სიახლეები

თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა

17.01.2013 •
თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ორნახევარჯერ გაიზარდა

„ხუთი წლის წინ, რვა ათასი ადამიანი დაიღუპა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შედეგად, ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებლი 11 ათასამდეა გაზრდილი და სადამდე უნდა ველოდოთ? თუ დღეს არ დავიწყეთ ამაზე მოქმედება, ის მძიმე სტატისტიკა რომელიც დღეს გვაქვს, უფრო გაუარესდება. ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავიცვათ პასიური მწეველობისგან ბავშვები და ახალგაზრდები“-ასეთია არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასება დღეს არსებულ მდგომარეობაზე.

2008 წლიდან კანონით ყველა დახურულ ნაგებობაში მოწევა იზღუდება, თუმცა ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ვერ ნახავთ ვერცერთ დაწესებულებას, კაფეს თუ რესტორანს სადაც არ ეწევიან: „იქ ბავშვს ვერ შეიყვანთ. ეწევიან როგორც საგანმანათლებლო და სხვა დახურული ტიპის დაწესებულებებში, ასევე სამედიცინო დაწესებულებებშიც. ეს იმიტომ ხდება, რომ არ სრულდება კანონი. და ის აღმასრულებლები, ვისაც აქვს სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებები კონტროლზე, არ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. ესენი არიან უბნის ინსპექტორები. წინა ხელისუფლების დროს, როცა ვესაუბრებოდით მათ, გვებნებოდნენ, რომ პოლიტიკური ნება არ იყო, იმიტომ რომ საკმაოდ სერიოზულ გარიგებაში იყვნენ თამბაქოს ინდუსტრიასთან“-აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

გიორგი ბახტურიძის თქმით, თამბაქოსთან ბრძოლა მხოლოდ ერთჯერადი აქციებით შემოიფარგლება და კანონის ამოქმედებას ყოველთვის ვეტო ედო.
„2008 წელს ჩვენი ინიციატივა იყო, რომ სრული აკრძალვა მომხდარიყო თამბაქოს რეკლამის, რაც დაბლოკილი იყო რეკლამის გამავრცელებლების მხრიდან. დღეს ვაკეთებთ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციას და ვთხოვთ როგორც ჟურნალისტებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომ გავააქტიუროთ ეს თემა“.

კანონის მიხედვით, საჯარო ადგილებში ცალკე მოსაწევი ადგილი უნდა იყოს გამოყოფილი მწეველებისთვის, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ფოიეში, სველ წერტილში ან კიბის ქვეშ. სრული აკრძალვის რეჟიმი გვაქვს სასწავლო-საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც არც მოსაწევი ადგილი არ უნდა იყოს გამოყოფილი. „ნებისმიერ პოლიციელს დღესაც შეუძლია შეამოწმოს ეს ადგილები და კანონის დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმოს. მინიმალური ჯარიმა არის 200 ლარი“.

გიორგი ბახტურიძე თამბაქოს ინდუსტრიის სხვა მავნებლობაზეც საუბრობს: „თამბაქოს ინდუსტრიას მოაქვს ეკონომიკური ზიანიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში თამბაქოს აქციზიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოდის 150 მილიონი ლარი, ეს მაშინ როცა ამერიკელი ექსპერტების გათვალებით, უნდა შემოდიოდეს 300 მილიონი ლარი. ეს 150 მილიონი ლარი ილექება ინდუსტრიის და იმ ჩინოვნიკების ჯიბეში რომლებიც ამ ბიზნესს ლობირებენ. მეორე დანაკარგი ეს არის თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე გაცემული თანხები ბიუჯეტიდან, რაც სულ მცირე 280 მილიონი ლარია. კონვენცია ავალდებულებს ქვეყანას,  რომ შეიქმნას კონკრეტული სტრუქტურები, რომელიც რეალურად გააკონტროლებს ამ სიტუაციას“.

გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თავის დროზე უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტიც, როგორც თამბაქოსგან თავის დანებების საშუალება: „ამიტომაც ეს სიგარეტი არ დაბეგრილა, თუმცა ისიც ისევე აყენებს ჯანმრთელობას ზიანს, როგორც ჩვეულებრივი სიგარეტი“.

თამბაქოს მავნებლობის შესახებ და კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით შეხვდერა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ და „welfare Foundation“ გამართეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: