მთავარი,სიახლეები

ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

14.12.2023
ალკოჰოლის სმის ფაქტზე რეაგირება – კიდევ რას გააკეთებს მართლწესრიგის ოფიცერი

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება“ – ეს მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი ფუნქციაა. თბილისისა და რუსთავის შემდეგ მართლწესრიგის ოფიცრები 13 დეკემბრიდან ბათუმის ქუჩებშიც გამოჩნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია. „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ სამოქმედო არეალში მცხოვრებ მოქალაქეებთან,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სამოქმედო ტერიტორიაზე აქამდე მომუშავე უბნის ინსპექტორებს და სხვა სამართალდამცველებს ახლა მართლწესრიგის ოფიცრები დაემატათ.

შს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებების მიხედვით, ერთსა და იმავე უბანში „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის“ უკვე რამდენიმე სამართალდამცველი იმუშავებს, მაგალითად, ალკოჰოლის საზოგადოებრივ სივრცეში მიღებაზე ჩანაწერს დეტექტივ-გამომძიებლის, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ფუნქციებშიც შეხვდებით ამ ფორმულირებით:

„საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთა“, – აღნიშნულია შს მინისტრის 2019 წლის ბრძანებაში.

ამავე ბრძანების მიხედვით, ნარკოტიკულ დანაშაულთან და სამართალდარღვევასთან  ბრძოლის მიზნით უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლისა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კომპეტენციაა: „გამოავლინონ ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, აგრეთვე პირები, რომლებიც ჩადიან ძალადობას ოჯახში“.

რა წერია შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მიერ 2019 წელს გამოცემულ ბრძანებაში მართლწესრიგის ოფიცრების შესახებ? ბრძანებაში ბოლო ცვლილება 2023 წლის მარტში შევიდა. ბრძანებაში სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციებია ჩამოთვლილი:

  • პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან – ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, სკოლებში და ა. შ.;
  • დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • ქვეითად პატრულირება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;
  • ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
  • დანაშაულზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების [შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა} განხორციელება;
  • ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:
  • შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;
  •  არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ  არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;
  • პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 71​6 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამრღვევ პირთა შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი დანაყოფებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • ნარკოტიკული დანაშაულის/სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების  ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
  • სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;
  • გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;
  • ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების [მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, და ა. შ.] ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი, კოორდინაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;
  • იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;
  • უკანონო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის, რეგისტრაციის დადგენილი წესების დაცვის კონტროლი;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) კონტროლის განხორციელება და კოორდინაცია;
  • სამოქმედო ტერიტორიაზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების დადგენა;
  • საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების სმის ფაქტებზე რეაგირება;
  • უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელების დაკავება და დანიშნულების ადგილას [დროებითი განთავსების ცენტრი/დროებითი მოთავსების იზოლატორი] მიყვანა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: