ყურადღება – ჯანდაცვის პროგრამები აჭარაში

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობით ისარგებლებენ:

– მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში;

– პაციენტები სტიქიური უბედურებებით, კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით და სოციალურად დაუცველი პაციენტები (200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა), რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას და პაციენტები, რომლებიც ამ დროისთვის არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არა აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი მკურნალობა (წარმოდგენილი უნდა იქნეს შუამდგომლობა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან მოქალაქის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერით).

– კომპონენტის მაღალი რესურსტევადობის გამო გეგმიური მკურნალობის დაფინანსებისას   გამოყენებული იქნება რიგითობისა და მოცდის პრინციპი.                                        

დაფინანსების ფორმა:

• მკურნალობის ღირებულება – 500 ლარის ჩათვლით – 100%-ით;

• მკურნალობის ღირებულება – 501-1000 ლარი – 90%-ით;

• მკურნალობის ღირებულება – 1001-2000 ლარი – 80%-ით;

• მკურნალობის ღირებულება – 2001-3000 ლარი – 75%-ით;

• მკურნალობის ღირებულება – 3001 ლარი და მეტი-70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.

აჭარის რეგიონში არსებული უმწეოთა თავშესაფარის კონტიგენტის და უსახლკაროების მკურნალობა დაფინანსდება სრული მოცულობით თანაგადახდის გარეშე ზღვრული ტარიფით არაუმეტეს 3000 ლარის. (გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა).

გამონაკლისები: – კომპონენტის მოცულობით არ დაფინანსდება ესთეტიკური,  კოსმეტიკური ქირურგიული მკურნალობა და საზღვარგარეთ მკურნალობა. მკურნალობის დაფინანსების შესახებ პაციენტის წარმომადგენელმა სამინისტროს უნდა მომართოს პაციენტის მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პროცესში (სტაციონარიდან გაწერამდე).  კომისია გადაწყვეტილებას პაციენტის დაფინანსების შესახებ ღებულობს მომართვიდან პირველივე დაგეგმილ სხდომაზე. – თუკი გარკვეული ნოზოლოგიების მკურნალობა გათვალისწინებულია `გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტით~, მაგრამ პაცინეტი არ წარმოადგენს კომპონენტის ბენეფიციარს, მაშინ მისი მკურნალობა მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსება  არაუმეტეს `გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფებისა.

პაციენტის სტაციონარში გარდაცვალების შემთხვევაში პაციენტის წარმომადგენლებმა სამინისტროს უნდა მომართონ გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.

 

„რესურსტევადი მაღალტექნოლოგიური (გულის ქირურგიის) სამედიცინო  მომსახურების კომპონენტი“

პროგრამის მიზანი: – მოზრდილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურების უზრუნველყოფა. ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. გულის დაავადებების მძიმე ფორმებით გამოწვეული ლეტალობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის შემცირება.

პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება ვრცელდება 18 წლის  ასაკიდან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობასა და 60-დან 65 წლის ასაკამდე მამაკაცებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის მომენტში;

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;

ბ) ენდოვასკულურ ოპერაციებს;

 ) გულისადამაგისტრალურისისხლძარღვებისშეძენილიპათოლოგიებისკარდიოქირურგიულმკურნალობას;

დ) კორონარულ ანგიოპლასტიკას.

დაფინანსების ფორმა: – 1) 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან-90%(თანაგადახდა10%).

2) 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან-80%(თანაგადახდა20%).        

3) ყველა სხვა კატეგორიის პაციენტისათვის დაფინანსება-70 %(თანაგადახდა 30%) – პაციენტისთვის ორი კოდის მინიჭების შემთხვევაში ძვირადღირებული კოდი დაფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული პროპორციების მიხედვით,  ხოლო მეორე კოდი – კომპონენტით აღებული ვალდებულების 50%-ით, ძირითადი ნოზოლოგიისათვის დადგენილი  პროპორციების დაცვით.  პაციენტის მოთხოვნით ძვირადღირებული სტენდის გამოყენების შემთხვევაში სტენტის ღირებულებას მთლიანად ფარავს პაციენტი (ანგიოპლასტიკა დაფინანსდება კომპონენტით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით სტენდის ღირებულების გამოკლებით).    

 კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. კომპონენტის მოცულობით არ დაფინანსდება: უკვე ჩატარებული მკურნალობა(სტაციონარიდან გაწერის შემდეგ) და საზღვარგარეთ მკურნალობა.

 „დამატებითი სამედიცინო მომსახურების კომპონენტი“

პროგრამის მიზანი: – მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების ზემოთ დამატებითი გადაუდებელი (ურგენტული) სტაციონარული და ანტირაბიული (ვაქცინის გარეშე) სამედიცინო დახმარების ორგანიზება და დაფინანსება. ბავშვთა და მოზრდილთა ავადობისა და შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება.       

პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტის მოსარგებლედ განისაზღვრება 6-დან 60 წლამდე ასაკის – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაუჩერის გაცემის მომენტში. კომპონენტის ბენეფიციარს წარმოადგენენ: ა) 6-18 წლის ასაკის ბავშვები; ბ)18-დან 60 წლამდე ასაკის მოზრდილი მოსახლეობა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; ჩერნობილის ატომური ელექროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა დედები; ანტირაბიული მომსახურებით ისარგებლებს 18_დან  60 წლამდე  ასაკის მოსახლეობა და 60დან – 65 წლამდე ასაკის მამაკაცები. დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინასდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს კომპონენტით გათვალიწინებული ტარიფისა. კრიტიკული მდგომარეობა (პირველი 6 დღე) ყველა ბენეფიციარისათვის დაფინანსდება ფაქტიური ხარჯის 100%-ით, არაუმეტეს ნოზოლოგიური ტარიფისა, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება თანაგადახდა.  6-18 წლის ასაკის ბავშვებში (გარდა კრიტიკული მდგომარეობისა) მკურნალობა დაფინანსდება ტარიფის 90 %-ით, მოზრდილ მოსახლეობაში – 80 %-ით. პაციენტების მხრიდან თანაგადახდა  6-18 წლის ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს ნოზოლოგიის ღირებულების 10%-ს, 18  წლის ასაკის ზევით პაციენტებისათვის 20%-ს. ანტირაბიული სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება სრულად (გარდა ვაქცინისა და იმუნოგლობულინის ღირებულებისა, რომელიც ფინანსირდება ანტირაბიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით). ბენეფიციარისათვის კომპონენტით განსაზღვრული ერთზე მეტ ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში(მათ შორის თუ ერთი კოდი არის კრიტიკული ყველა შემთხვევაში ბავშვებისა და მოზრდილებისათვის დაფინანსდება 100%-ით) მეორე კოდი დაფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული პროპორციების მიხედვით (ბავშვებში – 90 %, მოზარდებში – 80 %), ხოლო მესამე და დანარჩენი ნოზოლოგიები  კომპონენტით აღებული ვალდებულების 50 %-ით, ბავშვებში ნოზოლოგიის ღირებულების 45%-ით, მოზრდილებში  40%-ით;

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები.

                         „გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტი“

პროგრამის მიზანი: – მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების ზემოთ დამატებით გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება  გეგმიური ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის მომენტში.  კომპონენტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: 60_დან 65 წამდე  ასაკის მამაკაცები; 18 დან 60 წლამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ  200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; მარტოხელა დედები.

დაფინანსების ფორმა: – ბენეფიციარის მკურნალობის ღირებულება თითოეული ნოზოლოგიისათვის ფინანსირდება კომპონენტით დამტკიცებული ფიქსირებული თანხით.  გამოყენებული იქნება პაციენტების მხრიდან თანადაფინანსება. ორი კოდით მკურნალობის შემთხვევაში ბენეფიციარის მკურნალობა დაფინანსდება ძვირადღირებული ნოზოლოგიით გათვალისწინებული ფიქსირებული თანხითა და მეორე ნოზოლოგიის კომპონენტით გათვალისწინებული ფიქსირებული თანხის 50%-ით. კომპონენტის რესურსტევადობის გამო საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მოცდის პრინციპი.

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს გეგმიურ ქირურგიულ მკურნალობას.

არ დაფინანსდება: სტაციონარიდან გაწერილი პაციენტების მკურნალობა და საზღვარგარეთ მკურნალობა.

                      „ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი“

პროგრამის მიზანი: – ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.      

პროგრამის მოსარგებლეები: კომპონენტის  ბენეფიციარს წარმოადგენენ 18-დან 60 წლის ასაკის ონკოლოგიური, ნეიროონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრამდე და ვაუჩერის გაცემის მომენტისათვის; 

დაფინანსების ფორმა: – ონკოლოგიურ, ნეიროონკოლოგიურ და ონკოჰემატოლოგიით დაავადებათა მკურნალობა, დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, სხივური და ქიმიური თერაპია ყველა ბენეფიციარისათვის დაფინანსდება კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფის 70%-ით, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს  30%-ს. პაციენტისთვის ორი ან მეტი კოდის მინიჭების შემთხვევაში თითოეული კოდი დაფინანსდება  ნოზოლოგიის ან ნოზოლოგიური ჯგუფის ტარიფის მიხედვით კომპონენტით გათვალისწინებული პროპორციების შესაბამისად.

კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეების მკურნალობა პირველ რიგში დაფინანსდება სადაზღვევო ლიმიტის  მოცულობით, ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში კომპონენტის მოცულობით.

„ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კომპონენტი“

მიზანი: – ბავშვთა ცერებრული დამბლით, ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) – ფიზიკური თერაპიის, მეტყველების და ენის თერაპიის, ექიმის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის, ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლების, დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლების საშუალებით.

პროგრამის მოსარგებლეები: – ბავშვთა ცერებრული დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიისა და მხრისა და მხრის სარტყლის ნერვების დაზიანების მქონე, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ბავშვთა ცერებრული დამბლის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე, ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  ვაუჩერის გაცემის მომენტში.         

კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ (რიგითობის დაცვით):    

  1. 1.       ბენეფიციარები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;       
  1. 2.       თუ ოჯახში ერთზე მეტ ბავშვს ესაჭიროება დახმარება კომპონენტის ფარგლებში;                  
  1. 3.       მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.     

კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსის აუცილებლობა;

– ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება;        

– მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;        

– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ქსეროასლი (არსებობის შემთხვევაში);    

– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).     

დაფინანსების ფორმა: – სამიზნე ჯგუფისთვის გაწეული მომსახურება (1 კურსი – 15 დღე) ანაზღაურდება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ტარიფით 350 ლარის ოდენობით. კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით. წელიწადში 1 პაციენტს დაუფინანსდება არაუმეტეს 3-4 კურსისა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება  აღემატება კომპონენტით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო უზრუნველყოფს მის დაფინანსებას კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, ხოლო დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის კომპონენტი“

მიზანი: – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა უზრუნველყოფა სავარძელ-ეტლით, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროგრამის მოსარგებლეები: – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის

– კომპონენტის ფარგლებში სავარძელ-ეტლის მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ (რიგითობის დაცვით):

  1. 1.       18 წლამდე ასაკის ბავშვები;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

3. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;                               

                                                                                                                                                                                                         4. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

5. ასაკით პენსიონერები.  

                                                                                                                                                                                                                                                                                             კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი `სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში.   

კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის აუცილებლობა;       

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;

– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობისშემთხვევაში); 

                                                                                                                                                 – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.

კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის  სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.        

„სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“

მიზანი: – სმენადაქვეითებულ პირთა ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფა, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის  ხელშეწყობა.

პროგრამის მოსარგებლეები: – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და

– კომპონენტის ფარგლებში სმენის აპარატის მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ  (რიგითობის დაცვით):

  1. 1. 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
  1. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; 

3. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;             

                                                                                                                                                                                                                                     4. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;

5. ასაკით პენსიონერები;

კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში.        

კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა აუდილოგიური გამოკვლევის შედეგით, სადაც მითითებული უნდა იყოს სმენის აპარატის აუცილებლობა;          

– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;

– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);

– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).

დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2013 წლის განმავლობაში, ასევე განახორციელებს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების პროგრამას“, „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას“, „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამებას“, აგრეთვე „მიუსაფარ დედათა და ბავშვთა უზრუნველყოფის პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს დროებითი 24-საათიანი თავშესაფრის შექმნას, ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებაში დახმარებას, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას ითვალსიწინებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მარტოხელა დედებს, 10 წლამდე ასაკის ბავშვით და ორსულ ქალებს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ვრცელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები.

შეხვედრები ჯანდაცვის მიზნობრივი პროგრამების გასაცნობად

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები 2013 წლის მიზნობრივ პროგრამებსა და სამინისტროს 2012 წლის მუშაობის ანგარიშს ხვალ, 24 იანვარს ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და საკრებულოების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების წარმომადგენლებს, თემის რწმუნებულებს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებსა და მუნიციპალიტეტში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს წარუდგენენ.

 

 

სამინისტროს წლის პროგრამული ბიუჯეტი 5 818 700 ლარია, აქედან 5 397 300 ლარი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 421 400 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება.

სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას.

 

 

წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში 25 იანვარს გაიმართება.

 

 
მუნიციპალიტეტში დაგეგმილ შეხვედრებს მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების დირექტორები დაესწრებიან.

 

 მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

დისკუსია ცვილის ფიგურების მუზეუმის მომავლის შესახებ

მინისტრმა გია თავამაიშვილმა შეხვედრაზე ერთ-ერთი კერძო კომპანია შპს „MAN PROJECT ARCHITECTURE“ -იდან  შესული განცხადებაც გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც კომპანია სამინისტროს მუზეუმის იჯარით გადაცემას სთხოვს, სანაცვლოდ კი მის მოვლა პატრონობას თავის თავზე აიღებს.

 

 

„ჯერ არაფერზე არ ვართ ბოლომდე შეთანხმებული. ჩვენ გვინდა  გავიგოთ რას იტყვიან ისინი ვისაც უნდა ქირაობა. იმიტომ რომ ჩვენ რომ ეს განვავითაროთ, ამის თანხა არ გვაქვს. მუზეუმი არის სანახევროდ გაკეთებული. ისევ ჩვენ რომ შევუკვეთოთ ცვილის ფიგურების გაკეთება ძალიან  დიდ თანხაზე ავა. ამჯერად შევთანხმდით იმაზე რომ დავფიქრდეთ, სხვისი აზრიც მოვისმინოთ და მერე შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვთქვათ მივცეთ იჯარით მსურველ კომპანიას,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბიძინა აფხაზავამ.    

 

 

ბათუმში მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ 2011-2012 წელს განხორცილდა.  გასული  წლის  ოქტომბერში რეაბილიტირებულ  შენობაშის ცვილის ფიგურების მუზეუმი გაიხსნა.  ისტორიული წყაროების თანახმად იგი თავდაპირველად ეკუთვნოდა თამბაქოს მსხვილ ფაბრიკანტს წარმოშობით ბერძენ კომერსანტ ლაზარე ბინიათ-ოღლის.

 

,,ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმში’’ დღეისათვის  16 ცვილის ქანდაკებაა განთავსებული. მათ შორის: მედეა და იასონი, ზეზვა და მზია, ასლან აბაშიძე, მევლუდ დიასამიძე, ლაო ჯინჯაო და მეჩაიე ქალი, თანამედროვე მშენებელი, ალფრედ ნობელი, გენერალი ნეტკაჩოვი, რომაელი ჯარისკაცი, ორი არგონავტი და ტურისტი. ასევე ამ შენობის თავდაპირველი  მეპატრონის ლაზარე ბინიათ-ოღლისბინიათ-ოღლის სკულპტურა.

 

 „ბათუმის ცვილის ფიგურების მუზეუმის’’ რეაბილიტაციისათვის აჭარის ბიუჯეტიდან კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს „მუზეუმების მშენებლობა რეაბილიტაციის“ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მათ შორის  შენობის რეაბილიტაციისათვის – 704, 900 ლარი, ცვილის ფიგურების დასამზადებლად – 290 400 ლარი, დეკორაციებისთვის – 219 382 ლარი.

 

 ბათუმის ცვილის მუზეუმი ვიზიტორებისათვის ამ პერიოდში  დახურულია.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რეორგანიზაცია იგეგმება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ეფექტური მართვის დანერგვის მიზნით, რეორგანიზაცია იწყება. სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება მზად არის სათანამშრომლოდ პროფესიონალი კადრები მიიზიდოს.

 

როგორც სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციის, გაძლიერებაა. უწყება  მოწოდებულია განახორციელოს ყველა საჭირო ცვლილება სტრუქტურის გამართული და გამჭვირვალე ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, სამინისტრო ამ გადაწყვეტილებით გეგმავს შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და სახელმწიფო დაწესებულებაში ნოვატორულ ხედვასთან ერთად, მართვაში სიახლეებიც დანერგოს. რეორგანიზაციის დეტალები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

 

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით

არჩილ ხაბაძე რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გაერთიანებული სამეფოსა და  ამერიკის შეერთებული შტატების რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა.  


არჩილ ხაბაძის პრესსამსახურის ცობით, „22-წევრიანი დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა  და რელიგიათა წარმომადგენლებთან მეგობრული თანამშრომლობის დამყარებაა. საუბარი შეეხო საქართველოში ანგლიკანური ეკლესიასთან  მუსლიმთა და ქრისტიანთა ურთიერთობების, ორ მონოთეისტურ რელიგიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“.  

 

პრესსამსახურის ცნობით, სტუმრები ბათუმში ქართველ მუსლიმთა  კავშირმა მოიწვია. დელეგაციის წევრები გაეცნენ ქართველი მუსლიმების  ცხოვრებასა და  ბათუმის ორთაჯამეს ისტორიას.

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს დირექტორი ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს პასუხობს

„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, იყო რეორგანიზაცია.  საავადმყოფოში იყო გაბერილი შტატები. მარტივად გეტყვით,  დაწესებულებაში იყო ორი საწყობის გამგე, ერთი იყო საკვები პროდუქტების და მეორე იყო რბილი და მაგარი პროდუქტების.  სწორედ ამიტომ  მოხდა შემცირება. თუმცა როდესაც გაჩნდა შტატები და პროგრამები დაგვემატა, ფინანსირებები შეიცვალა ისევ წასული თანამშრომლები ავიყვანეთ თითქმის.

 

 

რაც შეეხება იმას, თითქოს ჩვენთან ცუდად ეპყრობიან პაციენეტებს, თავად  პაციენტებს ჰკითხეთ, მოსამსახურე პერსონალს ჰკითხეთ და მშობლებს ჰკითხეთ. დღეს ფსიქიატრიულში ისეთი  კვებაა, რომელსაც ოჯახი ვერ დაიკვეხნის.  ასეთი კვება შეიძლება ბევრ ქართულ ოჯახში ვერ არის სამწუხაროდ, ისეთი კვება აქვს პაციენტებს. იცით შეუძლიათ ნებისმიერ კომისიას, შეადაროს მაშინდელი მენიუ, მათი შემოტანილი საკვები, მათი ფასებით და ნახონ ეხლანდელი. რა ფასებში შემოდის, რა საკვები პროდუქტები და რა მენიუ გვაქვს.

 

 

რაც შეეხება იმ საკითხს რომ მოვიწვიეთ ექიმები. დაწესებულებაში აღარ იყო ფსიქიატრი. ლიცენზიები შეუჩერდათ აქაურ ფსიქიატრებს. ფსიქიატრებზე  საერთოდ ისედაც არსებობს დეფიციტი. საჭირო იყო მეტი ფსიქიატრი ვიდრე აჭარაში არსებობდა. რა უნდა ექნა საავადმყოფოს, უნდა დახურულიყო? ძლივს შევძელით რომ ექიმები მოგვეძიებინა და  საავადმყოფო დამდგარიყო ფეხზე. ცნობისათვის, მაშინ 75 პაციენტი იყო და დღეს 150-მდე პაციენტია. პაციენტის პატრონს ვერ მოაყვანინებ ძალად პაციენტს, მითუმეტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა სახელმწიფო პროგრამაა და ნებისმიერ ადგილზე შეუძლია მიიყვანოს და უმკურნალოს. ძალად ვერ მოიყვან.  თუ დაინტერესდებით ძველი ფოტოები შემიძლია მოგცეთ, როგორ მდგომარეობაში იყვნენ პაციენტები  ადრე და დღევანდელი მდგომარეობასაც გაჩვენებთ.

 

 

კომისია შეიქმნას, შეამოწმონ ძველი საქმიანობაც და ახალიც. ამბობენ, რომ თურმე ახლა მოიმატა სიკვდილიანობამ. შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით ნახოთ სტატისტიკური მონაცემები. მე არ ვამბობ, რომ ჩვენთან ეს არ მომხდარა. მე რომ მოვედი ორი დღის შემდეგ მოხდა ერთი ფაქტი, ყველა ფაქტზე ექსპერტიზა გვაქვს ჩატარებული და დაუყოვნებლივ პოლიციისთვის გვაქვს შეტყობინებული.

 

 

მე  მესმის რომ ადამიანებს უნდათ სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ისაუბრონ ტყუილი და ცილი დამწამონ იმაში რომ დღეს დაწესებულებაში უფრო ცუდი მდგომარეობაა, რომ დღეს დაწესებულებაში პაციენტებს თითქოს უფრო ცუდად ეპყრობიან.  სიმართლე ძალიან კარგად იციან. ყველაზე მეტად ექიმების მიკვირს, რომელთაც მე კი არა, სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შეუჩერა ლიცენზია.

 

ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების აქცია

„სრულიად უმიზეზოდ გამოგვიშვეს სამსახურიდან. დაგვაწერინეს განცხადებები, დაგაბრუნებთო და მოგვატყუეს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ყოფილმა ექთანმა ნანა ქავთარაძემ.

 

აჭარის ფსიქო-ნევროლოგიურ საავადმყოფო 2011 წელს შეამოწმა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კომისიამ.  საავადმყოფოში ახალი დირექტორი მივიდა, საშტატო ერთეული კი შემცირდა. გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა 2012 წლის ნოემბერში წერილით მიმართეს  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და ოთხპუნქტიანი მოთხოვნა წაუყენეს. მედპერსონალი თანამდებობეზე აღდგენას, ექიმების სრულ რეაბილიტაციას, ერთ-ერთი ექიმის ლიცენზიის აღდგენას და ახალი კომისიის შექმნას მოითხოვენ.  

 

 

„ჩვენ მოვითხოვთ ისევ ამ კომისიას, შეამოწმონ, ის ჩვენიც ნახონ, რაზე დაგვსაჯეს, რისთვის დაგვსაჯეს, გარდა ამისა გვინდა ეს ახალი რაც იმუშავეს ერთი წელიწადი მაგათ, აი მაგათი შემოწმებაც,“ – აცხადებს ფსიქო-ნევროლოგიური საავადმყოფოს ყოფილი ექიმი  მეგი ვაზაგაშვილი.

 

 

აქციის მონაწილეები დღეს სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. აღნიშნულ საკითხზე აჭარის შრომის, ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნაზი მგელაძემ გააკეთა კომენტარი:

 

 

„სამინისტროს  განცხადებით მომართეს 2012 წლის ნოემბრის თვეში. განცხადება შემდგომი რეაგირებისათვის გადავაგზავნეთ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, რადგან სახელმწიფოში მოქმედებს საკანონმდებლო აქტები, რომელიც არეგულირებს სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობის ზედამხედველობაზე და კონტროლზე შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილებას.

 

ვინაიდან  აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინიტროზე არ არის  დელეგირებული სამედიცინო საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი, ჩვენ შესაბამისად ვერც კომისიას ვერ შევქმნიდით.  სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იყო, რომელიც სწავლობდა მათ საქმიანობას და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა ექიმებს სერტიფიკატები.

 

ექიმები ითხოვდნენ ასევე საჯაროდ ბოდიშის მოხდას იმ ორგანოსგან, რომელმაც  შესაბამისად შეუჩერა ეს სერტიფიკატი, უბრალოდ ავუხსენით  აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პოზიცია, კანონმდებლობის თვალსაზრისით როგორ არის, უფლებამოსილ ორგანოს გადავუგზავნეთ და ველოდებით როგორი იქნება შემდგომი რეაგირება. შესაძლებელია ისევ თავიდან შეიქმნას განმეორებითი კომისია, ჩამოვიდეს და შეიწავლოს. ეს უკვე აღარ ვიცით, სამედიცინო რეგულირების სააგენტო განმარტავს როგორ გადაწყდება მათი საკითხი,“ – განაცხადა ნაზი მგელაძემ. 

 

მამაპაპისეული ნაკვეთი 17 ლარად

კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მოსახლეობისგან იმ ნაკვეთების შესყიდვას ცდილობს, რომლებიც პროექტის მშენებლობის ფარგლებში ხვდებიან.  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვა ისე მიიღო, რომ მოსახლეობასთან ნაკვეთების შესყიდვის თაობაზე არ შეთანხმებულა და ეს საკითხი მოგვარებული არც დღეს აქვს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს ინფორმაციით  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ნაკვეთები „აჭარ ენერჯის“ მფლობელებს  2012 წლის 16 მარტს, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 მარტის 02/03/04 განკარგულების საფუძველზე გადასცა. კომპანიისთვის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში კი კომპენსაციების გაცემის ვალდებულება არ არსებობდა.

მსოფლიო WSKF ფედერაციამ ხაჯიშვილი აირჩია

ბატონო ნოდარ, აღნიშნული ფედერაცია, როგორც ვიცი, ადრეც ფუნქციონირებდა, თქვენი ორგანიზაცია ალტერნატიული ვარიანტი იქნება?

 

 

– საქართველოში იყო ასოციაციები, კლუბები, კონფედერაციები, თუმცა შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაცია არ არსებობდა. ეროვნულ სააგენტოში არ იყო დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, შეიქმნა აღნიშნული ფედერაცია. როგორც იცით, მე მსოფლიო შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოში, ანუ როგორც უწოდებენ – ბრენჩი. ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მსოფლიო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.world-shotokan.com

როდესაც მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ხელმძღვანელობას შევხვდი, მათ თავად გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოში შექმნილიყო ფედერაცია, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებდი და რომელთანაც მათ უშუალო კავშირი ექნებოდა, ანუ ჩვენთან. ფედერაცია შევქმენით, ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ბევრმა გამოთქვა. პირველ რიგში კი რეგიონებმა. მართალია, ახალჩამოყალიბებულები ვართ, მაგრამ გარკვეული პერსპექტივები უკვე გაგვიჩნდა. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩვენს ფედერაციაში გაწევრიანება არა მარტო საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რაც დაგვიდასტურეს კიდეც.

 

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ წევრებს?

 

 

– პირველ რიგში პატიოსნება და პროფესიონალიზმი, საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულება და რაც მთავარია, დამსახურება სპორტის ამ სახეობაში, აგრეთვე, არ უნდა ფიქრობდეს მარტო საკუთარ თავზე, არამედ მომავალ თაობაზე, მათ სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე. როდესაც ჩამოყალიბების სტადიაში ვიყავით, საქართველოს ყველა რეგიონიდან დამიკავშირდნენ და ჩვენთან გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ბევრი ღირსეული ადამიანი მოვიდა, რაც პირველ რიგში სპორტის ამ სახეობის განვითარებას წაადგება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაწევრიანების მსურველთათვის აუცილებელია ამ სფეროში მოღვაწე ორი ღირსეული პროფესიონალის ადამიანის რეკომენდაცია. ჯერჯერობით მხოლოდ ათი კაცი გვყავს გაწევრიანებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა გაიზრდება.

 

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ მსოფლიო ფედერაციამ თანადგომა გამოგიცხადათ

 

 

– დიახ და მათი თანადგომით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ეს პირველ რიგში აისახება საქართველოში სხვადასხვა სახის ჩემპიონატებისა და ღია ტურნირების ჩატარებაზე. როგორც ადრე გითხარით, ვაპირებთ საქართველოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ, ამის შესახებ უკვე არაერთხელ ვესაუბრე მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ლეგენდას, შეფ ინსტრუქტორს  ხიტოში კასუიას, რომელიც წელს ზაფხულში კვლავ აპირებს საქართველოში სტუმრობას. მართალია, ეს ასე უცბად არ მოხდება, მაგრამ უახლოეს წლებში ამასაც შევძლებთ. მაგრამ ერთიც მინდა დავამატო, რომ მხოლოდ ჩვენი ფედერაცია ვერაფერს შეძლებს, თუ სახელმწიფოს თანადგომა არ იქნება.

მშვილდოსნები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

თამაზ ფუტკარაძე: თბილისში საქართველოს ჩემპიონატი როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებში გაიმართება. აჭარიდან დაახლოებით 18 სპორტსმენით წარვდგებით. აქედან ცამეტს სპორტის დეპარტამენტი აფინანსებს, ერთს კი – აჭარის პარაოლიმპიური კომიტეტი. ზვიად დუმბაძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამ ტურნირზე გაირკვევა, თუ ვინ გაემგზავრება თებერვალში პოლონეთში, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

 

 

ხათუნა ნარიმანიძე ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი გახდა. ნიშნავს ეს იმას, რომ ყველაზე ტიტულოვანმა მშვილდოსანმა სპორტული კარიერა დაასრულა?

 

 

– არა, ხათუნა კვლავ გააგრძელებს აქტიურ სპორტულ კარიერას და ტურნირებშიც იასპარეზებს.

 

 

საუბარი იყო დაფინანსების მომატებაზე

 

 

– სამწუხაროდ ეს არ მოხერხდება. თავდაპირველად საუბარი იყო წლიურ 32 000 ლარზე, თუმცა, საბოლოოდ 20 000 ლარზე ჩამოგვიყვანეს. ამის მიზეზად კი დეპარტამენტმა ფინანსების ნაკლებობა დაასახელა.

 

 

ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ადგილი ვაკანტურია, როგორც ვიცი, თქვენი კანდიდატურა მოიაზრებოდა

 

 

– რამდენიმეს, მათ შორის მეც შემომთავაზეს ნაკრების სათავეში ჩადგომა, თუმცა ჯერჯერობით ყველა თავს ვიკავებთ. როდესაც თბილისში ჩავალთ ჩემპიონატზე, სწორედ იქ დავილაპარაკებთ ამის თაობაზე, ყველა წარმოადგენს საკუთარ გარანტიებს და ვნახოთ საბოლოოდ რა გადაწყდება. თუმცა დაწრმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვრთნელის გარეშე არ წარსდგება. 

აჭარის უმაღლეს საბჭოში შტატები იზრდება

ლელა დუმბაძე


22 იანვარს უმაღლესი საბჭოს  გამართულ ბიურის სხდომაზე 17 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ახალი შტატების დამატების საკითხი გამოიტანა. მისი განცხადებით, შტატების ზრდას დეპარტამენტები ითხოვენ.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით სულ ათ შტატზეა საუბარი, თუმცა განმარტებით ბარათში 14 საშტატო ერთეულის დამატებაზე იყო საუბარი. „არა მგონია აქამდე ავიდეს. ეს იმიტომ ეწერა, რომ რომ დაგვჭირდეს დამატება, ცვლილების შეტანა  აღარ იყოს საჭირო.  რეორგანიზაციის პროცესში გამოიკვეთა ამ შტატების აუცილებლობა. იმიტომ, რომ ჩვენ პრინციპულად ვაყენებთ საკითხს ასე: უმაღლეს საბჭოში მოწვეული სპეციალისტები, დროებით და ხელშეკრულებით მომუშავე ადამიანების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და დავიდეს მინიმუმამდე. ჩვენ ნეგატიურად ვართ განწყობილი დროებით სამუშაოს მიმართ, რადგან ადამიანი მუდმივ სამუშაოზე უნდა მუშაობდეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე, გაუგრძელებენ თუ არა ხელშეკრულებას“.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, შტატების დამატების უფლება აქვთ უმცირესობის წევრებისაც: „ეს გაწერილია რეგლამენტში, რომ მათ კომისიებში შეუძლიათ ჰყავდეთ ერთი ან ორი კონსულტანტი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება“. მისი განცხადებით, შტატების დამატება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, „რადგან ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი და ამ თანხებს გადავანაწილებთ.“

 

უმაღლეს საბჭოში სულ ოთხი დეპარტამენტი და ხუთი კომისიაა. ამ დროისთვის ხელშეკრულებით ათამდე თანამშრომელია დასაქმებული. ახალ შტატებზე ძირითადად ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ამ დროისთვის ხელშეკრულებით არიან აყვანილი: „თუ გამოჩნდება ვაკანსია, გამოცხადდება კონკურსი, თუ არა და, ხომ მყავს აქ ხელშეკრყულებით აყვანილი ადამიანები, მათ ავიყვანთ შტატში“-აცხადებს ავთანდილ ბერიძე

 

ბათუმის „დინამო“ მეორე წრეს გადახალისებული ხვდება

ჯერჯერობით ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ბათუმის „დინამოდან“ წავიდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიასამიძის გადაბირებით თბილისელები იმდენად იყვნენ დაინტერესებულნი, რომ დუშან უჰრინი (თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი) დათანხმდა, დიასამიძის სანაცვლოდ ბათუმში ორი მისი ფეხბურთელი გამოეშვა განათხოვრების წესით. თუმცა ვინ იქნებიან ბათუმელთა ახალწვეულები, ჯერჯერობით უცნობია.

მეორე წრისთვის გია გურულის გუნდმა ორი ფეხბურთელი უკვე დაიმატა. ესენი არიან: გიგა ჟვანია მარტვილის „მერანიდან“ და ჯემალ გაბუნია ფოთის „კოლხეთიდან“. ორივე ფეხბურთელი მცველია. „დინამო“ კიდევ ელის რამდენიმე ფეხბურთელს. 

ამჟამად ბათუმელები ანგისის სტადიონზე ვარჯიშობენ, შემდეგ ორკვირიან შეკრებას ქობულეთში გაივლიან. ისინი საწვრთნელი შეკრების გავლას თურქეთშიც აპირებენ, თუმცა რამდენად მოხერხდება ეს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

რაც შეეხება ნიკა დიასამიძის ტრანსფერს, მას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა თბილისის „დინამოს“ ფანკლუბიდან, რომლებიც ბათუმელს ნახევარმცველს ახასიათებენ როგორც ნიჭიერს, სხარტს, ტექნიკურს, არაორდინალურს და გუნდისათვის საჭირო ფეხბურთელს, რომელიც არაერთ პოზიციაზე თამაშობს კარგად.

მკლავჭიდში აჭარის პირველობა გაიმართება

გამარჯვებულები საქართველოს პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას. პირველ ადგილზე გასული სპორტსმენებით კი საქართველოს ნაკრებს დააკომპლექტებენ, რომლებიც მაისში, ევროპის პირველობაზე იასპარეზებენ.

აღსანიშნავია, რომ აჭარის პირველობაზე იასპარეზებს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი მერაბ კაკაბაძე და გოგონათა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი მარინა ფუტკარაძე.

ტურნირში ასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი როგორც მარჯვება, ასევე მარცხენა ხელში გაიმართება. გოგონები ორ, ვაჟები კი ხუთ წონით კატეგორიაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს.

ხვალიდან ბათუმში პანდუსიანი ავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ახალი მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს. #10, #16 და #17 საქალაქო-სამარშრუტო ავტობუსები რუსთაველის, გორგილაძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე გადანაწილდება.

 

#10 საქალაქო მარშრუტი რკინიგზის სადგურიდან დაიწყება, რუსთაველისა და ხიმშიაშვილის ქუჩებს გაივლის და აეროპორტთან დასრულდება. პირველ ეტაპზე 6 ახალი ავტობუსი 14- წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

 

რაც შეეხება #16 და #17 ავტობუსებს, ისინი საცდელი მარშრუტებით – ახალი ავტოსადგურიდან სარფის გამშვებ პუნქტამდე და ჭავჭავაძის ქუჩიდან აკვაპარკამდე იმოძრავებენ.

 

საცდელი ხაზები სრული დატვირთვით ახალი სამარშრუტო სქემის ძალაში შესვლის შემდეგ ამოქმედდება.

 

„FAW“ – ის მარკის 21 მაღალი კლასის ავტობუსი ქ. ბათუმის თვითმმართველობამ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით ჩინეთში შეიძინა. აღნიშნულ ავტობუსებში მოწყობილია პანდუსები, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც აძლევს გადაადგილების საშუალებას. 

 

ავტობუსების შეძენისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 3 მლნ. ლარი დაიხარჯა.

 

მასალა მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში



მორიგი საჯარო განხილვა გაიმართება 23 იანვარს, 17: 00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (ნინოშვილის ქ. 35) საკონსტიტუციო ცვლილების ორი პროექტის მორიგი სახალხო განხილვა გაიმართება.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას განხილვის ორგანიზატორი – ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ავრცელებს:

 

 

ორგანიზატორების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, „საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს  ეხება; ხოლო მეორე პროექტი -პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. 

 

 

შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამსწრე საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და  საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ. შეხვედრას მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან“.


განხილვაზე დასწრება თავისუფალია.

შეიქმნება თუ არა დაცული ტერიტორიების სააგენტო აჭარაში

ლელა დუმბაძე

 

უმაღლესი საბჭოს აგარარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისია აჭარაში დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას მოითხოვს. კომისიის თავმჯდომარის, ანზორ თხილაიშვილის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 39 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია ნაკრძალებს და დაცულ ტერიტორიებს მიეკუთვნება. ამ ტერიტორიების ეფექტურად მართვის მიზნით, აჭარაშიც უნდა შეიქმნას ანალოგიური სააგენტო.

 

„გვინდა რომ შევიტანოთ ცვლილება დაცული ტერიტორიების კანონში, რომ აჭარაში შეიქმნას დაცული ტერიტორიების ანალოგიური სააგენტო, რომ უფრო ეფექტური იყოს მართვა. დაცულ ტერიტორიებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რაც ადგილზე უფრო ეფექტურად განხორციელდება“.

 

„გვაქვს ბევრი პროექტი, მაჭახლის ხეობაზე და თიკერის აღკვეთილად გამოცხადების პროცესზე ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, ამიტომ კარგი იქნება ეს ინიციატივა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა და შესაბამისი სამსახური აჭარაშიც ჩამოყალიბდეს“- აცხადებს ანზორ თხილაიშვილი.

 

უმაღლეს საბჭოში ტესტირების შედეგები ხვალ გამოქვეყნდება

ლელა დუმბაძე


აჭარის უმაღლეს საბჭოში ძველი თანამშრომლების ზეპირი ტესტირების პროცესი დასრულდა. ოფიციალური შედეგები კი ხვალ გამოცხადდება. ზეპირი ტესტირება სულ 33 თანამშრომელმა გაიარა, ორმა კი უარი განაცხადა ტესტირების გავლაზე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აცხადებს, რომ ტესტირების შედეგებით უკმაყოფილოა.

 

„ფაქტობრივად ორ ადამიანს აქვს ისეთი შეფასება, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. მათ შორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გრძელიძეს, იმიტომ რომ ის ტესტირებაზე გამოვიდა, მაგრამ კითხვებზე არ გვიპასუხა. თუმცა, ვნახოთ კომისია როგორ გადაწყვეტს. ტესტირებაში მონაწილე 27 პირიდან, ნახევარზე მეტის საკითხი განხილვადია“.

 

რაც შეეხება ნინო გრძელიძეს, მან უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წევრებისგან პოლიტიკურ ზეწოლაზე განცხადება, რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. „მე გამოცხადდი ტესტირებაზე თუმცა განცხადება დავწერე და პროტესტის ნიშნად დავტოვე, რადგან ამ ტესტირების შედეგი არსებული რეალობიდან ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი“- ამბობს  გრძელიძე.


ხვალ ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართება

ხვალ, 23 იანვარს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა  გაიმართება.

 

საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს  ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.  შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, ოპოზიციური ფრაქციებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან დამსწრე საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და  საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ. შეხვედრას მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების  შესახებ საყოველთაო–სახალხო განხილვა უკვე გაიმართა ზუგდიდში და ქუთაისში. ბათუმში განხილვა 17:00 საათზე დაიწყება.საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.

 

მასალა მომზადებულია პრესრელიზის მიხედვით.

 

 

ახალი წიგნი ბათუმზე

წიგნის რედაქტორი საკრებულოს წევრი გენო თებიძე, კოორდინატორი საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე, ხოლო კონსულტანტი პროფესორი რამაზ სურმანიძეა.

 

„ორი წლის წინ მუშაობა დაიწყო სპეციალურმა ჯგუფმა.მანამდე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია თუ რამდენი ქუჩა  გვქონდა, როგორი იყო, როგორი  სტილის ქუჩა გვქონდა. ფაქტობრივად მთლიანი ბაზა  შეიქმნა. დღესდღეობით ქალაქს უკვე  აქვს კარგი შემეცნებითი კარგი წიგნი ალბომი, რომლითაც შეძლებს ორიენტირი გააკეთოს,“ – განაცხადა წიგნის რედაქტორმა, საკრებულოს წევრმა გენო თებიძემ.

 

ბათუმის შესახებ გამოცემულ წიგნში გამოყენებულია თეიმურაზ კომახიძის წიგნის „ბათუმის ქუჩების ისტორია“, ასევე რამაზ სურმანიძის სტატიები და ნაშრომები. 

 

წიგნი 1000 ცალიანი ტირაჟით გამოვიდა და არ გაიყიდება. საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებს და სხვადასხვა დაწესებულებებს. 

 

ქსელებში დაკარგულები

 

ვლად გიზირმანი
ვლად გიზირმანი

 

 

საღამო მშვიდობისა, ვლად.

 

საღამო მშვიდობისა.

 

21-ე საუკუნეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალური ქსელები. შენი აზრი მინდა მოვისმინო ამასთან დაკავშირებით, ადამიანის ხასიათის, აზროვნებისა და ცხოვრების რა ასპექტებზე მოქმედებს ეს ქსელები..

 

არ არის პრობლემა.

 

როგორ ფიქრობ ადამიანის ცხოვრების რა ასპექტებზე მოქმედებს სოციალური ქსელები?

 

 

მმმ, ადამიანები ორი მიზეზის გამო ჩნდებიან სოციალურ ქსელების მომხმარებლები და შესაბამისად ორ ტიპად იყოფიან. პირველი – ყველაფრით კმაყოფილნი, რომლებიც გამოდიან ქსელებში უბრალო ურთიერთობებისათვის მეგობრებთან, ნათესავებთან. მათ ცხოვრებაში ყველაფერი აქვთ – ვნება, სიყვარული, ურთიერთობა და, რაც მთავარია, ისინი არიან საკუთარი თავის პატრონი, ისინი არიან ისინი, ვინც სურთ რომ იყვნენ.

 

საინტერესონი არიან მეორე კატეგორიის ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან სოც. ქსელებში, წარმოდგებიან რა იმ იმიჯით, რომელიც მათ სურთ რომ ჰქონდეთ. ანუ   ისინი რეალობაში არაფერს არ წარმოადგენენ და აქ, სოც. ქსელებში, ასე რომ ვთქვათ, საკუთარ ფანტაზიებს, ოცნებებსა და ილუზიებს აცოცხლებენ. აი აქედან, მათი ცხოვრება იქცევა ზღაპრად. ისინი ყველაფერს რეალურად განიცდიან, იგივე სიყვარულს, ვნებას, სიხარულს, ცრემლებს..  თითქოს ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდეს.  ადამიანები, რომლების  რეალურ გრძნობებს არიან მოკლებულნი, მიემართებიან ვირტუალობისაკენ, სადაც მათთვის იხსნება უამრავი შესაძლებლობების მქონე სამყარო და ისინი თითქოს თავიანთი, ვითომ რეალური ბედის მწერლები ხდებიან.  იღებენ იმას რაც სურთ. ქალები, აჩვენებენ რა თავს მზეთუნახავებად, ეძებენ კაცებს, მათ ვირტუალურად ხვდებიან. ზოგი ისეთი გატაცებულია ამ სამყაროთი, რომ ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ იქცევა მათი რეალობა მითად, თუ როგორ კარგავენ  საკუთარ თავს. ვიღაცას შეიძლება რაღაც მომენტში ეხმარებოდეს ეს სამყარო, მაგრამ უმეტესობისათვის ეს დამღუპველი ხდება.

 

 

როგორ ფიქრობ, არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ადამიანი სამუდამოდ დაიკარგოს სოც. ქსელების ილუზიებში?

 

 

რა თქმა უნდა. ეს ალბათობა რეალურია, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, თუ რამდენადაა ადამიანი, უხეშად რომ ვთქვათ, „ჩათრეული“ რეალობაში. რაც უფრო ნაკლებ სასიცოცხლო ემოციებსა და გრძნობებს იღებს ადამიანი რეალობიდან, მით უფრო მეტად იხლართება ვირტუალური სამყაროს ქსელებში. ხშირ შემთხვევებში კი, ისინი კარგავენ რეალობის შეგრძნებას, აი ეს კი, ჩემი აზრით, ერთგვარი ფსოქოლოგიური ტრამვაა.

 

 

წარმოიდგინე, რომ ფსიქოლოგი ხარ. რა დიაგნოზს დაუსვამდი ასეთ ადამიანებს? რა სიმპტომებს გამოკვეთდი მათში? და როგორ განსხვავდებიან „რეალური“ადამიანები „ვირტუალებისაგან“?

 

ჰა, ჰა!  მე რომ ფსოქოლოგი ვიყო? მმ, ნუ, რა თქმა უნდა, არის დიაგნოზი ასეთი. ეს ერთგვარი ნარკომანიაა, ოღონდ აქ წამალი, არა ნარკოტიკული საშუალებები, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა, რომლებსაც არ იცნობ და ალბათ, ვერც ვერასოდეს გაიცნობ რეალურად. ასეთ ადამიანებს ემოციებისა და გრძნობების „ლომკა“ აქვთ, რის გამოთაც ჩნდებიან ქსელებში. ეს შემდეგ ითრევს მათ…და, კაპუტ, ბასტა! განკურნება – რეალობის დიდი პორციებია.

 

რაც შეეხება სიმპტომებს, იგივეა რაც ნარკომანებისათვისაც. ინტერნეტ „ლომკა“, უმიზეზოდ გაღიზიანება და გულზვიადობა; ასევე გამოიძინებულობა, იმიტომ რომ საათობით სხედან კომპიუტერთან, შესვენების გარეშე; შერყეული ფსიქიკური მდგომარეობა…ყველაფერი ეს მათთვისაა დამახასიათებელი. და განსხვავება მათ შორის სწორედაც რომ ესაა… რეალური ადამიანები, მათგან განსხვავებით, უფრო მხიარულები, გახსნილები, კეთილები, უფრო თავდაჯერებულები, რა თქმა უნდა, უფრო მტკიცე ფსიქიკით, რადგან მათ არაფერი ესაქმებათ იმ სამყაროში, რადგან რეალობაში არაფრის ნაკლებობას არ განიცდიან (ემოციებისა და გრძნობების, ცხოვრებილეუსლი ელემენტების ნაკლებობას).   

 

 

როგორც შენ ახსენე, ადამიანები ხდებიან სოც. ნარკომანები, მაშინ როდესაც რაღაცის ნაკლებობას განოცდიან. ვთქვათ და მათ ნახეს ეს ყველაფერი რეალობაში, „განიკურნებიან“ კი ისინი?

 

 

რასაკვირველია. თუ ისინი იპოვიან იმას, რასაც მათ სოც. ქსელები აძლევენ, მაშინ ისინი მასზე ხელს აიღებენ. მაგრამ, ნარკომანი მაინც ნარკომანია. მიეცი მას, მაგალითად, სიყვარული რეალობაში და შეიძლება ეს მათთვის ცოტა იყოს და ისევ ვირტუალობას მიუბრუნდეს. რადგან იმ სამყაროში, რამოდენიმეს ერთად შეგიძლია „ეფლირტავო“, ხოლო რეალობაში ეს დამაბრკოლებელია. ვირტუალობა ბევრ რამეს პატიობს, იმიტომ რომ, თთქოს სინამდვილე არაა…მაგრამ, ვისთვის როგორ. ასე რომ, ყველაფერი ჩახლართულია და ძალზედ ინდივიდუალურია. ზოგი შეიძლება მოწყდეს ამ სამყაროს, ზოგიც კი ვერა ან არა.  

 

 

რა შესაძლებლობებს აძლევს ეს ირეალური სამყარო და რას ართმევს?

 

 

რა შესაძლებლობებს აძლევს? ნუ, მე ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობაა ფანტაზიის უნარის განვითარებისათვის, ასევე მგრძნობელობისათვის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მისი მეორე მხარეც. ის ამავდროულად, ბევრსაც იღებს. დავიწყოთ ყველაზე მთავარიდან…ის ართმევს ყველა იმ ზემოთხსენებული დადებითი თვისებების განვითარების შანს რეალობაში. სიხარული, შეხვედრები, ფანტაზია, ოცნების კოშკები – ეს ყველაფერი, რეალური მომენტების გაშვების ტოლფასია. ზოგჯერ კი არა, ხშირ შემთხვევაში, ეს მომენტები სანანებელი ხდება, რადგან ფუჭად იხარჯება ირეალობაზე. ამიტომ საჭიროა რეალობისაგან მივიღოთ ის, რასაც გვაძლევს ვირტუალობა.

 

რას ურჩევდი  სოც. ნარკომანებს?

 

თავი ჩამოიხრჩონ!  :) ხუმრობით, რა თქმა უნდა. რადგანაც მეც ერთ-ერთი სოც. ნარკომანი გახლავარ.  რეალურად განტვირთვაა საჭირო. უნდა გადავერთოთ სინამდვილეში. თანდათანობით ჩვენი აზრი, მწყობრად უნდა გადავაერთოთ რეალობის სიხშირეზე… :) უნდა დავკავდეთ რაღაცით, უნდა ვიპოვოთ ის, რაც შეძლებს ვირტუალური სამყაროს კომპენსაციას, მაგრამ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. პირველი ნაბიჯი კი ამისაკენ, ეს საჯდომის აწევაა კომპიუტერიდან და რეალობაში გასვლა! :D შემდეგ კი, გვეშველება.

 

ჩაწერილია ფეისბუქზე, ღამის 1:30 სთ-ზე.

 

 

მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში.

კონფლიქტი მოზარდთან: პირველი ნაბიჯი მშობელმა უნდა გადადგას

გარდატეხის ასაკში მყოფ ადამიანებს გარკვეული კომპლექსები აწუხებთ, როგორ ფიქრობთ სად შეიძლება იყოს ამ კომპლექსების სათავე და რას ურჩევთ მოზარდებს,  როგორ უნდა გადაჭრან პრობლემები?

 

გეთანხმებით, ბევრი კომპლექსი ვლინდება გარდატეხის ასაკში, თუმცა ეს ყველაფერი გაცილებით ადრეული ბავშვობიდან იწყება. არსებობს კატეგორია ადამიანების, ვისაც თანატოლებთან კონტაქტურობის გამოვლენა სურს, მაგრამ ოჯახური ხელშეწყობა არ აქვთ.

 

წლების შემდეგ მშობელი სვამს კითხვას: დღეს მე მაქსიმალურად ვზრუნავ ჩემს შვილზე და არ მესმის, როგორ გამოხატავს ის პროტესტს. თუმცა, როცა წარსულში ვიქექებით. ბავშვობის პერიოდში, ვხედავთ, რაოდენ საჭიროა ოჯახური ხელშეწყობა, რათა ადამიანმა თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში.

 

მაგალითად, ბავშვმა ვიღაცამ  ბურთი ათხოვა. სახლში კი დედამ უსაყვედურა, რომ რატომ ათხოვა ბურთი. შემდეგში უკვე ბავშვი ცდილობს დაუჯეროს დედას და იღებს თანატოლებისგან გარიყვას, რის გამოც ბავშვი ღიზიანდება. ბავშვი ამას იმახსოვრებს და ეს გაღიზიანება ვლინდება შემდეგში.

 

ყველაზე დიდი პრობლემა სიამაყეა, რაღაც არ გამოგვდის  და მას გვერდზე ვდებთ, სწორედ სიამაყის გამო მეორედ აღარ ვუბრუნდებით, რაც პრობლემას წარმოქმნის. პრობლემაა, როცა მეგობრისგან რაღაცას ისე ვერ მიიღებ, როგორც ელოდები, შენ ვერ გამოხატავ შენს გრძნობებს, რომ გეწყინა და გარკვეული დროის შემდეგ ეს წყენა იჩენს თავს ოჯახში პროტესტის სახით.

 

მქონდა საუბარი 15 წლის მოზარდთან, რომელმაც მითხრა, რომ მეგობრობას ვერ ახერხებდა სხვებთან და იქნებ პრობლემა მასში იყო. აღმოჩნდა, რომ ერთ ადამიანთან არ გაუმართლა და ის თვლიდა, რომ სხვებთანაც არ შეეძლო მეგობრობა.

 

 

ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ მოზარდები?

 

 

პრობლემები განსხვავებულია. მაგალითად, დედა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა , რასაც ხშირად იწვევს ის, რომ მაგალითად, პირველი შვილი უფრო მეტი ყურადღების ქვეშაა, თუმცა სწორედ ზედმეტი ყურადღება უწყობს ხელს მას ურჩობაში.  

 

ურეხის ბავშვთა სახლში მუშაობისას არაერთ ტრავმირებულ ბავშვთან მქონია საუბარი. იმდენად უჭირდათ ოჯახური გარემოს ნაკლებობა, რომ ეს მათ ხასიათზე აისახებოდა და მათთან საუბრისას ვფიქრობდი, რა უნდა მეთქვა და რა მოყვებოდა ჩემს სიტყვას, რამოდენიმე გზა ვცადე ამ ბავშვებთან: მოფერება, მშვიდი საუბარი, დასჯითი საყვედურებიც კი. თავდაპირველად  ფიქრობდნენ , რომ მათი მომავალი დანგრეულია და მერიდებოდნენ. იყო კითხვა: „შენ მე მიშველი? ჩემს მომავალს უშველი?“  რამდენიმე თვის შემდეგ ყოფილა შემთხვევა, როცა ცხოვრებაზე აზრი შეცვლიათ.

 

 მქონდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან პატიმრებს ვეხმარებოდით. ბავშვები შეხვედრისას ამბობდნენ, რომ სითბოს ვერ იღებდნენ მშობლებისგან. სწორედ იმ მშობლებისგან, რომლებიც ჩემთან ამბობდნენ, რომ შვილისთვის ღელავდენენ. ბავშვს კი მკაცრად ექცეოდენენ.   

 

ეს ახალგაზრდები პროექტის მიმდინარეობისას ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობებში. საბოლოოდ მათ ცხოვრების გაგრძელების სურვილი დაუბრუნდათ,  მათ ისწავლეს, რომ თუ არ დააშავე, ვერ მიხვდები ცხოვრება როგორია. როცა ადამიანი შეძლებს წარსულის, აწმყოს და მომავლის გამიჯვნას, ნაკლები პრობლემა ექნება.

 

 

როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ფსიქოლოგი სკოლებში?

 

საქართველოში რატომღაც ფსიქიატრსა და ფსიქოლოგს შორის განსხვავებას ვერ ხედავენ, აქედან წარმოიშვება კომპლექსი ფსიქოლოგთან მისვლისა და საუბრისა. ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს ფსიქოლოგთან შეხვედრა. პირველ ეტაპზე ამბობენ, რომ  კარგად ვარ, არაფერი მიჭირს, თუმცა შემდგომში აღმოჩნდება, რომ პრობლემა ბევრია.

 

ჩემი აზრით ფსიქოლოგები სკოლაში უნდა იყვნენ.

 

 

რა რჩევას მისცემთ მოზარდებსა და მშობლებს, ვისაც ერთმანეთში უთანხმოება აქვთ?

 

 

გარდატეხის ასაკში რთულია ბავშვმა გამოიჩინოს კონფლიქტის მოგვარების სურვილი. სწორედ დედამ უნდა იზრუნოს ამაზე და მარტივიდან დაიწყოს.

 

 

მედიალაბორატორია. დავალება: ინტერვიუ.   

მომზადებულია გაზეთ „ბათუმელების” მედიასკოლაში.

აქცია მთავრობის სახლის წინ

ლელა დუმბაძე

 

სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ჩვენ ყველა ნაქირავებ ბინებში, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. ყველას გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას რომ საცხოვრებელი ბინით დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ წერილობითაც არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ“ – ამბობს ბერიძე ჟუჟუნა.

„ავადმყოფი ბავშვი მყავს და არ მაქვს წამლის ყიდვის შესაძლებლობა, ასთმითაა დაავადებული. ნაქირავებ, ნესტიან ბინაში ვცხოვრობთ. როგორც მერიაში მითხრეს, სოციალური სახლის სიაში ვიყავი, მაგრამ ბინა არ მომცეს. ჩვენ ვითხოვთ არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას და ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას“ – ამბობს აქციის მონაწილე მაყვალა ყულეჯიშვილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი თვითნებურად დაიკავებენ რომელიმე ფართს: „იძულებული ვიქნებით გავტეხოთ რომელიმე ფართი და შევსახლდეთ“.

სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა, მთავრობის სახლთან მისვლამდე აქცია მერიის წინაც გამართეს.

 

აჭარის ტელევიზიის სტატუსზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

„ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რადგან როგორც საქართველოს პარლამენტის საიტზე ვნახე, სტატუსის განხილვა 1 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. მე პირადად არ ვეთანხმები იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი“- განაცხადა დავით ბაციკაძე. მისი განცხადებით, კანონპროექტების შემუშავება მოხდა უმაღლესი საბჭოზე გვერდის ავლით და არ ხდება რეგიონის წარმომადგენელთა მოსაზრებების გათვალისწინება.

„ჩვენ მოგვწონს ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიდა, უბრალოდ არ მოგვწონს ის ნაწილი, რომელიც აჭარის ტელევიზიას ეხება“. დავით ბაციკაძის განცხადებით, ის არც იმ კანონპროექტს უჭერს მხარს, რომელიც „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ მიერ არის ინიცირებული.  „ამ კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია წარმოდგენილია არა როგორც ცალკე მაუწყებელი, არამედ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ნაწილი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გენო გელაძის განცხადებით, ის მუშა ჯგუფში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი აჭარის ტელევიზიის, როგორც რეგიონალური მაუწყებლის სტატუსის განხილვა მოხდება: „სხვა კანონპროექტების განხილვაში ჩვენ მონწილეობას არ მივიღებთ, პარლამენტში შესული კანონი არის ანტიკონსტიტუციური და მისი მიღების შემთხვევაში ჩვენ გავასაჩივრებთ“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაკოალიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. თუ როგორ გენო გელაძე აცხადებს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს მუშა ჯგუფში, თუკი აჭარის ტელევიზიის როგორც რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი იქნება განხილული, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ერთ ჯგუფში მუშაობას“ – განაცხადა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ.

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ სახელით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ჯგუფმა კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს და არა ბორდის დაკომპლექტების საკითხები განიხილოს.

დისკუსიის დროს კითხვები გაჩნდა დაფინანსებისა და ქონების საკითხებთან დაკავშირებით. „ორ წელიწადში ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, მზად არის აჭარის ბიუჯეტი რომ 20-30 მილიონი გადაიხადოს ამისთვის?“- განაცხადა ასლან ჭანიძემ.

დავით ბაციკაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ტელევიზიის რეგიონალური მაუწყებლად ჩამოყალიბებას პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე უჭერენ მხარს: „როდესაც გაცხადდა დეცენტრალიზაციაზე და ჩვენი ტერიტორიული მოწყობა იქნება ცოტა ხანში სულ სხვანაირი და ეს პარლამენტი აპირებს ამ კუთხით ცვლილებებს, აქედან გამომდინარე, არ არის სწორი ის ქცევა, როგორც იქცევიან. ჩვენ ჩვენი ვარიანტი უნდა შევთავაზოთ პარლამენტს“.

აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტის შესული, ერთი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ არის ინიცირებული, მეორე კი „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ მიერ.

„ყველას გვეშინია რომ ტელევიზიის მართვაში არ ჩაერიოს ვინმე, მაგრამ მე მგონია, რომ ტელევიზიაში ჩარევის მომენტი პროცენტულად იკლებს, თუმცა მანამდე უნდა შევქმნათ ჯგუფი“-განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა აკაკი ძნელაძემ.

უნივერსიტეტის რექტორი განცხადების დაწერის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავს

ლელა დუმბაძე

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალეკო ბაკურიძემ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან წასვლის თხოვნით რამდენიმე დღის წინ აკადემიურმა საბჭოს მიმართა, თუმცა საბჭომ რექტორის განცხადება არ დააკმაყოფილა.

 

 

ალეკო ბაკურიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მან აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სხვა თანამდებობაზე არჩევის გამო მიმართა: „რექტორად არჩევის შემდეგ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელად ამირჩიეს, რაც შეუთავსებადია რექტორობასთან, რადგან ასოციაციაში არის ათი ათასამდე თანამშრომელი და ათასი საქმეა გადასაკეთებელი, როგორც საინიციატივო, ასევე საკანონმდებლო კუთხით, რაც მოითხოვს თბილისში ყოფნას. მაგრამ ვემორჩილები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას და უარს ვამბობ ასოციაციის ხელმძღვანელობაზე და რექტორის პოსტზე ვრჩები“.

 

 

ალეკო ბაკურიძე განცხადების დაწერის პოლიტიკურ მიზეზებს გამორიცხავს: „განცხადების დაწერის არც პოლიტიკური და არც სხვა რაიმე მიზეზი არ ყოფილა“. ალეკო ბაკურიძე რექტორად აკადემიურმა საბჭომ გასული წლის მაისში აირჩია. იგი რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო, უნივერიტეტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

 

საია სისხლის სამართლის და საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს

ლელა დუმბაძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მორიგი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევა შეეხებოდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივაციის მქონე სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ანალიზს. კვლევაში მოხვდა 2011 წლის მაისში  აქციის დროს დაკავებულ პირთა მიმართ წარმოებული საქმეები.

შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“

„სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზმა გამოავლინა კანონის დარღვევა და უარყოფითი ტენდენციები როგორც საგამოძიებო ორგანოების, ისე სასამართლოს მხრიდან, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მართლმსაჯულების განხორციელებას“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„გავაანალიზეთ 2011 წლის 21 მაისთან დაკავშირებული ყველა საქმეები და ანგარიშში ასევე მოხვდა აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი ინცინდენტის და ყველა იმ პირის საქმე, რომელიც ამ ინცინდენტთან დაკავშირებით იქნა დაკავებული. ყველა იმ საქმეში, რომელიც საიამ შეისწავლა, არსებობს სისხლის სამართლის და პროცესუალური ნორმების აშკარა დარღვევები, მართლმსაჯულება წარიმართა დიდი ხარვეზებით და ყველა საქმეში აშკარა ფაქტებია იმისა, რომ ბრალდება მოხდა პოლიტიკური მოტივებით“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეკატერინე ფოფხაძე.

„ამ ანგარიშით საია არა მარტო ამ საქმეებს აანალიზებს, არამედ წარმოადგენს რეკომენდაციებსაც, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მისით მანიპულირება და სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაცია, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.

საიას ანგარიშის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს როგორც ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის კანონში, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც მეტ დაცულობას მიანიჭებს განსასჯელს, რომ მის მიმართ დაიღვეს კანონმდებლობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, ის თუ როგორ ხდება იძულებით საპროცესო შეთანხმების დადება პირებთან და ამის შემდეგ არანაირი ძიება საქმესთან დაკავშირებით არ ხდება. პირის აღიარება და საპროცესო შეთანხმება არის საკმარისი მტკიცებულება, რომ პიროვნებას მსჯავრი დაედოს, რაც არის ძალიან მანკიერი პრაქტიკა. ჩხრეკასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი პრობლემები, ასევე საქმე, რომელიც უნდა გავაანალიზოთ, შეეხება იარაღისა და ნარკოტიკის უკანონო ტარებას. მათზე არ ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“ – ამბობს ეკატერინე ფოფხაძე.

საიას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა სამმა პირმა მიმართა, რომლებსაც აქვთ სურვილი რომ მათ საქმეებზე განახლებული პროცესი დაიწყოს, რადგან დაისაჯონ ის პირები, ვინც მათ საქმეეში, როგორც კანონდამრღვევები ფიგურირებდა.

შეხვედრა ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, რომელსაც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, ჟურნალისტები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მძღოლო, გახსოვდეს, რომ სახლში გელოდებიან!”

აქციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რკინიგზის გადასასვლელებზე არსებულ საფრთხეზე, „ბალავარის” წევრები მძღოლებს მოუწოდებენ, არ დააყენონ საკუთარი და სხვების სიცოცხლე საფრთხის წინაშე.

სამოქალაქო კლუბ „ბალავარის“ კორდინატორი მადონა გვარამია „ბათუმელებთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მათი აქციის მიზანია არამარტო მძღოლების არამედ ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოებაზე ყურადღების გამახვილება: „მსგავსი აქციები საჭიროა, რომ გადასასვლელებთან ადამიანებმა მოძრაობის წესები არ დაარღვიონ.

მძღოლებს დავურიგეთ ბუკლეტები, სადაც გაეცნობიან გადასვლელზე საჭირო წესებს, პატარა ფლეშმობსაც მოვაწყობთ, მეორე სკოლის მოსწავლეები დაეხმარებიან კონტროლიორებს მოძრაობის მოწესრიგებაში, ალმის მოძრაობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა, ბავშვები ცოცხალ კედელს შექმნიან, რაც იძულებულს გახდის მძღოლებს,  შეჩერდნენ, რომ საფრთხე არ შეუქმნან სიცოცხლეს.”

მარიამ ჩხაიძე აქციის ერთ ერთი მონაწილეა. ის ფიქრობს, რომ მძღოლების ნაწილი  ამ აქციის შემდეგ სიფრთხილეს გამოიჩენს: „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქციაში მონაწილეობა, ბუკლეტები დავურიგეთ მძღოლებს, წესით შედეგი უნდა მოყვეს ამ აქციას.”

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი თავართქილაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი წარუდგინა. თანამშრომელთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აბესალომ გურგენიძე ამ პოსტზე პედიატრმა მალხაზ ხალვაშმა შეცვალა. 

 

მალხაზ ხალვაში აჭარის რეგიონის მკვიდრია. იგი 1972 წელს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში დაიბადა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ ხელმძღვანელს სამედიცინო საქმიანობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში იგი ბიზნეს სექტორში იყო დასაქმებული. მალხაზ ხალვაშის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაფერი გაკეთდება პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გასაწევად.

 

შპს  ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავდმყოფოს 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყდნობით

თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა

„ხუთი წლის წინ, რვა ათასი ადამიანი დაიღუპა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებლი 11 ათასამდეა გაზრდილი და სადამდე უნდა ველოდოთ? თუ დღეს არ დავიწყეთ ამაზე მოქმედება, ის მძიმე სტატისტიკა რომელიც დღეს გვაქვს, უფრო გაუარესდება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავიცვათ პასიური მწეველობისგან ბავშვები და ახალგაზრდები“-ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასება დღეს არსებულ მდგომარეობაზე.

2008 წლიდან კანონით ყველა დახურულ ნაგებობაში მოწევა იზღუდება, თუმცა ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ვერ ნახავთ ვერცერთ დაწესებულებას, კაფეს თუ რესტორანს სადაც არ ეწევიან: „იქ ბავშვს ვერ შეიყვანთ. ეწევიან როგორც საგანმანათლებლო და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებშიც. ეს იმიტომ ხდება, რომ არ სრულდება კანონი. და ის აღმასრულებლები, ვისაც აქვს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებები კონტროლზე, არ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. ესენი არიან უბნის ინსპექტორები. წინა ხელისუფლების დროს, როცა ვესაუბრებოდით მათ, გვებნებოდნენ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ გარიგებაში იყვნენ თამბაქოს ინდუსტრიასთან“-აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსთან ბრძოლა მხოლოდ ერთჯერადი აქციებით შემოიფარგლება და კანონის ამოქმედებას ყოველთვის ვეტო ედო.
„2008 წელს ჩვენი ინიციატივა იყო, რომ სრული აკრძალვა მომხდარიყო თამბაქოს რეკლამის, რაც დაბლოკილი იყო რეკლამის გამავრცელებლების მხრიდან. დღეს ვაკეთებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას და ვთხოვთ როგორც ჟურნალისტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ გავააქტიუროთ ეს თემა“.

კანონის მიხედვით, საჯარო ადგილებში ცალკე მოსაწევი ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი მწეველებისთვის, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ფოიეში, სველ წერტილში ან კიბის ქვეშ. სრული აკრძალვის რეჟიმი გვაქვს სასწავლო-საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც არც მოსაწევი ადგილი არ უნდა იყოს გამოყოფილი. „ნებისმიერ პოლიციელს დღესაც შეუძლია შეამოწმოს ეს ადგილები და კანონის დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმოს. მინიმალური ჯარიმა არის 200 ლარი“.

გიორგი ბახტურიძე თამბაქოს ინდუსტრიის სხვა მავნებლობაზეც საუბრობს: „თამბაქოს ინდუსტრიას მოაქვს ეკონომიკური ზიანიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში თამბაქოს აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოდის 150 მილიონი ლარი, ეს მაშინ როცა ამერიკელი ექსპერტების გათვალებით, უნდა შემოდიოდეს 300 მილიონი ლარი. ეს 150 მილიონი ლარი ილექება ინდუსტრიის და იმ ჩინოვნიკების ჯიბეში რომლებიც ამ ბიზნესს ლობირებენ. მეორე დანაკარგი ეს არის თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე გაცემული თანხები ბიუჯეტიდან, რაც სულ მცირე 280 მილიონი ლარია. კონვენცია ავალდებულებს ქვეყანას,  რომ შეიქმნას კონკრეტული სტრუქტურები, რომელიც რეალურად გააკონტროლებს ამ სიტუაციას“.

გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თავის დროზე უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტიც, როგორც თამბაქოსგან თავის დანებების საშუალება: „ამიტომაც ეს სიგარეტი არ დაბეგრილა, თუმცა ისიც ისევე აყენებს ჯანმრთელობას ზიანს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი“.

თამბაქოს მავნებლობის შესახებ და კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით შეხვდერა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ და „welfare Foundation“ გამართეს.

ექიმების პროტესტი ბათუმში

„ნახევარმა თანამშრომლებმა გაიარეს კონკურსი და  გადადიან ალდაგის კლინიკაში. გვეუბნებიან, თქვენი საავადმყოფო დაიხურებაო. ჩვენ შენარჩუნება გვინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს. იმის იმედით ვართ, რომ დავრჩებით მუნიციპალურ საავადმყოფოდ და არ გავითიშებით, ზოგი ალდაგის კლინიკაში, ზოგი აქით. ყველას გვინდა რომ ადგილზე  ვიმუშაოთ ისე, როგორც აქამდე ვმუშაობდით,“ – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშორმელი გულნარა აგიბა.

 

„დღეს ჩვენი თავშეყრის მიზეზი არის ის, რომ გვაინტერესებს, თუ რა ბედი ელის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. ჩვენ გვინდა  ამ ტერიტორიაზე იყოს ძლიერი, მულტიპროფილური საავადმყოფო. მინისტრმა დაგვაიმედა, რომ ამ ტერიტორიაზე აშენდებოდა ახალი კლინიკა. ახლა ჩვენ გვაინტერესებს, აშენებამდე რა გველოდება. როგორ ვიმუშაოთ. რა დაფინანსების წყარო გვექნება,“ – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგი ნინო კახიძე.

 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობს.

 

დღის ბოლოს “ბათუმელებთან” კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ. 

 

„რესპუბლიკური საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას. განხორციელდება ღონისძიებები რომ უპასუხოს სამედიცინო პირობებს. პარალელურად მიმდინარეობს სამუშაოები რომ აშენდეს  ახალი მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, რომელსაც  ექნება  რეფერალური დატვირთვა, რომელიც იქნება ყველაზე მძლავრი საავადმყოფო.  ამ ეტაპზე ასე ვფიქრობთ ჩვენ, ასე გვინდა.  ახლა მიმდინარეობს სამუშაოები რომ მოვიპოვოთ რესურსი და გაკეთდეს რესპუბლიკური საავადმყოფო,” – განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.

 

ექიმების პროტესტი
ექიმების პროტესტი

 

 

 

დისკუსია აჭარის უფლებების გაფართოებაზე

ლელა დუმბაძე



საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის პრობლემა, – ეს იყო დისკუსიის თემა, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის სტიპენდიანტმა, სულხან ფალავანდიშვილმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, დღეს დეცენტრალიზაციის პრობლემა აქტუალურია, რადგან ავტონომიურ ერთეულებში რეალური თვითმმართველობა, არ ხორციელდება. „თუ ვერ მოხდება შეთანხმებული პროცედურების გავლა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ავტონომიურ ერთეულების ხელმძღვანელებს შორის, ეს რეალურად შექმნის პრობლემას“ -ამბობს სულხან ფალავანდიშვილი.

 

 

„ამ შემთხვევაში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ არა მარტო აჭარის ავტონომიურ ერთეულებზე, არამედ, მთლიანად საქართველოს ტერიტორიულ მოწყობაზე. აჭარაზე უფრო მეტად იმიტომ გამახვილდა ყურადღება, რომ ეს არის ერთადერთი ავტონომიური ერთეული, სადაც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება. შესაბამისად, ავტონომიის სტატუსის განსაზღვრა და უფლებების გაზრდა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის, ასევე ქვეყნისთვის“.

 

სულხან ფალავანდიშვილის აზრით, უნდა განისაზღვროს თვითმმართველობებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების წესი, შესაძლებელია გარკვეული საკანონმდებლო პაკეტების მომზადება უფლებამოსილების გაფართოების მიზნითაც. „ვეთანხმები იმ აზრს რომ ავტონომიურ ერთეულებს არ უნდა ჰქონდეს ცალკე, დამოუკიდებელი ძალოვანი სტრუქტურები და გასამხედროებული პოლიციური ძალები, რადგან უსაფრთხოების უზრუნველყოფა ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, მაგრამ სხვა სფეროებში, უფლებამოსილების გაფართოებაზე უნდა ვიფიქროთ“.

 

 

დისკუსია დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

აქცია „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებს“

 ბათუმელები

 

25 იანვარს ტარდება საქველმოქმედო აქცია, სადაც უსახლკარო და მიუსაფარი ადამიანებისთვის თბილი ტანსაცმელი და ფახსაცმელი შეგროვდება. ასევე, ზამთარში გამოსადეგი სხვა ნივთები, შესაძლებელია ფულადი დახმარების გაცემაც. 

 

აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 25 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შეუერთდნენ აქციას 12 საათიდან დღის სამ საათამდე. საქველმოქმედო აქციას ორგანიზებას უწევს სტუდენტი ედიშერ მჟავანაძე. 

 

აქცია – „დავეხმაროთ მიუსაფარ ადამიანებ“, პირველად ათ იანვარს გაიმართა, სადაც ჟურნალისტებმა, აჭარის მთავრობისა და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლებმა მიუსაფარი ადამიანებისთვის შემწეობა გაიღეს.  

 

აქცია ანსამბლის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით

„მესამე დღეა ვაპროტესტებთ და ვითხოვთ გადადგეს ამირან პაიჭაძე. მიზეზი ისაა, რომ გულგრილი დამოკიდებულება არის ანსამბლის ხელმძღვანელის მხრიდან მსახიობებისადმი. წინხედვა არ არის ანსამბლის და ასე შემდეგ. უნდა გადადგეს დირექტორი, ქორეოგრაფი და ბევრია კიდევ მანდ გადასადგომი და მოსახსნელი,“ – აცხადებს ანსამბლის მსახიობი ბესო ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

 

ანსამბლის წევრთა ნაწილმა განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 14 პუნქტიანი განცხადება წარუდგინა, სადაც მათი მოთხოვნებია ჩამოყალიბებული. რაც შეეხება თავად ამირან პაიჭაძეს, ის გადადგომას არ აპირებს და სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება.

 

„მსახიობთა გარკვეული ჯგუფი, თავისი პრეტენზიებით წარმოდგნენ.  განვილიხე მათი პრეტენზიები,  არ ვეთანხმები და უსაფუძვლოდ მიმაჩნია.  ამაზე ჩვენ გვქონდა გუშინ მსჯელობა, აქტიურად მონაწილეობს სამინისტროც, რომელმაც მოისმინა ორთავე მხარის პრეტენზიები, თვალნათლივ დაინახა სად იყო სიმართლე და სად – ტყუილი,“ – განაცხადა ამირან პაიჭაძემ.

 

პაიჭაძის თქმით სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება და რასაც სამინისტრო გადაწყვეტს, იმის მიხედვით იმოქმედებს.

 

რაც შეეხება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოზიციას, მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებით სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და გადაწყვეტილებას 22 იანვრამდე მიიღებს.  

 

კირთაძის პასუხი უმაღლეს საბჭოს და პასუხის პასუხი ავთანდილ ბერიძისგან

გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი კირთაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე

 

„ – მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის არაკომპეტენტური წერილი  მუშაობის პრაქტიკაში პირველად ვნახე  თვითმმართველობაში შემოსული. წერილში მოყვანილი სწრაფად განსახორცილებელ ღონისძიებათა ნაწილი უკვე ხორცილედება ბათუმში, მაგრამ როგორც ჩანს მათ ამის შესახებ  ინფორმაცია არ აქვთ. ნაწილის განხორციელებისათვის ჩვენ დაახლოებით  მილიარდამდე ლარი  და რამოდენიმე წელი  გვჭირდება. მნიშვნელოვანი არის ის, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის მეგობრებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ კომპეტენციები ვის რა ეხება.

 

 

თვითმმართველობას უგზავნიან სასწრაფოდ გადასაწყვეტად ისეთ თემებს, რომლებიც არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში და უფრო მეტად შედის მათ კომპეტენციაში. მაგალითად  გაზის საკითხი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება. ასევე ენერგოპროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მინდა ვთხოვო, რომ  თვითონ დაინტერესდნენ, იმიტომ, რომ  მთავარი მაკონტროლებელი ამ ყველაფრისა არის ენერგეტიკის სამინისტრო. ასევე დაავიწყდათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აქვთ და როგორც წესი მათი განსახორციელებელია გარკვეული პროექტები.

 

 

იმას, რომ ბათუმში სწრაფად აშენდეს სტადიონი, დასრულდეს გზების მშენებლობა, კომუნიკაციების ბოლომდე გაიმართოს და ასე შემდეგ –  ამ ყველაფერს სჭირდება  ფინანსური რესურსი და დრო.  ამის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ უმაღლეს საბჭოსთან, სადაც ქალაქის თვითმმართველობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ფუნქციები იკვეთება.  უბრალოდ მოვუწოდებთ, რომ იქნებ ცოტა უფრო მეტად კარგად ჩახედონ კანონს და ამის შემდეგ აგზავნონ წერილები ჩვენთან. ” – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის „სწრაფად განსახორცილებელ ღონისძიებათა“ ჩამონათვალი 23 პუნქტისგან შედგება და სხვადასსხვა სფეროებს შეეხება. მათ შორისაა  სადარბაზოებისა და სარდაფების მავნე მწერებისა და მრღნელების საწინააღმდეგო ხსნარით დაწამვლა, ნაგავსაყრელის ადგილმონაცვლეობა; მოზარდებისთვის ხერხემლის სვეტის დარღვევის მკურნალობის ხელშეწყობა და სხვა საკითხები.

 

 

„მე წერილი გავუგზავნე ქალაქ ბათუმის მერს და ბატონ ჯემალ ანანიძისგან ველოდები შესაბამის პასუხს. ტელევიზიით რა კომეტარი გაკეთდა ამის შესახებ, არ ვიცი, რადგან მისი გაცნობის დრო და საშუალება არ მქონდა, შესაბამისად ვერც კომანტარს ვერ გავაკეთებ. “ – ასეთი პასუხი გაგვცა ავთანდილ ბერიძემ  გიორგი კირთაძის განცხადებასთან დაკავშირებით თანაშემწის, გიორგი გორაძის დახმარებით. უშუალოდ ავთანდილ ბერიძესთან დაკავშირება ვერ შევძელით, ამის მიზეზი უმაღლეს საბჭოში მიმდინარე თანამშრომელთა ატესტაცია დაასახელეს.  

 

 

გიორგი კირთაძის თქმით კი ამ დღეებში უმაღლესი საბჭო მიიღებს პასუხს, რომელსაც თან ექნება დართული ის პროექტები, რომლებიც ქალაქში ხორციელდება  და ასევე „დეტალურად იქნება გაწერილი თუ რა ჯდება მათი ოცნებები.“

 

 

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

 „რაც ახალი გამგებელი მოვიდა, მისაღებში  მასთან შეხვედრის მსურველთა რიგები არ წყდება; უმეტესობა ქართული ოცნების ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელისგან წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას, ანუ დასაქმებას ითხოვს;  მოდიან ადამიანები, კონკრეტულ თანამდებობებს ადებენ ხელს და ამბობენ: ეს ადგილი მე მინდა; ახალი გამგებელიც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, ქართული ოცნების კოორდინატორებმა მის კაბინეტში ერთი ამბავი ატეხეს, სამსახურებს თუ არ მოგვცემთ, აქედან არ გავალთო; ახალმა გამგებელმა კი ამაზე ისე ინერვიულა, წნევა აუწია და ცუდად გახდა;“ – ამ ყველაფერზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში საუბრობენ. ოღონდ არა დიქტოფონთან, მათგან უმეტესობა სწორედ ახლა, როცა „სამსახურის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ დგას“, „ვინმეს თვალში ცუდად მოხვედრას“ ერიდება.     

 

 

 

ხელვაჩაურის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“  ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ლორთქიფანიძე ყოფილი გამგებლის გურამ საფარიძის გადადგომიდან მესამე დღეს, 31 დეკემბერს  დანიშნეს.  რიგგარეშე სხდომას, რომელზეც საკრებულოს წევრებმა გამგებლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილეს, საკრებულოს 22 წევრიდან 17 ესწრებოდა. ლევან ლორთქიფანიძის დანიშვნას მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა. არჩევნების შემდეგ ამ ფრაქციაში გაერთიანებულთა რიცხვი ათამდე შემცირდა.

 

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრია, „ბათუმელებთან“ საკადრო პოლიტიკის გამო გამგეობაში შექმნილი ვითარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. „სოციალური პროგრამების განხორციელების გარდა ქართული ოცნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც  ვფიქრობ არჩევნების მოგების ერთ-ერთი მიზეზია, იყო დასაქმება. ცხადია ახლა  მოაკითხეს მას იმ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, არჩევნებამდე დასაქმებას პირდებოდა. იმისთვის კი, რომ გამოთავისუფლდეს ადგილები ამ ადამიანებისთვის, გამოდის რომ უკვე დასაქმებულები, რომლებიც წლებია მუშაობდნენ  და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, სახლებში უნდა გაუშვან, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, დანიშვნამდე მას შევხვდით და ვთხოვეთ, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები სამსახურიდან არ გაეშვათ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ მხარი დავუჭირეთ მის დანიშვნას, თუმცა როგორც ჩანს პირობა არ სრულდება. “

 

 

ახალი გამგებლის დანიშვნის დღესვე სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები გამგებლის სამივე მოადგილემ: ირაკლი სურმანიძემ, ლეონ თედორაძემ და თამაზ კარანაძემ დაწერეს. მოგვიანებით სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა გამგებლის თანაშემწემ ჯაბა აბულაძემაც.  სამსაურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს მუნიციპალიტეტის თერთმეტივე თემის რწმუნებულებმაც,  თუმცა რწმუნებულების  მოთხოვნა ჯერ  არ დაკმაყოფილებულა და ისინი შესაბამისი ბრძანების მიღებამდე მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ. „ბათუმელები“  მათ ტელეფონით დაუკავშირდა:

 

 

 

ორთაბათუმის თემის რწმუნებული მერაბ ძნელაძე: „- ცუდი არაფერი გამიკეთებია, პატიოსნად ვემსახურებოდი ხალხს და არც არავისი მეშინია, თანამდებობა ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. თან ძალიან გადავიღალე. შევთანხმდით თემის რწმუნებულები, რომ ერთობლივად დაგვეწერა განცხადებები წავლაზე და ასეც მოვიქეცით. ზეწოლა მართლა არ გვქონია. ახლა მოვალეობის შემსრულებელი ვარ, მეტყვიან დარჩიო – დავრჩები , წადიო –  წავალ.“  

 

 

 

სარფის თემის რწმუნებული ირაკლი ვანაძე: „რატომ გადავწყვიტე? – მითხრეს დაწერეო და დავწერე. ვინ მითხრა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავრობა შეიცვალა და უნდა წახვიდეთო.“

 

 

 

გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვების თაობაზე თავად გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდება კონკურსი გამგეობაში თანამდებობების დასაკავებლად, მანამდე კი უკვე დასაქმებულებს სტატუსი შეეცვლებათ და კონკურსის გავლამდე ისინი  მოვალეობის შემსრულებლებად იმუშავებენ. 

 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს მის კაბინეტში ვიზიტორთა რაოდენობას ან მათ მოთხოვნებს არ უკავშირდებოდა: „ვირუსი მქონდა და შეუძლოდ გავხდი, ისე კი მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა მოსალოცად მოდის და არა მოთხოვნებით. რაც შეეხება მათ, ვინც წასვლაზე განცხადება დაწერა, მე მათთვის არაფერი დამივალებია. პირიქით ვთხოვე რომ დარჩნენ და იმუშავონ.“  

 

ხელვაჩაურის საკრებლოს სხდომა

დავით ბაციკაძე: “აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა”

„არასამთავრობოებს გამოკითხვაც აქვთ ჩატარებული ამასთან დაკავშირებით და საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ეთანხმება იმ პრინციპს, რომ აჭარის ტელევიზიამ უნდა იმაუწყებლოს, როგორც რეგიონულმა მაუწყებელმა“, –  განაცხადა დავით ბაციკაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მურმან დუმბაძემ პარლმანეტში კანონპროექტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის შესახებ გასული წლის 11 დეკემბერს შეიტანა. ამ კანონპროექტის მიხედვით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს და შეიქმნას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ტელევიზია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს 5 ადამიანისგან შემდგარი სამეურვეო საბჭო და დირექტორი უხელმძღვანელებს.

გარდა ამ კანონპროექტისა არსებობს  “კოალიაცია მედია ადვოკატირების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც აჭარის ტელევიზია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხად უნდა ჩამოყალიბდეს.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით და  არ მოგვწონს ის კანონი რომლის ინიცირებასაც აპირებენ საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ როდესაც  გაცხადებულია ქვეყნის დეცენტრალიზაცია, ამას ეწინააღმდეგება ის, რომ აჭარის ტელევიზია დაემატოს მეოთხე არხად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს. არ ვეთანხმებით არც იმ პრინციპებს, თითქოს ორჯერ არ უნდა იხდიდეს ფულს, ესეც საკამათო თემაა, მაგ ლოგიკით მაშინ არც უმაღლესი საბჭო უნდა არსებობდეს და არც აჭარის მთავრობა, იმიტომ რომ ორჯერ გადახდილი ფული გამოდის. დეცენტრალიზაციის პირობებში ერთ მაუწყებელში მოქცევა, რამდენიმე  არხის და ერთი დიდი მონსტრის გაკეთება ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვფიქრობთ, რომ აჭარის ტელევიზიამ ცალკე უნდა იმაუწყებლოს“, – აცხადებს დავით ბაციკაძე. 

დღესვე მედიასთან კომენტარი გააკეთა  მურმან დუმბაძემაც.

„ბატონი ზვიად ქორიძისა და ბატონი ლაშა ტუღუშის მიერ შემოტანილი პროექტი ამბობს, რომ  აჭარის ტელერადიო დეპარტამენტი უნდა გადაკეთდეს მაუწყებელ არხად,  დაახლოებით ისეთი ტიპის არხი უნდა იყოს, როგორიც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაგრამ ეს უნდა ამოვიდეს  ცენტრალურ დონეზე, მისი ქონება, ფინანსების მართვა ყველაფერი უნდა გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. ანუ ზოგადად ვერ ამბობენ ამას ღიად, მაგრამ ის უნდა გახდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფილიალი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი მუშაობს. ეს არის ერთადერთი საკითხი, სადაც როგორც უმცირესობა ისე უმრავლესობა შეთანხმებული არიან იმაზე, რომ აჭარაში ჩამოყალიბდეს რეგიონული მაუწყებელი.

 მარტივი პროცედურა არის ჩასატარებელი, საზოგადოებრივ მუწყებლის შესახებ კანონში ერთი წინადადება უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს სახელმწიფო უშვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას და ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს რეგიონალური მაუწყებლები. მაგალითად აფხაზეთის მაუწყებელი. თუ რეგიონალური მაუწყებლები იარსებებენ, თუ ქვედა დონის ჟურნალისტები იარსებებენ, თუ ფინანსები იარსებებს, თუ რეგიონები ამას მოუვლიან, დაე მოუარონ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

აღსრულების ეროვნული ბიუროს სემინარი ჟურნალისტებისათვის

აღსრულების ეროვნული ბიურო დასავლეთ საქართელოში მოქმედი მედია-საშუალებების ჟურნალისტებისათვის მედია სემინარს მართავს.

 

17 იანვარს, ხუთშაბათს, 16.00სთ.-ზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ევროკავშირის პროექტის- “დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის”, მხარდაჭერით სააღსრულებო თემაზე მედია-სემინარს მართავს.

 

 

მედია სემინარის მიზანი ქართული მედიისთვის სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებისა და ყველა იმ სიახლის გაცნობაა, რომელიც ბიუროში უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში განხორციელდა.

 

 

მედია-სემინარზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე:

 

 

• აღსრულების ეროვნული ბიურო;
• სააღსრულებო წარმოება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
• აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა ქცევის კოდექსი;
• გამარტივებული წარმოება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• კერძო აღმასრულებელთა საქმიანობის თავისებურებანი;
• ელექტრონული აუქციონი.



მედია-სემინარის მსვლელობის დროს დამსწრე ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს, სააღსრულებო პროცესისა და ბიუროს მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ახალი სერვისების შესახებ. მედია სემინარი ბიზნეს ვახშამით დასრულდება.

 

 

მისამართი: ქ. ბათუმი, ხიმშიაშვილის ქ. N7, იუსტიციის სახლის სადემონსტრაციო დარბაზი.



 

მომზადებულია პრესრელიზზე დაყრდნობით.

Exit mobile version