მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები 

14.12.2023 •
რა შეიძლება იყოს ძარღვის გახშირებული „განასკვის“ მიზეზები – ექიმის რჩევები 

რატომ ვითარდება კუნთის სპაზმი, რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი და რა რეკომენდაციები არსებობს ამ ეპიზოდის შესამსუბუქებლად? – ამაზე „ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა საუბრობს.

MayoClinic: კუნთების სპაზმი ჩვეულებრივ, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება. მასში შეიძლება ჩართული იყოს კუნთის ნაწილი, მთლიანი კუნთი ან კუნთების ჯგუფიდან რამდენიმე კუნთი. კუნთების სპაზმი ძირითადად ფეხის კუნთებში ვითარდება, ყველაზე ხშირად წვივის კუნთში, თუმცა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში.

  • რა შეიძლება იყოს კუნთების დაჭიმვის მიზეზები? 

კუნთების დაჭიმვა შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს შეიძლება განვითარდეს ნორმალური მდგომარეობის დროს, უბრალოდ ფიზიკური გადატვირთვის ფონზე ან გამოვლინდეს, როგორც ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობის სიმპტომი. რთული სათქმელია, როდის რა შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ როცა ეს პრობლემა რეგულარულია და არის მწვავედ გამოხატული, უმჯობესია მივმართოთ ექიმს.

მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი ფეხის კუნთების სპაზმისა შეიძლება გახდეს ორგანიზმში ისეთი ძირითადი მინერალების ნაკლებობა, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი. ამ სამი ელემენტიდან ყველაზე ხშირად არის მაგნიუმის ნაკლებობა ამ პრობლემის დროს. 

კუნთები შეიძლება დაიჭიმოს კუნთების ძლიერი მუშაობის ან დაძაბვის შედეგად, სხეულიდან სითხის კარგვის (მაგალითად, ოფლის გამოყოფის გზით) გამო.

MayoCLinic: გარდა ამისა, მედიკამენტებმა, რომლებიც ხშირად ინიშნება მაღალი არტერიული წნევისთვის, შეიძლება გამოიწვიოს შარდვის გაძლიერება, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ორგანიზმი გამოფიტოს ამ მინერალებისგან.

კუნთები შეიძლება დაიჭიმოს ფიზიკური დატვირთვის შედეგად; ან უბრალოდ ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერების შედეგად.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია ორსულებთან, თუმცა ამას პათოლოგიას ვერ დავარქმევთ, რადგან ეს არის უბრალოდ [ფიზიკური] გადატვირთვა ორსულობის ფონზე და გადადის ორსულობის შემდეგ.

ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი პრობლემები, მაგალითად, გულის უკმარისობა და ქვემო კიდურების ვენების სისხლის მიმოქცევის პრობლემა ანუ ვენების გაფართოება.

იშვიათ შემთხვევებში კუნთების ხშირი დაჭიმვა შეიძლება ნევროლოგიური პრობლემების ნიშანიც იყოს [ასეთ დროს გამოხატულია სხვა სიმპტომებიც: ტკივილი, კუნთების სისუსტე ან კოორდინაციის დარღვევა].

MayoClinic: კიდევ ერთი მიზეზია ნერვის კომპრესია. ხერხემლის ნერვებზე ზეწოლამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი/სპაზმური ტკივილი ფეხებში. ტკივილი ჩვეულებრივ ძლიერდება სიარულისას. ასეთ დროს ოდნავ წინ დახრილმა სიარულმა, მაგალითად, როცა საყიდლების ეტლს აწვებით წინ, შეიძლება შეამსუბუქოს სპაზმი.

  • რა კავშირია სისხლძარღვოვან პრობლემასა და კუნთების დაჭიმვას შორის?

როცა არის ქვემო კიდურების ვენების მიმოქცევის პრობლემა ან ვენების გაფართოება, ვენური სისტემა გადატვირთულია სისხლით; სისხლის მოცულობა, რომელიც რჩება კიდურებში, მეტია, ვიდრე უნდა იყოს, რაც შემდგომ უკვე იწვევს ნევროლოგიურ პასუხს და ამის ფონზე ისპაზმება კუნთი, რადგანაც ქსოვილები გადატვირთულია ვენური სისხლით. 

გულის უკმარისობას რაც შეეხება, როცა ჩვენი მთავარი ტუმბო ვერ ქაჩავს, ვერ ამოძრავებს სისხლს ქსოვილებს შორის, აქაც იგივე მექანიზმია, ქსოვილებში რჩება სისხლის გარკვეული რაოდენობა და შემდეგ დატვირთვის დროს კუნთი ისპაზმება. 

ზოგიერთ შემთხვევაში, ძლიერი სპაზმის შემსუბუქების შემდეგ ადგილი შეიძლება მტკივნეული დარჩეს რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში.

უნდა ვახსენოთ, რომ სისხლძარღვოვანი პრობლემების დროს, პაციენტს აღენიშნება სხვა ჩივილებიც (თუმცა არ არის აუცილებელი) – ეს არის შეშუპება, სიმძიმე ფეხებში (გამოხატულია ძირითადად დღის მეორე ნახევარში, საღამოს);

ასეთ დროს კუნთების სპაზმი უმეტესად ვითარდება საღამოს ან ღამით, მოსვენებულ მდგომარეობაში.

  • ანგეოლოგიურ პრობლემაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს უშუალოდ ქვემო კიდურების გახშირებული დასპაზმვა, თუ ეს სხვა კუნთებსაც ეხება?

რაც შეეხება სავარაუდო ანგეოლოგიურ პრობლემას – ეს უფრო ქვემო კიდურების კუნთების სპაზმს ეხება. ზედა კიდურების ან სხვა კუნთების დასპაზმვა ნაკლებად შეიძლება იყოს სისხლძარღვების ბრალი. სხვა კუნთების სპაზმი უფრო გამოწვეული იქნება იმ სხვა მიზეზებით, რაც ჩამოვთვალეთ – ელემენტების ნაკლებობა, კუნთის გადატვირთვა, სითხის ნაკლებობა. თუ ქვემო კიდურებზე გვაქვს ლაპარაკი, მაშინ შესაძლოა ანგეოლოგიურ სიმპტომად მივიჩნიოთ.

  • კუნთების სპაზმის რა სიხშირე შეიძლება მივიჩნიოთ პრობლემურად?

თუ ახალგაზრდაა ადამიანი და პერიოდულად, რაღაც დატვირთვების შედეგად უჩნდება ეს სპაზმები, თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ – ამას შეგვიძლია დავარქვათ ფიზიოლოგიური. მაგრამ თუ ეს არის ხშირი – კვირაში რამდენჯერმე, ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში, ფიზიკური დატვირთვის გარეშეც, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გამოსაკვლევია პაციენტი.

ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზის დადგენა ძნელია. პაციენტს შეიძლება დასჭირდება რამდენიმე ვიწრო სპეციალისტის კონსულტაცია – პირველ რიგში, მან უნდა მიმართოს ანგიოლოგს, შემდეგ ნევროლოგს, შემდეგ კარდიოლოგს და ა.შ. 

MayoClinic: კუნთების სპაზმი ჩვეულებრივ თავისთავად ქრება და სამედიცინო დახმარება საჭირო არ არის. თუმცა მიმართეთ ექიმს, თუ კუნთების სპაზმი იწვევს: სერიოზულ დისკომფორტს; გაქვთ ფეხის შეშუპება, სიწითლე ან ცვლილებები კანზე; ახლავს კუნთების სისუსტე; ხდება ხშირად; არ უმჯობესდება თვითმკურნალობით.

  •  ფეხის კუნთის დაჭიმვა ხშირად ვითარდება ცურვის დროს, ამის მიზეზი მხოლოდ კუნთის დატვირთვაა?

აქ ორი მომენტია, ერთი – ფიზიკური დატვირთვა და მეორე – ცივი წყალი. ცურვის დროს როცა დატვირთულია კუნთები ფიზიკურად და თან გვაქვს ცივი წყლის ფაქტორი, წვრილი სისხლძარღვები ისპაზმება და მათთან ერთად ისპაზმება კუნთიც.

ფეხის კუნთის სპაზმი ძირითადად ვითარდება ცივ წყალში, უფრო მდინარეში, თუმცა ზღვაშიც ხდება. 

MayoClinic: გამოიყენეთ თბილი პირსახოცი ან სხვა სახის თბილი კომპრესი დაძაბულ ან დაჭიმულ კუნთებზე. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ თბილი აბაზანის მიღება ან ცხელი შხაპის ნაკადი დაჭიმულ კუნთზე. მტკივნეული კუნთის ყინულით დაზელამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: