სიახლეები

„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა

14.12.2023 • 785
„რედისონ ბლუ ბათუმში“ ახალგაზრდული პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, აჭარის და გურიის რეგიონულ ჰაბებთან პარტნიორობით, ახალგაზრდების განვითარების და მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამების საჯარო განხილვა გაიმართა პროექტის ფარგლებში – „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“.

„რედისონ ბლუ ბათუმში“ საჯარო განხილვის მონაწილეები იყვნენ ახალგაზრდები აჭარა-გურიიდან, მათ შორის ახალგაზრდული საბჭოების, ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ღონისძიების მონაწილეებს შეხვედრაზე გააცნეს სახელმწიფოს 2023-2026 წლების ახალგაზრდული სტრატეგია და მის ფარგლებში გაწერილი სამოქმედო გეგმა, აქტივობები. მონაწილეებმა ჯგუფურად იმუშავეს სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიით გათვალისწინებულ 5 მიზანზე:

  • ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობაზე;
  • ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაძლიერებაზე;
  • ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებაზე;
  • ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობაზე საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ამ მიზნების მისაღწევად საკუთარ იდეებზე ისაუბრეს.

მელი ცეცხლაძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მომავალში გეგმავს ჩაერთოს მოხალისეობრივ საქმიანობაში და ფიქრობს, რომ ახალგაზრდების შეხვედრებს, ერთად დაგეგმილ აქტივობებს სამომავლოდ მეტი შედეგი ექნება, ვიდრე ცალკე მოქმედებას.

„მომავალი ექიმი ვარ და ჩემთვის პრიორიტეტი ჯანდაცვის საკითხებია. ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენი ქვეყნის კარგი მომავლის და თავისუფლების გარანტიაა. ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, შეხვედრები, სადაც გასწავლიან, როგორ გააზიარო იდეა, დაიწყო მისი რეალურ ცხოვრებაში განხორციელება და იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში“, – ამბობს მელი.

მელი ცეცხლაძე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი

ბათუმის მეორე საჯარო სკოლის უფროსკლასელი ლანა ბერიძეც ამ შეხვედრის მონაწილეა. ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას ესწრება და გაიცნო თანატოლები, ვისთან ერთადაც ბევრს საუბრობს ქალაქის საჭიროებებზე, მისი მსგავსი ახალგაზრდებისთვის საინტერესო სამომავლო გეგმებზე.

„ამ ცენტრში მივხვდი პირველად, რომ ახალგაზრდებს ბევრი საერთო მიზანი და იდეა გვაქვს, რომ ამ იდეებს შეგვიძლია თავად შევასხათ ხორცი და ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ, ვისაუბროთ და რეალური იდეები შევარჩიოთ, რაც მართლა მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს გარშემო გარემოს გასაუმჯობესებლად“, – ამბობს ლანა.

ლანა ბერიძე. ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე

ილია ნაცვალაძე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორია. მისი თქმით, რეგიონული ჰაბები დაინტერესებულ ჯგუფებს აძლევენ შესაძლებლობას ჩაერთონ ღია სამოქალაქო საზოგადოებაში, მიმდინარე პროცესებში და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარებაში შეიტანონ საკუთარი წვლილი.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, მოხალისეობრივი ინიციატივების საგრანტო კონკურსებსა და მოხალისეობის რეგიონულ ფორუმებში ყველა ახალგაზრდას შეუძლია ჩართვა. ილია ნაცვალაძეს მიაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა.

„ჩვენ საინტერესო დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელსაც ჰქვია „მოხალისეობის შედარებითი ანალიზი საქართველოსა და ევროპის ორი ქვეყნებს მაგალითზე, დოკუმენტის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ინტერესებიცაა გათვალისწინებულია. საგრანტო კონკურსებიც მოხალისეობრივ ინიციატივებს უკავშირდება. 2023 წელს მაგალითად დავაფინანსეთ 10 საპროექტო განაცხადი, ხოლო 2024 წელს იგეგმება 20 მოხალისეობრივი ინიციატივის დაფინანსება.

ყველა დაინტერესებულ  ჯგუფს შესაძლებლობა აქვს მიიღო კონკურსში მონაწილეობა და განახორციელონ იდეები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების განვითარებასა და თემის კეთილდღეობას“, – ამბობს განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი.

ილია ნაცვალაძე განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის მოხალისეობრივი სამუშაოების კოორდინატორი

რედისონ ბლუ ბათუმში ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

ჰაბი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: