სპორტი

მსოფლიო WSKF ფედერაციამ ხაჯიშვილი აირჩია

23.01.2013 • 2664
მსოფლიო  WSKF ფედერაციამ ხაჯიშვილი აირჩია

ბატონო ნოდარ, აღნიშნული ფედერაცია, როგორც ვიცი, ადრეც ფუნქციონირებდა, თქვენი ორგანიზაცია ალტერნატიული ვარიანტი იქნება?

 

 

– საქართველოში იყო ასოციაციები, კლუბები, კონფედერაციები, თუმცა შოტოკან კარატე დო-ს ეროვნული ფედერაცია არ არსებობდა. ეროვნულ სააგენტოში არ იყო დარეგისტრირებული. სწორედ ამიტომ, საქართველოში, კერძოდ ბათუმში, შეიქმნა აღნიშნული ფედერაცია. როგორც იცით, მე მსოფლიო შოტოკან კარატე დო-ს ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელი ვარ საქართველოში, ანუ როგორც უწოდებენ – ბრენჩი. ამ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მსოფლიო ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.world-shotokan.com

როდესაც მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ხელმძღვანელობას შევხვდი, მათ თავად გამოთქვეს სურვილი, რომ საქართველოში შექმნილიყო ფედერაცია, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებდი და რომელთანაც მათ უშუალო კავშირი ექნებოდა, ანუ ჩვენთან. ფედერაცია შევქმენით, ოფიციალურად დავარეგისტრირეთ, როგორც ამას კანონი მოითხოვს. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი ბევრმა გამოთქვა. პირველ რიგში კი რეგიონებმა. მართალია, ახალჩამოყალიბებულები ვართ, მაგრამ გარკვეული პერსპექტივები უკვე გაგვიჩნდა. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩვენს ფედერაციაში გაწევრიანება არა მარტო საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რაც დაგვიდასტურეს კიდეც.

 

 

რა კრიტერიუმებით არჩევთ წევრებს?

 

 

– პირველ რიგში პატიოსნება და პროფესიონალიზმი, საქმისა და ქვეყნისადმი ერთგულება და რაც მთავარია, დამსახურება სპორტის ამ სახეობაში, აგრეთვე, არ უნდა ფიქრობდეს მარტო საკუთარ თავზე, არამედ მომავალ თაობაზე, მათ სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე. როდესაც ჩამოყალიბების სტადიაში ვიყავით, საქართველოს ყველა რეგიონიდან დამიკავშირდნენ და ჩვენთან გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ბევრი ღირსეული ადამიანი მოვიდა, რაც პირველ რიგში სპორტის ამ სახეობის განვითარებას წაადგება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაწევრიანების მსურველთათვის აუცილებელია ამ სფეროში მოღვაწე ორი ღირსეული პროფესიონალის ადამიანის რეკომენდაცია. ჯერჯერობით მხოლოდ ათი კაცი გვყავს გაწევრიანებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი რაოდენობა გაიზრდება.

 

 

თქვენ აღნიშნეთ, რომ მსოფლიო ფედერაციამ თანადგომა გამოგიცხადათ

 

 

– დიახ და მათი თანადგომით ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ეს პირველ რიგში აისახება საქართველოში სხვადასხვა სახის ჩემპიონატებისა და ღია ტურნირების ჩატარებაზე. როგორც ადრე გითხარით, ვაპირებთ საქართველოში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ, ამის შესახებ უკვე არაერთხელ ვესაუბრე მსოფლიო შოტოკან კარატე დოს ლეგენდას, შეფ ინსტრუქტორს  ხიტოში კასუიას, რომელიც წელს ზაფხულში კვლავ აპირებს საქართველოში სტუმრობას. მართალია, ეს ასე უცბად არ მოხდება, მაგრამ უახლოეს წლებში ამასაც შევძლებთ. მაგრამ ერთიც მინდა დავამატო, რომ მხოლოდ ჩვენი ფედერაცია ვერაფერს შეძლებს, თუ სახელმწიფოს თანადგომა არ იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: