„ევროპის ყველაზე დიდი სიკეთე არის ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა,“ – ამბობს ნონა წოწორია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
რატომ ვირჩევთ ევროპას, რატომ მივისწრაფვით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რას მოუტანს ეს საქართველოს“, – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ყოფილ მოსამართლეს.
რატომ გვინდა ევროპაში? ევროპაში გვინდა იმიტომ, რომ იყოს მშვიდობა. ევროპა არის კონტინენტი, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომი არ ყოფილა. ამიტომ ევროპაში ჩვენი ყოფნა ნიშნავს მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი ხალხისთვის. ეს მოდის პირველ რიგში კანონის პატივისცემიდან, კანონის უზენაესობიდან, ადამიანის უფლებების პატივისცემიდან.
ეს არის ამოსავალი, რაზეც დგას ევროპული ცივილიზაცია, ევროპული კულტურა და რატომ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ იქ. ამას თუ გადავთარგმნით იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით, ახლა, მაგალითად ბათუმში ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული საცხოვრებელი გარემო, იყოს ჯანმრთელი, ბავშვებს ჰქონდეთ წესიერი განათლება, ადამიანს ჰქონდეს საშუალება მიიღოს კარგი განათლება, კარგი ჯანდაცვა. პოლიციელი, რომელიც ქუჩაში დგას, უნდა ემსახურებოდეს მოქალაქეს და იცავდეს მის ინტერესებს.
ეს ყველაფერი საბოლოოდ ითარგმნება ჩვენ კეთილდღეობაში, ჩვენი შვილების მომავალში და იმაში, რომ ამ ქვეყნის მომავალი არ იყოს საფრთხის ქვეშ. სწორედ ამიტომ გვინდა ევროპა. მე ევროპაში ვცხოვრობ, მაგრამ იქ არ მინახავს, რომ ჩემი რომელიმე მეზობელი რელიგიური მრწამსის გამო თავს დამსხმოდა ან რამე საფრთხე შეჰქმნოდა ჩემს რელიგიურ თუ ეთნიკურ იდენტობას.
მე ვარ ყველაზე კარგი მაგალითი ალბათ იმისთვის, რომ ეს ვთქვა. არავითარი საფრთხე ქართველებს ევროპაში ყოფნით არ ემუქრებათ. ეს არის იმის გარანტია, რომ ჩვენმა შვილებმა არასდროს იკითხონ, ეს ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი, გადარჩება თუ არა.
სწორედ ამიტომ გვჭირდება ევროპაში ყოფნა.
- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეხმარებიან საქართველოს ევროპის რიგი ქვეყნები. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება დამოუკიდებლობის გზაზე ახლად ფეხშედგმული ქვეყნისთვის?
მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც მოესწრო საბჭოთა კავშირის დაშლას და იმ გარდამავალ ეპოქას, რომელიც საქართველომ საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობის გზაზე გაიარა. ამიტომ ყველაზე კარგად მე მესმის, რას ნიშნავდა უცხოური დახმარება, რომელიც საქართველომ მიიღო. ჩვენ ვიყავით ის თაობა, რომელსაც მოუწია სამოქალაქო ომის და აფხაზეთის ომის პერიოდში სტუდენტობა და პროფესიული კარიერის დაწყება.
რომ არა უცხოური დახმარება მე, პირადად, ვერ შევძლებდი ვერც პროფესიულ განვითარებას. მეტიც, ჩემი ოჯახი უბრალოდ ვერ შეძლებდა ფიზიკურად გადარჩენას. ასეა უამრავი ოჯახი საქართველოში, რომელიც ბოლო 30 წელია იმ სიკეთეებით სარგებლობს, რომელიც დასავლეთს მოაქვს.
ამიტომ გვჭირდება ჩვენი მეგობრები, ამიტომ უნდა დავაფასოთ ისინი. ის რიტორიკა, რომელსაც ახლა ვისმენთ უცხოელი მეგობრების წინააღმდეგ, არის სრულიად წარმოუდგენელი და დიდი უსამართლობა მათ მიმართ, რასაც ჩვენ ჩავდივართ.
ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც არ შეუძლია სიკეთის და ბოროტების გარჩევა. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მეგობრები, რომელთა დახმარებითაც ჩვენ გადავრჩით, არიან ასეთი დაუნდობელი შეტევის მსხვერპლი. ეს არის სრულიად დაუშვებელი საქციელი და არ გვეპატიება ეს, ჩვენ ასეთ ერს, რომელსაც სტუმარ-მასპინძლობა და მეგობრის სიყვარული აქვს ნამდვილად, როგორც დიდი კულტურული და ისტორიული ტრადიცია.
- თქვენი აზრით, რა იყო რუსული კანონის მიღების საფუძველი და იყო თუ არა ის ფაქტორი, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაეკეტათ ალტერნატიული დაფინანსების მიღების გზა?
რუსული კანონის მიღებას, ჩემი ღრმა რწმენით, ძალიან ბევრი ამოცანა აქვს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საზოგადოების თავისუფალი ჯგუფების ბოლომდე დამორჩილება. იმ დემოკრატიული სიტყვის ჩახშობა, რომელიც ხელისუფლებისთვის საშიშია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
გარდა ამისა, ამ კამპანიას და, ზოგადად, რუსული კანონის შემოღებას, ჩემი ღრმა რწმენით, ნამდვილად აქვს ის მიზანი, რომ საზოგადოება, ვინც არ არის დამოკიდებული ხელისუფლებიდან შემოსავალზე, მათ ეს შემოსავალი წაართვან, ჩამოაშორონ და ამით დარჩნენ სახელმწიფოს შემწეობის იმედად. როდესაც სახელმწიფოს შემწეობის იმედად არის ადამიანი, ასეთი ტიპის საზოგადოებებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის, პირველ რიგში, ძალიან საშიში თითოეული ადამიანის თავისუფლებისთვის.
სწორედ ამიტომ ამ კანონს აქვს მახრჩობელა ეფექტი – რვაფეხასავით არის, იმდენად დიდი მისია აქვს ამ კანონს. მთავარი ამოცანა ამ კანონის არის საზოგადოების თავისუფალი ნაწილის ჩახშობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ხელისუფლებას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს კანონი აკანონებს დასმენის ინსტიტუტს, რომელიც საფრთხის შემცველია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის. ჩვენ გვაქვს 30-იანი წლების მძიმე გამოცდილება. ამის დაბრუნება ნამდვილად ტრაგიკული იქნება, როდესაც შეიძლება მოქალაქე აღმოჩნდეს მეზობლების, ნათესავების თუ სხვების ნდობის დაკარგვის წინაშე.
იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება პარანოია დაგვემართოს ყველას ერთად, ეჭვი შევიტანოთ ყველა ჩვენი ახლობლის კეთილ განზრახვებში. ეს დაშლის საზოგადოებას ცალკეულ ნაწილებად. მე ვფიქრობ, ეს იქნება დამღუპველი და უნდობლობის გარემოს შემქმნელი, რომელიც აბსოლუტურად სცილდება დასავლური ცივილიზაციის გაგებას.
- პროპაგანდისტები, როდესაც უცხოურ დახმარებაზე საუბრობენ, სულ ამბობენ, რომ აი, თუ თავისი ინტერესი არ აქვს ევროპას, რატომ გვეხმარება, რატომ გვაძლევს ამხელა დაფინანსებას. რას უპასუხებდით მათ?
ბოლო პერიოდის საქართველოში შინაარსი დაკარგა ქველმოქმედებამ და ასოცირდება ის კერძო ინტერესებთან, ამის მიზეზი ნამდვილად ვიცით ჩვენ. ყველას შეიძლება ჰგონია, რომ ადამიანები მხოლოდ კომერციული მიზნებით მოქმედებენ, რაც ასე არაა.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ მეზობლად არის ბავშვი, რომელსაც შია და სწყურია და თქვენ ამ დროს გაქვთ თავსაყრელი, თუ თქვენ ამ ბავშვს მისცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს, იქნებ ხელი წაუკრათ, რომ ცოტა განათლება მიიღოს, ეს იქნება თუ არა თქვენი შვილისთვისაც უკეთესი? მას ეყოლება მეზობელი, რომელიც არის წარმატებული, განათლებული, მინიმუმ კრიმინალი არ არის და თქვენს შვილს, რომ გაიზრდება, დანას არ ჩაარტყამს ზურგში.
ესაა ძალიან მარტივი მაგალითი ყოფით დონეზე, რატომ შეიძლება თქვენს მეზობელს ან ნათესავს ხელი გაუწოდოთ, იმისთვის, რომ ის იყოს უკეთესი და თქვენს შვილს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი გარემო.
ამას თუ ვთარგმნით და გადავიტანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, ძალიან მარტივად მივხვდებით, რატომ შეიძლება საფრანგეთი გვეხმარებოდეს იმაში, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა იყოს.
მინიმუმ იმიტომ, რომ ომი არ იყოს ამ ქვეყანაში, არ იყოს ძალადობა, არ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უწევთ საკუთარი ქვეყნიდან გადაადგილება და სხვა ქვეყანაში უსაფრთხოების თუ ჯანმრთელობის გამო ემიგრაცია.
როდესაც შენი მეზობელი მდიდარია, წარმატებული, თუ წესიერი ქვეყანა ხარ, თუ წესიერი მეზობელი ხარ, შენც ასევე გიხარია ის, რომ ის არის შენი დიდი კულტურული ოჯახის წევრი. ამიტომაა საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ უნდა დავიცვათ ურთიერთობის ის წესები, რომლებიც ამ ქვეყნებს აქვთ.
ჩვენ ვერ მივალთ ამ ქვეყნებთან და ვერ ვიტყვით, რომ მე შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ აი, ეს ჩემი წესებია და მოდი ახლა შენ ჩემი წესებით იცხოვრე.
იგივე ხდება სამეზობლოში, ქალაქში, სანათესავოში… თქვენ რამდენი ხანი შეიძლება აიტანოთ მაგალითად ცუდი ნათესავი, რომელიც მოდის, სახლს გინგრევთ, ფულს გართმევთ და ბრუნდება საკუთარ ოჯახში.
ვეცადოთ, რომ ასეთი დიდი თემები, გავიგოთ რაღაცა პატარა ლოკალურ კონტექსტში.
მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი იმდენად გონიერია და იმდენად წესიერი შინაგანად, რომ ამაზე პასუხები მიიღოს. ახლა მაგალითად სტრასბურგში ჯანდაცვის სისტემა არის კოლაფსის პირას, იმიტომ, რომ იმდენ ავადმყოფს უვლის, ფრანგული ჯანდაცვის სისტემა, რომ საფრანგეთის მოქალაქეებს შეიძლება თავად ჰქონდეთ პრობლემა ჯანდაცვის მიღების.
წარმოიდგინეთ, რატომ შეიძლება საფრანგეთს არ უნდოდეს, რომ საქართველოში იყოს უკეთესი ჯანდაცვა. სულ მცირე იმიტომ, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარ მოქალაქეებს გაუწიოს ის დახმარება, რომელსაც ის ჰპირდება კონსტიტუციურად, რომ უნდა გაუწიოს. ისინი არ ყრიან ადამიანებს, ისინი ღირსეულად იქცევიან, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს.
მარტივ თეორიამდე დადის. თუ მეზობელი არის ძლიერი, თუ მეზობელი წარმატებულია, შენ ხარ უკეთესი და შენ ხარ წარმატებული. შეუძლებელია კეთილდღეობა, როდესაც თქვენი მეზობელი ბავშვი შიმშილით კვდება.
- რაში გამოიხატება ევროკავშირის ძალა და სიკეთე თქვენთვის?
თავისუფლება. ყველაზე დიდი სიკეთე არის თავისუფლება და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა. ეს არ ნიშნავს დიდ სიმდიდრეს ან ასე შემდეგ. ეს ნიშნავს სწორი გაგებით ქველმოქმედებას, როდესაც შენ მონაწილეობ ასევე საზოგადოების იმ ნაწილის დახმარებისთვის, რომელსაც ამის შესაძლებლობა არ აქვს.
ქუჩაში რომაა დაგდებული ადამიანი, მიდიხარ და იმას ეხმარები. სამედიცინო დახმარებას უწევ და ცხოვრების შესაძლებლობას აძლევ. ეს არის თანაბარი შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის. საბოლოო ჯამში ეს დადის თავისუფლებამდე.
ანუ იყო თავისუფალი შენს წარმოდგენებში, როგორ გინდა მოაწყო საკუთარი ცხოვრება. როგორ გინდა მოაწყო საკუთარი ცხოვრება იმისთვის, რომ იყო თავისუფალი. ის გარემო, რომელსაც ევროპა გაძლევს, გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენი შესაძლებლობის ფარგლებში ამის რეალიზება მოახდინო.
თუ რაღაც მიზეზების გამო, ფიზიკური, შეზღუდული შესაძლებლობის გამო ან სხვა რამის გამო ამის შესაძლებლობა არ გაქვს, სწორედ ასეთი სახელმწიფოები გაძლევს შესაძლებლობას, რომ შენც იყო საზოგადოების ღირსეული წევრი და იმდენი წვლილი შეიტანო ამ საზოგადოების ფორმირებაში, რამდენიც შეგიძლია, მაგრამ ამასობაში არ დაკარგო შენი თავისუფლება და ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა სახელმწიფოს დახმარების ხარჯზე.
საფრანგეთში, როდესაც ადამიანებს სახელმწიფო ეხმარება, განსხვავებით საქართველოსგან, იქ არავინ მოდის და არ გეუბნება, რომ მე შენ გეხმარები და შენ მე მომეცი ხმა. ასეთი რამე არ არსებობს.
სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოზე სრულად დამოკიდებული ხარ და ცხადია ბევრი ადამიანია სახელმწიფოზე დამოკიდებული, არ ხდები სახელმწიფოს მონა. იქ არავინ არ მოდის და არ გეუბნება, რომ თუ შენ არ მომცემ ხმას, დახმარებას შეგიწყვეტენ. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი ამბავია.
ცხადია, ეს ყველაფერი ნიშნავს ასევე, თუ კონკრეტულ რაღაცებზე ვილაპარაკებთ, სიბერეს. ტკბილ სიბერეს. გული მოგიკვდება, ჩვენი მოხუცები დგანან ქუჩაში და რა მდგომარეობაში არიან. იქ ტკბილი სიბერე ნამდვილად არის, როდესაც ადამიანს შეუძლია რაღაც ეტაპზე პენსიაზე გავიდეს და მერე დაუთმოს მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მოგზაურობას და იმის ანაზღაურებას, რაც მთელი ცხოვრება იმუშავა.
ყველაფერს ამას ნიშნავს ევროპა.