სიახლეები

რატომ დააწინაურეს აჭარის ყოფილი პროკურორი

21.11.2012
რატომ დააწინაურეს აჭარის ყოფილი პროკურორი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე განაცხადა, რომ პროკურატურა აღარ გააგრძელებდა თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, ვინც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პროკურატურაში პოლიტიკას ატარებდა.

 

გოჩა ფარულავა, რომელიც აჭარის პროკურატურის პირველი პირი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ შეხვედრია ჟურნალისტებს. მისი პროკურორობის პერიოდში აჭარის პროკურატურის ყველა შუამდგომლობასა თუ მოთხოვნას აკმაყოფილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლო. ახალი ხელისუფლება კი პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად განიხილავდა.

 

გოჩა ფარულავას პროკურორად მუშაობის პერიოდში, 2011 წლის 21 მაისს, სამართალდამცავებმა ჯერ დაარბიეს აქცია ბათუმში, შემდეგ კი ნაცემი მოქალაქეები დააკავეს და შვიდიდან თერთმეტწლამდე დაპატიმრებას უპირებდნენ. ეს დაკავება არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორება, ხოლო დაკავებულებს უწოდეს პოლიტპატიმრები.

 

თუკი ახლახან შექმნილი საგამოძიებო კომისია დაადგენს, რომ 21 მაისს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და მათ პატიმრობიდან გაათავისუფლებს, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ვის უნდა დაეკისროს – მხოლოდ პროკურორ ზვიად ფხაკაძეს, რომელიც ამ საქმეში სახელმწიფო ბრალმდებელი იყო, თუ მის შეფსაც?

 

„ბათუმელებმა“ აჭარის პროკურატურას, პირადად გოჩა ფარულავას, განცხადებით მიმართა და სთხოვა, გამოეძიებინა გაზეთის რედაქტორის მიმართ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. აჭარის პროკურატურამ, გოჩა ფარულავას ხელმძღვანელობით, რა ძალისხმევა გაიღო ამ დანაშაულის გამოძიებისთვის, უცნობია.

 

„ბათუმელებმა“ ორწლიანი ძიების შემდეგ დაადგინა იმ პირის ვინაობა, ვინც აშანტაჟებდა ჟურნალისტს. რედაქციამ ეს ამბავიც პროკურატურას შეატყობინა. გოჩა ფარულავასადმი გაგზავნილ წერილში მითითებული იყო დავით დევნოზაშვილის, ანუ იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ხელმძღვანელობდა ჟურნალისტის დაშანტაჟებას, ასევე მისი საცხოვრებელი მისამართი და სხვა მონაცემები.

 

არც ამ შემთხვევაში ჩაუთვლია თავი ვალდებულად გოჩა ფარულავას უწყებას, თუნდაც დაკითხვის გზით დაედგინა, რა იყო დავით დევნოზაშვილის როლი ამ სკანდალურ საქმეში. ყოველ შემთხვევაში, უწყებას, რომელსაც გოჩა ფარულავა ხელმძღვანელობდა, საზოგადოებისთვის ამ საკითხზე არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

რატომ გადაწყვიტა ახალმა მთავრობამ გოჩა ფარულავას დაწინაურება? თუ გადაამოწმეს გოჩა ფარულავას საპროკურორო რეგიონში რეზონანსული საქმეების გამოძიება როგორ მთავრდებოდა? ატარებდა თუ არა აჭარის პროკურატურა იმავე პოლიტიკას, რასაც მთავარი პროკურატურა? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ პროკურატურის პრესცენტრს დაუკავშირდა.

 

უწყების პრესცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ჩიჩუას განმარტებით, „ბათუმელებს“ შეუძლია მიმართოს გენერალურ ინსპექციას, რომელიც შეისწავლის თედო ჯორბენაძის საქმის ეპიზოდში, გოჩა ფარულავას დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი.“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: