1921 წლის მარტი ბათუმში მაზნიაშვილისა და რუსი გენერლის ჩანაწერების მიხედვით

ავტორი: ფრიდონ ქარდავა, აჭარის საარქივო სამმართველოს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და პუბლიკაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი

მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები ვითარდებოდა ბათუმში 1921 წლის მარტში. უკვე სრულდებოდა წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაცია, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ბათუმში იყო გადმოხვეწილი და ერთის მხრივ ქემალისტური თურქეთის ემისართა ხრიკებსა და აშკარა აგრესიას უმკლავდებოდა, მეორეს მხრივ კი ცდილობდა საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლის ხაზი შეენარჩუნებინა. ამ პერიოდში ქართულ ჯარს ღირსებასა და სახეს გენერალი მაზნიაშვილი თუ უნარჩუნებდა და ჯერაც სამხედრო წესრიგით აკავებდა მტერს სადღაც რიონთან.

მთავარი საკითხი მაინც ბათუმისთვის ბრძოლები იყო. ამ ბრძოლის შესახებ საკმაოდ გაურკვეველი სურათი იხატება. საბჭოთა ოკუპანტი ქართულ ჯარს ებრძოდა ბათუმისთვის. ქიაზ ბეი და თურქეთი კი ქართულ ძალებს ებრძოდნენ, ასევე ბათუმისთვის. მაგრამ ისე უნდა გამოჩენილიყო, რომ თითქოს რუსები და თურქები ერთმანეთს არ ებრძოდნენ. ურთულესი ვითარება იყო შექმნილი, ბოლშევიკები არ დათმობდნენ, მენშევიკები კი გარბოდნენ და არავინ იცოდა, ვის ხელში უნდა დარჩენილიყო გაჭირვებით შემოერთებული აჭარა.

ეს ვითარება საინტერესოდ არის გადმოცემული ორ მოგონებაში. ერთის ავტორია ოკუპანტი, 33-ე დივიზიის 98-ე ბრიგადის 292-ე პოლკის მეთაური, მაიორი ზოლოტოვი, მეორის კი – საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

გაგაცნობთ ნაწყვეტებს ზოლოტოვის მოგონებებიდან და თან შევეცდებით მაზნიაშვილის მოგონებებიდან ციტატებით ნათელი სურათი შევქმნათ ბათუმისთვის
ბრძოლაზე.

ძირითად თხრობას ზოლოტოვის ტექსტიდან წარმოგიდგენთ:

„პირველმა ასეულმა გადალახა ჩაქვისწყალი და განახორციელა მტკიცე შეტევა, შეუპოვრად ეკვეთა მტერს, გაანადგურა
და ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგე. მოწინააღმდეგე პანიკით იხევდა. ცდილობდა რა გამაგრებულიყო მწვანე კონცხის გვირაბთან, მაგრამ სწრაფმა შეტევამ
იქიდანაც განდევნა. მე-2 ბატალიონი შეტევაში მყოფ პირველ ასეულს  ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.  თამართან ჩვენი ნაწილები შეხვდა ტყვიამფრქვევისა
და სხვა იარაღის ძლიერ ცეცხლს. პატარა სამებიდან გრიალებდა მოწინააღმდეგის არტილერია. გაჩაღდა ბრძოლა.

შავ ზღვაზე გამოჩნდა ნაღმოსანი საფრანგეთის დროშით. ის მოგვიახლოვდა ტყვიამფრქვევების სასროლ მანძილზე და გაგვიხსნა ცეცხლი“.

ეს უკვე ის პერიოდია, როცა ბათუმის რევკომის მიერ დანიშნული გენერალი მაზნიაშვილი მეთაურობს ფრონტს. ასე რომ, ნაკლებსავარაუდოა საფრანგეთის გემებს რუსებისთვის გაეხსნათ ცეცხლი. ასევე ტრაბახს გავს ზოლოტოვის ტრიუმფით სვლის ბატალიები.

როგორც შემდეგ გამოჩნდება მაზნიაშვილის მოგონებებიდან, ბრძოლები სწორედ მისი მითითებებითა და სარდლობით ხორციელდებოდა.

„ამასობაში კი 2 ბატალიონი უკვე ჩამოსხდა და შემოვლითი გზით დაიძრა ბათუმისაკენ ყარა-დერეს, პატარა სამების ფორტის ჩრდილოეთ ნაწილისა და დიდი სამების ფორტის შორის, ბარცხანის ბატარეას შემოვლით. ბატალიონს აქ უშუალოდ მე ვმეთაურობდი. მოწინააღმდეგემ, აწარმოებდა რა ბრძოლას პირველ ბატალიონთან, შეასუსტა თავისი ძალები მეორე ბატალიონის მიმართულებით. მეორე ბატალიონმა, ჩემი პირადი მეთაურობით, საათნახევრიანი მტკიცე მიწოლით შემოუარა მცირე სამების ფორტს ჩრდილოეთიდან და დაარტყა ზურგში, აიღო ფორტი მცირე სამება. შემდეგ მე დავიძარი იმ ნაწილების ზურგისკენ, რომლებიც აწარმოებდნენ ბრძოლას ჩვენს პირველ ბატალიონთან. მოწინააღმდეგის ნაწილები ამ გზით აღმოჩნდნენ ალყაში. ისინი პანიკაში ჩავარდნენ და დაიწყეს უკანდახევა ბარცხანის ბატარეის ყაზარმებისკენ. პირველი და მეორე ბატალიონის მეგობრულმა ძალისხმევამ სწრაფად გადაწყვიტა საქმე. ქიაზილ ბეის ნაწილები განადგურებული და ტყვედ იქნა აყვანილი. ჩვენ დავიპყარით ბარცხანის ბატარეა“.

აქაც გადამეტებული ჩანს ზოლოტოვის ღვაწლი, რადგან მაზნიაშვილი პირდაპირ წერს:

„შემდეგ მოველაპარაკე გენერალ წულუკიძეს და ართმელაძეს და ციხის რაიონი გავყავი ორ მებრძოლ უბნად: ნაწილი ქალაქისა, ბარცხანა და კახაბრის ფორტები დავუქვემდებარე გენერალ წულუკიძეს, ხოლო ქალაქის მეორე ნაწილი, სტეფანოვკა და ანარიის ფორტები – გენერალ ართმელაძეს“ (ასე რომ, ბარცხანისათვის ბრძოლებს მეთაურობდა წულუკიძე და არა – ზოლოტოვი. ავტორის შენიშვნა).

„წულუკიძე თავისი რაზმით გამოვიდა პაკგაუზებიდან, გარშემოერტყა ფორტს და გაღებული ალყაფის კარებთან შეიჭრა თვით ფორტში. ნახევარი საათის შემდეგ ბარცხანის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა; ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი კი, რიცხვით 218 ასკერი, დაატყვევეს  და ჩემს შტაბში გამოგზავნეს“, – ეს მაზნიაშვილის სიტყვებია.

ზოლოტოვი კი წერს:

„ბარცხანასა და მცირე სამების ფორტების რაიონში მოქმედი შტაბი ავიყვანეთ ტყვედ. ტყვედ ავიყვანეთ ყველა ეს ნაწილები. ქიაზილ ბეის ნაწილებთან ომისას ისმოდა სროლა ქალაქ ბათუმიდან ქიაზილ ბეის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღეთ ბარცხანისა და სამების ყაზარმები, ქალაქ ბათუმიდან ეს სროლები შეწყდა. ბათუმიდან გამოემგზავრა დელეგაცია ამხ. გაბელიას მეთაურობით. ამ დელეგაციამ თავი გამოაცხადა ქალაქ ბათუმის რევოლუციურ სამხედრო საბჭოდ. მალე ამის შემდეგ გამოემართნენ მენშევიკური ნაწილები გენერალ მაზნიაშვილის მეთაურობით წითელ არმიასთან შესახვედრად.

გენერალმა მაზნიაშვილმა მალე მოგვცა სრული თანხმობა რევკომსა და პირადად მე ქალაქ ბათუმის ჩაბარებაზე და რომ ყველა მენშევიკური ჯარი დაექვემდებარებიან რევკომს და როგორც მაზნიაშვილი, ასევე მენშევიკური ნაწილები იბრძოლებენ ანგორის ხელისუფლების წინააღმდეგ, ქიაზილ ბეის წინააღმდეგ, რომელიც ოცნებობდა შეიარაღებული ძალებით დაეპყრო ბათუმი“.

გენერალი მაზნიაშვილი კი იხსენებს:

„გამთენიისას, 4 საათზე, მე და თ. ჟღენტი წავედით ავტომობილით რევკომის თავმჯდომარე – ს. ქავთარაძესთან, რათა მოგვეხსენებინა ჩვენი გადაწყვეტილება და რაც შეეხება ჩვენ მიერ მიღებულ ზომებს, ვთხოვეთ – მოეწერნა ხელი ბრძანებაზე, რომლითაც მე ვირიცხებოდი საქართველოს წითელი ჯარის სარდლად და ბათუმის ოლქის გენერალგუბერნატორად. დილის 6 საათზე ქალაქის ყველა ქუჩაზე უკვე გაკრული იყო ბრძანება ჩემი დანიშვნის შესახებ“.

ცენტრში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი

შესაბამისად, მაზნიაშვილი ვერაფრით ვერ ჩააბარებდა ქალაქს ზოლოტოვს.

„ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ტელეგრაფი, ბანკი, ფოსტა, სადგური, პორტი, კახაბრის ციხესიმაგრე, კაიადიბა (каядыба) სტეფანოვკა, შავი ზღვის ბატარეა, ბურუნ ტაბიე, ბარცხანა, დიდი და პატარა სამება – ყველა ესენი უკვე ჩვენს ხელთ იყო. ქიაზილ ბეის მიეცა წინადადება, ორ საათში გაეთავისუფლებინა ყველა დაკავებული სახელმწიფო დაწესებულება და გადმოეცა ყველა პოსტი ბათუმის რევოლუციურ სამხედრო საბჭოსთვის. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტელეფონით უშუალოდ რევკომის თავმჯდომარის – გაბელიასა და ქიაზილ ბეის შორის“.

აქაც ცდება მაიორი, რევკომის თავმჯდომარე იყო ქავთარაძე და არა – გაბელია.

„ქიაზილ ბეიმ კატეგორიული პროტესტი გამოთქვა, განაცხადა რა, რომ ანგორას ხელისუფლების განკარგულების გარეშე არ ჩააბარებდა ბათუმს. ქიაზილ ბეი ყოველნაირად ცდილობდა დაეყოვნებინა ქალაქის გადმოცემა და გვთავაზობდა, ექსცესების თავიდან ასაცილებლად შემოგვეღო ერთობლივი დაცვა. ბათუმის სამხედრო რევოლუციურმა კომიტეტმა ქიაზილ ბეის ისევ ულტიმატუმი წაუყენა და ვადის ამოწურვამდე ქიაზილ ბეიმ თანხმობა განაცხადა, მოეხსნა  თავისი პოსტები სახდაწესებულებიდან და გადმოეცა ჩვენთვის. მიეცა განკარგულება წითელ 292-ე პოლკს, შესულიყო ბათუმში.

19 მარტს, 18 საათზე, ნაშუადღევზე, 33-ე დივიზიის  98-ე ბრიგადის 292-ე პოლკმა დაიკავა ქალაქი ბათუმი. მოსახლეობა აღფრთოვანებით შეგვხვდა ჩვენ. ქალაქმა საჩქაროდ მიიღო საზეიმო სახე. ყველგან წითელი დროშები იყო. როცა ჩვენი ნაწილები მიდიოდნენ ქალაქში, მათ ესროდნენ ყვავილებს“.

მოკლედ, რაღა ხატაელებთან გამარჯვების შემდეგ დაბრუნებული ტარიელი, „ქალაქი ქუჩა და ბანი“ აღფრთოვანებით რომ ხვდებოდა და რა ზოლოტოვი. ზოლოტოვი ომახიანად ბრძანებს: „ასე იქნა აღებული ბათუმი, ასე დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება აჭარისტანში“.

მაზნიაშვილის მიერ სამდღიანი თავგანწირული ბრძოლებით განთავისუფლებულ ბათუმში შევიდა ზოლოტოვი, თავისი პოლკით და მაინც იმას ამბობს, მე ავიღე ქალაქიო. იგი ჟლობასაც კი არ ახსენებს, ვისაც ნამდვილად მიუძღოდა გარკვეული წვლილი მაზნიაშვილის მეთაურობით ბათუმის განთავისუფლების ოპერაციაში.

მაგრამ ისტორიამ მაინც ხომ იცის სინამდვილეში ვინ მეთაურობდა ბათუმის განთავისუფლების საქმეს, ვისი სამხედრო ნიჭისა და პატრიოტიზმის ნაყოფიც იყო ეს ბრწყინვალე გამარჯვება? გავიხსენოთ რა ბედი ეწია მათ:

„20 მარტს მოვიდა ბათუმში სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, ამხ. შალვა ელიავა, რომელსაც დაწვრილებითი მოხსენება წარვუდგინე სიტყვიერად ოსმალებთან ახლად დამთავრებული სამი დღის ბრძოლის შესახებ. შემდეგ მოვახსენე საჯავახოსა და ბათუმში მყოფ ქართული ჯარის მდგომარეობა, მისი რიცხვი, შემადგენლობა, მოკაზმულობა, შეიარაღება და სხვა. სახალხო კომისარმა მოისმინა ჩემი მოხსენება და მიბრძანა, მაშინვე გამეცა განკარგულება საქართველოს ჯარების დაშლის შესახებ“.

უკვე არც მაზნიაშვილი სჭირდებოდა ვინმეს და არც ქართველი ჯარისკაცები. გენერალ მაზნიაშვილს სამშობლოსთვის დაცემული მამულიშვილების გვამების პატრონობაღა ანდეს: „დასასრულ ჩვენ შევეხეთ ოსმალებთან სამი დღის ბრძოლებში მოკლულ ჯარისკაცთა დამარხვის საკითხს. ამ დაღუპული გმირების რიცხვი 84 კაცამდე ადიოდა. სამხედრო კომისარმა ბრძანა, დაემარხათ ისინი აზიზიეს მოედანზე დიდი ზეიმით, რაც მეორე დღეს სისრულეში იქნა მოყვანილი“.

ცხადია, მტერი და დამპყრობელი არ გაგიხსენებს შენს გმირებს, მაგრამ ჩვენ რაღა გვიშლის ხელს ყოფილ აზიზიეს მოედანზე დაკრძალული გმირების საფლავებს მაინც მივაგოთ ღირსეული პატივი და მათ ხსოვნას ერთი ღირსეული მონუმენტი რომ მივუძღვნათ, მათი თავგანწირვის დაუვიწყარი გმირობის ძეგლად?!

„ტიტანიკი“ დახმარებას ითხოვს

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის #107-ში მცხოვრებ 28 ოჯახს, როგორც თვითონ ამბობენ, ქალაქის მერმა და ლევან ვარშალომიძემ ბინების დაცლა მოსთხოვეს. ავარიულ სახლში მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ და პრეზიდენტის დახმარების იმედად არიან. ეგრეთ წოდებულ „სახლ-ტიტანიკში“ რამდენიმე ოჯახი წინა ხელისუფლების დროს შესახლდა.

„ტიტანიკს“ ამ სახლს იმიტომ ვეძახით, რომ ჩაძირულია“, – მიხსნის აქ მცხოვრები ჟუჟუნა ლორთქიფანიძე. მისი ოჯახი ამორტიზებულ სახლში იმჟამინდელმა ქალაქის მერმა, გიორგი აბაშიძემ, მას შემდეგ შეასახლა, როცა ლორთქიფანიძეს საკუთარი სახლი ქობულეთში ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის მოვარდნის შედეგად დაეწვა: „მაშინ მთავრობაში წარვადგინე სახლის დაწვის დოკუმენტები და აბაშიძემ აქ შემომასახლა. რა ვიცოდი, ქვეყანა ასე თუ აირეოდა. წინა ხელისუფლებამ რომ შემომასახლა, ამის დამამტკიცებელი არანაირი დოკუმენტი არ გამაჩნია, ახლა ვარშალომიძემ და ქალაქის მერმა მითხრეს, რომ საიდანაც მოვედი, იქ წავიდე“.

იმავეს ამბობს დარიკო აბულაძე, რომლის საცხოვრებელი ბინის კედლები და ჭერი დაბზარულია: „ოთხი შვილი მყავს, ღამით ყველას ტანსაცმლით გვძინავს, ცემენტი ერთნაირად ცვივა ჭერიდან და კედლებიდან. მიწისძვრა რომ იყო, ჩაცმაც ვერ მოვასწარით, ისე ჩავარდით ეზოში“.

როგორც დარიკო ამბობს, წლების წინ ეროზირებული სოფლიდან ჩამოვიდა ოჯახთან ერთად და მას შემდეგ ამ სახლში ცხოვრობს.

ნათელა პაქსაძე „ტიტანიკის“ პირველ სართულზე ცხოვრობს. შესასვლელში შეშის ღუმელი დგას. იქვეა გასაშრობად მიფენილი სარეცხი. სამზარეულო, საძინებელი და აბაზანა პლედით აქვს ერთმანეთისგან გაყოფილი. იქვე ალაგია ფეხსაცმელები, ქოლგა, საწვიმარი, ქურთუკები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. კედლები დაბზარული და სველია.

ოთხი შვილის დედა ამბობს, რომ მისი მეუღლე მხოლოდ პურის ფულის შოვნას ახერხებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერმა მასაც მოსთხოვეს თვითნებურად დაკავებული საცხოვრებლის დაცლა: „ქუჩაში გაგვყრიან? წასასვლელი არსად მაქვს“.

აზიზ ფაღავამ ბინა შვილის ავადმყოფობის გამო 12 წლის წინ გაყიდა, მას შემდეგ ლერმონტოვის #107-ში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი მტკიცებით, იგი ოცი წელია იქვე მდებარე მიწის ნაკვეთით სარგებლობდა. პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მას უფლება ჰქონდა ეს ნაკვეთი კერძო საკუთრებაში დაერეგისტრირებინა, მაგრამ ახლა აქ შსს ახალი შენობა დგას. საკუთარი პრობლემების შესახებ მან პრეზიდენტს რამდენჯერმე მიწერა… თუმცა დარწმუნებულია, რომ მის გაგზავნილ წერილებს სააკაშვილს უმალავენ: „პრეზიდენტს ჩვენი პრობლემის შესახებ რომ გაეგო, აუცილებლად მოგვხედავდა“.

სადარბაზოს პირველ სართულზე, კიბის ქვეშ გამავალი კანალიზაციის მილები დახეთქილია და წყლის დიდი გუბე დგას. „ზაფხულში ანტისანიტარიაა, ყიყინებენ ბაყაყები და მწერებით სავსეა აქაურობა“, – ყვებიან აქ შესახლებულები.

„ტიტანიკი“

ამ სახლში მცხოვრები ის ოჯახები, რომლებსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან ვარშალომიძე და ბათუმის მერი – რობერტ ჩხაიძე საგანგებოდ ეწვივნენ და სახლის დაცლა მოსთხოვეს, პარლამენტში და პრეზიდენტის სახელზე გასაგზავნად წერილს ამზადებენ. ეს ოჯახები თვითნებურად დაკავებული ფართების დაკანონებას ადგილობრივ მთავრობასაც სთხოვენ.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი – გელა მახარაძე ადასტურებს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრებლებს ბათუმის მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რამდენჯერმე შეხვდნენ: „ჩვენ ისეთ დაპირებას არ გავცემთ, რომელიც არ შესრულდება. ვინც თვითნებურად შესახლდა, ან ვისაც ნაქირავები, ნაგირავები თუ ნაყიდი აქვს იმ ადამიანისგან, ვისაც ასევე თვითნებურად ჰქონდა ფართობი დაკანონებული, არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მერიისგან ბინებს მიიღებენ საჩუქრად. მერია საცხოვრებელ ბინებს აძლევს 32 ოჯახს, იმ ოჯახებს, ვისაც საკუთრების უფლება გააჩნია ლერმონტოვის #107-ში. ისინი ბინებს ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში, „ცენტრპოინტის“ მიერ აშენებულ კორპუსში მიიღებენ“.

გელა მახარაძე ამბობს, რომ ლერმონტოვის #107 მცხოვრები 28 ოჯახი 2001 წელს მერიამ დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართობებით. „ტიტანიკში“ ბინები ზოგმა გაყიდა, ზოგმა გააქირავა ან დააგირავა, ზოგიც თვითნებურად შესახლდა – ამ ადამიანების არც განცხადებები განიხილება და ვერც ბინებს ვერ მიიღებენ. ლერმონტოვის #107 არ იქცევა სხვადასხვა დროს, სხვდასახვა ადამიანის საკუთრების უფლების მოპოვების საშუალებად“.

ბიზნესმენების დაკავება

სავაჭრო ცენტრ შპსბათუმი“-ის (.. ხოფის ბაზრობა) დირექტორები, ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ბათუმის #3 საპყრობილეში ერთი კვირის წინ გადმოიყვანეს. ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, დაკავებულებს მოწილეების მიმართ არსებულ დავალიანებას ედავებიან. არაოფიციალურად კი, მათ ბაზრობის წილის დათმობას სთხოვენ. არც იმას გამორიცხავენ, რომ ილია ანანიძე ძმის, თადარიგში მყოფი მოსამართლის, დავით ანანიძის ოპოზიციონერობისთვის ისჯება.

ე.წ. ხოფის ბაზრობის 50 პროცენტი ილია ანანიძეს ეკუთვნის, 28,5 – ასლან აბაშიძის დას, ნარგიზ აბაშიძეს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს – 20 პროცენტი, ხოლო 1,5 პროცენტი ჯონი ზოიძის საკუთრებაა.

დაკავებულის ადვოკატის, ლევან მამულაძის განმარტებით, ილია ანანიძეს `ბრალი პარტნიორების თანხების მითვისებაში ედება~. მისივე ინფორმაციით, იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს. ბიზნესმენი თბილისის ჯგუფმა დააკავა და ორთვიანი პატიმრობაც თბილისში შეუფარდეს. ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულებს სახელმწიფო თანხის – 300 ათასი ლარის მითვისებას ედავებიან. `ახლა გზაში ვარ, საქმის დეტალები ზეპირად არ მახსოვს“, – ამბობს მამულაძე.

ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე, ნარგიზ აბაშიძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ ილია ანანიძესთან უკმაყოფილება მართლა ჰქონდა, მაგრამ დირექტორის დაკავების ფაქტს ამ უთანხმოებას არ უკავშირებს: „ჩვენ შორის პატარა უთანხმოება იყო, მაგრამ ეს ამბავი ოჯახებს არ გასცდენია. მაგის გამო არც მთავრობისთვის და არც სასამართლოსთვის არ მიმიმართავს, არაფერში ჩავრეულვარ. მათი დაკავების შემდეგ ახსნა-განმარტება დამაწერინეს, რომ მეწილე ვარ… ამ დაკავებაში ბრალი არ მიმიძღვის და არც საქმეში ვარ ჩახედული“.

თუ ვინ დააწერინა ახსნა-განმარტება, ქალბატონი ნარგიზი პასუხობს: „არ ვიცი, ჩამოსულები იყვნენ“.
ბაზრობის დირექტორების დაკავების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა დირექტორის მოვალეობის ამჟამინდელმა შემსრულებელმა, დავით ანანიძის ვაჟმა, იოსებ ანანიძემ: „დირექტორები აბსურდული ბრალდებით არიან დაკავებული. მათი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ საწარმოს მეწილეებთან დივიდენდები სრულად არა აქვთ განაწილებული. დირექტორები ამას არ უარყოფენ და აღიარებენ, რომ მეწილეებს დივიდენდები ეკუთვნით და მიიღებენ კიდეც. ეს საკითხი პრობლემური რომც იყოს, სამოქალაქო საქმეა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არასწორია“.

დაკავებულები – ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე თბილისში 7 აგვისტოსვე გადაიყვანეს, (ბაზრობას დედაქალაქის შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ამოწმებდნენ). ბაზრობის ერთ-ერთი თანამშრომლის არაოფიციალური განცხადებით (მან კომენტარის საჯაროდ გაკეთება არ ისურვა), – „მოსამართლე თავდაპირველად თავს იკავებდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისგან, რადგან საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო. ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა ნახევარი საათი ითხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად. პროცესი სამი საათის შემდეგ განახლდა. აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისთვის იგივე მტკიცებულებები უკვე საკმარისი იყო“.

ცნობილია, რომ დაკავებულის ძმა, თადარიგში მყოფი მოსამართლე, დავით ანანიძე გასული წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციას თანაუგრძნობდა. მან 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის სიით ქედის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყარა კენჭი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ხელისუფლებამ ანანიძეებს სწორედ ეს ვერ აპატია.
ე.წ. ხოფის ბაზრობა ბოლო 4 წლის განმავლობაში ფინანსური პოლიციის სამიზნე არაერთგზის გახდა. ერთ-ერთი შემოწმებისას ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბაზრობის ოფისიდან, საქმის შესწავლის მიზნით, კომპიუტერული ტექნიკაც კი წაიღეს, რაც დღემდე არ დაუბრუნებიათ  („ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია არაოფიციალურად მოიპოვა). ბაზრობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა.

ილია ანანიძესა და ჯონი ზოიძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯერ უცნობია.

თბილისის სტუდენტების გამოხმაურება აჭარაში უფლებების დარღვევებზე

ბოლო დროს მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა აჭარაში განვითარებული მოვლენები. რეგიონში ადამიანების უფლებების სისტემატურმა დარღვევამ თბილისელ სტუდენტებში გამოხმაურება ჰპოვა. ამასთან დაკავშირებით 18 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალშექმნილი “სტუდენტური მოძრაობა თავისუფალი აჭარისთვის” მოითხოვს შეწყდეს თავისუფალი სიტყვის და აზრის დევნა, რეპრესიები პოლიტიკური მოტივით, ზეწოლა თავისუფალ მედიაზე, ფსიქოლოგიური და ძალისმიერი ზეწოლა მოსახლეობაზე და უზრუნველოყოფილ იქნას სამართლიანი არჩევნების ჩატარება. მოძრაობა მხარდაჭერასა და თანადგომას უცხადებს იმ პირებს და გაერთიანებებს, რომლებიც არ ეგუებიან არსებულ ვითარებას.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისათვის აჭარის თემა პრიორიტეტულია, მაგრამ მათ სურთ საკუთარი წვლილის შეტანა ცენტრსა და რეგიონს შორის ურთიერთობის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში. ამ მიზნით, ბათუმში გაიგზავნა ღია წერილი “მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტახალგაზრდობას”

 

უფასო უშუქობა ამჯერად ცენტრის ბრალი ყოფილა

„საქართველოს გაერთიანებულმა სადისტრიბუციო ენერგოკომპანიამ“ სამშაბათიდან 100 მეგავატით გაზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა.

როგორც ჟურნალისტებს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიაში აცნობეს, დღეისათვის რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობა 300 მეგავატს შეადგენს.

იმპორტის მოცულობის გაზრდის საფუძველი გახდა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის წერილობითი თხოვნა რუსული მხარისადმი.

300 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მისი მოცულობა 250 მეგავატამდე შემცირდება.

პარალელურად უნდა დაიწყოს რუსეთიდან ელექტროენერგიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწოდება, რის შესახებაც შეთანხმება მიღწეული იყო რამდენიმე დღის წინ ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტისას. თუმცა აჭარის ენერგოკომპანიის თავმჯდომარის გიორგი თავაძის განცხადებით, ასლან აბაშიძის დაპირებული უფასო და 24-საათიანი ელექტროენერგიის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

დღეს ბათუმში არსებულ ენერგოკრიზისში აჭარის ენერგოკომპანიის შეფი გიორგი თავაძე ცენტრს ადანაშაულებს. “შეთანხმებისამებრ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს პიკის საათებში 60 მეგავატი უნდა მოეწოდებინა, თუმცა მეხუთედსაც ვერ ვიღებთ”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ თბილისს კრიზისის მიუხედავად მაინც შეუძლია რეგიონისთვის 30 მეგავატის გამონახვა, თუმცა ამას არ აკეთებს.

ამ ბრალდებებს თბილისი უკვე გამოეხმაურა. როგორც ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარში აცხადებენ, აჭარას ელექტროენერგიას მხოლოდ იმის გამო ვერ აწვდიან, რომ მთლიანად საქართველოში კრიზისია და სხვა შესაძლებლობები  არა აქვთ.

პედაგოგები შიშით დაიღალნენ

ბათუმელ პედაგოგთა სოლიდური ნაწილი, გუშინ ღიად გამოვიდა ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. განსხვავებული აზრის მქონე ბათუმის საშუალო სკოლების მასწავლებლები ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარას“ ოფისში შეიკრიბნენ და საპროტესტო განცხადება გააკეთეს.

„ჩვენ, ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარას“ მხარდამჭერი პედაგოგები, გამოვხატავთ უდიდეს აღშფოთებასა და პროტესტს იმის გამო, რომ აჭარის ხელისუფლება სისტემატურად ახორციელებს ადგილობრივ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ტერორსა და ძალის დემონსტრაციას. იმ პირობებში, როცა არც ერთი ჩვენი მოსწავლე და არც ერთი ჩვენთაგანი არ არის დაცული გაურკვეველი ბანდფორმირებების აღვირახსნილი ძალადობისაგან, მორალური უფლება არა გვაქვს დუმილისა და განზე დგომისა. ვგმობთ კრიმინალურ თარეშს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ, რომ აჭარის მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს მშვიდობიან პირობებში ცხოვრების საშუალება“.

საპროტესტო განცხადებას ხელს აწერს ბათუმის საშუალო სკოლების 130 პედაგოგი.

„გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ აქამდე ისინი პოლიტიკისაგან განზე იდგნენ, მაგრამ 20 თებერვალს ბათუმში განხორციელებული ძალადობის შემდეგ თვლიან, რომ დუმილი უკვე დანაშაულია. „აღმაშფოთებელია, როცა ჩემს მოსწავლეებს, იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვთ, სცემენ. მე პოლიტიკისაგან შორს ვიდექი, მაგრამ როცა სკოლაში მოდიან მითითებით, რომ მოვხსნათ გაკვეთილი და წავიყვანოთ ბავშვები მიტინგზე, მოვაწეროთ ხელი, რომ წინააღმდეგი ვართ აჭარის პარლამენტის გაუქმებისა და ასე შემდეგ… დუმილი უკვე აღარ შეიძლება“, – აცხადებს 22-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მერაბ ცინცაძე. „ევრო-2000“-ის პედაგოგი ფრიდონ ქარდავა კი თვლის, რომ პედაგოგებში ისედაც გაზრდილი პროტესტის გრძნობა, 20 თებერვალს კიდევ უფრო გამძაფრდა და მასწავლებლებიც „ჩვენ აჭარაში“ ამიტომ მივიდნენ.

„მე არა ვარ გმირი. ვარ აბსოლუტურად მშიშარა და უმწეო ქალი, მაგრამ დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ შიშის გრძნობა დავკარგე. ყველაზე დიდი დაღლა შიშს სცოდნია“, – ამბობს თამარ ქათამაძე, რომელიც აღშფოთებულია იმით, რომ „აჭარის ხელისუფლება მოსახლეობის დასაპირისპირებლად რელიგიური კონფლიქტის გაღვივებასაც არ ერიდება“.

 

სამხედრო პოლიგონზე ჭურვების აფეთქებით მოსახლეობა ისევ ზარალდება

გონიოს სამხედრო პოლიგონზე ვადაგასული ჭურვების აფეთქება კვლავ გრძელდება. რამდენიმე თვის წინ, აფეთქების შედეგად, სოფლის მცხოვრებთა სახლებზე ჩამტვრეული მინების (რომელიც გონიოს საკრებულომ აღრიცხა) სანაცვლოდ – ახალი მხოლოდ მოსახლეობის ნაწილმა მიიღო. დანარჩენები ამბობენ, რომ მათთვის განკუთვნილი მინები საკრებულომ გაყიდა. „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ზურაბ კახიძე ამ ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ სამხედროებისაგან 150 კვ. მინა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ ასეთი აფეთქებების შედეგად მოსახლეობა კვლავ  ზარალდება.

საკრებულოს ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ჭურვების აფეთქებას სამხედროები არასწორად ახდენენ: „ორმოში უნდა ჩაყარო 10-20 ცალი ჭურვი, ის რაც ნორმაა. ესენი, როგორც ჩანს, მეტს ყრიან და მინები ამიტომ იმტრევა“.

შენახული ჭურვების ვადის გასვლის შემდეგ, საჭიროა მათი  ან აფეთქება, ან გატანა. „ამისათვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნებართვაა საჭირო, ადგილობრივი ხელმძღვანელობა ამას ვერ წყეტს“, – აღნიშნავს კახიძე.

ბუნებრივია, რუსებს ვადაგასული ჭურვები არ გააქვთ, მათი პოლიგონზე არასწორი აფეთქებით მიყენებული ზარალისგან კი მოსახლეობას მოსვენება აღარ აქვს.

რაიონის გამგებელი პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და მოსახლეობის  გარკვეულ ნაწილს ზარალს თანხით უნაზღაურებს – 1 კვ მინაში 12 ლარს უხდის, თუმცა, 1 კვ. მინის ფასი 15 ლარიდან იწყება. ანაზღაურების გარეშე დარჩენილ მოსახლეობაში უკმაყოფილება თანდათან იზრდება მე-12 რუსული ბაზის საწვრთნელი პოლიგონის მესვეურების მიმართ.

ნაზი სურმანიძე (ახალსოფლის მკვიდრი): – „დაგვპირდნენ, რომ სროლა აღარ განმეორდებოდა, მაგრამ მოგვატყუეს, აფეთქებები ისევ გრძელდება. მოვიდეს არქიტექტორი და შეამოწმოს, თუ რა ავარიულ მდგომარეობაშია სახლები. ვინ აღგვიდგენს სახლს – რუსი სამხედრო? ბავშვები შიშისგან ცახცახებენ სროლისას. თუ არ მოგვხედავენ, გონიო-სარფის გზას გადავკეტავთ“.

 

რატომ დააპატიმრეს ჯელალ ქიქავა?

ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებების სერია გრძელდება. 20 თებერვალს  დემოკრატიული აჭარის  ბათუმის ოფისის ლიდერს ჯელალ ქიქავას აკავებენ. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და ხულიგნობა ედება.

ჯელალ ქიქავას მამა იზეთ ქიქავა „აღორძინების“ მხარდამჭერების გააფთრებულ შეტევას მის საცხოვრებელ სახლზე, ასლან აბაშიძის პერსონას უკავშირებს: „მე და ასლანი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობა და ყრმობა ერთად გვაქვს გატარებული. აბაშიძეების ოჯახთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ასლან აბაშიძე ახლა არასწორ პოლიტიკურ კურსს ადგას. ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობას კრიმინალური გარემოცვა ურჩევნია და თავადაც კრიმინალს სჩადის, ამიტომაც ჩვენი მხრიდან მხილება არ გვაპატია“.

ჯელალ ქიქავას (რომელიც ამ ორგანიზაციის ოფისის დარბევის პარალელურად სპეცდანიშნულების რაზმმა აიყვანა), სასამართლომ იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობის მუხლების ბრალდებით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ქიქავას ადვოკატი ირაკლი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ იარაღის შენახვის შესახებ ნებართვა ქიქავაზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ არის გაცემული, რომელსაც სულ მალე წარუდგენს გამოძიებას.

სახლში, რომელშიც „დემოკრატიული აჭარას“ ოფისი იყო განთავსებული, ქიქავების რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. „სახლს რომ მოადგნენ, გვაგინებდნენ დედას, მკვდარს, ცოცხალს, ქიქავების ოჯახი ამოვწვიტოთ უნდაო. ეზოში ქვები ჩამოყარეს ჩვენი და აქ შემოფარებული ხალხის ჩასაქოლად. დაახლოებით 80 კაცი მოგვივარდა, ყველა მათგანს ხელში ჩაქუჩი ეკავა. ჯელალს გამაფრთხილებელი გასროლა რომ არ გაეკეთებინა და ის ხალხი აქ შემოსულიყო, სისხლისღვრა იქნებოდა“, – იხსენებს „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში იმ დღევანდელ ამბებს ჯელალ ქიქავას დედა ზოია აჯიმბა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დამრბევმა რაზმმა ჯელალ ქიქავას სახლის წინ მდგარი მანქანა დაუმტვრია.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრი შემდეგ კომენტარს აკეთებს: „კრიტიკულ სიტუაციაში ქიქავას ოჯახი ნამდვილად დაიცვა პოლიციამ, რაც ქალაქის პოლიციის უფროსს ცემის ფასად დაუჯდა, სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ მაინც დავიცავით ხალხი და ის სახლი, სადაც სერიოზული პროვოკაცია მოაწყო ქიქავამ. ნურავინ ნუ გამოიშვერს პოლიციისკენ ხელს, რადგან პოლიციამ იმ დღეს ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. თანაც ეს კაცი გამომწვევად იქცეოდა. როცა ქვემოთ სროლა მოათავა, ზემოთ ავიდა, ისროდა და იგინებოდა. მშობლები აცხადებდნენ, რომ ბატონმა გია ბარამიძემ მისცა მას იარაღი და სროლის ნებართვა. მე ვესაუბრე ბატონ გიას, მან კატეგორიულად უარყო ეს ფაქტი. იარაღის ცნობა გაცემულია ყალბ საბუთებზე. მეორე ქვეგანყოფილებაში ერთ-ერთმა არაკეთილსინდისიერმა თანამშრომელმა, რომელსაც საერთოდ არ ეხებოდა აღნიშნული ცნობების გაცემა, გასცა ეს ცნობა. ეს საქმე გადაცემულია პირადი ინსპექციისათვის და მოკვლევა ჯერ არ დამთავრებულა. გამოიკვეთება ბრალეულობის საკითხები. ხელყუმბარის  შენახვაზე ნებართვა არ გაიცემა და მისი უკანონო ტარება-შენახვა ისჯება მკაცრად, საქართველოს კანონმდებლობით“.

ვინ გაიტაცა ავთანდილ დარჩია

პოლიტიკური ანგარიშსწორება გრძელდება. 22 თებერვალს „ჩვენი აჭარას“ ოფისიდან მოტყუებით გაჰყავთ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დარჩია და სასტიკად სცემენ. პარალელურად ხანძარი ჩნდება აღნიშნული პარტიის ოფისში, სადაც, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები განადგურდა. ორი დღით ადრე კი პოლიციამ ჩაამტვრია ჩაკეტილი კარი და აღნიშნული ოფისი გაჩხრიკა. სამართალდამცავები იქ „ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ იარაღს ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

„ხელისუფლებას 20 თებერვალს ოპოზიციის ყველა ლიდერის დაპატიმრება ჰქონდა განზრახული. ეს რომ ვერ მოახერხეს ფიზიკურ შეურაცყოფაზე გადავიდნენ“, – აღნიშნავს „გაზეთ ბათუმელებთან“ ავთანდილ დარჩია და იხსენებს რამდენიმე დეტალს მისი გატაცებიდან. „ოფისთან ვიდექი, როცა ერთ-ერთმა ჩვენმა აქტივისტმა დამირეკა. ათი საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა მონაცემები მქონდა საოლქო კომისიაში წარსადგენად გამზადებული და მასთან უნდა მიმეტანა. ქუჩაში ტაქსი იდგა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი იჯდა. ნაცნობი სახე იყო – ხშირად „ჩვენი აჭარის“ ოფისის წინ ვხედავდი. გადაგიყვანთო – შემომთავაზა, როგორც ჩანს სატელეფონო საუბარს ისმენდა. მანქანაში მძღოლის გარდა კიდევ ერთი პირი იყო. ჩავჯექი თუ არა მანქანა დაიძრა და მაყუჩიანი პისტოლეტი მომადეს. მიბრძანეს არ გაინძრეო, მეგონა მომკლავდნენ…

avto darchia (1)

უშიშროების სამინისტროსთან ახლოს ზღვისპირას გამიყვანეს. გინებით გადმოსვლა მიბრძანეს და ცემა დამიწყეს. ერთ-ერთმა მანქანიდან ხელკეტის მსგავსი ჯოხი გადმოიტანა. შენ რა თავში აგივარდაო და ჯოხით ხელებში, ფეხებში, სახეში დამიწყო გამეტებით ცემა. რამდენიმე წუთს უმოწყალოდ მცემდა. ერთმა ისიც თქვა, ბარემ გავასაღოთო. ცოტა იკამათეს. მერე რამდენიმეჯერ ისროლეს კიდეც. შემდეგ ჯოხიანი ტიპი კიდევ მოვიდა და სახეში მირტყამდა. რომ წავიდა, ფეხზე წამოდგომა ვცადე, რამდენიმე ნაბიჯი გავიარე, თოვლზე დავეცი და გრძნობა დავკარგე“.

გონს მოსული დარჩია მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ახლობლებს და შველა ითხოვა. ახლობლებმა დარჩიას შესახებ ჟურნალისტებს შეატყობინეს და დაზარალებული ქალაქის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს. „აბაშიძეებო და გოგიტიძეებო დატკბით ჩემი სისხლით“, – აი სიტყვები, რომელსაც დარჩია საავადმყოფოში მისულ ჟურნალისტებთან ამბობს.

„თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და მარჯვენა იდაყვის სახსრის დახურული მოტეხილობა“… – აღნიშნულია ავთანდილ დარჩიას ავადმყოფობის ისტორიაში.

avto darchia (2)

სხვათა შორის, ქალაქში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ როგორი უარყოფითი ემოციები გამოიწვია „რუსთავი-2“-თან, ერთ-ერთი ექიმის მიერ დარჩიას მდგომარეობის შესახებ გაკეთებულმა კომენტარმა, რომ დარჩია შესაძლოა დაცემულიც კი იყოს…  ექიმს ქუჩაში სტვენით ხვდებიან, ურეკავენ და ლანძღავენ.  მეტიც, სახლის ფანჯრები ჩაუმტვრიეს – ყვებიან ქალაქში. აგრესია კმარას აქტივისტებისგან მოდის – ამტკიცებენ ერთნი, მეორენი კი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ურეკავენ ექიმს მეგობრები თუ ახლობლები და საყვედურობენ ეს რა გააკეთა…

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, გუშინ, კომენტარი გააკეთა აჭარის შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ: „ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ჩერდება მანქანა და აგდებენ ოფისის წინ საწვავით სავსე ბოთლს. ისინი იბარებენ სახანძრო მანქანას. არსებობს ვერსია, რომელსაც ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის თვითრეკლამა, ისევე როგორც თავად დარჩიას ცემის ფაქტი. მან იცის ვინ გააკეთა ეს და არ ამბობს და პოლიტიკურ მოტივაციას იშველიებს. როცა გააცხადებს, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაქცია. ჯობია თქვას სიმართლე“.

„თქვენ იცით, როცა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ოფისი გავჩხრიკეთ, ბოდიშიც კი მოვუხადეთ იმ ადამიანებს, თუ ვინმეს შეურაცყოფა მივაყენეთ. მიუხედავად ამისა  ჩვენი შესვლა, შეიძლება, სატყუარაც კი ყოფილიყო. ამ თვითრეკლამით არ დაკმაყოფილდნენ და შემდგომი ნაბიჯიც გადადგეს“, – დასძინა ჟურნალისტებთან საუბარში შს მინისტრმა.

ქალაქში კი ვრცელდება ხმები, რომ დარჩიას გამტაცებელთაგან ერთ-ერთი, ვინმე ედუარდ ბაკურიძეა, რომელიც რამდენიმე კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობს. როგორც ამბობენ, აღნიშნული ჯგუფის წევრებს ოპოზიციის მიტინგი არაერთხელ დაურბევია. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქრისტიან-დემოკრატების ოფისში ცეცხლი მეტსახელად სტიოპამ გააჩინა. ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებაც, რომ ედუარდ ბაკურიძეც და „სტიოპაც“ იმ პირების ახლობლები არიან, რომლებიც სამართალდამცავ სტრუქტურებში მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობენ.

 

„კმარა“ ახალი დაუმორჩილებლობით იმუქრება

„პრეზიდენტს ვთხოვთ, ყველა დანაშაულისათვის პასუხი მოსთხოვოს ადგილობრივ ხელისუფლებას. ვთხოვთ ყველას, ვინც უფლებამოსილია, მიმდინარე მოვლენებზე მოახდინონ რეაგირება“, – მოითხოვს „კმარას“  ბათუმელი აქტივისტები და წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ტოტალური დაუმორჩილებლობის მოწოდებით იმუქრებიან.

„გამოდის, რომ ჩვენ ყველაფერს ტყუილად ვეწირებით, პრეზიდენტმაც უნდა მიიღოს რაღაც ზომები“, – ასე ამბობენ ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში დამალული იმედგაცრუებული „კმარას“ აქტივისტები. 20 თებერვალს „აღორძინების“ მხარდამჭერები მათ ყველაზე სასტიკად გაუსწორდნენ.

მათ მიმართ გამოხატული აგრესიის მოკლე ქრონიკა ასეთია:

ოპოზიციის მიტინგზე „კმარას“ აქტივისტებს ადვილად არჩევენ ზურგზე მოხვეული „კმარასა“ და ხუთჯვრიანი დროშების წყალობით და მათ სასტიკად სცემენ. ნაცემი „კმარელები“ თავს „დემოკრატიული აჭარას“ ოფისს აფარებენ. აქტივისტების თქმით: „დემოკრატიულ აჭარაში“ სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა იგივე პიროვნებებით, რომლებიც გვარბევდნენ, შემდეგ შემოვიდნენ ნიღბებით, ვითომ გაგვათავისუფლეს და სამშვიდობოზე გაგვიყვანეს. 3-4 პიროვნება ვიცანით და ჯემალ გოგიტიძეს ვუთხარით, აი ეს პიროვნებებია, რომლებიც გვარბევდნენ-თქო. მან ამაზე არავითარი რეაგირება არ გააკეთა, ინტრიგნები ხართო-გვითხრა“.

„კმარელები“ ამ ოფისიდან მას შემდეგ მიდიან, როცა იქ სპეცოპერაცია იწყება. მათი განცხადებით სახლებში უსაფრთხოდ წაყვანის გარანტია მათ ჯემალ გოგიტიძემ მისცა, თუმცა, გარეთ გამოსულებს უცხადებენ, რომ სასწრაფოდ თავადვე დატოვონ ტერიტორია, თუ უნდათ, რომ გადარჩნენ. „კმარას“ აქტივისტები ქალაქის ცენტრს ტოვებენ.

პარალელურად, სასტიკად არბევენ „კმარას“ ოფისს და თავს ესხმიან „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს, რომლებმაც ეს ფაქტი ვიდეოკამერაზე აღბეჭდეს, ართმევენ ვიდეო-კასეტებს.

„სიხარულიძე მინდიას დარტყმის შედეგად წყალი აქვს მუხლში ჩამდგარი, ვერ დადის. ჯანო რიჟვაძესა და თამუნას თავი აქვთ გატეხილი. ვინც სერიოზულადაა დაშავებული ქალაქი უკვე დატოვა, რადგან აქ ეშინიათ. თავს რომ ვაფარებდით „დემოკრატიული აჭარას“ ოფისს, დაწვით დაგვემუქრნენ, ქვები დაგვიშინეს, ამიტომაც მათი აქ საავადმყოფოში გაჩერება არ შეიძლებოდა“, – ამბობენ თბილისზე იმედგაცრუებული „კმარას“ ნაცემი აქტივისტები და საყოველთაო დაუმორჩილებლობით იმუქრებიან: „ის პიროვნებები, რომლებიც თავს დაგვესხა, უნდა დაისაჯონ. თუ  არ იქნება სათანადო ზომები მიღებული, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველას მოვუწოდებთ საყოველთაო დაუმორჩილებლობისაკენ“.

მეორე დღეს ჩოლოქში, თბილისიდან ბათუმში მომავალ „კმარას“ აქტივისტებს სამარშუტო ტაქსში აკავებენ. „ჩანთაში ნახეს იგივე შინაარსის პროკლამაციები, რასაც მანამდე ვავრცელებდით. უხეშად, სულ ცემა-ცემით ჩამოგვყარეს მანქანიდან. 25-მა ნიღბიანმა კაცმა შეგვაგდო ოთახში და ბიჭებს უმოწყალოდ დაგვიწყეს ცემა. გვემუქრებოდნენ, ჩოლოქს იქეთ ვერ გახვალთო, არ გვაძლევდნენ დარეკვის საშუალებას. მერე ვინც გვირტყამდა, ერთ-ერთი მათგანი მოვიდა და ჩემი მანქანით გაგაცილებთ ბათუმამდეო. ბუნებრივია, ვერ ვენდობოდით. დაგვყარეს შუა ქუჩაში“, – ყვებიან სოფიკო ჟღენტი და სოფიკო პატარაია. სასტიკად ნაცემი და სიცივისაგან გათოშილი „კმარელები“ სამი საათის განმავლობაში იდგნენ ჩოლოქს ხიდის გაღმა მხარეს. „კმარას“ ოთხმა წევრმა ბათუმში შემოსვლა არასამთავრობო ორგანიზაციათა დახმარებით შეძლო.

აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ გოგიტიძე ამ ფაქტთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან არ იცის რას ამბობენ „კმარას“ აქტივისტები და ვინ დააკავა ისინი ჩოლოქზე. მინისტრის განცხადებით, ისინი პროვოკაციაზე მიდიან.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ ყოველივე ამაზე მოახდინოს რეაგირება და მოსთხოვოს პასუხი აჭარის ხელისუფლებას. ჩვენ მოვითხოვთ, ასლან აბაშიძემ გააკეთოს კომენტარი ამასთან დაკავშირებით. დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს“, – ასეთი კატეგორიულია ჩოლოქზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „კმარას” აქტივისტი სოფიკო ჟღენტი.

იმ დღეებში „კმარას” აქტივისტები მარტოდ დარჩენაზე საუბრობდნენ. თუმცა, უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ არც მარტო და არც დაფინანსების გარეშე არ დატოვებენ. უფრო მეტიც, საუბრობენ იმაზეც, რომ ადგილობრივ „კმარელებს“ მალე აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდანაც შეუერთდებიან.

 

საფინანსო ურთიერთობებში კონკრეტული შეთანხმება დღემდე მიუღწეველია

ცენტრსა და რეგიონს შორის ფინანსური ურთიერთობების მოსაგვარებლად შექმნილი სპეციალური მუშა ჯგუფი განაგრძობს მუშაობას, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე შედეგზე, კონკრეტულ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია. ერთადერთ პრობლემატურ საკითხს ჭარბი შემოსავლები წარმოადგენს, რომელიც ადრე მთლიანად ავტონომიის ბიუჯეტში რჩებოდა. ამჯერად კი, როგორც აჭარის არ ფინანსთა მინისტრმა იაშა ჩავლეიშვილმა „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, ის ნორმატივები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყო დაშვებული აჭარაზე, წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ კანონმდებლობიდან საერთოდ გაქრა.

ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ჭარბი სახსრების ფაქტორი, ერთ-ერთი მამოძრავებელი სტიმულია, რომელიც აღებული ვალდებულებების გადაჭარბებით შესრულების თვალსაზრისით, ინტერესს უჩენს არა მარტო აჭარას, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებსაც. „ჩვენს მიერ ეს საკითხი არაერთხელ იქნა დაყენებული და ერთ-ერთი შეხვედრის დროს გაფორმდა კიდეც ოქმი, რომ აღნიშნული მოთხოვნა სამართლიანი მოთხოვნაა“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ბიუჯეტის ჭარბი შემოსავლები, ძირითადად მაინც სოციალური საკითხების მოგვარებას უნდა მოხმარდეს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში პენსიები და ხელფასები რიგდებოდა,  გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ „უკვე ამოქმედდა ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის დარგის საგანმანათლებლო დაწესებულების მუშაკებს გადაეცემა გასული წლის იანვარ-თებერვალში მომატებული ხელფასების არსებული დავალიანება. დღემდე ამ თანხების გაუცემლობა ჩვენი, არც შეცდომის შედეგია და არც დაუდევრობის, რამეთუ, აღნიშნული შევსება ჩვენს ბიუჯეტში გადმორიცხული უნდა ყოფილიყო საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც არ შედგა“.

მინისტრის ინფორმაციით, გასული წლის იანვარ-თებერვლის 30%-იანი დავალიანების დასაფარავად, დღეს უკვე გადაირიცხა რაიონების შესაბამის საფინანსო განყოფილებებში 312672 ლარი, ბათუმის ჩათვლით კი – 447110 ათასი ლარი.

რაც შეეხება ხელფასების სრულად გაცემას, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურს, შუახევსა და ხულოს შესაბამის საფინანსო განყოფილებებს, უკვე, გადაერიცხა 1 299 832 ლარი.

დავალიანებებისა და გაზრდილი ხელფასების გაცემა, გუშინ ქ. ბათუმშიც დაიწყო. სავარაუდოდ, დღეიდან დაიწყება ლტოლვილებზე შემწეობებისა და დახმარებების სრულად  გაცემაც.

რაც შეეხება ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, აჭარის ფინანსთა მინისტრის თქმით, მისი ინიციატივით უკვე შედგა შეხვედრა აჭარის ჯანდაცვისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრებს შორის. ამ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება და გაფორმდა შესაბამისი ოქმიც. „ჩვენს დაფინანსებაზე  მყოფი პროგრამები კი მთლიანად იქნება დასაფინანსებელი“, – აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინა საზღვაო ბანკშია განთავსებული. ფინანსთა მინისტრი ამაში საპრობლემოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ „მთავარია ერთი პრინციპი – ხაზინას პრობლემა არ ჰქონდეს, მისი სწორად და ოპერატიულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. მერწმუნეთ, იმის გამო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური იმყოფება საზღვაო ბანკში, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მისი ოპერატიულობის, სწორად გამართული ფუნქციონირებისთვის და თუნდაც რეალური რესურსების  უზრუნველყოფის მიზნით, მე ჩემი მუშაობის პერიოდში პრობლემა არ მქონია. მთავარია, ხაზინა სრულად ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და პრობლემები საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას არა აქვს.“

მიმდინარე წლის აჭარის ბიუჯეტი დღემდე მიუღებელია. იგივე დღეშია საქართველოს ბიუჯეტიც. იაშა ჩავლეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ბიუჯეტის პროექტზე ფაქტიურად მუშაობა დასრულებულია, იგი განსახილველად აჭარის პარლამენტს მანამ არ წარედგინება, სანამ საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს. ამას, მინისტრი ქვეყნის შესაბამის კანონმდებლობაში მიღებული თუ მოსალოდნელი ცვლილებებით ხსნის.

„თუმცაღა გადარიცხვა ჩვენგანაც და მათგანაც ხდება, მაგრამ  ამოსავალი წერტილი მაინც ისაა, რომ გაირკვეს, ანუ მოგვარდეს და დალაგდეს ურთიერთშეთანხმების ბაზა. შემდგომ იქნება რეალური ნაბიჯები“, – აცხადებს მინისტრი.

ბოლო დროს აჭარიდან ცენტრალურ ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებს ფინანსთა მინისტრი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ „აჭარიდან საკმაოდ სოლიდური თანხები, მილიონებია გადარიცხული  აქციზური მარკების შეძენა რეალიზაციასთან დაკავშირებით“.

აჭარის ბიუჯეტის შემოსავალ-გასავლების კუთხით, როგორც ფინანსთა მინისტრი გვეუბნება დასამალი არაფერი აქვთ: „ჩვენ სქემას მოგცემთ დარგების მიხედვით, თუ რამდენი თანხაა დახარჯული, მისი მთლიანი ხარჯები, მისი პროცენტული შემცველობა და ა.შ. ამ მხრივ პრობლემა არ გექნებათ“.

იმედს ვიქონიებთ, ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული საფინანსო ურთიერთობების მხრივ პრობლემების მოგვარების პროცესის პარალელურად, აჭარის ბიუჯეტის ირგვლივ გამეფებული ბურუსიც გაიფანტება და საბიუჯეტო პროცესი გამჭვირვალე გახდება.

რაც შეეხება ბოლო დროს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ფინანსთა მინისტრის თქმით, ბუნებრივია გავლენას იმ სამუშაოზეც ახდენს, რომელიც საფინანსო ურთიერთობების დასარეგულირებლად მიმდინარეობს: „ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი მუშა ჯგუფის საქმიანობა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა და პოლიტიკურ საკითხებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, თუმცა პოლიტიკა ეკონომიკის გარეშე შეუძლებელია და ეკონომიკაც გარკვეულ პოლიტიკას წარმოადგენს, აქედან გამომდინარე გარკვეულ ზეგავლენას ბუნებრივია ახდენს“.

ამასთან, ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება უახლოეს წარსულში მის მხარდამჭერთა მიტინგების ორგანიზება-დაფინანსებას აწარმოებს, და რომ ეს თანხები აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემა, ფინანსთა მინისტრს თურმე საერთოდ არ სმენია. „მე ასეთ ფაქტებს ვერ ვიხსენებ, ეს ერთი და მეორე, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს ასეთ საქმიანობასთან არანაირი ხელი არა აქვს, ეს გამორიცხულია“.

და ბოლოს, მინისტრის თქმით: „არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ისეთ პირობებში და ისეთ ვითარებაში, როცა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტს მილიონობით დავალიანება აქვს ხელფასისა და პენსიის სახით, ასე ვთქვათ, ერთი ხელის დაკვრით, ასე ოპერატიულად ყველა საკითხის გადაწყვეტა მოხერხდეს. მაგრამ გამოჩნდა გარკვეული გზები, ამოცანა დასახულია, ვფიქრობ ურთიერთთანამშრომლ-ობა მოგვარებადია, მთავარია, საკითხის გადაწყვეტა“.

აქცია „ომეგას“ მხარდასაჭერად

აჭარის ტელევიზიასთან „ომეგას“ მხარდამჭერთა აქცია გაიმართა. „აჭარაში აკრედიტებული ტელეკომპანია „იბერიიისა“ და გაზეთ „ახალი ეპოქის“ კორესპოდენტებმა მოგვმართეს თხოვნით, რომ დაგვეცვა მათი ჟურნალისტური უფლებები. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ კოლეგების გვერდით დავმდგარიყავით, რადგან შესაძლოა ამ მდგომარეობაში ჩვენც აღმოვჩნდეთ, – ამბობს გაზეთ „აჭარა P.შ“-ის ჟურნალისტი მარინა კუპრეიშვილი და იქვე დასძენს, – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მასმედიის მიმართ იქონიოს  ფაქიზი დამოკიდებულება. მასმედია არის შუალედური რგოლი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და თუ ეს რგოლი გაწყდა, ხელისუფლების კრახი გარდაუვალია“.

აქციის მონაწილეებმა, „ომეგას“ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, თავისუფალ მასმედიაზე ზეწოლად შეაფასეს და გაზეთ „ახალი ეპოქისა“ და „იბერიის“ თანამშრომლებს მხარდაჭერა  გამოუცხადეს.

omega%20kancelariastan

ირმა შერვაშიძე, „ახალი ეპოქის“ ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებულმა სპეცღონისძიებამ შეავიწროვა თავისუფალი პრესა და უმუშევარი დატოვა აქ დასაქმებული 2000-მდე თანამშრომელი, რაც თითოეული ჩვენთაგანის შინაგან პროტესტს იწვევს. დღეს ჩვენ არა გვაქვს მუშაობის საშუალება, რადგან სტამბა, სადაც „ახალი ეპოქა“ იბეჭდება დატყვევებულია“.

ირმა შერვაშიძეს პრეზიდენტის იმედი აქვს. იმედი იმისა, რომ ის არ დაუშვებს „ომეგას“ წინააღმდეგ ამ კამპანიის გაგრძელებას, „ვინაიდან ახალმოსულ ხელისუფლებას არ სჭირდება მოსახლეობასთან დაპირისპირება“.

ტრადიციულად, აქციაზე ყველაზე ემოციურად პოეტი ცისანა ანთაძე გამოვიდა, რომელმაც „ომეგას“ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, ქართული მწერლობისადმი ლახვარის ჩაცემად და ქართული სიტყვის მოკვლის მცდელობად შეაფასა.

ცოტა ადრე კი სასტუმრო „ალიკ“-ის საკონფერენციო დარბაზში, ბათუმში მოქმედმა ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს. შეკრებილებმა პროტესტი გამოხატეს იმ „ძალადობის“ მიმართ, რომელიც ცენტრში მასმედიის წინააღმდეგ ხორციელდება. ისინი  ტელეკომპანია „იბერიის“ დარბევის ფაქტზე საუბრობდნენ. „ცენტრში მედიის შეზღუდვა უკვე დაიწყო, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დიქტატის დასაწყისია. ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ რეალობის შეგრძნება, ის რაც დღეს ხდება, ეს არის ეროვნული ცნობიერების დაბალი დონე. სააკაშვილი ებრძვის იმ მედიას, რომელმაც ფაქტობრივად ხელისუფლებაში მოიყვანა“, – განაცხადა სულხან ხაბაძემ.

ახალგაზრდული მოძრაობა „მშვიდობას“ წარმომადგენლი ბექა გოგოსაშვილი: „ვარდების რევოლუცია სიტყვის თავისუფლების დასამარხად არ მომხდარა. ჩემი ორგანიზაციის სახელით ვაცხადებ, რომ დავუპირისპირდებით ყველას, ვინც ხელს შეუშლის სიტყვის თავისუფლებას“.

მიმართვა ბათუმისა და სრულიად აჭარის სტუდენტ-ახალგაზრდობას

2003 წლის ნოემბერში საქართველოში მომხდარმა „ვარდების რევოლუციამ“ მთელს მსოფლიოს დაანახა ახლადჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების მზაობა შექმნას და იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში.

ამავე წლის დეკემბერში ბათუმის უნივერსიტეტში ასლან აბაშიძესთან გამართულ შეხვედრაზე სტუდენტი ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის მიერ გამოხატულმა პოზიციამ დაადასტურა ის აზრი, რომ აჭარის საზოგადოებრიობას სურს აჭარა იხილოს უფრო აქტიურად ჩართული საერთო, ქართულ პროცესებში, კერძოდ, სიტყვისა და აზრის თავისუფლების, პიროვნების ღირსების პატივისცემისა და დაცვის, სამოქალაქო საზოგადოების შენების საქმეში.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი შეგნებული მოქალაქისათვის მიუღებელია ის ანტიკონსტიტუციური პროცესები, რაც დღეს აჭარაში ვითარდება: მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური თუ ძალისმიერი ზეწოლა, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და საერთოდ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, სამაუწყებლო არხების აბაშიძის ხელისუფლების სურვილისამებრ ჩართვა-გამორთვა, საგანგებო მდგომარეობის უკანონო გამოცხადებები, იმ მოძრაობების დევნა-დაპატიმრება, რომლებიც არ ეგუებიან აბაშიძის ხელისუფლების ამ თვითნებურ ქმედებებს. მოკლედ, ის პოლიტიკა, რამაც საქართველო “ვარდების რევოლუციამდე” მიიყვანა.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეული ინტელიგენცია და სტუდენტი ახალგაზრდობა კვლავაც გააგრძელებს დიდი ქართველი მამულიშვილის, მემედ აბაშიძის მიერ გაკვალულ გზას.

ჩვენ არ გვსურს საქართველოს არც ერთ კუთხეში არეულობის პროვოცირება. ჩვენ, უბრალოდ, ვაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას და მზად ვართ, სამართლებრივ ჩარჩოებში, გამოვხატოთ თქვენდამი პატივისცემა და თანადგომა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობიდან საუკეთესო გამოსავალი სამართლიანი არჩევნები და აზრის უშიშრად გამოხატვაა.

საქართველოსთვის მძიმე წუთებში გადამწყვეტ სიტყვას, ისევ და ისევ სტუდენტი-ახალგაზრდობა ამბობდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს სწორედ თქვენი პოზიციაა უმნიშვნელოვანესი მომავალი საქართველოს ფორმირების საქმეში. თქვენი პოზიცია განაპირობებს, თუ რამდენად დაჩქარდება ან შენელდება დემოკრატიული გარდაქმნითი პროცესები. მხოლოდ საქართველოს ყოველი კუთხის, მისი საუნივერსიტეტო თუ სხვა სახის გაერთიანებების ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედებით არის შესაძლებელი თავისუფალ, ერთიან და დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ღრმად გვწამს, რომ ამ საქმეში თქვენი წვლილი განუზომელი იქნება.

„სტუდენტური მოძრაობა თავისუფალი აჭარისთვის“

2004 წლის 18 თებერვალი

რა საქმეებს დაუდებენ ექსპრეზიდენტის სიძეს პროკურატურაში

გენერალური პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიზნესმენს გია ჯოხთაბერიძის [ედუარდ შევარდნაძის სიძე] დაკავება გამოიწვია მისმა საეჭვო საქციელმა, კერძოდ მას აკრძალული ჰქონდა საქართველოს დატოვება. მიუხედავად ამისა, ჯოხთაბერიძემ აეროპორტის სამთავრობო გასასვლელით ისარგებლა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა და უპრობლემოდ დაჯდა აირზენას კუთვნილ თვითმფრინავში. სამართალდამცავებმა მისი ქმედება გაქცევის მცდელობად შეაფასეს და ჯოხთაბერიძეს მოსთხოვეს ლაინერის დატოვება. იგი ამ მოთხოვნას არ დასთანხმდა და მას თვითმფრინავი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

გია ჯოხთაბერიძის დაკავებას წინ უსწრებდა მისი გამოძახება პროკურატურაში და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვა. შევარდნაძის ქალიშვილი მანანა ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ოჯახი ფიქრობს, რომელიმე ქვეყნას პოლიტიკური თავშესაფარისთვის მიმართოს.

გია ჯოხთაბერიძე იმ კომპანიის მფლობელია, რომელიც ბაზარზე კომპანია „ჯეოსელის“ ძირითადად კონკურენტად ითვლებოდა, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი კი წლების მანძილზე „ჯეოსელის“ ინტერესებს იცავდა და, სავარაუდოდ, „მაგთის“ საქმიანობის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაციაც ექნება შემონახული. კულუარული წყაროს ცნობით, ჯოხთაბერიძეზე მასალები გამოძიებამ პატიმრობაში მყოფი რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფისაგან, აკაკი ჩხაიძისაგან მიიღო. როგორც ამბობენ, პროკურატურა ჯოხთაბერიძეს მხოლოდ რამდენიმე საქმეში შეიძლება მოედავოს.

პირველი და ყველაზე მთავარი ეს არის ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე კომპანიებზე ზეწოლა. თუ ადრე ჯოხთაბერიძე პრეზიდენტის სიძე იყო და რაღარც-რაღაცეები ეპატიებოდა, ახლა ის უკვე რიგითი ბიზნესმენია, სხვებისგან არაფრით გამორჩეული და ამიტომ მას პასუხისგება ძველი „შეღავათების“ გამოც მოუწევს. პროკურატურამ უკვე დაკითხა „ტელეკომის“ ხელმძღვანელი გურამ ხმალაძე, რომელმაც დაადასტურა, ჯოხთაბერიძის მხრიდან ზეწოლა, რამაც „ტელეკომის“ გაკოტრება გამოიწვია. პროკურატურის კულუარებში ტრანსპორტის ექს-მინისტრის, მერაბ ადეიშვილის გვარსაც ასახელებენ. ადეიშვილს ერთ-ერთ მოადგილედ ჯოხთაბერიძემ ახლობელი დაანიშვნინა და სწორედ მისი მეშვეობით აკონტროლებდა კომუნიკაციების ბაზარს. სიტუაცია რომ არ არეულიყო, ჯოხთაბერიძე გაფართოებას და დამატებითი სიხშირეების შეძენას აპირებდა.

ჯოხთაბერიძეს და „მაგთის“ პროკურატურა, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დადებული კაბალური ხელშეკრულებების გამოც შეიძლება მოედავოს.

ამ ხელშეკრულებებით მხოლოდ „მაგთი“ ხეირობდა, სახელმწიფო ორგანიზაციები კი კაბალურ პირობებში ვარდებოდნენ, მაგრამ რაკი პრეზიდენტის სიძის ბიზნესი იყო, ხმას არავინ იღებდა.

მეორე და ყველაზე გახმაურებული ბრალდება კომპანია „აზოტს“ უკავშირდება. „აზოტი“ ჯოხთაბერიძესთან დაახლოებულმა კომპანიამ, „ალსოტრანს ინტერნეიშნლმა“ შეიძინა.

როგორც ამბობენ, ამ კომპანიის გამოყენებით ჯოხთაბერიძემ ხელი შეუწყო „აზოტის“ ვალების გაზრდას. „ალსოტრანს ინტერნეიშნლი“ „აზოტს“ სხვადასხვა პროდუქციას აწვდიდა, მაგრამ აზოტი მას ამ პროდუქციაში ფულს ვერ უხდიდა. საბოლოოდ კი, აზოტს ვალი, ჯარიმების ჩათვლით, 70 000 მილიონი დაუგროვდა და ის გაიყიდა. მყიდველის უკან ჯოხთაბერიძეს მოიაზრებდნენ.

გია ჯოხთაბერიძე არის „მაგთი“ ჯგუფის მფლობელი, მისი კომპანია სამ სექტორში მოღვაწეობს:

  1. „მაგთი კომი“, რომელიც საქართველოში მობილური სატელეფონო კავშირის უძლიერესი კომპანიაა, იგი დაარსებულია ამერიკული კომპანია „მეტრომედიის“ მონაწილეობით.
  2. კომპანია „მაგთი ენერჯი ენდ ქიმიკალს“ – ენერგეტიკის სფეროში აქტიურად მოქმედებდა და მონაწილეობას რუსეთიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელებაში საშუამავლო ფირმა „კატეკის“ მეშვეობით.

„მაგთი ენერჯი ენდ ქიმიკალს“ ცდილობდა მონაწილეობა ქიმიურ წარმოებაშიც მიეღო – კონკრეტულად იგი ცდილობდა „აზოტის“ ქარხნის შეძენას. მან ერთხელ მოიგო ტენდერი აზოტის პრივატიზებაზე. თანხა იმდენად მინიმალური იყო (100. 000 დოლარი), რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ტენდერის შედეგები გააუქმა.

მაგთი ჯგუფის კიდევ ერთი განშტოებაა ფრანგებთან ერთობლივი კომპანია „მაგთი-ენტრაპოზი“, რომელმაც სუფსის ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი მოიგო.

მაგთის ერთ-ერთი პატარა განშტოებაა „მაგთივინი“, რომელიც მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებს ამზადებს.

თბილისში აბაშიძის მხარდამჭერები დააკავეს

12-კაციანი ჯგუფი თავისი აზრის დასაფიქსირებლად თბილისში ჩავიდა და იქედან, უფრო კონკრეტულად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, როგორც თავად აცხადებდნენ – გადაწყვეტილი ჰქონდათ „ხმა მიეწვდინათ ფართო საზოგადოებისათვის“ და ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაპირისპირების მოსაგვარებლად გზები ერთობლივად დაესახათ. „ყველა რევოლუციას თითო ავტონომია შეეწირა. აჭარის დაკარგვის საშიშროებასაც ქმნიან. ყოველგვარი მოწოდება „ძირს აბაშიძე“, „ძირს სააკაშვილი“ უკანონოა… რა ჯობს ახალგაზრდების გაერთიანებას? ვერაფერი აღვიდგება ჩვენ წინ“ – განაცხადა ახალგაზრდული კავშირის  „მშვიდობის“ წევრმა ბექა გოგოსაშვილმა.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ახალგაზრდების დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი სასტუმრო „აჭარადან“ „აღორძინების“ ოფისისაკენ მიემართებოდნენ, საიდანაც დაგეგმილი ჰქონდათ ბათუმში გამომგზავრება. გზაში მათ სამმა მანქანამ გზა გადაუკეტა, რომლებიდანაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პირები გამოვიდნენ და ძალის გამოყენებით, ყოველგვარი ბრალდების გარეშე წაიყვანეს სამმართველოში. თვითმხილველების თქმით, ეს მოვლენა უფრო გატაცებას ჰგავდა. დაკავებულ პირებს შორის იყვნენ: მარიამ გუდავა, ანა კალანდაძე, სულხან ხაბაძე, მერაბ მიქელაძე და ლაშა ჩახვაძე. რამდენიმე საათში გუდავა, კალანდაძე და ხაბაძე გამოუშვეს, ხოლო დანარჩენი ორი სავარაუდოდ გენპროკურატურაში გადაიყვანეს.

როგორც გუშინ, „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ თბილისის ორგანიზაციაში განმარტავდნენ, მიქელაძე და ჩახვაძე სასტუმრო „აჭარასთან“ ავტომატით შეიარაღებულმა სამმა სამართალდამცველმა დაახლოებით 12.30 საათზე დააკავა. მათ პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

გუშინვე გავრცელდა, რომ პოლიციას ინფორმაცია ამ ახალგაზრდების შესახებ ბათუმელმა „კმარელებმა“ მიაწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ეს ის პირები არიან, რომლებიც ბათუმში „კმარას“ ოფისებს არბევდნენ და იარაღსაც ატარებენ.

თბილისში ახალგაზრდების დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას არც აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროში ფლობდნენ. „ჩვენ ვეძებთ ამ ბავშვებს. მათ ადგილსამყოფელს ვერ მივაგენით. სხვა სტუდენტების თქმით, ისინი პროკურატურაში მიიყვანეს. დავუკავშირდით პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ეს ახალგაზრდები აქ არ არიან. მე მათ ვთხოვე, გარკვეულიყვნენ საქმეში. შეიძლება გატაცებულებიც არიან. გოგონები, ვინც ამ ორ ბიჭს ახლდნენ ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან, თუმცა ფორმით არ იყვნენ. მე ვესაუბრე ბატონ შოთა ასათიანს და ვთხოვე დაედგინათ ბავშვების ადგილსამყოფელი“, – განაცხადა გუშინ აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ.

მოგვიანებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში დაადასტურეს, რომ აჭარის ავტონომიის მეთაურის ასლან აბაშიძის მხარდამჭერი ორი ბათუმელი სტუდენტი მერაბ მიქელაძე და ლაშა ჩახვაძე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

ვაკე-საბურთლოს შს სამმართველოს უფროსის ზურაბ გავაშელაშვილის თქმით, პოლიციას „ელსმენით მოქალაქემ შეატყობინა, რომ ერთ-ერთი მანქანით გადაადგილდებიან მოქალაქეები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ჰქონოდათ“. გავაშელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ერთ-ერთს აღმოაჩნდა „მაკაროვის“ სისტემის იარაღი, მეორეს „ნაგანის“  სისტემის რევოლვერი. თუმცა, დაკავებულთა ადვოკატი აცხადებს, რომ ისინი სანქციის გარეშე დააპატიმრეს.

ბოლო ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ მიქელაძე და ჩახვაძე „ბუკიას ბაღთან“ დააკავეს. მათი ადგილსამყოფელი კი რამდენიმე საათის მანძილზე უცნობი იყო.

მიქელაძესთან და ჩახვაძესთან ერთად მყოფმა ბათუმელმა ახალგაზრდებმა პრესკონფერენცია გამართეს „დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ თბილისის ორგანიზაციაში და საპროტესტო აქციებით დაიმუქრნენ. როგორც პარტიის თბილისის ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს ფაქტი „ბათუმში მიმდინარე მოვლენების გამო ერთგვარი სამაგიეროს გადახდაა“.

„ეს არის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ აჭარის მიმართ გამოცხადებული ომი“ – ამბობს ბექა გოგოსაშვილი და ირწმუნება, რომ უდანაშაულო ხალხის დაჭერა ბინძური  პოლიტიკური შეკვეთაა.

სხვათა შორის, გუშინ, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამაც გააკეთა. „ჩემთვის უცნობია ვინ არიან დაკავებულები. ამ საკითხს შევისწავლი, ალბათ აღნიშულ ქმედებას საფუძველი ჰქონდა“, – თქვა პრემიერმა.

ბერძენიშვილსა და ჟვანიას აბაშიძის რეჟიმი აერთიანებს

ზურაბ ჟვანიას მიერ გაკეთებული განცხადებით ის, ვინც მის შესახებ „ამ ბოლო პერიოდში გესლიან განცხადებებს აკეთებდა, საარჩევნო სიაში ვერ მოხვდება“. იგი მათგან ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს. ჟვანიამ პირველ რიგში მინიშნება დავით ბერძენიშვილზე გააკეთა. არსებობს თუ არა დავით ბერძენიშვილის სიიდან ამოვღების შესაძლებლობა? – „გაზეთი ბათუმელები“ დავით ბერძენიშვილს ესაუბრება:

ეს არა მხოლოდ მინიშნება იყო, არამედ პირდაპირ დამასახელა კიდეც. მე არ ვაპირებ სიტუაციის გამწვავებას, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არის პოლიტიკური ძალების ერთიანობის საჭიროება, რომელთაც აიღეს პასუხისმგებლობა რევოლუციაზე. ამიტომ ელემენტარული წესია პოლიტიკის, უნდა ვცნოთ ერთმანეთის უფლება. განსხვავებულ პოლიტიკურ წარსულზე, მითუმეტეს რევოლუციის შემდგომ პერიოდში, რაიმე განსაკუთრებული პრეტენზიები მე მისთვის არ წამიყენებია. მე ვვარაუდობ, რომ ეს პრობლემები მოგვარდება და ამ გაერთიანებაში იქნებიან, როგორც ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები, ისე „რესპუბლიკელები“. ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ, ყველაზე რთულ და გადამწყვეტ სტადიაში, გაუგებარი იქნებოდა აჭარაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩემი არ ყოფნა ამ სახელისუფლო გაერთიანებაში. მოლოდინი ბათუმში დიდია იმისა, რომ ასლან აბაშიძე აღარ იქნება უახლოეს ხანებში და, რა თქმა უნდა, ბათუმელებისათვის ჩემი ყოფნა ამ გაერთიანებაში მნიშვნელოვანი დამაიმედებელი ფაქტორი იქნება. ის მბჟუტავი იმედი, რაც ასლან აბაშიძეს და მის გარემოცვას გაუჩნდა ჟვანიას ამ განცხადების შემდეგ, ვფიქრობ ხვალვე ჩაქრება.

თქვენ აჭარის ხელისუფლებასთან ყველაზე შეურიგებელი პოლიტიკური პერსონა ხართ, ამის გამო ხომ არ დაუპირისპირდით თქვენი და ჟვანიას ერთმანეთს?

მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება, რადგან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჟვანია ბათუმელების წინაშე. სრულიად გაუგებარი იქნება წარსულში რაღაც გაუგებრობაზე საუბარი, როცა წინ არის ბრძოლა აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ჟვანიას მხრიდან აბაშიძესთან გარიგება არ არის შესაძლებელი, შესაძლოა ზურაბ ჟვანიას მისი პოლიტიკური წრის წარმომადგენლების უზრუნველსაყოფად, [რამდენიმე მათგანზე არის პრეტენზიები „ნაციონალური მოძრაობიდან“], დასჭირდა კენჭი ესროლა ჩვენს ბანაკში. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მაინც გაცილებით მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვაშორებს. უპირველეს ყოვლისა ეს არის ასლან აბაშიძის რეჟიმი. ჩემს ინტერესებში შედის ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან მქონდეს პარტნიორული ურთიერთობები აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რამდენად სტაბილურიანაცმოძრაობადღეს და კობა დავითაშვილის შემდეგ, ხომ არა არის მოსალოდნელი მისი გახლეჩა?

ბუნებრივია, მტკივნეული პროცესია, როცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შედის „გაერთიანებული დემოკრატების“ საკმაოდ დიდი ჯგუფი. პრაქტიკულად „გაერთიანებული დემოკრატები“ პარტიულად უერთდებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ პროცესს ახლავს მისი პრობლემები. მაგრამ ეს პრობლემები „რესპუბლიკელებს“ არ გვეხება. ჩვენ ვიყავით სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ უახლესი პარტნიორები და ჩვენ ვრჩებით სააკაშვილის გაფართოებული „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორებად. მითუმეტეს აბაშიძის რეჟიმთან მიმართებაში სრულიად ნათელია ჩვენი ერთობის საჭიროება.

რამდენად ქმედითუნარიანია ახალი ხელისუფლება?

მე მაქვს სრული ნდობა პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აბაშიძის რეჟიმთან დამოკიდებულებაში. ყველა ის საკითხი, რაც პრეზიდენტის პრეროგატივაა, საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ჯარის გაძლიერება მიდის იმ მიმართულებით, რომელსაც მე ვიზიარებ. სააკაშვილთან ერთად 2 წელი წარმატებით ვთანამშრომლობდით, ჩვენ ერთად მოვიგეთ საკრებულოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ერთად ჩავატარეთ მიტინგი ბათუმში 23 ოქტომბერს და ერთად ჩავატარეთ საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს.

საარჩევნო სიებზე რას გვეტყვით, რა სიებით ჩატარდება აჭარაში არჩევნები?

არავინ არ ჩაატარებინებს აბაშიძეს არჩევნებს 300 ათასი ამომრჩევლით, რადგან ასეთი სიები არ არსებობს. ეს არის აბაშიძის მორიგი მცდელობა, რომ მიითვისოს ხმები. აბაშიძე იძულებული იქნება ან შეეგუოს იმას, რომ არჩევნები გამჭვირვალე იყოს, ეს მისთვის ძალიან მძიმე იქნება, ან ამუშავდება საქართველოს ხელისუფლების ორგანოები ამ დანაშაულებრივი რეჟიმისა და მისი ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

აჭარაში განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით და რა შედეგები მოყვება აქ მიმდინარე პროცესებს?

აბაშიძე მოვიდა ნოდარ იმნაძის სისხლით, ჩვენ მას გავისტუმრებთ უსისხლოდ. ასლან აბაშიძე სისხლის ღვრის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.

რას იტყვით თბილისში დაკავებულიაღორძინებისმომხრე სტუდენტების თაობაზე?

მე მაქვს მხოლოდ ის ინფორმაცია, რასაც აცხადებენ ბათუმელი „კმარელები“, რომ ეს ხალხი მათ დარბევაში მონაწილეობდნენ და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ იარაღი. მე არ მაქვს შესაძლებლობა შევამოწმო ეს ინფორმაცია. ისე, ბათუმში ჯერ კიდევ სხედან პოლიტპატიმრები და უპირველეს ყოვლისა მათი ბედით უნდა დაინტერესებულიყო ის ხალხი, ვინც პრეტენზიებს უყენებს ცენტრალურ ხელისუფლებას.

თუკი გაგრძელდება ზურაბ ჟვანიას მხრიდან თქვენი იგნორირება, როგორ  გააგრძელებთ ბრძოლას?

მე არ განვიხილავ იმ ვარიანტს, რომ არ ვიქნები საპარლამენტო სიაში, რადგან ეს დააზარალებს აბაშიძის საწინააღმდეგო მოძრაობას, თორემ მე პარლამენტშიც ვყოფილვარ და მის გარეთაც. საზოგადოებრივი აქტიურობა არ არის მაინცდამაინც პარლამენტზე დამოკიდებული. მე მაინც შევინარჩუნე ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა ჩემდამი. მაგრამ დღეს არის სხვა ეტაპი. აბაშიძის რეჟიმის ჩამოშორებას განსაზღვრავს ის, თუ ჩვენი წრე, „რესპუბლიკელების“ ჯგუფი, რამდენად მძლავრად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ბათუმი იქნება აბაშიძის გარეშე.

ეროსი კიწმარიშვილს დაუფასეს – სავაჭრო პალატაში გადაიყვანეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარედ პალატის პრეზიდიუმის რიგგარეშე სხდომაზე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი აირჩიეს.

კიწმარიშვილის კანდიდატურა აღნიშნულ თანამდებობაზე ერთადერთი იყო, ვინაიდან ორშაბათს ამ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ირაკლი გეგეშიძემ მოხსნა.

ეროსი კიწმარიშვილი პირადად წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.

მისი თქმით, კიწმარიშვილის წარდგენის საქმეში მთავარი როლი ითამაშა იმ ფაქტმა,  რომ იგი არის ენერგიული, თანამედროვე პირობებს მორგებული ბიზნესმენი, რომელიც ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალე ბიზნესს აწარმოებდა

ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ეროსი კიწმარიშვილის როლი „ვარდების რევოლუციაში“ მნიშვნელოვანია, თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი ის ადამიანია, ვინც შეძლებს სავაჭრო სამრეწველო პალატის საჭირო სიმაღლეზე დაყენებას და მთავარი  პრიორიტეტი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება.

როგორც სხდომაზე გამოსვლისას ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, მას, მეგობრებთან ერთად, ალბათ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის „ვარდების რევოლუციაში“ და მიაჩნია, რომ ქვეყნისა და ხალხის მომავალი ბედი პირადად მისი და მისი მეგობრების სინდისზეც იქნება.

წარსულში საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატას წლების განმავლობაში ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მძახალი გურამ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა.

 

როდის გვექნება შუქი უფასოდ

აჭარის მეთაურის, ასლან აბაშიძის ბოლოდროინდელი მოსკოვური ვიზიტის შესახებ, აბაშიძემ ბათუმის აეროპორტშივე ისაუბრა და აჭარის მოსახლეობას სამი თვით უფასო ელექტროენერგიას დაპჰირდა. ხალხი უფასო შუქს მიმდინარე კვირის ორშაბათიდან ელოდა. თუმცა, მოლოდინი გაცრუვდა. სხვათა შორის, ამ კვირას მოსულმა თოვლმა მნიშვნელოვნად  დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის ორიოდსაათიან მოწოდებაშიც სერიოზული პრობლემები შეიქმნა.

იქნება თუ არა დაპირებული უფასო დენი.

როგორც აჭარის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, უფასო ელექტროენერგია აუცილებლად იქნება, ოღონდ როდის, ვერ აკონკრეტებენ. როგორც ცნობილია, დაპირებული 100 მეგავატი, აჭარას რუსეთიდან უნდა მიეწოდოს. ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად კი, გასულ პარასკევს ბათუმში რუსი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ისინი აჭარის ენერგოკომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

„გაზეთი ბათუმელები“ აჭარის ენერგოკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს ოთარ გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსი კოლეგები კომპანიის დირექტორს შეხვდნენ და მათი ჩამოსვლის მიზანი ამ ეტაპზე, ძირითადად მაინც, აღნიშნული საკითხის ირგვლივ მოლაპარაკება იყო. „იმხელა ბიუროკრატიული გზებია გასავლელი… ჯერ ერთი მთავრობაში, ზემო ინსტანციებში, შემდეგ დაბლა, საფინანსოებში. განკარგულება უნდა გაიცეს ცენტრალურ სადისპეჩეროში, შემდეგ კრასნოდარის სადისპეჩეროში უნდა მოხდეს შეთანხმება და სხვ. ამას სჭირდება დრო, რის გამოც, რუსეთიდან მინიმუმ მიმდინარე კვირის ბოლომდე მაინც, ვერანაირად ვერ მოხერხდება ელექტროენერგიის მიღება“, – განაცხადა ოთარ გოგიჩაიშვილმა.

როგორც დავადგინეთ, დენის მოწოდების საკითხი მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამთავრობო შეთანხმება უკვე არსებობს, ჯერ კიდევ სახელმწიფოებრივ დონეზეა გადასაწყვეტი. აჭარის ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ გამორიცხული არაა კომპანიის დირექტორს, გიორგი თავაძეს აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მოსკოვში ჩასვლა მოუწიოს.

რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე მოლაპარაკებებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებაც აწარმოებს. საუბარია დაახლოებით 400 მეგავატზე, რომელსაც ახლა 100 მეგავატი უნდა დაემატოს. ანუ, რუსეთიდან მოწოდებული, მათ შორის აჭარის კუთვნილი ენერგია მთლიანად საქართველოს სადისპეჩეროდან უნდა გადანაწილდეს.

აჭარის ენერგოკომპანიაში მიაჩნიათ, რომ სადისპეჩეროდან ელექტროენერგიის გადანაწილებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოშვას. თუმცა, კონკრეტულად რა და როგორ, ამის შესახებ კომპანიაში ვერაფერს ამბობენ. მითუმეტეს, რუსეთიდან დენის იმპორტის დაწყებისთანავე მაქსიმალურად შემცირდება ენერგიის გამომუშავება ენგურზე. რაც შეეხება აჭარას, იგი ენგურჰესიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებს. ენერგოკომპანიაში თვლიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს სადისპეჩეროდან აჭარა მისთვის საჭირო 80 მეგავატს აუცილებლად მიიღებს.

ელექტროენერგიის მიღებისათვის საჭირო ყველა საკითხის მოგვარების შემდეგ რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ უნდა მიეწოდოს. საფასურს ერთი ვერსიით მოსკოვის მერია გადაიხდის, მეორე ვერსიით კი, გამორიცხული არაა ამ საქმეში გერმანული მხარეც ჩაერთოს.

ავტონომიურ რესპუბლიკას დღეისათვის მინიმუმ 80 მეგავატი მაინც სჭირდება.

P.შ. ვიდრე მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაპირებულ უფასო ენერგიას ელოდება, მანამ ფასიან დენს ითხოვს. გუშინ უშუქობით გამწარებულმა ანგისის მცხოვრებლებმა რამოდენიმე წუთით ბათუმი-სარფის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს.

„ქოლგიანი დელფინი“ ავტორს აღარ მოსწონს

ბათუმის სანაპიროსთან დელფინები ძალიან იშვიათად ჩნდებიან, მათ არც დელფინარიუმში „სწყალობენ“ და ბათუმის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინიც ცოცხლების გზას გაუყენეს.

„გაზეთი ბათუმელები“ ემბლემის ავტორს ავთო ლომაძეს ესაუბრა.

ბატონო ავთო, როგორ გაჩნდა ბათუმის ემბლემად ქოლგიანი დელფინის იდეა?

80-იან წლებში ჟურნალ „ჭოროხის“ მხატვარ-გამფორმებელი ვიყავი. ჟურნალის ემბლემაზე მუშაობისას, ერთ-ერთ ვარიანტად რედაქტორს  დელფინი ჰქონდა. ალი სამსონია წვიმის მოყვარული იყო. წვიმაზე ნაწარმოებებიც ჰქონდა დაწერილი. გარდა ამისა, ბათუმის დელფინარიუმთან ყოველთვის რიგი იდგა. გამიჩნდა იდეა დამეხატა დელფინი ქოლგით. შემდეგ სამსონიამ მითხრა ბათუმის ემბლემა-ჰერალდიკის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მეორე ადგილი ავიღე, 50 მანეთი მომცეს პრემიად. რატომღაც ჩემი ესკიზი ხალხში დამკვიდრდა, ისე ჰერალდიკა მე არ შემისწავლია.

მაგრამ თქვენი ემბლემა მაინც ბათუმის ჰერალდიკად დამკვიდრდა.

ხალხმა რატომღაც აიტაცა და შეიყვარა. მაშინ ბევრი რამ კეთდებოდა ამ ემბლემით – სამკერდე ნიშნები, ჩანთები. მაშველების სადგური მოიხატა ქოლგიანი დელფინით. დღეს უკმარისობის გრძნობა მრჩება ჩემსავე ნამუშევარზე, გული მწყდება. რომ მცოდნოდა ასე აიტაცებდა ხალხი… ახლაც მგონია, რომ რაღაც აკლია, – მოძრაობა, ელასტიურობა. ეს იყო ნაჩქარევად, ესკიზის დონეზე გაკეთებული. ქართველებს წესად გვაქვს, საქმეს ბოლომდე არ ვაკეთებთ, ვჩქარობთ. მოკლედ, ქოლგიანი დელფინი არ მომწონს, დაუსრულებელია, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. 10 წელია ხელში კალამი არ ამიღია. დღეს ხელი აღარ მემორჩილება. როცა ბარავ, ყანას თოხნი, ხელი უხეშდება.

მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ „განიარაღდა“

მოძრაობამ „ნათელი მომავლისათვის“ ამ დღეებში ბათუმში ორიგინალური აქცია გამართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა სათამაშო იარაღები სიმბოლურად გაანადგურეს. მათ ამით ერთგვარი განაცხადი გააკეთეს, რომ ისინი უიარაღონი არიან და მშვიდობიანი გზებით შეეცდებიან იმ მიზნების მიღწევას, რაც მოძრაობას აქვს დასახული.

მოძრაობა „ნათელი მომავლისათვის“ რამდენიმე NGO-სა და ფიზიკურ პირს აერთიანებს. როგორც ცნობილია, მათი ინიციატივით აჭარაში დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე მოთხოვნით: გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა აჭარაში; დათხოვნილ იქნეს აჭარის პარლამენტი და ჩატარდეს ვადამდელი, სამართლიანი არჩევნები.

„ჩვენ დავყარეთ იარაღი, ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ ვართ უიარაღონი და ამასთან მზად ვართ კანონით დაშვებული ყველა ფორმით მივაღწიოთ მიზანს. ჩვენ არსებული, გამოუქვეყნებელი კონსტიტუციის მოთხოვნას ვითვალისწინებთ, მაგრამ 50 000 ხელმოწერას მაინც შევაგროვებთ, ხელისუფლება იძულებული იქნება ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, – განაცხადეს „გაზეთ ბათუმელებთან“ მოძრაობის წევრებმა.

ამასთან, „განიარაღების“ აქცია პროტესტის პირდაპირი გამოხატულება იყო იმაზე, რასაც ავტონომიის ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ სამოქალაქო პირებზე იარაღის დარიგება ჰქვია.

„ჩვენ ვაჩვენეთ მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ვართ განიარაღებულები და თუ იქნება მცდელობა ძალადობისა, ყველა პასუხისმგებლობა მათ დაეკისრებათ… ხელისუფლების მხრიდან აქტიურად საუბრობენ, რომ შეიძლება მოხდეს ომი, სისხლისღვრა და ა.შ. აქ როგორ შეიძლება მოხდეს ომი, როცა ერთ მხარეს აქვს იარაღი და მეორეს არა – ეს ომი აღარ იქნება… ჩვენ ვერთიანდებით იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქალაქი ნებისმიერი პროვოკაციისაგან, ძალადობისგან თუ აგრესიისგან“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ამ აქციაზე ფარგლებში, რამდენიმე წლის შემდეგ, ბათუმის ქუჩებში პირველად გამოჩნდა ქალაქის ემბლემად მიჩნეული ქოლგიანი დელფინი.

მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქოლგიანი დელფინი ადამიანებში აღძრავს დადებით ემოციებს და როგორც ბათუმელები, ასევე არაბათუმელები, ამ ემბლემის ირგვლივ გაერთიანდებიან. ბათუმი დღეს არის პასიური, ამ გაერთიანებით კი იგი უფრო აქტიური გახდება. მათი აზრით, ქალაქმა დაკარგა თავისი სულისკვეთება.

„ჩვენ არწივოსნები კი არა, დელფინელები ვართ. ჩვენი სურვილია, რომ დადებითი ემოციის ქვეშ ყველა მოქალაქე, საზოგადოების წევრი, ვისაც ბათუმელი, საერთოდ, აჭარაში მცხოვრები ჰქვია, გაერთიანდეს, რათა შემდგომში მზად ვიყოთ იმ დიდი ცვლილებებისათვის, რასაც ეს მოძრაობა ისახავს მიზნად. ეს მხოლოდ ქალაქის სიმბოლიკის დაბრუნება არ არის“, – აცხადებენ ისინი და დასძენენ, – „გვინდა გავახსენოთ ხალხს ის სილამაზე და იმ მოგონებით წავიდეთ წინ. დღეს ამიტომ გამოჩნდა დელფინიანი დროშები – ბათუმის სიმბოლიკა. ბათუმი აერთიანებს აჭარას. აქედან იმართება საღი აზროვნება, ინტელექტი. ჩვენი მიზანია დავამკვიდროთ დემოკრატიული მმართველობის პრინციპები, შევქმნათ თავისუფალი, კონკურენტუნარიანი გარემო, რათა ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს თვითრეალიზაციის საშუალება…“

პრესსამსახური დამოუკიდებლობას კარგავს

პრეზიდენტის პრესსამსახური პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შევა. აღნიშნული სამსახური სტრუქტურულად გამარტივდება და რაოდენობრივადაც შემცირდება.

სახელმწიფო კანცელარიაში აკრედიტებულ ჟურნალისტებს კი მესამე სართულის ზემოთ სპეციალური საშვის გარეშე ასვლა აეკრძალებათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ჩუბინიშვილი ამტკიცებს, რომ ახალი გადაწყვეტილება ჟურნალისტებს მუშაობას გაუადვილებს.

მისი თქმით, გაკეთდება სპეციალური პრეს-ოთახი, სადაც ჟურნალისტებს მუდმივად ყოფნის და ნორმალურად მუშაობის საშუალება მიეცემათ.

„ჟურნალისტებს აღარ მოუწევთ სართულებზე სირბილი და ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო მოხელეებზე ნადირობა“, – აღნიშნა მან.

ჩუბინიშვილის ინფორმაციით, დაიდგმება სპეციალური ტრიბუნა, ხოლო პრესსამსახური უზრუნველყოფს ჟურნალისტებისათვის საინტერესო ნებისმიერი თანამდებობის პირის ჩამოყვანას და ბრიფინგის მოწყობას.

შინაგანი ჯარების უფროსს მიწების მიტაცებაში ადანაშაულებენ

მოქალაქეები ნიაზ მიქელაძე და ქაზიმ სურმანიძე შინაგანი ჯარის სამხედრო ნაწილი 2060-ს მეთაურს, მიწის ნაკვეთის მიტაცების თაობაზე უჩივიან. მომჩივანთა მტკიცებით, შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილი 2060-ის მეთაურმა მურად ცინცაძემ, მათ ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობისაგან იჯარით აღებული მიწის ნაკვეთი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით წაართვა.

პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესი უკვე გაიმართა და დაზარალებულები გამართლდა.

ცინცაძე, რა თქმა უნდა, პოზიციას არ თმობს, გადაწყვეტილებას აჭარის უმაღლეს სასამართლოში ასაჩივრებს და ტერიტორიას შეიარაღებული რაზმით იცავს.

ნიაზ მიქელაძის განცხადებით, მან 1994 წელს საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა ხელვაჩაურის რაიონის მახვილაურის ციტრუსების მეურნეობასთან, რის საფუძველზეც 2900 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი გადაეცა. მისი თქმით, 2002 წლის ოქტომბერში შინაგანი ჯარის ნაწილმა, ძალის გამოყენებით, 2200 მეტრი მიწა ჩამოაჭრა. 2003 წლის 2 თებერვალს კი მურად ცინცაძემ, შეიარაღებული ჯარისკაცების გამოყენებით, მთლიანად წაართვა ეს ტერიტორია. „მურად ცინცაძე ჩვენთვის მიწის წართმევის მოტივად იმას ასახელებს, თითქოს ასლან აბაშიძეს უთქვამს, რომ ეს ტერიტორია მისია. არა მგონია ასლან აბაშიძეს მისთვის ეთქვას, რომ მიქელაძე და სურმანიძე გამოაგდე და მათი ტერიტორია დაისაკუთრეო. ამ მიწაზე ვაკეთებდი ბენზინგასამართ სადგურს, მაგრამ მუშაობა შემაჩერებინეს“, – აცხადებს ნიაზ მიქელაძე.

აჭარის უმაღლეს სასამართლოში გამართულ პროცესზე შინაგანი ჯარების წარმომადგენელმა ზურაბ მამულაძემ ამის თაობაზე შემდეგი განაცხადა: „1994 წლის 16 აგვისტოს, აჭარის მინისტრთა საბჭომ გადმოგვცა 44-ე პროფტექნიკუმის შენობა-ნაგებობები და მიმდებარე ტერიტორია – მიწის ნაკვეთი 9 ჰექტარის ოდენობით. არსებული ნახაზისა და ამ განკარგულების მიხედვით 9 ჰექტარი აღნიშნულ ობიექტზეც გადის. ჩვენზე გადმოცემულ ტერიტორიას არაფერი ესაზღვრება – მოიცავს ტაბიძის, ლეონოძის, აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთს და მიემართება მახვილაურის მეურნეობისაკენ“.

მახვილაურის მეურნეობა ადმინისტრაციულად ხელვაჩაურის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ ბათუმის განაშენიანების შემდეგ იგი ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. შინაგანი ჯარის უფროსი, მიქელაძის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, საკუთრების პრეტენზიას იქიდან გამომდინარე აცხადებს, რომ თითქოს ეს მიწა 44-ე პროფტექნიკუმის საკუთრება ყოფილა.

ნიაზ მიქელაძე ამას არაფრად დაგიდევს და მურად ცინცაძეს თვითნებობაში ადანაშაულებს. „მიწა როდესაც გადმოგვცეს, მაშინვე რატომ არ ამოიღო ხმა? თუ მისი იყო ტერიტორია, თავად გაეკეთებინა ჩვენთვის იჯარა, ან უარი ეთქვა. ჩვენ მიწა უკანონოდ არავისთვის წაგვირთმევია, მახვილაურის მეურნეობამ მოგვცა. ცინცაძემ კი ძალის გამოყენებით წაგვართვა“.

დაზარალებულის განცხადებით ცინცაძეს ამ ტერიტორიაზე ამბიციები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო. იგი ეჭვობს, რომ შინაგანი ჯარის ხელმძღვანელს უბრალოდ წილში ჩაჯდომა უნდა. „თუ აქამდე შინაგანი ჯარი ექვსნახევარ ჰექტარს ფლობდა, ახლა გაუხდა 9 ჰექტარი?“ – კითხულობს ნიაზ მიქელაძე.

რაც შეეხება ქაზიმ სურმანიძეს, მას შინაგანმა ჯარმა სახლიდან გამოსასვლელი ჭიშკარი ჩაუკეტა. მეორე მომჩივანის თქმით, .„მურად ცინცაძე მისი ეზოს გადაღმა, მიქელაძის საიჯარო ნაკვეთში ჯართს ღებულობდა, ახლა კი ჭიშკარი გადაუკეტა და ქუჩაში გასასვლელს არ აძლევს“.

 

ადამიანებით ვაჭრობის გამო აშშ დახმარებას შეგვიწყვეტს

ტრეფიკინგი – ადამიანით ვაჭრობა, თანამედროვე მსოფლიოში შემოსავლების მიხედვით ნარკობიზნესსა და იარაღით ვაჭრობასთან ერთად პირველ სამეულშია. საქართველო, როგორც წესი, იმ ქვეყნების ჯგუფშია  მოხვედრილი, როცა სახელმწიფო არ ღებულობს რაიმე კონკრეტულ ზომებს ამ პრობლემის გადასაწყვეტად, ანუ მესამე ჯგუფში (პირველში ის ქვეყნებია, სადაც მუშაობენ და ტრეფიკინგის კუთხით კარგი შედეგები აქვთ, მეორეში – მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ). საქართველოში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მილიონ ნახევარი ქართველი სამშობლოდან მიგრირებულია. როგორც ცნობილია, მათი დიდი უმრავლესობა უკანონოდაა გასული ქვეყნის გარეთ და მონურ პირობებში მუშაობს. ისინი, განსაკუთრებით ქალები, მოტყუებით გაჰყავთ უცხოეთში, შემდეგ პასპორტებს ართმევენ და იძულებით ამუშავებენ სექსმუშაკებად. ეს ქალები საუკეთესო შემთხვევაში თავს გაქცევით შველიან, თუმცა ხშირად ციხეებშიც ხვდებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოება“ ამ დღეებში ბათუმში ჩაატარა სემინარი ტრეფიკინგის თემაზე. საზოგადოების თავმჯდომარის ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, ისინი აჭარაში აქტიურ თანამშრომლობას იწყებენ საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი საქმიანობა ბევრად უფრო შედეგიანი იქნება. სემინარზე მოწვეულმა სარფის სასაზღვრო კონტროლის ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილემ ზაზა ფუტკარაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ აღნიშნა, რომ „დეპარტამენტს აქვს სურვილი ამ პრობლემასთან დაკავშირებით იმუშაოს არასამთავრობო სექტორთან. ჩემი სამუშაო დღე იწყება და მთავრდება ამ სახეების ცქერით. „ყოველ დღეს გადმოდიან დეპორტირებული ქალები, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შემიძლია. თურქეთში გადამსვლელთა 20-30% ტრეფიკინგის მსხვერპლია“.

„გაზეთი ბათუმელები“ ტრეფიკინგის პრობლემებზე ნანა ნაზაროვასაც ესაუბრა:

ქართველთა უმრავლესობამ არ იცის საკუთარი უფლებები. ისინი მათდაუნებურად მსხვერპლნი ხდებიან. თურქული მხარის სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 5 ათასამდე ქართველი ქალია დეპორტირებული პროსტიტუციის მოტივით, მათ შორის 1600 დაავადებული იყო. ჩემთვის ცოტა დაუჯერებელია ეს ციფრი, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკაა.

ქალბატონო ნანა, რა ხდება, მესამე ჯგუფს რომ ვერ გავცდით?

საქართველო გასულ წელს პირველი მოხსენებით მესამე ჯგუფში იყო. შემდეგ მივიღეთ კანონი, სადაც ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია მოხდა, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჩატარდა გარკვეული საინფორმაციო კამპანია და საქართველო გადაიყვანეს მეორე ჯგუფში, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა.

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში ამერიკის საელჩო აგროვებს ინფორმაციას იმაზე, რაც ხდება სინამდვილეში და შემდეგ კეთდება ანალიზი. ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები აკეთებენ მოხსენებას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. არის რიგი კითხვებისა და თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ამას პასუხს ვერ გასცემენ, მაშინ კანონის თანახმად, ქვეყანა კვლავ მესამე ჯგუფში დამკვიდრდება. აშშ-ის კანონმდებლობით ეს ნიშნავს, რომ შტატები საქართველოს ყველა ჰუმანიტარულ დაფინანსებას შეუწყვეტს. პირველი მარტისთვის მზადდება მორიგი მოხსენება და ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა მოქმედება ახლა დაიწყეს.

არასამთავრობოების როლი მარტო სემინარების გამართვით შემოიფარგლება?

არა. წინა მთავრობისაგან განსხვავებით დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურებში მწვავედ დავსვამ ამ კუთხით საკითხს. დღევანდელ ხელისუფლებას მართლა სურს დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. დემოკრატიული სახელმწიფო კი ვალდებულია რეალური ნაბიჯები გადადგას მიგრაციის ყველაზე მწვავე ფორმის – ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის მოსაგვარებლად.

თუ ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, ხალხი, არ მოვთხოვთ სახელმწიფოს ამ ყველაფრის გაკეთებას, არაფერიც არ შეიცვლება. არასამთავრობო სექტორში თანხები ძირითადად უცხოურია. უცხოელები ხომ არ იზრუნებენ საქართველოს მოქალაქეებზე. ამ საქმეში სახელმწიფომ უნდა ჩადოს ფული. გასულ წელს შემუშავდა ანტიტრეფიკინგული გეგმა, თუმცა ბიუჯეტიდან ამ გეგმის განსახორციელებლად არც ერთი თეთრი არ გამოყოფილა. ეს არანორმალური დამოკიდებულებაა. ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ ამერიკის ზეწოლით ღებულობს გადაწყვეტილებებს. ქვეყანაში რომ არ იყოს ასეთი კატასტროფული სიტუაცია სოციალური თვალსაზრისით, ხალხი არც წავა უცხოეთში. რა მოსდის ხალხს, განსაკუთრებით ქალებს თურქეთში, საბერძნეთში – პლანტაციებში ამუშავებენ. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არის კანონი.

გასულ წელს აშშ-ს ზეწოლით კანონში ცვლილები შევიტანეთ და მოხდა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია. ახლა უკვე მეორე ნაბიჯს ვდგამთ.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა მონაწილეობით საზოგადოების ინფორმირება ხომ არ იქნება ეფექტური გზა ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირებისთვის?

არავითარ შემთხვევაში. ადამიანს პროსტიტუტკად ამუშავებენ, ეს არ ეყოფა და მისი სახელი გაზეთშიც დაიწეროს? მთელს მსოფლიოში ტრეფიკინგის მსხვერპლი არასდროს არ მიმართავენ პოლიციას, სახელმწიფო სტრუქტურებს. ისინი ფიქრობენ, რომ ჩადიან დანაშაულს. ამ ადამიანებმა არ იციან თავიანთი უფლებები. საერთაშორისო კანონმდებლობით თუ ტრეფიკინგის მსხვერპლს საზღვრის გადალახვის დროს კანონი დარღვეული აქვს, ის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება. ეს იმიტომ კეთდება, რომ მსხვერპლი მივიდეს სახელმწიფო სტრუქტურებში და აცნობოს იმათ შესახებ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. თუმცა, ვერც ერთი სახელმწიფო მათ უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს. არადა მსოფლიო საზოგადოება იმითაა დაინტერესებული, რომ ტრეფიკიორები დაისაჯონ.

ბავშვთა ტრეფიკინგი რა დონეზეა საქართველოშიგანვითარებული“?

ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში მცირეწლოვანი 200-300 დოლარად იყიდება. ტერმინი „საქუთაისოდ დამზადებული ბავშვი“ – ხშირად გვესმის. როგორც ამბობენ, სოფლებში ქუთაისიდან ჩადიან და ყიდულობენ ბავშვებს. ასე რომ, ეს ურთულესი პრობლემაა.

 

რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და ჭიაბერაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი ბათუმში შაბათს ჩამოვიდა და ასლან აბაშიძეს შეხვდა.

 

ჭიაბერაშვილის ვიზიტის ოფიციალური მოტივი ბათუმში სასტუმრო „თანამგზავრში“ დაწყებული სემინარი იყო. ეუთოს მიერ დაფინანსებული ორდღიანი ტრენინგი საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისების თავმჯდომარეებს ჩაუტარდათ. ბათუმში ეს სემინარი შემთხვევით არ ჩატარებულა, რაც თავად ჭიაბერაშვილმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ აჭარა საქართველოს სამართლებრივი სივრცის ნაწილია და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდგომა აჭარისადმი ისეთივეა, როგორიც სხვა რეგიონებისადმი. სწორედ ამ პრინციპით, ჭიაბერაშვილი პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საპარლამნტო არჩევნებში მონაწილობას მხოლოდ რეგისტრირებული ამომრჩეველი მიიღებს. ის არ გამორიცხავს, რომ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვერ გაიარეს რეგისტრაცია, ამის შესაძლებლობა მარტში მიეცემათ. აჭარის წარმომადგენელთა საპასუხო განცხადებები აჭარაში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით სასტუმრო „თანამგზავრშივე” კეთდება. ცსკ-ს წევრი „აღორძინებიდან“ ზურაბ აბაშიძე და ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ედნარ შამილიშვილი აცხადებენ, რომ აჭარაში 288 ათასი ამომრჩეველია და ისინი არ დაუშვებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულმა 80 ათასმა ამომრჩეველმა მიიღოს.

საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრისა და რეგიონის დაპირისპირების მიზეზი კვლავ საარჩევნო სიები ხდება. ამ დაპირისპირების დაფარვის სურვილით ერთ დროს გამჭვირვალობაზე მოსაუბრე ჭიაბერაშვილი ასლან აბაშიძეს საიდუმლოდ ხვდება. თუმცა აბაშიძე-ჭიაბერაშვილის გარემოცვის დუმილის მიუხედავად პრესამ ეს მაინც გაიგო. შეხვედრიდან გამოსულმა ჭიაბერაშვილმა კი ჟურნალისტებისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ მათი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. რომ მათ ისაუბრეს ამომრჩეველთა სიებზე და ასლან აბაშიძის მთავრობის მიერ აჭარაში ჩატარებულ „უნიკალურ აღწერაზე“. ასევე ისაუბრა აბაშიძესთან ერთად დალეულ ჭიქა ღვინოზე. მან აღარ ახსენა აჭარაში საგანგებო მდგომარეობა, რომლის თაობაზეც აპირებდა აბაშიძესთან საუბარს, არადა ამ შეხვედრამდე თვლიდა, რომ საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუშლიდა წინასაარჩევნო პროცესს…

ცსკ-ს თავმჯომარე უარყოფს, რომ მათ საუბარს მოლაპარაკების ხასიათი ჰქონდა სიებთან დაკავშირებით და, შესაბამისად, არ საუბრობს შეთანხმებაზე. სამაგიეროდ ამ მოლაპარაკებების თაობაზე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ასლან აბაშიძემ ჭიაბრაშვილს წაუყენა ულტიმატუმი, – თუკი ცსკ-ო არ დათანხმდება ამომრჩეველთა სიაში აჭარის 288 ათასი ამომრჩევლის შეყვანას, აჭარა საპარლამენტო არჩევნებს გამოუცხადებს ბოიკოტს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შედგა და ვაჭრობა ახლა ამ ორ ფიგურას შორის მიდის. ოფიციალური სტრუქტურებიდან ამას ჯერჯერობით არავინ გამოხმაურებია, თუმცა ავტონომიის მეთაურის ადმინისტრაციის წინ მომლოდინე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა ძალიან გავდა პრეზიდენტ შევარდნაძის დროინდელ ვაჭრობას ავტონომიის ლიდერთან.

ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარა“ და ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ბათუმის ოფისი უკვე გამოეხმაურნენ ამ ინფორმაციას. მათი განცხადებით აჭარის ხელისუფლება არსებული სიებით არჩევნების გაყალბებას ცდილობს. მათივე განცხადებით, თუკი ცენტრი აჭარის ლიდერს ამ საკითხში გაურიგდება, ახალი ხელისუფლება აჭარის მოსახლეობის ნდობას დაკარგავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აჭარაში არჩევნების ჩაშლა აბაშიძის ინტერესებში ყველაზე ნაკლებად შედის.

მომავალი მინისტრები ჟვანიასთან პროგრამებს ათანხმებენ

მინისტრობის კანდიდატები სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან კონსულტაციებს გამართავენ საკუთარი სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად.

მომავალი პრემიერი ზურაბ ჟვანია კი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტს  ორშაბათსვე წარუდგენს სააკაშვილს.

როგორც კონსულტაციების დაწყების წინ მომავალმა სახელმწიფო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა  განაცხადა, ახალი მთავრობის მომავალ სტრატეგიულ ამოცანას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საქმეებში, ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს.

მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს ისეთი უმნიშვნელოვანესი ამოცანების განსაზღვრა, რომლებიც მოიცავს პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეკრულების ეფექტურ იმპლემენტაციას, ქართული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას,  ევროპული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას და ევროსტრუქტურებში საქართველოს თანდათანობით ინტეგრაციას.

იუსტიციის მომავალი მინისტრის გიორგი პაპუაშვილის  სამოქმედო პროგრამის ძირითად არსს  სამართლებრივი რეფორმების გაგრძელება წარმოადგენს.

მისი თქმით, ყველაზე უფრო  მნიშვნელოვანია პენიტენციალური სისტემის რეფორმა, სასამართლო რეფორმის გაგრძელება და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაცია.

მომავალი ჯანდაცვის მინისტრის გიგი წერეთლის თქმით, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჯანდაცვის დარგში საგადასახადო შემოსავლების გაზრდის კვალდაკვალ, იმ პროგრამების მოცულობის გაფართოება, რომლებიც მოსახლეობის გადაუდებელი სამედიცინო და სხვა აუცილებელი დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს.

ასევე, მთავარ საკითხს წარმოადგენს საპენსიო დავალიანების დაფარვის დაჩქარება და უახლოეს ხანებში არსებული მინიმალური პენსიის ზრდის პროცესის დაწყება.

კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მომავალი მინისტრობის კანდიდატი გიორგი გაბაშვილი ძირითად ყურადღებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე ამახვილებს.

მისი თქმით, სამინისტროს უმთავრესი ფუნქცია კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა მისი შენარჩუნება და პოპულარიზაცია იქნება.

ამ შემთხვევაში მოიაზრება პრობლემათა მთელი კომპლექსი, მათ შორის ძეგლთა დაცვის, ისტორიული დოკუმენტების და ხელოვნების ნიმუშების დაცვის თვალსაზრისით, ამბობს გაბაშვილი.

შაბათს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრად წარდგენილ იქნა კახა ლომაია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად თამარ ლებანიძე, ენერგეტიკის მინისტრად ნიკოლოზ გილაური, თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილი, ინფრასტრუქტურის და განვითარების მინისტრად თამარ სულუხაია.

იუსტიციის მინისტრად წარადგინეს გიორგი პაპუაშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად გიორგი გაბაშვილი, უშიშროების მინისტრად ზურაბ ადეიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით შერვაშიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრად გიორგი (გიგი) წერეთელი.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრი იქნება ირაკლი რეხვიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე,  ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრი ეთერ ასტემიროვა და  საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე.

სახელმწიფო მინისტრების პოსტებს დაიკავებენ – ევროინტეგრაციული პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში თამარ ბერუჩაშვილი, აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებში ჯამბულ ბაკურაძე,  ეროვნული თანხმობის საკითხებში გურამ აბსანძე.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამასთან ერთად კვირას წარუდგენენ პარლამენტს.

პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების სამინისტროების რიცხვი 18-დან 15-მდე შემცირდა. ამასთან უმრავლესობა დეპარტამენტებისა სამინისტროებს შეუერთდა.

აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ერთ-ერთი ლიდერი თამაზ დიასამიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალგზის მოწოდებების მიუხედავად, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე არ ჩავა თბილისში, რადგან მას დაჭერის ეშინია.

როგორც თამაზ დიასამიძემ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობამ ასლან აბაშიძის დანაშაულებების მხოლოდ „ერთი პროცენტი იცის“, როდესაც აბაშიძე  ამ პოსტზე აღარ იქნება და საქართველო ამ ადამიანის დანაშაულობებს შეიტყობს მოქალაქეები შეძრწუნდებიან ამით“. მისი განცხადებით, აბაშიძემ იცის, რომ მას ამ დანაშაულებებს არ აპატიებენ.

სააკაშვილმა გასულ კვირას განაცხადა, რომ დადგა დრო, ავტონომიის მეთაური თბილისში ჩადიოდეს.

პრეზიდენტის თქმით, თუ რაიმე პრობლემა არსებობს აბაშიძის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მას ცენტრალური ხელისუფლება მოაგვარებს. თუმცა სააკაშვილი იქვე დასძენს,  რომ ასეთი პრობლემები,  არც არსებობს.

აჭარის ლიდერი იმდენჯერ უნდა ჩამოდიოდეს თბილისში, რამდენჯერაც ეს ქვეყნისა და რეგიონისათვის იქნება საჭირო, – ამბობს სააკაშვილი.

პენსიები იზრდება, ხელფასები საარსებო მინიმუმს უახლოვდება

საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი აპრილში პენსიების გაზრდაზე, ხოლო ივლისში მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმთან მიახლოების ვადების თაობაზე განაცხადებს.

ამის შესახებ თქვა სახელმწიფო მინისტრმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც მინისტრთა კაბინეტის საპროგრამო მიმართულებები და მთავრობის ახალი წევრები გააცნო დეპუტატებს.

ჟვანიას განცხადებით, წლის ბოლოს შესაძლებელი უნდა იყოს, თუნდაც მინიმალურად „ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა“.

მას ღირსების საკითხად მიაჩნია, რომ ენერგეტიკის 16-თვიანი პროგრამის განხორციელებით დასრულდეს ქვეყანაში ქრონიკული ენერგოკრიზისი.

ამასთან, ჟვანიას განცხადებით, ელექტროენერგია ეს არის პროდუქტი და თუ გადახდის კულტურა არ იარსებებს, პრობლემა ყოველთვის იქნება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ,,პირველი კოლექტიური პასუხისმგებლობის მინისტრთა კაბინეტის პროგრამა უწოდა დეპუტატებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს“.

ჟვანიას განცხადებით, ერთი წლის მანძილზე სრულფასოვანი თვითმმართველობა დამკვიდრდება ქვეყანაში.

 

აჭარაში ამომრჩეველთა ძველი სიები იმოქმედებს

„გაერთიანებული ოპოზიცია – ჩვენი აჭარას“ ლიდერები ტრაგედიას ვერ ხედავენ იმაში, რომ 28 მარტის ხელახალი  საპარლამენტო არჩევნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიებით ჩატარდეს, რომლის მიხედვითაც ავტონომიაში 288 ათასი ამომრჩეველია.

მათი განაცხადებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის რეალობა, რომ ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე აჭარაში ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაციის წესს არ დაეთანხმება და ამისთვის „თბილისმა ჭიდაობა არ უნდა დაუწყოს“. ძველი სიები იმ შემთხვევაში იქნებოდა საშიში, თუ 28 მარტის არჩევნები აჭარის ტერიტორიაზე მანამდე ჩატარებული ძველი არჩევნების მსგავსი იქნებოდა, ანუ კვლავ არ გაიხსნებოდა საარჩევნო ყუთები და ადგილობრივი ხელისუფლება თავის შეხედულებების მიხედვით ჩაწერდა ოქმებში ციფრებს.

ამჯერად ასეთი საშიშროება არ არსებობს, რადგან „ჩვენ აჭარას“ რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 265 საარჩევნო უბანზე 8-8 კომისიის წევრი და 15 დამკვირვებელი ეყოლება. ადგილობრივი ოპოზიცია ძირითად კონტროლს ამომრჩეველთა მარკირების პროცედურაზე გადაიტანს, რომელიც 2 ნოემბრის საპარლამენტო და 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე აჭარაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა. რეალურად აჭარაში დაახლოებით 180 ათასი ამომრჩეველია, არჩევნებზე კი ალბათ  130-140 ათასი ადამიანი მივა. ასლან აბაშიძის პარტია – “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”, რომელმაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე  აჭარის გარეთ სულ 20 ათასი ხმა მიიღო, ამჯერად ალბათ ვერაფერს აიღებს. იმისთვის, რომ „დაკ“-ი პარლამენტში მოხვდეს, 140 ათასი ხმა მაინც უნდა მიიღოს აჭარაში, ანუ ყველა ამომრჩეველმა ამ პარტიას უნდა მისცეს ხმა, რაც წარმოუდგენელია“.

 

საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულებას ბატონ მიხეილ სააკაშვილს

ბატონო პრეზიდენტო! აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები, მოგესალმებათ, გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. თქვენს მიერ 2004 წლის 25 იანვარს ინაუგურაციაზე, ღვთისა და კონსტიტუციის წინაშე დადებულმა ფიცმა – „ჩემს პრეზიდენტობას მე ვუძღვნი საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებასო“, დიდი სიხარული მოგვგვარა და რწმენა შეგვმატა, მაგრამ გული გვატკინა იმან, რომ აჭარის კრიმინალური ხელისუფლება ამ მეტად მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში, დახმარების ნაცვლად ხელს გიშლით და მედგარ წინააღმდეგობას გიწევთ, აშკარად ილაშქრებს ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული სასიკეთო საქმეების განხორციელების წინააღმდეგ.

აჭარის მეთაურმა სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, თუ საქართველოს ხელისუფლება ჭკუით არ იქნება, აფხაზეთი და ოსეთი მონაგონი გახდება, ჩვენ ამისთვის ყოველმხვრივ მზადა ვართო. ამისი ნათელი დადასტურებაა ბათუმის ცაზე ვერტმფრენების გამუდმებული გრუხუნი, ქუჩებში მათ მიერ თითქმის ყოველდღიურად მოწყობილი მიტინგები და შეიარაღებული ფორმირებების ავტოჯირითი შეძახილებით „ბაბუ“, „ბაბუ“, „ბაბუ!“, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.

სწორედ ასეთი მდგომარეობითაა გამოწვეული პროფესიული კავშირების აჭარის რეგიონალური გაერთიანების განცხადება, გაზეთების – „აჭარას“ და „თქვენი გაზეთი“-ს ფურცლებზე (გაზეთი „აჭარა“, 30 იანვარი, #18, და „თქვენი გაზეთი“, #1 (12), იანვარი, 2004 წელი), რომლითაც მოუწოდებდა ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას „თავი შეიკავონ რადიკალური ქმედებებისაგან, რასაც შეიძლება მოყვეს დესტაბილიზაცია და სისხლის ღვრა“.

აჭარის ხელისუფლებამ უკვე შეიარაღა მისი ერთგული ადამიანები, რუსეთიდანაც შემოიყვანა გაწვრთნილი მებრძოლები თავისი რეჟიმის დასაცავად. გრძელდება ბანდფორმირებების ჩამოყალიბება, შეიარაღება და წვრთნა შინაგანი ჯარის ბათუმის ბატალიონის ბაზაზე. მოქალაქეებზე იარაღის გაცემის ფაქტი დაადასტურა შს მინისტრმა ჯ. გოგიტიძემ აჭარის ტელევიზიით – „აჭარის მოსახლეობაში ყოველთვის იყო დიდძალი იარაღი, ამჟამად დაურიგდათ იარაღი სახალხო რაზმელებს, რათა დაიცვან აჭარის კანონიერი ხელისუფლება“.

აჭარაში მდგომარეობა თანდათან იძაბება. შევიწროვებული და დაჩაგრული მოსახლეობა შიშისა და მუქარის ქვეშ იმყოფება. თქვენი სამადლობელი განცხადება ა. აბაშიძის მიმართ ელ. ენერგიის რუსეთიდან გამოყოფაზე, საზოგადოებამ აჭარის ხელისუფლების  მხარდაჭერად და მის გვერდით დგომად აღიქვა. ამას აჭარის ხელისუფლება თავისი ბინძური ზრახვებისთვის იყენებს და უკეთებს არასწორ ინტერპრეტაციას. თუ საქართველოს პრეზიდენტი ა. აბაშიძეს მართლაც მხარს დაუჭერს, მაშინ აჭარის საღად მოაზროვნე ადამიანები დაკარგავენ პრეზიდენტის ნდობასა და იმედს. გამოდის, რომ აჭარა ბოლომდე განწირული ყოფილა.

ბატონო პრეზიდენტო! თქვენი აქტიური ჩარევის გარეშე არაფერი გვეშველება. უმორჩილესად გთხოვთ, პარლამენტმა დააჩქაროს 10-12 წლის განმავლობაში აჭარის კონსტიტუციაში მომხდარი ანტიქართული ცვლილებების გაუქმება და მიიღოს კანონი ცენტრისა და რეგიონის უფლებათა გამიჯვნის შესახებ, გამჭვირვალე გახდეს ფინანსური დავები და გამოქვეყნდეს პრესაში ურთიერთდავალიანების  სრული ნუსხა, დაე ხალხმა თავად განსაჯოს მტყუან-მართალი. ამით ფარდა აეხდება აბაშიძის კრიმინალურ-ფეოდალურ მმართველობას და მოსალოდნელი უბედურებისაგან დაზღვეულნი ვიქნებით.

 

ინტერვიუ ზურაბ გორგილაძესთან

 

ხავერდოვანმა რევოლუციამ ბევრი ადამიანის გულში აანთო იმედის სხივი, მაგრამ ამ ეიფორიის ფონზეც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ისევ იმედგაცრუებით შესცქერიან. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე ხვდება „გაზეთ ბათუმელებს“ ცნობილი პოეტი ზურაბ გორგილაძე, რომელიც ამბობს, რომ მისთვის დიდი ხანია არაფერი შეცვლილა და არც ახლა აქვს რაიმეს იმედი. „აღარაფრის მჯერა, ახალი მთავრობისაც კი, ჯერჯერობით მხოლოდ ციხეები ივსება. ისეთი შეგრძნება მაქვს, შეიძლება ხვალ მეც მომიკაკუნონ კარზე“, – ამბობს ის, თუმცა, იმასაც დასძენს, რომ წლების განმავლობაში გამეფებულმა დაუსჯელობის სინდრომმა შეიწირა საქართველო. „ღმერთმა ქნას, რომ ახალი დავითი და თამარი დაიბადოს, მაგრამ გული გატეხილი მაქვს… ამდენი წელია აჭარაში ვცხოვრობ, რამდენ მთავრობას მოვესწარი და ერთი კაციც არ მოსულა რომ ეკითხა, როგორ ხარო“. ამ ყველაფერზე ზურაბ გორგილაძე თავად საუბრობს ბათუმელებთან:

უბრალოდ თვითდამცირების ამბავია, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, არავინ ინტერესდება პოეტის ცხოვრებით, მისი ავან-ჩავანით… იქნებ არც იყო საჭირო ამქვეყნად პოეტის არსებობა. ამდენმა პოლიტიკამ და რევოლუციებმა სულ დაავიწყა ხალხს პოეზია.

არადა პოეტი მარადიული მეამბოხეა?

სულით მეამბოხე მეც ვიყავი… კომუნისტების დროს ლამის სამჯერ დამიჭირეს, მაგრამ მაშინ მომავლის იმედი მქონდა. ქართულ პოეზიაში ერთი პატარა ჯარისკაცი ვარ, მაგრამ დიდი ადამიანები თავის დროზე ყოველთვის დაუფასებელნი იყვნენ ჩვენში.

რატომ?

დროისა და დროში გამეფებული ზოგიერთი ვიგინდარის ბრალი იყო. დასმენის, დაბეზღების ინსტიტუტებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება დაანგრია. ჩემი ნაკლი ის არის, რომ, როცა ამდენ უსამართლობას და ვაი-ვიშს ვხედავ, განვიცდი და ვდუმდები, პასუხს ვერ ვცემ.

სიმართლე რომ ვთქვა, გასულელებულაო იტყვიან. მომავალი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის, ახლა მათ უნდა აღაგზნონ ხალხი სიახლით… დამსუყებული არასდროს ვყოფილვარ და არც „ქონიანებისთვის“ მიკმევია გუნდრუკი. ბაზარში რომ შევდივარ და ჭუჭყიანი, ჩამოკონკილი ბავშვი გამომეკიდება, გული მიკვდება. ამაზე ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი, რადგან ის ყოველთვის იყენებდა ხალხს, მაგრამ ხალხს არასდროს გამოუყენებია ხელისუფლება. ან ოდესმე თუ გინახავთ ქართველი ქალი ასე დაკნინებული? ევროპაში მე-19 საუკუნეშიც დადიოდა ხალხი, მაგრამ განათლების მეტი არაფერი წამოუღიათ იქედან.

ახლა ბათუმზეც ვისაუბროთ. რა მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ დღევანდელ ბათუმში?

ერთ დროს ბათუმში იმდენი ყვავილი იყო, გვერდს ვერ აუვლიდი, ახლა ქალაქი გაპარტახებულია. ცენტრი თითქოს გალამაზდა, მაგრამ პუშკინის ქუჩას რომ გაცდები, ჭაობში იხრჩობი. გიორგის (აბაშიძე) ბიძად ვეკუთვნი, ამიტომ, როგორც ახლობელმა უნდა ვთხოვო, ისე გაალამაზოს ბათუმი, როგორიც ადრე იყო.

ძველი მეგობრები თუ იკრიბებით სადმე?

სადღა არიან მეგობრები, ყველა წავიდა. ადრე ერთი ადგილი გვქონდა –  „აკადემიას“ ვეძახდით, წაგვართვეს. ახლა „აჭარას“ წინ რომ კაფეა, იქ დავდივარ ხოლმე, მაგრამ იქაც ისეთი ხალხი იყრის ბოლო დროს თავს, მისვლას ვერიდები…

ვიგინდარას რომ გვერდით დაუჯდები, მხარზე ხელს შემოგადებს… ვბრაზდები. ჩემი თაობისადმი ნოსტალგია მაქვს, იმათგან არავინ დარჩა, 1-2 კაცია და იმათაც საიდუმლოდ ვინახავ.

 

ილია ვერძაძე პარლამენტის დატოვებაზე ალაპარაკდა

აჭარის პარლამენტში მისთვის უჩვეულო მოვლენები ვითარდება – შეიქმნა ოპოზიციური ფრაქცია „ალტერნატივა“, რომელიც ფრაქცია „მრეწველებისა“ და ედპ-ს წარმომადგენლებით დაკომპლექტდა. ფრაქციის ხელმძღვანელად ედპ-ს აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი ილია ვერძაძე აირჩიეს. გთავაზობთ ინტერვიუს ილია ვერძაძესთან:

რადგან ფრაქციის თავჯდომარე ვარ, 16 დეკემბრის პარლამენტის სხდომამ ბიუროს წევრად ამირჩია. ეს რეგლამენტის მიხედვით მოხდა.

რა მიზანი აქვს ფრაქციას?

ფრაქციის ჩამოყალიბების წინ გვქონდა საუბარი და გარკვეულ საკითხებში ურთიერთშეთანხმებას მივაღწიეთ. ჩვენი საქმიანობა აჭარაში როგორც საკანონმდებლო, ისე პოლიტიკურ სფეროებს შეეხება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენებას ვაპირებთ, რომელიც შეისწავლის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ საკანონმდებლო დარღვევებს. ამ კანონდარღვევების წყალობით ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი თანხები აკლდება. ეს წინადადება ფრაქციის ჩამოყალიბების დროს წამოიჭრა. უახლოეს მომავალში, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ, მივცემთ შესაბამის ფორმას და საკითხს დღის წესრიგში დავაყენებთ. ამ მოთხოვნას პარლამენტში დეპუტატათა გარკვეულმა ნაწილმა უნდა დაუჭიროს მხარი. თუ ასეთი კომისია შეიქმნა, კანონის მიხედვით, „აღორძინება“ უმრავლესობით მას ვერ დააკომპლექტებს. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას ვერც ჩვენ გავექცევით.

როგორ შეხვდა აჭარის პარლამენტი ფრაქციის შექმნას?

ალბათ, ჩვენი ორწლიანი მოღვაწეობის ბრალია, რომ ოპოზიციურ ძალად არ აღგვიქვამენ. ჩვენმა ზომიერებამ ის სტერეოტიპი ჩამოაყალიბა, რომ ამ პარლამენტში შეუძლებელია ოპონირება. მე ვფიქრობ, ნებისმიერ საკითხში, თუ ის ერთპარტიულად წყდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ იქნება გადაცდომები. ამიტომ ჩვენ უნიკალურობაზე და პირველობაზე პრეტენზია არ გაგვაჩნია, ჩვენი მიზანია მოვახერხოთ ღირსეული ოპონირება და აქედან გამომდინარე ჩვენმა მოღვაწეობამ დადებითი შედეგი გამოიღოს. რადგან ეს ნაბიჯი გადავდგით – ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ ეს ინსტიტუტი გამართლებული იყოს. ვფიქრობ, აჭარის არ საკანონმდებლო ორგანო მნიშვნელოვანი წარმონაქმნია, რომელიც აუცილებლად უნდა არსებობდეს და რომელშიც უფრო ცოცხალი პოლიტიკა უნდა ტარდებოდეს.

აჭარაში ოპოზიცია, აჭარის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. რამდენად არსებობს ამის აუცილებლობა?

ჩემგან ამაზე პასუხის გაცემა უხერხულია. არ ვიცი ამ მოთხოვნას რა საფუძველი ექნება. მთავარია, აჭარაში სამოქალაქო დაპირისპირება არ მოხდეს. თუკი ამისათვის პარლამენტის დატოვება იქნება საჭირო, დავტოვებ.

პარლამენტის ახალ სპიკერზე რას იტყვით?

გიორგი ცინცქილაძე ძალიან კარგი პიროვნებაა. ვინც არ უნდა იყოს სპიკერი, რასაც ვგეგმავდით ფრაქციის ჩამოყალიბებისას, იმის გაკეთებას ბოლომდე შევეცდებით. ამ სიტუაციაში ცინცქილაძის არჩევა ხელისუფლების მხრიდან იყო ოპტიმალური ვარიანტი. მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ეს კონფლიქტის დეესკალაციისთვის გადადგმული ნაბიჯია.

რატომ ინახება აჭარის ოქროს ფონდი კერძო ბანკში?

ვრცელდება ინფორმაცია „გასაქცევად გამზადებული ოჯახის“ მიერ სხვადასხვა სიმდიდრის, მათ შორის ოქროს ფონდის ქალაქიდან გატანის თაობაზე. ამ ხმებს საფუძვლად ის უდევს, რომ განძი „უსაფრთხოების“ მიზნით, კომერციულ დაწესებულებაში – საზღვაო ბანკშია გადატანილი. საუბარია უნიკალურ (კერძოდ გონიოს, ფიჭვნარის, მახოს) ოქროს ნივთებზე.

ფაქტია, რომ აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდი, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებისთვის დასათავლიერებლად ხელმიუწვდომელია. მუზეუმიდან მისი (ცენტრალურ ბანკში) გადატანის მიზეზი თავის დროზე ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება გამხდარა. საგანძური არც მაშინ დაბრუნებია მუზეუმს, როცა აჭარაში „შედარებით სტაბილური და მშვიდი ვითარება“ იყო.

დღესაც, ყბადაღებული არასტაბილურობისა და მუზეუმში მისი დაუცველობის კვლავ მომიზეზებით, აღნიშნული ოქროს ფონდი ისევ „ცხრაკლიტულში“ დევს.

სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ვერანაირად ვერ უზრუნველყო ეროვნული უნიკალური სიმდიდრის შესაბამისად დაცვა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გარდა ოქროს ფონდისა, „გასატანთა“ სიაში ასახელებენ ჩინური წარმომავლობის ძვირფას ვაზებს, სამურაის ხმალს და ორიგინალურ, სპილოს ძვლისგან დამზადებულ ჭადრაკს, რომლის ანალოგი თურმე არსად არ ფიქსირდება. (ამ უკანასკნელის შესახებ აჭარის სახელმწიფო  მუზეუმის დირექტორს ნოდარ ცეცხლაძეს საერთოდ არაფერი სმენია). როგორც ამბობენ, მუზეუმიდან განძი პირველად 90-იან წლებში „მხედრიონისაგან“ დასაცავად გაუტანიათ. ამჟამად კი, ხავერდოვანი რევოლუციით გამოწვეული საშიშროება აუცილებიათ.

რამდენად რეალურია მოარული ხმები, მოხდა თუ არა აღნიშნულ წლებში განძის, თუნდაც, რაიმე ნაწილის გატანა, ან იყო თუ არა ამის მცდელობა, ემუქრება თუ არა სახელმწიფო საკუთრებას საფრთხე და თუ არ ემუქრება, როდის დაუბრუნდება მუზეუმს? „გაზეთი ბათუმელები“ შეეცადა ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხი კომპეტენტური პირებისაგან მოესმინა.

მუზეუმის დირექტორი ნოდარ ცეცხლაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ განძის გატანის შესახებ ინფორმაცია მასაც სმენია, მაგრამ მოარულ ხმებს უსაფუძვლოს უწოდებს, რადგან სეიფის ექვსი გასაღებიდან ერთი მასთან ინახება: „რაც ჩავიბარეთ ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, პრობლემა ის არის, რომ მუდმივი დენი არა გვაქვს და შესაბამისი დაცვის მექანიზმიც არ არის. ამიტომ უნიკალური ნივთების უსაფრთხოების მიზნით, ხელისუფლებამ მისი საიმედოდ დაცვა გადაწყვიტა“.

მისი თქმით 94-95 წლებში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, საქართველოს პრეზიდენტისა და აჭარის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილების საფუძველზე მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით შესანახად აჭარის ცენტარალურ ბანკს გადაეცა. როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, მას ამის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნია. „აქ მუშაობდა სპეციალური კომისია 7 კაცის შემადგენლობით. ესენი იყვნენ. იუსტიციის მინისტრი თამაზ ბაზიაშვილი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ცენტრალური ბანკის მმართველი ბაგრატ მანველიძე, მე, ფონდების მთავარი შემნახველი ნ. ლორთქიფანიძე და შსს პოლიციის სამმართველოს უფროსი მჟავანაძე“, – ამბობს ცეცხლაძე. მინისტრთა საბჭოს 2002 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული ბანკიდან იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ოქროს ფონდი საზღვაო ბანკში გადაიტანეს. „არსებობს ჩაბარების აქტი, ბანკთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, იგი ვალდებულია ექსპონატები დროებით, უსასყიდლოდ, სათანადო პირობებში შეინახოს და პირველი მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს სამუზეუმო გაერთიანებას პირველი პირის მონაწილეობით“, – ამბობს რესპონდენტი.

ერთი წლის წინ ექსპონატების გამოფენისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (სოროსის) ფონდის დაფინანსებით მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა კაპიტალური რემონტი, დამონტაჟდა ელექტროსიგნალიზაციის სისტემა, დამზადდა საგამოფენო კარადები, ჩატარდა შენობის ტექნიკური გამაგრების სამუშაოები. ამის მიუხედავად მუზეუმში ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ბიუჯეტში კი კარების თუ ფანჯრების ამოსაქოლი თანხა არ გამოინახა.

„ეს ნივთები სახელმწიფო საკუთრებაა და ხალხს უნდა ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. თანაც, მუზეუმის ერთადერთი შემოსავალი გამოფენებია, რომელსაც ვერ ვაკეთებთ. ალბათ, ჭორებიც ამის გამო დადის ქალაქში. სამუზეუმო გაერთიანებას მიაჩნია, რომ აჭარის მინისტრთა საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა გამოყოს საჭირო თანხა საცავის ტექნიკური გამაგრებისათვის, მუზეუმი უზრუნველყოს მუდმივი დენით, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში ალტერნატიული კვებით. პოლიციის საგუშაგოსთან ერთად, აუცილებელია თითოეული კარადა მუდმივად იყოს დაცული ტექნიკური საშუალებით. მართალია, სოროსის ფონდის ხელშეწყობით მუზეუმში 10-მდე საცავი კარადა გაკეთდა, მაგრამ პროექტი მუდმივი დენის წყაროს საშუალებების შეძენას არ ითვალისწინებდა, ამიტომ ძვირფასეულობის გამოფენის საშუალება მუზეუმს ისევ არა აქვს და თუნდაც ერთი დიზელ-გენერატორის უქონლობა, ყველაფერს წყალში ყრის. ჩვენ მოვითხოვთ მუზეუმში შეიქმნას მიკროკლიმატი, დამონტაჟდეს ვენტილაციის სისტემა, რათა შენარჩუნდეს თითოეული უნიკუმის საწყისი მდგომარეობა. დროა საგანძური მუზეუმს დაუბრუნდეს“.

„ყველა ექსპონატს თავისი მუდმივი დამცავი ნომერი აქვს, სადაც ზომა-წონაცაა მითითებული. დანარჩენი დეტალები სამუზეუმო კონფიდენციალობას წარმოადგენს და ნუ შევეხებით“, – ამბობს ცეცხლაძე და დასძენს, რომ მუზეუმის საკუთრება მათი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს და არა სხვაგან, რადგან დიდი ხნით მისი საბანკო პირობებში შენახვა დაუშვებელია.

მართალია, ნოდარ ცეცხლაძე ოქროს ფონდის გაქრობას გამორიცხავს, მაგრამ ძვირფასი ექსპონატებით კრიმინალთა დაინტერესებას ადასტურებს. მისი თქმით „მითქმა-მოთქმა განძის გატანაზე ადრეც იყო, 91-92 წლებში რაღაცეები მართლაც დაიკარგა, მაგრამ ის სამუზეუმო ექსპონატს არ წარმოადგენდა, საბჭოთა პერიოდის სურათები იყო. როცა რამდენიმე უნიკალური ნივთის გატანის მცდელობა დაფიქსირდა, იგი ამოიღეს და ჩვენს მუზეუმს გადმოსცეს. ეს იყო ფერწერული ტილო, მონეტები, ვერცხლის ქამარი. მუზეუმის ერთ-ერთმა პოლიციელმა სეიფი გატეხა და ნივთები გაიტანა“.

მსგავსი „ყურადღება“ არქეოლოგიურ მუზეუმზეც გავრცელებულა. აღნიშნული მუზეუმის დირექტორის ამირან კახიძის თქმით, დაახლოებით 10 წლის წინ, მისი მუზეუმიდანაც გაუტაციათ ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნივთები. „განძი დღემდე არ უპოვიათ სამართალდამცავებს. საერთოდ, ოქროს ნივთების ძირითადი ფონდი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება განძის გატანას, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. შეიძლება მართლაც გაიტანეს რაღაც, სახელმწიფოს გაიტანენ, საშუალება რომ ჰქონდეთ, მაგრამ კონკრეტული არაფერი ვიცი“, – ამბობს ის.

მართალია, ოქროს ფონდის შესახებ „კონკრეტულად არავინ არაფერი იცის“, მაგრამ როგორც ნოდარ ცეცხლაძე ამბობს, იგი საიმედო ხელშია. უკანასკნელად მას ეს ნივთები გასული წლის დეკემბრის თვეში უხილავს. მისი თქმით 18 მაისს, მუზეუმის დღეს, როგორმე უნდა მოხერხდეს მათი მზის სინათლეზე გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში მოარულ ეჭვს, განძის დაკარგვის (ან გატანის) თაობაზე, ვერაფერი გაფანტავს. საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ ეროვნულ საგანძურს საფრთხე არ ემუქრება.

ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილის ასლან გელაძის ინფორმაციით, ოქროს საგანძურის გარკვეული ნაწილი მართლაც ინახებოდა ცენტრალურ ბანკში: „გადმოცემის ოქმები უშიშროებისა და ყველა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლების თანდასწრებით შედგა. მოგვიანებით, სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული განძი წელიწადზე მეტია საზღვაო ბანკში გადაიტანეს“.

ოქროს ფონდთან დაკავშირებით „გაზეთ ბათუმელებს“ აჭარის კულტურის მინისტრმა თეიმურაზ კომახიძემ სულ სხვა ინფორმაცია მოაწოდა. მინისტრმა უარყო ის, რომ განძი საზღვაო ბანკშია დაცული. მისი თქმით, განძი ამჟამადაც ცენტრალურ ბანკში ინახება. „ცენტრალურ ბანკში რემონტი მიმდინარეობდა და დროებით გადავიტანეთ, შემდეგ ისევ დავაბრუნეთ. მართალია, მუზეუმში გვაქვს სპეციალურად გაკეთებული საცავი ორმაგი რკინის გისოსებით, კარებით, საჭირო აღჭურვილობით, მაგრამ მაინც გვეშინია ვინმემ არ მოიპაროს. 100%-იანი გარანტია არსებობს, რომ ბანკში, სადაც სპეციალური სეიფია გაკეთებული, ოქროს ფონდი საიმედოდაა დაცული“, – აცხადებს მინისტრი და  კატეგორიულად გამორიცხავს ფონდის ქალაქიდან გატანას: „როგორ გეკადრებათ, თუ გაინტერესებთ მიდით, მმართველს უთხარით და ნახეთ. თუ საჭირო დარჩება ჩემი ნებართვა, მოგცემთ. ყველა ნივთი ადგილზეა და ხელს ვერავინ მოკიდებს. როცა დავაყენებთ საკითხს, მაშინ მოგვცემენ. ყველაფერი დაწყვება და გამოვიტანთ.“

რაც შეეხება უშუალოდ ბანკიდან გამოტანას, აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი დაახლოებით ორი წლის წინ აცხადებდა, რომ „უნიკალური ფასეულობის, რომელიც 1994 წლის 24 ივნისიდან აჭარის ცენტრალურ ბანკში ინახება, მუზეუმში მუდმივ შესანახად და გამოსაფენად გადმოტანისათვის საჭიროა მეთაურის თანხმობა და აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილება ან განკარგულება.“

აჭარის კულტურის მინისტრი კი ამასთან დაკავშირებით დღეს შემდეგს აცხადებს: „ვინ კითხავს დირექტორს ან მე. მოვითხოვთ – დაგვიბრუნებენ. თუ თქვენ შეძლებთ შენახვას, წაიღეთ და შეინახეთ – ჩვენ გვეშინია – გრანტიც კი მივიღეთ ოფისის მოწყობისათვის, მაგრამ მაინც გვეშინია. სანამ არ დაწყვება ყველაფერი და არ მივხვდებით, რომ ერთი დედმამისშვილები ვართ, ერთი ტრადიციის მატარებელნი, მანამდე ვერ გამოვიტანთ“.

სუბსიდიები გაიცა… ჩაის ფაბრიკები კი ჯართად იჭრება

საქართველოში ჩაის კულტურის რეაბილიტაციის თაობაზე სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტმა მეჩაიეობის განვითარებისთვის 3 მილიონი ლარის სუბსიდია გამოყო, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ფირმას გადაეცა. „ქართული ჩაის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, შარშან, ავტონომიური რესპუბლიკიდან ხუთმა ფირმამ გაიმარჯვა. აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თემურ ხალვაში გასულ წელს გვარწმუნებდა, რომ ცენტრი სუბსიდიებს რეგიონსაც აძლევს და ამიერიდან აჭარაში მეჩაიეობას ნათელი მომავალი ექნება.

შარშან, სახელმწიფო პროგრამიდან გამომდინარე ხელვაჩაურის რაიონში მხოლოდ ერთი, გონიოს ჩაის ფაბრიკა მუშაობდა. მას უნდა გადაემუშავებინა რაიონში მოწეული ნედლეული. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ წელს სახელმწიფო სუბსიდიები კიდევ უფრო გაიზრდებოდა და ჩაის წარმოებაც ძველებურ მნიშვნელობას დაიბრუნებდა.

მაშინ, როდესაც გონიოს ჩაის ფაბრიკა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებდა, ჩაის ფაბრიკის ნახევარს ქონების მართვის სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ნებართვით ლიკვიდაცია გაუკეთდა, დანადგარები დაიჭრა და ჯართში ჩაბარდა. გონიოს საკრებულოს მცხოვრების, სოფელ ახალსოფლის მკვიდრის დავით ზოიძის განცხადებით „აქ, ერთ შენობაში ორი ჩაის ფაბრიკა იყო. ერთი 1968 წელს აშენდა, რასაც 20 წლის შემდეგ ახალი საამქრო დაემატა. სწორედ ეს ახალი ჩაის ფაბრიკა ჩააბარეს ჯართში. მან სრული დატვირთვით ერთი თუ ორი წელი იმუშავა. ასეთი ფაბრიკის ღირებულება მუშა მდგომარეობაში სულ ცოტა ნახევარ მილიონ დოლარს მაინც აღემატება. ჩაის ფაბრიკის დაჭრა და ჯართში ჩაბარება რომ დაიწყეს, გვითხრეს, ამ ფულით სხვას გავარემონტებთო. 60 კილოგრამიან მოტორს რომ დაჭრი, რა ფული უნდა გაგიკეთოს, უკეთესი რომ იყიდო?!“ – კითხულობს ზოიძე.

გონიოს ჩაის ფაბრიკის დირექტორის, ნიაზ ფუტკარაძის განცხადებით, ჩაის ფაბრიკის ეს ნაწილი ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, წყალი ჩამოდიოდა და გამოუსადეგარი ნაწილის ჯართში ჩაბარებაც ამის გამო მომხდარა. ნიაზ ფუტკარაძემ „გაზეთ ბათუმელებთან“ საუბარში განაცხადა, რომ „გონიოს ჩაის ფაბრიკა ერთადერთია ხელვაჩაურის რაიონში, რომელიც მუშა მდგომარეობაშია. სწორედ ფაბრიკის შენარჩუნების მიზნით მოხდა მისი ნაწილის ჯართში ჩაბარება, რადგან მას ისედაც ვერ ვიყენებდით“.

გონიოს საკრებულოს მცხოვრებლების თქმით, ჩაის ფაბრიკას მოსახლეობისა და ფაბრიკის მუშა მოსამსახურეების მიმართ ფინანსური დავალიანებაც ჰქონია, თუმცა ჯართიდან შემოსული თანხები მათ არ მოხმარებიათ. „ქონება, რომელიც ადრე კოლმეურნეობის, ანუ აქ მცხოვრებთა საკუთრება იყო, გარკვეულმა პირებმა მიისაკუთრეს. როცა ფაბრიკა დაჭრეს, რაიონის გამგეობიდანაც იყო ხალხი ჩამოსული, საღამოს დასხდნენ და პურის ჭამა დაიწყეს, ალბათ ფულის აღებას აღნიშნავდნენ და ბანკეტი გამართეს. ხალხი დაშინებულია და ხმას ვერ იღებს, რადგან მათ ნავარჯიშები ბიჭები ჰყავთ…“ – აცხადებს ზოიძე.

ჩაის ფაბრიკის დემონტაჟით უკმაყოფილო ზოიძე ამგვარ განუკითხაობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. „ადრე საკმაოდ წარმატებული ბიზნესი მქონდა და ჩაის ექსპორტსაც ვეწეოდი, მაგრამ ჩაის ბიზნესი აჭარის ხელისუფლებამ სპეციალუარდ მოსპო. მე მქონდა 70 ტონა ჩაი შესყიდული. ხელშეკრულება გავაფორმე რუსეთის ერთ-ერთ ფირმასთან. როცა ჩვენს საბაჟოზე საბუთები წარვადგინე, კგბ-მ ფირმის ვინაობა გაიგო, იქ ადგილზე კრიმინალები მიაგზავნეს და ჩატანილი საქონლის მიღებაზე უარი ათქმევინეს. ჩაი სხვა ქალაქში გადავიტანე, კრიმინალების კუდი იქაც გამყვა. საბოლოოდ იძულებული გავხდი ეს საქონელი საწყობებში დამეყარა და წამოვსულიყავი. ასე დაემართა ძალიან ბევრ აქაურ  ბიზნესმენს. რამდენიმე წლის წინ ასლან აბაშიძემ ჩაის გაჩეხვისა და თხილის გაშენების პროექტი შეიმუშავა. ამის შემდეგ არც ერთი ჩაის ფაბრიკა აღარ დარჩა“.

გონიოს ჩაის ფაბრიკის ჯართში ჩაბარების შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თემურ ხალვაშმა „ბათუმელებისგან“ შეიტყო. ერთდღიანი პაუზის შემდეგ კი ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ქონების მართვის სამმართველოსთვის  ფაბრიკის ჯართში ჩაბარებაზე თანხმობაც მას მიუცია და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ჩაუყენებია საქმის კურსში. თუ რა სარგებლობა მიიღო ხელვაჩაურში მეჩაიეობის თავისი ფაბრიკის ჯართში ჩაბარებით, უცნობია.

რა კავშირშია ქარხნის დემონტაჟთან გაზმშენი და ნავთობტერმინალი

ბათუმში არსებული საწარმო-ორგანიზაციების ლიკვიდაციამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ამის მიუხედავად აჭარის ხელისუფლება აღებულ კურსს არ ცვლის. „გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ორი კვირაა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დემონტაჟი მიმდინარეობს, რასაც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში კატეგორიულად უარყოფდა აჭარის ოფიციოზი.

ადგილზე კი „გაზეთ ბათუმელებმა“ საპირისპირო სიტუაცია დააფიქსირა. ქარხანა, პირდაპირი გაგებით, იჭრება და იქვე იტვირთება ვაგონებში, რათა შემდეგში ჯართის მიმღებ ერთ-ერთ უცხოურ ფირმაში ჩააბარონ.

ბენზეს ქარხნის დემონტაჟი ნავთობტერმინალის ინტერესების სფეროში რამდენიმე კუთხით არის მოქცეულა. გარდა იმისა, რომ ასი ათასობით ტონა ჯართთან და, შესაბამისად, დიდ თანხებთან გვაქვს საქმე, ტერმინალს ქარხნისგან არენდით ჰქონია აღებული რამდენიმე ჰექტარი მიწა იქ მდებარე რეზერვუარებით. ამისთვის, რა თქმა უნდა, ტერმინალი ქარხანას თანხას უხდის, რითაც ქარხანა თავის მხრივ დაახლოებით 500-მდე ადამიანს ხელფასს უნაზღაურებს. როგორც ქარხნის მუშები აცხადებენ, ტერმინალის ხელმძღვანელობას აღარ სურს ფულის გადახდა და ერთ-ერთ გამოსავლად ქარხნის ჯართში გადაძახება მიუჩნევია.

ქარხნის თანამშომელთა ერთ ნაწილში ეჭვს, რომ მათ ნალოლიავებ ქარხანას ვიღაც „იჯიბავს“, ხოლო ისინი ქუჩაში რჩებიან, ისიც აღრმავებს, რომ ტერმინალის ადმინისტრაციას არარეალურ ვადებში სურს ქარხნის დემონტაჟი. „ისინი ითხოვენ ექვს თვეში ქარხნის მთლიან დემონტაჟს. ეს წარმოუდგენლად მცირე დროა. საქმის ბოლომდე მიყვანას მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდება“, – აცხადებენ ქარხნის თანამშრომლები.

მათი აზრით, ქარხნის დიდი ნაწილი, მართლაც, ჯართად თუღა გამოდგება. „ნებისმიერი დეტალი, რომელიც ნორმალურია, ყველაფერს ვასაწყობებთ, მაგრამ გული იმაზე გვტკივა, რომ ეს ქარხანა უცხოეთში გააქვთ და სანაცვლოდ რას მივიღებთ, არაფერი ვიცით“. ასევე მუშების ინფორმაციით, რომელიც შემდგომში ქარხნის ახლადდანიშნულმა დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ დაადასტურა, „ქარხანაში არსებული მილგაყვანილობა გაზმშენს გადაეცემა, რითაც აჭარის გაზიფიცირების პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება. მილის ყოველი მეტრი იზომება, აქედან გამომდინარე გამორიცხულია რაიმე დარღვევებზე ისაუბროს ვინმემ“. მინისტრთა საბჭოს დადგენილებაშიც ანალოგიური განკარგულებაა დაფიქსირებული: „ნება დაერთოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „აჭარის ბუნებრივი აირს“ მოახდინოს გადაცემული ძირითადი საშუალებების დემონტაჟი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სპეციალისტების მონაწილეობით“.

მუშებს ეიმედებათ, რომ დირექტორი დაპირებას შეასრულებს და მათ ქუჩაში არ დატოვებს – „ახალ ქარხანას გავაკეთებთ, დღე-ღამეში 1000 ტონა პროდუქციას გადაამუშავებს. გაკეთდება არ გაკეთდება არ ვიცით, რაც გამოსადეგი იქნება ჩვენთვის, ანუ ახალი ქარხნისთვის, ყველაფერს ვინახავთ“.

რა ახალ ქარხნაზეა საუბარი? თენგიზ ქოქოლაძის თქმით, ქარხნის დემონტაჟი აჭარის ხელისუფალის ინიციატივა ყოფილა: „აქამდე ინვესტორები როცა შემოდიოდნენ, ხედავდნენ ტერიტორიას და იძახდნენ, რომ ამის მოწესრიგებას ერთი წელი მაინც დასჭირდება. ახლა არსებობს სერიოზული წინადადებები იაპონიიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან. ორ დღეში ამასთან დაკავშირებით დელეგაციაც ჩამოდის, თუ არაფერმა შეგვიშალა ხელი, 5 მილიონი ტონის ტვირთბრუნვის ქარხანას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“.

ქოქოლაძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამ ქარხნის დაშლა და გამოუსადეგარი ნაწილის ჯართში ჩაბარება არ გახდება არათუ აჭარის მოსახლეობის, არამედ ცენტრის და რეგიონის დაპირისპირების საგანი. „ეს გამორიცხულია თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი დეტალებში აღინუსხება – ჩაბარებულიც და ჩასაბარებელიც. ამ ყველაფერს ყურადღებას აქცევს სპეციალური კომისის და კიდევ ქარხანაში მომუშავე 500-მდე მუშა-მოსამსახურე“, – აცხადებს ქოქოლაძე.

რაც შეეხება ტერმინალს, დირექტორი, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობტერმინალის მესვეურების მოთხოვნას – ქარხნის ექვსი თვის შიგნით ლიკვიდაციზე ადასტურებს, საბოლოო ჯამში მათი ქარხნით დაინტერესებას გამორიცხავს. „ჩვენ ამ საქმის შესასრულებლად მინიმუმ ერთ წელს ვითხოვთ“, – აცხადებს დირექტორი. თუმცა, საერთოდ რატომ უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ქარხნის ლიკვიდაციის ვადების განსაზღვრაზე ტერმინალს, გაუგებარია.

ქარხნის დაშლის პროცესი განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაც არის, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასი ათასობით ტონა ლითონზეა საუბარი, ეს კიდე მილიონებს ნიშნავს. აქედან გამომდინარე განკარგულების გამცემი ორგანიზაცია, ანუ მინისტრთა საბჭო დაინტერესებული უნდა იყოს პროცესების გამჭვირვალობით, რათა მითქმა-მოთქმა მაქსიმალურად შემცირდეს.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის მინისტრთა საბჭოს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად უარყო აღნიშნული ქარხნის დემონტაჟის თაობაზე დადგენილების არსებობა.  არა და განკარგულება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ხლმძღვანელობას საქმეში უდევთ და უკვირთ, ვის დასჭირდა განკარგულების გასაიდუმლოება.

საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

რამდენად ღრმაა „ნაციონალურ-დემოკრატიულ“ ერთობაში გაჩენილი ბზარი? ეს კითხვა წინა კვირას განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე თავისთავად გაჩნდა. „ნაციონალებისა“ და „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ პარტიად შერწყმის დიადი გეგმის ჩაშლა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერს – კობა დავითაშვილს დაბრალდა. მისი ხმამაღალი განცხადება, არჩევნების შემდგომ მისივე სიჩუმის ფონზე, უფრო მკვეთრად გაისმა. თუმცა, განხეთქილების თაობაზე ეჭვებს სხვა გარემოებებიც აძლიერებდა.

ყველაფერის თავი და თავი ის საკონსტიტუციო ცვლილებები გახდა, რომლის მიღებაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ წინა კვირას, დიდი მითქმა- მოთქმის მიუხედავად, პრეზიდენტის „წაქეზებით“ მაინც მოახერხა. საკონსტიტუციო ცვლილებების სამეულისთვის მისაღები ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით განიხილა, მიუღებელი აღმოჩნდა იურისტ კობა დავითაშვილისთვის.

საკონსტიტუციო ცვლილებების გამო საყოველთაო „ნაციონალური მორატორიუმის“ ფონზე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილს, უფრო სწორად, სახელმწიფო მინისტრს – ზურაბ ჟვანიას აუჯანყდა. პროტესტის ნიშნად მან „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის პოსტიც კი დატოვა. კონსტიტუციაში საკამაოდ გათვითცნობიერებულმა დავითაშვილმა, ახალი კონსტიტუციური ცვლილებები რატომღაც ზურაბ ჟვანიაზე მორგებულად მიიჩნია.

დავითაშვილის მხრიდან ეს სერიოზულ არგუმენტად ჟღერდა, მაგრამ ამ დებულებას შემდეგ უკვე სხვა არგუმენტიც დაემატა. დეპუტატმა უკვე ვეღარ დამალა თავად სახელმწიფო მინისტრის პიროვნებისადმი ანტიპათია: არ შემიძლია იმ პიროვნების გვერდით დავდგე, ვინც თავის დროზე მხარი დაუჭირა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას, ხმა მისცა ე.წ. ნულოვან ვარიანტსო.

შეგახსენებთ, ამ ვარიანტით საქართველომ უარი თქვა თავის წილზე უკვე დაშლილი სსრკ-ის ქონებიდან, რუსეთის მხრიდან საგარეო ვალების გამოქვითვის სამაგიეროდ. ეს ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობისას, 1998 წელს მოხდა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ სსრკ-დან კუთვნილი „წილი“ საქართველოს უფრო სარფიანად შეეძლო გაეცვალა და დაებანდებინა. თუნდაც, რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან უფრო ოპერტიულად გაყვანის თვალსაზრისით. კობა დავითაშვილი, როგორც საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამ ფაქტს მაშინაც აპროტესტებდა. მაგრამ არა ისე კატეგორიულად, რომ ზურაბ ჟვანიას მაშინდელი „მოქალაქეთა კავშირიდან“ განკვეთა მოეთხოვა.

თავის მხრივ, როგორც საკმაოდ გათვითცნობიერებული ხალხი აცხადებდა, ზურაბ ჟვანია მაშინ ასეთ არახელსაყრელ გარიგებაზე პრეზიდენტის მხრიდან მსუბუქი ზეწოლისა და მინისტრთა კაბინეტის დაპირების სანაცვლოდ წავიდა. ზურაბ ჟვანია მაშინაც მინისტრთა კაბინეტის ისეთ მოდელზე ოცნებობდა, რომელიც მინისტრებს გუნდური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით აამუშავებდა. ჟვანიას მხრიდან ამგვარი არაპოპულარული ნაბიჯის მიუხედავად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანა პარლამენტში არ იჩქარა.

კობა დავითაშვილის განცხადება ზურაბ ჟვანიას მიერ წინასწარგამოცხადებულ გაერთიანებას უძღოდა წინ. კონფერენცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დემოკრატების“ გაერთიანება უნდა მომხდარიყო, გადაიდო. როგორც მოგვიანებით „ნაციონალების“ ოფისში შეკრებილი ორივე პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, მათ გაერთიანებას ხელი მხოლოდ ტექნიკურმა მიზეზებმა შეუშალა. ერთ-ერთი მიზეზით იმან, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული ვადები არ გადაწია…

გაერთიანება მაინც შედგება – ირწმუნებიან როგორც ორივე პარტიის რიგითი წევრები, ისე მათი ლიდერები. „გაერთიანების პროცესს მაინც ვერავინ შეაჩერებს. ეს არის ჩემი ინიციატივა. უნდა გაერთიანდნენ პოლიტიკური პარტიები, მთლიანად საზოგადოება, რათა ამოვიდეთ იმ წუმპიდან, რომელშიც შევარდნაძემ ჩაგვყარა. იმისათვის, რომ ერთად გავუმკლავდეთ მაფიას”, – ამბობს სააკაშვილი. გადადებული ერთობლივი კონფერენციის თაობაზე ამგვარი კომენტარისას მიხეილ სააკაშვილმა კობა დავითაშვილის განცხადებაზე კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა: მე ხალხი მაინტერსებს და არა პიროვნებებიო.

მეორე ქვა, „ნაციონალური რიგებიდან „დემოკრატიულ ბოსტანში“ უკვე პეტრე ცისკარიშვილმა ისროლა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე ჯერ კიდევ ბურჯანაძის მოქმედი პრეზიდენტობის პერიოდში ნომინირებულ ცისკარიშვილს დაპირებული პოსტი უკვე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდგომ ეღირსა. პოსტზე მან სულ ორი დღე დაჰყო და ბრალდებები წაუყენა ბურჯანაძეს. „თუ ცისკარიშვილი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია, მაშინ ფაქტია, ჩვენ ერთ პარტიაში არ დაგვედგომებაო“, – ასეთი იყო ბურჯანაძის რეაქცია თანაგუნდელის განცხადებაზე, რომელიც მისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ცისკარიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა ითხოვა. ცისკარიშვილმა ბოდიში არ მოიხადა, თუმცა „ქვეყნისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე“ თანამდებობა დატოვა. ბოდიშის მოხდას ნინო ბურჯანაძის წინაშე ცისკარიშვილი არ აპირებს.

ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი, ასე დაარქვა თავად ახალმა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით, 170 ხმით მიიღო. ამ მოდელისა და 2001 წელს პარლამენტში პრეზიდენტის ინიციატივით შესულ ცვლილებებს შორის დიდი განსხვავება არ არის.

მთავარი დისკუსია, როგორც ცნობილია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტს, პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის უფლებამოსილებების გადანაწილების საკითხმა გამოიწვია. საკმაოდ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად რევოლუციური სამეული შემდეგ ვარიანტზე შეთანხმდა:

ფაქტია, რომ სამომავლოდ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიხეილ სააკაშვილმა უფრო პასუხისმგებლობა გადაუნაწილა, ვიდრე უფლებები. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტთან შეთანხმებით, აკომპლექტებს მთავრობას. ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში პრეზიდენტს აქვს პარლამენტის ან მთავრობის დათხოვნის უფლება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში ავტომატურად უნდა გადადგეს მინისტრთა კაბინეტიც. თუ პარლამენტი პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტს იმპიჩმენტის თხოვნით მიმართავს, საამისოდ მან კონსტიტუციით განსაზღვრული ორი წესიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს, რის შესახებაც წინასწარ ამცნობს საზოგადოებას. პირველის მიხედვით, პარლამენტი 118 დეპუტატის ხმით მიმართავს პრეზიდენტს მთავრობის გადადგომის შესახებ, თუ პრეზიდენტი არ გაითვალისწინებს ამ თხოვნას, პარლემენტს მისი განმეორების უფლება სამი თვის ვადაში აქვს. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი. მეორე ვარიანტით, იმპიჩმენტის ინიციატივის წამოყენება შეუძლია 79 დეპუტატს, მიმართვიდან 15 დღის ვადაში კი იმპიჩმენტს მხარი პარლამენტის წევრთა სამმა მეხუთედმა უნდა დაუჭიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია, ქვეყნის მეთაურს პარლამენტის დათხოვნა არ შეუძლია, მაგრამ პარლამენტს იმპიჩმენტის საკითხის წამოყენება 6 თვის ვადით ეკრძალება. პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაში აკრძალულია პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოყენება.

თავად მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები დიქტატურის დამყარების კი არა, ძლიერი ხელისუფლების შესაქმნელად მიღებული ზომებია.

სადავოა თავად საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში განხილვის პროცედურაც – კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში განხილვამდე ერთი თვით ადრე უნდა იყოს გამოქვეყნებული.

ამიტომ ხელისუფლება იძულებულია თავადვე აღიაროს, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები თავის დროზე შევარდნაძის მიერ არის შემოტანილი. ამ აღიარებას იგი ოპოზიციის მიერ წაყენებული ბრალდების გასამართლებლად იყენებს. ბურჯანაძის აზრით, ეს ცვლილებები მართალაც უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ეტაპზე მმართველობის ეფექტიანობისთვის ასეთი მოდელის მიღებაც შესაძლებელია. ჩვენი ხელისუფლება როგორც ოპოზიციას, ისე საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროექტზე საკმაოდ შემომწყრალ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მომავლის იმედით ამშვიდებს. ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მმართველობის ეს მოდელიც შეიცვლება. ნაწილობრივ იგივეს აცხადებს თავად სააკაშვილიც, რომელიც ირწმუნება, რომ მართალია, ახლა გამგებლების დანიშვნის უფლება მან დაიკანონა, მაგრამ 2005 წლისთვის გამგებლების და მერების არჩევის უფლება თავად ხალხს ექნება.

ამ განმარტებების გაკეთება საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პარალელურად პარლამენტში შეტანილ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კანონთან დაკავშირებით სჭირდება, რომლის მიხედვითაც „გარდამავალ პერიოდში“ პრეზიდენტს გამგებლების და მერების პირდაპირ დანიშვნის უფლება ეძლევა. ამ ცვლილებებების მიღებამდე პრეზიდენტს გამგებელი არჩეული საკრებულოდან უნდა დაენიშნა. ფაქტია, რომ დღეისათვის საკრებულოებში მაინც წინა ხელისუფლების მიერ ხელდასმული კადრები სჭარბობენ. ამიტომ, საპარლამენტო არჩევნებისათვის გამგებელ-მერების გადახალისება გამარჯვებული ხელისუფლების სასიცოცხლო ინტერესებში შედის.

ცხადია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებთან, ისე – გამგებლების დანიშვნის წესთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც მინიმუმ 2005 წლის შემოდგომამდე შენარჩუნდება, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ამ თემებს გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა მიუძღვნეს.

თუმცა, ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში წესრიგის სასწრაფოდ დამყარებასა და ამ მიზნით რადიკალური და სასწრაფო ზომების გადადგმაზე საუბრობს, ამჯერად შეუვალი იყო. პარლამენტი კი – ტრადიციისამებრ, შესაშურად მორჩილი. ერთადერთი, რაშიც დღევანდელი პარლამენტი ახალ ხელისუფლებას „ეურჩებოდა“, საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საკითხი იყო – დეპუტატები, რომელთა დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში სწორედ იმუნიტეტის ხათრით მოდიან, მის დათმობას, ნაწილობრივადაც კი არ აპირებენ.

Exit mobile version