მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

13.12.2023 •
ორსულობა და დიაბეტი – ჯანსაღი კვებისა და ფიზიკურ აქტივობის როლი რისკების შემცირებაში

მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონი ადამიანია დიაბეტით დაავადებული. ცხადია, მათ რიცხვში ორსულობის მსურველებიც/მომავალი ორსულებიც არიან. ორსულობის დროს კი უმართავი შაქრიანი დიაბეტი გარკვეულ რისკებთან ასოცირდება როგორც ორსულისთვის, ისე მისი განვითარებადი ნაყოფისთვის.

გარდა ამისა, ორსულობის დაგეგმვამდე საყურადღებოა ისეთი რისკფაქტორები, როგორიცაა ჭარბი წონა და პრედიაბეტი, რაც ზრდის რისკებს,  განვითარდეს გესტაციური დიაბეტი ანუ დროებითი, უშუალოდ ორსულობის პერიოდში მიმდინარე დიაბეტი, რაც ასევე საყურადღებოა ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის; „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ენდოკრინოლოგი თეონა გოგიტიძე ამბობს, რომ სათანადო მკურნალობით, სავსებით შესაძლებელია ორსულობამ ჩაიაროს გართულებების გარეშე და გაჩნდეს ჯანმრთელი ბავშვი.

ექიმის განმარტებით, ორსულობასთან კავშირში ორი ტიპის დიაბეტი არსებობს – გესტაციური, რომელიც პირველად გამოვლინდა ორსულობისას; და პრეგესტაციური – როცა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ტიპი 2 დიაგნოსტირებული იყო ორსულობამდე.

პრეგესტაციური დიაბეტი და ორსულობა

თეონა გოგიტიძე, ენდოკრინოლოგი

„ნაყოფთან დაკავშირებული რისკები, როგორც პრეგესტაციური, ისე გესტაციური დიაბეტის დროს ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ზოგადად, მაღალი შაქრისა და არაკონტროლირებადი ნახშირწყლოვანი ცვლის რისკები ორსულობის დროს მოიცავს არტერიული წნევის მატებას (ჰიპერტენზია), ნაყოფის წონაში ზრდასა და ნაადრევ მომწიფებას (მაკროსომია).

არის კიდევ ნაყოფის მხრების დისტოცია (ჩაჭედვა), რომელიც შეიძლება განვითარდეს ორსულობის მოგვიანებით პერიოდში, მშობიარობის დროს, თუ იქამდე პაციენტს ჰქონდა ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა; შეიძლება იყოს პერინატალური სიკვდილიანობა, შეიძლება იყოს ნაყოფის სხვა დარღვევები, მაგალითად, კარდიომიოპათია; შეიძლება იყოს ახალშობილის შაქრის ვარდნა – ნეონატალურ ჰიპოგლიკემიას ვეძახით ამას, შეიძლება იყოს ორსულობის დროს ჭარბწყლიანობა და სხვა“, – განმარტავს თეონა გოგიტიძე.

ექიმი ამბობს, რომ თანდაყოლილი ანომალიებისა და სპონტანური აბორტების პრევენციისთვის საჭიროა ორსულობისთვის მომზადება, რაც გულისხმობს მეტაბოლური წონასწორობის მიღწევას ჩასახვამდე და ორსულობის ზუსტ დაგეგმვას. ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებში ორსულობისთვის მზადება დაიწყოს ჩასახვამდე 3-6 თვით ადრე.

„თუ პაციენტს ორსულობამდე აქვს დიაგნოსტირებული ტიპი ორი დიაბეტი, მას უკვე დანიშნული აქვს ანტიდიაბეტური საშუალებები, ან იმყოფება მხოლოდ დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე და დიეტის საშუალებით არეგულირებს შაქარს;

როგორც კი ორსულობა დასტურდება, პაციენტი გადადის ინსულინოთერაპიაზე. მას უნდა მიეცეს როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი, რა თქმა უნდა, შაქრის კონტროლის ქვეშ. შეიძლება საკმარისი დარჩეს მოკლე ხანგრძლივობის ინსულინის ინიექციები. მთავარია, პაციენტს ჰქონდეს ნორმალური შაქრის დონე, საერთო ჯამში 80-დან 120 მგ/დლ-ის ფარგლებში, როგორც ჭამამდე, ისე ჭამიდან ორი საათის შემდეგ“, – ამბობს თეონა გოგიტიძე. 

ორსულობისას საჭიროა შაქრის მკაცრი კონტროლი, რადგან ყოველი შაქრის მომატება დედის სისხლში, რა თქმა უნდა, გადის პლაცენტარულ ბარიერს და იწვევს გართულებებს – ენდოკრინოლოგი.

გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულებს მეთვალყურეობს მეან-გინეკოლოგთა, ენდოკრინოლოგთა და ოფთალმოლოგთა გუნდი.

 გესტაციური დიაბეტი

გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს პირველად განვითარებული ან დიაგნოსტირებული, გლუკოზის ტოლერანტობის (ჰიპერგლიკემიის) ნებისმიერი ხარისხის დარღვევა.

„საქმე ის არის, რომ ყველა ორსული 20 კვირის ვადის შემდეგ ხდება  მიდრეკილი ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევისკენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სადღაც 24-დან 28 კვრის ფარგლებში პლაცენტა გამოყოფს დიაბეტოგენურ ჰორმონებს, რაც იწვევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას ყველა ორსულში. ამიტომ 26 კვირის ვადაზე გათვალისწინებულია გესტაციური დიაბეტის სკრინინგი“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.

გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკფაქტორებია: შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი; სხეულის მასის ინდექსი>30კგ/მ2; სიმსუქნე ბავშვობაში; ორსულის ასაკი>35; ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა; პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი; გლუკოკორტიკოიდების გამოყენება; ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.

გესტაციური დიაბეტის დროსაც, მკურნალობა მიზნად ისახავს სისხლში გლუკოზის (სისხლში შაქრის) ნორმალური დონის  შენარჩუნებას. ეს მოიცავს კვების სპეციალურ გეგმას და რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას; ასევე შესაძლოა მოიცავდეს სისხლში შაქრის რეგულარულ შემოწმებასა და ინსულინოთერაპიას.

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: გესტაციური დიაბეტის დროს მაკროსომიის პრევენცია მხოლოდ დიეტოთერაპიით შეუძლებელია; რეკომენდებულია ზომიერი დატვირთვის ვარჯიშები, სამედიცინო ან სამეანო უკუჩვენების არარსებობის შემთხვევაში.

პრედიაბეტი

„გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ არიან პრედიაბეტის მქონე პაციენტები. მოსულ პაციენტს შეიძლება უბრალოდ ჰქონდეს სხეულის მასის ინდექსი 25-დან 30-მდე, რაც უკვე არის ჭარბი წონა, ეს შეიძლება იყოს გაცხიმოვნება და ამ შემთხვევაშიც, ის იმყოფება გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკის ქვეშ, ამიტომ თავიდანვე ვიწყებთ კვლევას. იგივე ეხება პაციენტს, რომელსაც დაორსულებამდე ჰქონდა ჭარბი წონა, რომელიც მისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას და არ ჰქონია არანაირი კვლევა ჩატარებული, თუმცა მასთან კითხვის ნიშნის ქვეშ არის პრედიაბეტური მდგომარეობა.

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც დარღვეულია გლუკოზისადმი ტოლერანტობა და სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა იმდენად, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი.

პრედიაბეტის და ჭარბი წონის დროს, როცა იგეგმება ორსულობა, ბუნებრივია უმჯობესია ორსულობა დადგეს ინსულინო რეზისტენტობის მოწესრიგების შემდეგ, ასევე შეძლებისდაგვარად მოხდეს წონის კორექცია“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.

თუმცა ხდება ისეც, რომ ორსულობა დგება პრედიაბეტის ფონზე. „ასეთ დროს, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან პირველ ვიზიტზე, ვაფასებთ რისკფაქტორებს: ხომ არ არის სხეულის მასის ინდექსი 25-ზე მეტი, აქვს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა, ანუ ხომ არ აქვთ მის პირველი რიგის ნათესავებს დიაბეტი, გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაზომვით ვამოწმებთ მომატებულია თუ არა ინსულინის დონე სისხლში და ვცდილობთ, ასეთი პაციენტი თავიდანვე იყოს შესაბამის კვებაზე, რაც ნიშნავს, რომ მის საკვებ რაციონში შეზღუდულია მარტივი ნახშირწყლები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრის მომატება.

მარტივი რაფინირებული ნახშირწყლები ეს არის ჩვეულებრივი შაქარი, თაფლი, გაზირებული ტკბილი სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი და სხვა ძალიან ტკბილი პროდუქტები. ასევე არ არის რეკომენდებული ძალიან ტკბილი ხილი, როგორიცაა ბანანი, ყურძენი, ლეღვი, ხურმა და სხვა.

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების უმეტესობისთვის დიაბეტი მშობიარობის შემდეგ მალევე ქრება, თუმცა რიგ შემთხვევებში ის შეიძლება დარჩეს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) წერს, რომ მაშინაც კი, თუ დიაბეტი გაქრება ბავშვის დაბადების შემდეგ, გესტაციური დიაბეტის მქონე ქალების ნახევარს მაღალი რისკი აქვს, რომ მოგვიანებით განუვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქალმა, რომელსაც აქვს გესტაციური დიაბეტი, განაგრძოს ვარჯიში და იკვებოს ჯანსაღად ორსულობის შემდეგაც.

გარდა ამისა, მშობიარობის შემდეგ მე-6 კვირიდან მე-12 კვირამდე გესტაციური დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია ტესტირება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრის მიზნით. თუ მშობიარობის შემდეგ ჩატარებული სკრინინგული ტესტების შედეგები ნორმალურია, რეკომენდებულია რეტესტირების ჩატარება 3 წელიწადში ერთხელ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: