მთიანი აჭარა

ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

16.01.2013 • 1970
ახალი გამგებელი, საკადრო პოლიტიკა და დაძაბულობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

 „რაც ახალი გამგებელი მოვიდა, მისაღებში  მასთან შეხვედრის მსურველთა რიგები არ წყდება; უმეტესობა ქართული ოცნების ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელისგან წინასაარჩევნო დანაპირების შესრულებას, ანუ დასაქმებას ითხოვს;  მოდიან ადამიანები, კონკრეტულ თანამდებობებს ადებენ ხელს და ამბობენ: ეს ადგილი მე მინდა; ახალი გამგებელიც ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა, ქართული ოცნების კოორდინატორებმა მის კაბინეტში ერთი ამბავი ატეხეს, სამსახურებს თუ არ მოგვცემთ, აქედან არ გავალთო; ახალმა გამგებელმა კი ამაზე ისე ინერვიულა, წნევა აუწია და ცუდად გახდა;“ – ამ ყველაფერზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებში საუბრობენ. ოღონდ არა დიქტოფონთან, მათგან უმეტესობა სწორედ ახლა, როცა „სამსახურის შენარჩუნების საკითხი ეჭვქვეშ დგას“, „ვინმეს თვალში ცუდად მოხვედრას“ ერიდება.     

 

 

 

ხელვაჩაურის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“  ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ლორთქიფანიძე ყოფილი გამგებლის გურამ საფარიძის გადადგომიდან მესამე დღეს, 31 დეკემბერს  დანიშნეს.  რიგგარეშე სხდომას, რომელზეც საკრებულოს წევრებმა გამგებლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილეს, საკრებულოს 22 წევრიდან 17 ესწრებოდა. ლევან ლორთქიფანიძის დანიშვნას მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა. არჩევნების შემდეგ ამ ფრაქციაში გაერთიანებულთა რიცხვი ათამდე შემცირდა.

 

 

 

ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე მიშა ბოლქვაძე, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრია, „ბათუმელებთან“ საკადრო პოლიტიკის გამო გამგეობაში შექმნილი ვითარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. „სოციალური პროგრამების განხორციელების გარდა ქართული ოცნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რაც  ვფიქრობ არჩევნების მოგების ერთ-ერთი მიზეზია, იყო დასაქმება. ცხადია ახლა  მოაკითხეს მას იმ ადამიანებმა, რომლებსაც, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, არჩევნებამდე დასაქმებას პირდებოდა. იმისთვის კი, რომ გამოთავისუფლდეს ადგილები ამ ადამიანებისთვის, გამოდის რომ უკვე დასაქმებულები, რომლებიც წლებია მუშაობდნენ  და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, სახლებში უნდა გაუშვან, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, დანიშვნამდე მას შევხვდით და ვთხოვეთ, რომ მისი მხარდაჭერის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანები სამსახურიდან არ გაეშვათ, რაზეც თანხმობა მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ მხარი დავუჭირეთ მის დანიშვნას, თუმცა როგორც ჩანს პირობა არ სრულდება. “

 

 

ახალი გამგებლის დანიშვნის დღესვე სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები გამგებლის სამივე მოადგილემ: ირაკლი სურმანიძემ, ლეონ თედორაძემ და თამაზ კარანაძემ დაწერეს. მოგვიანებით სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა გამგებლის თანაშემწემ ჯაბა აბულაძემაც.  სამსაურიდან წასვლის თაობაზე განცხადებები უკვე დაწერეს მუნიციპალიტეტის თერთმეტივე თემის რწმუნებულებმაც,  თუმცა რწმუნებულების  მოთხოვნა ჯერ  არ დაკმაყოფილებულა და ისინი შესაბამისი ბრძანების მიღებამდე მოვალეობის შესრულებას აგრძელებენ. „ბათუმელები“  მათ ტელეფონით დაუკავშირდა:

 

 

 

ორთაბათუმის თემის რწმუნებული მერაბ ძნელაძე: „- ცუდი არაფერი გამიკეთებია, პატიოსნად ვემსახურებოდი ხალხს და არც არავისი მეშინია, თანამდებობა ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. თან ძალიან გადავიღალე. შევთანხმდით თემის რწმუნებულები, რომ ერთობლივად დაგვეწერა განცხადებები წავლაზე და ასეც მოვიქეცით. ზეწოლა მართლა არ გვქონია. ახლა მოვალეობის შემსრულებელი ვარ, მეტყვიან დარჩიო – დავრჩები , წადიო –  წავალ.“  

 

 

 

სარფის თემის რწმუნებული ირაკლი ვანაძე: „რატომ გადავწყვიტე? – მითხრეს დაწერეო და დავწერე. ვინ მითხრა მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავრობა შეიცვალა და უნდა წახვიდეთო.“

 

 

 

გავრცელებულ ინფორმაციას თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვების თაობაზე თავად გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში მომზადდება კონკურსი გამგეობაში თანამდებობების დასაკავებლად, მანამდე კი უკვე დასაქმებულებს სტატუსი შეეცვლებათ და კონკურსის გავლამდე ისინი  მოვალეობის შემსრულებლებად იმუშავებენ. 

 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს მის კაბინეტში ვიზიტორთა რაოდენობას ან მათ მოთხოვნებს არ უკავშირდებოდა: „ვირუსი მქონდა და შეუძლოდ გავხდი, ისე კი მინდა გითხრათ, რომ უმეტესობა მოსალოცად მოდის და არა მოთხოვნებით. რაც შეეხება მათ, ვინც წასვლაზე განცხადება დაწერა, მე მათთვის არაფერი დამივალებია. პირიქით ვთხოვე რომ დარჩნენ და იმუშავონ.“  

 

ხელვაჩაურის საკრებლოს სხდომა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: