„ქართულმა ოცნებამ“ 15 აგვისტოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეგრეთ წოდებული გამსვლელი სია წარადგინა, სადაც 22 დასახლებული პირიდან არცერთი არ არის ქალი. „ოცნებამ“ ბოლო სასესიო სხდომაზე გააუქმა კვოტირების სავალდებულო მოთხოვნაც, რომელიც პოლიტიკაში ქალების ჩართულობას და გაძლიერებას უწყობს ხელს.
მთავარ სცენაზეც, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს მიესალმა, მხოლოდ კაცები იდგნენ. როგორ ცდილობს „ოცნება“ გააქროს ქალები პოლიტიკური ველიდან და რატომ არის ქალების ჩართულობა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკაში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე კოალიცია „ძლიერი საქართველო“ – „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენელს, ირინე კურტანიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ირინე, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი პარტიის ქალი პოლიტიკოსებიც კი უკანა პლანზე გადასწიოს. ამის მაგალითია საარჩევნო სიების წარდგენა, სადაც ოცეულში მხოლოდ კაცები ჩაწერეს. „ოცნებამ“ გააუქმა სავალდებულო კვოტირებაც. როგორ ფიქრობთ, უნდა მიაქციოს თუ არა ამომრჩეველმა ხმის მიცემის დროს ამას ყურადღება?
ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია. ხომ ამბობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა – მე ვფიქრობ, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სუფთა პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო მეტად იქნება პოლიტიკა საქმის კეთებაზე ორიენტირებული და ყველაფერი არ იქნება აგებული ნეგატიურ კამპანიაზე.
ქალები, ქართულ პოლიტიკაში, როგორც წესი, არიან ფარდის უკან, მაგრამ ყველაზე მეტ საქმეს აკეთებენ ხოლმე. ყველაზე მოწადინებულები და მშრომელები არიან.
ამომრჩეველმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რადგან რაც უფრო მეტად გაიზრდება საზოგადოების მხრიდან დაკვეთა, ქალების ჩართულობაც გაიზრდება პოლიტიკაში.
თუმცა დღეს, ქალებს ბევრი ბარიერი ხვდებათ ამ გზაზე და ძალიან რთულია მიიღონ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება. მეც ხშირად ველაპარაკები ხოლმე ქალებს და ვეუბნები, რომ წავიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ იმდენი ბარიერი აქვთ, რომ უჭირთ ამ გადაწყვეტილების მიღება.
- რომელ ბარიერებზე საუბრობენ ყველაზე ხშირად, რა აშინებთ?
სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ჩემ მაგალითზე გეტყვით, როცა ვთქვი, რომ მივდიოდი პოლიტიკაში, პირველი მესიჯი, რაც ჩემი მეგობრებისგან, მეზობლებისგან თუ ახლობლებისგან მივიღე, იყო ის, რომ „ღამე როგორ გძინავს?“ როცა ვკითხე, თუ რას გულისხმობდნენ, მითხრეს, „არ გეშინია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გაგივრცელებენ?“
„მეც ვფიქრობ, წავიდე პოლიტიკაში, მაგრამ აი ამის მეშინია“, – მწერდნენ.
ერთია შიშის ფაქტორი – ქალებს არ სურთ გარევა ამ სიბინძურეში, რადგან ქალებზე უფრო მეტად მოდის საზოგადოებრივი წნეხი, სხვა მიდგომები აქვთ და უფრო კრიტიკულები არიან ქალის მიმართ. ბევრად მარტივია ქალის გაშავება, დარცხვენა, შეურაცხყოფაც, ვიდრე კაცის. ამ ყველაფერს „ქართულმა ოცნებამაც“ შეუწყო ხელი, რადგან სწორედ მან დაიწყო ოპონენტი ქალი პოლიტიკოსების დაშანტაჟება.
მაშინ, როცა პირიქით უნდა იყოს და მმართველი პარტია ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ქალების როლი გაიზარდოს პოლიტიკაში. ესენი კი პირიქით, აღრმავებენ ამ ბარიერებს.
„ოცნებამ“ გააუქმა კვოტირება იმისთვის, რომ ფულიანი კაცები ჩაესვა სიაში. ქალები ამ ქვეყანაში არ არიან ეკონომიკურად ძლიერები, რადგან სისტემა ქმნის ამ ყველაფერს და კაცების მიერ შექმნილი სისტემა არ გაძლევს შესაძლებლობას, ეკონომიკურად გაძლიერდე.
„ქართული ოცნება“ არის ყველაზე კარგი მაგალითი, როცა კორუმპირებულები პირები ხვდებიან საარჩევნო სიებში და შემდეგ ისევ ამ სისტემას ეხმარებიან. ვნახეთ ხომ „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ჩაამწკრივა კაცები სცენაზე და ქალი არსად ჩანდა პოლიტიკური ველზე.
- ეკონომიკურად ძლიერი ქალის შემთხვევაში რამდენად არსებობს კორუფციაში ჩართვის შანსები. რისკები თანაბარია თუ განსხვავებული, თქვენი აზრით?
ვფიქრობ, ქალები უფრო მეტად არიან ორიენტირებული საქმის კეთებაზე, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე, ბევრს შრომობენ კიდეც საზოგადოებრივი სიკეთეებისთვის და ამას საქმითაც ამტკიცებენ. ამაზე მეტყველებს კვლევებიც, სტატისტიკაც, რომ ქალები ყველაზე ნაკლებად ერთვებიან კორუფციაში, ნეპოტიზმში, ბინძურ საქმეებში.
- როგორც ვიცი, შეხვედრებს მართავთ ამომრჩეველთან. როცა ხვდებით მაგალითად ქალ ამომრჩევლებს, როგორ განწყობას იღებთ მათგან, თუ არის მათი მხრიდან დაკვეთა, რომ მეტი ქალი იყოს პოლიტიკაში?
თუ აქამდე ამ პროცესს მეც ვუყურებდი შფოთით, შიშით, ხალხთან შეხვედრებით უფრო მეტად ვძლიერდები. ამ შეხვედრების დროს ერთი ადამიანიც კი არ მინახავს, ვისაც უთქვამს, – „რა გინდა პოლიტიკაში“. პირიქით, მადლობასაც კი მიხდიან, რომ მაგალითს ვაძლევ სხვა ახალგაზრდა ქალებს, რომ ისინიც წავიდნენ პოლიტიკაში.
მგონი ამ მხრივ ბევრად გაზრდილია საზოგადოება, ვიდრე პოლიტიკური პარტიები.
ერთია ის, რომ საზოგადოება უნდა დადგეს ქალი პოლიტიკოსების გვერდით, დავანახოთ ქალებს, რომ ისინი მარტონი არ არიან ამ პროცესში – ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეთ.
მეორე, ეს არის მაგალითები.
მეც, როცა ველაპარაკებოდი ქალებს, რომ გააქტიურებულიყვნენ პოლიტიკაში, მათი პასუხი იყო – შენ რას აკეთებ?“ მაშინ მიხვდი, რომ მეც უნდა ამეღო ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. რაც უფრო მეტი ქალი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მგონია, რომ ბევრ ქალს შევუქმნით მოტივაციას.
რაც უფრო მეტ ქალს დაინახავს საზოგადოება პოლიტიკაში, უფრო იმედიანად იქნებიან. მეც მაქვს იმ ქალების იმედი, რომლებიც არა მარტო ჩემს პარტიაში არიან.
- რით განსხვავდება ქალის და კაცის პოლიტიკური ხედვა, თქვენი აზრით?
ვფიქრობ, ქალები უფრო შორსმჭვრეტელები არიან. მათ მეტი მგრძნობელობა აქვთ ისეთ პრობლემებზე, რაც საზოგადოებას აწუხებს.
ქალები, სულ რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, საქმეზე და შედეგებზე ორიენტირებულად თანამშრომლობენ. ერთმანეთის მხარდაჭერა და გატანა უფრო მეტად ახასიათებთ, უფრო მეტად დამოუკიდებლებიც არიან. 12 წელია ტრენინგებს ვუტარებდი ქალებს და ვხედავდი, რომ ისინი ბევრად პრინციპულები და მშრომელები არიან, ვიდრე კაცები.
კაცები უფრო მეტად ორიენტირებული არიან პირად ეგოსა და ძალაუფლებაზე.
- გვესმოდა ასეთი არგუმენტებიც, რომ „თუ ჭკვიანია“, „თუ ღირსია“, ისედაც მოხვდება სიაში. რა არგუმენტები აკლია ამ მოსაზრებას?
ქართულ პოლიტიკას ბოლო 30 წელი რომ გადავხედოთ, 2%-ზე თუ ვიტყვით, რომ დამსახურებით მოხვდნენ პოლიტიკაში. დანარჩენი ყველა, ისევ ნეპოტიზმით, კორუფციით, ძმაკაცობა-ნათესაობით არიან პოლიტიკაში.
ძალიან ცოტაა ღირსეული, პატიოსანი და პროფესიონალი პოლიტიკოსი კაცი, ვინც დაიმსახურა პოლიტიკაში ყოფნა.
ეს „დამსახურება“ არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი, რადგან როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთის ქვეყნების სხვადასხვა კვლევაც კარგად აჩვენებს, რომ კვოტირება არა მარტო სასურველი, აუცილებელია ქალების გასაძლიერებლად, რადგან ამ სისტემის დანერგვამ ცხადყო, როგორ გაიზარდა და წინ წავიდა პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ქალების თანამონაწილეობის ფონზე.
მარტო პოლიტიკაში კი არა, სხვა სფეროებშიც, მაგალითად ბიზნესში. კომპანიებმა გაასამმაგეს მოგებები, ქალი მმართველების პირობებში.
საქართველოში კი კაცები ქმნიან სისტემებს და კაცების მიერ შექმნილ სისტემებში ძალიან რთულია თავის გატანა. „ქართული ოცნების“ მაგალითმა ცხადად აჩვენა, რომ იქ მართლა ფულზე და ძალაუფლებაზე დგას სისტემა. ის, რომ ქალები ამ ქვეყანაში ღარიბები არიან, ესეც კაცების მიერ შექმნილი სისტემების ბრალია.
- საქართველოში ქალები ხომ უფრო მეტნი არიან, ვიდრე კაცები. როგორ ხდება, რომ პოლიტიკურ პროცესებს მაინც კაცები წარმართავენ. არის ამაზე დაფიქრება საჭირო ამომრჩევლის მხრიდან?
ჩვენი პარტიაც როცა დავაფუძნეთ, მაშინ უფრო მეტი ქალი იყო, ვიდრე კაცი, მაგრამ როცა გავფართოვდით, ეს სურათი შეიცვალა. ამიტომ საჭიროა მეტი ქალი გააქტიურდეს და ჩაერთოს პოლიტიკაში.
თუ ამომრჩეველიც ამ ნიშნით მიანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს უპირატესობას არჩევნების დროს, პარტიებიც დაფიქრდებიან ქალების კვოტირების გაზრდაზე.
ჩვენ ახლაც ვეძებთ აქტიურ ქალებს და ღიაა ჩვენი კარები მათთვის. თუმცა რა რეალობა იქნება ამ არჩევნებზე პარტიებში, არ ვიცი.