამდენჯერმე, ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ფიზიკური დატვირთვის გარეშეც, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გამოსაკვლევია პაციენტი.

ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზის დადგენა ძნელია. პაციენტს შეიძლება დასჭირდება რამდენიმე ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია – პირველ რიგში, მან უნდა მიმართოს ანგიოლოგს, შემდეგ ნევროლოგს, შემდეგ კარდიოლოგს და ა.შ. 

MayoClinic: კუნთების სპაზმი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება და სამედიცინო დახმარება საჭირო არ არის. თუმცა მიმართეთ ექიმს, თუ კუნთების სპაზმი იწვევს: სერიოზულ დისკომფორტს; გაქვთ ფეხის შეშუპება, სიწითლე ან ცვლილებები კანზე; ახლავს კუნთების სისუსტე; ხდება ხშირად; არ უმჯობესდება თვითმკურნალობით.

  •  ფეხის კუნთის დაჭიმვა ხშირად ვითარდება ცურვის დროს, ამის მიზეზი მხოლოდ კუნთის დატვირთვაა?

აქ ორი მომენტია, ერთი – ფიზიკური დატვირთვა და მეორე – ცივი წყალი. ცურვის დროს როცა დატვირთულია კუნთები ფიზიკურად და თან გვაქვს ცივი წყლის ფაქტორი, წვრილი სისხლძარღვები ისპაზმება და მათთან ერთად ისპაზმება კუნთიც.

ფეხის კუნთის სპაზმი ძირითადად ვითარდება ცივ წყალში, უფრო მდინარეში, თუმცა ზღვაშიც ხდება. 

MayoClinic: გამოიყენეთ თბილი პირსახოცი ან სხვა სახის თბილი კომპრესი დაძაბულ ან დაჭიმულ კუნთებზე. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ თბილი აბაზანის მიღება ან ცხელი შხაპის ნაკადი დაჭიმულ კუნთზე. მტკივნეული კუნთის ყინულით დაზელამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი.

 

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის და გურიის რეგიონულ ჰაბებთან პარტნიორობით, ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“.

„რედისონ ბლუ ბათუმში“ საჯარო განხილვის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები აჭარა-გურიიდან, მათ შორის ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვედრაზე გააცნეს სახელმწიფოს 2023-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგია და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, აქტივობები. მონაწილეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ 5 მიზანზე:

  • ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობაზე;
  • ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერებაზე;
  • ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებაზე;
  • ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაზე საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიზნების მისაღწევად საკუთარ იდეებზე ისაუბრეს.

მელი ცეცხლაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მომავალში გეგმავს ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში და ფიქრობს, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს, ერთად დაგეგმილ აქტივობებს სამომავლოდ მეტი შედეგი ექნება, ვიდრე ცალკე მოქმედებას.

„მომავალი ექიმი ვარ და ჩემთვის პრიორიტეტი ჯანდაცვის საკითხებია. ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენი ქვეყნის კარგი მომავლის და თავისუფლების გარანტიაა. ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, შეხვედრები, სადაც გასწავლიან, როგორ გააზიარო იდეა, დაიწყო მისი რეალურ ცხოვრებაში განხორციელება და იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – ამბობს მელი.

მელი ცეცხლაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელი ლანა ბერიძეც ამ შეხვედრის მონაწილეა. ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას ესწრება და გაიცნო თანატოლები, ვისთან ერთადაც ბევრს საუბრობს ქალაქის საჭიროებებზე, მისი მსგავსი ახალგაზრდებისთვის საინტერესო სამომავლო გეგმებზე.

„ამ ცენტრში მივხვდი პირველად, რომ ახალგაზრდებს ბევრი საერთო მიზანი და იდეა გვაქვს, რომ ამ იდეებს შეგვიძლია თავად შევასხათ ხორცი და ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ, ვისაუბროთ და რეალური იდეები შევარჩიოთ, რაც მართლა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს გარშემო გარემოს გასაუმჯობესებლად“, – ამბობს ლანა.

ლანა ბერიძე. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე

ილია ნაცვალაძე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორია. მისი თქმით, რეგიონული ჰაბები დაინტერესებულ ჯგუფებს აძლევენ შესაძლებლობას ჩაერთონ ღია სამოქალაქო საზოგადოებაში, მიმდინარე პროცესებში და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებაში შეიტანონ საკუთარი წვლილი.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მოხალისეობრივი ინიციატივების საგრანტო კონკურსებსა და მოხალისეობის რეგიონულ ფორუმებში ყველა ახალგაზრდას შეუძლია ჩართვა. ილია ნაცვალაძეს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა.

„ჩვენ საინტერესო დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელსაც ჰქვია „მოხალისეობის შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ევროპის ორი ქვეყნებს მაგალითზე, დოკუმენტის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებიცაა გათვალისწინებულია. საგრანტო კონკურსებიც მოხალისეობრივ ინიციატივებს უკავშირდება. 2023 წელს მაგალითად დავაფინანსეთ 10 საპროექტო განაცხადი, ხოლო 2024 წელს იგეგმება 20 მოხალისეობრივი ინიციატივის დაფინანსება.

ყველა დაინტერესებულ  ჯგუფს შესაძლებლობა აქვს მიიღო კონკურსში მონაწილეობა და განახორციელონ იდეები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების განვითარებასა და თემის კეთილდღეობას“, – ამბობს განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი.

ილია ნაცვალაძე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

რედისონ ბლუ ბათუმში ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ჰაბი

ბათუმის კონცხიდან საფრთხისშემცველი ნატანის ამოსაღებად დაწყებული პროცედურა შეწყდა

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან ხრეშის ამოღების და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.

პროცედურის შეწყვეტის საფუძველი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის წერილია.

„ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო გთხოვთ, არ მისცეთ მსვლელობა ჩვენი მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის წერილს“, – აღნიშნულია აჭარის სამმართველოდან ეროვნულ სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

  • გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის 14 დეკემბრის მონაცემებით, დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით დაწყებული სკრინინგის პროცედურა უკვე შეწყვეტილია.

აჭარის სამმართველომ სკრინინგის პროცედურა იმის დასადგენად დაიწყო, სჭირდებოდა თუ არა ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე ჩაყრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] დოკუმენტის მომზადება. სკრინინგის პროცედურის დასრულების გარეშე კი, დაგეგმილი სამუშაოები ვერ დაიწყება.

რა ტექნიკური საკითხების დაზუსტება გახდა საჭირო სკრინინგის პროცედურის დაწყების შესახებ განცხადებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ? – ამ კითხვაზე პასუხი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე გაგაცნობთ.

ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროსთან დაყრას, წინასწარი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხისშემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

ვრცლად ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

რა მოვთხოვოთ მშიერ ბავშვებს? – პედაგოგი განათლების რეფორმაზე

„ამ მიცემულ „თავისუფლებას“ მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე. ვიღაცებს ოჯახებში არ მიაკითხავენ საღამოობით და არ ეტყვიან: შენ ხომ ოჯახით გვაძლევ ხმას?“ – ამბობს სოფო გოგოხია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი.

„ბათუმელები“ პედაგოგს იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრმა დააანონსა.

  • ქალბატონო სოფო, მართალია, ბუნდოვნად ისაუბრა მინისტრმა, თუმცა თქვა, რომ უნდა შეიცვალოს განათლების მიზნები. რა მოლოდინი გაქვთ მასწავლებლებს, იქნება პოზიტიური ცვლილება?

მინისტრის პრეზენტაცია ნამდვილად ბუნდოვანი იყო, დეტალურად არ იყო არაფერი წარმოდგენილი, თუმცა რაც ითქვა, ეს ყველაფერი გათვლილია ამომრჩეველზე, წინასაარჩევნო ზღაპარივით იყო წარმოდგენილი, თანაც წინასაახალწლო დროც კარგადაა შერჩეული იმისთვის, რომ ვიღაცამ ეს ზღაპრები დაიჯეროს.

ცვლილებები თუ რეალური იქნება, რა თქმა უნდა, კარგია, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ხელთ არ შეგვრჩეს ფასადური და შელამაზებული სისტემა – უკვე წლები ამ ყველაფერს ვუყურებთ და ვიცით, რა იმალება ხოლმე ასეთი წინასაარჩევნო ფანდის უკან.

  • რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან?

ძალიან ბევრი რამ. მაგალითად, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დოკუმენტი, რომელიც 2004 წელს არის მიღებული, თურმე დნმ-ის ნგრევას და წაშლას უწყობდა ხელს, რომ თურმე არ ზრდიდა პატრიოტებს და ახლა უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი, როცა სულ ქართველობაზე და მხოლოდ ქართველობაზე იყო აქცენტი გაკეთებული, ჩვენ ვიცით, ვისი შემოგდებული ნარატივი და ფანდია ეს.

„მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე“, აი, ამის გაგრძელებაა დაახლოებით ეს და რაღაცნაირად, ჩვენი ევროპული კონტექსტიდან ამოგლეჯის მცდელობის გაგრძელებაა.

მომავალ წელს ასი წელი გახდება იმ დღიდან, როდესაც მიხეილ ჯავახიშვილმა „ჯაყოს ხიზნები“ დაწერა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რომ ბოროტი, რომელიც მოდის ნიღბით და გეუბნება, რომ შენთვის ყველაფერს კარგს გააკეთებს, რომ წაიყვანს შენს კნეინას და კარგად ამყოფებს, ეს არ უნდა დავიჯეროთ ადვილად.

ერთი მხრივ, სამინისტრო ამბობს, რომ უნდა ევროინტეგრაცია, მეორე მხრივ კი, ასეთ იდეოლოგიას ავრცელებს. ამიტომ, უნდა ვიყოთ ფრთხილად.

სინამდვილეში, ახალი ესგ-ს პრეზენტაციაზე აქცენტი უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ ევროპული ღირებულებებით სავსე მოქალაქის ჩამოყალიბება იქნება მიზანი. ეს ცვლილებები უნდა შევიდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში, სადაც, სხვათა შორის, ძალიან ბევრი კარგი რამ წერია, ეს უნდა განახლდეს და არა ის, რომ ყველაფერი წავშალოთ და მოვთხაროთ.

რელიგიაზეც იყო იქ აქცენტი, რომ სკოლებში უნდა ვასწავლოთ რელიგიაო. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გარანტია, რომ ამ საგნის სწავლის შემდეგ არ მივიღებთ ისეთ შედეგს, რაზეც ვაჟა წერდა – „ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელით ქშენანი“.

როცა ზემოდან ასეთი შეტყობინებები მოდის – დნმ-ზე, იდენტობაზე, ქართველობაზე, რელიგიაზე და ასე შემდეგ და ამ დროს ქვევით ხვდება თავისუფლება, რომელიც მიეცა სკოლებს, მაშინ გამოდის, ეს „თავისუფლება“ იმისთვისაა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ მოვითხოვოთ, რაღაც მნიშვნელოვანზე არ ვიფიქროთ და ვიფიქროთ იმაზე, რასაც ზემოდან გვიკარნახებენ.

ადგილობრივად რაღაც-რაღაცაში გვექნება ალბათ პატარა თავისუფლებები, გვეგონოს, რომ დეცენტრალიზაციაა სკოლებში და მეტი თავისუფლება გვაქვს, მაგრამ სინამდვილეში, მთავარ ფასეულობებს და მთავარ ღირებულებებს გვიკარნახებენ ზემოდან.

  • დეკლარირებულად ხომ მაინც ამბობენ, რომ სკოლებს თავისუფლება ექნებათ, რატომ არ შეუძლიათ სკოლებს ამ დოკუმენტის მათ სასარგებლოდ გამოყენება რეალობაში, რა უშლით ხელს?

ამ მიცემულ თავისუფლებას მე პირადად მაშინ დავიჯერებ, როცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დირექტორები, სკოლის მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები სიებით არ ირბენენ, მაგიდის ქვეშ არ დასხდებიან და საეჭვო მასწავლებლების სია ცალკე არ ექნებათ, გარანტირებულად ხმის მიმცემების სია კი – ცალკე, ოჯახებში არ მიაკითხავენ ვიღაცებს საღამოობით და ეტყვიან – შენ ხომ გვაძლევ ოჯახით ხმას?.

როცა ბოლოს და ბოლოს ამას ამოიგდებენ თავიდან და პრაქტიკიდან, აი, მაშინ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი მართლა ხდება და რომ ვიღაცას მართლა უნდა წინსვლა.

მაგრამ ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს ხოლმე.

  • ამ ყველაფრის მიუხედავად, თუკი ექნებათ ხელთ დოკუმენტი, წინააღმდეგობა ხომ შეუძლია გაუწიოს სასკოლო საზოგადოებამ, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა და არა მანიპულირების ობიექტი?

სასკოლო საზოგადოებას ეს შეუძლია, რაღაც ნაწილი მასწავლებლების ახერხებს კიდეც ამას გარკვეული დოზით, მაგრამ დიდი ნაწილი ამას ვერ გააკეთებს ბევრი ფაქტორის გამო.

სახელმწიფოს ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გადაიბიროს, ზეწოლა მოახდინოს მასწავლებელზე და ასე შემდეგ. ამ ბერკეტებითაა განეიტრალებული სასკოლო საზოგადოება. დაღლილი და გადამწვარი კარგი გამოსაყენებელია იმისთვის, რომ თავი მოუქონონ ამ ვითომდა თავისუფლებით.

თუმცა, თუ ერთად დადგება სასკოლო საზოგადოება, შეიძლება უფრო მეტი შედეგის მიღწევაც და არ არის აუცილებელი, ყველა მიჰყვეს ერთ, დადგენილ მორჩილების გზას.

  • მინისტრმა ახსენა სადიაგნოსტიკო შეფასება. სავარაუდოდ, აპირებენ გამოცდების დანერგვასაც. თქვენი აზრით, რა არის საჭირო სწავლის ხარისხის, მოსწავლეების შედეგების დიაგნოსტირებისთვის, რაიმე მეთოდს იყენებთ დღეს სკოლები?

დიაგნოსტიკურ შეფასებებს რაც შეეხება, პოსტპანდემიურ პერიოდში გვქონდა რამდენჯერმე. სხვა დროსაც ბევრი გვიფიქრია და გვიმსჯელია, მაგრამ ყოველთვის, როცა ამ საკითხებზე ვიწყებთ მსჯელობას, მივდივართ ერთ დასკვნამდე, რომ დღეს არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავარია სკოლაში დაინერგოს კვება. რა მოვთხოვოთ ბავშვებს, რომელთა დიდი ნაწილი არ იკვებება ან ცუდად იკვებება.

ჯერ ეს არის მოსაგვარებელი სკოლაში, შემდეგ – ინფრასტრუქტურა და ამას მოჰყვება სხვა დანარჩენი.

რაც შეეხება გამოცდებს, სკოლებში გვაქვს დიაგნოსტიკური ტესტირების გამოცდილება და ახლაც, მიმდინარე სასწავლო წელსაც, ვაგრძელებთ ამ მეთოდის გამოყენებას.

ვფიქრობ, განმსაზღვრელზე უფრო მეტად, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, განმავითარებელ შეფასებაზე უფრო გაუკეთებიათ მასწავლებლებს აქცენტი და ესეც უნდა იყოს გათვალისწინებული.

მაგრამ როცა ითქვა, რომ 2027 წელს დაინერგება სრულად ახალი მეთოდები, ეს ილუზია მგონია, რადგან მხოლოდ 2-3 წელი არ იქნება საკმარისი იმის განსაზღვრისთვის, იმუშავებს თუ არა ესა თუ ის მოდელი.

  • რა გავაკეთოთ მაშინ, საიდან დავიწყოთ პრობლემის მოგვარება, გარდა იმისა, რომ კვების დანერგვის აუცილებლობა არსებობს?

ჩვენ დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ – მძიმე პაციენტს წამლობის ნაცვლად ვაცმევთ ლამაზად, ვუკეთებთ მაკიაჟს და გვგონია, რომ ამით დაავადებას რამე ეშველება.

ჩვენ უნდა ვუმკურნალოთ მთავარ დაავადებას და ეს მთავარი დაავადება მაინც პოლიტიკურია.

მე ხვალ დიდი იმედებით ველოდები კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის თანხმობას და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს სხვა ყველა პრობლემის მკურნალობა.

როცა პოლიტიკური პრობლემები მოგვარდება, როცა ევროინტეგრაცია მართლა იქნება ამ ქვეყნის გეზი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს მთავრობა, რიგითობით ყველა პრობლემა მოგვარდება, განათლებაშიც, ჯანდაცვაშიც და სხვა სფეროებში.

სხვა შემთხვევაში, ყველაფერი იქნება წყლის ნაყვა, დროებითი, ფასადური და შელამაზებული. პრობლემის ფესვია მისახედი.

  • ბოლოს, მაინც მინდა გკითხოთ PISA-ს შედეგებზე. ქართულს ასწავლით და უფრო მეტად აკვირდებით ალბათ კითხვის და გააზრების პროცესს. რატომ ვერ ხერხდება დღემდე ამ პრობლემის მოგვარება, ესეც იმას უკავშირდება, რომ  სკოლებში ბავშვებს შიათ?

პრობლემა კომპლექსურია, თუმცა ამის ერთ-ერთი მიზეზი მრავალრიცხოვანი კლასებია და ორ-სამ სკოლაში მომუშავე მასწავლებელი უამრავი საათით. საჭიროა ნორმალური ანაზღაურება, შესაძლებელი, ასატანი დატვირთვით და 15-18 ბავშვი კლასში, აუცილებლად ნაკვები.

მნიშვნელოვანია ასევე არაფორმალური განათლების გაძლიერება ამ მიმართულებით. ასეთ შემხვევაში შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის დაძლევა.

დავა 5-მილიონიანი ტენდერისთვის ბათუმში 60 ლიფტის შესაცვლელად

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი, ელექტრონული ლიფტების მონტაჟზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 5 264 551 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, თუმცა სამმართველოს უკვე ორი კომპანია უჩივის დავების საბჭოში.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, შპს „ბათუმი სიტი XXI“, რომელსაც სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, აცხადებს, რომ მათ წარადგინეს ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებები ჩინურ და თურქულ კომპანიებთან. სატენდერო კომისიამ კი, თურქულ კომპანიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში საიდენტიფიკაციო კოდზე – 1501367342 ასეთი კომპანია არ იძებნება.

„ბათუმი სიტი XXI“-ის საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანია ნამდვილადაა რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო რეესტრში და მისი საიდენტიფიკაციო კოდია: 1501367243, თუმცა,

„როგორც აღმოჩნდა ხელშეკრულების რეკვიზიტების შევსების დროს თურქულმა მხარემ მონაცემების შეყვანის დროს ინსტინქტურად დაუშვა შეცდომა, საიდენტიფიკაციო კოდის ბოლო ოთხი ციფრის – 7243 ნაცვლად მიუთითა – 7342. თუმცა ხელშეკრულებაზე დასმულ ბეჭედზე მითითებულია საიდენტიფიკაციო კოდი სწორად – 1501367243.“

მომჩივანი აღნიშნავს, რომ სატენდერო კომისიას თურქული კომპანიის მონაცემების შემოწმების დროს უნდა გამოეყენებინა ხელშეკრულებაში არსებული ყველა ინფორმაცია და აუცილებლად უნდა შეემოწმებინა კომპანიის ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდიც:

„რეკვიზიტების შეყვანის დროს შესაძლებელია დაშვებული იყოს ტექნიკური შეცდომა, თუმცა ბეჭედზე არსებული საიდენტიფიკაციო კოდი უტყუარ მონაცემს წარმოადგენს.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა შეემოწმებინა როგორც კომპანიის რეკვიზიტები, ასევე ბეჭედზე არსებული მონაცემები, რითაც შეძლებდა ტექნიკური შეცდომის გამოვლენას და ბეჭდის უტყუარ მონაცემებზე დაყრდნობით მოიპოვებდა ინფორმაციას კომპანიის შესახებ თურქეთის სახელმწიფო რეესტრიდან.“

„გაუქმდეს შემსყიდველი ორგანიზაციის კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება/ქმედება, დაზუსტებული დოკუმენტაცია შეფასდეს თავიდან და შპს „ბათუმი სიტი XXI“ გამოვლინდეს გამარჯვებულად“ – აცხადებს მომჩივანი.

„ბათუმი სიტი XXI“ სამმართველოს მომსახურებას 4 699 999 ლარად სთავაზობს.

მერიის სამმართველოს დავების საბჭოში უჩივის ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიაც – „თბილლიფტსერვისი“, რომელიც მომსახურებას სამმართველოს შედარებით ძვირად – 4 865 700 ლარად სთავაზობს.

სატენდერო კომისიამ მას სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით დაზუსტებული დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა.

„სატენდერო კომისიას ოქმში არ უმსჯელია „თბილლიფტსერვისის“ მიერ წარდგენილი გამოცდილების დამადასტურებელი ტენდერების ჩამონათვალიდან, კონკრეტულად რომელი ტენდერის და რა თანხის გამოცდილება მიიჩნია/არ მიიჩნია სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად და წაუყენა პრეტენდენტს ბუნდოვანი მოთხოვნა გამოცდილების დაზუსტებასთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ არის მითითება, თუ რა თანხის გამოცდილებაა ჯამში დასაზუსტებელი.“ – აღნიშნულია „თბილლიფტსერვისის“ საჩივარში.

მომჩივანი კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ „შემსყიდველმა ორგანიზაციამ სრულყოფილადაც არ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული 5 სამუშაო დღე და დეტალური შემოწმების გარეშე, ერთ სამუშაო დღეში ბუნდოვანი და არაზუსტი დაზუსტების მოთხოვნა წარუდგინა პრეტენდენტს“.

„თბილლიფტსერვისი“ აცხადებს, რომ იმის შემდგომ, რაც სატენდერო კომისია ზუსტად მიუთითებს მათ მიერ წარდგენილი გამოცდილების ჩამონათვალიდან რომელი ტენდერის ფარგლებში ჩათვალა/არ ჩათვალა გამოცდილება შემსყიდველმა ორგანიზაციამ ანალოგიური ხასიათის გამოცდილებად და რა თანხის გამოცდილებაა დასაზუსტებელი, მხოლოდ ამის შემდგომ ექნებათ შესაძლებლობა, დამატებით წარუდგინონ კომისიას გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, „თუ გადახედვის შემდგომ დადგება აღნიშნულის საჭიროება“, –  აღნიშნულია საჩივარში.

„თბილლიფტსერვისი“  დავების განხილვის საბჭოსგან ითხოვს „გაუქმდეს „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2023 წლის 11 დეკემბრის ოქმი და შერჩევა/შეფასება განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით.“

„ბათუმი სიტი XXI“-ის და „თბილლიფტსერვისის“ საჩივრების განხილვის თარიღად 18 დეკემბერია ჩანიშნული.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში ახალი ლიფტები უნდა დაამონტაჟონ შემდეგ მისამართებზე:

ა. პუშკინის 35დ – 1-ელი სადარბაზო
ა. პუშკინის 35დ – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 13 – მე-2 სადარბაზო
ახმეტელის 5 – სატვირთო
გ. ტაბიძის 33 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 33 – მე-2 სადარბაზო
კობალაძის 6 – 1-ელი სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 78-88 – მე-5 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 8 – მე-2 სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 39 – მე-2 სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – 1-ელი სადარბაზო
მ. ლერმონტოვის 2-4 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 9ა – მე-3 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 28 – სამგზავრო
ა. გრიბოედოვის 28. სატვირთო
ა. პუშკინის 35 – (ა კორპუსის 2 ლიფტი)
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
მელიქიშვილის-გორგასლის 18-92 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – 1-ელი სადარბაზო
თამარ მეფის გამზ. 48 – მე-2 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-3 სადარბაზო
ზ. გამსახურდიას 1-5 – მე-4 სადარბაზო
ვ. გორგასლის 159 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 26 – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 20 – მე-2 სადარბაზო
ლ. გუდიაშვილის 18 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 11 – მე-3 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 20 – მე-2 სადარბაზო
ტბეთის შეს. 3 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36 – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 36- მე-3 სადარბაზო
ვ. გორგასლის 152 – მე-2 სადარბაზო
ი. ჯავახიშვილის 78ა – 1-ელი სადარბაზო
ი.ჯავახიშვილის 78ა – მე-2 სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – 1-ელი სადარბაზო
დ. აღმაშენებლის 12 – მე-2 სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – 1-ელი სადარბაზო
შ. ხიმშიაშვილის 21 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ა – მე-2 სადარბაზო
შ. ინასარიძის 2 – სამგზავრო
შ. ინასარიძის 2 – სატვირთო
გ. ტაბიძის 19ა – 1-ელი სადარბაზო
გ.ტაბიძის 19ა – მე-2 სადარბაზო
ზ .გორგილაძის 54 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – 1-ელი სადარბაზო
გ. ტაბიძის 15 – მე-2 სადარბაზო
ი. ჭავჭავაძის 39-47 – მე-2 სადარბაზო
ტბელ აბუსერიძის 21ბ – მე-2 სადარბაზო
ა. გრიბოედოვის 24 – სატვირთო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – 1-ელი სადარბაზო
ფრ.ხალვაშის VI შეს. 17 – მე-2 სადარბაზო
ზ.გამსახურდიას N1-N5 – მე-4 სადარბაზო

ტენდერის გამოცხადებამდე მერიის სამმართველო ფასების დასადგენად ბაზარს სწავლობდა, თუმცა ბაზრის კვლევის ეტაპზე საუბარი იყო 59 ლიფტზე [რასაც ტენდერის დროს ერთი ლიფტი დაემატა ზ. გამსახურდიას ქუჩაზე].

ვრცლად ამ თემაზე:

ბათუმში 30 კორპუსში 49 ახალ ლიფტს დაამონტაჟებენ – ბიუჯეტიდან 4.1 მილიონი დაიხარჯება

 

ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, მშენებლობაზე კი ტენდერს 15 მილიონი ლარით გამოაცხადებს.

ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში სამომავლოდ ბინებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზრის კვლევას ატარებს, კომპანიების იმ გამოცდილებაზე, რასაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოსთხოვენ.

სამმართველოს ინფორმაციით, „აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სავარაუდო ღირებულებით 15 361 359 ლარზე, დღგ-ს ჩათვლით, სადაც გამოცდილების მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს (შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს) 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამოქალაქო ან საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები (გარდა დემონტაჟის, შეკეთების და რემონტისა) საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 მილიონი ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე 1 დასრულებული ხელშეკრულების/პროექტის/ობიექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სრულად გარემონტებული ე.წ „გასაღების ქვეშ“ (გარდა საყოფაცხოვრებო ავეჯისა, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში), სამშენებლო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით…“

ამ და სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიის სამმართველო სთხოვს დაინტერესებულ პირებს, „არაუგვიანეს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, წერილობით აცნობონ, რომ აქვთ ზემოაღნიშნული გამოცდილება“.

ამ დროისთვის არსებული გათვლებით კორპუსის მშენებლობა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

სოციალური სახლი სოფელ ერგეში / ვიზუალიზაცია პროექტიდან

ტერიტორია, სადაც სოციალური სახლი უნდა ააშენონ, მდინარე ჭოროხისა და ჯოჭოსწყლის შესართავთან ახლოს, ჭოროხიდან დაახლოებით 350 მეტრში მდებარეობს. აქ ამჟამად მინისტადიონია მოწყობილი, თუმცა პროექტით გათვალისწინებულია ახალი მინისტადიონის მოწყობაც.

მშენებლობისთვის შერჩეული ნაკვეთი ერგეში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზიდან 50 მეტრში მდებარეობს.

პროექტის მიხედვით

შენობა თერთმეტსართულიანია, სადაც განთავსდა 121 ერთეული საცხოვრებელი ბინა.

ტიპიურ პირველ-მეშვიდე სართულებზე განთავსდა:

2 ერთეული ოროთახიანი ბინა [ფართობი 54 კვ.მ]
7 ერთეული სამოთახიანი ბინა [71-74 კვ.მ]
2 ერთეული ოთხოთახიანი ბინა [92 კვ.მ]

ტიპიურ მერვე-მეთერთმეტე სართულებზე განთავსდა:

3 ერთეული ოროთახიანი ბინა [54-55 კვ.მ]
5 ერთეული სამოთახიანი ბინა [71-74 კვ.მ]
3 ერთეული ოთხოთახიანი ბინა [90-93 კვ.მ]

შენობას გააჩნია ტექნიკური დანიშნულების მიწისქვეშა სართული, ორი კიბის უჯრედი და ორი ლიფტი. ერთ სადარბაზოს ემსახურება მისაწვდომი პანდუსი.

საცხოვრებელი სახლი მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.

შენობის კონსტრუქციული სქემა კარკასულია, მონოლითური რ/ბ-ის შემადგენელი ელემენტებით. აღნიშნული შენობა თავისი მახასიათებლებით მიეკუთვნება IV კლასს.

ტერიტორია ადაპტირებული იქნა შშმ პირებისათვის. ახალი საცხოვრებელი სახლისათვის მოეწყო 47 ავტოპარკინგი, მათ შორის 2 პარკინგი შშმ პირისათვის. ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მოეწყო  საფეხბურთო მინიმოედანი ტერიტორიის ნაწილი მოიკირწყლა ქვაფენილით, ნაწილი დაიფარა ასფალტის ფენით.

გათვალისწინებულია სატრანსფორმატორო ქვესადგურისა და საკანალიზაციო სალექარის [ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა] მოწყობა.

11-სართულიანი სოციალური სახლი სოფელ ერგეში / ფოტომონტაჟი პროექტიდან

 

„პოლიციელმა დაზარალებულს ხელმეორედ სცემა“ – საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავა.

ახალციხეში  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის  ინსპექტორი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, სამართალდამცველმა კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა, რამდენიმე დღის შემდეგ დაზარალებულის შვილს და მის მეგობარს სცემა, შემდეგ კი, დაზარალებულს განმეორებით სცემა.

„2023 წლის 17 ნოემბერს, ქ. ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის პოლიციის ინსპექტორმა ჰ.ს.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მ.მ.-ს .

2023 წლის 19 ნოემბერს სამართალდამცავმა ახალციხის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებული მოქალაქის შვილს და მის მეგობარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

2023 წლის 27 ნოემბერს ახალციხის რაიონში, დაცვის პოლიციის ინსპექტორი დაზარალებულ მ.მ.-ს კვლავ შეხვდა და განმეორებით სცემა, ხელი სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა და ორივე ხელი ყელის არეში ძლიერად მოუჭირა,“ – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სად გაითიშება დენი 15 დეკემბერს ბათუმსა და აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით 15 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს.

ბათუმში

11:00-დან 18:00 საათამდე – ჯავახიშვილის, პუშკინის, ბაგრატიონის, გენერალ ა. აბაშიძის, ქეთევან წამებულის, მალაზონიას და მიმდებარე ქუჩებს, მახვილაურის დასახლებას.

ხელვაჩაურში

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს კახაბერსა და მახვილაურში.

ქობულეთში

11:00-დან 12:00 საათამდე და 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტების ნაწილს ქ. ქობულეთში მემედ აბაშიძის, ჰაიდარ აბაშიძის, მეგობრობის და ლესელიძის ქუჩებზე;

11:00-დან 17:30-საათამდე კი სოფლებს – ციხისძირი, ჩაქვი, შუაღელე, წყავროკა, მუხაესტატე.

შუახევში

10:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფლებში: შუბანი, დარჩიძეები, კობალთა, ტბეთი, ოლადაური, კარაპეტი და მიმდებარე სოფლებს.

10:00-დან 20:00-საათამდე სოფლებს – ნიგაზეული, ბუთურაული, ბარათაული, ფურტიო.

ხულოში

10:00-დან 18:30-საათამდე აბონენტებს მთა შუამთაზე, მთა ჯინალიზე, მთა კალოთაზე და მიმდებარე ტერიტორიებს;

10:30-დან 20:00-საათამდე სოფლებს – ღურტა, გელაძეები, დიოკნისი, ოქრუაშვილები, უჩხო და მიმდებარე სოფლებს.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, დენის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ – აცხადებს კომპანია.

 

რუმინეთში გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა და გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

გუშინ, 13 დეკემბერს, რუმინეთში, ღუზაზე მდგომი გემიდან ქართველი მეზღვაური გადავარდა. მეზღვაურს ამ დრომდე ეძებენ.

მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოსული ინფორმაციით, რუმინეთში, კონსტანტას ნავსადგურის აკვატორიაში, სანაპიროდან 60 საზღვაო მილის მოშორებით, ღუზაზე მდგომი გემიდან გადავარდა ქართველი მეზღვაური.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკიპაჟი მაშინვე შეეცადა მას საკუთარი ძალებით დახმარებოდა, გადაუგდეს სამაშველო რგოლი, თუმცა მეზღვაური დინებამ გაიტაცა და ვერ შეძლეს გემზე აყვანა.

რუმინეთში საქართველოს კონსულისა და რუმინეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, გემის კაპიტანმა მომხდარის შესახებ მაშინვე შეატყობინა შესაბამის სამსახურებს, ახლომდებარე გემებს და დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო ოპერაცია, რომელიც 13 დეკემბერს  მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.  მეზღვაურის ძებნის ოპერაცია  ასევე დღეს, 14 დეკემბერს განახლდა და ამ დრომდე მიმდინარეობს“, – მოგვწერეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან.

__

ფოტო: ბათუმელების არქივიდან

ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება“ – ეს მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ფუნქციაა. თბილისისა და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები 13 დეკემბრიდან ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამოქმედო ტერიტორიაზე აქამდე მომუშავე უბნის ინსპექტორებს და სხვა სამართალდამცველებს ახლა მართლწესრიგის ოფიცრები დაემატათ.

შს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებების მიხედვით, ერთსა და იმავე უბანში „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის“ უკვე რამდენიმე სამართალდამცველი იმუშავებს, მაგალითად, ალკოჰოლის საზოგადოებრივ სივრცეში მიღებაზე ჩანაწერს დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქციებშიც შეხვდებით ამ ფორმულირებით:

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა“, – აღნიშნულია შს მინისტრის 2019 წლის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, ნარკოტიკულ დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან  ბრძოლის მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კომპეტენციაა: „გამოავლინონ ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, აგრეთვე პირები, რომლებიც ჩადიან ძალადობას ოჯახში“.

რა წერია შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ 2019 წელს გამოცემულ ბრძანებაში მართლწესრიგის ოფიცრების შესახებ? ბრძანებაში ბოლო ცვლილება 2023 წლის მარტში შევიდა. ბრძანებაში სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციებია ჩამოთვლილი:

  • პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან – ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, სკოლებში და ა. შ.;
  • დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ქვეითად პატრულირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
  • დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების [შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა} განხორციელება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
  • შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;
  •  არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ  არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
  • პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71​6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების  ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
  • ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების [მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, და ა. შ.] ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი, კოორდინაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
  • იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
  • უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების დადგენა;
  • საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება;
  • უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას [დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი] მიყვანა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება

როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“.

რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.

  • ბატონო სიმონ, რა შთაბეჭდილება დაგრჩათ მინისტრ ამილახვრის პრეზენტაციაზე. თუ იყო გასაგებად ნათქვამი, რისი ცვლილება სურს სამინისტროს და რატომ?

ობიექტურად თუ ვიტყვით, ეროვნული სასწავლო მიზნები მართლა გასაახლებელია, რადგან დიდი წინსვლაა ტექნოლოგიებში და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისითაც სჭირდება ახალი ხედვა, რომელიც შემდგომი 20 წლის განმავლობაში წაიყვანს სისტემას.

სხვა საქმეა, როგორ წარადგინეს ეს – რა არგუმენტები და პრინციპები იყო მოყვანილი. ეს იყო კონსერვატორული ჯგუფების რიტორიკის გაგრძელება, მაგალითად, საოჯახო კონგრესზე გამოსვლის დროს რომ საუბრობენ ხოლმე ადამიანები, ასეთი ტერმინებით, რომ მთავარია ტრადიციის დაცვა, ოჯახის ღირებულებები და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, უნდათ, რომ არჩევნებზე ასეთი რიტორიკით გაიმარჯვონ. ხალხი დაარწმუნონ, რომ 20 წლის წინ ცუდად იყო საქმე და ახლა, აი, ამ ტრადიციულ ღირებულებებს კიდევ უფრო გაამყარებენ.

მინისტრმა იცის, რომ არსებობდა დამოუკიდებელი ჯგუფი, მათ შორის სახელმწიფოსთან შეთანხმებით, რომელიც მუშაობდა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე, განახლების დოკუმენტზე, მაგრამ იგნორირება გაუკეთა ამ ჯგუფს პრეზენტაციის დროს და მხოლოდ პარლამენტი ახსენა.

ამ დროს, მეორე ჯგუფი იყო მონაწილეობითი, ღია და საინტერესოა ამ ცვლილებების დროს გაითვალისწინებენ თუ არა რაიმეს იმ ჯგუფის მუშაობიდან.

ასევე, პრეზენტაციისას არ ჩანდა, რომ მონაწილეობის პროცესი უნდათ – რაღაც პარტიის ამოცანასავით დაისახეს. ჩემი აზრით, ეს შეცდომაა.

ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა დროს რომ გაუსწრო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც მუშაობს და ის არ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზნები, არამედ ის იყო მართლა ეროვნული მიზნები. ამას უნდა ყურადღების მიქცევა, რომ ახალი მიზნებიც იყოს არა ერთი კონკრეტული პარტიის იდეა, არამედ საზოგადოებრივი შეთანხმების საფუძველზე იყოს მიღწეული.

2004 წელს ყველა სკოლა ჩაერთო ესგ-ს მიზნების განხილვაში, ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამინისტროს ჰყავდა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავდა და ფართო ჩართულობით მიმდინარეობდა ესგ-ს შემუშავება.

მგონია, რომ ამ გამოცდილების გაუთვალისწინებლობა შეცდომა იქნება და თუ ეს პარტიის მიზნები გახდა და არა საზოგადოების, მაშინ ნებისმიერი პარტია, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, ამასაც შეცვლის.

  • რას ფიქრობთ მოსწავლეთა შეფასების იმ სისტემაზე, რაც მინისტრმა ახსენა. მართალია, ბოლომდე არ აუხსნია რას აპირებს, მაგრამ ახსენა გამოცდები.

ეროვნულ შეფასებას სახელმწიფო ატარებს ჯერ კიდევ 2002 წლიდან. ეს არის კვლევა, რომელიც აჩვენებს ეროვნულ დონეზე დასახული მიზნები რამდენად არის მიღწეული მოსწავლეების მიერ.

რთულია იმის თქმა, რაზე საუბრობს მინისტრი. თითქმის ხუთი წელია გამოცდების ცენტრი მუშაობს იმაზე, რომ არსებობდეს სკოლებისთვის დიაგნოსტიკური შეფასება, ოღონდ შეფასდეს ყველა მოსწავლე და არა შერჩევით, როგორც ეს ხდება საერთაშორისო შეფასებების დროს.

გამოცდების ცენტრის პროექტის იდეა იყო, რომ სკოლებს ჰქონოდათ საშუალება, თავად გაზომონ მოსწავლეთა კომპეტენცია, დააკვირდნენ განვითარების დინამიკას, რომ შეარჩიონ შემდგომი სტრატეგიები.

თუმცა, როგორც ვხდები, აქ კიდევ საუბარია გამოსაშვებ გამოცდებზეც და ეს სხვა კონტექსტს გულისხმობს, რადგან ახსენა მისაღები სისტემის ცვლილების ნაწილში:  მგონია, რომ აქ საუბარი შეიძლება იყოს მისაღები გამოცდების შემცირებაზე ან გამოსაშვები გამოცდების დამატებაზე, როგორც ეს თავის დროზე იყო ჩაფიქრებული.

სანამ არ წარმოადგენენ პროექტს და არ ვნახავთ დაწერილს, ისე რთულია მინისტრის საუბრიდან დასკვნის გამოტანა.

  • ადრე ხომ გვქონდა შიდა გამოცდები სკოლებში, რომელიც ბატიაშვილის დროს გაუქმდა. ახლა რატომ გაამართლებს ეს მოდელი, თუკი მსგავს რამეზეა საუბარი?

ბატიაშვილის დროს პრობლემა ის იყო, რომ მისაღები გამოცდებიც იყო და გამოსაშვებიც. მაგრამ 2011-ში შემოვიდა სისტემა, რომელიც 2012-იდან უნდა ამოქმედებულიყო და გულისხმობდა იმას, რომ მოსწავლე ჩააბარებდა ერთ მისაღებ და 8 გამოსაშვებ გამოცდას და აი, ამ გამოცდების კომბინაციით ჩაირიცხებოდა უნივერსიტეტში.

მგონია, რომ ისიც არ იყო სრულყოფილი, მაგრამ უკეთესი იყო იმაზე, ვიდრე დღეს გვაქვს, იმ თვალსაზრისით, რომ შეჯიბრი მხოლოდ ერთ გამოცდაზე ხდებოდა და დანარჩენი გამოცდები ამოწმებდა, რამდენად აქვს ღირსეული კომპეტენციები მოსწავლეს.

მაგრამ აქ პრობლემაა ის, რომ ეს გამოცდები შეიძლება გახდეს სკოლების კონტროლის მექანიზმი, რაც გამოიწვევს უკურეაქციას სკოლის ხელმძღვანელების მხრიდან.

  • რა გულისხმობთ უკურეაქციაში?

მაგალითად, 2011-ში როცა დაიწყო გამოსაშვები გამოცდების ჩატარება სკოლებში, სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრებსაც შეეშინდათ, რომ სახელმწიფო დასჯიდა უარყოფითი შედეგებისთვის. ამან გამოიწვია ის, რომ ბავშვების ნაწილი გარიცხეს სკოლებიდან ან ურჩიეს „მეგობრულად“, რომ გამოცდაზე არ გასულიყვნენ.

ყველაზე მეტად ვისაც სჭირდებოდა სწავლა, მან ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო, რადგან ასეთი გამოცდები აჩვენებდა უარყოფით შედეგებს, რასაც მოჰყვებოდა დირექტორების კრიტიკა ან საერთოდ მოხსნა.

დირექტორებს არ აქვთ შესაძლებლობა, სწრაფად გააუმჯობესონ შედეგები და ყველაზე სწრაფი გზა ამ შემთხვევაში არის ის, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები მოიშორო თავიდან. და მაშინ არა მხოლოდ დირექტორები, რესურსცენტრებიც კი ჩაერთნენ ამ საქმეში.

თუ შევხედავთ სტატისტიკას, 2011-2012 წლებში ბევრად მეტი ბავშვი წავიდა პროფესიულ სასწავლებლებში, ვიდრე ეს სხვა წლებში ხდებოდა.

  • და ეს რატომ შეიძლება იყოს ცუდი?

ეს მოთხოვნა საზოგადოების ნაწილში არის და მე მგონი მცდარი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მოსწავლე დარჩეს მე-9 კლასის შემდგომ სკოლაში. მაგრამ თუ ჩვენ ამ სისტემაზე გადავალთ, ეს უკვე ნიშნავს უმაღლესისთვის მომზადებას.

ამ გამოსვლაში კარგი ის იყო, რომ ითქვა – პირდაპირ არ მოხდება გადასვლა და პილოტირება იქნებაო: 2-3 წლის განმავლობაში უნდა დაინერგოს და იმედია, მართლაც ასე მოხდება.

ჩემი აზრით, საქართველოში ერთდროულად უნდა დაინერგოს განსხვავებული მოდელები, ზოგ უნივერსიტეტს უნდა შეეძლოს ერთი მოდელით იხელმძღვანელოს, მეორეს სხვა მოდელით და ასე შემდეგ. სახელმწიფო ფინანსების განაწილების მოდელი კიდევ სხვა უნდა იყოს.

  • თქვენ ემხრობით სკოლებში გამოცდების დანერგვას?

გამოცდაც არის და გამოცდაც. როცა ცენტრალიზებულია გამოცდები და მაღალი რისკის შემცველია, ეს გამოცდები ანაცვლებს ხოლმე ფართო მიზნებს, რაც უნდა ჰქონდეს სკოლას, იქნება ეს სოციალიზაციის, მოქალაქეების აღზრდის მიზნები, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების მიზნები და ასე შემდეგ. ეს გამოცდები კი, სკოლისგან მხოლოდ იმ კომპეტენციებს ითხოვს, რაც გამოცდის ჩაბარებას სჭირდება. ასეთი გამოცდების დანერგვა მგონია შეცდომა.

თუ გადავხედავთ რა ხდებოდა გამოსაშვები გამოცდების არსებობის პერიოდში, იყო ის, რომ მშობლები ითხოვდნენ მასწავლებლებისგან თავი დაენებებინათ მრავალი საინტერესო აქტივობისთვის და მოემზადებინათ მოსწავლეები გამოცდებისთვის. მგონია, რომ ეს ძალიან აღარიბებს სკოლას და ავიწროებს ეროვნულ სასწავლო გეგმას.

თან იმაზე საუბარი, რომ სკოლებს მივცემთ ავტონომიას, მეორე მხრივ, იმის თქმა, რომ ყველა სკოლას ერთი და იმავე გამოცდის მოდელი ჰქონდეს, არის შეუსაბამობა. სინამდვილეში გამოცდები გახდება ამ ავტონომიის მთავარი შემზღუდველი მოვლენა.

  • ეს გაზრდის სტრესს ბავშვებში და მოთხოვნას ნიშნებზე, არა?

თუ იქნება დამამთავრებელი გამოცდები, ის აუცილებლად უნდა იყოს ნაკლებად სტრესული, ბავშვებმა თავად უნდა აირჩიონ რა საგნებში სურთ გამოცდის ჩაბარება და ეს იქნება მინიმალური. გარდა ამისა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სხვა მექანიზმით დაადასტურონ თავიანთი მზადყოფნა უნივერსიტეტისთვის.

ჩვენ თუ სტანდარტიზებულ გამოცდას ვაყენებთ, მაშინ დაიჩაგრებიან ის ბავშვები, ვისაც ნაკლები წინაპირობები ჰქონდათ სწავლისთვის.

ორი რამეა – ერთი, რომ სოციალური პირობები უშლის ხელს ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ათიათასობით ბავშვია დამამთავრებელ კლასში, ვინც სიღარიბის ზღვართან არის მიახლოებული და ეს მათ უშლით ხელს, სათანადოდ მოემზადონ გამოცდისთვის.

თუ ქულებსაც გაითვალისწინებენ უმაღლესში ჩაბარებისას, დარჩება იგივე პრობლემა, რაც გვაქვს დღეს – შედარებით უზრუნველყოფილი ბავშვები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას.

სოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ამ პრობლემების აღმოფხვრაში და დახმარების ძირითადი სისტემა ამ შემთხვევაში არის კარგი სკოლები. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი სკოლებია იქ, სადაც ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს.

ძირითადი პოლიტიკის ინსტრუმენტი, რაც სამინისტრომ გამოაცხადა, არის ავტონომიის მიცემა ყველა სკოლისთვის და ესეც პრობლემა მგონია, რადგან შეუძლებელია მრავალფეროვანი პრობლემების მოგვარება ერთგვაროვანი მექანიზმით.

ეს დაახლოებით იგივეა, სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანს ერთი და იგივე წამალი დაუნიშნო ყველაფერზე.

სკოლაში, სადაც დაბალი კომპეტენციების მასწავლებლები მუშაობენ, ავტონომია შესაძლოა საზიანოც კი იყოს. ასეთ შემთხვევაში ჯობია, რომ სამინისტრომ დანიშნოს პრობლემურ სკოლაში დირექტორი კონკრეტული პროექტით, კონკრეტული ამოცანით, რომ, მაგალითად, სამი ან ექვსი წლის განმავლობაში გააუმჯობესოს ამ სკოლის მუშაობა საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

კონცეფციის სახით არაფერი გვინახავს და გვიწევს მარჩიელობა, უკვე მიღებული დოკუმენტებიდან რა შეიცვალა. წინა ვერსია და ახალი ვერსია უნდა შეადარო, რომ მიხვდე, რა შეიცვალა და რატომ.

  • განათლების ახალი ესგ-ეს პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ წინა რეფორმა „ემსახურებოდა ახალი ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. რეალურად ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა“. – როცა ასე საუბრობს პრემიერი და მინისტრი თავს უკრავს, შესაძლებელია მათ მართლა უნდოდეთ რაიმეს გაჯანსაღება სკოლებში?

ასეთი რიტორიკა დამახასიათებელია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, როდესაც დემონიზაციას ახდენენ იმ ხალხის, ვინც შეიძლება განსხვავებულ პოზიციაზე იდგეს. ცხადია, ეს არის პოლარიზაციის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი და ეს საუბარი ხელს არ უწყობს იმას, რომ ხალხი ჩაერთოს განხილვის პროცესში.

მსგავსი განცხადებები შესაძლოა უარყოფითად აისახოს იმ ადამიანებზეც, რომლებიც ჩართულნი არიან რეფორმების პროცესში – მათგან ბევრი ადამიანი მუშაობდა წინა რეფორმების დოკუმენტზე და პრემიერი ამაზე საუბრობს, როგორც დანაშაულზე ერის წინააღმდეგ, ხომ?

მგონია, რომ თავისთავად ირაციონალურია ასე საუბარი და არადემოკრატიული, ცხადია.

  • განათლების მინისტრიც ამბობს, „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა. ჩვენ გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას, გაიზრდება პატრიოტულ საწყისებზე, გაიზრდება ოჯახის ფასეულობებზე“. რა სისტემას ქმნიან რეალურად ეს ადამიანები?

ამით სახელმწიფო ამბობს, რომ ჩვენ გვინდა მოქალაქეების ინდოქტრინაცია და ეს არის პრობლემა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ნებისმიერი არჩევანი – რა შინაარსი ისწავლება სასწავლებლებში ან როგორ არის ორგანიზებული სკოლა, გარკვეულ წარმოდგენას ქმნის საზოგადოების შესახებ, მაგრამ სახელმწიფოს არანაირი უფლება არ აქვს ინდოქტრინაციის, არანაირი უფლება არ აქვს, წარმოადგინოს საკუთარი ფასეულობები, რომელსაც თავს მოახვევს საზოგადოებას.

ემოციურ დონეზე შეიძლება პოპულარული იყოს ასეთი განცხადებები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საშიში განცხადებები, როდესაც სახელმწიფო, პოლიტიკოსი ამბობს, რომ მან იცის რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ყველა მოსწავლეს. სინამდვილეში ეს არის საბჭოთა წარსული, როცა ახალი ადამიანის გამოყვანაზე საუბრობენ.

ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რასაც თანამედროვე პოპულისტები ეწევიან მთელ მსოფლიოში. ესენი არიან: უნგრეთში ვიქტორ ორბანი, დონალდ ტრამპი აშშ-ში, პუტინი რუსეთში და ერდოღანი თურქეთში. ეტყობათ, ვისაც ჰბაძავენ.

ეს არის პოპულისტური, თითქოსდა პატრიოტიზმზე და კონსერვატორულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული რიტორიკა, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს, რომ ჩვენ იდენტობას კრიზისი აქვს, ვიღაცები გვებრძვიან უცხოეთიდან და ჩვენ უნდა ჩავიკეტოთ, ვიბრძოლოთ და გადავრჩეთ.

ეს რიტორიკა ამართლებს ძალიან მოკლევადიან პერსპექტივაში და ძალიან გულუბრყვილო გათვლაა იმ საზოგადოებაზე, რომელსაც უნდა წინსვლა, რომელსაც აინტერესებს, რომ გახდეს უფრო თავისუფალი და დემოკრატიული.

ხელისუფლება წინასაარჩევნოდ შეეცდება ასიამოვნოს მასწავლებელს, როგორც ამომრჩევლის ნაწილს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფული გამოყოს არჩევნების წინ, მათი გული რომ მოიგოს.

თუმცა ხშირად რიტორიკა და პრაქტიკა არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ არ ვიქნებოდი ასე შეშინებული.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 14 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 342 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 5 692 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 10 616 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 8 088 ერთეული [+12]
  • MLRS – 920 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 206 ერთეული [+33]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 606 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 675 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 1 185 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 687 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 046 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 329 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 288 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

გზა სიარულმა დალია – ბათუმელი მასწავლებლის მოსაზრება

ავტორი: ხათუნა გობაძე, ქართული-ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

____

გაურკვეველი, ბუნდოვანი გზის გასაყართან ვდგავართ, არც მეტი, არც ნაკლები, გზაჯვარედინის გარეშე… ეს სხვა გზაა, სხვა მზერა… თითქოს გაშეშებულა გზაც და მგზავრებიც… მოსიარულე ტიტრებივით მიდი-მოდიან წინ-უკან, თუმცა ვერ გაურკვევიათ ორიენტაცია…

მე, ახლა, განათლების გზის გასაყართან ვდგავარ და სელინჯერის ჰოლდენივით ჭალაში მოთამაშე ბავშვების მცველად ვქცეულვარ…

სხვა?!.. ამის იქით?.. მიზანი, რომელმაც დამაყენა (მომიყვანა) აქ?!!!…

რაც უფრო წინ ვიხედები, ან განვლილ წლებს გადავავლებ თვალს, მით უფრო ვრწმუნდები, რომ რაღაც გამოგვეპარა, თანდათან, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ; თანაც ისე, ვერც კი შევამჩნიეთ და ნებსით თუ უნებლიეთ, ურეზულტატობის მონაწილენი ვართ!!!..

ვასწავლით, ვსწავლობთ…

გვასწავლიან, ვასწავლით…

მაგრამ სიამაყე? კმაყოფილება? თვითრეალიზაცია?!..

ვფიქრობ, ყველაფერმა გარეფასადის სახე მიიღო…

სოციალური ქსელი, ტელევიზია, ტაში, ლამაზ-ლამაზი სლოგანები, ფრაზები, ჯილდო… მაგრამ ნამდვილი რეალობა სულ სხვაა, ყოველ შემთხვევისთვის მე ასე ვფიქრობ…

მეც, როგორც ყველა განათლების ,,მესაჭე“ თითქოს (თითქმის) ყველაფერს ვაკეთებ საიმისოდ, მივყვები კვალდაკვალ…

გამოცდა, ტრენინგები. წინსვლა, თვითაქტუალიზაცია-ყველაფერი ჩემი ცხოვრების ნაწილიცაა, მაგრამ მაინც რატომ ,,მეკუმშება“ გული?.. რატომ ვარ დემოტივირებული?
რატომ არ ვარ ჩემი თავით უკმაყოფილო?..

სამწუხაროდ, ჩემთვის მოტივაცია მხოლოდ ხელფასი არაა (ესეც არ მაწყენდა)… სულ სხვა პრობლემაა, სხვა სიღრმე, რაც უკვე ხელიდან გაგვექცა და რთულია დაჭერა…
მეტნაკლებობა მუდმივი აქსიომაა, არც დღესაა საუკეთესო გამონაკლისები, მეტიც, წარმატებებიც და წარმატებულებიც არ გვაქვს (გვყავს) საძებნელი… მაგრამ სულ სხვა სურათია ზოგადად, ენით აუხსნელი.. რატომღაც ქვეყანაში აქტუალური სულ სხვა თემებია და, შესაბამისად, ალტერნატივადაც სხვა პრობლემები მოიაზრება…

ერთი შეხედვით ქვეყანა თითქოს განვითარების გზაჯვარედინზეა, ჩქეფს და ფეთქავს ცხოვრების მაჯისცემა, მაგრამ მე მაინც მგონია, სკოლის, დირექტორებისა და მასწავლებლების ზურგზე ჰკიდია ქვეყნის ჭირ-ვარამი!!!…

სკოლა, მასწავლებელი დარჩა ქვეყანაში დალექილი პრობლემების პირისპირ, რასაც ხშირად მოსწავლის თვალები გვკარნახობს… კლასში ოცდახუთ-ოცდაათ მოსწავლეში ერთეულებს თუ შემორჩენია სწავლის ძალა და სურვილი. შესაბამისად, მათ მშობლებსაც შერჩათ ჯერ კიდევ შინაგანი რესურსი!!! (მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ!)…

ჰოდა, სამწუხაროდ, ,,მშობლებდაკარგული“ შვილების პირისპირ ვდგავართ, გვსურს მაგრამ აღარ ძალგვიძს…

ვინ ემიგრანტია. ვინ დღენიადაგ მუშაობს. ლუკმაპურისთვის, ვინ ვერც (ესეც ცალკე პრობლემაა) არაადამიანური, ექსპლუატაციური სამსახურისა და ხელფასის სანაცვლოდ უყურადღებოდ დარჩა შვილი..

სად არის ამ დროს ბავშვი?!.. ქუჩაში? ტელეფონთან? (ეს კიდევ სხვა თემაა!).. დაღლილ, ილაჯგაწყვეტილ მშობელს კი ბოლომდე გამოსცლია ძალა, ხელში რომ აიყვანოს საკუთარი შვილი და როგორმე ყველაფერი დააბალანსოს!!!..

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა, არ უნდა იმუშაოს?!.. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ძლიერი ქვეყანა და ეკონომიკა სჭირდებათ, რომ არ გაუქრეთ ის ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია და ვალდებულება, რასაც შვილის აღზრდა და გზაზე დაყენება ჰქვია!.. ეს ის მინიმუმია, რამაც შეიხლება მოზარდზე დამანგრეველი ზეგავლენა იქონიოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ნახევრად მშიერ, დასტრესილ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე!!!..

სად ვართ ჩვენ ამ დროს? – მრავალრიცხოვან კლასში, სადაც დიდი სიყვარულით (ყველაფრის მიუხედავად) ველოდებით მოსწავლეს… ამ დროს, ზოგს სძინავს, ზოგს შია, ზოგს გაჩერება არ უნდა, ზოგს ტელეფონს ვერ ვაშორებთ…

მიზეზი?!… უკვე ქვეტექსტურად ,,განვმარტე“… ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სავსე, მაგრამ თითქმის ,,დაცარიელებული“ კლასის წინაშე კარგად გამიგებს…

დიახ, ერთი შეხედვით სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს (ცდილობს მაინც), რომ მოსწავლე არ დარჩეს განათლების მიღმა… ამისთვის კეთილმოწყობილი, ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სკოლა და პროფესიონალი მასწავლებლები ხვდებათ, დირექტორი და სამინისტროც მაქსიმუმს აკეთებს… მასწავლებლებიც დღითიდღე იზრდებიან, ,,იწვრთნებიან“, მაგრამ რაა რეალობა, ეს კიდევ საკითხავია..

კეთილი და დიდი ნება რომ არის საამისოდ, ესეც ფაქტია, უამისობაც არ იქნება, უამრავი ფინანსური რესურსიც იხარჯება მასწავლებლების ,,შესაქმნელად“, მაგრამ მასწავლებლები თავიანთი სტატუსიანად, ვფიქრობ, დარჩნენ სხვა ჩიხის, სხვა რეალობის წინაშე, მასწავლებლობაზე მეტად თავშესაფრის ძიძებად გადავიქეცით!…

დიახ, ფსიქოლოგებიც უნდა ვიყოთ, ჯამბაზებიც, მსახიობებიც, პროფესიონალებიც, მოსიყვარულეებიც, ინოვატორებიც, რეჟისორებიც. ვფიქრობ, თანამედროვე სკოლაში იშვიათია უამისობა, მაგრამ მაინც ზურგზე გვკიდია სახელმწიფოს ბედი…
ვცდილობთ, ვზიდავთ და მივხოხავთ…

რამდენად ვზიდავთ, ან სადამდე გაგვყვება ძალა არ ვიცით…
ის ვიცით, რადიკალურად, სასწრაფოდ, სიღრმისეული ცვლილებებია საჭირო, რათა დაუბრუნდეს მშობელი შვილს, მოსწავლე სკოლას და მასწავლებელი მოსწავლეს, თანაც ისე, რომ ,,დამსხვრეული“ მასწავლებლები არ შერჩეს ქვეყანას მორალურადაც და ფიზიკურადაც, ჯილდოებიანად და სტატუსებიანად!!!

ჰო, იმ გზაზე ვდგავართ. სადაც პატარ-პატარა თუ დიდი გუბურებიდან თუ გუბეებიდან გრუნტზე უნდა გავიყვანოთ (გაგვიყვანონ) მგზავრები, რომ გზა სიარულმა არ დალიოს და მგზავრები ჩიხებში არ ჩარჩნენ.

P.S.

ჩვენ კი თავშესაფრებად არ გადავიქცეთ და ნორმალური სახელმწიფოს გარანტი რომ ბავშვის სწორად აღზრდაა ესეც არ დაგვავიწყდეს.

რას წერენ ნაცემი თუ მოკლული ქალების საქმის მასალებში პოლიცია და სასამართლო

4-ჯერ შეგხვდებათ ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ განჩინებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 4 ივლისს მიიღო და პოლიციელის მხრიდან ქალზე ფიზიკურ ძალადობას ეხება.

ფრაზებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, სასამართლოს გადაწყვეტილებებში ვხდებით. „ეჭვიანობის ნიადაგზე“, „დაქორწინების მიზნით,“ „ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ და სხვა ტერმინებს აქტიურად იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა; ამ ლექსიკით ადგენს პროკურატურა დოკუმენტებს, მაგალითად, ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებას, რაც საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხვდება.

„როცა სასამართლოს რეაქცია არ აქვს მსგავსი დისკრიმინაციული ენის გამოყენების დროს, ივარაუდება, რომ ის ეთანხმება ამ ტერმინების გამოყენებას და მის ნორმალიზებას ახდენს სამართალწარმოების პროცესში. მთავარია ის, რომ ეს არაა სამართლებრივი ტერმინები. პრობლემურია ეს ჩანაწერები, წამახალისებელიც კი, რაც არ უნდა ხმამაღლა ნათქვამად მოგვეჩვენოს,“ – კატეგორიულია უფლებადამცველი ანა თავხელიძე.

მოსამართლე რომ არ იმჩნევს პროკურატურის მიერ დოკუმენტებში ჩაწერილ „ეჭვიანობის ნიადაგზე“, ამ მიდგომის პრობლემურობის მასშტაბს, პოლიციელის ქალზე ძალადობის ბოლო საქმეც აჩვენებს: პოლიციელი მოსამართლემ დამნაშავედ მიიჩნია, თუმცა ის ციხეში არ გაუშვა.

  • ციხეში არ გაუშვეს პოლიციელი, რომელიც ქალს სცემდა და უთვალთვალებდა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ 

პოლიციელ გიორგი ს.-ს [სტატიაში სახელები შცვლილია] საქმეში რამდენიმე ეპიზოდია, სადაც დეტალურად არის აღწერილი, როგორ ძალადობდა შსს-ს თანამშრომელი პარტნიორ ქალზე – მარიამზე: სცემდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა…

პოლიციელი კაცი ქალს აიძულებდა, მასთან არ შეეწყვიტა ურთიერთობა: „მარიამ ხ.-ს უკრძალავდა მის დაუკითხავად სახლიდან გასვლას და მეგობრებთან შეხვედრას, ასევე არ აძლევდა უფლებას, კომუნიკაცია დაემყარებინა მის ყოფილ მეუღლესთან და მარიამ ხ-სგან მოითხოვდა სრულ მორჩილებას,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

პროკურატურის მიერ ფორმულირებულ ბრალდების არსში კი, ფრაზა „ეჭვიანობის ნიადაგზე“ ამ კონტექსტში გვხდება:

„2022 წლის მარტში [დაახლოებით 20 მარტს], დაახლოებით 17:00 საათიდან – 19:00 საათამდე დროის პერიოდში, გიორგი ს-მ თბილისში გურამის კუთვნილ №.. ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მარიამ ხ-ს მუშტი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მარიამმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი…

კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმა, რის შემდეგაც სახეში შეასხა წყალი, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად.

2022 წლის 13 მაისს, დაახლოებით 17:30 საათზე, თბილისში, წ-ს გამზირზე, გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს მუშტი დაარტყა თვალში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად. ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად, მარიამ ხ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა მორალური ზიანი.

2022 წლის ივნისში, დაახლოებით 10 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათიდან – 20:00 საათამდე დროის პერიოდში, მარნეულში, გიორგი ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე მარიამ ხ-ს ხელი დაარტყა სახის არეში და მოქაჩა თმა, ვინაიდან მას, როგორც ქალს, აღიქვამდა პირად საკუთრებად…

2022 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, კუთვნილ ავტომანქანაში ყოფნისას, გიორგი ს-მ მარიამ ხ-ს, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, სახის არეში დაარტყა ხელი, რის შემდგომაც, დაახლოებით ათჯერ მუშტი ჩაარტყა თავში და მოქაჩა თმა. გიორგიმ მარიამ ხ-ს ძლიერად მოუჭირა ხელი ნიკაპის არეში და მკლავზე, რის შემდეგაც იგი ჩააგდო ავტომანქანის წინა და უკანა სავარძლებს შორის… გიორგი ს-ე მარიამ ხ-ს, იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელს მასთან არ გაეწყვიტა ურთიერთობა, დანის დემონსტრირებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. გ.იორგი ს-ს აღნიშნული მუქარა მარიამმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში… გიორგი მარიამს დაჟინებით სთხოვდა მათ შორის არსებული ურთიერთობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა ძალადობითა და მათ შორის არსებული სქესობრივი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით…“ – აღნიშნულია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული კაცი დამნაშავედ მიიჩნია, როგორც ძალადობის, ისე მუქარის მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მსჯავრდებული ერთი დღითაც არ წასულა ციხეში. მას მოსამართლემ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა იგი პირობით ჩაუთვალა და გამოსაცდელ ვადად დაუდგინა 1 წელი 6 თვე.

„გიორგი ს–მ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, ამასთან, დაზარალებულს შეუქმნა განსაკუთრებით დამთრგუნველი გარემო,“ – მიუწერია პროკურორ ალექსანდრე ჩხაიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის. – „გარდა ამისა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების დროს, გიორგი ს. იკავებდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის თანამდებობას.

კანონიერების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი უწყების თანამშრომლის მიერ დანაშაულის ჩადენა კი, არღვევს, როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქის კანონიერ ინტერესს. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის მიერ დანაშაულის ჩადენა ზიანს აყენებს სახელმწიფო ხელისუფლების ავტორიტეტს და ამცირებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავი სისტემისადმი. მოცემულ შემთხვევაში მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იქნება წამახალისებელი და შესაძლოა, კვლავ უბიძგოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ.“

უზენაესი სასამართლოს პოზიცია კი ასეთია:

„სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები [გიორგი ს.-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი.

ამასთან, შპს „ბ–ს“-ის დირექტორის, რ. ბ-ძის 2023 წლის 28 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, გიორგი ს. მუშაობს ბათუმში მდებარე შპს „ბ–ში“ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად, დაზარალებულის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მკვეთრად დაშორებულია მსჯავრდებულის ამჟამინდელი სამუშაო ადგილისაგან და დანაშაულის გამეორების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული]“, – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

განჩინებაში მოსამართლეები გვახსენებენ იმასაც, რომ პირობითი მსჯავრიც სასჯელია:

„პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი…

საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება  იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური,“ – წერენ მოსამართლეები ნინო სანდოძე, მერაბ გაბინაშვილი და შალვა თადუმაძე.

  • ეჭვიანობის ნიადაგზე ყელი გამოჭრა თავის მეუღლეს“ – მკვლელობის საქმე 

უზენაესი სასამართლოს მიერ 2021 წელს მიღებული განჩინების მიხედვით, ტარიელ მ-მ თავის საცხოვრებელ სახლში მოკლა მეუღლე. აქაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში გვხდება პროკურატურის მიერ აღწერილი მოტივაცია – „ეჭვიანობის ნიადაგზე“.

„2020 წლის 15 თებერვალს, ღამის საათებში სოფელ …-ში არასრულწლოვანი შვილის და მეუღლის დის  თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყელი გამოჭრა თავის მეუღლეს – ხატია გ–ს, ასევე მიაყენა რამდენიმე დაზიანება სხეულის ზედა ნაწილში,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

რუსთავის სასამართლომ ტარიელ მ.-ს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • ბათუმელი კაცი ორსულ ცოლზე ძალადობდა, პროკურატურის ვერსიით „ეჭვიანობის ნიადაგზე“ 

„ეჭვიანობის ნიადაგზე“ – ტერმინს, რომელიც სამართლებრივი არ არის, პროკურატურა ბევრ საქმეში იყენებს, სადაც დანაშაული ჩადენილია კანონით განსაზღვრული „გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით“.

ერთ-ერთ ასეთ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2022 წელს მიიღო.

„…გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ირაკლი ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ორსულ ცოლს – ნინო ს-ს, კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა მარჯვენა ფეხზე, ბარძაყის არეში. ირაკლი ა-ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ. ს-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღწერილია ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

„2021 წლის 3 ივლისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბათუმში, მ. ლ-ის ქუჩა N…-ში მდებარე ბინა N…-ში ყოფნისას, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ირაკლი ა-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს – მეუღლეს, ნინო ს-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა მარცხენა მხარზე,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ა. დამნაშავედ მიიჩნიეს ოჯახში ძალადობის მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია ოჯახში ძალადობის მუხლის მეორე ნაწილით [ძალადობა ორსული ქალის მიმართ] და მუქარის ნაწილში. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, როგორც სააპელაციო, ისე უზენაესმა სასამართლომ.

„სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ირაკლი ა.-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: დაზარალებულ ნინო ს-ა და მოწმე ი. ა-ის ჩვენებებით, N…. შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან.

რაც შეეხება წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მუქარის ეპიზოდს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ი.ა-ას ბრალეულობაში.

საქმის მასალების მიხედვით, 2020 წლის 7 აგვისტოსა და 2021 წლის 2 ივლისის ძალადობისა და მუქარის ეპიზოდებში ი. ა-ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებული ნინო ს-ს ჩვენება, რომლის თანახმად, იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ირაკლი ა-ან. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ჰყავთ შვილიც, მაგრამ ირაკლის უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ურთიერთობა დაეძაბათ.

2020 წლის 7 აგვისტოს ეჭვიანობის გამო ირაკლი ა.-ამ ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე, თუმცა შემდეგ ბოდიში მოუხადა და შერიგდნენ. ქმრის ეჭვიანობა მუდამ ხდებოდა ოჯახში უთანხმოების მიზეზი. 2021 წლის 2 ივლისს, როდესაც მორიგი კამათისას ირაკლის განუცხადა, რომ ბავშვთან ერთად წავიდოდა მისგან, ეს უკანასკნელი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც რეალურად აღიქვა და შეეშინდა, მაგრამ პოლიციისათვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების – დაზარალებულის ჩვენების არსებობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია უტყუარი მტკიცებულების საკმარისი ერთობლიობა, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი, ადასტურებდეს რაიმე ფაქტს ან გარემოებას და დაარწმუნოს ნეიტრალური, ობიექტური პირი, რომ სწორედ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება,“- აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ფრაზების ჩანაცვლება რომ შეუძლიათ სამართალდამცველებს, ჩანს ერთი მაგალითიდანაც – 2022 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებში, სადაც არასრულწლოვანზე ქორწინების იძულების მუხლით გაასამართლეს კაცი, აღარ გვხდება ფრაზა – „ქორწინების მიზნით.“

„2021 წლის 11 და 12 ოქტომბერს რამაზ გ. რომელმაც იცოდა დაზარალებულის ასაკი, ქორწინებაზე უარის გამო, სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწერით სიცოცხლის მოსპობით დამუქრების მეშვეობით აიძულებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წ–ში მყოფ გიული ჯ–ს, რომ თავისი ნების საწინააღმდეგოდ ექორწინა მასზე,“ – ვკითხულობთ 2022 წლის 23 დეკემბრის განჩინებაში.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ რამაზ გ.-ს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება არც ზემდგომ ინსტანციებს შეუცვლია.

  • ცოლად შერთვის მიზნით“ – პროკურატურის და შსს-ს საჯარო განცხადებებში 

„ცოლად შერთვის მიზნით“ – ამ ფრაზას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ან პროკურატურის მიერ გავრცელებულ, საჯარო განცხადებებში შეხვდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა,“ – წერდა საქართველოს გენერალური პროკურატურა თავის ოფიციალურ განცხადებაში 2023 წლის 6 ნოემბერს.

„პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა… პოლიციამ გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა,“ – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო განცხადებაა 2022 წლის 21 ივლისს.

  • მოსამართლემ დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება არ უნდა წაახალისოს – უფლებადამცველი 

„მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დისკრიმინაციული ენის გამოყენება მიუთითებს იმაზე, რომ გენდერულად მიკერძოებულია მოსამართლე და გენდერულად არამგრძნობიარე, იგივე ეხება გამომძიებელს და პროკურორს, რომლის გადაწყვეტილებები ნაკლებად არის მსხვერპლზე ორიენტირებული,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე, პარტნიორობა „ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი. მას ვკითხეთ, რა სახის პრობლემები ჩნდება, როცა მოსამართლე არ იმჩნევს გენდერული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ტერმინების გამოყენებას.

ანა თავხელიძე გვეუბნება, რომ მოსამართლე ამ ტერმინების გამოყენებას არათუ არ იმჩნევს, არამედ ზოგჯერ თავადაც განაჩენში მსჯელობის დროს არგუმენტებს ამ დისკრიმინაციულ ლექსიკას აფუძნებს. ამის მაგალითად იურისტს „ბასილაშვილის საქმე“ მოჰყავს,

„ვერ გაჩვენებთ მოსამართლის მსჯელობას, რადგან საქმე ეხებოდა ბავშვს და დახურულია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოსამართლე პირდაპირ აფუძნებს თავის მსჯელობას გენდერულ სტერეოტიპებს, დისკრიმინაციულ ენას… საჯარო იყო და განაჩენის ნაწილია მოსამართლის განცხადებები გადაწყვეტილების მიღების დროს, როცა მან თქვა, რომ, მაგალითად, საეჭვო იყო ქალის ქცევა, ძალადობის შემდეგ წვეულებაზე როგორ წავიდოდაო, ან როგორ არ ჩაიტარა ექსპერტიზა და არ შეაგროვა მტკიცებულებებიო.

მართლმსაჯულების სისტემა დაცლილი უნდა იყოს გენდერული სტერეოტიპებისგან, რომ მიუკერძოებლად და ობიექტურად შეძლოს მართლმსაჯულების განხორციელება,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

ანა თავხელიძე

იურისტი განმარტავს, რატომ არის პრობლემა, როცა სახელმწიფო უწყება, მაგალითად, პროკურატურა ამბობს, რომ „ეჭვიანობის ნიადაგზე“ ჩაიდინა კონკრეტულმა კაცმა დანაშაული.

„ეს შეიძლება იყოს გამოკითხვის ოქმში, რომ მოწმე, ან დაზარალებული აი, ამას ამბობს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს წარმოდგენილი, როგორც დანაშაულის მიზეზი, რატომაც იქნა დანაშაული ჩადენილი. ამით პროკურატურა, ან გამომძიებელი ერთგვარ ახსნას გვაძლევს თითქოსდა, რატომაც ჩაიდინა კაცმა ეს დანაშაული.

როცა გვეუბნებიან, რომ დანაშაული ჩადენილია „ეჭვიანობის ნიადაგზე“, თითქოს ისრების გადატანა ხდება ქალის პასუხისმგებლობაზე. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა პროკურატურას ბრალი იმგვარად ჰქონდა ჩამოყალიბებული, თითქოს ქალის ქმედების საპირწონედ გახდა კაცი მოძალადე. მას შემდეგ, რაც ეს გავაპროტესტეთ, დადგენილება შეიცვალა.

პროკურატურამ და გამომძიებელმა უნდა ისაუბროს დანაშაულის მოტივზე, მაგრამ მოტივი არის არა ეჭვიანობა, არამედ კონტროლის სურვილი, რომ ქალი გააკონტროლოს და შეუზღუდოს მას თავისუფლება. ამ ლექსიკით უნდა შეადგინოს პროკურატურამ დოკუმენტები,“ – დარწმუნებულია ანა თავხელიძე და სამართალდამცველების გადამზადების საჭიროებას ხედავს.

უფლებადამცველს არ ახსენდება ერთი განაჩენიც კი, სადაც მოსამართლემ შეაფასა და გამოეხმაურა პროკურატურის მხრიდან დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენებას.

„მოსამართლეების მგრძნობელობა, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია, სამართლებრივი ცოდნაც დაბალია და გარდა ამისა, თავად მოსამართლეც შეიძლება სტერეოტიპულად იყოს განწყობილი, მისაღები არგუმენტი იყოს ეს,“ – ეს შთაბეჭდილება ექმნება უფლებადამცველს და მთავარ არგუმენტსაც გვისახელებს: „არც ერთი ეს ტერმინი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არ არის საკანონმდებლო ტერმინი. თუ ეს ტერმინები ამოვიღეთ კანონიდან და იგივე ტერმინს ვიყენებთ ბრალის აღწერის დროს, გამოდის, რომ ამუშავებ მაინც იგივე ნორმას პრაქტიკაში…

საერთოდ არ უნდა იყენებდეს ამ ლექსიკას სამართალდამცავი ორგანო, ან პროფესიონალი, რადგან იგი არ არის კანონის შემადგენელი ნაწილი.

მართლმსაჯულების პროცესში სტერეოტიპები რაც ვლინდება დისკრიმინაციული ენის გამოყენებაში, ასევე ვლინდება მტკიცებულებების დისკრიმინაციულად შეფასებაში, ასევე გადაწყვეტილების მიკერძოებულად გამოტანაში, კონვენცია ამას უთითებს, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ გამოვლინებად და მას კატეგორიულად კრძალავს,“ – მიიჩნევს ანა თავხელიძე.

რა უნდა გააკეთოს მსგავს შემთხვევაში მოსამართლემ?

„მართლმსაჯულების შემადგენელი ნაწილია და სასამართლოს აქვს ბერკეტი, როდესაც პროკურორი იყენებს ამ ლექსიკას, გადაწყვეტილებაში მიუთითოს, რომ ეს არის დისკრიმინაციული ენა და არ წაახალისოს. პრობლემაა ისაა, რომ ძალიან ცოტა მოსამართლემ შეიძლება იცოდეს ამ ქვეყანაში, დისკრიმინაციული ენის გამოყენება და გენდერულად მგრძნობიარე ენის გამოყენება რას ნიშნავს მართლმსაჯულების სისტემისთვის, განსაკუთრებით კი, ოჯახში ძალადობის საქმეებში.

მოსამართლემ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ეს ლექსიკა არ გამოიყენოს პროკურატურამ. წარმოიდგინეთ, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას. ამ გადაწყვეტილებებს ხომ ეცნობიან ადამიანები, ეს იქნებოდა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაც,“ – ამბობს იურისტი ანა თავხელიძე.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

აქ მცხოვრები სომეხი ქართულად უნდა საუბრობდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა – არტური ბათუმიდან

„ის, რაც გვაქვს საქართველოში, სომხეთში, კავკასიაში, თითქმის აღარსად აღარაა: ელემენტარული სითბო, ჩვენი ჩახუტება, კაი სალამი,“ – არტურ ოგანესიანს, აჭარაში სომხური დიასპორის პრესმდივანს, ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებს ჯერ კიდევ გადარჩენილ იტალიურ ეზოში შევყავართ.

არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ ამ ეზოში მის ბავშვობაში შვიდი სხვადასხვა ეროვნების 18 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი, ეზოს მხოლოდ ქართული და ერთიც სომხური ოჯახი შემორჩა.

„ჩვენ დავრჩით, სულ მაქვს სიამაყის განცდა… ბერძნები საბერძნეთში წავიდნენ, რუსი ქალბატონი გარდაიცვალა, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგიც – ევროპაში,“ – მეზობლებს იხსენებს არტური და პატარა სახლში შევყავართ. სახლს მაღალი ჭერი აქვს და თეთრად შეღებილი ხის ფანჯრები. ეზოში პატარა ადგილია ჩამოსაჯდომად. ცალკე გამოყოფილ შენობაშია სამზარეულო და სველი წერტილები.

არტურ ოგანესიანი სახლის გამყოფ კედელში დატანებული ფანჯრის წინ ჯდება, მას სომხურ დიასპორაზე ვესაუბრებით: როგორ იცვლება მათი ცხოვრება? რა ფორმას იღებს არმენოფობია საქართველოში?

„მე უფრო მეტად არმენოფობიას ვხედავ სოციალურ ქსელში. სოციალური ქსელი არის იმის მანიშნებელი, რაც ხდება სოციალურ სივრცეში, მაგრამ ქვეყანაში, ურთიერთობებში, ჩემ გარემოცვაში ვერ ვხედავ მაგას… ჩემ ირგვლივ ვურთიერთობ იმ ხალხთან, ვისაც ვუყვარვარ და ანალოგიურად მეც ვცემ პატივს.

გინდ მაწონზე თქვან, გინდა ჩურჩხელაზე, თუნდაც ხუმრობით რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ თქვან, ჯანსაღად მოაზროვნე ჩემი ორი ერის წარმომადგენლები ვერასდროს დაუშვებენ ჩვენს ურთიერთობაში ვიღაცის ჩარევას. ეს დაბალი დონის კომენტარებია,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი და დასძენს, ფსევდოკომენტატორების სტატუსებიც ხვდება, სიძულვილის ენას რომ იყენებენ.

არტურ ოგანესიანის დაკვირვებით, არმენოფობიის წინააღმდეგ ყველაზე მეტად ისევ ქართულ ენაზე დაწერილი შეპასუხება მუშაობს. მისი აზრით, გამოსავალი მეტი ინფორმაცია, კრიტიკული აზროვნება და განათლებაა.:

„სოციალურ ქსელში როდესაც გამოდის არმენოფობიური პოსტი, პასუხს როცა გასცემ ქართულ ენაზე, დალაგებულად, ერთი გაბედოს და გააგრძელოს აზრი. როცა პასუხობ რუსულად და სხვანაირად, ის ადამიანი უფრო მეტს იკადრებს.

როდესაც აქ მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქე თავს გამოაჩენს საქართველოს მოქალაქედ, ეს უკვე სხვა მომენტია. მან უნდა აჩვენოს, რომ ქართულად საუბრობს და უყვარს თავისი ქვეყანა, არანაკლებ ქართველი ძმებისა,“ – გვიყვება არტურ ოგანესიანი.

რა არის დღეს მთავარი ფაქტორები, რაც სომხური დიასპორის ინტეგრაციას უშლის ხელს?

„ეს უკავშირდება გარემოცვას: ჩამოყალიბებული აქვს თავისი სივრცე, დასაქმებულია, თავისი შემოსავალი აქვს და მეტი ამბიცია არ აქვს,“ – პაუზის შემდეგ არტურ ოგანესიანი ამატებს, რომ ახალ თაობაში ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა და ბევრი სწავლობს ქართულს, რაც ინტეგრაციის სურვილს აჩვენებს.

„სხვანაირად არ გამოვა. ახალგაზრდებს აქვთ ეს მოტივაცია, რომ იცოდნენ ქართული ენა და ვალდებულიც არიან. პირველ რიგში, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, სომხურს თუ ისწავლიან, კარგია, მაგრამ სომხურის სწავლაც პრობლემაა. ალბათ 20 – 25 ოჯახი თუ იქნება ბათუმში, სადაც სომხურად საუბრობენ.

სომხურ ქორწილებში ვთამადობ ხშირად და მიხარია, როცა ვხედავ, ახალგაზრდები ერთმანეთში ქართულად საუბრობენ, იციან სომხური ადათ-წესები, ამ ფესვებსაც არ წყდებიან…

თუ ყოფით დონეზე რაღაც ხდება, ეგ ორივე მხარის ბრალია, უფრო სწორად, გაუნათლებლობის ბრალია. განათლებული ადამიანი თავს უფლებას არ მისცემს, სხვას შეუარაცხყოფა მიაყენოს. ზოგადად, ფობია ხომ საშინელებაა, რომელი ფობიაც არ უნდა იყოს,“ – კატეგორიულია არტური.

1993 წელს, როცა სომხური დიასპორა დაფუძნდა აჭარის რეგიონში, სომეხი ეროვნების 27 ათასი ადამიანი ცხოვრობდა აჭარაში, დღეს ეს მაჩვენებელი 11 ათასამდეა შემცირებული. ბოლო მონაცემებით, ბათუმში დაახლოებით 8 ათასი სომეხი ცხოვრობს.

არტურ ოგანესიანი ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსულ ენას ასახელებს.

„აჭარის რეგიონში მცხოვრები სომეხი ეროვნების ბავშვები ძირითადად დადიოდნენ რუსულ სკოლებში. მე წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, რადგან ეს ნიშნავს რუსულ განათლებას და, შესაბამისად, რუსულად მოაზროვნე ადამიანს, ის არასდროს არ გამოგვადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.

დღესაც ბათუმში მოქმედი სამივე რუსული სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების 70 % სომეხი ეროვნებისაა. მიმაჩნია, რომ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, გარდაუვალია მათი ტრანსფორმირება ახალ რეალობაში. მე ამას ვეძახი ბერმუდის სამკუთხედს: ადამიანი ეროვნებით სომეხია, დაბადებულია საქართველოში, სწავლობს და აზროვნებს რუსულად, ის არც სომხად ივარგებს, არც – საქართველოს მოქალაქედ. მე არ მიხარია მისი რუსული აზროვნება. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.

სახელმწიფომ უნდა გაატაროს ენის სწავლების ეფექტური ღონისძიებები. არ მესმის იგივე ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, ასე ნელა რატომ ინტეგრირდებიან ქართულ სივრცეში. მაგრამ ამ ხალხს სულ იყენებენ წინასაარჩევნოდ, როგორც მასას, რომელიც მხარს დაუჭერს სახელისუფლებო პარტიას.

„გინდ მაწონზე თქვან, გინდ ჩურჩხელაზე“ – ბათუმელი არტურის დაკვირვება არმენოფობიულ განწყობებზე

ჩემი აზრით, იცვლება სიტუაცია: სამცხე-ჯავახეთშიც ახალგაზრდები სხვანაირად აზროვნებენ უკვე, ქართულიც იციან. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა გააჩინოს სახელმწიფო ენის სწავლების მოტივაცია,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი.

ცოტა რამ ვიცით სომხებმა და ქართველებმა ერთმანეთზეო, საუბრის ბოლოს ამ თემაზეც ვესაუბრეთ სომხური დიასპორის პრესმდივანს, საქართველოს და სომხეთის პერსპექტივებზე.

„ჩემ ბავშვობაში სხვა აზროვნება იყო, საბჭოთა მენტალიტეტი, ვსაუბრობდით ყველა რუსულ ენაზე… ბევრი რამ გამოვიარეთ, ახლა, 2023 წლის მიწურულს, მინდა ჩემი ქვეყნის დანახვა ევროპულ სივრცეში, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი საპატიო ადგილი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალფეროვნების სინთეზი. ხშირად გვემუქრებიან, რომ რაღაცას დავკარგავთ ევროპაში, არაფერს არ დაკარგავ, შენ უნდა აჩვენო შენი სახე, ევროპა მაგალითია, როგორ უნდა იცხოვროს თანამედროვე ქვეყანამ კომპლექსების გარეშე, ზომიერად და ადამიანურად.

იცვლება ბევრი რამ, მეზობლები ვართ, მაგრამ მართლაც ცოტა რამ ვიცით ერთმანეთზე, თანაც, პოლიტიკურად, სამწუხაროდ, სომხეთი მიგდებული იყო რუსეთთან, საქართველო კი, ბოლო წლებია ცდილობს გავიდეს ევროპასთან. ახლა ვერ ვხედავ სუფთა ევროპულ სვლებს, რუსული დინებებია, ეს ძალიან მაწუხებს და მაღელვებს.

სომხეთი კი, ამდენი წლის და ყარაბაღის ომის მოგვარების შემდეგ აკეთებს იმ არჩევანს, რაც მას სჭირდება, მისი ვექტორი უნდა შეიცვალოს. სომხეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ ტრიალდება და ეს მახარებს.

მე თუ არა, მომავალმა თაობამ მინდა ნახოს მშვიდობით და ურთიერთგაგებით, პატივისცემით სავსე კავკასია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სამხრეთ კავკასიის განვითარების სივრცე, გვაქვს ამის პოტენციალია, შნო, კულტურა, რამხელა კულტურის ქვეყნებია, რამხელა ტრადიციები?

ბოლო ათწლეულები ხელს გვიშლის იმპერიული რუსეთი. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეგვაფერხოს ამ გზაზე, თუმცა ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, გადალახავს ნებისმიერ ბარიერს, მიაღწევს თავის მიზანს,“ – დარწმუნებულია არტურ ოგანესიანი.

ბათუმის მერია ჯართადქცეულ მანქანებს აუქციონზე ყიდის

ბათუმის მერია ამჯერად დაზიანებულ და მწყობრიდან გამოსულ 7 ავტომანქანას ყიდის ელექტრონულ აუქციონზე.

მანქანების უმეტესობა ფაქტობრივად ჯართად არის ქცეული და უპირობოდ იყიდება.

აუქციონები დაწყებულია და 2023 წლის 22 დეკემბერს დასრულდება.

MERCEDES-BENZ

მარკა MERCEDES-BENZ, მოდელი ML 270 CDI, სარეგისტრაციო ნომერი: BX 909 XB, საიდენტიფიკაციო ნომერი: WDC1631131A528757, გამოშვების წელი 2004;

საწყისი გასაყიდი ფასი: 1400 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი;

მდგომარეობა: ცუდი; დაზიანებული, გაუმართავი.

MITSUBISHI

მარკა-MITSUBISHI, მოდელი PAJERO IO, სარეგისტრაციო ნომერი: HG 949 GG, საიდენტიფიკაციო ნომერი: H77W0201631, გამოშვების წელი 2000;

საწყისი გასაყიდი ფასი 1 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 30 ლარი;

მდგომარეობა: ცუდი; დაზიანებული, გაუმართავი.

TOYOTA

მარკა-TOYOTA მოდელი PRIUS, სარეგისტრაციო ნომერი: UA 114 UU, საიდენტიფიკაციო ნომერი:JTDKN3DU1B1366863, გამოშვების წელი 2011;

საწყისი გასაყიდი ფასი 1 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი;

მდგომარეობა: ცუდი; დაზიანებული, გაუმართავი.

TOYOTA

მარკაTOYOTA, მოდელი – COROLLALE, სარეგისტრაციო ნომერი: DV815DV, საიდენტიფიკაციო ნომერი: JTNBM58E80J004099, გამოშვების წელი 2008;

საწყისი გასაყიდი ფასი 4 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 135 ლარი;

მდგომარეობა: გაუმართავი, საწვავის ტიპი ბენზინი.

HONDA

მარკა – HONDA, მოდელი – RIDGELINE, ტიპი -პიკაპი, სარეგისტრაციო ნომერი: ESE561, საიდენტიფიკაციო ნომერი: 2HJYK16216H563148, გამოშვების წელი 2006;

საწყისი გასაყიდი ფასი 11 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 350 ლარი;

მდგომარეობა: გაუმართავი, საწვავის ტიპი ბენზინი.

FORD

მარკა – FORD, მოდელი – SIERA 2.0 CL, ტიპი – მსუბუქი, სარეგისტრაციო ნომერი: BBD660, საიდენტიფიკაციო ნომერი: WFOFXXGBBFHY07310, გამოშვების წელი 1990;

საწყისი გასაყიდი ფასი 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი;

მდგომარეობა: გაუმართავი, საწვავის ტიპი ბენზინი.

OPEL

მარკა – OPEL, მოდელი VECTRA 1.8 I, ტიპი – მსუბუქი, სარეგისტრაციო ნომერი: KIM047, საიდენტიფიკაციო ნომერი: WOL000087L1158501, გამოშვების წელი 1990;

საწყისი გასაყიდი ფასი 500 ლარი, ვაჭრობის ბიჯი 50 ლარი;

მდგომარეობა: გაუმართავი, საწვავის ტიპი ბენზინი, გადამცემი კოლოფის ტიპი – მექანიკური.

 

 

„აჭარისწყალი ჯორჯია“ სკოლებში საგანმანათლებო და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდამჭერია

არასამთავრობო ორგანიზაცია PH International ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და აკავშირებს ერთმანეთთან სკოლებსა და კერძო სექტორს. ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარა პირველად ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ სკოლასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულების იდეებს. მოსწავლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკუთარ საჭიროებებზე ესაუბრებოდნენ.

სწორედ ამ ღონისძიებაზე, სხვა სკოლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის წასახალისებელ იდეებზე ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ მკლავჭიდის ინვენტარის შეძენა და შესაბამისი სივრცის მოწყობა სკოლაში გააჩენდა ადგილს, სადაც ზამთრის ცივ დღეებში საინტერესოდ შეძლებდნენ დროის გატარებას.

მკლავჭიდით ხულოში ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული, ამ მუნიციპალიტეტიდან მკლავჭიდის ჩემპიონატებში ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს ხშირად.

კომპანიამ „აჭარისწყალი ჯორჯია“ ეს პროექტი მალევე დააფინანსა, მათ შეიძინეს მკლავჭიდის ყველა ინვენტარი, რაც ბავშვებს სჭირდებოდათ და სკოლას გადასცეს. სკოლის შენობაში ამ სპორტში სავარჯიშო სპეციალური სივრცეც მოეწყო:

„ამ ურთიერთობებმა და მოლაპარაკებებმა ბავშვებს კომუნიკაციის მნიშვნელოვანი უნარები შესძინა. მათ მიიღეს გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაამუშაო იდეა ისე, რომ ეფექტურად წარადგინო მსმენელებთან და დაარწმუნო მისი განხორციელების მნიშვნელობაში.

ვიცი, რომ „აჭარისწყალი ჯორჯიასა“ და ვერნების სკოლას შორის ურთიერთობა ისევ გაგრძელდება და კომპანია მოსწავლეების იდეებით ყოველთვის დაინტერესდება“,- ამბობს USAID  -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მარინა უშვერიძე.

ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 14 სხვადასხვა ადგილზე უკანონო ნაგავსაყრელები მოაწესრიგეს

ერთი წელიწადია, რაც ბიზნესსექტორი ჩაერთო USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში და უკვე კერძო სექტორმა მთელი საქართველოდან მოსწავლეების 50 პროექტი დააფინანსა, სხვადასხვა შინაარსის, მათ შორის სპორტული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის, სასკოლო ბიბლიოთეკების გასამრავალფეროვნებლად და ა.შ.

მარინა უშვერიძის თქმით, საგანმანათლებლო პროექტებს USAID-ის ამ პროგრამის ფარგლებში, აფინანსებენ არამხოლოდ მსხვილი ბიზნესის, არამედ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც თანამონაწილეობით იმ საზოგადოების პრობლემების გადაჭრას ცდილობენ, სადაც თავადაც უწევთ ბიზნესსაქმიანობა.

სკოლა-ბიზნესფორუმებზე ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია ასევე ფურტიოს სკოლაც. ბავშვების იდეამ მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.

ფურტიოს სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ზვიად დიასამიძე ამბობს, რომ მოსწავლეებს ფურტიოში 14 სხვადასხვა ადგილზე უკანონო ნაგავსაყრელის მოწესრიგება სურდათ.

სოფლის თემთან საუბრებმა, საინფორმაციო შეხვედრებმა, ანალიზმა და სამუშაო პროცესმა შედეგი გამოიღო. „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა, სადაც მოსწავლეების მიერ მომზადებული ტექსტები და ფოტომასალა იყო გარემოსდაცვით საკითხებზე.

ნაგავსაყრელები მოწესრიგდა, დასუფთავდა და ტერიტორიებზე განთავსდა საინფორმაციო დაფები, რაც ასევე „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური დახმარებით.

სასკოლო კლუბს, რომელმაც უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა გადაჭრა ფურტიოში, გადაეცა კომპიუტერი, რაც სამომავლოდ მათ სხვა პროექტების მოსამზადებლად და ინფორმაციის დასამუშავებლად, გასავრცელებლად გამოადგებათ.

სოფელი ფურტიო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სხალთა ჰესის მშენებლობის არეალში მდებარეობს.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დანადგარი მოაწყვეს, რომელიც დახურულ სივრცეს ატენიანებს და მოსწავლეებს გაკვეთილებზე თვალის სიმშრალის, ჰაერს კი გამოშრობისგან იცავს. მოწყობილობის გვერდით მცენარეებია მუდმივად, რაც ასევე ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და დანადგარს ფუნქციის შესრულებაში „ეხმარება“.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტენის გამომყოფ დანადგარს აწყობენ

ეს მომცრო ბაღის მსგავსი მექანიზმია, რეალურად კი ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც მინის კონტეინერშია მოქცეული და აქედან გამოყოფს ტენსა და ჟანგბადს.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ აწყობილი დანადგარი, რომელიც ტენს გამოყოფს და მოსწავლეებს თვალის გამოშრობისგან იცავს

დაბა შუახევის სკოლის დირექტორი, მზია გოგაძე ამბობს, რომ ბავშვების მიერ აწყობილი დანადგარი ერთ საკლასო ოთახში დგას და სასურველი იქნებოდა ყველა კლასში იყოს, რაც ბევრ ხარჯთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ ვაგრძელებთ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ თანამშრომლობას, სამომავლოდაც ვგეგმავთ სხვა იდეების განხორციელებას, რაც ჩვენი მოსწავლეებისა და მუნიციპალიტეტისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს მზია გოგაძე.

აუდიტის შენიშვნები აჭარის 2024 წლის ბიუჯეტზე – მთავრობა მხოლოდ რიცხვებს ცვლის

„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს რეგიონში არსებული რესურსების, ბოლო წლების ტენდენციებისა და მოსალოდნელი პროგნოზების ანალიზის საფუძველზე“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე.

დასკვნა აუდიტმა დღეს, 13 დეკემბერს, გამოაქვეყნა, თუმცა, შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აჭარაში, კახაბერ კირტავამ, 8 დეკემბერს სიტყვიერად მოახსენა უმაღლეს საბჭოს იმ სხდომაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამ შენიშვნებს ხელი არ შეუშლია საბჭოს უმრავლესობისთვის, რომ ბიუჯეტი დაამტკიცებინათ. არც აუდიტს „შეშლია ხელი“, მიუხედავად მთელი რიგი შენიშვნებისა, ბიუჯეტის კანონპროექტზე საბოლოოდ დადებითი დასკვნა გაეცა.

თითქმის ანალოგიური შენიშვნები აჭარის მთავრობას და მის მაკონტროლებელ უმაღლეს საბჭოს ცოტა ადრეც გადაუგზავნეს, როცა აუდიტმა 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში შეაფასა:

აჭარის 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, აუდიტი კვლავ მიუთითებს, რომ

[crosslist]

  • „მნიშვნელოვანია, პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გაითვალისწინონ პროექტების განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად მოხდეს რესურსების გადანაწილება ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე და დაგეგმილი ასიგნებების სრულად ათვისება“.
  • „მიუხედავად პროგრესისა, პროგრამული ბიუჯეტის დანართი კვლავ სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების გამართულობა, შედეგების შეფასების ინდიკატორების ხარისხი, მათ შორის, ცხადი სამიზნე მაჩვენებლების არსებობა და ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა.“
  • „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლები ნაშთის შემცირების ტენდენციით გამოირჩეოდა, რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმოდგენილი კანონპროექტით, 2023 წლის ბოლოს ნაშთი არანაკლებ 77 453 700 ლარამდე იზრდება. ამასთან, 2023 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ნაშთის მოცულობის (138 601 900 ლარი) გათვალისწინებით, 2023 წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობით ათვისების ალბათობა დაბალია.“

[/crosslist]

ამასთან, აუდიტი აღნიშნავს, რომ „2024 წლის გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი შემოსულობებს აჭარბებს 77.5 მლნ ლარით. შესაბამისად, იგეგმება ბიუჯეტის ნაშთიდან 77.5 მლნ ლარის გამოყენება. წარმოდგენილი პროგნოზით, 2024 წლის ბოლოს რესპუბლიკური ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა იყოს.“

აუდიტის მიხედვით „2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის როგორც პირველადი, ისე გადამუშავებული კანონპროექტით დივიდენდების სახით შემოსავლების მიღება დაგეგმილი არ არის. 2023 წლის 11 თვეში დივიდენდების სახით რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 611.7 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 36.0%-ია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი 40 საწარმოდან, 2023 წლის 11 თვეში დივიდენდი გადახდილი აქვს 3 საწარმოს.

ამასთან, ბოლო პერიოდში დივიდენდების გადამხდელი საწარმოების პრივატიზება არ განხორციელებულა, ასევე მათი საქმიანობის სფერო და მოგება-ზარალის დინამიკა არსებითად არ შეცვლილა. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტს არ ახლავს დივიდენდების სახით მისაღები შემოსავლების ნულოვან ნიშნულზე განსაზღვრის დასაბუთება.“

აუდიტის ინფორმაციით, აჭარის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ 7 საწარმოში მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო 4 საწარმო გადაცემულია მართვის უფლებით. დივიდენდები კი, 2023 წლის 11 თვეში გადახდილი აქვს მხოლოდ შპს „სავაჭრო ცენტრი 2009-ს“ [550.0 ათასი ლარი], შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანას“ [45.0 ათასი ლარი] და შპს „აჭარის ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრს“ [16.7 ათასი ლარი].

აუდიტის დასკვნით:

„2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 93 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 52 584 300 ლარით აღემატება 2023 წლის გეგმურ მაჩვენებელს…

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თვეში არაფინანსური აქტივების კლების მუხლიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 33 248 800 ლარი, რაც შემცირებული წლიური გეგმის3 82.3%-ია.

გამომდინარე იქიდან, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა ბოლო პერიოდში არსებითად არ შეცვლილა, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა მეტ დასაბუთებას საჭიროებს.“

აუდიტის დასკვნაში ტრადიციულად ამჯერადაც მეორდება, რომ „მიუხედავად იმისა, ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და დამატებით გაუმჯობესებას.“

2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული კანონპროექტის პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას, როგორც აუდიტი ამბობს, გამოვლინდა პროგრამების შემუშავების პროცესში არსებული შემდეგი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები:

  • „პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების პროცესი – დანართში წარმოდგენილი 61 პროგრამიდან 18 პროგრამა (29.5%) არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად. საყურადღებოა, რომ ანალოგიური პროგრამები, ქვეპროგრამების გარეშე დაფიქსირდა წინა წელსაც.
  • შუალედური და საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავება – პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მისაღწევი მიზანი, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;
  • ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა – პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა“.

აუდიტის ტრადიციული რეკომენდაცია აჭარის მთავრობისადმი: „პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მიზანშეწონილია, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ფორმალურად განისაზღვროს რეგიონში პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.“

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიღებიდან, როგორც უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ამბობს, მალევე [ისე, რომ მათ პროექტის გაცნობაც ვერ მოასწრეს], დაინიშნა რიგგარეშე სხდომა, რომელზეც უმრავლესობამ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ვრცლად ამ თემაზე:

საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

მთავარი ფოტო: მარცხნიდან – ჯაბა ფუტკარაძე [აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი], კახაბერ კირტავა და ირაკლი ანანიძე [აუდიტის სამსახური აჭარაში]/ფოტო: უმაღლესი საბჭო

100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე  ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე.

პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 45 ლარიდან 100 ლარამდე გაზრდის დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება ძალაში შევა დადგენილების გამოქვეყნებისთანავე.

საკითხი, რომელიც მოქმედ დადგენილებაში საფასურის გაზრდის ცვლილებას ითვალისწინებს, საკრებულოს 2023 წლის 19 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში უკვე შეტანილია.

სპეციალურ სადგომზე ავტოტრანსპორტის გადატანის ხარჯს [დღევანდელი ტარიფით 45 ლარს, ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, უკვე 100 ლარს] ავტოტრანსპორტის მფლობელი იხდის/გადაიხდის.

მოქმედი დადგენილებით, მფლობელი ასევე იხდის ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯს შემდეგი ოდენობით:

  • თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე არ რჩება ღამის განმავლობაში – 5 ლარი;
  • თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე რჩება ღამის განმავლობაში – ერთი ღამე 10 ლარი.

ამ ეტაპზე სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები უცვლელი რჩება.

მოქმედი კანონმდებლობით, ბათუმში არასწორი პარკირების გამო ევაკუირებული მანქანის მფლობელის მიერ ტრანსპორტირებისთვის გადახდილი თანხა ირიცხება ა[ა]იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ ანგარიშზე და წარმოადგენს ინსპექციის საკუთრებას.

გადატანის ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდის საფუძველს, მერიის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იძლევა.

„კოდექსით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასური და სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური შემდეგნაირად:

  • მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით,
  • სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში კი − არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
  • აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის საფასური მსუბუქი ავტომობილის, მოტოციკლის, კვადროციკლის, მოპედის შემთხვევაში − დღეში არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით,
  • ხოლო სხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – დღეში არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია მერიიდან საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

განახლება: ქალაქის საკრებულოს დადგენილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორ­ტო სა­შუა­ლების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისას ტრანსპორტირების ხარჯი 100 ლარით განისაზღვრა. დადგენილება 2023 წლის 21 დეკემბერს ამოქმედდა.

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია/facebook 

ბათუმში პარკირების ადგილების დეფიციტია, თუმცა ქალაქის მერიას რაიმე პროექტი საპარკინგე ადგილების გასაზრდელად დაფინანსებული არ აქვს. პარალელურად, სახელმწიფომ ბათუმში, იუსტიციის სახლთან, კერძო კომპანიას პარკინგის მოსაწყობად ტერიტორია 49 წლით გადასცა საკუთრებაში. ახალი  პარკინგი კი, ძირითადად, „ალიანს პალასს“ და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოემსახურება.

მიწისქვეშა და მიწისზედა  მრავალდონიანი პარკინგების მოწყობას ითხოვს ბათუმის საკრებულოს ოპოზიციაც. ამაზე მათ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებში დაწერეს. იმ განსხვავებით, რომ ოპოზიციის მოსაზრებით მრავალდონიანი პარკინგების მოწყობა თავად მერიამ უნდა უზრუნველყოს და ისინი ყველასთვის მისაწვდომი უნდა იყოს. საკრებულომ 19 დეკემბრის სხდომაზე ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტიც უნდა დაამტკიცოს.

ბათუმის მერიაც აღიარებს ქალაქში პარკირების ადგილების ნაკლებობას, როგორც გამოწვევას, თუმცა, მეორე მხრივ, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად საკრებულოსთან ერთად ამტკიცებს სამშენებლო პროექტებს, რომლებიც პარკინგების ადგილების მოწყობას, ბინების რაოდენობის პროპორციულად, არ ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

„მაპოვნინე აბა სხვა ადგილი“ – მძღოლი, რომელმაც მანქანა ზებრაზე გააჩერა

რატომ არ ისმის უსახლკაროების ხმა მედიაში – დისკუსია

14 დეკემბერს ბათუმელ უსახლკაროებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უმასპინძლებს. შეხვედრის ორგანიზატორი კი „ბათუმელების“ რედაქციაა.

ბოლო რამდენიმე თვეა ბათუმში ყოველ ხუთშაბათს, 15:00 საათზე, უსახლკაროები რეგულარულად მართავენ საპროტესტო აქციებს – ისინი ან ბათუმის მერიასთან იკრიბებიან, ან აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ცდილობენ გავლენიანი ჯგუფების ყურადღება მიიქციონ.

რატომ არ უნდა ვიყოთ გულგრილი, როდესაც გარშემო ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი. ბევრი მათგანი იძულებულია იცხოვროს ღირსების შემლახავ გარემოში, ზოგს კი სულაც ქუჩაში უხდება ცხოვრება. რა უნდა გააკეთოს მედიამ, მთავრობამ თუ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ქვეყანაში არსებული ამ უდიდესი გამოწვევის დასაძლევად. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ღირსეული საცხოვრისის უფლება ხომ კონსტიტუციით არის გარანტირებული.

შეხვედრაზე უსახლკაროებთან ერთად მიწვეულნი არიან როგორც მთავრობის, ისე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციის წესი“ გასული წლის 31 ოქტომბერს დაამტკიცეს.

შეხვედრა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ დისკუსიათა ციკლის: „მედიის თავისუფლება – გზა ევროინტეგრაციისკენ“ ფარგლებში იმართება.

დასწრება თავისუფალია.

____

შეხვედრის ადგილი: ბათუმი, 26 მაისის ქუჩა 31; ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

დღე: 14 დეკემბერი, ხუთშაბათი

დრო: 15:30 საათი

რას გააკეთებენ მართლწესრიგის ოფიცრები, რომლებმაც ბათუმში მუშაობა დაიწყეს

დღეს, 13 დეკემბერს, ბათუმში მართლწესრიგის 20-მა ოფიცერმა დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც მართლწესრიგის ოფიცერმა უნდა იმუშაოს, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები არიან.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან.
„მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში არაერთი მიმართულება შედის და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირებას.
მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ინფორმაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და პირველადი დამუშავება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება, შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 13 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე მოქმედებს თბილისსა და რუსთავში.
შსს-ს ინფორმაციით, მართლწესრიგის ოფიცრები კონკურსის წესით შეარჩიეს. რის შემდეგაც კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
მართლწესრიგის ოფიცრებს მუშაობის დაწყება ბათუმში შს მინისტრმა მიულოცა
მართლწესრიგის ოფიცრები ბათუმში – შსს-ს ფოტო

„არაფერი არ შეცვლილა“, – ზესტაფონელი ქალი მესამე დღეა შიმშილობს

მესამე დღეა, რაც ფატიმა ხიჯაკაძე ზესტაფონის მერიასთან შიმშილობს.

ქალი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობამ საფრთხე შეუქმნა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს.

„[ღამით] მერიის შენობაში ვიყავი და მეძინა. დღეს არ ვიცი გამაჩერებენ თუ არა.

არაფერი არ შეცვლილა. მე მგონი, დღეს საგზაო დეპარტამენტი ჩამოდის, ვისთანაც მაქვს დავა და შემახვედრებენ.

მერმა გააჟღერა, რომ ჩამოდიან. ჩაერია მუნიციპალიტეტი, დაურეკეს იმათ და რა ვიცი. ჯერჯერობით ვუძლებ და საღამოს როგორ ვიქნები, არ ვიცი“, – გვეუბნება ფატიმა ხიჯაკიძე.

ქალის თქმით, მეზობლები, რომლებიც მის მდგომარეობაში არიან, არ უერთდებიან, რადგან „ჩაქნეული აქვთ ხელი. აღარ აქვთ იმედი“.

ფატიმა ხიჯაკაძის მოთხოვნა უცვლელია. ის კომპენსაციას ითხოვს სახლის დაზიანებისთვის და დარწმუნებულია, რომ მისი და მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ავარიულობა ზესტაფონის ავტობანზე მიმდინარე მშენებლობებმა გამოიწვია.

„ექსპერტი წერს, რომ ჩემს სახლს მძიმე დაზიანება აქვს და არარენტაბელურია მისი გამაგრება, სახლის მოცულობიდან გამომდინარეო. წერს, რომ სამშენებლო სამუშაოებისგან დაზიანდა, მაგრამ გვირაბის მშენებლობას არ დაუზიანებიაო“, – ამბობს ფატიმა ხიჯაკაძე.

ქალი ამბობს, რომ თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობს, ჯერ სასწრაფო დახმარება მასთან არ ყოფილა.

___

ამავე თემაზე:

„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

 

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის.

გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც ასევე საყურადღებოა ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის; „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ სათანადო მკურნალობით, სავსებით შესაძლებელია ორსულობამ ჩაიაროს გართულებების გარეშე და გაჩნდეს ჯანმრთელი ბავშვი.

ექიმის განმარტებით, ორსულობასთან კავშირში ორი ტიპის დიაბეტი არსებობს – გესტაციური, რომელიც პირველად გამოვლინდა ორსულობისას; და პრეგესტაციური – როცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაგნოსტირებული იყო ორსულობამდე.

პრეგესტაციური დიაბეტი და ორსულობა

თეონა გოგიტიძე, ენდოკრინოლოგი

„ნაყოფთან დაკავშირებული რისკები, როგორც პრეგესტაციური, ისე გესტაციური დიაბეტის დროს ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ზოგადად, მაღალი შაქრისა და არაკონტროლირებადი ნახშირწყლოვანი ცვლის რისკები ორსულობის დროს მოიცავს არტერიული წნევის მატებას (ჰიპერტენზია), ნაყოფის წონაში ზრდასა და ნაადრევ მომწიფებას (მაკროსომია).

არის კიდევ ნაყოფის მხრების დისტოცია (ჩაჭედვა), რომელიც შეიძლება განვითარდეს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში, მშობიარობის დროს, თუ იქამდე პაციენტს ჰქონდა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა; შეიძლება იყოს პერინატალური სიკვდილიანობა, შეიძლება იყოს ნაყოფის სხვა დარღვევები, მაგალითად, კარდიომიოპათია; შეიძლება იყოს ახალშობილის შაქრის ვარდნა – ნეონატალურ ჰიპოგლიკემიას ვეძახით ამას, შეიძლება იყოს ორსულობის დროს ჭარბწყლიანობა და სხვა“, – განმარტავს თეონა გოგიტიძე.

ექიმი ამბობს, რომ თანდაყოლილი ანომალიებისა და სპონტანური აბორტების პრევენციისთვის საჭიროა ორსულობისთვის მომზადება, რაც გულისხმობს მეტაბოლური წონასწორობის მიღწევას ჩასახვამდე და ორსულობის ზუსტ დაგეგმვას. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში ორსულობისთვის მზადება დაიწყოს ჩასახვამდე 3-6 თვით ადრე.

„თუ პაციენტს ორსულობამდე აქვს დიაგნოსტირებული ტიპი ორი დიაბეტი, მას უკვე დანიშნული აქვს ანტიდიაბეტური საშუალებები, ან იმყოფება მხოლოდ დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე და დიეტის საშუალებით არეგულირებს შაქარს;

როგორც კი ორსულობა დასტურდება, პაციენტი გადადის ინსულინოთერაპიაზე. მას უნდა მიეცეს როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი, რა თქმა უნდა, შაქრის კონტროლის ქვეშ. შეიძლება საკმარისი დარჩეს მოკლე ხანგრძლივობის ინსულინის ინიექციები. მთავარია, პაციენტს ჰქონდეს ნორმალური შაქრის დონე, საერთო ჯამში 80-დან 120 მგ/დლ-ის ფარგლებში, როგორც ჭამამდე, ისე ჭამიდან ორი საათის შემდეგ“, – ამბობს თეონა გოგიტიძე. 

ორსულობისას საჭიროა შაქრის მკაცრი კონტროლი, რადგან ყოველი შაქრის მომატება დედის სისხლში, რა თქმა უნდა, გადის პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს გართულებებს – ენდოკრინოლოგი.

გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულებს მეთვალყურეობს მეან-გინეკოლოგთა, ენდოკრინოლოგთა და ოფთალმოლოგთა გუნდი.

 გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს პირველად განვითარებული ან დიაგნოსტირებული, გლუკოზის ტოლერანტობის (ჰიპერგლიკემიის) ნებისმიერი ხარისხის დარღვევა.

„საქმე ის არის, რომ ყველა ორსული 20 კვირის ვადის შემდეგ ხდება  მიდრეკილი ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისკენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სადღაც 24-დან 28 კვრის ფარგლებში პლაცენტა გამოყოფს დიაბეტოგენურ ჰორმონებს, რაც იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას ყველა ორსულში. ამიტომ 26 კვირის ვადაზე გათვალისწინებულია გესტაციური დიაბეტის სკრინინგი“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.

გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი; სხეულის მასის ინდექსი>30კგ/მ2; სიმსუქნე ბავშვობაში; ორსულის ასაკი>35; ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა; პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი; გლუკოკორტიკოიდების გამოყენება; ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.

გესტაციური დიაბეტის დროსაც, მკურნალობა მიზნად ისახავს სისხლში გლუკოზის (სისხლში შაქრის) ნორმალური დონის  შენარჩუნებას. ეს მოიცავს კვების სპეციალურ გეგმას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას; ასევე შესაძლოა მოიცავდეს სისხლში შაქრის რეგულარულ შემოწმებასა და ინსულინოთერაპიას.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: გესტაციური დიაბეტის დროს მაკროსომიის პრევენცია მხოლოდ დიეტოთერაპიით შეუძლებელია; რეკომენდებულია ზომიერი დატვირთვის ვარჯიშები, სამედიცინო ან სამეანო უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში.

პრედიაბეტი

„გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ არიან პრედიაბეტის მქონე პაციენტები. მოსულ პაციენტს შეიძლება უბრალოდ ჰქონდეს სხეულის მასის ინდექსი 25-დან 30-მდე, რაც უკვე არის ჭარბი წონა, ეს შეიძლება იყოს გაცხიმოვნება და ამ შემთხვევაშიც, ის იმყოფება გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, ამიტომ თავიდანვე ვიწყებთ კვლევას. იგივე ეხება პაციენტს, რომელსაც დაორსულებამდე ჰქონდა ჭარბი წონა, რომელიც მისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას და არ ჰქონია არანაირი კვლევა ჩატარებული, თუმცა მასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არის პრედიაბეტური მდგომარეობა.

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გლუკოზისადმი ტოლერანტობა და სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა იმდენად, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი.

პრედიაბეტის და ჭარბი წონის დროს, როცა იგეგმება ორსულობა, ბუნებრივია უმჯობესია ორსულობა დადგეს ინსულინო რეზისტენტობის მოწესრიგების შემდეგ, ასევე შეძლებისდაგვარად მოხდეს წონის კორექცია“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.

თუმცა ხდება ისეც, რომ ორსულობა დგება პრედიაბეტის ფონზე. „ასეთ დროს, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან პირველ ვიზიტზე, ვაფასებთ რისკფაქტორებს: ხომ არ არის სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტი, აქვს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ ხომ არ აქვთ მის პირველი რიგის ნათესავებს დიაბეტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაზომვით ვამოწმებთ მომატებულია თუ არა ინსულინის დონე სისხლში და ვცდილობთ, ასეთი პაციენტი თავიდანვე იყოს შესაბამის კვებაზე, რაც ნიშნავს, რომ მის საკვებ რაციონში შეზღუდულია მარტივი ნახშირწყლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრის მომატება.

მარტივი რაფინირებული ნახშირწყლები ეს არის ჩვეულებრივი შაქარი, თაფლი, გაზირებული ტკბილი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა ძალიან ტკბილი პროდუქტები. ასევე არ არის რეკომენდებული ძალიან ტკბილი ხილი, როგორიცაა ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ხურმა და სხვა.

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობისთვის დიაბეტი მშობიარობის შემდეგ მალევე ქრება, თუმცა რიგ შემთხვევებში ის შეიძლება დარჩეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წერს, რომ მაშინაც კი, თუ დიაბეტი გაქრება ბავშვის დაბადების შემდეგ, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების ნახევარს მაღალი რისკი აქვს, რომ მოგვიანებით განუვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალმა, რომელსაც აქვს გესტაციური დიაბეტი, განაგრძოს ვარჯიში და იკვებოს ჯანსაღად ორსულობის შემდეგაც.

გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირიდან მე-12 კვირამდე გესტაციური დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ტესტირება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრის მიზნით. თუ მშობიარობის შემდეგ ჩატარებული სკრინინგული ტესტების შედეგები ნორმალურია, რეკომენდებულია რეტესტირების ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ.

დოკუმენტების გაყალბებაზე კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე მხილებულია ოთხი პირი, რომელთაგანაც ორი დაკავებულია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი თოთხმეტი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514 641 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 13 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 341 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +850]
  • ტანკი – 5 682 ერთეული [+18]
  • ჯავშანტექნიკა – 10 594 ერთეული [+15]
  • საარტილერიო სისტემა – 8 076 ერთეული [+3]
  • MLRS – 919 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 605 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 324 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 324 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 6 173 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 596 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 22 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 10 662 ერთეული [+12]
  • სპეცტექნიკა – 1 176 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 550 თვითმფრინავი
  • 257 ვერტმფრენი
  • 9 661 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 442 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 14 026 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 188 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 7 322 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 16 263 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook 

რა სამუშაოები ეკრძალება 18 წლამდე მეზღვაურს გემზე – მთავრობამ ჩამონათვალი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობების/სამუშაოების ჩამონათვალი“ დაამტკიცა.

ახალი დადგენილებით გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
  • „ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;
  • საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
  • ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
  • ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
  • გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
  • არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
  • ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
  • ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
  • პოტენციურად მავნე  ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
  • კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
  • გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.“

18 წლამდე მეზღვაურისთვის გემზე აკრძალული სამუშაოების ჩამონათვალი მთავრობამ 2023 წლის 11 დეკემბერს დაამტკიცა და ის 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევა ძალაში.

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია ასევე, რომ ეს ჩამონათვალი დამტკიცებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება კანონს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, ის საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის მაისში მიიღო. ეს კანონიც სრულად 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

  • აღნიშნული კანონი „განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ, კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს;
  • აგრეთვე საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს.“

ამავე კანონში აღნიშნულია, რომ „მეზღვაურთა დასაქმებასა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“:

  • II თავი – „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“;
  • IX თავი – „შრომის პირობების დაცვა“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  • XI თავი – „გაერთიანების თავისუფლება“;
  • XII თავი – „კოლექტიური ხელშეკრულება“ იმ პირობით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არც ერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.“

გია ჭყონიამ 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო ტენდერებიდან – მან მთავრობას ჩარტერი დაუფინანსა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ახალი კვლევის მიხედვით, ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 335-მილიონიანი შემოსავალი მიიღო. გია ჭყონია მათ შორის არის, ვინც გასულ წელს აჭარის მთავრობას კუნძულ მალიორკაზე ვიზიტი დაუფინანსა.

გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. ის ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან სამი: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში შემოსავლის სახით მიიღო 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს.

ბათუმელი ბიზნესმენები მალიორკაზე – ბიზნესმენი გიორგი ჭყონია (მარჯვნიდან პირველი) აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან და ბიზნესმენებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ვიზიტი, რომელშიც უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სწორედ ბათუმში მოქმედმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.
  • შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან

კვლევის მიხედვით, შპს „გზამ“ 30 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 9 589 953 ლარი და მოგებული 95 ტენდერიდან 325 765 401 ლარი. ამ შემოსავლების 67% უკონკურენტოდ ან კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

შპს „ბათუმი ცენტრალმა“ [ყოფილი შპს „GEORGIA INN”] 10 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან მიიღო 17 430 ლარი შემოსავალი.

შპს „შატო კვირიკემ” (ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”) 220 286 ლარი მიიღო 36 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებიდან და 45 649 ლარი 2 მოგებული ტენდერიდან, საიდანაც 1 ტენდერი მოიგო უკონკურენტოდ და 1 – კონკურენტის დისკვალიფიკაციის შედეგად.

  • გადაცემული ქონება და მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან“

შპს „შატო კვირიკეს“ [ყოფილი შპს „აგროტექსერვისი ქობულეთი”], რომლის 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვირიკეს მიმდებარედ, 26 870 კვ.მ მიწის ნაკვეთი [სახელმწიფო ტყის ფონდი], 2020 წლის 17 იანვარს, სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა.

შპს „ნექსთ ქოლექშენმა“ [ყოფილი შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“, შპს „თაუერ ჯგუფი გრინ რეზიდენსი“], რომლის 50% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, ქალაქ ბათუმში, დასახლება მწვანე კონცხზე, 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 დანგრეული შენობა-ნაგებობა 2017 წლის 6 ოქტომბერს იყიდა სახელმწიფოსგან (ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან გაფორმებული პირობიანი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე).

ბანკმა „ქართუმ“ 2020 წლის 4 მარტს უძრავი ქონების ურთიერთგაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოსგან მიიღო მცხეთაში მდებარე 34 492 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც 2021 წლის 7 მაისს მიყიდა გიორგი ჭყონიას, მან აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 11 ივლისს საკუთრებაში არსებულ და მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შპს „შალე კვირიკემ“, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი გიორგი ჭყონიაა, 5 მილიონი ლარის თანადაფინანსება მიიღო „აწარმოე საქართველოდან“. რამდენიმე წლის წინ სწორედ „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსებით გაიხსნა „შატო კვირიკეს” კომპლექსი, რომელიც ასევე გიორგი ჭყონიას საკუთრებაა.

სსიპ „აწარმოე საქართველოს” ჩვენ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია რომ მოეწოდებინა, რომელიც მათ მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ პროექტებს ეხებოდა, შესაძლებელია გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებული კომპანიების სხვა საბიუჯეტო დაფინანსებების შესახებაც მიგვეღო ცნობები.

საყურადღებოა, ის ფაქტი, რომ გიორგი ჭყონიას ბიზნესპარტნიორია „ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი, ალა კახნიაური. მათ ერთობლივად შექმნეს კომპანიები – შპს „კრიპტომ ჰოუმი“ და შპს „კრიპტო ჰოუმ მენეჯმენტი“.

  • მბრუნავი კარი – ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი გიორგი ჭყონიას კომპანიაში

კვლევის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, რომელსაც უფლებამოსილება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე  ბრალის წარდგენის გამო შეუწყდა, სასჯელის მოხდიდან დღემდე შპს „თაუერ ჯორჯიას” დირექტორია.

ამ კომპანიის 100% წილს ფლობს შპს „ბათუმი ცენტრალი“, ხოლო, თავის მხრივ, შპს „ბათუმი ცენტრალის“ 45% წილს გიორგი ჭყონია ფლობს, 55% წილს კი – შპს „გზა“.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „გზას“ 100% წილის მფლობელი თავად გიორგი ჭყონიაა.

თენგიზ პეტრიძე ვიცე-მერად დანიშვნამდე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის დროს თითქმის მუდმივად იყო სატენდერო კომისიის წევრი, რა დროსაც გიორგი ჭყონიას კუთვნილმა კომპანიამ, შპს „გზამ“ მოიგო 15 576 976 ლარის ტენდერი.

თითოეულ ტენდერში ამ კომპანიის გამარჯვებას თავისი ხელმოწერით ადასტურებს თენგიზ პეტრიძე, როგორც სატენდერო კომისიის წევრი. ეს ყველაფერი ე.წ. „მბრუნავი კარის“ ნათელი მაგალითია.

  • უნებართვო მშენებლობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე

გიორგი ჭყონიამ ლუკა ასათიანის #21-ში, ბათუმის მერიის შენობიდან 100 მეტრის მოშორებით, კუთვნილ საცხოვრებელ ფართობს ახალი სართული იმგვარად დააშენა, რომ კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან არ აუღია [შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაშია. შესაბამისად, ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ფასადს ეხება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა სჭირდება].

რენდერი

„ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობა უნებართვოდ მიიჩნია, მშენებელი დააჯარიმა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დემონტაჟი) მოსთხოვა.

ამის მიუხედავად, ბიზნესმენმა გააგრძელა სამშენებლო სამუშაოები, ინსპექციის ჯარიმა და მითითება კი სასამართლოში გაასაჩივრა. კანონმდებლობის თანახმად, ინსპექციის დადგენილება ძალაში ვერ შევა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

გიორგი ჭყონიას კომპანიების მიერ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული 250 მილიონზე მეტი ლარი, სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში მიღებული 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება, მისი და მისი ბიზნესპარტნიორების მიერ მმართველი პარტიის და მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ გაღებული მილიონზე მეტი ლარი შემოწირულება და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობები, პრივილეგირებული მდგომარეობის და შესაძლო კორუფციული გარიგებების მაჩვენებელია.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გენერალურ პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ჩვენ მიერ მოკვლეული ფაქტები და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია „გამჭვირვალობის“ კვლევაში.

Exit mobile version