ბატონო დავით, როგორც ვიცით მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 20 მილიონი ლარით ფინანსდება, რამდენიმე დღის წინ კი მას სახელმწიფომ დამატებით ორი მილიონი ლარი მისცა. რამდენია საკომპენსაციო თანხა, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას უნდა გადაუხადოს და ამ თანხაში შედის თუ არა მიწები ან სხვა უძრავი ქონება?
ეს არ არის ეკლესიის დაფინანსების საუკეთესო ფორმა, მაგრამ ეს გვერგო მემკვიდრეობით. სანამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელდება, მანამ დაფინანსების ეს ფორმა გაგრძელდება. რაკი საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულებით აღიარებულია 1930-1990 წლებში რეპრესირებულ ინსტიტუტად, რომელსაც ჩამოართვეს ქონება და ეს ფაქტი დადასტურებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით. თუმცა, უპრიანი იქნება, რომ მომავალში ეკლესია არ ფინანსდებოდეს სახელმწიფოსგან, რაც ქმნის გარკვეულ უხერხულობებს. საბიუჯეტო თანხები ჩვეულებრივ ექვემდებარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან კონტროლს, მაგრამ ეკლესიაზე მიცემული თანხის კონტროლს სახელმწიფო არ ახორციელებს. რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, რომ ეკლესია ბიუჯეტზე არ იყოს დამოკიდებული. ამ ეპატზე დაფინანსების ფორმად მიგვაჩნია რეპრესირებული ინსტიტუტისთვის კომპენსაციის გადახდა. კომპენსაციის გადახდის ფორმა უნდა იყოს მიყენებული ზარალის ყოველწლიურად, ნაწილ-ნაწილ გადახდით. მე მაქვს იდეა და `რესპუბლიკელები~ ვამუშავებთ შესაბამის კანონპროექტს, რომლის მხარდაჭერის შემთხვევაში დაიწყება ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის პროცესი.
ვინ დაითვალა კომპენსაციის ოდენობა, საერთოდ განხორციელდა კი ამ ზარალის დათვლა და შეფასება?
აი ეს სწორედ რომ არ ვიცით. ეს პროცესი უნდა დაიძრას და შეიქმნას კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის. ერთობლივად ამის დაანგარიშება, ალბათ, გაჭირდება, ამას სჭირდება საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ კანონის ინიცირებას, რომლითაც განსაზღვრული იქნება ის სტრუქტურები, რომლებმაც უნდა დაითვალონ ეს თანხა.
თუკი არ ვიცით კომპენსაციის ოდენობა და ისე იხდის ბიუჯეტი ამ თანხას, ხომ არ აღმოჩნდება, რომ სახელმწიფოს იმაზე მეტი ექნება გადახდილი, ვიდრე ეს დაანგარიშების შემდეგ დადგინდება?
კანონს უკუქცევის ძალა ვერ მიეცემა, მაგრამ ამასთანავე, რაც გადაცემულია არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ქონების სახით, ეს მოაკლდება საკომპენსაციო თანხას.
განიხილება თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა კონფესიების კომპენსაციის საკითხი, მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ რეპრესირებული მხარეა?
რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომპენსაციაზე, მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით არ ვსაუბრობთ. საბჭოთა პერიოდში დაზარალდნენ კათოლიკებიც, გრეგორიანელებიც და სხვა კონფესიებიც.
მათაც ფინანსურად აუნაზღაურდებათ ზარალი თუ უძრავი ქონების სახითაც?
ამაზე ძნელია ჯერ საუბარი, ეს პროცედურები არის გასავლელი, მთავარია პრინციპი, რომ რეპრესირებული ინსტიტუტები აღიარებული უნდა იყოს. მართლმადიდებლური ეკლესია აღიარებულია, სხვებთან ეს პროცესები გასავლელია. თუ ეს საკითხი კანონად იქცევა, სხვებსაც იმავე პრინციპით დაუბრუნდებათ ვალი. ამოიწურება ეს ვალი და განხორციელდება მთავარი პრინციპი _ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან სრულად გაიმიჯნება. ეკლესია უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფოს არა მარტო პირდაპირი თუ ირიბი წნეხისგან, არამედ პოლიტიკისგანაც.
გადაიხედება თუ არა იმ რეპრესირებული ოჯახების თუ კონკრეტული პირების საკითხი, ვისაც სახელმწიფომ კომპენსაციის სახით 200 ლარი შესთავაზა. ამ პირების დიდმა ნაწილმა, საერთოდ შეწყვიტა დოკუმენტაციის შეგროვებაც კი, რადგან მიიჩნიეს, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა არაადეკვატური და არასამართლიანია. მით უფრო იმ ფონზე, როცა ეკლესიას კომპენსაციის სახით სოლიდური დაფინანსება ეძლევა.
მე მაქვს მორალური პასუხისმგებლობა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მიმართ, რადგან მე თავად ვარ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი. მაგრამ აქ ჩემი პერსონალური საკითხი არ დგას, რადგან ვსაქმიანობ და მაქვს მაღალანაზღაურებადი ხელფასი, მაგრამ მაქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულებები. 1997 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ამ კანონის ინიციატორი და მაშინ ეამაყებოდა ის, რაც ამ კანონის პრეამბულაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო პატივს მიაგებს რეპრესირებულ ადამიანებს, მათ, ვინც წვლილი შეიტანა საბჭოთა რეჟიმის დაძლევაში. პირველ წლებში რეპრესირებულთა პენსია საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა, 45 ლარი იყო მაშინ, როცა ასაკობრივი პენსია იყო 14 ლარი. მაგრამ, შემდეგ ასაკობრივი პენსიის ზრდას არ მოყოლია რეპრესირებულთა პენსიის ზრდა. 2005 წელს კი პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საერთოდ არ გამიჯნა ასაკობრივი და რეპრესირებულთა პენსია. ამიტომ ამოცანაა ის, რომ ადამიანმა ასაკობრივი პენსია აიღოს ცალკე და რეპრესირებულთა პენსია ცალკე, მიუხედავად იმისა, საპენსიო ასაკის არის თუ არა იგი. ეს, რა თქმა უნდა, ამ წლის ბიუჯეტში არ მოხერხდება, მაგრამ ჩვენ აღებული გვაქვს ეს ვალდებულება.
რაც შეეხება ერთჯერად კომპენსაციას, რომლის გაცემასაც გეგმავდა წინა ხელისუფლება, ამაზე რას ფიქრობთ?
სტრასბურგში კილაძეების საქმის მოგების შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის პროცესი. იმ პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიმუშავა ზომიერი კანონპროექტი, რომლის მიხედვით, მაქსიმალური თანხა, რაც შეეძლო მიეღო რეპრესირებულ პირს, იყო ათი ათასი ლარი. თუ საია გააქტიურებს ამ თემას და შემოიტანს პარლამენტში განსახილველად, ჩემი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ მიდგომას და მოსამართლე აღარ გადაწყვეტს კომპენსაციის ოდენობის საკითხს.
ესაუბრა ლელა დუმბაძე