მთავარი,სიახლეები

აქ მცხოვრები სომეხი ქართულად უნდა საუბრობდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა – არტური ბათუმიდან

13.12.2023 •
აქ მცხოვრები სომეხი ქართულად უნდა საუბრობდეს და უყვარდეს თავისი ქვეყანა – არტური ბათუმიდან

„ის, რაც გვაქვს საქართველოში, სომხეთში, კავკასიაში, თითქმის აღარსად აღარაა: ელემენტარული სითბო, ჩვენი ჩახუტება, კაი სალამი,“ – არტურ ოგანესიანს, აჭარაში სომხური დიასპორის პრესმდივანს, ბათუმის ცენტრში, გორგასლის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებს ჯერ კიდევ გადარჩენილ იტალიურ ეზოში შევყავართ.

არტურ ოგანესიანი ამბობს, რომ ამ ეზოში მის ბავშვობაში შვიდი სხვადასხვა ეროვნების 18 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა კი, ეზოს მხოლოდ ქართული და ერთიც სომხური ოჯახი შემორჩა.

„ჩვენ დავრჩით, სულ მაქვს სიამაყის განცდა… ბერძნები საბერძნეთში წავიდნენ, რუსი ქალბატონი გარდაიცვალა, ზოგი რუსეთში წავიდა, ზოგიც – ევროპაში,“ – მეზობლებს იხსენებს არტური და პატარა სახლში შევყავართ. სახლს მაღალი ჭერი აქვს და თეთრად შეღებილი ხის ფანჯრები. ეზოში პატარა ადგილია ჩამოსაჯდომად. ცალკე გამოყოფილ შენობაშია სამზარეულო და სველი წერტილები.

არტურ ოგანესიანი სახლის გამყოფ კედელში დატანებული ფანჯრის წინ ჯდება, მას სომხურ დიასპორაზე ვესაუბრებით: როგორ იცვლება მათი ცხოვრება? რა ფორმას იღებს არმენოფობია საქართველოში?

„მე უფრო მეტად არმენოფობიას ვხედავ სოციალურ ქსელში. სოციალური ქსელი არის იმის მანიშნებელი, რაც ხდება სოციალურ სივრცეში, მაგრამ ქვეყანაში, ურთიერთობებში, ჩემ გარემოცვაში ვერ ვხედავ მაგას… ჩემ ირგვლივ ვურთიერთობ იმ ხალხთან, ვისაც ვუყვარვარ და ანალოგიურად მეც ვცემ პატივს.

გინდ მაწონზე თქვან, გინდა ჩურჩხელაზე, თუნდაც ხუმრობით რუსთაველსა და „ვეფხისტყაოსანზე“ თქვან, ჯანსაღად მოაზროვნე ჩემი ორი ერის წარმომადგენლები ვერასდროს დაუშვებენ ჩვენს ურთიერთობაში ვიღაცის ჩარევას. ეს დაბალი დონის კომენტარებია,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი და დასძენს, ფსევდოკომენტატორების სტატუსებიც ხვდება, სიძულვილის ენას რომ იყენებენ.

არტურ ოგანესიანის დაკვირვებით, არმენოფობიის წინააღმდეგ ყველაზე მეტად ისევ ქართულ ენაზე დაწერილი შეპასუხება მუშაობს. მისი აზრით, გამოსავალი მეტი ინფორმაცია, კრიტიკული აზროვნება და განათლებაა.:

„სოციალურ ქსელში როდესაც გამოდის არმენოფობიური პოსტი, პასუხს როცა გასცემ ქართულ ენაზე, დალაგებულად, ერთი გაბედოს და გააგრძელოს აზრი. როცა პასუხობ რუსულად და სხვანაირად, ის ადამიანი უფრო მეტს იკადრებს.

როდესაც აქ მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქე თავს გამოაჩენს საქართველოს მოქალაქედ, ეს უკვე სხვა მომენტია. მან უნდა აჩვენოს, რომ ქართულად საუბრობს და უყვარს თავისი ქვეყანა, არანაკლებ ქართველი ძმებისა,“ – გვიყვება არტურ ოგანესიანი.

რა არის დღეს მთავარი ფაქტორები, რაც სომხური დიასპორის ინტეგრაციას უშლის ხელს?

„ეს უკავშირდება გარემოცვას: ჩამოყალიბებული აქვს თავისი სივრცე, დასაქმებულია, თავისი შემოსავალი აქვს და მეტი ამბიცია არ აქვს,“ – პაუზის შემდეგ არტურ ოგანესიანი ამატებს, რომ ახალ თაობაში ტენდენცია მკვეთრად შეიცვალა და ბევრი სწავლობს ქართულს, რაც ინტეგრაციის სურვილს აჩვენებს.

„სხვანაირად არ გამოვა. ახალგაზრდებს აქვთ ეს მოტივაცია, რომ იცოდნენ ქართული ენა და ვალდებულიც არიან. პირველ რიგში, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, სომხურს თუ ისწავლიან, კარგია, მაგრამ სომხურის სწავლაც პრობლემაა. ალბათ 20 – 25 ოჯახი თუ იქნება ბათუმში, სადაც სომხურად საუბრობენ.

სომხურ ქორწილებში ვთამადობ ხშირად და მიხარია, როცა ვხედავ, ახალგაზრდები ერთმანეთში ქართულად საუბრობენ, იციან სომხური ადათ-წესები, ამ ფესვებსაც არ წყდებიან…

თუ ყოფით დონეზე რაღაც ხდება, ეგ ორივე მხარის ბრალია, უფრო სწორად, გაუნათლებლობის ბრალია. განათლებული ადამიანი თავს უფლებას არ მისცემს, სხვას შეუარაცხყოფა მიაყენოს. ზოგადად, ფობია ხომ საშინელებაა, რომელი ფობიაც არ უნდა იყოს,“ – კატეგორიულია არტური.

1993 წელს, როცა სომხური დიასპორა დაფუძნდა აჭარის რეგიონში, სომეხი ეროვნების 27 ათასი ადამიანი ცხოვრობდა აჭარაში, დღეს ეს მაჩვენებელი 11 ათასამდეა შემცირებული. ბოლო მონაცემებით, ბათუმში დაახლოებით 8 ათასი სომეხი ცხოვრობს.

არტურ ოგანესიანი ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსულ ენას ასახელებს.

„აჭარის რეგიონში მცხოვრები სომეხი ეროვნების ბავშვები ძირითადად დადიოდნენ რუსულ სკოლებში. მე წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, რადგან ეს ნიშნავს რუსულ განათლებას და, შესაბამისად, რუსულად მოაზროვნე ადამიანს, ის არასდროს არ გამოგვადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.

დღესაც ბათუმში მოქმედი სამივე რუსული სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების 70 % სომეხი ეროვნებისაა. მიმაჩნია, რომ რამდენადაც რთული არ უნდა იყოს, გარდაუვალია მათი ტრანსფორმირება ახალ რეალობაში. მე ამას ვეძახი ბერმუდის სამკუთხედს: ადამიანი ეროვნებით სომეხია, დაბადებულია საქართველოში, სწავლობს და აზროვნებს რუსულად, ის არც სომხად ივარგებს, არც – საქართველოს მოქალაქედ. მე არ მიხარია მისი რუსული აზროვნება. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.

სახელმწიფომ უნდა გაატაროს ენის სწავლების ეფექტური ღონისძიებები. არ მესმის იგივე ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში, ასე ნელა რატომ ინტეგრირდებიან ქართულ სივრცეში. მაგრამ ამ ხალხს სულ იყენებენ წინასაარჩევნოდ, როგორც მასას, რომელიც მხარს დაუჭერს სახელისუფლებო პარტიას.

ჩემი აზრით, იცვლება სიტუაცია: სამცხე-ჯავახეთშიც ახალგაზრდები სხვანაირად აზროვნებენ უკვე, ქართულიც იციან. სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა გააჩინოს სახელმწიფო ენის სწავლების მოტივაცია,“ – ამბობს არტურ ოგანესიანი.

ცოტა რამ ვიცით სომხებმა და ქართველებმა ერთმანეთზეო, საუბრის ბოლოს ამ თემაზეც ვესაუბრეთ სომხური დიასპორის პრესმდივანს, საქართველოს და სომხეთის პერსპექტივებზე.

„ჩემ ბავშვობაში სხვა აზროვნება იყო, საბჭოთა მენტალიტეტი, ვსაუბრობდით ყველა რუსულ ენაზე… ბევრი რამ გამოვიარეთ, ახლა, 2023 წლის მიწურულს, მინდა ჩემი ქვეყნის დანახვა ევროპულ სივრცეში, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი საპატიო ადგილი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მრავალფეროვნების სინთეზი. ხშირად გვემუქრებიან, რომ რაღაცას დავკარგავთ ევროპაში, არაფერს არ დაკარგავ, შენ უნდა აჩვენო შენი სახე, ევროპა მაგალითია, როგორ უნდა იცხოვროს თანამედროვე ქვეყანამ კომპლექსების გარეშე, ზომიერად და ადამიანურად.

იცვლება ბევრი რამ, მეზობლები ვართ, მაგრამ მართლაც ცოტა რამ ვიცით ერთმანეთზე, თანაც, პოლიტიკურად, სამწუხაროდ, სომხეთი მიგდებული იყო რუსეთთან, საქართველო კი, ბოლო წლებია ცდილობს გავიდეს ევროპასთან. ახლა ვერ ვხედავ სუფთა ევროპულ სვლებს, რუსული დინებებია, ეს ძალიან მაწუხებს და მაღელვებს.

სომხეთი კი, ამდენი წლის და ყარაბაღის ომის მოგვარების შემდეგ აკეთებს იმ არჩევანს, რაც მას სჭირდება, მისი ვექტორი უნდა შეიცვალოს. სომხეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ევროპისკენ ტრიალდება და ეს მახარებს.

მე თუ არა, მომავალმა თაობამ მინდა ნახოს მშვიდობით და ურთიერთგაგებით, პატივისცემით სავსე კავკასია: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სამხრეთ კავკასიის განვითარების სივრცე, გვაქვს ამის პოტენციალია, შნო, კულტურა, რამხელა კულტურის ქვეყნებია, რამხელა ტრადიციები?

ბოლო ათწლეულები ხელს გვიშლის იმპერიული რუსეთი. რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ შეგვაფერხოს ამ გზაზე, თუმცა ადამიანი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, გადალახავს ნებისმიერ ბარიერს, მიაღწევს თავის მიზანს,“ – დარწმუნებულია არტურ ოგანესიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: