ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“

მალხაზ დოხაძე: პირადად მე კალათბურთელი არ ვყოფილვარ. 1989 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს თავკაცობდა ბიძაჩემი ბადრი შამილაძე, ეს ის გუნდია, რომელმაც 21 თამაშიდან 21-ვე მოიგო. სწორედ მან შემომთავაზა, ასე ვთქვათ, ასისტენტობა გამეწია მისთვის. შემდეგ 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკებს ვავარჯიშებდით. ბოლო ორი წელია კი 2000-2001 წლებში დაბადებულთა გუნდს ვხელმძღვანელობთ მე და ედუარდ ტოროსიანი. ის ბიჭები, რომლებიც ახლა ჩვენს გუნდში ირიცხებიან, ადრე სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გადანაწილებულნი, მაგრამ ჩვენ ისინი შევკრიბეთ. შარშან საკალათბურთო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავეთ, წელს კი საქართველოს ჩემპიონატში გვექნება დებიუტი.

 

 

ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, თქვენ დებიუტანტები ხართ. რა მიზანს ისახავთ წლევანდელ გათამაშებაში?

 

 

– ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს აკადემიისა და რუსთავის გუნდის სახით, სხვებიც არიან და იოლი თამაში არავისთან გვექნება. თუმცა ჩვენი ბიჭების მომზადების დონე, ჟინი და მონდომება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხუთეულისთვის ბრძოლას შევძლებთ და მოვხვდებით კიდეც ამ ხუთეულში.

 

 

გუნდში რამდენი კალათბურთელი ირიცხება?

 

 

– განაცხადში 12 მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მათი 60 პროცენტი დიდი კალათბურთის თამაშს შეძლებს. განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ორ ბიჭზე, გიორგი ოჩხიკიძესა და დათო ჟღენტზე. გიორგი 2004 წელშია დაბადებული და გუნდში ასაკით ყველაზე პატარაა. დათოს რაც შეეხება, ბიჭი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და უკვე 188 სმ-ია სიმაღლეში. ერთი ჩვენი აღზრდილი, ლუკა მაზიაშვილი კი უკვე „აკადემიაში“ ჩაირიცხა.

 

 

_ სხვებიც გაგვაცანით

 

 

– ზურა გოლეთიანი, ლუკა კუპრეიშვილი, ნიკა მედილიში, ნიკა ჯაიანი, ენრი ფარტენაძე, ვაჟა ხიმშიაშვილი, ნიკიტა ბონდარევი, კახი კინწურაშვილი, რომა პაპაძე და ლევან დევაძე. ეს ის გუნდია, რომლითაც წელს საქართველოს ჩემპიონატზე წარვსდგებით.

 

 

როდის იწყება პირველობა?

 

 

– დეკემბერში ან იანვარში. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის.

 

 

შეიძლება ითქვას, ბავშვთა კალათბურთით ძირითადი გუნდის ბაზას ამზადებთ

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც ეგაა, რომ თავის დროზე, უმაღლესი ლიგის გუნდმა სათანადო შევსება მიიღოს. აქვე დავსძენ, რომ ძალიან გვეხმარება რჩევებით „ბათუმი-რსუ“-ს მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე. სხვებიც დიდ ყურადღებას გვაქცევენ.

 

 

ვის დაფინანსებაზე ხართ?

 

– ბათუმის სასპორტო სკოლა გვაფინანსებს. ეს იქნება ეკიპირება, შეკრებები თუ შეჯიბრზე გამგზავრება, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. ზაფხულში ჩვენი გუნდი სურამში იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც სპორტსკოლამ დაგვიფინანსა. ტრაპიზონის სპორტულ კლუბ „იდმანოჯაგისთან“ მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით მათთან ჩავალთ, ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გავივლით და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გავმართავთ, რაც ჩვენს გუნდს დამატებით გამოცდილებას შესძენს.

დასავლეთი გაერთიანდა

ამხანაგურ ტესტ-მატჩებში მონაწილეობა 40-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. როგორც სამივე გუნდის თავკაცებმა განაცხადეს, ასეთი ტიპის შეკრებები ხშირად გაიმართება, რაც სპორტსმენთა დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. უახლოეს დღეებში უკვე ბათუმელები გაემგზავრებიან ფოთში, სადაც დასავლეთ საქართველოს ყველა გუნდი შეიკრიბება.

აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აკაკი ცენტერაძის განცხადებით, თურქების სტუმრობის შემდეგ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა ბათუმში ერთობლივი შეკრების გავლის სურვილი. „ამ ეტაპზე არის სამი ქვეყანა, რომლებმაც ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ“, – აღნიშნა ცენტერაძემ.

„თავისუფლები“ მედლებს აგროვებენ

რამაზ თურმანიძე (35), ალეკო გოგობერიძე (-42), გურამ კუნჭულია (-46) და თენგო სურმანიძე (50) ჩემპიონები გახდნენ. მეორე ადგილზე გავიდნენ გრიგორი კეკიეშვილი (-32), ლევან ღოღობერიძე (-42) და ჯონი დიასამიძე (-53).

გუგა შეშელიძემ (29), თორნიკე დიასამიძემ (32), კახა შავაძემ (-38) და ნიკა კაკაბაძე (46) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში პირველად მონაწილეობდა სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ბათუმს 24-კაციანი გუნდით ეწვია და სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა.

ხიფათი ნაგვის ურნებიდან

ბოსტნეულის ნაფცქვენები, პამპერსები, ფერადი პარკები და ნაგვის ნარჩენები  შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ცენტრალური მაგისტრალის მეორე მხარესაა მიმობნეული. ერთ მხარეს კი ორი თუნუქის კონტეინერი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით თითქმის სავსეა. ოდნავ მოშორებით განთავსებულ კიდევ ერთ კონტეინერთან ძროხებისა და ძაღლების სიმრავლე შეიმჩნევა. ისინი ამ კონტეინერიდან იკვებებიან.

 

ნაგვის კონტეინერების უკანა მხარეს კორპუსებია, რომლის ეზოშიც ხშირად თავს იყრიან იქვე მცხოვრებნი, ხშირად იმ ძროხების პატრონებიც, რომლებსაც ამ ყველაფერზე რეაქცია არ აქვთ, ან დიქტოფონთან საუბარი არ უნდათ. – ასეთ სურათს შარაბიძეების დასახლების შესასვლელთან ყოველდღე ნახავთ.

 

თითქმის იგივე სიტუაციაა ხოფის დასახლებასა და ქალაქის სხვა გარეუბნებშიც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კი ეს საკითხი შედარებით მოწესრიგებულია. 

 

მოსახლეობა ამბობს, რომ ზოგჯერ არც კონტეინერის ირგვლივ ყრია ნაგავი და კონტეინერს თავსახურიც ახურავს, მაგრამ ნაგვის სუნი კორპუსებამდე მაინც აღწევს. „ხშირად ამ კონტეინერებს იმდენად ბევრი მწერი ესევა, რომ  ახლოს მისვლაც შეგეშინდება“. – ამბობს ხატია დიასამიძე. მისი თქმით, იყო შემთხვევებიც, როცა გავსებული კონტეინერიდან ნაგავი სამი დღის განმავლობაში არ გაუტანიათ, რამაც ეზოში სუნი და მწერების მომრავლება გამოიწვია: „ცხელ ხაზზეც დავრეკეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით“.

 

„ჩვენ თვითონაც ცუდად ვიქცევით, ეს კი ყველაზე დიდი პრობლემაა, ხალხს პირდაპირ ვედროთი გამოაქვს ნაგავი და კონტეინერში ასე ყრის. არ შეიძლება პარკში შეაგროვო და ისე მოათავსო კონტეინერში? ან რომ ჩაყრი, თავი დაახურო კონტეინერს? – მაგრამ ჩვენ არაფერი გვეშველება. ამას რომ ვამბობ, კიდევ კარგი არ ესმით, თორემ აქეთ შემომედავებიან, რას ლაპარაკობო. აბა, იმ პატიოსან ხალხზე რა უნდა ვთქვა, კი აგვიანებენ ხანდახან ორ და სამ დღეს არ მოდიან, მაგრამ ჯერ ჩვენი ვთქვათ და მერე სხვისი“, – ამბობს მურად შარაბიძე.

 

სპეციალისტების განმარტებით, კონტეინერი მეორე, სუფთა კონტეინერით ჩანაცვლება მინიმუმ თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს, აუცილებელია ყოველდღიურად ირეცხებოდეს სატვირთო მანქანებიც, რომლებითაც „სანდასუფთავებას“ კონტეინერებში შეგროვილი ნარჩენები ნაგავსაყარზე გააქვს.

 

„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული ნაგავსაყარი. არსებულ ნაგავსაყარზე კი ძალიან ცუდი სიტუაციაა, ამიტომ იქ შესული მანქანა გაურეცხავად და საბურავების სპეციალურ გამწმენდზე შემოწმების გარეშე ქალაქში არ უნდა გამოდიოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის იქნება საფრთხე, რომ ამ მანქანების საშუალებით რაიმე დაავადება გავრცელდეს“. – ამბობს გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე. 

 

ქალაქის დასუფთავებისთვის მერიის 2012 წლის ბიუჯეტში 6 მილიონ 479  ათასი  ლარია გათვალისწინებული. სანდასუფთავების მუშაობას კი მერია  მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით აკონტროლებს. ამ სამსახურის თანამშრომლის თამაზ ველიაძის თქმით, გარეუბნებში დასუფთავების პრობლემა დგას, თუმცა სპეციალისტი „ბათუმელებთან“ ყურადღებას პრობლემის მიზეზებზე ამახვილებს: „გასულ წელს მხოლოდ იმ კონტეინერების რეცხვას ახერხებდნენ, რაც ქალაქის ტერიტორიაზეა განთავსებული. შემოერთებულ ტერიტორიებსა და გარეუბნებში განთავსებული კონტეინერების რეცხვას კი ვეღარ ასწრებდნენ, რადგან ტერიტორიების შემოერთებასთან ერთად სამსახურს საქმე მოემატა, გაიზარდა მოცულობა და გასატანი კონტეინერების რიცხვიც“.

 

 თამაზ ველიაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში მათი რეცხვა სამ თვეში ერთხელ ხერხდებოდა, რაც საკმარისი არ არის, მაგრამ მათ მეტს ვერ მოსთხოვდნენ, რადგან შესაბამისი სახსრები გათვალისწინებული არ ჰქონდათ: „მომავალში ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“.

 

„სანდასუფთავების“ ფინანსური მენეჯერის ნარგიზ ფალავანდიშვილის განმარტებით კი მათი სამსახური იმაზე მეტ სამუშაოს ასრულებს, ვიდრე ეს ტენდერის პირობებითაა გათვალისწინებული: „ჩვენ გვაქვს პირობა, რომ შეგროვილი ნარჩენები დღეში ორჯერ გამოვიტანოთ, მაგრამ როცა ამის საჭიროება არის, მესამედაც გავდივართ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც შეეხებით, რადგან ხშირად ნაგვის ურნამდე მიტანაც არ უნდათ და პარკებით სადარბაზოსთან ტოვებენ. რაც შეეხება კონტეინერებს – მათ მონაცვლეობით ვრეცხავდით, რადგან როცა კონტეინერს გასარეცხად წამოიღებ, მის ნაცვლად სხვა უნდა დატოვო. საკმარისი რაოდენობის კონტეინერი კი არ გვქონდა. ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. ტენდერი გამოვაცხადეთ, რაც დროში გაწელილი პროცესია. ამჯერად უკვე გვაქვს საკმარისი რაოდენობის კონტეინერი და გარეუბნებშიც სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ მოსახლეობის მიდგომაც უნდა შეიცვალოს“.

 

ბათუმის საკრებულოს 2012 წლის იანვრის დადგენილებით, ქვეითად მოსიარულეების მიერ ან ავტოსატრანსპორტო სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა მოქალაქის 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ბულვარში, პარკსა და სკვერში ნარჩენების დატოვებისთვის  ფიზიკური პირი 50 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით უნდა ჯარიმდებოდეს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმები უნდა გაორმაგდეს. ამ დადგენილების აღსრულება მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობებშია. 

 

გარემოს დამცველების ინფორმაციით შესაცვლელია სანდასუფთავების მიდგომებიც. გასულ წელს ეს სამსახური გარემოს დაცვის სამმართველოს შუამდგომლობით არსატანდარტული მუშაობისთვის დაჯარიმდა.  

რა კავშირი აქვს მადრიდის „რეალს“ ბათუმის „დინამოსთან“

ირაკლი დარცმელიძე



ბათუმის „დინამო“ უკვე რამდენიმე წელია სტადიონის გარეშეა დარჩენილი. წლებია საუბრობენ, რომ ბათუმს სტადიონი სჭირდება, იქნება, აშენდება და ასე შემდეგ, მაგრამ სავარაუდო ადგილების გამოყოფის გარდა, კონკრეტულად არაფერი გაკეთებულა.

 

 

ბათუმის სტადიონის მაკეტი
ბათუმის სტადიონის მაკეტი

 

 

„დინამო“ საშინაო მატჩებს ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ მართავს. რამდენიმე თვის წინ გადაწყდა, რომ ახალი სტადიონი თითქოსდა ადლიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა.

 

 

„ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში სტადიონის აშენების სურვილი ერთ-ერთმა ესპანურმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა:

 

 

„საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის რეალის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და მომეწონა. საუბარია 30-ათასიანი, ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე, თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დასასვენებელი პარკით.  ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ეს უდავოა“. – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

 

 

„ბათუმელები” ინფორმაციის გადამოწმებას აჭარის ფეხბურთის ფედერაციაშიც შეეცადა, თუმცა, „რეალის“ თავკაცის ბათუმით დაინტერესების შესახებ მათ არაფერი იცოდნენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სტადიონი ადლიაში აღარ აშენდება და ის ქალაქში განთავსდება. თუ კონკრეტული სად, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.



აქცია მაჭახელში ჰესის მშენებლობას წინააღმდეგ

 

 

შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ
შეხვედრა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

 

 

 

 

მაჭახლის ხეობაში მოსახლეობა მდინარე მაჭახელაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათ დღეს სოფელ აღმართის საჯარო საკოლაში  საპროტესტო აქცია მოაწყეს და მთავრობას პროექტის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს. აქციას ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე ხელმძღვანელობდა. მანვე წაიკითხა სპეციალური მიმართვა, რომელითაც მაჭახლელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და გარემოს დაცვის სამართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძეც ავიდნენ.   მაჭახელაში მთავრობის წარმომადგენლებისაგან მიიღეს დაპირება, რომ პროექტი შეჩერდება. ამ ხეობაში ორი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა საპარლამენტო არჩევნებამდე გაიცა.

აქციის მონაწილეებმა შემდეგი მიმართვა გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის:

„ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს ახლი პარლამენტი და ახლად არჩეული მთავრობა დროულად, ობიქტურად და სწორად შეაფასებს საქართველოს რეგიონებში მიმდინარე სხვადასხვა სახის კაშხლების მშენებლობის საკითხს. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერსების გაუთვალისწინებლად მუშაობს ორ პროექტზე მდინარე მაჭახელაზე: 22 მგვტ. „მაჭახელა 1“ ჰესისა და 20 მგვტ „მაჭახელა 2“ ჰესზე. ფონდის ვარაუდით, მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს, ჯამური დადგმული სიმძლავრე უნდა იყოს 42 მგვტ, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება დაახლოებით 250 GWh.

მიზანშეუწონლად მიგვაჩნია მაჭახლის ხეობის მდგრადი განვითარების, მოსახლეობის ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებელი და სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის მიზნით ამ პროექტის განხორციელება მდინარე მაჭახელაზე. მაჭახელის ხეობა წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში ყველაზე მაღალმთიან ბიომრავალფეროვნების უნიკალურობით და მაღალი ხარისხით გამორჩეულ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები, ძირითადად, გაშენებულია მთის ფერდობებსა და მდინარე მაჭახელას გასწვრივ.

ხეობის მოსახლეობამ უძველესი დროიდანვე მდიდარი კლტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა შექმნა. აქ დამზადდა პირველი ცეცხლსასროლი იარაღი „მაჭახელას“ სახელწოდებით, აიგო მრავლი ციხესიმაგრე, დღემდე მნახველთა განცვიფრებას იწვევს აქ არსებული მარან-საწნახლები, მოქმედი ქვისთაღიანი ხიდები და სხვა.

ხეობის უნიკალურობის განმსაზღვრელია მდინარე მაჭახელა, რომელიცსათავეს თურქეთის სახელმწიფო საზღვრებიდან იღებს. მდინარე მაჭახელაში ტოფობს, ანუ ქვირითობს საქართველოს შავი ზღვის თევზის ენდემური სახეობა ორაგული (კალმახი), რომელიც  წითელ ნუსხაშია შეტანილი. სწორედ, ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე ხეობის დიდი ნაწილი 2012 წლის მაისიდან გამოცხადდა ეროვნულ პარკად. ჰესების მშენებლობა გამოიწვევს მდინარე მაჭახლის გაქრობას, ეროზიულ პროცესების გააქტიურებას, მოსახლეობის ტარდიციული ცხოვერების წესის შეცვლას, ადამიანის საარსებო გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას, კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტული ფასეულობების მოშლას და ამ უნიკალურობის გაქრობის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსახლეობის ნების საწინაღმდეგოდ ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, რომელიც, ჯერჯერობით, არაა დაწყებული. ვითხოვთ, დროულად შეჩერდეს აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა“.

კანონი გარემოს წინააღმდეგ

ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ხე-ტყის უკონტროლო ჭრას აპროტესტებს. ტყე დაუცველი მას შემდეგ დარჩა, რაც კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ხე-ტყის მოჭრაზე შეზღუდვები მოიხსნა.

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №366 2012 წლის 6 სექტემბრით თარიღდება. ამ დადგენილებით ცვლილებები შევიდა  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში.  ცვლილებების შედეგად გაუქმდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ასევე საშეშე ხე-ტყის 1-ელ მეტრამდე კოტრებად დაჭრის ვალდებულება, სამასალე მორის მარკირება, დაფირნიშება, სახერხი საამქროს რეგისტრაცია და შესაბამისი ელექტრონული ანგარიშგების წარმოება,  ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა 2 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა. ამასთან,  შესაძლებელია სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის კომერციული მიზნით გამოყენება. ცვლილება შეეხო  ლიცენზიანტებსაც.  გაუქმდა  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და სპეციალური ფირნიშით მარკირების ვალდებულება.

 

 

„დღეს ადამიანს შეუძლია აიღოს ბილეთი, მოჭრას ნებისმიერი ხე, რომელიც მოენდომება და რამდენს მოჭრის, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ფაქტობრივად, უკვე დავიწყებული ერთწლიანი ლიცენზია აღდგა, როგორიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში და  კონტროლის ყველა მექანიზმი მოისპო. ახალი მექანიზმები კი ჯერაც არ შექმნილა. მოხდა ისე, რომ რაიონებში 6-7 წლის განმავლობაში გაჩერებული უკანონო ჭრა და სახერხები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ სამასალე მერქანს ამუშავებდნენ, ახლა პრაქტიკულად ყველა რაიონში დაიქოქა და ამუშავდა. უკონტროლო ჭრებს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ, ჯერ ერთი, შეშის დამზადების სეზონია, ზამთარი ახლოვდება, ხალხი ცდილობს, მოიმარაგოს, გაისად კაცმა არ იცის, რა იქნება“, – ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში პროცესსს შესაძლოა ხელს ადგილობრივი ხელისუფლებაც უწყობდეს. „ჩვენ გვიკავშირდებიან სხვადასხვა რაიონებიდან და გვაწვდიან ერთნაირი ტიპის ინფორმაციას: იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს ჭრას,“ –  ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა? ენერგეტიკის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის დღემდე ბუნებრივი რესურსები, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების პროცესი. როდის დასრულდება ეს პროცესი, ამ გარდამავალ პერიოდში როგორ გაკონტროლდება ხე-ტყის უკანონო ჭრა და რას აპირებს  გარემოს დაცვის სამინისტრო  ამ მიმართულებით, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ.

 

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები  ერთობლივად მუშაობენ საკანონმდებლო სივრცის შესაცვლელად.

 

 

„ვმუშაობთ, რომ  ის მარეგულირებელი აქტები, რომლებმაც გაათავისუფლეს ხე-ტყე კონტროლისაგან, დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს უნდა გაკეთდეს შემდეგ კვირას,“ – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ „ბათუმელებთან“.

 

 

დადგენილებების გაუქმებაში ხედავს გამოსავალს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილიც.

 

 

„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს ეს დადგენილებები და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელიც ქმნის საფუძველს, რომ განუკითხავად მოიჭრას ტყე რაიონებში. ახლა სიტუაციას  ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გაცხადდა ახალი მთავრობის პოზიცია:

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბუნებრივი რესურსების სააგენტო და კონკრეტულად სატყეო სექტორის მართვა, გადავა ენერგეტიკის სამინისტროდან გარემოს დაცვის სამინისტროში. ამას კი პროცედურებისა და კანონის შესაბამისად, გარკვეული დრო სჭირდება. არ ვიცი ვერ აკეთებენ, თუ არ აკეთებენ, რაღაც სტაგნაციაში არიან. ენერგეტიკის სამინისტროს ამისთვის არ სცალია, გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიულადაც არ მიუწვდება ხელი, რომ რეაგირება მოახდინოს. სატყეო დეპარტამენტის ახალ სტრუქტურაში კი იგივე მოხელეები მუშაობენ, ვის პასუხისმგებლობასაც არის თუნდაც ზემოხსენებული დანაშაულებრივი ცვლილებები ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დღეს არსებული სრულიად უვარგისი სტრუქტურა. მოსახლეობა და სახერხები კი, როგორც ჩანს, რასაც მოასწრებენ ამ ზამთარში, გაჩეხავენ“, – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

რით იყო განპირობებული და რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილებების შეტანა დადგენილებებში? მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხე-ტყის უკონტროლოდ მოჭრის თემა ისტორიულად წინასაარჩევნოდ აქტიურდება. ამის დასტურად 2003 წლის არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ 2003 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩევნები ადიგენში სწორედ ამის გამო წააგო:

 

 

„ახლაც, ამ ცვლილების ერთ-ერთი ინტერესი ნამდვილად იყო ის, რომ ხალხის გული მოეგოთ, ეს არის ცნობილი  საარჩევნო ტექნოლოგია, როდესაც ეუბნებიან ხალხს, რომ თქვენ რაც გინდათ, ის მოჭერით, ოღონდ ხმა მომეცით. სხვათა შორის, ამ მეთოდით თვითონ მერაბიშვილმა წააგო არჩევნები ადიგენში“.                    

 

 

უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში კამერები გამოჩნდა, რამდენად გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი? – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „ვერ გეტყვით, რომ კამერების დამონტაჟების შემდეგ სრულად გამოსწორდა სიტუაცია, ვიდეომონიტორინგი ერთ-ერთი გზაა პრობლემების მოსაგვარებლად, გარკვეულ შედეგზე მომავალში უფრო გავალთ. ვიდეომონიტორინგის მეშვეობით, იმედია, მალე „შპარგალკებსაც“ აღმოვფხვრით. გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს, სტუდენტები აღარ მოდიან გამოცდაზე გადაწერის იმედით, ლექციებზე აღარ ერთობიან ჟურნალების თვალიერებით და ტელეფონის აწყობით.

 

პროფესორებმა აბსოლუტურად სახე იცვალეს ვიდეოკამერების დაყენების შემდეგ, ვფიქრობ, სტუდენტების დიდმა ნაწილმა სწორედ დაინახა, რა იყო კამერების დამონტაჟების მიზანი. კამერების დამონტაჟების მიზანი მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. 534 აუდიტორიაა ჩვენს უნივერსიტეტში და მხოლოდ 34-შია კამერა, დიდ აუდიტორიებში და საგამოცდო ცენტრებში, 30 კამერა კი დერეფნებშია დამონტაჟებული“. 

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტი გამონაკლისი არ არის, სადაც ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. „თურქეთის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში განთავსებულია ვიდეოკამერები, ასევე ტალინის უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიაშია. ტალინში ვიზიტისას ჩვენმა კოლეგებმა მათ ჰკითხეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს კამერები, ღიმილით გვიპასუხეს, რომ ზუსტად ის მიზანი ჰქონდათ, რაც ჩვენ გვაქვს – სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“.

 

რამდენად სწორად მიაჩნიათ სტუდენტებს ვიდეომონიტორინგი უნივერსიტეტში და მიიჩნევენ თუ  არა, რომ კამერებმა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმოქმედა? „ბათუმელები” სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის კანდიდატებს ესაუბრა, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. მათი უმეტესობა უნივერსიტეტში კამერების არსებობას უარყოფითად აფასებს, ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ვიდეომონიტორინგი არ უნდა ხორციელდებოდეს ხმის ჩაწერით.

 

გოჩა სურგულაძე: „ჩემი აზრით, კამერების დამონტაჟება განპირობებული იყო პოლიტიკური სიტუაციიდან და მას არავითარი კავშირი არა აქვს სწავლის ხარისხთან. ლექტორების შემოწმება თუ უნდოდათ, მაშინ შეემოწმებინათ, როცა სამსახურში აჰყავდათ. კამერებმა დააკომპლექსა სტუდენტებიც, სწავლის ხარისხი არანაირად არ ამაღლებულა. გამოცდების დროს ვიდეომონიტორინგი საჭიროა, თუმცა ამისთვის არსებობს საგამოცდო ცენტრები. მე ვაპირებ ბრძოლას კამერების მოხსნის მოთხოვნით როგორც რიგითი სტუდენტი და თუ სტუდენტები მხარს დამიჭერენ, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.“

 

გულო თურმანიძე, რომელიც ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამბობს, რომ პირადად მას ვიდეომონიტორინგი ხელს არ უშლის, თუმცა საკმაოდ ბევრ სტუდენტს  უქმნის დისკომფორტს: „ვიდეოთვალის საჭიროებას პირადად მე ვერ ვხედავ. თუმცა  რაღაც პრობლემები მოაგვარა, თუნდაც ის, რომ სტუდენტი კარებს ფეხით აღარ აღებს ლექციაზე შესვლისას. თვითმმართველობის პრეზიდენტი თუ გავხდები, სტუდენტთა უმრავლესობის სურვილს გავითვალისწინებ და იმ მოთხოვნას დავაყენებ დღის წესრიგში, რაც მათ ექნებათ“, – ამბობს  იგი. 

 

ლევან დუაძე კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ვიდეოკამერებს ახლავს მოსასმენი აპარატები: „ეს კანონდარღვევაა. მე დაცვის კაბინეტში მაქვს მოსმენილი ჩანაწერი. ტყუილია, როცა გვეუბნებიან არ ისმინებაო. თუ გარკვეული ლექციის ჩაწერა შეუძლიათ, ესე იგი უსმენენ ყველას, რადგან ყველა კამერა მთლიან სისტემაშია ჩართული, თუ ერთს ჩართავენ, ავტომატურად ირთვება ყველა. კამერები არ ემსახურება არც ხარისხის გაუმჯობესებას და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვას, მხოლოდ გასაკონტროლებლად იყენებენ მას. 64 ათასი დაიხარჯა ვიდეოკამერებში, როცა ამ თანხად მართლა შეეძლოთ ხარისხის გაუმჯობესება, თუნდაც წიგნების შეძენით, ლექტორების მოწვევით და მოქმედი ლექტორების გადამზადებით. შიშით სწავლის გაუმჯობესება არ ხდება, მოიყვანონ ბარემ ზონდერბრიგადები და ავტომატები მოგვიშვირონ, მაშინ უფრო უკეთ ვისწავლით.

 

უნივერსიტეტი არ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, უნივერსიტეტმა თავისუფალი ახალგაზრდები უნდა აღზარდოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს მმართველები გახდებიან. კამერების დამონტაჟება არის სისულელე. ბევრი დააჯერეს, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, მაგრამ უმეტესობას არ გვჯერა. ვიცით, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. მე ამ საკითხს დავაყენებ აქტიურად. კამერები უნდა მოხსნან, თუ უნდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადასცენ, ჩვენ იარაღი არ გვაქვს და ტერორისტები არ გვყავს, რომ საჭირო იყოს მსგავსი კონტროლი“.

  

ხმის ჩაწერის უკანონობაზე საუბრობს ზურა მესხიძეც, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ვიდეომონიტორინგი საჭიროა: „თუნდაც ლექტორების გასაკონტროლებლად, ზოგიერთი ლექტორი ლექციაზე ტყუილად შედიოდა აქამდე. ლექციაზე კარტს თამაშობდნენ სტუდენტები, მართალია შიშის მეშვეობით შეძლეს ამის აღმოფხვრა, მაგრამ რამე გზით ხომ უნდა შეეცვალათ ეს მდგომარეობა. არ მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა, თუმცა უსაფრთხოებისთვის საჭიროა. კამერები აღარ უნდა მოიხსნას თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი თანხაა დახარჯული. ლექციაზე ნახონ როგორ ვსწავლობთ, მთავარია აუდიომონიტორინგი არ მიმდინარეობდეს, ეს ფაქტი გვაეჭვებს და გვგონია, რომ ხმას ისმენენ, ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევაა.“

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სტუდენტების ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია სტუდენტებს უსმენს, უსაფუძვლოა: „ეს გამორიცხულია. ნებისმიერ დროს მოიყვანონ საუკეთესო სპეციალისტი და შეამოწმონ, თუ მიმდინარეობს ხმის ჩაწერა. რატომ უნდა მოვუსმინოთ სტუდენტებს? დამონტაჟებიდან მხოლოდ ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის ჩაწერა, უსმენდნენ პროფესორებს, თუ როგორ კითხულობდნენ ლექციებს, ახლა ლექციის ჩაწერა ხდება მხოლოდ პროფესორთან შეთანხმებით. ამ ეტაპზე ჩაწერილი გვაქვს ანზორ დიასამიძის და ვლადიმერ ბალაძის  ლექციები, რომელიც „ბსუ“-ს საიტზეც დევს და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

ღალატის ბრალდებით დაკავებულის ცხოვრება – გოჩა თავდუმაძის საქმე

გოჩა თავდუმაძის დაკავება მედიამ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ფართოდ გააშუქა. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. საქმის მასალებში თავდუმაძე მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახურის დანაყოფის უფროსი.

განსასჯელი ამბობს, რომ გათავისუფლების დროს შემდეგი პირობები წაუყენეს – არ ელაპარაკო ჟურნალისტებს, არ წახვიდე რუსეთში… გოჩა თავდუმაძე 8-წლიან დუმილს არღვევს და ყვება იმაზე, თუ რატომ დააკავეს, როგორ გაათავისუფლეს, როგორ აიძულებდა პროკურატურა უფასო შრომას:

დაკავების დროს თქვეს, რომ მანქანის საბარგულში მქონდა მოსასმენი აპარატურა, გადამცემები, მაშხალა და ვმუშაობდი რუსეთის სასარგებლოდ. 24 საათი ვყავდი პოლიციაში. მათ ვეკითხებოდი, ვიყავი თუ არა დაკავებული. მეუბნებოდნენ, რომ არა. ვეკითხებოდი – შეიძლება წავიდე? მეუბნებოდნენ – არა. 29 ნოემბერს, დაკავებიდან 48 საათში, სასამართლოში მიმიყვანეს. უნდოდათ პოლიტიკური მუხლის წაყენება – სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა, მაგრამ შემდეგ შეცვალეს მუხლი.

საქმე ჩქარი ტემპით შეკერეს და იმდენად ბევრი შეცდომაც დაუშვეს, რომ ოთხმა მოსამართლემ თქვა უარი საქმის ბოლომდე მიყვანაზე. შესაბამისად, ამ დრომდე არ გავუსამართლებივარ.

9 თვეს ვიჯექი ციხეში, აქედან ერთი თვე ვიყავი სამინისტროში, კანონით სამინისტროში მხოლოდ 3 დღეს უნდა დავეტოვებინე… მათ ვუხსნიდი, რომ გაცილებით ადვილია ინფორმაციის გადაცემა ინტერნეტით და ამ საქმეს გადამცემი არ სჭირდება. 9 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა მემუშავა: ბათუმში ჩამოდიოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და ჩვენი პრეზიდენტები. შეხვედრა თეატრში იმართებოდა. სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა უზრუნველვყავი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ ციხეში აღარ დავუბრუნებივარ.

  • თქვენ თქვით, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ თავდაცვისა და შს მინისტრებისგან მიიღეთ შეკვეთა. რა სამუშაო შეასრულეთ?

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თითქმის ორი წელი ჩემთვის ხელი არ უხლიათ. წვრილ-წვრილ დაკვეთებს ვიღებდი კერძო სახლებში.

ერთ დღესაც დამიძახეს ბაჩო ახალაიასთან, ახალი დანიშნული იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. ეს ომის შემდეგ იყო. ახალაიამ როდესაც გაიგო, რომ ღალატის მუხლით დამაკავეს, თავის მოადგილესთან გადამამისამართა. მათ უნდოდათ რადიოსიხშირე გაეკონტროლებინათ – მაღალ მთებზე სპეციალურ რეტლანსლატორებს ვაყენებდი.

დეტალურად არ შემიძლია იმის თქმა, რაც თავდაცვის სამინისტროში გავაკეთე – საიდუმლო ინფორმაციაა.

რადიოსიხშირეზე ლაპარაკი ექვემდებარება კონტროლს. ვინც არასანქცირებულად იყენებს რადიოსადგურებს, კანონს არღვევს. არის სპეციალური სკანერები, რომლითაც ეს კონტროლდება.

  • ბათუმის იუსტიციის სახლში რა პროექტი დაგიკვეთათ ხელისუფლებამ?

იუსტიციის სამინისტროში დავამონტაჟე აპარატურა, რომელიც ინტერნეტით მშენებლობის კონტროლის შესაძლებლობას იძლეოდა. იძულებული ვიყავი, ჩემი ძირითადი სამუშაო მიმეტოვებინა, მაშინაც პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს – თუ არ გინდა დაგაკავოთ, მიდი, იმუშავე.

  • იცით ვინც გირეკავდათ?

არასდროს შევხვედრივარ იმათ, ვინც მირეკავდა. საჭირო მასალებს სამუშაო ადგილზე მახვედრებდნენ. იუსტიციის სახლის შემთხვევაში კი საქმის პროკურორმა დამირეკა – ფრიდონი ერქვა. მითხრა რა უნდა გამეკეთებინა. სამუშაოზე წასვლა მხოლოდ იმიტომ არ მინდოდა, რომ ვმუშაობდი იმ სასტუმროში, რომელიც სტადიონის ადგილზე შენდება. პრეზიდენტმა დაათვალიერა ეს სასტუმრო, რის შემდეგაც მითხრეს, რომ იმავეს გაკეთება უნდოდათ იუსტიციის სახლზეც.

  • შეგიძლიათ დაამტკიცოთ, რომ იუსტიციის სახლზე იმუშავეთ?

რანაირად ვერ დავამტკიცებ. ის ვერ დავამტკიცე, რომ უმაღლეს საბჭოდან აპარატურა ნებართვით გავიტანე – მითხრეს, რომ მოვიპარე და მორჩა.

  •  იუსტიციის სახლზე მუშაობის შემდეგ თანხა გადაგიხადეს?

არა. იქ თურქული ფირმა მუშაობდა და სხვებიც, მე თითქოს რჩევებს ვაძლევდი.

  • ანუ საქმე თქვენ შეასრულეთ, მაგრამ ფული სხვამ მიიღო?

შეიძლება მიიღეს კიდეც ან არც მიუღიათ. ბუღალტერიაში არ ჩამიხედია. ისე, თავიდანაც მგონი იმის გამო დამაკავეს, რომ უფასო მუშაობაზე უარი ვთქვი.

  • რას გულისხმობთ?

რევოლუციის შემდეგ ლევან ვარშალომიძემ შემომთავაზა მუშაობის გაგრძელება. მე დავთანხმდი და 4 თვე, ნოემბრამდე ვმუშაობდი. გაფორმებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ტექნიკა მე მებარა. ერთ დღესაც ვარშალომიძის დაცვის უფროსმა, კაზაზიშვილმა გადმომცა, – ლევანმა თქვა, 170 ლარად იმუშავოსო. მე ამ თანხის სანაცვლოდ მუშაობაზე უარი ვთქვი. ორ დღეში დამაკავეს.

  • იყავით ეჭვმიტანილი სახელმწიფო ქონების მითვისებაში, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან იღებდით შეკვეთას?

ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ამ ამბების შემდეგ მე ლევან ვარშალომიძის სახლშიც ვმუშაობდი. საშხაპის შუშის გამოსაცვლელად წამიყვანეს.

  • ბევრი ადამიანი დააპატიმრეს, ბევრიც საპროცესოთი გაათავისუფლეს. თქვენ რატომ მოგექცნენ განსხვავებულად, ასეთი განუმეორებელი სპეციალისტი ხართ

არ ვიცი, შეიძლება მათ მოვწონდი. არც იმას ვიტყვი, რომ მე დეფიციტური სპეციალისტი ვარ… შეუცვლელი სპეციალისტი არ არსებობს – ხვალვე შეიძლება ჩემნაირი სპეციალისტის ნახვა სუფთა წარსულით, მე ხომ პატიმარი ვიყავი.

  •  თქვენ თქვით, რომ სინქრონულად იწერდით უმაღლესი საბჭოს სხდომების მიმდინარეობას, ამის დოკუმენტი თუ არსებობს?

აპარატურა, რომლის მითვისებაშიც მე დამდეს ბრალი, პირადად ასლან აბაშიძეს ეკუთვნოდა. ყოველ შემთხვევაში, მიკროფონები არავის ბალანსზე არ იყო აყვანილი. რევოლუციის მერე ეს აპარატურა გამოყარეს თეატრიდან, უმაღლეს საბჭოში კი ადგილი არ ჰქონდათ. როდესაც მიხეილ მახარაძე გახდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვკითხე რა მექნა აპარატურისთვის. მან მითხრა, რომ ჯერ მე მქონოდა და ადგილს მერე მოუნახავდნენ. ეს გაგრძელდა ოთხ თვეს. ამ პერიოდში აპარატურა უმაღლეს საბჭოში 15-ჯერ მივიტანე, დავამონტაჟე, შემდე ავალაგე და ისევ წავიღე. ამხელა აპარატურის რამდენჯერმე შეტანა და გამოტანა უმაღლეს საბჭოში, სადაც არის დაცვა, უსაფრთხოების სამსახური, ნებართვის გარეშე შესაძლებელია?!

ბრალდება კი სწორედ ამ აპარატურის მითვისება იყო.

  • გაქვთ იმის მტკიცებულება, რომ ნამდვილად მიიტანეთ აპარატურა?

საქმეში დევს „მითვისებული“ ტექნიკის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც თეატრის ბუღალტერი და დირექტორი აწერენ ხელს.

  • ახლა რას ითხოვთ?

არაფერს, თავისუფლებას ვითხოვ.

  • თქვით, რომ გერმანიიდან იღებდით დაკვეთებს. ახლაც ახერხებთ უცხოეთში მუშაობას?

გერმანიიდან 15-დღიანი მონტაჟის დაკვეთები მქონდა, ეს ყველაზე კომფორტული საქმე იყო. ერთი წლის წინ ისევ მივიღე იგივე დაკვეთა, მაგრამ არ გამიშვეს. ელჩს ვუთხარი გასასამართლებელი რომ ვიყავი. საელჩომ იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია. წარმოუდგენელია, მაგრამ იქედან მიწერეს, რომ მე პროკურატურასთან ქონებრივი პრეტენზია მაქვს.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტის ორი მხარე

თამარ, აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, შეძლებს მაუწყებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას?

კარგი ფაქტია, როცა ვიღაცას გაახსენდა, რომ სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, კარგია, რომ ვიღაც ზრუნავს მისი სტატუსის შეცვლაზე. მაგრამ ამ კანონპროექტში ერთი მნიშვნელოვანი რამ არ ჩანს: ტელევიზიის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის უფლებამოსილებები არ არის კარგად განსაზღვრული და საერთოდ არ არის განსაზღვრული უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმები. მესმის, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამავალი დებულება, მაგრამ ამ ფორმით მისი მიღება, ალბათ, რთული იქნება.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია აღებულია მაუწყებლობის შესახებ კანონიდან. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ მაუწყებლის ფორმირების ეს პრინციპები მიუღებელია და პროფესიული წრეები მუშაობენ მის შეცვლაზე. მაგალითად, კანდიდატების დასახელების უფლება უნდა ჰქონდეს ყველას, მაგრამ პრეზიდენტი არ უნდა არჩევდეს დასახელებულ კანდიდატთაგან სამს, ეს პარლამენტის პრეროგატივა უნდა იყოს. აჭარის ტელერადიო დეპარტამენტთან დაკავშირებითაც იგივე მოდელია შერჩეული – მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ვინ წარუდგინოს აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად. 

თქვენი აზრით, ვინ უნდა წარადგინოს კანდიდატები?

ეს შეიძლება უმაღლესი საბჭოს ფუნქცია იყოს… თუ ამ პროექტს საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნონ, რომ ეს არის დროებითი მოქმედების წესი და არა საკითხის კონცეპტუალური გადაწყვეტა.

 

თქვენ, როგორც იურისტი, ამ კანონში რას შეცვლიდით?

უკვე მომზადებული პროექტი იმ მოდელის შესაბამისია, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი პირების დამოუკიდებლობას. ისინი დამოკიდებულნი არიან იმათზე, ვინც მათ ირჩევს. შესაბამისად, მოდელის განმეორება მაშინ, როცა შეგვიძლია კარგი მოდელი გავაკეთოთ, პროგრესული გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს. მაგრამ გარდამავალ ეტაპზე, როცა, მაგალითად, აჭარის მთავრობას ბიუჯეტი აქვს შესამუშავებელი და არ სურს ჰქონდეს სახელმწიფო ტელევიზია, ეს კარგია. ოღონდ მის ამ სურვილის გათვალისწინება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე.

 

ახალი და კარგი მოდელი რა არის?

რა პრობლემები არსებობს დღევანდელ საზოგადოებრივ მაუწყებელში? – მაუწყებლის საბჭოსა თუ დირექტორის არჩევის წესი ხარვეზებს შეიცავს. უფრო მეტად სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესშია ხარვეზები, რადგან პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული, ვინ იქნება საბჭოში. ამ კანონით მაღალი იმუნიტეტი აქვს საბჭოს, ხოლო გენერალური დირექტორი აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა საზოგადოებისა და პარლამენტის წინაშეც კი – გენერალური დირექტორი ხელშეკრულებით და კანონით მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობის მაღალი გარანტიები, მაგრამ ეს გარანტიები საკანონმდებლო უპასუხისმგებლობაში არ უნდა გადადიოდეს. დღეს სწორედ ამ ფარგლებში ვართ – თუ გენერალური დირექტორი სათანადოდ ვერ ასრულებს მოვალეობას და სამეურვეო საბჭო თვალს ხუჭავს ამაზე, დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენება გარედან შეუძლებელია, თუ, ვთქვათ, სისხლის სამართლის დანაშაული არ დამტკიცდა. საზოგადოებამ რომც დაამტკიცოს, რომ გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია, მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა სამეურვეო საბჭოზეა დამოკიდებული. ეს არის ცუდი.

 

სამეურვეო საბჭო და დირექტორი აჭარის მაუწყებლის შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ინიშნებიან ერთი წლის ვადით. ამ პირობებში რამდენად ქმედით ორგანოს მივიღებთ?

ასე, ალბათ, სწორედ იმიტომ არის, რომ ეს ყველაფერი დროებითია. თუმცა მისი დაფინანსების წყაროც ზუსტად ისეთივეა, როგორიც საზოგადოებრივ მაუწყებელში – პირდაპირ არის ბიუჯეტზე მიბმული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დამოუკიდებლობას მარტო ფორმირების წესი არ უზრუნველყოფს, მას განსაზღვრავს ფინანსები. დამოუკიდებელი ტელევიზიის შექმნისათვის სამართლებრივი ნორმები არ არის საკმარისი.

 

დაფინანსების რა მეთოდით შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების მიცემა?

საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება არსებობდეს მოქალაქეების გადახდილი საშემოსავლო გადასახადის წილიდან, მაგრამ, თავის დროზე, როდესაც ამაზე მიდიოდა მსჯელობა, ითქვა, რომ ეს გაუზრდიდა საშემოსავლო გადასახადებს მოქალაქეებს, რაც გამოიწვევდა უკმაყოფილებას, ამიტომაც შემოიღეს დაფინანსების დროებითი წესი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ საკითხზე მსჯელობა არ მიდის. საშემოსავლო გადასახადებიდან დაფინანსების მუხლის სრულყოფილად ამოქმედებამდე საქართველოს მაუწყებელს ბიუჯეტი 0,13 პროცენტით აფინანსებს.

 

ესაუბრა ეთერ თურაძე

„ჩამორჩენილი“ და „დაუფასებელი“ სამინისტროს ახალი, მდიდარი მინისტრი

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ბიზნესიდან მოვიდა და მინისტრად დანიშვნიდან 10 დღეში ბიზნესი უნდა გაესხვისებინა. ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა – წლიური მოგება 100 000 ათასზე მეტ დოლარს შეადგენდა.

 

ზაურ ფუტკარაძე, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ევროპის ქვეყნებშიც ეწეოდა, ოფიციალურად ფლობდა შპს „ფერმერთა სახლის“ 50 პროცენტს და კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „საბატას“ 30 პროცენტს. მინისტრი ირწმუნება, რომ ორივე წილი უკვე გაასხვისა, პარტნიორებს დაუთმო: „რამდენად გავყიდე, ამას არ გეტყვით“, – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

ბიზნესიდან მოსული მინისტრის შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთი ლონდონშია, მეორე – პოლონეთში. არც ერთ მათგანს მინისტრი მამის დახმარება აღარ სჭირდება, ორივე მუშაობს და საკუთარი სოლიდური შემოსავალი აქვს. 

 

კერძო კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს მინისტრის მეუღლეც.

 

ზაურ ფუტკარაძეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კავშირი მანამდეც ჰქონდა, ვიდრე მინისტრი გახდებოდა.

 

2005-2008 წლებში მის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა. მთავრობის დაფინანსებით მინისტრის მიერ დაფუძნებული კომპანია ამერიკულ პეპელას ებრძოდა, თუმცა ამბობს,რომ ამას იძულებით აკეთებდა. კითხვაზე: ვინ აიძულებდა? პასუხობს, რომ შესაბამისი სამსახურები,  „ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემზეც მოქმედებდა, როცა ვხედავდი მცენარეზე ფოთოლი აღარ იყო, ვალდებულებასაც ვგრძნობდი“.

 

ჯამში ბიუჯეტიდან მიღებული თანხა 300 000 ლარს შეადგენდა.

 

წარსულზე, ბიზნესსა და მთავრობაზე საუბარი არ მოსწონს მოტივით – „ჩემი წარსული აქ მოსვლამდე იყო სუფთა, ნათელი“ – ამბობს ის.

 

მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მედიის მიმართ კეთილგანწყობილია, მაგრამ როცა ჟურნალისტი ღია ეთერში უსვამს კითხვას – „რატომ დაგეხმარათ ლევან ვარშალომიძე კრედო “ბანკიდან სესხის მიღებაში“, ფიქრობს, რომ ჟურნალისტს „შოუს შექმნის“ ან მისი დისკრედიტაციის მიზანი აქვს. „როცა წარმატებული ბიზნესია და არსებობს ბიზნესგეგმა, ბანკის ინტერესია გასცეს სესხი. მე პროკრედიტ ბანკიდანაც ამიღია 150 000 დოლარი სესხად, რად მინდოდა ლევან ვარშალომიძის შუამდგომლობა“.

 

ენდობა თუ არა მინისტრი მედიას, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ „ბათუმელებისა“ და მინისტრის ამ ინტერვიუს მისი თანაშემწე, პარალელურად თავიდან ბოლომდე იწერდა. 

 

სამინისტრო, რომელსაც ახლა წარმოადგენს ზაურ ფუტკარაძე, მიაჩნია, რომ ჩამორჩენილი იყო. „არა იმიტომ, რომ აქ არაპროფესიონალები მუშაობდნენ, იმიტომ, რომ ბიუჯეტი დაბალი ჰქონდათ. 3 მილიონად სოფლის მეურნეობას ვერ ამოქოქავ“ – ამბობს ის.

 

მისი მინისტრობის პერიოდში ვარაუდობს, რომ მიზნობრივი პროგრამების ოდენობა 2-დან 10-მდე გაიზრდება, ბიუჯეტი კი 3 მილიონის ნაცვლად 12 მილიონს მიაღწევს.

ამბიციური გეგმების განხორციელება ახალმა მინისტრმა საკადრო პოლიტიკით დაიწყო. შეცვალა მინისტრის ოთხივე მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი.

 

ამბობს, რომ უხერხულობას არ გრძნობს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე, სულიკო ბერიძე, ბოლოს მის კომპანიაში მუშაობდა. სულიკო ბერიძე სამინისტროში მეცხოველეობის დარგს უხელმძღვანელებს, მინისტრიც და მოადგილეც სამინისტროში თითქმის ერთდროულად მოვიდნენ. „დღეის მონაცემებით აჭარაში გვყავს ორი მეცნიერებათა დოქტორი მეცხოველეობის დარგში, ვაჟა იაკობაძე, რომელიც 70 წელსაა გადაცილებული და სულიკო ბერიძე“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე. 

 

საკადრო ცვლილებებს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ თანამშრომლებს მონდომება და საქმის სიყვარული ვერ შეამჩნია.

 

თანამშრომელთა დათხოვნის შემთხვევაში არჩევანი დიდი აქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დაწყების მსურველთა რაოდენობა უკვე 400 აღწევს.

 

მინისტრის მოსაცდელში რიგი დგას. უმრავლესობას მინისტრთან შეხვედრა და მისი მონახულება სურს.

 

ახალ მინისტრს მომავლის ასეთი გეგმები აქვს: სამინისტრო აპირებს აღადგინოს ჩაის პლანტაციები და „აბიბინებულ ჩაის რომ დაინახავს ინვესტორი, 1 ლარს კი არა 100-ს და მეტს გადაიხდის. ადრე ერთ ლარად გასხვისდა ჩაის პლანტაცია და ახლა მოვიწვიეთ ინვესტორის წარმომადგენელი. რაც უნდა ყოფილიყო გაკეთებული, საერთოდ არაფერი შესრულებულა. კიდევ ერთ ინვესტორს შევხვდით და ვუთხარით, რომ  ალტერნატიულ სახელმწიფო მინიფაბრიკებს შევქმნით, რომ თქვენ არ მოახდინოთ მონოპოლიზება. ინვესტორმა გვითხრა, რომ მას  ჩაი თურქეთიდან შემოაქვს და თქვა, რომ თუ ადგილზე იქნება, ის მზად არის, მოკრეფილ ჩაიში 80 თეთრი ან ლარი გადაიხადოს. 80 თეთრს რომ მიიღებს მოკრეფილ ჩაიში, ოჯახი ამოისუნთქავს“ – ამბობს მინისტრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო ფაბრიკები სულაც არ ნიშნავს სოციალიზმის დაბრუნებას, „თუმცა სოციალიზმის ელემენტებს თუ სწორედ გამოიყენებ, არ არის ცუდი, ჩინეთის ეკონომიკა ძალიან წარმატებულია, ამერიკული ფერმერული მეურნეობიდანაც შეიძლება რამდენიმე დეტალის გადმოტანა“.

 

ზაურ ფუტკარაძე დარწმუნებულია, რომ კურსი, რომელიც სოფლის მეურნეობაში აქვს არჩეული, შედეგს მოიტანს. დაკმაყოფილდება ადგილობრივი ბაზარი და მყარი ვალუტა საზღვარგარეთ აღარ გავა კიტრისთვის, პომიდვრისა და გაყინული ქათმისთვის.

 

კიდევ ერთი მიზნობრივი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მინისტრი გეგმავს, მცენარეთა ნერგების დარიგებას ითვალისწინებს თანადაფინანსების პრინციპით, „თუ ჩვეულებრივი პომიდორი ისხამს 3 კილოგრამს, ამ შემთხვევაში მოისხამს 10-12 კილოგრამს. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ოჯახი, ვინც სოფელში ცხოვრობს. ამით ბოსტნეულის იმპორტი ოცდაათი პროცენტით შემცირდება“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

მინისტრს, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს კულტურის დაბრუნებაზე. იგი მოსახლეობას კაკლის ახალ ჯიშს შესთავაზებს, რომელიც ნაყოფს ორ წელში იძლევა და მისი გატეხა ხელითაც შეიძლება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა კვლევის შედეგს ნახავს იმის შესახებ, რომელი უფრო მომგებიანი იქნება, კაკალი თუ წებოვანი თამბაქო. კაკალი,  ჩაის „აბიბინებული პლანტაციაც“ და მსხმოიარე პომიდორიც მომავლის გეგმებია. სამინისტროს ახალ შემადგენლობას პირველი გამოცდის ჩაბარება ნარინჯისფერ რთველზე მოუწევს. აჭარაში მანდარინის კრეფა უკვე დაიწყეს. პრობლემა გასაღების ბაზარია.

ვახო წულაძე აჭარის პირველი გარემოსდამცველი გახდა

„…ძილის მდგომარეობაში მყოფი სამმართველოდან უნდა გადავიქცეთ აქტიურ ორგანოდ, მინდა გითხრათ, რომ ექვსი თვე ვერ დავიძინებთ და მეც თქვენთან ერთად ვიქნები“ –  ამ სიტყვებით დაიწყო თანამშრომლებთან ურთიერთობა გარემოს დაცვის სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა. სამმართველოს თანამშრომლებს მისი შეფასება არ გაუპროტესტებით, დუმილით უპასუხეს მოსალოდნელი ექვსთვიანი უძილობის შესახებ შეტყობინებასაც.  

 

 

პირველ რიგში გასაკეთებელ საქმეთა ჩამონათვალში, სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა დონორი ორგანიზაციების მოძიება და სტრუქტურული ცვლილებები დაასახელა. ახალ ხელმძღვანელს  სამუშაო მაგიდაზე წინამორბედისგან  სამმართველოს დოკუმენტები, სამუშაო მაგიდასთან კედელზე კი მიხეილ სააკაშვილის ფოტო დახვდა.   

 

სამმართველოს უფროსის თანამდებობა ვაკანტურია გასული პარასკევიდან, მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელმძღვანელმა ოლეგ ბოლქვაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

 

 წინამორბედისგან განსხვავებით ვახო წულაძეს გარემოს დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის არაერთი საერთაშორისო გარემოს დაცვითი პროექტის კოორდინატორი, მათ შორის ბუნების დაცვითი მსოფლიო ფონდის (WWF) მტირალას ეროვნული პარკის კოორდინატორი და UNDP -ის  კონსულტანტი იყო აგროეკოლოგიისა და ეკონომიკის დარგში. ბოლო პერიოდში კი ის ბათუმის ბულვარის მარკეტინგულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.   

 

რატომ დააწინაურეს აჭარის ყოფილი პროკურორი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ პროკურატურა აღარ გააგრძელებდა თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, ვინც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროკურატურაში პოლიტიკას ატარებდა.

 

გოჩა ფარულავა, რომელიც აჭარის პროკურატურის პირველი პირი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს. მისი პროკურორობის პერიოდში აჭარის პროკურატურის ყველა შუამდგომლობასა თუ მოთხოვნას აკმაყოფილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლო. ახალი ხელისუფლება კი პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად განიხილავდა.

 

გოჩა ფარულავას პროკურორად მუშაობის პერიოდში, 2011 წლის 21 მაისს, სამართალდამცავებმა ჯერ დაარბიეს აქცია ბათუმში, შემდეგ კი ნაცემი მოქალაქეები დააკავეს და შვიდიდან თერთმეტწლამდე დაპატიმრებას უპირებდნენ. ეს დაკავება არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ხოლო დაკავებულებს უწოდეს პოლიტპატიმრები.

 

თუკი ახლახან შექმნილი საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ 21 მაისს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებს, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს – მხოლოდ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, რომელიც ამ საქმეში სახელმწიფო ბრალმდებელი იყო, თუ მის შეფსაც?

 

„ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას, პირადად გოჩა ფარულავას, განცხადებით მიმართა და სთხოვა, გამოეძიებინა გაზეთის რედაქტორის მიმართ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. აჭარის პროკურატურამ, გოჩა ფარულავას ხელმძღვანელობით, რა ძალისხმევა გაიღო ამ დანაშაულის გამოძიებისთვის, უცნობია.

 

„ბათუმელებმა“ ორწლიანი ძიების შემდეგ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც აშანტაჟებდა ჟურნალისტს. რედაქციამ ეს ამბავიც პროკურატურას შეატყობინა. გოჩა ფარულავასადმი გაგზავნილ წერილში მითითებული იყო დავით დევნოზაშვილის, ანუ იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებას, ასევე მისი საცხოვრებელი მისამართი და სხვა მონაცემები.

 

არც ამ შემთხვევაში ჩაუთვლია თავი ვალდებულად გოჩა ფარულავას უწყებას, თუნდაც დაკითხვის გზით დაედგინა, რა იყო დავით დევნოზაშვილის როლი ამ სკანდალურ საქმეში. ყოველ შემთხვევაში, უწყებას, რომელსაც გოჩა ფარულავა ხელმძღვანელობდა, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

რატომ გადაწყვიტა ახალმა მთავრობამ გოჩა ფარულავას დაწინაურება? თუ გადაამოწმეს გოჩა ფარულავას საპროკურორო რეგიონში რეზონანსული საქმეების გამოძიება როგორ მთავრდებოდა? ატარებდა თუ არა აჭარის პროკურატურა იმავე პოლიტიკას, რასაც მთავარი პროკურატურა? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა.

 

უწყების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ჩიჩუას განმარტებით, „ბათუმელებს“ შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც შეისწავლის თედო ჯორბენაძის საქმის ეპიზოდში, გოჩა ფარულავას დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი.“

შსს: დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში

გამოიძიებენ თუ არა 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევას, სადაც ხელისუფლებაში დღეს მოსულ პოლიტიკოსთაგან არც ერთი პირადად არ დაზარალებულა? – ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ ფაქტს აუცილებლად გამოიძიებენ. თუმცა, არავითარ განმარტებას არ აკეთებენ იმასთან დაკავშირებით, 8 ნოემბრის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით ბედია, რა დამსახურებისთვის დანიშნეს საქართველოს კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

 

რამდენად შესაძლებელია 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის სტუდენტების დარბევის ფაქტის გამოძიება იმ პირობებში, როდესაც ამ დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი სამართალდამცავ სტრუქტურაში მაღალი თანამდებობის პირი იქნება?

 

გამოიძიებენ თუ არა 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას? – ახალ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აუცილებლად. დიდი ალბათობით ეს გამოძიება შეიძლება ჩატარდეს. მაგრამ გამოიძიებენ თუ არა 2007 წლის 8 ნოემბრის საღამოს „ტელეარხ 25“-ში დავით ბედიას, მისი ნიღბიანების მისვლას და მათი ძალისხმევით არხის რამდენიმე კვირით გათიშვას?

 

დავით ბედია გასულ კვირასაც კი იმას აცხადებდა, რომ 2007 წელს ის პრეზიდენტის განკარგულებას და კანონს იცავდა. თუმცა, არც პრეზიდენტის განკარგულება და არც კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ, არ ითვალისწინებს ნიღბიანი პირების შესვლას ტელევიზიაში, თუ ტელევიზია თავად აპირებს მაუწყებლობის შეწყვეტას. ტელევიზიას დავით ბედიას ინიციატივის გარეშეც, ავტომატურ რეჟიმში, უნდა შეეწყვიტა მაუწყებლობა. და თუ ამას არ გააკეთებდა, მაშინ თავად დაარღვევდა კანონს.

 

შს სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბედიას დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამ სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის კომენტარი კი ასეთია: „მე რომ გადავხედე წინა მასალებს, ამ ადამიანთან თქვენ გქონიათ კონტაქტი და პასუხიც გაუცია. მე რა უნდა გამერკვია, ისედაც გარკვეული ყოფილა ყველაფერი. სამინისტროს პოზიცია რა უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით? – ეს ადამიანი მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში“.

 

რეგიონის პოლიტიკოსების ერთი ნაწილი დავით ბედიას დანიშვნას იმ მიზეზით არ აფასებს, რომ „ეს საკითხი მათ უფლებამოსილებას სცილდება“. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე კი, რომელიც ნოემბრის დარბევის დროს თბილისში, აქციაზე იმყოფებოდა, ამბობს: „ბედია, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს კრიმინალური პოლიციის უფროსი, რადგან 8 ნოემბერს დარბევის დროს ის უნივერსიტეტთან იდგა. იძლეოდა თუ არ იძლეოდა ბრძანებას, ეს ნაკლებად მაინტერესებს. დარბევის დროს ის იქ იდგა, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ის თანამონაწილეა დარბევის და ის კრიმინალური პოლიციის უფროსი არ უნდა იყოს“.

 

ბათუმელთა კაპიტანი პრობლემებსა და პერსპექტივებზე

ლაშა, თქვენი გუნდი საკმაოდ ახალგაზრდაა და გამოუცდელი სხვებთან შედარებით, მიუხედავად ამისა, მოტივაცია არ გაკლიათ, მაგრამ ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გამარჯვება სასურველი შედეგი ნამდვილად არ არის

 – გეთანხმებით, ცუდი შედეგია, მაგრამ ამას ახსნაც აქვს. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში თამაშის სათანადო გამოცდილება ჯერ მიღებული არ აქვს, ცოტა შეთამაშებაც გვჭირდება.

გასავარდნ ზონასთან ახლოს იყავით, თუმცა მას თავი დააღწიეთ. რა მიზნები აქვს ბათუმირსუ წლევანდელ სეზონში?

 – სუპერლიგაში ოთხი ისეთი გუნდია, რომლებსაც კონკურენციას ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გავუწევთ, თუმცა გვაქვს კარგი შანსი, რომ პლეი-ოფში ანუ რვა საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდეთ და სულ ყველაზე ცოტა, მეშვიდე ადგილისთვის ვიბრძოლოთ.

მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაგაკმაყოფილებთ?

 – რა თქმა უნდა არა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტს ვერ შევძლებთ. როგორც იცით, ჩვენ ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ვართ და მისი ბიუჯეტით ვფინანსდებით, ეს კი საკმარისი ნამდვილად არაა გამოცდილი კალათბურთელების შესაძენად და გუნდის გასაძლიერებლად. თუმცა უკვე არის საუბარი, რომ მომავალი წლიდან ჩვენი დაფინანსება გაიზრდება და იმედია, გამოცდილი კალათბურთელებითაც გავძლიერდებით.

დაფინანსების პრობლემა ახსენეეს ხელფასებსაც ხომ არ ეხება?

 – არა, ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და ხელფასი ყოველთვიურად დროულად გვერიცხება. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ კლუბს, რომელსაც მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა, სათანადო დაფინანსებაც უნდა ჰქონდეს, რათა შემადგენლობის გაძლიერება შეძლოს. ამ ეტაპზე მაგ სიამოვნებას მოკლებულნი ვართ.

არის საშიშროება, რომ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდეთ და უმაღლეს ლიგას დაემშვიდობოთ?

 – არა მგონია ასე მოხდეს. გუნდი მოტივირებულია და არის თამაშები, რომლებიც მოსაგებია და მოვიგებთ კიდეც. „ბათუმი-რსუ“ არა მარტო დარჩება უმაღლეს ლიგაში, არამედ პლეი-ოფშიც მოხვდება, ჩვენ შეგვწევს ამის ძალა.

როგორც ვიცი, ბავშვებსაც ავარჯიშებ, როგორი თაობა მოდის?

 – კი, მწვრთნელი ვარ და 2000-2001 წლებში დაბადებულ ბავშვებს ვავარჯიშებ. თუმცა, ამ ასაკში ძნელია გამოარჩიო ისეთები, რომლებიც სამომავლოდ დადებით თვისებებს შეინარჩუნებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც უკვე ეტყობათ, რომ მაღალ დონეზე შეძლებენ თამაშს.

ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს ათი საკითხი ჩაუგდო

დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი 19 საკითხიდან ოპოზიციამ ათი საკითხი ჩააგდო. საკითხების დღის წესრიგიდან ამოღების ინიციატივით, ფრაქცია „მაჟორიტარის“ წევრი, გენო თებიძე გამოვიდა. თუმცა არც სხდომაზე და არც ჟურნალისტებთან მას არ განუმარტავს, თუ რატომ დააყენა აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღება. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, მათი პროტესტი მერიის მხრიდან საშტატო ერთეულის გაზრდას უკავშირდება.

საკრებულოს წევრთა განცხადებით, ამ ცვლილებებით უნდა გაზრდილიყო ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულები, ცამეტ ერთეულს დაემატებოდა ორი. ასევე უნდა განხილულიყო შტატების დამატების საკითხი მერიის ადმინისტრაციის სამსახურში, ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილებაში, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში და არქიტექტურის სამსახურში.

საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულომ აღნიშნული საკითხების ჩავარდნით მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, „რადგან საკრებულომ დაიწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.  მერიას ახალი შტატები „ნაცმოძრაობას“ იმ წევრების დასაქმებისთვის სჭირდება, რომელიც დეპუტატები ვერ გახდნენ“.

საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი კირთაძის განცხადებით კი, ოპოზიციის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური: „პირველი შემთხვევა არ იყო, როცა საკითხების ამოღება ხდება დღის წესრიგიდან, მაგრამ ამდენი საკითხი აქამდე არ  ამოღებულა, ვფიქრობ, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან როგორც კომისიის, ასევე ბიუროს სხდომებზე დეტალურად გვქონდა ეს საკითხები განხილული, ვფიქრობ ახალ მერს უნდა მიეცეს საშუალება თავისი შეხედულებებისამებრ დაგეგმოს მერიის მომავალი საქმიანობა, არანაირად ეს არ უკავშირდებოდა შტატების გაზრდას, არც სახელფასო ფონდის გაზრდას, რადგან ერთსაც და მეორესაც სჭირდება საბიუჯეტო ცვლილება, მაშინ ბიუჯეტში ცვლილებაც უნდა წარმოგვედგინა“.

გიორგი კირთაძის განცხადებას, ირაკლი ჩავლეიშვილი ასე პასუხობს: „სწორედ მათი მხრიდან იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ქალაქის მთავარი არქიტექტორის პოსტზე. როდესაც ჩვენ შევთავაზეთ გია რამიშვილის კანდიდატურა, გვითხრეს, რომ განიხილავდნენ, მაგრამ ახლა აპირებენ მთავარი არქიტექტორისა და არქიტექტურის სამსახურის გაერთიანებას. ამ სამსახურის უფროსი არის იურისტი, მთავარი არქიტექტორი კი იურისტი ვერ იქნება“.

საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ქალაქის მერი აღნიშნულ საკითხებს მომდევნო სხდომაზე მაინც გამოიტანს, „თუ ისევ არ დაუჭერენ მხარს, დარჩება მერია ისეთი, როგორიც არის“.

ფინალისტები და მედალოსანი

იუვენალეთა (პატარები) შორის ბათუმელებმა ნიკა მუჯირმა და მეგი ხალვაშმა როგორც ლათინურ, ასევე ევროპულ ცეკვებში მესამე ადგილი დაიკავეს. ფინალისტთა (ექვსი საუკეთესო) შორის მოხვდნენ ამირან ბახტაძისა და ქრისტინე მალაყმაძის (ახალგაზრდები) და გოგა სარანტიდისა და ლიზი პაპუნიძის წყვილები. დეკემბრის დასაწყისში კი უკვე ბათუმი უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ცეკვებში „ბათუმი ოუფენ“, რომელიც ტრადიციულია და მერვედ ტარდება. შეჯიბრი ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის მოცეკვავეებს შორის გაიმართება.

 

 

 

14 მედალი 13 წონაში

აჭარის ნაკრების ფალავნებმა 5 პირველი, 5 მეორე და 4 მესამე ადგილი დაიკავეს.

ტურნირის ჩემპიონები გახდნენ: დავით ფუტკარაძე (32), გია ირემაძე (35), ლერი აბულაძე (42), ნიკა ხილაძე (47), გიორგი შავაძე (73).

მეორე ადგილზე გავიდნენ: ნიკა არძენაძე (29), ოთარ აბულაძე (35), ირაკლი აბულაძე (38), ადამ ბერიძე (47), ლევან გოგუა (66).

მესამე ადგილი დაიკავეს: გუგა შეშელიძემ და ლაშა ფუტკარაძემ (ორივე 32 კგ.), სარდიონ ქუნთელიამ და ჯუმბერ ლომიძემ (ორივე 85 კგ.)

“ბათუმი” ჩემპიონია

ირაკლი დარცმელიძე

 

ბათუმში დასრულდა სპორტული სკოლის ღია პირველობა ფრენბურთში 1997-1998 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, რომელშიც თბილისის, ბათუმის, სამტრედიისა და ქუთაისის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრი წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონის ტიტული ბათუმელმა გოგონებმა მოიპოვეს, რომლებმაც გადამწყვეტ მატჩში სამტრედიელები დაამარცხეს, მესამე ადგილზე თბილისის გუნდი გავიდა.

 

ორი ბრინჯაო ერევნიდან

ირაკლი დარცმელიძე

 

სომხეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, რუდოლფ კარაპეტიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ მეოთხე, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში კადეტთა შორის, აჭარის ნაკრებმა (მწვრთნელი _ მარად არძენაძე) ორი მედალი მოიპოვა. მესამე ადგილზე გავიდნენ ჯონი დიასამიძე (46) და კახა ფუტკარაძე (63). ქართველთა გარდა ტურნირზე ირანის, დაღესტნისა და სომხეთის კადეტთა ნაკრების ფალავნებიც მონაწილეობდნენ.

 

ვინ მიიღებს კომპენსაციას ეკლესიის გარდა


ბატონო დავით, როგორც ვიცით მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მილიონი ლარით ფინანსდება, რამდენიმე დღის წინ კი მას სახელმწიფომ დამატებით ორი მილიონი ლარი მისცა. რამდენია საკომპენსაციო თანხა, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას უნდა გადაუხადოს და ამ თანხაში შედის თუ არა მიწები ან სხვა უძრავი ქონება? 

 

ეს არ არის ეკლესიის დაფინანსების საუკეთესო ფორმა, მაგრამ ეს გვერგო მემკვიდრეობით. სანამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამ დაფინანსების ეს ფორმა გაგრძელდება. რაკი საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით აღიარებულია 1930-1990 წლებში რეპრესირებულ ინსტიტუტად, რომელსაც ჩამოართვეს ქონება და ეს ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით. თუმცა, უპრიანი იქნება, რომ მომავალში ეკლესია არ ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან, რაც ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. საბიუჯეტო თანხები ჩვეულებრივ ექვემდებარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან კონტროლს, მაგრამ ეკლესიაზე მიცემული თანხის კონტროლს სახელმწიფო არ ახორციელებს. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, რომ ეკლესია ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული. ამ ეპატზე დაფინანსების ფორმად მიგვაჩნია რეპრესირებული ინსტიტუტისთვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაციის გადახდის ფორმა უნდა იყოს მიყენებული ზარალის ყოველწლიურად, ნაწილ-ნაწილ გადახდით. მე მაქვს იდეა და `რესპუბლიკელები~ ვამუშავებთ შესაბამის კანონპროექტს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში დაიწყება ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის პროცესი.  


ვინ დაითვალა კომპენსაციის ოდენობა, საერთოდ განხორციელდა კი ამ ზარალის დათვლა და შეფასება?

აი ეს სწორედ რომ არ ვიცით. ეს პროცესი უნდა დაიძრას და შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის. ერთობლივად ამის დაანგარიშება, ალბათ, გაჭირდება, ამას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ კანონის ინიცირებას, რომლითაც განსაზღვრული იქნება ის სტრუქტურები, რომლებმაც უნდა დაითვალონ ეს თანხა.  

 

თუკი არ ვიცით კომპენსაციის ოდენობა და ისე იხდის ბიუჯეტი ამ თანხას, ხომ არ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს იმაზე მეტი ექნება გადახდილი, ვიდრე ეს დაანგარიშების შემდეგ დადგინდება? 

კანონს უკუქცევის ძალა ვერ მიეცემა, მაგრამ ამასთანავე, რაც გადაცემულია არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ქონების სახით, ეს მოაკლდება საკომპენსაციო თანხას.

 

განიხილება თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიების კომპენსაციის საკითხი, მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ რეპრესირებული მხარეა?

რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომპენსაციაზე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით არ ვსაუბრობთ. საბჭოთა პერიოდში დაზარალდნენ კათოლიკებიც, გრეგორიანელებიც და სხვა კონფესიებიც. 

 

მათაც ფინანსურად აუნაზღაურდებათ ზარალი თუ უძრავი ქონების სახითაც? 

ამაზე ძნელია ჯერ საუბარი, ეს პროცედურები არის გასავლელი, მთავარია პრინციპი, რომ რეპრესირებული ინსტიტუტები აღიარებული უნდა იყოს. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებულია, სხვებთან ეს პროცესები გასავლელია. თუ ეს საკითხი კანონად იქცევა, სხვებსაც იმავე პრინციპით დაუბრუნდებათ ვალი. ამოიწურება ეს ვალი და განხორციელდება მთავარი პრინციპი _ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან სრულად გაიმიჯნება. ეკლესია უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფოს არა მარტო პირდაპირი თუ ირიბი წნეხისგან, არამედ პოლიტიკისგანაც.

 

გადაიხედება თუ არა იმ რეპრესირებული ოჯახების თუ კონკრეტული პირების საკითხი, ვისაც სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 200 ლარი შესთავაზა. ამ პირების დიდმა ნაწილმა, საერთოდ შეწყვიტა დოკუმენტაციის შეგროვებაც კი, რადგან მიიჩნიეს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არაადეკვატური და არასამართლიანია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ეკლესიას კომპენსაციის სახით სოლიდური დაფინანსება ეძლევა.  

მე მაქვს მორალური პასუხისმგებლობა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ, რადგან მე თავად ვარ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. მაგრამ აქ ჩემი პერსონალური საკითხი არ დგას, რადგან ვსაქმიანობ და მაქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი, მაგრამ მაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები. 1997 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ამ კანონის ინიციატორი და მაშინ ეამაყებოდა ის, რაც ამ კანონის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო პატივს მიაგებს რეპრესირებულ ადამიანებს, მათ, ვინც წვლილი შეიტანა საბჭოთა რეჟიმის დაძლევაში. პირველ წლებში რეპრესირებულთა პენსია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, 45 ლარი იყო მაშინ, როცა ასაკობრივი პენსია იყო 14 ლარი. მაგრამ, შემდეგ ასაკობრივი პენსიის ზრდას არ მოყოლია რეპრესირებულთა პენსიის ზრდა. 2005 წელს კი პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საერთოდ არ გამიჯნა ასაკობრივი და რეპრესირებულთა პენსია. ამიტომ ამოცანაა ის, რომ ადამიანმა ასაკობრივი პენსია აიღოს ცალკე და რეპრესირებულთა პენსია ცალკე, მიუხედავად იმისა, საპენსიო ასაკის არის თუ არა იგი. ეს, რა თქმა უნდა, ამ წლის ბიუჯეტში არ მოხერხდება, მაგრამ ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება.

 

რაც შეეხება ერთჯერად კომპენსაციას, რომლის გაცემასაც გეგმავდა წინა ხელისუფლება, ამაზე რას ფიქრობთ? 

სტრასბურგში კილაძეების საქმის მოგების შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის პროცესი. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ზომიერი კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მაქსიმალური თანხა, რაც შეეძლო მიეღო რეპრესირებულ პირს, იყო ათი ათასი ლარი. თუ საია გააქტიურებს ამ თემას და შემოიტანს პარლამენტში განსახილველად, ჩემი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ მიდგომას და მოსამართლე აღარ გადაწყვეტს კომპენსაციის ოდენობის საკითხს. 

 

ესაუბრა ლელა დუმბაძე

დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია გაოგნებულია საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, უშანგი ყურაშვილის  მედია-კავშირ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, 2012 წლის 7 ნოემბერს გაკეთებული ყოვლად უპასუხისმგებლო, ფაქტების შეგნებულად დამახინჯების და სათავისოდ ინტერპრეტირების, სპორტული საზოგადოების და რიგითი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის გამო, რაც მისი მხრიდან რეპრესირებული კაცის ყალბი იმიჯის შემნის, ახალი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობის და საკუთარი თავის  რეაბილიტიაციის აშკარა მცდელობაა.

თავის დროზე უშანგი ყურაშვილის პრეზიდენტად არჩევას, მის დამაიმედებელ შეპირებებს, რომ ყველაფერს იღონებდა ქართული ჭიდაობის ასაღორძინებლად, მისთვის საკადრისი დიდების და ღირსების დასაბრუნებლად, ყველა აღფრთოვანებული შეხვდა. ბუნებრივია, მათ შორის იყვნენ აჭარის სპორტული წრეები, საზოგადოება, ჩვენი ფედერაცია. ამასთან დაკავშირებით,  აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ სპეციალური ფართიც კი დაუთმო უშანგი ყურაშვილის ინტევიუს ამონარიდს ეროვნული ფედერაციის გაზეთიდან ფედერაციის გაზეთ ,,ფალავანში,, მაგრამ, შემდგომმა მოვლენებმა, ყურაშვილის უტაქტო, ამბიციურმა და გაუაზრებელმა ქმედებებმა,  ჩვენც და ზოგადად, ქართული ჭიდაობის გულშემატკივართ, რომ იტყვიან ცივი წყალი გადაასხა…

ბატონი ყურაშვილი აშკარად ცრუობს, როცა აცხადებს, რომ ის, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობიდან საკუთარი ნებით გადადგა. სინამდვილე კი ბატონი უშანგის ამგვარი ფანტაზიის წისკვილზე საწინააღმდეგოდ ასხამს წყალს. კი არ გადადგა, გადავაყენეთ! ამის ერთ-ერთი საბაბი და იქნებ ძირითადიც კი, გახლდათ ის, რომ ნაცვლად მისი ბათუმში ჩამობრძანებისა, რათა საკუთარი თვალით ეხილა აჭარის ახალფეხადგმული ფედერაციის მიერ ორგანიზებული მასშტაბური,  რესპუბლიკური ღონისძიება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონი იღებდა მონაწილეობას, ის ემუქრებოდა გუნდების წარმოამდგენლებს, რომ არ ჩამოსულიყვნენ და მონაწილეობა არ მიეღოთ აღნიშნულ ღონისძიებაში, იმ მიზეზით, რომ ეს შეჯიბრება ტრადიციული, ქართული, ყველასთვის მისაღები  საჭიდაო ჩოხებით იმართებოდა, და არა, ბატონი უშანგის მიერ ,,ახლადგამოგონილი,, გრძელმკლავიანი ჩოხებით…რაც არ გაუვიდა! შეჯიბრება მაინც ჩატარდა! მანამდე, უშანგი ყურაშვილმა, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ნაცვლად ჩვენი სტიმულირებისა, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისა, ორიანი დაუწერა აჭარის ფედერაციას ბათუმის ცირკში, ორდღიანი, გრანდიოზული, რესპუბლიკური ღონისძიების ორგანიზების გამო, მხოლოდ იმ  მოტივით, რომ, საკმარისი მაყურებელი არ იყო (?!)  მაყურებელიც იყო, სპორტული განწყობაც და ორგანიზებაც, მხოლოდ, ბატონმა უშანგიმ არ დაინახა…ამან და შემდგომმა მოვლენებმა გვაიძულა ხმა ამოგვეღო ამგვარი ქმედებების შესაჩერებლად, რაც გამოვხატეთ არაერთ ბრიფინგზე, სატელევიზიო გამოსვლით, ჩვენი ინიციატივით მოწვეული ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, შეხვედრებით მაშინდელი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, რომ უშანგი ყურაშვილი დაუყონებლივ უნდა გადამდგარიყო! ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენს მოთხოვნას მხარი ეროვნული ფედერაციის ჯანსაღმა ნაწილმა და საქართველოს რეგიონებმაც დაუჭირა და უშანგი ყურაშვილი საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობამ უპირობოდ გადაყენა! ეს გახლავთ სინამდვილე, რასაც იქ დამსწრე საზოგადოებაც  დაგვიდასტურებს!

ბატონი ყურაშვილი სარისკოდ ცრუობს, როცა აცხადებს, რომ მან ათასები მიიტანა და დახარჯა ფედერაციის და ზოგადად, ქართული ჭიდაობის განვითარებისათვის. ელემენტარული მეხსიერება თუ არ დაუკაგავს ამგვარი განცხადების ავტორს, მას აუცილებლად ემახსოვრება თუ რა თანხები მიიტანა და სად დახარჯა! და ემახსოვრება ისიც, რომ  სხვადასხვა ღონისძიების საპრიზო ფონდის შეძენა ძირითადად ხორციელდებოდა მაღაზია ,,ჩემპიონში,,, რომელიც ბატონი უშანგის საკუთრებაა! ამგავრი დახმარება რარიგად წაადგა ფედერაციას და ქართული ჭიდაობის განვითარებას, ამის განსჯა, საზოგადოებისათვის მიგვინდვია!

უშანგი ყურაშვილის მეხსიერება არც ჩოხებს წყალობს, როცა აცხადებს, რომ მისეულ, გრძელმკლავებიან  ჩოხებს, მთელი საქართველო უჭერდა მხარს, გარდა თითო-ოროლა კაცისა, არადა ეს ყველაფერი პირიქით იყო და მისეული ჩოხების ფორმებს, მართლაცდა თითო-ოროლა კაცი უჭერდა მხარს და ისეთი ტიტულოვანი ადამიანები, როგორებიც, აწგანსვენებული, ქართული ჭიდაობის პატრიარქად აღიარებული სიმონ მაისურაძე, რვაგზის საქარველოს ფალავანი ალექსი დავითაშვილი, ცნობილი ფალავნები, მწვრთნელები, სახელოვანი მოჭიდავეები ტრადიცულ, ქართულ, მოკლემკლავებიან ჩოხებს უჭერდნენ და დღესაც, მას ანიჭებენ უპირატესობას!

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის იმჟამინდელი წევრები დაგვეთანხმებიან თუ როგორ, რა მეთოდებით განახორციელა ბატონმა უშანგიმ მათი იგნორირება, უფლებამოსილების შეზღუდვა და საქმიანობიდან ტექნიკურად ჩამოცილება! იგივე ქმედებებით, გააუქმა ფედერაციის მსაჯთა კოლეგია, რადიკალურად შეცვალა ქართული ჭიდაობის წესები და ასე შემდეგ… ამგვარმა გადაწყვეტილებებმა, ფედერაციის მიღმა დატოვა ისეთი პიროვნებები, რომლებმაც, მართლაც რომ საკუთარი სახსრებით, ჭაპანწყვეტით, დიდი შრომისა და გარჯის ფასად მოიტანეს ფედერაცია  გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე! გოგი ბიწკინაშვილის, თემურ წამალაშვილის, გურამ პეტრიაშვილის და სხვათა სახელების ჩამოთვლაც კმარა ამის საილუსტრაციოთ.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, მასშტაბურ ღონისძიებებს და შოუებს ვაწყობდიო, აცხადებს ბატონი უშანგი და ფანტაზია არც აქ ღალატობს. კი, ამგვარი რამოდენიმე ღონისძიება მართლაც მოეწყო, მაგრამ, არა ბატონი უშანგის ფინასებით და ძალისხმევით, არამედ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ქვეყნის მხარეების ადმინისტრაციების სახსრებით.

სასაცილო მდგომარეობაში იგდებს თავს ბატონი ექს-პრეზიდენტი როცა წუწუნებს, რომ მტრები მყავდა როგორც ფედერაციაში, ისე ხელისუფლებაშიო (?!)…კი, ყავდა მტრები, უფრო ზუსტად მტერი და ეს მტერი თავად უშანგი ყურაშვილი გახლდათ!  მტრობის ეს „მოდელიც“ თვითონვე შეუმუშავა და გამოუცხო საკუთარ თავს.

ერთ რამეში ნაწილობრივ ვეთანხმებით ბატონ უშანგის, რომ დღეს ფედერაცია საკადრის სიმაღლეზე ვერ დგას, მაგრამ, არა ისე, როგორც მის დროს იყო!

ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში მალე დადგება საკადრის სიმაღლეზე, მალე გადაესხმება ახალი სისხლი, მალე შეძლებს რომ დღენიადაგ იზრუნოს ქართული ჭიდაობის დიდების და ღირსების დასაბრუნებლად, და ამას გააკეთებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან და იმ ჯანსაღ ძალებთან ერთად, რომლებიც, მადლობა უფალს, დღესაც მზად არიან, საკუთარი შრომის, ძალისხმევის და მოტივაციის ფასად გვერდში დაუდგნენ ამ ეროვნულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეს და არა ისე, როგორც ეს ბატონმა უშანგიმ შემოგვთავაზა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, რომ თურმე ნუ იტყვით, და ის კვლავ აპირებს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მოსვლას საკუთარ გუნდთან ერთად (?!)…

ეს უსაგნო განცხადება, ყველა სიკეთესთან ერთად ზნეობრივი დეფიციტის მატარებელია და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის მცდელობაა, რასაც, ჩვენდა საბედნიეროდ, გამარჯვება არ უწერია!

საკონტაქტო ტელეფონები:  0422 22 48 34 (სახლი); 0422 29 35 12 (კაბინეტი).

მობ.: 577 43 64 43; 598 35 38 35.

ჯემალ წულუკიძე

   

აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაცია

ქ. ბათუმი, 10 ნოემბერი, 2012 წელი

ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება

ილჰან აშქი: ერთობლივი წვრთნებისა და სპარინგ-მატჩების ჩატარება აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის ინიციატივა იყო. ორჯერ იმყოფებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები ბათუმში და საბოლოოდ ჩვენი ჩამოსვლის თარიღიც გადაწყდა. მართალია, თავდაპირველად საერთაშორისო ტურნირის ჩატარებას ვგეგმავდით თქვენს ქალაქში, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წვრთნებითა და ამხანაგური სპარინგ-მატჩებით შემოვიფარგლეთ.

თურქეთის ტაეკვონდოს სკოლა მსოფლიოში ერთერთი ლიდერია, გყავთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები

– დიახ, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში, რასაც ჩვენი დაუღალავი შრომით მივაღწიეთ, თუმცა მარტო თავდადება და შრომა აქ მთავარი არაა. როგორც მოგეხსენებათ, ნებისმიერი სპორტსმენი აუცილებლად უნდა გაიზარდოს და ამისთვის, პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო ტურნირზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. თქვენს სპორტსმენებს რომ ვუყურებ, ბრძოლისუნარიანები არიან, მაგრამ სამწუხაროდ, გამოცდილება გაკლიათ, რაც არის კიდეც ძირითადი მიზეზი იმისა, რომ მაღალი შედეგები არ გაქვთ, თორემ არავისზე ნაკლები არ ხართ, პირიქით, ბევრსაც აჯობებთ.

რადგან ქართველი სპორტსმენების შეფასებაზე გადავედით, გვითხარით, რა შთაბეჭდილება დატოვეს მათ თქვენზე?

 

 

 

– არ დაგიმალავთ და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ ბათუმში თურქეთის ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულები ჩამოვიყვანეთ, ფაქტობრივად, მათი უმრავლესობა თურქეთის იუნიორთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან. როგორც ხედავთ, სოლიდური დელეგაციით გეწვიეთ. სიმართლე გითხრათ, თქვენგან ასეთ წინააღმდეგობას არ ველოდით. თითოეული თქვენი სპორტსმენი ბოლომდე იხარჯებოდა, განსაკუთრებით კი მინდა გამოვყო კახა მახარაძე, გოგი კაკაბაძე, გურამ კუტუბიძე და თეონა ვაშაყმაძე. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, ამ ოთხეულს დიდ სარბიელზე შეუძლიათ გასვლა, თან, როგორც გავიგე, კუტუბიძე ევროპის პრიზიორიც ყოფილა, რაც უდავოდ მათი მწვრთნელის, აკაკი ცენტერაძის დამსახურებაა. ეგაა, რომ აშკარად გაკლიათ საერთაშორისო გამოცდილება, თითქოს რაღაც გბოჭავთ ბრძოლის დროს, ტექნიკის დახვეწა გჭირდებათ, ეს კი მხოლოდ ვარჯიშებით არ მიიღწევა, როგორც უკვე აღვნიშნე, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის მეტი გამოცდილებაა საჭირო.

ამას კი სათანადო ფინანსები სჭირდება, რითაც თქვენ ნამდვილად ვერ შეგედრებით. როგორც ვიცი, აჭარის სპორტის მესვეურებს შეხვდით. რაზე ისაუბრეთ?

– დიახ, შევხვდით და სამომავლოდ ბევრი საინტერესო პერსპექტივა გამოიკვეთა. პირველ რიგში კი ის, რომ მომავალი წლიდან, ბათუმში გვინდა საერთაშორისო ტურნირის ჩატარება და მარტო წვრთნებით არ შემოვიფარგლებით, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთობლივ საწვრთნელ შეკრებებზე უარს ვამბობთ, პირიქით. აქვე დავძენ, რომ ჩვენი მაღალი შედეგები იმითაა განპირობებული, რომ სპორტის ეს სახეობა სახელმწიფო რანგშია აყვანილი და ჩვენზე სახელმწიფო ზრუნავს, პლუს ამას კონკურენციაც დიდია. ნაკრებში მოხვედრა ყველა სპორტსმენის ოცნებაა და ჩვენ მხოლოდ იმათ ვიწვევთ, ვინც რეალურად ძლიერია და მზად არის მედლისთვის საბრძოლველად, ჩვენთან ეროვნულ ნაკრებში ნაცნობობით ვერავინ ხვდება.

როგორც ვიცი, საპასუხო ვიზიტიც იგეგმება

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენი კარი მათთვის ყოველთვის ღიაა. ზემოთ ნახსენებ ოთხეულს (და არა მარტო მათ) და აკაკის, რომელიც ასევე მოქმედი სპორტსმენია, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენთან ჩამოსვლა და ვარჯიშების გამართვა. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება. თუ თქვენ ჩვენგან ისწავლით, ჩვენც ბევრ რამეს ვისწავლით თქვენგან, რაც ამ სამმა დღემ თვალნათლივ დაგვანახა.

აკაკი ცენტერაძე, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: კარგი შეკრება გამოგვივიდა, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძლიერი სკოლა აქვს თურქეთს და ჩვენგან ასეთი წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდნენ. სპორტსმენები მოგვიწონეს და სურვილი გამოთქვეს, ხშირად ჩაგვეტარებინა ერთობლივი წვრთნები როგორც ბათუმში, ასევე თურქეთშიც. უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენი ნაკრების ბირთვი და პირადად მე, მომავალი ტურნირებისთვის თურქეთში, პროფესიონალ მწვრთნელებთან მოვემზადებით. გარდა ამისა, შესაძლოა, რომ მათ პროფესიულ ლიგაშიც გავწევრიანდეთ, რაც უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად და გამოცდილების შესაძენად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სპორტსმენებს კარგი გამოხმაურება ჰქონდა თურქულ სპორტულ პრესაში.

აჭარის სპორტის ხელმძღვანელობას შეხვდით, რას დაგპირდნენ?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წვრთნების დაწყების პირველ დღესვე დარბაზში აჭარის სპორტის ახალი მინისტრი და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გვეწვია, სპარინგ-მატჩებს თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენით დაინტერესდნენ. დაგვპირდნენ, რომ მომავალი წლიდან, კალენდარულ გეგმაში ჩასვამენ ერთ საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ბათუმში გაიმართება და მას დააფინანსებენ.

დავით ონოფრიშვილი: პრემიების გაცემის წესი უნდა შეიცვალოს

ბატონო დავით, რამდენადაც ცნობილია საქართველოს საჯარო სამსახურებში ხელფასის ოდენობის პრემიები ყოველკვარტალურად, გარკვეულ სტრუქტურებში ყოველთვიურადაც კი გაიცემა.  იყო ფაქტები იმისა, რომ პრემიების რაოდენობა შრომით ანაზღაურებასაც აღემატებოდა. ბოლო წლებში პრემიების შესახებ ინფორმაცია პირადი საიდუმლოების რანგში აიყვანეს.  რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხომ არ აპირებს პარლამენტი ამ საკითხის გადახედვას?

პრემიების და თანამდებობრივი სარგოს გაცემის წესი წესრიგშია მოსაყვანი, რადგან ხშირ შემთხვევაში არაადეკვატურია არა მარტო პრემიები, თანამდებობრივი სარგოებიც. საკმაოდ დიდი განსხვავებებია უწყებებს შორის, ამიტომ სარგოების მიმართ რაღაც საერთო წესი უნდა არსებობდეს. კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული და დამოუკიდებლად რომელიმე უწყებას არ უნდა შეეძლოს თავისი ერთჯერადი გადაწყვეტილებებით ამის შეცვლა. როგორც ვიცით, გამოვიდა პრეზიდენტის 12 ოქტომბრის ბრძანებულება, რითაც თვითმმართველობების ხელფასები პრეზიდენტმა ერთპიროვნულად გაზარდა. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ პარლამენტის წევრის ხელფასის ოდენობის ზედა ჭერი მიანიჭა, ვთქვათ, ნებისმიერი საკრებულოს თავმჯდომარეს, რაც სრულად არღვევს თანამდებობრივ რანგირებას. ეს რანგირება უნდა არსებობდეს და გამოხატული უნდა იყოს ხელფასის სახითაც.

 

 

მსგავსი მოდელი არსებობს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, თუ მხოლოდ საქართველოშია დამკვიდრებული პრემიების გაცემის ასეთი წესი?

პრემიები რა თქმა უნდა ზოგადად მიღებული წესია მსოფლიოში, მაგრამ  ყოველთვიური პრემია სახელმწიფო უწყებაში იშვიათობაა. არსებობს წლიური ან ნახევარწლიური პრემია. ხშირად, პოსტსაბჭოთა, გარდამავალი ტიპის ქვეყნებში, მიმართავენ ხოლმე ჩვენნაირ მეთოდს, რათა საჯარო მოხელეების მაღალი ხელფასი არ იყოს თვალშისაცემი და არ გამოიწვიოს მოსახლეობის უკმაყოფილება. ხელისუფლება შეფარვით, სწორედ პრემიებისა და სხვა დანამატების სახით ცდილობს, გაუზარდოს ხელფასი ჩინოვნიკებს. ზოგადად, პრემიები არ გაიცემა ყველა თანამშრომელზე. პრემია განსაკუთრებულად შესრულებული საქმისთვის უნდა ეძლეოდეს. ჩვენთან სხვა მოტივით გასცემენ პრემიებს.

 

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია მსგავსი გადაწყვეტილება?

ცხადია, სამართლიანი არ არის და მოწესრიგებული უნდა იყოს ეს საკითხი. თუ ადამიანი იმსახურებს კონკრეტულ ხელფასს ან პრემია, ეს არც უნდა იყოს დასამალი და შენიღბული. ვიცით, რომ ყოფილ ხელისუფლებაში პრემია ზოგჯერ ბევრად აღემატებოდა ხელფასსაც, რომელიც იყო არაადეკვატური სხვა თანამშრომლებთან მიმართებაში. 

 

 

პრეზიდენტმა თვითმმართველობაში შრომითი ანაზღაურების ზრდა დაბალი სოციალური ფონით ახსნა. რამდენად სამართლიანია ეს განცხადება პენსიონერებთან ან სოციალურად დაუცველ ადამიანებთან მიმართებაში მაშინ, როცა არც პენსია გაზრდილა და არც სოციალური შემწეობა? 

ეს უსამართლოა.

 

 

დღევანდელ პარლამენტს აქვს იმის ბერკეტი, რომ პრეზიდენტის როლი პრემიების გაცემის საკითხში შეზღუდოს? თუ აპირებს ახალი პარლამენტი ამ საკითხის განხილვას?

პრეზიდენტის შეზღუდვა ამ კონკრეტულ საკითხზე, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, არ შეუძლია პარლამენტს. მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს, თუ როგორ დარეგულირდეს იგი კანონის ძალით. ჩვენ რომც მივიღოთ კანონი, მის ძალაში შესვლას მაინც პრეზიდენტი აწერს ხელს. მაგრამ საკითხი ნამდვილად შესასწავლია, იმიტომ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტების ტრანსფერი თვითმმართველობებზე არ იზრდება, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თვითმმართველობები პრეზიდენტის ბრძანებას გამოიყენებენ, ადგილობრივ ბიუჯეტებში სახელფასო ნაწილი გაიზრდება, სხვა ხარჯები კი შემცირდება. საინტერესოა ამ მხრივ რას მოიმოქმედებს ადგილობრივი ხელისუფლება. 

ბათუმელი მძიმეწონოსანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

დისკვალიფიკაციის და ფინანსური ჯარიმის მიზეზი ფერსელიძის ორი პასპორტი გახდა. თავის დროზე ნაკრების წევრთა ერთ ნაწილსაც მოუწია ახალი, სუფთა პასპორტის აღება და სწორედ ძველი და ახალი პასპორტების მონაცემებს შორის ცდომილება გახდა სანქციის მიზეზი. მართალია, ჯარიმის გადახდის კონკრეტული ვადა მითითებული არ არის, მაგრამ თუ მისი გადახდა უახლოეს თვეებში არ მოხერხდა, შესაძლოა სანქციები უფრო დამძიმდეს და საქართველოს ნაკრებს მომავალ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა აუკრძალონ.

ნავთობტერმინალი შეკითხვებს პასუხობს

რამ გამოიწვია 18 ოქტომბერს  ნავთობის მილის დაზიანება? 

განგიმარტავთ, რომ ნავთობის მილის დაზიანებას ადგილი არ ჰქონია. ნავთობის გაჟონვა მოხდა მილსადენზე არსებული სახშობიდან შუასადების დაზიანების შედეგად.

 

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ზიანი მიადგა გარემოს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს?

სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახურის მიერ დადგენილია, რომ ნავთობის დაღვრის შედეგად დაბინძურდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 245 კვადრატული მეტრი ფართობის გზის სავალი ნაწილი და ორი კერძო პირის საკარმიდამო ეზო. მდინარის ან ზღვის დაბინძურებას ადგილი არ ჰქონია. აღებული იქნა დაბინძურებული ნიადაგის ნიმუშები. ნიადაგის დაბინძურების ხარისხის ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე, სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს აჭარის სამსახური უახლოეს დროში განსაზღვრავს გარემოს დაბინძურებით სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ოდენობას.

 

 

კერძო პირების მიწის ნაკვეთებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უკვე დაადგინა სპეციალურად ამ მიზნით საწარმოში შექმნილმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაზარალებული პირები და მათი ადვოკატი.

 

 

მიიღებს თუ არა კომპენსაციას დაზარალებული ოჯახი? თუ კი, რა ოდენობის იქნება ეს კომპენსაცია?

ერთობლივმა კომისიამ დაადგინა კერძო პირებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, თითოეულ დაზარალებულ მხარესთან გაფორმდა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიყენებული ზარალისათვის მათ გადაუხადეთ კომპენსაცია. 

 

რა სიჩქარით იტვირთებოდა ნავთობპროდუქტები 17-18 ოქტომბერს? ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით დაირღვა დასაშვები სიჩქარის  სტანდარტი. გთხოვთ განმარტოთ, შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სიმართლეს?

ნავთობი ავარიულად დაიღვარა კაპრეშუმის საწარმოო უბნიდან ტანკერში ნავთობის გადატვირთვის მიმდინარეობის დროს. გადატვირთვის სიჩქარე არ აღემატებოდა 1600 მ3/სთ-ს, რაც არ წარმოადგენს დასაშვები სიჩქარის  სტანდარტის დარღვევას.

 

 

2008 წლიდან დღემდე რამდენჯერ დაფიქსირდა ნავთობის დაღვრის ფაქტი? დაეკისრა თუ არა  რაიმე სახის ჯარიმა  ნავთობტერმინალა და თუ კი, რა ოდენობის?

2008 წლიდან დღემდე, თუ არ ჩავთვლით ფორსმაჟორულ სიტუაციებს, ადგილი ჰქონდა  ნავთობის საშუალო და მცირე მასშტაბით დაღვრის ორ შემთხვევას. გარემოზე მიყენებული ზიანი, საერთო ჯამში, არ აღემატებოდა 500 ათას ლარს, რომელიც, იმ შემთხვევაშიც, როცა  დაღვრა ჩვენგან დამოუკიდებელი ფორსმაჟორული მიზეზით- კატასტროფული წვიმის და ტერიტორიების ისტორიულად დაბინძურებით იყო გამოწვეული, ჩვენ მიერ ანაზღაურებულ იქნა. ჩვენ გავითვალისწინეთ ისიც, რომ  ბათუმისათვის დამახასიათებელი კოკისპირული წვიმების შედეგად ხშირად ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო სისტემებისა და ნავთობდამჭერების გადავსებას.

 

 

აღნიშნულის აღსაკვეთად საწარმოში ექსპლოატირებულ ყველა ნავთობდამჭერს და ძირითად საკანალიზაციო სისტემას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია; ყველა მდინარის გასწვრივ აიგო სპეციალური სადრენაჟო სისტემა, რომელთა ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ სრულიად აღიკვეთა საწარმოო ტერიტორიებზე ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორიებიდან ნავთობის მდინარეებში მიგრაცია; ტექნოლოგიურ მილსადენებსა და რეზერვუარებს, დადგენილი წესით, სისტემატურად უტარდება ტექნიკური კონტროლი, მოწმდება მათი ჰერმეტიზაცია და მდგრადობა; ეკოლოგიური ლაბორატორია ყოველდღიურად ამოწმებს გაწმენდილი წყლის ხარისხს, დარეგულირებულია მდინარეების და ზღვის ვიზუალური და ლაბორატორიული ხარისხობრივი კონტროლი.

 

 

აღსანიშნავია, რომ საწარმოში  2009 წლიდან დაინერგა და მოქმედებს ეკოლოგიური მენეჯმენტის სისტემა, რომელიც IშO14001:2004 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს შეესაბამება, რაც თავის მხრივ 2009 და 2011 წლებში 2-ჯერ დადასტურდა შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წლიდან დღემდე, წყალდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით საწარმოში დახარჯულია  დაახლოებით ხუთი მილიონი აშშ დოლარი.

 

 

ჩვენი ინფორმაციით, ვაგონსისტემებიდან ნავთობის გადმოცლის დროს არ არის დაცული ჰერმეტულობა, რის გამოც გაიფრქვა მავნე ნივთიერებები. შეესაბამება თუ არა სიმართლეს აღნიშნული ინფორმაცია და რას აკეთებს ნავთობტერმინალის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?

ვაგონცისტერნებიდან ნავთობის ჩამოცლა ჩვენს საწარმოში ჰერმეტულად მიმდინარეობს, რისთვისაც სარკინიგზო ესტაკადებზე შემოსულ ყველა ვაგონცისტერნას ეხურება სპეციალური ჰერმეტული ჩამოცლის სარქველი. შესაბამისად, ვაგონცისტერნებიდან ნავთობის ჩამოცლის ტექნოლოგიური პროცესი არ არის სუნის გავრცელების მიზეზი.

 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე ჩივის მოსახლეობაც. მათი თქმით, ამჟამად მკვეთრი სუნი იგრძნობა ბარცხანის დასახლებაში, უშუალოდ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც დაზიანდა ნავთობის მილი. ასევე მოსახლეობის თქმით დასახლებაში სპეციფიკური სუნი პერიოდულად იგრძნობა, მაშინ, როდესაც ნავთობპროდუქტებს ტვირთავენ.   აპირებთ თუ არა ამ პრობლემის მოგვარებას და თუ კი, როდის?

დაღვრის ადგილზე სუნის გავრცელებას არანაირი კავშირი არ აქვს ნავთობის მიმდინარე გადატვირთვასთან. ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალურად დავათვალიერებთ და შევისწავლით დაღვრის ადგილს, და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გავატარებთ  შესაბამის ღონისძიებებს.

 

 

რას აკეთებს ნავთობტერმინალი იმისათვის, რომ გარემოსთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს?

2009 წლიდან შპს `ბათუმის ნავთობტერმინალი“ ყველა გარემოსდაცვით ღონისძიებას ახორციელებს `გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების 2009 -2013 წლების გეგმის~ შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან. გეგმა შედგენილია საწარმოს მიმდინარე საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საფუძველზე და ითვალისწინებს საჯარო განხილვის დროს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებსა და სურვილებს, სახელმწიფო ეკოლოგიური დასკვნის პირობებში წარმოდგენილ ყველა მოთხოვნას.

 

 

გვინდა განსაკუთრებით გამოვყოთ ატმოსფერული ჰაერის დაცვის და სუნის გავრცელების აღკვეთის მიზნით გატარებული ღონისძიებები და აირგამწმენდი სისტემების დასრულებული მშენებლობები ნავმისადგომებზე, კაპრეშუმის, ნავთობისა და მაზუთის, ნავთობბაზის უბნებზე. მომავალ წელს დაგეგმილია აირგამწმენდი სისტემის მშენებლობა ხოლოდნაია სლობოდას საწარმოო უბანზე.

„თავისუფლების“ ოთხი მედალი

ირაკლი დარცმელიძე

 

ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო – ასეთია აჭარის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების (მწვრთნელი მარად არძენაძე) მონაგარი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის. ბათუმელთაგან ჩემპიონი ხუსეინ ირემაძე (96 კგ.) გახდა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამაზ დარჩიძემ (55 კგ.), ჭაბუკთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების მესამე პრიზიორმა შოთა ფარტენაძემ (60 კგ.) და დავით უნგიაძემ (74 კგ.).

გიორგი კირთაძის გადაყენების გეგმა

საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
საკრებულოს დეპუტატი გენო თებიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე


ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკრებულომ შეიძლება უახლოეს მომავალში გიორგი კირთაძე გადააყენოს. მანამდე კი ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დეპუტატი, ალეკო ჩხარტიშვილი დატოვებს. ამ ინფორმაციას თავად დეპუტატი არც ადასტურებს და არც უარყოფს. 


„თუკი რამე იქნება, ერთ-ერთი ყველაზე პირველი თქვენ გეტყვით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – თქვა ალეკო ჩხარტიშვილმა „ბათუმელებთან“.

იმ შემთხვევაში, თუკი ალეკო ჩხარტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების რიცხვი ცხრამდე გაიზრდება. „ეს სავსებით საკმარისი იქნება რეგლამენტით გიორგი კირთაძის გადაყენების საკითხი დადგეს კენჭისყრაზე. თუკი 23-დან 12 დეპუტატი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაშინ ის ვეღარ დარჩება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – ამბობს `რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.


საკრებულოს თავმჯდომარის შემცვლელად ოპოზიცია, სავარაუდოდ, ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავს. თუმცა, ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „კოლეგიალურ ორგანოში მსგავსი საკითხები კენჭისყრით წყდება“.


„ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ დატოვეს ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა გენო თებიძემ, დათო კასრაძემ და ნუკრი დოლიძემ.


გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ ამ პროცესებს აფასებს: „ფრაქცია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და გასვლის საკითხს ყველა წყვეტს ინდივიდუალურად. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს დღევანდელი მთავრობის გაძლიერებას. ვიცი, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს აქვთ ჩემი გადაყენების სურვილი, მაგრამ ოფიციალური განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე ჯერ არ შემოსულა“.


გიორგი კირთაძის გადაყენების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპრობლემოდ შეძლებენ ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენებასაც. 

საკადრო პოლიტიკის არქიტექტორის კადრებს არჩილ ხაბაძე დაითხოვს

32 წლის არჩილ  ხაბაძის მისამართით უკვე გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები. რამდენად შეძლებს ის მისი მასწავლებლის, მურმან დუმბაძის პოლიტიკური გავლენისგან თავის დაღწევას.

 

პროფესიით ფინანსისტი უკვე რამდენიმე დღეა ლევან ვარშალომიძის კაბინეტშია. პირველი მისი ოფიციალური საქმიანობა ახალ პოსტზე: გააუქმა ოქტომბერში გაცემული ვარშალომიძის განკარგულებები და უმაღლეს საბჭოს წარუდგინა ახალი მთავრობა.

 

მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძე
მურმან დუმბაძე და არჩილ ხაბაძე

 

ახალი მინისტრები კითხვაზე, ვინ შემოგთავაზათ თანამდებობა და ვისთან გამართეთ პირველი კონსულტაცია – აცხადებენ, რომ რომ მურმან დუმბაძესთან ჰქონდათ პირველი აუდიენცია, ბოლოს კი – ბიძინა ივანიშვილთან.

„ბათუმელების“ კითხვა: ხართ თუ არა თქვენ საკადრო პოლიტიკის არქიტექტორი აჭარაში? – მურმან დუმბაძეს არ გაუპროტესტებია. მან განმარტა, რომ ეს პოლიტიკა არ ეფუძნება ნაცნობ-ნათესაობას და მხოლოდ თანაგუნდელობას: „გადაწყვეტილებები მივიღეთ კოალიციურ რეჟიმში, უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მათგანთან მუშაობა დაგვჭირდა, რომ ეს თანამდებობა დაეჭირათ, ისინი მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით უფრო არხეინად და კომფორტულად გრძნობდნენ თავს, მაგრამ ჩვენ დავარწმუნეთ, რომ სახელმწიფო და რეგიონალური ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი.“

 

დავით უსუფაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ასე უპასუხა: „მე მინისტრების სახელები და გვარები აქ დავაზუსტე. ეს არის აქ გადასაწყვეტი საკითხები, ცენტრალური ხელისუფლება, პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ეს თუ სხვა ლიდერები,  რა თქმა უნდა, ვიღებთ საერთო პასუხისმგებლობას, მაგრამ საკადრო თემები – ვინ სად იქნება, ვინ რომელ სამინისტროს გაუძღვება – ეს აქ უნდა გადაწყდეს“.

 

აჭარის ოთხი მინისტრიდან მხოლოდ ერთია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი – გია თავამაიშვილი. მურმან დუმბაძე ამბობს, რომ თავამაიშვილიც მის მიერ მხარდაჭერილია და მას ალტერნატივა ამ თანამდებობაზე არ ჰყავდა.

 

ახალი მინისტრთა კაბინეტი უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ოფიციალური შედეგი მეტყველებს, რომ გარეგნულად კოალიცია, რომელიც ოთხ პარტიას აერთიანებს, შეთანხმებულია.

 

თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კონსესუსამდე აზრთა სხვადასხვაობა მაინც იყო. სულხან ღლონტი, რომელიც უმაღლეს საბჭოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციას ხელმძღვანელობს, ამბობს: „ჩვენ გამოვხატეთ ღია მხარდაჭერა და დავუჭირეთ მხარი არჩილ ხაბაძეს. ეს მე დავაფიქსირე ბიძინა ივანიშვილთან გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა კოალიციის ყველა ლიდერი. მინისტრების დიდ ნაწილთან ჩვენ არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ  ჩვენი პარტიის წევრი ყოფილიყო ერთ-ერთი მინისტრი, პასუხისმგებლობის აღების თვალსაზრისით ეს იქნებოდა სწორი და სამართლიანი, ჩვენ ვაყენებდით სოფლის მეურნეობის მინისტრად კობა ჩხეიძის კანდიდატურას, იყო რამდენიმეკვირიანი დისკუსია, მაგრამ საბოლოოდ პოლიტიკურ კონსესუსს მივაღწიეთ და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს  დავუჭირეთ მხარი, რადგან მთავრობამ დროულად შეძლოს მუშაობა.“

 

სულხან ღლონტი არ აკონკრეტებს, ვინ წავიდა მათ მიერ დასახელებული კანდიდატის წინააღმდეგ.

 

წინასწარი პროგნოზი ისეთი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი დუმბაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  სავარძელს შესთავაზებდა. თბილისში ჩასულ დუმბაძეს კი ივანიშვილმა უთხრა, რომ მას პარლამენტში  ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ხედავდა, მაგრამ მას დაევალა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატების მოძებნა.

 

დუმბაძე ლობირებდა უმაღლესი საბჭოს წევრს ჯემალ ფუტკარაძეს, მეორე კანდიდატად კი არჩილ ხაბაძეს განიხილავდა. მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის ოფიციალურად დასახელებამდე სამი დღით ადრე არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა დასახელდა. „ნეტგაზეთმა“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ახვლედიანის კანდიდატურის წინააღმდეგი მურმან დუმბაძე წავიდა და ასევე მის მიერ დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა.

 

ბიძინა ივანიშვილმა „ბათუმელების“ კითხვის პასუხად განმარტა, რატომ შეჩერდა ყურადღება არჩილ ხაბაძეზე: „შიგნით დაბალანსებებზე არ იქნება დრო დაკარგული, ახლა არ არის კინკლაობის და დაპირისპირების დრო.“ არც პრემიერს დაუკონკრეტებია, ვინ წავიდა არმაზ ახვლედიანის წინააღმდეგ.

 

მურმან დუმბაძე კი ამბობს, რომ „აბსოლუტური ტყუილია“ ის ინფორმაცია, თითქოს ის ახვლედიანის კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა. „ხაბაძის, ფუტკარაძისა და ახვლედიანის კანდიდატურები ჩემ მიერ იქნა  ინიცირებული, ჩვენ ახვლედიანის წინააღმდეგ კი არ ვიბრძოლეთ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ხაბაძე ამ ეტაპზე უკეთესი კანდიდატურა იყო. რით ჯობია ხაბაძე  ახვლედიანს? მას რეგიონთან მეტი ბმა აქვს, იცნობს აჭარას, ქობულეთს, ბათუმს, მთას… არმაზი კარგია, მაღალი კლასის პოლიტიკოსია, მაღალი მორალისტი კაცია და ამიტომაც დარჩა იმ სამეულში.“

 

ჩვენ მიერ მოპოვებული კომენტარების ანალიზი ერთი დასკვნის საფუძველს იძლევა – აჭარაში მურმან დუმბაძე საკადრო პოლიტიკას არაფორმალურად განსაზღვრავს. მას აჭარის მთავრობის დამტკიცებამდე აჭარის უმაღლესი საბჭო არ დაუტოვებია.

 

შეძლებს თუ არა პოლიტიკური გამოცდილების არმქონე 32 წლის ხაბაძე დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბებას?

 

„მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, გიდასტურებთ, მაგრამ ის არის მაღალი კლასის მენეჯერი. ის ბანკს ხელმძღვანელობდა, რამდენიმე ათას ადამიანთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს.“ – ამბობს დუმბაძე.

 

არჩილ ხაბაძე კი ამბობს, რომ მინისტრობის კანდიდატების შესახებ კონსულტაცია მურმან დუმბაძესთან ერთად განიხილა და დაეთანხმა: „დავეთანხმე მურმანის პოზიციებს, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გავდივართ ახლაც კონსულტაციებს, მაგრამ სხვა საკითხებს, რომლებიც მთავრობის თავმჯდომარის კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს, გადაწყვეტს მხოლოდ თავმჯდომარე, გარწმუნებთ. მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დანიშნული კადრებისთვის თუ არ ვიქნები ავტორიტეტი, დაკავებული თანამდებობიდან ყველა გათავისუფლდება.“

 

ახალმა მინისტრებმა თანამდებობები უკვე დაიკავეს.

 

ამათგან  ერთ-ერთი გია თავართქილაძეა, „ვი თი ბი“ ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი. ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე  „ძლივს“ დაითანხმეს.

 

გია თავართქილაძე: „ჩემი ოცნება არ იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველაზე დიდი პატრიოტიზმი იქნებოდა პროფესიონალიზმი, მაგრამ დადგა წესიერი ხალხის პროფესიონალიზმის დრო, ვნახოთ, ალალად ვამბობ: შევძლებ? – შევძლებ. არც წასვლის პრობლემა მაქვს. ჩვენ შეგვიძლია, რომ განცხადება დავწეროთ, თუ საქმე არ გამოდის.“

 

ორი კვირის წინ მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუთითებდა იმას, რომ თუ ივანიშვილისგან იქნებოდა შეთავაზება, დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს დათანხმდებოდა. მაგრამ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი დუმბაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას მოერიდა. მურმან დუმბაძეს რამდენიმე ღია განცხადება აქვს გაკეთებული ბათუმში მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით. სურვილის მიუხედავად, საქართველოში თურქეთის ელჩი ივანიშვილს არ შეხვდა. რამდენად აქვს ამ ფაქტებს ლოგიკური კავშირი, ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ ეტაპზე არ აქვს. 

 

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეები

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი დღეს თავის მოადგილეებს წარადგენს. ნუგზარ სურმანიძე წინა მთავრობის მინისტრის ორ მოადგილეს – რამაზ ჯინჭარაძესა (ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დევნილთა და განსახლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა) და ნონა გალოგრეს არ ცვლის. ახალი მოადგილეები კი იქნებიან რომან ბოლქვაძე და ლევან გორგილაძე.


სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლევან გორგილაძე აჭარაში ნარკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი იყო, ხოლო პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე წლების წინ თბილისის 03-ში მუშაობდა, ბოლო წლებში კი კერძო პრაქტიკას ეწეოდა.


თავად მინისტრი ნუგზარ სურმანიძე არჩევნებამდე ამავე სამინისტროში ბიუჯეტის დაგეგმვისა და პროგრამების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გოჩა კუპრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნას არ ადასტურებს

 

აჭარის საპატრულო პოლიციის გათავისუფლებული უფროსის – ჯონი ბაკურიძის (ჯონი ბაკურიძე „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს) მოადგილე გოჩა კუპრაძე, რომლის სახელიც მედიამ 2011 წლის 21 მაისის აქციის მონაწილეთა დარბევას დაუკავშირა, არ ადასტურებს მის დანიშვნას ახალ თანამდებობაზე. „ბთუმელებმა“ გოჩა კუპრაძესთან დაკავშირება და ბლიც-ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

 

ბატონო გოჩა, დაგნიშნეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად?

 

არამგონია, ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დავინიშნე და არ ვიცი.

 

 

მითხრეს, რომ რამდენიმე თანამშრომელმა ნახა ბრძანება თქვენი დანიშვნის შესახებ..

 

არ ვიცი.

 

არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენ 2011 წლის 21 მაისის აქციის დარბევაში იღებდით მონაწილეობას. იყავით თუ არა ამ დარბევის მონაწილე?

 

21 მაისს, გენაცვალე ვიყავი გასვენებაში შროშაში, დამეღუპა ქვისლი. დილიდან საღამომდე ვიყავი იქ. სინამდვილეა რასაც გეუბნები. ერას მოედანზე ვიმყოფებოდი უკვე 11 საათის შემდეგ. კომენტარი მართლა გავუკეთე იმ გოგონას, პატარა, ლამაზი გოგო იყო მოსული, ის ხალხს ეკითხებოდა და ყველა აქცევდა ზურგს, მე ვუთხარი… მე მკითხა – არავინ პასუხს არ მცემსო. მერე ყველაფერი, რაც გამოაქვეყნა, სრული სიზუსტით არის დაცული.  პირდაპირ დასაფლავებიდან მივედი საღამოს 11 საათზე, მანამდე სოფელ შროშაში ვიყავი, იმერეთის რაიონში. მე არაფერში მონაწილეობა არ მიმიღია. ეგ არის სიცრუე.

 

 

ამ ეტაპზე სად მუშაობთ?

 

საბაჟოზე ვმუშაობ, ვარ პორტის და აეროპორტის საბაჟოს უფროსი.

 

 

 

 

გოჩა კუპრაძესთან 2011 წლის 21 მაისის ღამეს „გურია ნიუსის“ მაშინდელმა ჟურნალისტმა შორენა ღლონტმა ჩაწერა.

 

ვინ დააკავეთ?
არავინ.
დაკავების კადრები გვაქვს…

მე არაფერი დამინახავს(?!)
ანუ, არავინ დაგიკავებიათ?
მე მეკითხებით და გპასუხობთ, არა-მეთქი!

ყველას გეკითხებით….
ჰოდა, ჩვენც გეუბნებით – არ დაგვინახავს, რადგან სავახშმოდ ვიყავით გასული.

მაშინ გვიპასუხეთ, აქ რატომ ხართ?
ჩვენ რატომ ვართ აქ…? გენაცვალე, ხალხი რომ არის აქ იმიტომ – ვინმეს რომ არ მოუვიდეს რამე.

“ვინმეს” უკვე მოუვიდა და მანქანაშიც ძალის გამოყენებით ჩასვეს.
არ ყოფილა ასეთი რამ, ცრუ ინფორმაცია გაქვთ.
არ ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

არა. მე არ ვადასტურებ. იმათ ჰკითხეთ, გენაცვალეთ, – და ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა.
ისინი ამბობენ, რომ სცემეს და მანქანაში ძალით ჩასვეს რამდენიმე აქტივისტი, ანუ გვატყუებენ?

გეუბნებით, არავინ გვიცემია. რა ვიცი, ნახეთ, იქნებ არ გატყუებენ, გადაამოწმეთ, იქნებ მართალია, რა ვიცი, აბა(?!).

თქვენი სახელი და გვარი, თუ შეიძლება…

გოჩა კუპრაძე.

სტატუსიც, ვინ ბრძანდებით…
კიდევ რა გაინტერესებთ? გულს გადაგიხსნით, ყველაფერს ერთბაშად გეტყვით. ვარ უცოლო, სურათიც გადაგვიღეთ კარგ ფონზე… ახლა მე გეკითხებით, თქვენ საიდან ხართ? გული გაგვისკდა, ხომ უნდა გვითხრათ ვინ ხართ? საერთოდ, რომ იცოდეთ, პოლიციას არ უნდა მიმართოთ კითხვებით, არის სპეციალური ბრძანება.

თქვენი ოჯახური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, თუმცა რა ბრძანებაზე საუბრობთ, ეს ძალიან საინტერესოა!
პრესსამსახურს მიმართეთ, მას უნდა შეუთანხმოთ ყველა ინტერვიუ.

თუ შეგიძლიათ, ბრძანების ნომერი გვითხრათ?
ნუ, ასე ჰაერზე არ ვიცით, მობრძანდით ხვალ დილით განყოფილებაში და გაგაცნობთ“.

 

ბათუმის სკოლებში კარატეს უფასოდ ასწავლიან

გოჩა სურმანიძე: კარატე საკმაოდ მიმზიდველი სპორტია მოზარდებისთვის, თუმცა ბევრი ჯგუფი ფასიანია და ბავშვები ვარჯიშს ვერ ახერხებენ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საჯარო სკოლებში კარატეს შემსწავლელი უფასო ჯგუფები ჩამოგვეყალიბებინა. ეს იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა. ამ ეტაპზე ვარჯიშები ბათუმის პირველ, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-14, მე-15 და მე-16 საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ჯგუფები გავხსენით სკოლა-ლიცეუმებში „ევრო-2000“-სა და „XXI საუკუნე“-ში. ჯგუფები ჩამოვაყლიბეთ აგრეთვე ქობულეთში, ჩაქვში, ციხისძირში, მახინჯაურში, შუახევსა და ურეხის სკოლებში.

 

 

  ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე მუშაობთ?

 

 

– დიახ, ასეა. მთელი ცხოვრება კარატეს ვეუფლები, ბევრი რამ მასწავლა და მინდა, ჩემი გამოცდილება ბავშვებსაც გავუზიარო. ეს არ არის ჩემთვის არც ბიზნესისა და არც შემოსავლის წყარო. შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობთ. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით, თან სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასაც შევუწყობთ ხელს. დღესდღეობით თითო ჯგუფში 30-დან 40-მდე ბავშვია გაწევრიანებული.

 

 

  ინსტრუქტორები გეყოლებათ, ანაზღაურება არც მათ აქვთ?

 

 

– არა, უფასო ჯგუფი ნიშნავს უფასო ჯგუფს, ერთადერთი, რაშიც მოსწავლეები თანხას იხდიან, ეს მათი სპორტული ეკიპირებაა, ანუ კიმონოს თავად ყიდულობენ.

 

 

შეიძლება ვივარაუდოთრომ სკოლებიდან აჭარის ნაკრების ბაზას ამზადებთ?

 

 

– რა თქმა უნდა. მომავალი წლიდან სასკოლო პირველობას ჩავატარებთ, წარმატებულ სპორტსმენებს კი აჭარის ნაკრებში მივიწვევთ, რითაც საშუალება ექნებათ, სხვა, გაცილებით დიდი რანგის ტურნირებზე მიიღონ მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩავუტარებთ სემინარებს, გამოცდებს… რაც მეტი წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება აჭარის ნაკრებში, მით მეტი შანსი გვექნება საქართველოს ნაკრებშიც მოსახვედრად. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში (სპორტული კარატე) სამი ბათუმელი სპორტსმენია: გიგლა სურმანიძე, დათო მოსიძე და დათო პეტრიძე.

 

 

განათლების სამინისტრო და სკოლების ხელმძღვანელობა როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?

 

 

– ყველამ მოგვიწონა და სიხარულით დაგვთანხმდნენ. დარბაზებიც გამოგვიყვეს სკოლებში და ახლა, კვირაში სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს.

 

 

  ინსტრუქტორები გაგვაცანით.

 

 

– პირველ, მე-15 და მე-16 სკოლებში, ასევე „XXI საუკუნეში“ მე თავად ვავარჯიშებ. გიგლა სურმანიძე მეორე სკოლასა და „ევრო-2000“-ში ავარჯიშებს ჯგუფებს. მეოთხე სკოლაში არჩილ ლორთქიფანიძეა მწვრთნელი, მე-7 და მე-8 სკოლებს ლევან თედორაძე კურატორობს, მე-14 სკოლაში მუხრან ძნელაძე ავარჯიშებს. რაც შეეხება ქობულეთს, ჩაქვს და ციხისძირს, იქ ნარიმან შავაძეა მწვრთნელი, ურეხში – ვიტალი ბერიძე, მახინჯაიურში – მურად ბინალიევი, ხოლო შუახევში ჯამბულ ტარიელაძე ავარჯიშებენ ბავშვებს.

 

 

 

თქვენი ჯგუფები მხოლოდ საჯარო სკოლებში ფუნქციონირებენ, თუ უმაღლეს სასწავლებლებშიც?

 

 

– დღესდღეობით მხოლოდ სკოლებით შემოვიფარგლებით, თუმცა მომდევნო წლიდან ალბათ უნივერსიტეტსა და ინსტიტუტებშიც გავხსნით ჯგუფებს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი გვაქვს.

 

 

ადრე ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ დეკემბერში კრავმაგას სპეციალისტის მოწვევას და ორთაბრძოლის ამ სისტემის დანერგვას აპირებდით

 

 

– რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე გაბი მიხაელს და შევთანხმდით, რომ დეკემბერში ბათუმში აუცილებლად ჩამოვა. ცოტა რამ კრავმაგაზეც ვთქვათ. ეს მეთოდი აპრობირებულია ისრაელის დაზვერვაში, თავად გაბი მიხაელი VIII დანის მფლობელი, ისრაელის მოსადის ოფიციალური, ლიცენზირებული მწვრთნელია. აღნიშნული სისტემა პოპულარულია ბევრ ქვეყანაში, იგი შეიცავს თავდაცვით და თავდასხმით ელემენტებს, მარტივად რომ გითხრათ, მას სხვადასხვა ქვეყნის სპეცრაზმებში იყენებენ. დეკემბერში ველოდებით მიხაელს, სემინარებს ჩაატარებს და ყველა მონაწილეს შესაბამის სერტიფიკატს გადასცემს.

 

 

მანამდე?

 

 

_ მანამდე თურქეთში გველოდება მსოფლიო თასის გათამაშება. შეჯიბრში ყველა ასაკისა და წონითი კატეგორიაა დაშვებული. პირადად მეც ვაპირებ ტატამზე გასვლას.

 

 

იყო საუბარი, რომ ოლიმპიურ თამაშებში აღმოსავლური ორთაბრძოლების რომელიმე სახეობა დაემატებინათ, ამ ეტაპზე მხოლოდ ტაეკვონდოა ოლიმპიური სახეობა

 

 

– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი, ანუ სპორტული კარატეს (WKF ვერსია) ოლიმპიურ ოჯახში გაწევრიანება უკვე გადაწყვეტილია. 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სტილი საჩვენებელი გამოსვლებით წარსდგება, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში კი უკვე ოფიციალურად მივიღებთ მონაწილეობას.

 

 

სპარინგ-მატჩი შედგა

ორდღიანი სატესტო შეხვედრების გარდა, თურქი სტუმრები მასპინძელ აჭარის ნაკრების ხელმძღვანელობასთან ერთად აჭარის სპორტის მესვეურებს შეხვდნენ. რა შთაბეჭიდლება დატოვეს ბათუმელმა მებრძოლებმა სტუმრებზე და რა დაგეგმეს სამომავლოდ, ამის შესახებ ილჰან აშქის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელსაც გაზეთი „ბათუმელები“ შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.

ისევ წაგება

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში „ბათუმმა“ ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, ქუთაისის „აიას“ უმასპინძლა და 13:26 დამარცხდა, რითაც საკუთარი მიზანი – ექვსეულში მოხვედრა საეჭვო გახადა. თუმცა, ამ ეტაპზე „ბათუმი“ ინარჩუნებს ძველ პოზიციას და14 ქულით გათამაშების ცხრილში კვლავ მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

ორ მედალს დასჯერდნენ

ირაკლი დარცმელიძე

 

ამ დღეებში ამბროლაურმა გურამ საღარაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. შეჯიბრი ორ ასაკობრივ (1997-1998 და 1999-2000 წ.წ.) კატეგორიაში გაიმართა. აჭარის ნაკრები ტურნირზე 15 ფალავნით წარსდგა, თუმცა მათგან მხოლოდ ორმა მოახერხა მესამე ადგილის დაკავება. ლაშა ფუტკარაძემ (32 კგ.) და ნარიმან ცეცხლაძემ (42 კგ.) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ბათუმი ჩემპიონია

ნახევარფინალში ბათუმის გუნდმა გორელი ხელბურთელები დაამარცხეს 33:27 და ფინალში სამტრედიელ თანატოლებს გაეჯიბრნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ქუთაისის ნაკრებს მოუგეს. გადამწყვეტი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ტურნირის მასპინძლებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით, 29:27 მოიგეს. მესამე ადგილზე გორის გუნდი გავიდა.

 

 

Exit mobile version