მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები

19.12.2022 • 3445
რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა ისე, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დროული ჩარევის გარეშე გარეშე პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ რამდენიმე წელიწადში მათ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდებათ, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნება ზოგადად დიაბეტის კლების ტენდენცია, თუმცა 2021 წელს დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტის ტიპი II ახალი შემთხვევების მატება.

  • ბატონო გიზო რას ნიშნავს პრედიაბეტური მდგომარეობა?

პრედიაბეტი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის წინა მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს ჰორმონ ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება, ან გამომუშავდება, მაგრამ ორგანიზმი სათანადოდ ვერ მოიხმარს ამ ჰორმონს.

ამ დროს სისხლში შაქრის, ანუ გლუკოზის დონე მომატებულია.

როგორც წესი, პრედიაბეტი წინ უძღვის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას დაახლოებით 7-10 წლით, შესაბამისად თუ ჩვენ ხელსაყრელ პირობებს არ შევუქმნით პრედიაბეტის შემდეგ განვითარებას, გადავავადებთ ან თავიდან ავიცილებთ დიაბეტის განვითარებას.

_______________

  • ნორმად ითვლება, როცა უზმოზე შაქრის დონე სისხლში არის 60-100 მგ/დლ-მდე; ჭამიდან ორი საათის შემდეგ კი შაქრის დონე სისხლში – 140 გ/დლ-მდე;
  • პრედიაბეტის დროს უზმოზე გაზომილი გლუკოზა სისხლში არის 100-დან 126 მგ/დლ-ის ფარგლებში.  ხოლო გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობის შემთხვევაში, გლუკოზის მაჩვენებელი ჭამიდან ორ საათში არის 140-199 მგ/დლ.
  • ტიპი 2 შაქრიან დიბაეტად ითვლება, თუ უზმოზე შაქრის დონე სისხლში არის 126-ის ზემოთ მმ/დც, ხოლო ჭამიდან ორ საათში 199-ზე მეტი მგ/დც.

_______________

  • ვინ არიან პრედიაბეტის რისკ-ჯგუფში?

დღეს ძალიან გახშირდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ასევე, რა თქმა უნდა, პრედიაბეტი. აღსანიშნავია, რომ ფაქტორები, რაც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზის შანსს, ასევე ზრდის პრედიაბეტის რისკს.

პრედიაბეტის რისკ-ფაქტორია ჭარბი წონა და სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 25-ზე მაღალი. სიმსუქნის დროს ვითარდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, არ ხდება მიღებული ნახშირწყლებისა და ინსულინის კარგი ურთიერთკავშირი, რაც საბოლოო ჯამში სამომავლოდ იწვევს დიაბეტის განვითარებას და ასევე წონის მატებას პრედიაბეტის დროს.

რაც შეეხება სხვა რისკ-ფაქტორებს:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა – პრედიაბეტის რისკი იზრდება, თუ გყავთ მშობელი ან და-ძმა ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზით;
  • არაჯანსაღი კვება – ცომეული, ფასთ-ფუდი, ტკბილეული და შაქრიანი სასმელების მიღება ა.შ.;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი – რაც უფრო ნაკლებად აქტიური ხართ, მით მეტია პრედიაბეტის განვითარების რისკი.
  • რისკ-ფაქტორია ასაკი. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, პრედიაბეტის რისკი იზრდება 35 წლის შემდეგ.
  • ასევე გესტაციური დიაბეტი – მაგალითად როცა ქალს მხოლოდ ორსულობის დროს აქვს დიაბეტი, რისკ-ფაქტორად ითვლება დიაბეტი ტიპი ორისთვის, ასევე ჰიპერტენზია (მაღალი წნევები).

ეს რისკ-ფაქტორები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სამომავლოდ აუცილებლად დაემართება დიაბეტი, თუ ის შეცვლის ცხოვრების უმოძრაო წესს, დაიწყებს ჯანსაღ კვებას და რაციონში  ექნება ნაკლებკალორიული პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად შეიცავენ ნახშირწყლებს.

MayoClinic: თამბაქოს მოხმარებას შეუძლია გაზარდოს ინსულინის წინააღმდეგობა და გაზარდოს ტიპი 2 დიაბეტის რისკი პრედიაბეტის მქონე ადამიანებში. მოწევა ასევე ზრდის დიაბეტის გართულებების რისკს. 

  • პრედიაბეტის დროს ცხოვრების წესის შეცვლის მიუხედავად, რა განაპირობებს დიაბეტის განვითარებას?

თუ პასიური ცხოვრების სტილს შევცვლით აქტიურით, არაჯანსაღ კვებას – ჯანსაღი კვებით, შესაძლებელია, რომ ადამიანმა გადაავადოს, ან თავიდან აიცილოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება.

საქმე ის არის, რომ ცხოვრების წესის შეცვლა არ არის გარანტია, რომ წლების შემდეგ მას არ განუვითარდება შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად, თუ ადამიანი გენეტიკურად დატვირთულია, ანუ დედ-მამა, ახლო ნათესაობა თუ არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მაშინ მაღალია დიაბეტით დაავადების რისკი. ასევე, სხვა რისკ-ფაქტორების არსებობა, კიდევ უფრო ზრდის რისკებს.

თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია პაციენტმა ამ ყველაფრის დაცვის ფონზე გადაავადოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება რამდენიმე წლით.

  • რა პროფილაქტიკური კვლევა შეიძლება ჩაიტაროს რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანმა?

ამ შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზი არაფერს მოგვცემს,  ზოგადად როცა ადამიანი გადაშორებულია 40-45 წელს, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც გაიზომოს შაქარი სისხლში, აქ საუბარი მაქვს ნორმალური წონის მქონე ადამიანზე.

ვისაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს, მან აუცილებელია ჩააბაროს სხვა ანალიზებიც, მაგალითად გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი (გლუკოზის დატვირთვის ფონზე ვადგენთ როგორ რეაგირებს პანკრეასი და რამდენად ნორმალურად გამოიმუშავებს ინსულინს), ასევე შეიძლება ანალიზი გავაკეთოთ ინსულინზე, რადგანაც პრედიაბეტის დროს ხშირად არის ინსულინის რეზისტენტობა, რის ფონზეც მატულობს ინსულინის დონე სისხლში. ასევე შეიძლება გავიკეთოთ ლიპიდების განსაზღვრა და გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც იძლევა მაჩვენებელს, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში, შაქრის რა დონე ჰქონდა პაციენტს.

  • რა უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან პრედიაბეტის დროს?

პრედიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვება, ეს დიეტა მოიცავს ნახშირწყლების შეზღუდვას, უნდა შეწყვიტოთ სწრაფი კვების ობიექტებში კვება, უნდა ამოიღოთ გაზიანი და შაქრიანი სასმელები, ასევე შეზღუდული რაოდენობით უნდა იყოს კვების რაციონში ცომეული, ტკბილეულობა, მათ შორის თაფლი, მურაბა, ჯემი, კანფეტები… ასევე უნდა შეიზღუდოს ისეთი ტკბილი ხილი, როგორიცაა ხურმა, ყურძენი, მსხალი…

უნდა მიირთვათ პროდუქტები, რომლებშიც ნაკლებია ნახშირწყლები. მაგალითად, შეიძლება ბოსტნეული, კიტრი,  პომიდორი, პარკოსნები, სალათის ფოთლები, ბადრიჯანი, ყაბაყი, კვერცხი – უფრო მოხარშული, უცხიმო რძის პროდუქტები – ყველი, ხაჭო, მაწონი; საკვების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იქნეს უფრო ზეთი, რაც შეეხება კარაქს, შესაძლებელია კვირაში ერთხელ 20-25 გრამი  კარაქის მიღებაც, რადგანაც როგორც ცხიმი, ისე ნახშირწყალიც, აუცილებელია ორგანიზმში ნორმალური მეტაბოლიზმისთვის.

კარგია ის ხილი, რომელიც ცოტათი მომჟავოა და ნაკლებად ტკბილი – ვაშლი, ციტრუსი (თუ ტკბილი ციტრუსია, ერთ მიღებაზე დიდი რაოდენობით არ უნდა მივირთვათ), ფეიხოა, კივი… თუმცა ყველაფერი ზომიერების ფარგლებში.

  • ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანია?

პრედიაბეტის დროს აუცილებელია ზომიერი ფიზიკური აქტივობა – ფიტნესი, ვარჯიშიც შეიძლება, მაგრამ თუ დიდი წონაა, აუცილებლად ინსტრუქტორის რჩევებით უნდა ივარჯიშოთ. ყოველ დღე ფეხით უნდა იაროთ, ისეირნოთ მინიმუმ 30 წუთი მაინც ან ველოსიპედით – ეს ხელს შეუწყობს იმ მომენტისთვის ორგანიზმში არსებული ზედმეტი შაქრის დაწვას.

  • რას მოიცავს მედიკამენტური მკურნალობა პრედიაბეტისას?

ამ დროს გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მოხსნას. მაგრამ მთავარი მიზანი პრედიაბეტის მკურნალობაში არის ცხოვრების წესის შეცვლა – კვების მოწესრიგება და აქტივობის გაზრდა, რაც მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს სხეულის მასის ინდექსი 7 პროცენტით, შესაბამისად მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადაში დაიკლებს წონას პაციენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: