Batumelebi | აჭარის ტელევიზიის სტატუსზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს აჭარის ტელევიზიის სტატუსზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს – Batumelebi

აჭარის ტელევიზიის სტატუსზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

ლელა დუმბაძე

 

დღეს, 21 იანვარს აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში დისკუსია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მედიისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე უძღვებოდა. მისი განცხადებით, უნდა შეიქმნას მუშა ჯგუფი, რომელიც სტატუსის განსაზღვრაზე იმუშავებს.

 

„ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რადგან როგორც საქართველოს პარლამენტის საიტზე ვნახე, სტატუსის განხილვა 1 თებერვლისთვის არის დაგეგმილი. მე პირადად არ ვეთანხმები იმ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი“- განაცხადა დავით ბაციკაძე. მისი განცხადებით, კანონპროექტების შემუშავება მოხდა უმაღლესი საბჭოზე გვერდის ავლით და არ ხდება რეგიონის წარმომადგენელთა მოსაზრებების გათვალისწინება.

„ჩვენ მოგვწონს ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში შევიდა, უბრალოდ არ მოგვწონს ის ნაწილი, რომელიც აჭარის ტელევიზიას ეხება“. დავით ბაციკაძის განცხადებით, ის არც იმ კანონპროექტს უჭერს მხარს, რომელიც „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ მიერ არის ინიცირებული.  „ამ კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია წარმოდგენილია არა როგორც ცალკე მაუწყებელი, არამედ, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ნაწილი“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გენო გელაძის განცხადებით, ის მუშა ჯგუფში იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი აჭარის ტელევიზიის, როგორც რეგიონალური მაუწყებლის სტატუსის განხილვა მოხდება: „სხვა კანონპროექტების განხილვაში ჩვენ მონწილეობას არ მივიღებთ, პარლამენტში შესული კანონი არის ანტიკონსტიტუციური და მისი მიღების შემთხვევაში ჩვენ გავასაჩივრებთ“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მედიაკოალიციის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს. თუ როგორ გენო გელაძე აცხადებს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს მუშა ჯგუფში, თუკი აჭარის ტელევიზიის როგორც რეგიონალური საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი იქნება განხილული, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ერთ ჯგუფში მუშაობას“ – განაცხადა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელმა ასლან ჭანიძემ.

ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ სახელით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ჯგუფმა კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს და არა ბორდის დაკომპლექტების საკითხები განიხილოს.

დისკუსიის დროს კითხვები გაჩნდა დაფინანსებისა და ქონების საკითხებთან დაკავშირებით. „ორ წელიწადში ქვეყანა ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, მზად არის აჭარის ბიუჯეტი რომ 20-30 მილიონი გადაიხადოს ამისთვის?“- განაცხადა ასლან ჭანიძემ.

დავით ბაციკაძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ტელევიზიის რეგიონალური მაუწყებლად ჩამოყალიბებას პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე უჭერენ მხარს: „როდესაც გაცხადდა დეცენტრალიზაციაზე და ჩვენი ტერიტორიული მოწყობა იქნება ცოტა ხანში სულ სხვანაირი და ეს პარლამენტი აპირებს ამ კუთხით ცვლილებებს, აქედან გამომდინარე, არ არის სწორი ის ქცევა, როგორც იქცევიან. ჩვენ ჩვენი ვარიანტი უნდა შევთავაზოთ პარლამენტს“.

აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტში განსახილველად ორი კანონპროექტის შესული, ერთი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან დუმბაძის მიერ არის ინიცირებული, მეორე კი „კოალიცია მედიის ადვოკატირების“ მიერ.

„ყველას გვეშინია რომ ტელევიზიის მართვაში არ ჩაერიოს ვინმე, მაგრამ მე მგონია, რომ ტელევიზიაში ჩარევის მომენტი პროცენტულად იკლებს, თუმცა მანამდე უნდა შევქმნათ ჯგუფი“-განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა აკაკი ძნელაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"