ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან საკრებულომ შეიძლება უახლოეს მომავალში გიორგი კირთაძე გადააყენოს. მანამდე კი ბათუმის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“, სავარაუდოდ, კიდევ ერთი დეპუტატი, ალეკო ჩხარტიშვილი დატოვებს. ამ ინფორმაციას თავად დეპუტატი არც ადასტურებს და არც უარყოფს.
„თუკი რამე იქნება, ერთ-ერთი ყველაზე პირველი თქვენ გეტყვით. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს“, – თქვა ალეკო ჩხარტიშვილმა „ბათუმელებთან“.
იმ შემთხვევაში, თუკი ალეკო ჩხარტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატების რიცხვი ცხრამდე გაიზრდება. „ეს სავსებით საკმარისი იქნება რეგლამენტით გიორგი კირთაძის გადაყენების საკითხი დადგეს კენჭისყრაზე. თუკი 23-დან 12 დეპუტატი მის წინააღმდეგ მისცემს ხმას, მაშინ ის ვეღარ დარჩება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – ამბობს `რესპუბლიკელი“ ირაკლი ჩავლეიშვილი.
საკრებულოს თავმჯდომარის შემცვლელად ოპოზიცია, სავარაუდოდ, ირაკლი ჩავლეიშვილს განიხილავს. თუმცა, ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „კოლეგიალურ ორგანოში მსგავსი საკითხები კენჭისყრით წყდება“.
„ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ დატოვეს ბათუმის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატმა გენო თებიძემ, დათო კასრაძემ და ნუკრი დოლიძემ.
გიორგი კირთაძე „ბათუმელებთან“ ამ პროცესებს აფასებს: „ფრაქცია ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და გასვლის საკითხს ყველა წყვეტს ინდივიდუალურად. ჩემი აზრით, ეს არ ნიშნავს დღევანდელი მთავრობის გაძლიერებას. ვიცი, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრებს აქვთ ჩემი გადაყენების სურვილი, მაგრამ ოფიციალური განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე ჯერ არ შემოსულა“.
გიორგი კირთაძის გადაყენების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უპრობლემოდ შეძლებენ ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის გადაყენებასაც.