ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე – კლინიკაში გადაიყვანეს 5 პირი, მათ შორის 4 ბავშვია

დღეს, 23 აგვისტოს, ავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.

ადგილზე მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების 6 ჯგუფი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, დაფიქსირდა ავარიის 10 მონაწილე, 5 დაშავებული, მათ შორის 4 ბავშვი, გადაყვანილია კლინიკაში, დანარჩენებმა კი უარი განაცხადეს ჰოსპიტალიზაციაზე.

_____________

ფოტო: აზა გაბუნია

ბათუმში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 23 აგვისტოს, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა.

„ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს.

დღეს, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშვებულები.

მასალა განახლდება. 

„შატო ივერი“ ქედაში – როგორ ეხმარება ევროკავშირი ქართველ მეწარმეებს

„შატო ივერი“, რომელიც ქედაში, სოფელ ვარჯანისში მდებარეობს, ევროკავშირმა 57 ათასი ლარით დააფინანსა. სასტუმროში მხოლოდ ადგილობრივები არიან დასაქმებული, რაც სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციას ამცირებს.

„ფინანსების გარეშე დიდი საქმეების კეთება შეუძლებელია და აქ წამოგვეშველა ევროკავშირი. ახალგაზრდა მეწარმეთა პროექტში მივიღეთ მონაწილეობა და დაფინანსება მოვიპოვეთ. ფაქტობრივად, შეუძლებელიც კი იქნებოდა, რომ ამ დახმარების გარეშე ჩვენი ბიზნესი გამართულიყო. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ შესაძლებლობის გამოყენება,” – ამბობს როსტომ ბერიძე, შატოს დამფუძნებელი.

როსტომ ბერიძე
„შატო ივერი“

„შატო ივერი“ მევენახეობითა და მეღვინეობითაა დაკავებული. ის სტუმრებს მაღალი კლასის სასტუმრო ნომრებს სთავაზობს, ასევე – საკუთარ წარმოებულ ბიოლოგიურ ღვინოს და ქართულ სამზარეულოს. კომპანია პროდუქტებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ყიდულობს. ჯამში, სასტუმროში ოცდაათამდე ადგილობრივია დასაქმებული:

„ჩვენი სავიზიტო ბარათი არის ჩხავერი. მხოლოდ ღვინოს ვაწარმოებთ, დანარჩენ პროდუქტებს ადგილობრივი მოსახლეობისგან ვყიდულობთ. მცირე რაოდენობით აწარმოებენ, თუმცა ეკოლოგიურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„შატო ივერი“
„შატო ივერი“

ჩვენთან ძირითადად სტუდენტები არიან დასაქმებული და ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე ბათუმში, რადგან გვინდა ხალხს სოფლად მოტივაცია მივცეთ. იმედი გაჩნდა, რომ სოფელშიც შეიძლება დასაქმება, საქმიანობა, შემოსავლის მიღება“.

როსტომ ბერიძის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს:

„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ალბათ, შუა გზაში თუ ვიქნებით. ესაა დიდი ფასეულობები, ამ ფასეულობების შექმნას წლები სჭირდება, ესაა: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა, ცხოვრების სტილი, კულტურის მოდიფიცირება.

ჩვენ ყველაფერი კარგი გვაქვს, მაგრამ ამას ცოტა სხვა ფასეულობების დამატება დასჭირდება. ჩვენ მივდივართ აქეთკენ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა იმისათვის, რომ ჩვენ ჩვენი ევროპა შევქმნათ და ჩავიდეთ ჩვენი ევროპით… ჩვენ ხომ ძველი ევროპის ნაწილი ვართ? მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა.

ჩვენ გვინდა დასავლური, პროგრესული ფასეულობები. შეიძლება იმაზე მეტიც გვინდა, ვიდრე მხოლოდ ევროპული არის. საქართველომ, ბიზნესმა, ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს დიდ დასავლურ ფასეულობებზე. ქართველებს ეს შეგვიძლია“,- ამბობს როსტომ ბერიძე.

„შატო ივერი“
„შატო ივერი“

 

როცა ევროკავშირი ასე ახლოსაა, არავის მისცე უფლება უკან დაგვაბრუნოს.

უკრაინულმა ძალებმა რუსეთში, კრასნოდარის ოლქის პორტში ბორანი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 22 აგვისტოს რუსეთში, კრასნოდარის პორტ „კავკაზში“ რუსული სარკინიგზო ბორნის „კონრო ტრეიდერის“ განადგურება დაადასტურეს.

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, რუსული ბორნით გადაჰქონდათ იარაღი და საწვავი, ამიტომ უკრაინის დარტყმა ბორანზე ლეგიტიმური იყო.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულ ბორანს უკრაინული რაკეტა, სავარაუდოდ, „ნეპტუნი“ მოხვდა.  სწორედ ეს რაკეტა გახდა რუსული კრეისერის, შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან „მასკვას“ ჩაძირვის მიზეზი.

მანამდე რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კრასნოდარის ტერიტორიის პორტ „კავკაზში“ ხანძარი გაჩნდა საწვავით დატვირთულ სარკინიგზო ბორანზე და სავარაუდოდ, ეს იყო უკრაინის დარტყმა.

შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე 

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის.

კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით. ანუ, „ამბასადორს“ ეს ე.წ. ნაპირდამცავი ჯებირი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა აეშენებინა.

„ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ვინაიდან მშენებლობა აღნიშნულ დროში ვერ დამთავრდებოდა, სააგენტოს ბრძანებაში შეიტანეს ცვლილება და მშენებლობის ვადა 2024 წლის 1-ლი ნოემბრის ჩათვლით გააგრძელეს.

„ამბასადორმა“, რომელიც მშენებლობას ვერც ამ ცვლილებით განსაზღვრულ ვადაში ამთავრებს, 2024 წლის ივლისში წერილით მიმართა სააგენტოს და მშენებლობის ვადის კიდევ 378 დღით გაზრდა მოითხოვა.

„მეტეოროლოგიური და ტექნოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ნებართვით გათვალისწინებული მშენებლობა საჭიროებს გაგრძელებას, ვინაიდან შავი ზღვა ხასიათდება შტორმით და ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება სამუშაოების დინამიკის შენარჩუნება, მიუხედავად კომპანიის მუდმივი მუშაობისა. რაც შეეხება დამტკიცებულ საპროექტო დოკუმენტაციას ცვლილებები არ განხორციელებულა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ არსებული მშენებლობის ვადა წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად გაგვიგრძელოთ 378 დღის ვადით“, – აღნიშნულია „ამბასადორის“ მიერ სააგენტოში გაგზავნილ წერილში.

მშენებლობის გეგმა გრაფიკი / „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ 2022 წლის ბრძანებაში მორიგი ცვლილება 2024 წლის 9 აგვისტოს შეიტანა და „ჯებირის“ მშენებლობის ვადა 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელა.

„ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 27 ნოემბრის ძლიერ შტორმს ბათუმის კუნძულის ხელოვნურად მოწყობილ 2 ჰა მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზემოქმედება არ გამოუვლენია, რაც მკაფიოდ ადასტურებს პროექტის განხორციელებაში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მაღალ პროფესიონალიზმს და წინასწარი კვლევების სიზუსტეს“, – ეს განცხადება „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ საკუთარ ფეისბუქგვერდზე 2023 წლის 11 დეკემბერს გამოაქვეყნა.

კომპანიის მიერ სააგენტოში გაგზავნილი წერილიდან კი ირკვევა, რომ „ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობის გეგმა-გრაფიკის შედგენისას „შტორმის უარყოფითი ზემოქმედება“ წინასწარ ეტყობა მთლად ასეთი სიზუსტით ვერ გათვალეს.

„ამბასადორის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ზღვაში უკვე „შექმნილია 10 ჰექტრამდე ფართობის ხელოვნური ნაკვეთი, რომლის მიწით ამოვსების სამუშაოებიც უკვე დასრულებულია. 2024 წლის შემოდგომიდან, კუნძულზე მიწის დამატებითი სამუშაოების პარალელურად, კომპანიის გეგმებშია პირველი პარკისა და ულტრათანამედროვე მრავალფუნქციური შენობების განვითარება.“

რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, მის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2024 წლის 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს გარემოს სააგენტოს, როგორც კუნძულის მშენებლობის დაწყებამდე ასევე შემდგომ პერიოდშიც.

ვრცლად ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

მთავარი ფოტო: ბარცხანის სანაპირო ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის საწყის ეტაპზე / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში გაიმართება შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

შაბათს, 24 აგვისტოს, „სულაკაურის გამომცემლობა“ მწერალ დათო ტურაშვილთან მართავს შეხვედრას ბათუმში.

დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართება კაფე „დელირიაში“, ყაზბეგის #8-ში. შეხვედრა დაიწყება 19 საათზე და მასზე დასწრება თავისუფალია.

„სულაკაურის გამომცემლობა“ საინტერესო შეხვედრის მონაწილეებს დათო ტურაშვილის წიგნებზე ფასდაკლებას ჰპირდება.

შეხვედრა იმართება გამომცემლობის კამპანიის – „წიგნები ზაფხულში“ ფარგლებში. კამპანიის მიმდინარეობისას ქართველი მკითხველის საყვარელი ავტორები რეგიონებს ესტუმრებიან. პროექტი ხორციელდება „საქართველოს პენცენტრის“ და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი – სააგენტოს მონიტორინგის შედეგი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტო იუწყება, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს.

12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 აგვისტოს 21 საათიდან 24 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 25-26 აგვისტოს აჭარაში ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

უცხოური დახმარების გარეშე ჩემი ოჯახი ვერ შეძლებდა გადარჩენას – ევროსასამრთლოს ექსმოსამართლე

„ევროპის ყველაზე დიდი სიკეთე არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნონა წოწორია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

რატომ ვირჩევთ ევროპას, რატომ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რას მოუტანს ეს საქართველოს“, – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ყოფილ მოსამართლეს.

რატომ გვინდა ევროპაში? ევროპაში გვინდა იმიტომ, რომ იყოს მშვიდობა. ევროპა არის კონტინენტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ ყოფილა. ამიტომ ევროპაში ჩვენი ყოფნა ნიშნავს მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი ხალხისთვის. ეს მოდის პირველ რიგში კანონის პატივისცემიდან, კანონის უზენაესობიდან, ადამიანის უფლებების პატივისცემიდან.

ეს არის ამოსავალი, რაზეც დგას ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა და რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ იქ. ამას თუ გადავთარგმნით იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, ახლა, მაგალითად ბათუმში ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი გარემო, იყოს ჯანმრთელი, ბავშვებს ჰქონდეთ წესიერი განათლება, ადამიანს ჰქონდეს საშუალება მიიღოს კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა. პოლიციელი, რომელიც ქუჩაში დგას, უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეს და იცავდეს მის ინტერესებს.

ეს ყველაფერი საბოლოოდ ითარგმნება ჩვენ კეთილდღეობაში, ჩვენი შვილების მომავალში და იმაში, რომ ამ ქვეყნის მომავალი არ იყოს საფრთხის ქვეშ. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა. მე ევროპაში ვცხოვრობ, მაგრამ იქ არ მინახავს, რომ ჩემი რომელიმე მეზობელი რელიგიური მრწამსის გამო თავს დამსხმოდა ან რამე საფრთხე შეჰქმნოდა ჩემს რელიგიურ თუ ეთნიკურ იდენტობას.

მე ვარ ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ იმისთვის, რომ ეს ვთქვა. არავითარი საფრთხე ქართველებს ევროპაში ყოფნით არ ემუქრებათ. ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენმა შვილებმა არასდროს იკითხონ, ეს ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი, გადარჩება თუ არა.

სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპაში ყოფნა.

  • დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეხმარებიან საქართველოს ევროპის რიგი ქვეყნები. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება დამოუკიდებლობის გზაზე ახლად ფეხშედგმული ქვეყნისთვის?

მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და იმ გარდამავალ ეპოქას, რომელიც საქართველომ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გზაზე გაიარა. ამიტომ ყველაზე კარგად მე მესმის, რას ნიშნავდა უცხოური დახმარება, რომელიც საქართველომ მიიღო. ჩვენ ვიყავით ის თაობა, რომელსაც მოუწია სამოქალაქო ომის და აფხაზეთის ომის პერიოდში სტუდენტობა და პროფესიული კარიერის დაწყება.

რომ არა უცხოური დახმარება მე, პირადად, ვერ შევძლებდი ვერც პროფესიულ განვითარებას. მეტიც, ჩემი ოჯახი უბრალოდ ვერ შეძლებდა ფიზიკურად გადარჩენას. ასეა უამრავი ოჯახი საქართველოში, რომელიც ბოლო 30 წელია იმ სიკეთეებით სარგებლობს, რომელიც დასავლეთს მოაქვს.

ამიტომ გვჭირდება ჩვენი მეგობრები, ამიტომ უნდა დავაფასოთ ისინი. ის რიტორიკა, რომელსაც ახლა ვისმენთ უცხოელი მეგობრების წინააღმდეგ, არის სრულიად წარმოუდგენელი და დიდი უსამართლობა მათ მიმართ, რასაც ჩვენ ჩავდივართ.

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც არ შეუძლია სიკეთის და ბოროტების გარჩევა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მეგობრები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ გადავრჩით, არიან ასეთი დაუნდობელი შეტევის მსხვერპლი. ეს არის სრულიად დაუშვებელი საქციელი და არ გვეპატიება ეს, ჩვენ ასეთ ერს, რომელსაც სტუმარ-მასპინძლობა და მეგობრის სიყვარული აქვს ნამდვილად, როგორც დიდი კულტურული და ისტორიული ტრადიცია.

  • თქვენი აზრით, რა იყო რუსული კანონის მიღების საფუძველი და იყო თუ არა ის ფაქტორი, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაეკეტათ ალტერნატიული დაფინანსების მიღების გზა?

რუსული კანონის მიღებას, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან ბევრი ამოცანა აქვს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საზოგადოების თავისუფალი ჯგუფების ბოლომდე დამორჩილება. იმ დემოკრატიული სიტყვის ჩახშობა, რომელიც ხელისუფლებისთვის საშიშია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ამ კამპანიას და, ზოგადად, რუსული კანონის შემოღებას, ჩემი ღრმა რწმენით, ნამდვილად აქვს ის მიზანი, რომ საზოგადოება, ვინც არ არის დამოკიდებული ხელისუფლებიდან შემოსავალზე, მათ ეს შემოსავალი წაართვან, ჩამოაშორონ და ამით დარჩნენ სახელმწიფოს შემწეობის იმედად. როდესაც სახელმწიფოს შემწეობის იმედად არის ადამიანი, ასეთი ტიპის საზოგადოებებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის, პირველ რიგში, ძალიან საშიში თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის.

სწორედ ამიტომ ამ კანონს აქვს მახრჩობელა ეფექტი – რვაფეხასავით არის, იმდენად დიდი მისია აქვს ამ კანონს. მთავარი ამოცანა ამ კანონის არის საზოგადოების თავისუფალი ნაწილის ჩახშობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს კანონი აკანონებს დასმენის ინსტიტუტს, რომელიც საფრთხის შემცველია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ჩვენ გვაქვს 30-იანი წლების მძიმე გამოცდილება. ამის დაბრუნება ნამდვილად ტრაგიკული იქნება, როდესაც შეიძლება მოქალაქე აღმოჩნდეს მეზობლების, ნათესავების თუ სხვების ნდობის დაკარგვის წინაშე.

იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება პარანოია დაგვემართოს ყველას ერთად, ეჭვი შევიტანოთ ყველა ჩვენი ახლობლის კეთილ განზრახვებში. ეს დაშლის საზოგადოებას ცალკეულ ნაწილებად. მე ვფიქრობ, ეს იქნება დამღუპველი და უნდობლობის გარემოს შემქმნელი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება დასავლური ცივილიზაციის გაგებას.

  • პროპაგანდისტები, როდესაც უცხოურ დახმარებაზე საუბრობენ, სულ ამბობენ, რომ აი, თუ თავისი ინტერესი არ აქვს ევროპას, რატომ გვეხმარება, რატომ გვაძლევს ამხელა დაფინანსებას. რას უპასუხებდით მათ?

ბოლო პერიოდის საქართველოში შინაარსი დაკარგა ქველმოქმედებამ და ასოცირდება ის კერძო ინტერესებთან, ამის მიზეზი ნამდვილად ვიცით ჩვენ. ყველას შეიძლება ჰგონია, რომ ადამიანები მხოლოდ კომერციული მიზნებით მოქმედებენ, რაც ასე არაა.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ მეზობლად არის ბავშვი, რომელსაც შია და სწყურია და თქვენ ამ დროს გაქვთ თავსაყრელი, თუ თქვენ ამ ბავშვს მისცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს, იქნებ ხელი წაუკრათ, რომ ცოტა განათლება მიიღოს, ეს იქნება თუ არა თქვენი შვილისთვისაც უკეთესი? მას ეყოლება მეზობელი, რომელიც არის წარმატებული, განათლებული, მინიმუმ კრიმინალი არ არის და თქვენს შვილს, რომ გაიზრდება, დანას არ ჩაარტყამს ზურგში.

ესაა  ძალიან მარტივი მაგალითი ყოფით დონეზე, რატომ შეიძლება თქვენს მეზობელს ან ნათესავს ხელი გაუწოდოთ, იმისთვის, რომ ის იყოს უკეთესი და თქვენს შვილს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი გარემო.

ამას თუ ვთარგმნით და გადავიტანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ძალიან მარტივად მივხვდებით, რატომ შეიძლება საფრანგეთი გვეხმარებოდეს იმაში, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა იყოს.

მინიმუმ იმიტომ, რომ ომი არ იყოს ამ ქვეყანაში, არ იყოს ძალადობა, არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უწევთ საკუთარი ქვეყნიდან გადაადგილება და სხვა ქვეყანაში უსაფრთხოების თუ ჯანმრთელობის გამო ემიგრაცია.

როდესაც შენი მეზობელი მდიდარია, წარმატებული, თუ წესიერი ქვეყანა ხარ, თუ წესიერი მეზობელი ხარ, შენც ასევე გიხარია ის, რომ ის არის შენი დიდი კულტურული ოჯახის წევრი. ამიტომაა საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა დავიცვათ ურთიერთობის ის წესები, რომლებიც ამ ქვეყნებს აქვთ.

ჩვენ ვერ მივალთ ამ ქვეყნებთან და ვერ ვიტყვით, რომ მე შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ აი, ეს ჩემი წესებია და მოდი ახლა შენ ჩემი წესებით იცხოვრე.

იგივე ხდება სამეზობლოში, ქალაქში, სანათესავოში… თქვენ რამდენი ხანი შეიძლება აიტანოთ მაგალითად ცუდი ნათესავი, რომელიც მოდის, სახლს გინგრევთ, ფულს გართმევთ და ბრუნდება საკუთარ ოჯახში.

ვეცადოთ, რომ ასეთი დიდი თემები, გავიგოთ რაღაცა პატარა ლოკალურ კონტექსტში.

მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი იმდენად გონიერია და იმდენად წესიერი შინაგანად, რომ ამაზე პასუხები მიიღოს. ახლა მაგალითად სტრასბურგში ჯანდაცვის სისტემა არის კოლაფსის პირას, იმიტომ, რომ იმდენ ავადმყოფს უვლის, ფრანგული ჯანდაცვის სისტემა, რომ საფრანგეთის მოქალაქეებს შეიძლება თავად ჰქონდეთ პრობლემა ჯანდაცვის მიღების.

წარმოიდგინეთ, რატომ შეიძლება საფრანგეთს არ უნდოდეს, რომ საქართველოში იყოს უკეთესი ჯანდაცვა. სულ მცირე იმიტომ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარ მოქალაქეებს გაუწიოს ის დახმარება, რომელსაც ის ჰპირდება კონსტიტუციურად, რომ უნდა გაუწიოს. ისინი არ ყრიან ადამიანებს, ისინი ღირსეულად იქცევიან, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.

მარტივ თეორიამდე დადის. თუ მეზობელი არის ძლიერი, თუ მეზობელი წარმატებულია, შენ ხარ უკეთესი და შენ ხარ წარმატებული. შეუძლებელია კეთილდღეობა, როდესაც თქვენი მეზობელი ბავშვი შიმშილით კვდება.

  • რაში გამოიხატება ევროკავშირის ძალა და სიკეთე თქვენთვის?

თავისუფლება. ყველაზე დიდი სიკეთე არის თავისუფლება და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს დიდ სიმდიდრეს ან ასე შემდეგ. ეს ნიშნავს სწორი გაგებით ქველმოქმედებას, როდესაც შენ მონაწილეობ ასევე საზოგადოების იმ ნაწილის დახმარებისთვის, რომელსაც ამის შესაძლებლობა არ აქვს.

ქუჩაში რომაა დაგდებული ადამიანი, მიდიხარ და იმას ეხმარები. სამედიცინო დახმარებას უწევ და ცხოვრების შესაძლებლობას აძლევ. ეს არის თანაბარი შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის. საბოლოო ჯამში ეს დადის თავისუფლებამდე.

ანუ იყო თავისუფალი შენს წარმოდგენებში, როგორ გინდა მოაწყო საკუთარი ცხოვრება. როგორ გინდა მოაწყო საკუთარი ცხოვრება იმისთვის, რომ იყო თავისუფალი. ის გარემო, რომელსაც ევროპა გაძლევს, გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენი შესაძლებლობის ფარგლებში ამის რეალიზება მოახდინო.

თუ რაღაც მიზეზების გამო, ფიზიკური, შეზღუდული შესაძლებლობის გამო ან სხვა რამის გამო ამის შესაძლებლობა არ გაქვს, სწორედ ასეთი სახელმწიფოები გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენც იყო საზოგადოების ღირსეული წევრი და იმდენი წვლილი შეიტანო ამ საზოგადოების ფორმირებაში, რამდენიც შეგიძლია, მაგრამ ამასობაში არ დაკარგო შენი თავისუფლება და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა სახელმწიფოს დახმარების ხარჯზე.

საფრანგეთში, როდესაც ადამიანებს სახელმწიფო ეხმარება, განსხვავებით საქართველოსგან, იქ არავინ მოდის და არ გეუბნება, რომ მე შენ გეხმარები და შენ მე მომეცი ხმა. ასეთი რამე არ არსებობს.

სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოზე სრულად დამოკიდებული ხარ და ცხადია ბევრი ადამიანია სახელმწიფოზე დამოკიდებული, არ ხდები სახელმწიფოს მონა. იქ არავინ არ მოდის და არ გეუბნება, რომ თუ შენ არ მომცემ ხმას, დახმარებას შეგიწყვეტენ. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია.

ცხადია, ეს ყველაფერი ნიშნავს ასევე, თუ კონკრეტულ რაღაცებზე ვილაპარაკებთ, სიბერეს. ტკბილ სიბერეს. გული მოგიკვდება, ჩვენი მოხუცები დგანან ქუჩაში და რა მდგომარეობაში არიან. იქ ტკბილი სიბერე ნამდვილად არის, როდესაც ადამიანს შეუძლია რაღაც ეტაპზე პენსიაზე გავიდეს და მერე დაუთმოს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მოგზაურობას და იმის ანაზღაურებას, რაც მთელი ცხოვრება იმუშავა.

ყველაფერს ამას ნიშნავს ევროპა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 23 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 605 330 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
  • ტანკი – 8 533 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 16 599 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 17 307 ერთეული [+45]
  • MLRS – 1 167 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 932 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 14 025 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 443 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 329 ერთეული [+49]
  • სპეცტექნიკა – 2 910 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 23 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 30 390 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 547 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 425 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 566 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 104 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინა კურსკში რუსულ ჯარებს ალყაში აქცევს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება – WSJ

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბიუჯეტიდან 2,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ [უსკო] ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების გამართვისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი დაამტკიცა.

უსკოს დადგენილების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის სულ 2 829 980 ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2 227 980 ლარი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელფასებში [შრომის ანაზღაურებაში] დაიხარჯება, ხოლო 602 ათასი ლარი მოხმარდება სხვადასხვა საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2024 წლის 26 ოქტომბერს – საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდება. უმაღლეს საბჭოს აჭარაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ირჩევენ.

მოქმედ უმაღლეს საბჭოს ახალი უმაღლესი საბჭოს შესანახად ბიუჯეტის პროექტი უკვე დამტკიცებული აქვს.

აჭარის 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში უმაღლესი საბჭოსთვის 8 087 154 ლარი გამოიყოფა, რაც მიმდინარე, 2024 წელთან შედარებით 567 854 ლარით არის გაზრდილი.

ამ თემაზე:

7 მილიონი თუ მილიარდი? – რამდენით დააფინანსებენ აჭარის უმაღლეს საბჭოს

„ოცნებამ“ კვოტირება იმისთვის გააუქმა, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში“

„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული გამსვლელი სია წარადგინა, სადაც 22 დასახლებული პირიდან არცერთი არ არის ქალი. „ოცნებამ“ ბოლო სასესიო სხდომაზე გააუქმა კვოტირების სავალდებულო მოთხოვნაც, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და გაძლიერებას უწყობს ხელს.

მთავარ სცენაზეც, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიესალმა, მხოლოდ კაცები იდგნენ. როგორ ცდილობს „ოცნება“ გააქროს ქალები პოლიტიკური ველიდან და რატომ არის ქალების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ – „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს, ირინე კურტანიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირინე, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი პარტიის ქალი პოლიტიკოსებიც კი უკანა პლანზე გადასწიოს. ამის მაგალითია საარჩევნო სიების წარდგენა, სადაც ოცეულში მხოლოდ კაცები ჩაწერეს. „ოცნებამ“ გააუქმა სავალდებულო კვოტირებაც. როგორ ფიქრობთ, უნდა მიაქციოს თუ არა ამომრჩეველმა ხმის მიცემის დროს ამას ყურადღება?

ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია. ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა – მე ვფიქრობ, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სუფთა პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო მეტად იქნება პოლიტიკა საქმის კეთებაზე ორიენტირებული და ყველაფერი არ იქნება აგებული ნეგატიურ კამპანიაზე.

ქალები, ქართულ პოლიტიკაში, როგორც წესი, არიან ფარდის უკან, მაგრამ ყველაზე მეტ საქმეს აკეთებენ ხოლმე. ყველაზე მოწადინებულები და მშრომელები არიან.

ამომრჩეველმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რადგან რაც უფრო მეტად გაიზრდება საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, ქალების ჩართულობაც გაიზრდება პოლიტიკაში.

თუმცა დღეს, ქალებს ბევრი ბარიერი ხვდებათ ამ გზაზე და ძალიან რთულია მიიღონ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება. მეც ხშირად ველაპარაკები ხოლმე ქალებს და ვეუბნები, რომ წავიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ იმდენი ბარიერი აქვთ, რომ უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება.

  • რომელ ბარიერებზე საუბრობენ ყველაზე ხშირად, რა აშინებთ?

სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ჩემ მაგალითზე გეტყვით, როცა ვთქვი, რომ მივდიოდი პოლიტიკაში, პირველი მესიჯი, რაც ჩემი მეგობრებისგან, მეზობლებისგან თუ ახლობლებისგან მივიღე, იყო ის, რომ „ღამე როგორ გძინავს?“ როცა ვკითხე, თუ რას გულისხმობდნენ, მითხრეს, „არ გეშინია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაგივრცელებენ?“

„მეც ვფიქრობ, წავიდე პოლიტიკაში, მაგრამ აი ამის მეშინია“, – მწერდნენ.

ერთია შიშის ფაქტორი – ქალებს არ სურთ გარევა ამ სიბინძურეში, რადგან ქალებზე უფრო მეტად მოდის საზოგადოებრივი წნეხი, სხვა მიდგომები აქვთ და უფრო კრიტიკულები არიან ქალის მიმართ. ბევრად მარტივია ქალის გაშავება, დარცხვენა, შეურაცხყოფაც, ვიდრე კაცის. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამაც“ შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან დაიწყო ოპონენტი ქალი პოლიტიკოსების დაშანტაჟება.

მაშინ, როცა პირიქით უნდა იყოს და მმართველი პარტია ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ქალების როლი გაიზარდოს პოლიტიკაში. ესენი კი პირიქით, აღრმავებენ ამ ბარიერებს.

„ოცნებამ“ გააუქმა კვოტირება იმისთვის, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში. ქალები ამ ქვეყანაში არ არიან ეკონომიკურად ძლიერები, რადგან სისტემა ქმნის ამ ყველაფერს და კაცების მიერ შექმნილი სისტემა არ გაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად გაძლიერდე.

15 აგვისტო/„ოცნებამ“ საარჩევნო სიის 22 წევრი წარადგინა.
„ოცნების“ სიის 20-ეული 2024 წლის არჩევნებზე.

„ქართული ოცნება“ არის ყველაზე კარგი მაგალითი, როცა კორუმპირებულები პირები ხვდებიან საარჩევნო სიებში და შემდეგ ისევ ამ სისტემას ეხმარებიან. ვნახეთ ხომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩაამწკრივა კაცები სცენაზე და ქალი არსად ჩანდა პოლიტიკური ველზე.

  • ეკონომიკურად ძლიერი ქალის შემთხვევაში რამდენად არსებობს კორუფციაში ჩართვის შანსები. რისკები თანაბარია თუ განსხვავებული, თქვენი აზრით?

ვფიქრობ, ქალები უფრო მეტად არიან ორიენტირებული საქმის კეთებაზე, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, ბევრს შრომობენ კიდეც საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის და ამას საქმითაც ამტკიცებენ. ამაზე მეტყველებს კვლევებიც, სტატისტიკაც, რომ ქალები ყველაზე ნაკლებად ერთვებიან კორუფციაში, ნეპოტიზმში, ბინძურ საქმეებში.

  • როგორც ვიცი, შეხვედრებს მართავთ ამომრჩეველთან. როცა ხვდებით მაგალითად ქალ ამომრჩევლებს, როგორ განწყობას იღებთ მათგან, თუ არის მათი მხრიდან დაკვეთა, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში?

თუ აქამდე ამ პროცესს მეც ვუყურებდი შფოთით, შიშით, ხალხთან შეხვედრებით უფრო მეტად ვძლიერდები. ამ შეხვედრების დროს ერთი ადამიანიც კი არ მინახავს, ვისაც უთქვამს, – „რა გინდა პოლიტიკაში“. პირიქით, მადლობასაც კი მიხდიან, რომ მაგალითს ვაძლევ სხვა ახალგაზრდა ქალებს, რომ ისინიც წავიდნენ პოლიტიკაში.

მგონი ამ მხრივ ბევრად გაზრდილია საზოგადოება, ვიდრე პოლიტიკური პარტიები.

ერთია ის, რომ საზოგადოება უნდა დადგეს ქალი პოლიტიკოსების გვერდით, დავანახოთ ქალებს, რომ ისინი მარტონი არ არიან ამ პროცესში – ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.

მეორე, ეს არის მაგალითები.

მეც, როცა ველაპარაკებოდი ქალებს, რომ გააქტიურებულიყვნენ პოლიტიკაში, მათი პასუხი იყო – შენ რას აკეთებ?“ მაშინ მიხვდი, რომ მეც უნდა ამეღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რაც უფრო მეტი ქალი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ ბევრ ქალს შევუქმნით მოტივაციას.

რაც უფრო მეტ ქალს დაინახავს საზოგადოება პოლიტიკაში, უფრო იმედიანად იქნებიან. მეც მაქვს იმ ქალების იმედი, რომლებიც არა მარტო ჩემს პარტიაში არიან.

  • რით განსხვავდება ქალის და კაცის პოლიტიკური ხედვა, თქვენი აზრით?

ვფიქრობ, ქალები უფრო შორსმჭვრეტელები არიან. მათ მეტი მგრძნობელობა აქვთ ისეთ პრობლემებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს.

ქალები, სულ რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებულად თანამშრომლობენ. ერთმანეთის მხარდაჭერა და გატანა უფრო მეტად ახასიათებთ, უფრო მეტად დამოუკიდებლებიც არიან. 12 წელია ტრენინგებს ვუტარებდი ქალებს და ვხედავდი, რომ ისინი ბევრად პრინციპულები და მშრომელები არიან, ვიდრე კაცები.

კაცები უფრო მეტად ორიენტირებული არიან პირად ეგოსა და ძალაუფლებაზე.

  • გვესმოდა ასეთი არგუმენტებიც, რომ „თუ ჭკვიანია“, „თუ ღირსია“, ისედაც მოხვდება სიაში. რა არგუმენტები აკლია ამ მოსაზრებას?

ქართულ პოლიტიკას ბოლო 30 წელი რომ გადავხედოთ, 2%-ზე თუ ვიტყვით, რომ დამსახურებით მოხვდნენ პოლიტიკაში. დანარჩენი ყველა, ისევ ნეპოტიზმით, კორუფციით, ძმაკაცობა-ნათესაობით არიან პოლიტიკაში.

ძალიან ცოტაა ღირსეული, პატიოსანი და პროფესიონალი პოლიტიკოსი კაცი, ვინც დაიმსახურა პოლიტიკაში ყოფნა.

ეს „დამსახურება“ არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, რადგან როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა კვლევაც კარგად აჩვენებს, რომ კვოტირება არა მარტო სასურველი, აუცილებელია ქალების გასაძლიერებლად, რადგან ამ სისტემის დანერგვამ ცხადყო, როგორ გაიზარდა და წინ წავიდა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ქალების თანამონაწილეობის ფონზე.

მარტო პოლიტიკაში კი არა, სხვა სფეროებშიც, მაგალითად ბიზნესში. კომპანიებმა გაასამმაგეს მოგებები, ქალი მმართველების პირობებში.

საქართველოში კი კაცები ქმნიან სისტემებს და კაცების მიერ შექმნილ სისტემებში ძალიან რთულია თავის გატანა. „ქართული ოცნების“ მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ იქ მართლა ფულზე და ძალაუფლებაზე დგას სისტემა. ის, რომ ქალები ამ ქვეყანაში ღარიბები არიან, ესეც კაცების მიერ შექმნილი სისტემების ბრალია.

  • საქართველოში ქალები ხომ უფრო მეტნი არიან, ვიდრე კაცები. როგორ ხდება, რომ პოლიტიკურ პროცესებს მაინც კაცები წარმართავენ. არის ამაზე დაფიქრება საჭირო ამომრჩევლის მხრიდან?  

ჩვენი პარტიაც როცა დავაფუძნეთ, მაშინ უფრო მეტი ქალი იყო, ვიდრე კაცი, მაგრამ როცა გავფართოვდით, ეს სურათი შეიცვალა. ამიტომ საჭიროა მეტი ქალი გააქტიურდეს და ჩაერთოს პოლიტიკაში.

თუ ამომრჩეველიც ამ ნიშნით მიანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს უპირატესობას არჩევნების დროს, პარტიებიც დაფიქრდებიან ქალების კვოტირების გაზრდაზე.

ჩვენ ახლაც ვეძებთ აქტიურ ქალებს და ღიაა ჩვენი კარები მათთვის. თუმცა რა რეალობა იქნება ამ არჩევნებზე პარტიებში, არ ვიცი.

ბათუმელი სტუდენტი, რომელიც ერაზმუსის დაფინანსებით ავსტრიაში სწავლობდა – როგორ ეხმარება ევროკავშირი ქართულ განათლების სისტემას?

22 წლის გიორგი ბოლქვაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. გასულ წელს ის ერაზმუსის სასწავლო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.  2023 წლამდე მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე ერაზმუსმა დაახლოებით 12 მილიონი ევრო დახარჯა.

პროგრამის ფარგლებში, გიორგი ბოლქვაძემ ერთი სემესტრი ავსტრიაში გაატარა. ამ დროის განმავლობაში გიორგი საცხოვრებელი ხარჯებისთვის სტიპენდიასაც იღებდა.   

„თავიდანვე ვიცოდი, რომ ბსუ პოპულარული იყო თავისი გაცვლითი პროგრამებით, ამიტომაც ჩავაბარე ამ უნივერსიტეტში. გასულ წელს ერთი სემესტრი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში. თავიდანვე მქონდა მოლოდინი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ბევრ ახალ რამეს ვისწავლიდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ დონეზე კარგი გამოცდილება თუ იქნებოდა, არ ველოდი,” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

როგორც გიორგი გვიყვება, ერაზმუსი არ არის მხოლოდ სწავლაზე ორიენტირებული პროგრამა. 

„ეს მოიცავს მასპინძელ ქვეყანაში ჩასვლას, დამოუკიდებელ ცხოვრებას, საკუთარი თავის განვითარებას, ამ ქვეყნის კულტურის გაცნობას და ა.შ. ჩემი მიზანიც მხოლოდ სწავლა არ იყო, მინდოდა მაქსიმალური შედეგები მიმეღო ამ პროცესისგან.

პროგრამა ბევრ საშუალებას გაძლევს: იქ ყოფნის დროს მე ვიღებდი სტიპენდიას, რაც სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ სწავლაში ჩართულობის პარალელურად შემძლებოდა ინტეგრაცია ადგილობრივ კულტურაში, სტუდენტებთან ურთიერთობა, მოგზაურობა.

ჩემი მთავარი მონაპოვარი არ არის ის კრედიტები, რომელიც მე უნივერსიტეტში მივიღე. ჩემი მთავარი მონაპოვარია იქ მიღებული გამოცდილება, დამოუკიდებლად ცხოვრება, ენის გაუმჯობესება, ახალი მეგობრების გაჩენა, უცხო რაღაცებზე დაკვირვება. ახლა ყველას ვურჩევ, რომ ამ გაცვლითი პროგრამით ისარგებლონ“, – ამბობს გიორგი და დასძენს, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, როცა 5-6 თვეს ატარებ უცხო კულტურაში, ცხოვრებაში ყველაფერი მარტივი ხდება. 

სემესტრის განმავლობაში გიორგი ბოლქვაძემ ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამისგან სტიპენდიის სახით 4 ათასი ევრო მიიღო და როგორც ის ამბობს, ამის გარეშე დამოუკიდებლად ავსტრიაში სწავლას ვერ შეძლებდა: 

„ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია, ვისაც უსარგებლია ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამით, დახმარებით, გრანტით, გაცვლითი პროგრამით და ა.შ. მე 4 ათასი ევროთი დამიფინანსეს სწავლა, რის გადახდასაც დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი. მსგავსი პროგრამების გარეშე, ჩემნაირი სტუდენტები საკუთარ ცხოვრებას ვერ შევცვლით უკეთესობისკენ.

გარშემო რომ მიმოვიხედოთ, ევროკავშირის დახმარებით ხორციელდება უამრავი პროექტი და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენნაირი განვითარებადი ქვეყნებისთვის“ – ამბობს გიორგი. 

უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კურსდამთავრებული მიიჩნევს, რომ საქართველო ახლა რთულ პროცესს გადის. 

„ჩვენ არ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში, რაშიც უნდა ვიყოთ. რა დახმარებასაც ჩვენ ვიღებთ იგივე ევროკავშირისგან და ამერიკისგან, თუ სხვა ქვეყნებისგან, ამ დახმარებების ფონზე უფრო უკეთესად უნდა ვიყოთ და იმაზე ნერვიულობა და ფიქრი კი არ უნდა გვიწევდეს, რომ დღეს ან ხვალ უვიზო მიმოსვლა შეიძლება შეგვიჩერონ, არამედ პირიქით, შვებას უნდა ვგრძნობდეთ – რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და სულ ცოტა გზა დაგვრჩა წევრობამდე. 

ჩვენ სულ სხვა რეალობაში უნდა ვცხოვრობდეთ ახლა და ამის ნაცვლად, იმაზე ვნერვიულობთ, გაიხსნება თუ არა მოლაპარაკებები. ეს კი არა, უამრავი პროგრამის შეჩერებაზე ვნერვიულობთ“. 

გიორგი ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სათანადოდ არ აქვთ შეფასებული, თუ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია ევროკავშირის წევრობას: 

„ჩვენ ვერ ვაფასებთ თუ რამხელა სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს წევრობამ. კი ვიცით, კი ვხედავთ ამ დახმარებებს და პროგრამებს, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, კიდევ რამდენი სიკეთის მოტანა შეუძლია წევრობას. ევროკავშირში გაწევრება, როგორც აგრონომიის და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე შეუწყობს სხვა სფეროებს და ზღვა სიკეთეს მივიღებთ“. 

მისივე სიტყვებით, ახალგაზრდები იმაზე არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ამ ქვეყნიდან გაქცევა შეიძლება მოუწიოთ:

„ჩვენ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ თუ ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნების შედეგები ისეთი არ იქნება, როგორიც ქართველ ხალხს სურს, თავს როგორ ვუშველოთ და სად გავიქცეთ. ქართველი ხალხი ამაზე ფიქრსა და ნერვიულობას არ იმსახურებს,” – ამბობს გიორგი.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მარინე გიორგაძე გვეუბნება, რომ ყოველწლიურად უნივერსიტეტი ორმოცდაათზე მეტ სტუდენტს უშვებს საზღვარგარეთ სასწავლებლად და სტაჟირების გასავლელად. ხოლო, აქ 15-მდე უცხოელი სტუდენტი ჩამოდის:

„ჩვენ, ერაზმუსის გარდა, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტთან მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებში სტუდენტები უცხოეთში სასწავლებლად და სტაჟირებისთვის მიემგზავრებიან. ასევე, აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით არაერთი სტუდენტი მიდის სასწავლებლად. პარალელურად, ყოველწლიურად ბსუ-დან 20 მდე პროფესორი მიდის უცხოეთში და იქ კითხულობენ ლექციებს“. 

როგორც მარინე გიორგაძე აღნიშნავს, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის. 

„მე პირადად ერაზმუსის ერთ-ერთი პირველი მონაწილე ვარ, საფრანგეთში სტაჟირებით წავედი და იქ ვმუშაობდი. მთელი ჩემი მომდევნო კარიერა ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 

ეს პროცესი არ შენელებულა, სულ უფრო და უფრო მეტი შემოთავაზება გვაქვს. ორმოცდაათამდე ხელშეკრულება გვაქვს ერაზმუსის მიმართულებით და ასზე მეტი გვაქვს პირდაპირი მემორანდუმები“ – ამბობს მარინე გიორგაძე. 

გარდა ამისა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ბსუ-ს ინსტიტუციური განვითარებისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა:

„ინსტიტუციური განვითარების ძალიან კარგი პროექტები განხორციელდა. ევროკავშირის მხარდაჭერით კომპიუტერული ტექნიკა შევიძინეთ, მოეწყო ლაბორატორიები, შეიქმნა ახალი სასწავლო კურსები, განახლდა კურიკულუმები“. 


ერაზმუს+ არის პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის ყველა მიმდინარე სქემას განათლების, ტრენინგების, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, ის 2014 წლის იანვარში დაიწყო. აქედან მოყოლებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით 11,000-ზე მეტი გაცვლითი პროექტი  განხორციელდა.2023 წლამდე მხოლოდ სასტიპენდიო პროგრამებზე საქართველოსთვის- როგორც სტუდენტების, ასევე პროფესორ-მასწავლებლების – „ერაზმუსმა“ დაახლოებით 12 მილიონი ევრო დახარჯა.

რუსული კანონის მიღების გამო, ამჟამად საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია. უკვე შეწყდა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაფინანსება ევროკავშირის მიერ.

2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა. 


როცა ევროკავშირი ასე ახლოსაა, არავის მისცე უფლება უკან დაგვაბრუნოს.


ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზება აჭარის ბიუჯეტს 30 000 ლარი დაუჯდება

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ანრი ჯოხაძის კონცერტის ორგანიზებას აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება.

ანრი ჯოხაძე მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელეკომპანიაში ერთ-ერთი გადაცემის წამყვანიცაა.

როგორც სატენდერო სხდომის ოქმიდან ირკვევა, პროექტის – „ანრი ჯოხაძე ბათუმში“, განხორციელების მიზნით, კომისიას წერილობითი მოთხოვნით აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, აკაკი ძნელაძემ მიმართა.

მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ კონცერტი „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართება.

ანრი ჯოხაძის კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში უნდა გაიმართოს.

30 ათასი ლარით კი, როგორც სატენდერო კომისიის ოქმში წერია, „იგეგმება სხვადასხვა მომსახურებების შესყიდვა“.

დოკუმენტში დეტალები ჯერჯერობით მითითებული არ არის.

 

ამავე თემაზე:

„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

ცესკოს ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს

26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა მოხელეთა მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდასა და განმტკიცებას.

ეთიკის კოდექსის გაფორმება ყოველი არჩევნების წინ უკვე რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. მასზე ხელის მოწერით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები აღიარებენ და იღებენ ვალდებულებას, იყვნენ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. 2024 წლის არჩევნებამდე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები ეთიკის კოდექსს ერთდროულად აწერდნენ ხელს. წელს კი ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და არჩევნების დანიშვნის შემდგომ ჯერ ცესკოს, შემდგომ კი ქვედა დონის საარჩევნო კომისიების წევრები კომისიების დაკომპლექტებიდან მალევე მოაწერენ ხელს.

უკრაინა კურსკში რუსულ ჯარებს ალყაში აქცევს და ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება – WSJ

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, რომ უკრაინა კურსში ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.

გამოცემა მიუთითებს უკრაინელი სამხედროების განცხადებაზე იმის შესახებ, რომ მათ გამოიყენეს აშშ-ს მიერ მიწოდებული Himars-ის სარაკეტო სისტემები პონტონურ გადასასვლელებსა და ხიდებზე დასარტყამად.

გამოცემის ცნობით, უკრაინის 6 აგვისტოს ოპერაციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა პრეზიდენტი პუტინი, რადგან უკრაინამ შეძლო კონტროლი მოეპოვებინა ათობით ქალაქსა და სოფელზე – იმაზე მეტ ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაიპყრო უკრაინაში წლის განმავლობაში.

The Wall Street Journal-ი წერს, რომ კიევი ახლა აფართოებს თავის კონტროლს საზღვრის გასწვრივ და თავს ესხმის რუსეთის მიწოდების ხაზებს, მაშინ, როცა მოსკოვი აძლიერებს კონტრშეტევებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინის ოპერაციამ დარტყმა მიაყენა პუტინის დაპირებას, რომ ომი, რომელსაც ის უწოდებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და მინიმალურ გავლენას მოახდენს რიგითი რუსების ცხოვრებაზე. გამოცემა ასევე მიუთითებს უკრაინის სამხედრო სარდლობის ზოგიერთ წარმომადგენელზე, რომლებიც დიდი ხანია ამბობენ, რომ რუსების იძულება მათ იგრძნონ ომი, კიევის სტრატეგიის მთავარი ნაწილი უნდა იყოს, რადგან ეს აძლიერებს ზეწოლას პუტინზე შეწყვიტოს ომი.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის რეგიონში, ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. 10 აგვისტოს, უკრაინის არმიის რუსეთის სიღრმეში შეტევის მეხუთე დღეს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ ომი აგრესორის ტერიტორიაზე გადაიტანა.

უკრაინული მედიის ცნობით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 1260 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და 93 დასახლება აიღეს.

_____________

ფოტო: უკრაინის გენერალური შტაბი

მოსამართლის შვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „ოცნებას“ 486 000 ლარი შესწირეს – გამჭვირვალობა

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას“ – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია.

ფოტო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

„გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს და ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ.

მოსამართლის შვილი, „ქართული ოცნების“ შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს „მონუმენტ პალასის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს „ექსპერტიზის ცენტრის“ 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „ლეგალ ედვაისის“ 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს „რეალ პალასის (ს/კ 445394591)“, შპს „ახალი ერას“ და შპს „რეალ პალასის” (ს/კ 445499620) დირექტორი.

კობა ფუტკარაძემ, შპს „ახალი ერას“ მეწილეებმა, შპს „რეალ პალასს“ (ს/კ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486,000 ლარი შესწირეს „ქართულ ოცნებას“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია აქვეყნებს ინფორმაციას მოსამართლის შვილის კომპანიების მიმდინარე პროექტების შესახებაც. კერძოდ, „გამჭვირვალობის“ ცნობით:

„შპს „ახალი ერა“, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას, საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს.

ასევე, შპს „რეალ პალასი“ (ს/კ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს.

შპს „რეალ პალასი“ (ს/კ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს“.

____________

ფოტო: „გამჭვირვალობა“

 

ვოლგოგრადში უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს

რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში, უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს.

ვოლგოგრადის გუბერნატორი დღეს, 22 აგვისტოს, ტელეგრამზე წერს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაწესებულების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.

ტელეგრამზე წერენ, რომ ქალაქ კალაჩ-ონ-დონში მცხოვრებებმა განაცხადეს აფეთქებების შესახებ დილის 3:30 საათზე. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ვოლგოგრადის აეროპორტი დროებით დაიხურა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ვოლგოგრადის სამხედრო აეროდრომზე განთავსებულია სადაზვერვო თვითმფრინავი Су-24МР.

3 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელს, რომელიც ყოფილ მეუღლეს ემუქრებოდა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში, საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო“ – წერს უწყება.

საგამოძიებოს ცნობით, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს.

სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 604 140 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 529 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 16 567 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 17 262 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 166 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 931 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 998 ერთეული [+96]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 443 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 280 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 2 904 ერთეული [+17]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 22 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 640 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 346 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 352 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 420 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 530 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 25 014 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ვოლგოგრადში უკრაინული დრონები სამხედრო აეროდრომს დაესხნენ თავს

ზელენსკი: „დონეცკში მტრის ნაბიჯები გვესმის და ვძლიერდებით“

„კურსკში ვაკონტროლებთ 92 დასახლებულ პუნქტს და 1250 კვ. კმ ტერიტორიას“ – ზელენსკი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საბაგიროსთან, სანაპიროზე ორსართულიან რესტორანს აშენებენ – მერია თანახმაა

ბათუმში, საბაგიროს შენობის უკან, ზღვის სანაპიროზე რესტორანს ააშენებენ. ორსართულიანი შენობის პროექტი მერიამ შეითანხმა და 6 აგვისტოს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებაც გამოსცა. მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა 2026 წლის 20 აგვისტომდეა. ტერიტორია კი მერიას 15-წლიანი იჯარით აქვს გასხვისებული.

კაფე-რესტორნის შენობის რენდერი, რომელიც კომპანიამ მერიაში წარადგინა

მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით:

„პროექტი ითვალისწინებს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ბათუმის საბაგიროს მიმდებარედ, კაფე-რესტორნის 2-სართულიან შენობა-ნაგებობას, საპარკინგე სივრცეს 26 ავტომობილზე და პატარა სკვერს.

ასევე ზღვის მხარეს შენობის მიმდებარედ ტერიტორიაზე ხიმინჯებზე მოეწყობა ბაქანი, რაზეც მოეწყობა საზაფხულო ტერასა, სადაც განთავსდება პერგოლა/საჩრდილობლები.

თავად შენობა 2-სართულიანია. პირველ სართულზე მოეწყობა რესტორნის ადმინისტრაციული სივრცე, სამზარეულო, სადაც მოეწყობა საკვების ლიფტი, პერსონალის გასახდელები, პროდუქტების შესანახი ოთახი, პატარა საკუჭნაო, სამი სანკვანძი, აქედან ერთი ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რესტორნის დარბაზი, სადაც აგრეთვე მოეწყობა ბარი/სალარო და სამი კიბე და ლიფტი, რომელიც რესტორნის დარბაზებს პირველ და მეორე სართულებზე აკავშირებს.

მეორე სართულზე მოეწყობა რესტორნის დარბაზი, აივანი, სამი სანკვანძი, აქედან ერთი ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ბოლო სართულის ტერასა არ არის ექსპლუატირებადი ფართი.“

რესტორნისა და მიმდებარე ტერიტორიის რენდერები

იჯარით გაცემული ტერიტორია ზღვის პირას [მონიშნულია წითელი ხაზით], სადაც მოიჯარე რესტორანს ააშენებს
ზღვის პირას მდებარე 1790 კვადრატული მეტრი ტერიტორიიდან სასყიდლიანი იჯარით 670 კვადრატული მეტრი, სადაც რესტორანი უნდა ააშენონ, ბათუმის მერიამ გასული წლის ივნისში 15 წლით, იჯარით გასცა. მოიჯარეა შპს „555“. ხელშეკრულების მიხედვით, ეს კომპანია ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად იჯარის ქირას – 72 550 ლარს გადაიხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, მოიჯარეს რესტორნის მომიჯნავედ არსებული 1120 კვადრატული მეტრი ტერიტორიის, როგორც ტურისტული ზონის, კეთილმოწყობაც ევალება. კომპანიამ სამუშაოები ამ ტერიტორიაზე მერიის შესაბამის სამსახიურებთან შეთანხმებით უნდა ჩაატაროს.

რაც შეეხება რესტორნის მშენებლობას, ის მოიჯარემ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს. მოიჯარეს ხელშეკრულებით სხვა შეზღუდვებიც აქვს:

იჯარის ხელშეკრულებიდან

შპს „555“ ბათუმში 2010 წელსაა რეგისტრირებული და მისი მესაკუთრე და დირექტორი მარად აბულაძეა.

მარად აბულაძე „ოცნების“ შემწირველიცაა. მან 2020 წელს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ 10 ათასი ლარი შესწირა.

„სამუშაოები უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით ერთ წელში მთლიანად მოწესრიგდება და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც ხელშეკრულებაშია გაწერილი“, – გვითხრა მარად აბულაძემ.

კაფე-რესტორნის შენობის რენდერი რომელიც კომპანიამ მერიაში წარადგინა
საბაგიროსთან სანაპიროს შემოღობვა დაწყებულია / 21.08.2024
საბაგიროსთან სანაპიროს შემოღობვა დაწყებულია / 21.08.2024

იჯარით გაცემული და მომიჯნავე ტერიტორია, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის და ქალაქის სხვა სტუმრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოკაციაა, წლებია მოუწესრიგებელია. აღსანიშნავია ასევე, რომ დამცავ ნაგეგბობასა და სანაპიროს შორის წყალი დაჭაობებულია. ადგილზე არის უსიამოვნო სუნიც, რაზეც „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს ქალაქის სანიაღვრე მილი. სავარაუდოდ, ფიზიკური ან იურიდიული პირების მხრიდან ადგილი აქვს წყალარინების ქსელის უკანონო დაერთებას სანიაღვრე ქსელზე, რომლის დადგენაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია“, – მოგვწერეს მაშინ „ბათუმის წყლიდან.“

„ბათუმელებმა“ კითხვები ქალაქის მერიასაც გაუგზავნა წერილობით, თუ რატომ არ აწესრიგებდა ამ ადგილს და რა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მერიიდან მხოლოდ კომპანია „555“-თან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ასლი გამოგვიგზავნეს.

კომპანიის დირექტორის, მარად აბულაძის თქმით, „მილი, რომელიც ზღვაში შედის, არის სანიაღვრე და აქ საკანალიზაციო წყალი აღარ ჩაედინება.“ მისივე თქმით, შემდგომში რესტორნის საკანალიზაციო მილებს გოგებაშვილის ქუჩაზე გამავალ ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელზე დააერთებენ.

„ბათუმელები“ დღესაც დაუკავშირდა „ბათუმის წყალს“, სადაც გვითხრეს, რომ დაგვიკავშირდებოდნენ და ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ამ თემაზე:

რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან

საკონსტიტუციომ თუ არ შეაჩერა რუსული კანონი, ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას – კორძაია

„ამ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, საქართველო წავა დასავლეთის მიმართულებით, თუ საქართველო იცხოვრებს რუსული წესებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უახლეს ისტორიაში,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია 29 აგვისტოს ჩანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელების განმწესრიგებელ სხდომას.

რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 44 ოპოზიციონერ დეპუტატს, 121 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე, სასამართლოში სარჩელი დამოუკიდებლად შეიტანეს „მთის ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“.

თამარ კორძაია ერთ-ერთი მოსარჩელეა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში 44 დეპუტატის მიერ შეტანილ სარჩელს წარადგენს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული პროცესი. იმიტომ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩვენ არ ვყოფილვართ ისეთი გამოწვევის წინაშე, როგორც ვართ დღეს.

თუ ეს კანონი ძალაში დარჩება, ჩვენ ევროკავშირის პერსპექტივა მოგვესპობა განუსაზღვრელი ვადით. ერთი რამ ცალსახაა – ევროკავშირში გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი.

ეს ერთი ნაწილია პრობლემის.

მეორე ნაწილია ის, რომ ადამიანის უფლებებს არღვევს. ეს ნიშნავს, რომ თუ შეჩერების მექანიზმი არ აამოქმედა საკონსტიტუციო სასამართლომ, ეს მიგვიყვანს ჩვენი პერსპექტივის განადგურებამდე და ადამიანის უფლებების დარღვევამდე. ეს გზა რუსეთმა უკვე გამოიარა. ჩვენ არ გვინდა ვცხოვრობდეთ ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია.

ამიტომ ჩვენი ბრძოლაა ეს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალია, ამ სარჩელის წარდგენაც და მერე ამ სარჩელით წარდგენილი არგუმენტების სათანადო დასაბუთება სასამართლოს წინაშე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, რუსული კანონის გასაპროტესტებლად, საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ერთადერთი მექანიზმი დარჩა და ეს არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

„კონსტიტუციის 78-ე მუხლი გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გავხდეთ. ეს 78-ე მუხლი, საკონსტიტუციო სასამართლოსაც ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და შევასრულოთ კონსტიტუციის მოთხოვნა. ამიტომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეჩერების მექანიზმს არ გამოიყენებს, ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს.

აქედან გამომდინარე [მოსამართლეები] გაიზიარებენ იმ 84 პარლამენტარის სახელს და ბედს, რომლებმაც ეს კანონი მიიღეს და შეაფერხეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. პირველ რიგში, ეს შეიძლება იყოს სანქციები მოსამართლეებზე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ საქმე არ მივა აქამდე“, – ამბობს თამარ კორძაია.

საკონსტიტუციომ თუ არ შეაჩერა რუსული კანონი, ეს გაანადგურებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას – კორძაია


რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.

„ოცნების“ კანდიდატს ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გადაუხადეს – სოლო კონცერტი ბათუმში

ბათუმელი მომღერალი არჩილ ბერიძე „ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაში დაასახელა. მმართველ პარტიაში თქვეს, რომ ის გამსვლელ სიაში იქნება.

საარჩევნო სიაში დასახელებამდე ხუთი დღით ადრე კი მომღერალმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი გამართა, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან დაუფინანსეს.

არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 60 000 ლარი გადაიხადა. კონცერტის მხარდამჭერი იყო ბათუმის მერიაც. თუმცა მერია მალავს ინფორმაციას, რა თანხა გამოყვეს მომავალი პოლიტიკოსის სოლო კონცერტისთვის და რა ტიპის მხარდაჭერა გაუწია თვითმმართველმა ორგანომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრს.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დეპუტატობა სურს [ეს, პირველ რიგში, მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას გულისხმობს], ინფორმაციის გასაჯაროების ნება არც „ოცნების“ კანდიდატს აღმოაჩნდა – მან ამ პარტიის მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

კითხვაზე, თუ რა დაუჯდა მისი სოლო კონცერტი ბიუჯეტს, მუსიკოსმა და მომავალმა პოლიტიკოსმა სტანდარტული პასუხი გაგვცა ტექსტური შეტყობინებით: – „შეგიძლიათ მიმართოთ მერიის და კულტურის სამინისტროს და მოგაწვდიან ინფორმაციას“.

მას ასევე ვკითხეთ, რადგანაც „ოცნების“ საარჩევნო სიაშია, არის თუ არა მისი ან პარტიის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტით სოლო კონცერტის გამართვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? „ოცნების“ კანდიდატი ირწმუნება, რომ მისი კონცერტი მანამდე დაიგეგმა, ვიდრე ის პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა.

„ჩემი კონცერტი ჩატარდა 10-11 აგვისტოს, ხოლო ჩემი წარდგენა გამოცხადდა 15 აგვისტოს. შესაბამისად, ვერავითარ დარღვევას ვერ ვხედავ და არც ჩემს კონცერტებზე გაჟღერებულა რაიმე პოლიტიკური განცხადება“, – მოგვწერა არჩილ ბერიძემ.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და აჭარის განათლების და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, არჩილ ბერიძის სოლო კონცერტზე.

რაც შეეხება კონცერტის ფინანსურ ნაწილს, როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, არჩილ ბერიძეს სოლო კონცერტისთვის თანხა გამოეყო „ფესტივალების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 600 ათასი ლარია. თითოეულ პროექტზე გათვალისწინებული იყო 80 ათასი ლარი.

თუმცა, როგორც სამინისტროში ამბობენ, არჩილ ბერიძეს მხოლოდ 60 ათასი ლარი დაუფინანსეს.

რაც შეეხება ბათუმის მერიას, მასაც მივმართეთ კომენტარისთვის, თუმცა მერიამ ამ საკითხზე დუმილი ამჯობინა და ბიუროკრატიული ბარიერები შექმნა.

„უნდა დაურეკოთ პრესცენტრს, ჩვენთან ასეთი წესია. მე უნდა მივცე ინფორმაცია და ისინი მოგაწვდიან თქვენ“, – გვითხრა ბათუმის მერიაში კულტურის სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ, როცა ამ საკითხზე კომენტარისთვის მივმართეთ.

მას ვუთხარით, რომ პრესსამსახური საქმის კურსში იყო და 20 აგვისტოს, მთელი დღე ველოდებოდით ინფორმაციის მიწოდებას.

„ჩემგან მიწოდებულია“, – გვითხრა მერაბ ქიძინიძემ.

თუმცა, მერიის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულ სამსახურს არჩილ ბერიძის სოლო კონცერტის ხარჯების შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებია.

„გამოითხოვეთ ინფორმაცია“ – ასე დაასრულა „ბათუმელებთან“ ურთიერთობა მერაბ ქიძინიძემ.

ბათუმში ელექტროკარადას ცეცხლი გაუჩნდა

დღეს, 21 აგვისტოს ბათუმში, მელიქიშვილისა და გორგასლის კვეთაში ცეცხლი გაუჩნდა ელექტროკარადას.

ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ავარიული დაზიანების გამო გათიშულია 70-მდე აბონენტი. კომპანიაში გვითხრეს, რომ დაზიანება მალე აღმოიფხვრება.

____________

ფოტოზე: კადრი კობა ფარტენაძის ვიდეოდან

ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ფუნქციების განაწილების წესის შესახებ

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით განმარტავს ცესკოს იმ დადგენილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრას შეეხება.

დადგენილების თანახმად, ისევე როგორც ელექტრონულ საარჩევნო უბნებზე, იმ საარჩევნო უბნებზეც, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება, კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ტარდება კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა.

პირველ რიგში, გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკო დადგენილების მიღებისას ეყრდნობოდა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს. ასევე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესი იყოს კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული, ერთგვაროვანი და კენჭისყრის დღეს ამომრჩეველს საარჩევნო უბანი დახვდეს მზად. აღსანიშნავია, რომ დადგენილება მიღებულია მაღალი ქვორუმით (12 ხმა, მათ შორის  პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა). მიუხედავად ამისა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობენ ცესკოს ამ გადაწყვეტილების უარყოფითად წარმოჩენას .

კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ და შევახსენოთ საზოგადოებას, რომ წელს პირველად პარლამენტის არჩევნებზე ამომრჩეველთა თითქმის 90% ელექტრონული ტექნოლოგიებით მისცემს ხმას და ასეთ საარჩევნო უბნებზე (2262 საარჩევნო უბანი) წილისყრის გარკვეული პროცედურების გამართვა ისედაც კენჭისყრის დღემდე მეშვიდე დღეს იყო გათვალისწინებული,რაც ჯერ კიდევ 2023 წელს გამართული რიგგარეშე/შუალედური არჩევნების დროს უკვე მოქმედებდა და არცერთ ეტაპზე ხელი არ შეუშლია საარჩევნო პროცესისთვის.

შესაბამისად, დადგენილების  მიღებისას გათვალისწინებული იყო, რომ:

  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე დილის პროცედურები გარკვეულ დროს მოითხოვს და მნიშვნელოვანია, საარჩევნო უბანი მომზადებული შეხვდეს პირველ ამომრჩეველს;
  • მნიშვნელოვანი იყო ერთგვაროვნების პრინციპის უზრუნველყოფა, რომ როგორც ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე, ასევე ტრადიციულ უბნებზე წილისყრა განხორციელებულიყო ერთგვაროვნად. წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას;
  • წილისყრის ყველა პროცედურა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოვლენას შეეხება, გამართულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეშვიდე დღისა. მათ შორის იმ უბნებში, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით იმართება და იმ უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

ამასთან, ჩვენთვის გაუგებარია ჩართული მხარეების მხრიდან აპელირება იმაზე, თითქოს დამკვირვებლები ვერ შეძლებენ წილისყრის პროცედურებზე დაკვირვებას.  საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ დამკვირვებლებს უფლება აქვთ თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას – კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის დღემდე პერიოდს, კენჭისყრის დღის შემდგომ პერიოდს, მათ შორის დაესწრონ საარჩევნო კომისიის სხდომებს. ასევე, როგორც აღნიშნა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების ნაწილის გამოვლენა 2262 უბანზე ისედაც უნდა განხორციელებულიყო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა და ამ თვალსაზრისით დაკვირვება არათუ გართულდება, პირიქით, უფლებამოსილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ წილისყრის პროცედურის არა ნაწილს, არამედ მთლიან პროცესს.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საარჩევნო ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება თუ ქმედება. ამასთან შევახსენებთ და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, გაითვალისწინონ რომ არჩევნები საერთო საქმეა და უსაფუძვლო განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს.

საკონსტიტუციო რუსული კანონის შეჩერებას განიხილავს – 4 სარჩელი პარლამენტის წინააღმდე

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვას იწყებს. 29-30 აგვისტოს განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყდება, შეტანილი 4 სარჩელიდან რამდენს დაუშვებენ არსებით განხილვაზე.

რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს საქართველოს პრეზიდენტს, 38 ოპოზიციონერ დეპუტატს, 122 მედია და არასამთავრობო ორგანიზაციას. ასევე, სასამართლოში სარჩელი დამოუკიდებლად შეიტანეს „მთის ამბებმა“ და სტუდია „მონიტორმა“ [კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837].

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პირველი სამი სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება. ამის შესახებ 29 ივლისს განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ. სავარაუდოდ, მეოთხე სარჩელიც სხვა სამ სარჩელთან ერთად განიხილება.

ყველა მოსარჩელე ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიყენოს დროებითი ღონისძიება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს რუსული კანონი.

————————

რუსული კანონი საქართველოში 3 ივნისიდან მოქმედებს. ის გრანტის მიმღებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს მიანიჭებს.

კანონის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებზე ძალადობა და მათი დაშინების მცდელობები. კანონის ამოქმედების შემდეგ შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

გარდა ამისა, როგორც ევროკავშირმა, ისე სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესა.

ტემპერატურა მაღლა იწევს, ტყის ხანძრების საფრთხის დონე მატულობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში კი 35-37 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

სააგენტო წერს, რომ ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს და დღეის მდგომარეობით, ტყის ხანძრების საფრთხის დონე საშუალოა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა და რეკომენდაციებს ავრცელებს:

  • სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყე-კაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.
  • ტყის ფონდის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში.
  • ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.
  • ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდეთ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ოჩხამურელებმა ქობულეთთან ავტობანი გადაკეტეს – მოსახლეობა წყალს ითხოვს

დღეს, 21 აგვისტოს, დაბა ოჩხამურელებმა ქობულეთთან საერთაშორისო მაგისტრალი გადაკეტეს. დაბის მცხოვრებლები წყალს ითხოვენ.

მოსახლეობის თქმით, დაბას წლებია არ აქვს სასმელი წყალი, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში კი აღარც ტექნიკური წყალი არ მიეწოდებათ.

„გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს. წლებია სასმელ წყალს ხელით ვეზიდებით დაბის მოსახლეობა – სამ ადგილასაა სასმელი წყლის აღება ოჩხამურში შესაძლებელი მხოლოდ. ჩემი სახლიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული ეს ადგილი. ამას გარდა გრაფიკით გვაქვს წყალი, რომელსაც მხოლოდ სარეცხისთვის და საბანაოდ ვიყენებთ. ერთი კვირაა ეს წყალიც შეგვიწყდა.

ავტობანის გადაკეტვის გარდა სხვა ვერაფერი გავაკეთეთ. წლებია ვითხოვთ ქობულეთის მერიისგან პრობლემის მოგვარებას, მაგრამ აქამდე ყურადღება არავინ მოგვაქცია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დაბა ოჩხამურის მკვიდრმა ნატო გაბუნიამ. ის დღეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

აქციაში იღებდა მონაწილეობას იამზე ცალქალამანიძეც, რომელიც დაბა ოჩხამურის საკრებულოს წევრია ენმ-იდან.

„საშინელი ანტისანიტარიაა. წყალი არ გვაქვს. ერთი ჭაა, იქიდან ვეზიდებოდით, ახლა ის ჭაც შრება და არ ყოფნის ხალხს წყალი. ერთი საათით უშვებენ სოფელში წყალს კვირის განმავლობაში. ხალხი ადგა და გადაკეტა გზა. პოლიციამ დაგვშალა. ახლაც მტკივა ხელები ისე გამოგვათრიეს,“ – უყვება „ბათუმელებს“ იამზე ცალქალამანიძე.

ოჩხამურელებთან ავტობანის გადაკეტვის შემდეგ ქობულეთის მერის მოადგილე მივიდა. როგორც დაბის მცხოვრებლები ამბობენ, მერის მოადგილე ოჩხამურელებს დაპირდა, რომ „ხვალ 11 საათამდე იქნება დაბაში წყალი“.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა ქობულეთის მერიას. კომენტარის გაკეთების შემთხვევაში მას აქვე შემოგთავაზებთ.

ოჩხამურში წყლის პრობლემის არსებობაზე „ბათუმელები“ 2 წლის წინაც წერდა.

ვერ დალევ, პურს ვერ მოზელ, თეფშებს რომ ვრეცხავ, ისიც მეზიზღება – უწყლო ოჩხამური

საბაჟოებზე ორ კვირაში 78 000 ლარის არადეკლარირებული ოქრო გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 4–16 აგვისტოს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე-ოფიცრების მიერ, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

ოქროს საერთო წონა 671,15 გრამი იყო.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 78 606,76 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 4 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში, 27 818,6 ლარის ოდენობით განესაზღვრა, ხოლო სამი  კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“ – წერს უწყება.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

პარტიული სიების წარდგენის წესები არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს და ამასთან დაკავშირებით არსებულ სიახლეებს განმარტავს.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ყოველ პარტიას უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (26 სექტემბერი).

√  დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

სიახლეა ის რომ, არჩევნებში მონაწილე პარტიამ პარტიული სიას წარდგენისას უნდა დაურთოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი განაცხადი პარტიული კუთვნილების შესახებ. კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე განსაზღვრა (დადგენილება №34/2024), რაც ხელს უწყობს პარტიებს გაითვალისწინონ და დროულად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები პარტიული სიებთან დაკავშირებით.

პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და განაცხადის შევსების თარიღთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი იმ პარტიის წევრია, რომელი პარტიული სიითაცაა წარდგენილი, ან არის უპარტიო, ან თუ დატოვა პარტია პარტიული სიის/კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარმოდგენამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში, ვალდებულია მიუთითოს. თუ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია, განაცხადში უნდა მიუთითოს პარტიის სახელწოდება.

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით თუ აღმოჩნდა, რომ კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია ან დარღვეულია ზემოაღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გარდა აღნიშნულისა, პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ფოტოსურათი. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ

ცნობა საჯაროა და ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

√  უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობას გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა).

სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

  • გვარი, სახელი;
  • დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
  • სქესი;
  • მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);
  • საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
  • სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);
  • თანამდებობა (საქმიანობა);
  • საქართველოში არანაკლებ 10 წლის ცხოვრების ფაქტი;
  • თანხმობა მოცემული პარტიული სიით კენჭისყრაზე;
  • ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;
  • ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის რეისებს ამატებს

„გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზა 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს“ – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, დამატებითი რეისები ღამით იქნება.

კერძოდ, 24, 25, 31 აგვისტოს და 1-ელ სექტემბერს მატარებელი თბილისიდან გამოვა ღამის 00:30 საათზე, ბათუმში იქნება 05:38-საათზე. ამავე თარიღებში მატარებელი ბათუმიდან გავა 00:40-საათზე და თბილისში იქნება 05:41-საათზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 21 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 603 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210]
  • ტანკი – 8 522 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 16 542 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 17 216 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 166 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 928 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 367 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 13 902 ერთეული [+38]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 442 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 23 221 ერთეული [+79]
  • სპეცტექნიკა – 2 887 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 639 თვითმფრინავი
  • 282 ვერტმფრენი
  • 30 255 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 575 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 17 348 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 416 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 13 470 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 24 977 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„კურსკში ვაკონტროლებთ 92 დასახლებულ პუნქტს და 1250 კვ. კმ ტერიტორიას“ – ზელენსკი

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გაზიფიცირება გაზის გარეშე – რომელ სოფლებს დაქსელავენ ამჯერად აჭარაში

სახელმწიფო შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჯერად აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებას გეგმავს. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ფასისა და ვადების დასადგენად კი ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

აღნიშნული 11 სოფლიდან ერთი ქობულეთის სოფელი ჭახათია, თუმცა „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაზი ქობულეთის ზოგიერთ სოფელში ორმაგი ოცნების საგანია – ჯერ მილების შეყვანაზე ოცნებობენ, შემდეგ კი – გაზის ჩართვაზე.

მაგალითად, სოფლების – ალამბრის, მუხაესტატეს, აჭყვისთავის, ზენითის, ლეღვას, ზედა კონდიდის, კოხის, ოხტომისა და ყოფილი ჩოლოქის მეურნეობის დასახლებას ერთი ოცნება აუხდინეს – გაზის მილები შეიყვანეს, მაგრამ უკვე მეოთხე წელია, რაც აქ გაზის ჩართვაზე ოცნებობენ.

ამ სოფლებში გაზის მილები წინასაარჩევნო, 2021 წელს შეიყვანეს, თუმცა გაზი ამ დრომდე არ ჩაურთავთ. „ბათუმელები“ გასულ წელს არკვევდა, როდის მიაწვდიდნენ ამ სოფლებში მოსახლეობას გაზს, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერცერთი კომპეტენტური ორგანიზაციიდან ვერ მიიღო.

მოსახლეობა კი ამბობდა, რომ მთავრობა „შემდეგ არჩევნებს უცდიდა“. ეს შემდეგი არჩევნებიც კარსაა მომდგარი, თუმცა გაზი ქობულეთის სოფლებში ამ დრომდე არავის ჩაურთავს.

ამ თემაზე დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე: ვინ არ ურთავს გაზს და წყალს ქობულეთის სოფლებს – რა ჩანს დოკუმენტებში

„გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, დაწყებულია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება სოფლების უმეტეს ნაწილში დაიწყება“, – მოგვწერეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურიდან.

რაც შეეხება იმ სოფლებს, სადაც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას გაზიფიცირების სამუშაოები აქვს დაგეგმილი, ქობულეთის სოფელ ჭახათის გარდა არის ქედის [ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო, დანდალო], შუახევის [ოქროპილაური], ხულოს [ქვედა ვაშლოვანი] და ხელვაჩაურის [მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი] სოფლები.

სოფლების ჩამონათვალი გაზიფიცირებისთვის საჭირო მილების საპროექტო სიგრძის მითითებით:

სოფლები აჭარაში სადაც 2024 წელს გაზიფიცირების სამუშაოებია დაგეგმილი / წყარო: გაზის ტრანსპორტირების კომპანია

აჭარის აღნიშნულ სოფლებსა და ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის [55 სოფელში] გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებისა და შესრულების სავარაუდო ვადის დადგენის მიზნით, გაზის ტრანსპორტირების კომპანია დაინტერესებულ პირებს სთხოვს არაუგვიანეს 2024 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, მიაწოდონ შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და გადასახდელის ჩათვლით) და შესრულების სავარაუდო ვადა.

„გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ“, – აღნიშნულია ბაზრის კვლევის განაცხადში.

სავარაუდო ფასის დადგენის შემდეგ კი კომპანია სოფლების გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

აჭარის აღნიშნულ სოფლებში „ბათუმელებისთვის“ ადრე მოწოდებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირების სამუშაოები 2023 წელში უნდა დაწყებულიყო, 2024 წელს კი, სხვა სოფლების გაზიფიცირება იყო დაგეგმილი.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აჭარის იმ დასახლებების ჩამონათვალი, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები 2024 წლის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო 2021 წელს მოგვაწოდა [ეს ჩამონათვალი მაშინ ემთხვეოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ გაზიფიცირების ოთხწლიან გეგმას].

სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიას უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, ფაქტია, რომ მთავრობის ეს გეგმა-დაპირება ვერ შესრულდა.

„ოცნების“ ხელისუფლებას, რომელსაც წინა არცერთი საარჩევნო დაპირება არ შეუსრულებია [მაგალითად 200 000 ახალი სამუშაო ადგილი; ავტობანის მშენებლობის დასრულება, სკოლებში ბავშვთა უფასო კვება] და რომელმაც გაზიფიცირებულ სოფლებში მეოთხე წელია გაზი ვერ ჩართო, ამ საარჩევნოდ მოსახლეობას, ამ ეტაპზე, მხოლოდ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განადგურებას ჰპირდება, თუმცა, აქაც მანიპულირებს.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

ცესკოს განცხადება კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

გვინდა გამოვეხმაუროთ  საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკთან“ დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი და შემხებლობა არ აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვებით ხორციელდება მისი მანიპულაციურად გამოყენება უწყებისა და ელექტრონული არჩევნების ნეგატიურ კონტექსტში წარმოსაჩენად და უსაფუძვლო აღქმების შესაქმნელად.

საქმე ეხება კომპანია „სმარტმატიკის“ რამდენიმე წარმომადგენლის მიმართ დაწყებულ დავას. როგორც თავად მედიის მიერ მომზადებულ მასალებშიც არის აღნიშნული, „სმარტმატიკის“ ინფორმაციით დავა მიმდინარეობს არა კომპანიის, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამ ეტაპზე  გათავისუფლებული არიან „სმარტმატიკიდან“.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალის ადრესატებს არანაირი ფორმალური თუ იურიდიული შემხებლობა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან არ ჰქონიათ, შეინიშნება ამ თემით სპეკულირების და საარჩევნო ადმინისტრაციასთან უარყოფით ჭრილში დაკავშირების მცდელობა, რაც იმთავითვე უსაფუძვლოა.  ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დავის საგანი არ არის თვითონ საარჩევნო ელექტრონული აპარატები და მათი მუშაობა. ამდენად ფაქტი, რომელზეც საუბარია მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, ვერანაირად ვერ აისახება საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე და ვერ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ აპარატების გამართულ მუშაობას და მის მიმართ სანდოობას.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ ,,Pro V&V”-მ ჩაატარა არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი და დაადგინა, რომ საქართველოში გამოყენებული ტექნოლოგიები სრულ თანხვედრაშია ადგილობრივ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულია კენჭისყრის ყველა ეტაპის გადამოწმება და აუდიტირება, რადგან ყველა ეტაპზე არის ქაღალდის კვალი, ე.წ. „Paper Trail“. ამასთან, კანონის შესაბამისად,  ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები.

აღსანიშნავია, რომ დავა, რომელზეც საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში,  არის მიმდინარე და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს,  ეს არის გავრცელებულ ინფორმაციაში ხსენებული კონკრეტული პირებისა და კონკრეტული ქვეყნის შემთხვევა და ის გავლენას ვერ მოახდენს ჩასატარებელ არჩევნებზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნული ვენდორი კომპანია შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულად და მას აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება 30-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის, დღეის მდგომარეობით, ხსენებული კომპანია ახორციელებს აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის, კანადის ზოგიერთი პროვინციის, ბელგიის, ესტონეთის, არგენტინის, ავსტრალიის, ალბანეთის, ბულგარეთის, სომხეთის და ა.შ. ტექნოლოგიურ მხარდაჭერას.

არჩევნების მთლიანობის დაცვა მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების გზით აუცილებელია დემოკრატიული სისტემების სიჯანსაღისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამდენად, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, გამოიჩინონ სახელმწიფოებრივი მიდგომა და უსაფუძვლო ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანეს პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

ბათუმის თევზის ბაზარში ხამანწკებში სალმონელა და E.coli გამოვლინდა – სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმის თევზის ბაზარში, ხამანწკებში სალმონელა და ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია (E.coli) გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ.

„ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობდნენ და რესტორანში „ლურჯი ტალღა“, სადაც მიირთვეს თევზის ბაზარში (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2) შეძენილი თერმულად დაუმუშავებელი ზღვის პროდუქტები.

არაგეგმური ინსპექტირებისას, სასტუმროს სამზარეულოში დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 500 ლარით „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს თევზის ბაზარშიც (ბათუმი, ბაქოს ქ.N33, დახლი 2), ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ სარეალიზაციო ობიექტში, სადაც ლაბორატორიული კვლევისათვის აიღეს ზღვის პროდუქტის (ხამანწკები) ნიმუშები.

მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგად, ხუთივე ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი Salmonella spp, ხოლო ერთში – ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერია E.coli“ – წერს სურსათის უვნებლობის სააგენტო.

უწყების ცნობით, ბიზნესოპერატორი, კანონის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით; ასევე, დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს ინფორმირება.

ობიექტში სარეალიზაციოდ განთავსებული ზღვის პროდუქტები დაილუქა და განადგურდება.

_____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

საბაჟოებზე 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ამოვიღეთ – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2024 წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „სარფი“, „ლაგოდეხი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 250 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს“ – წერს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, სრულად ჩამოერთვა საქონელი და ვინაიდან ქმედება განმეორებით იყო ჩადენილი, მათ შეეფარდათ ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

უწყების ცნობით, კანონდამრღვევი საქართველოს ერთი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

____________

ფოტო არქივიდან.

Exit mobile version