სიახლეები

აჭარის უმაღლეს საბჭოში შტატები იზრდება

23.01.2013
აჭარის უმაღლეს საბჭოში შტატები იზრდება

ლელა დუმბაძე


22 იანვარს უმაღლესი საბჭოს  გამართულ ბიურის სხდომაზე 17 საკითხი განიხილეს. პირველ საკითხად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ ახალი შტატების დამატების საკითხი გამოიტანა. მისი განცხადებით, შტატების ზრდას დეპარტამენტები ითხოვენ.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით სულ ათ შტატზეა საუბარი, თუმცა განმარტებით ბარათში 14 საშტატო ერთეულის დამატებაზე იყო საუბარი. „არა მგონია აქამდე ავიდეს. ეს იმიტომ ეწერა, რომ რომ დაგვჭირდეს დამატება, ცვლილების შეტანა  აღარ იყოს საჭირო.  რეორგანიზაციის პროცესში გამოიკვეთა ამ შტატების აუცილებლობა. იმიტომ, რომ ჩვენ პრინციპულად ვაყენებთ საკითხს ასე: უმაღლეს საბჭოში მოწვეული სპეციალისტები, დროებით და ხელშეკრულებით მომუშავე ადამიანების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და დავიდეს მინიმუმამდე. ჩვენ ნეგატიურად ვართ განწყობილი დროებით სამუშაოს მიმართ, რადგან ადამიანი მუდმივ სამუშაოზე უნდა მუშაობდეს და არ უნდა იყოს დამოკიდებული ვიღაცის კეთილ ნებაზე, გაუგრძელებენ თუ არა ხელშეკრულებას“.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, შტატების დამატების უფლება აქვთ უმცირესობის წევრებისაც: „ეს გაწერილია რეგლამენტში, რომ მათ კომისიებში შეუძლიათ ჰყავდეთ ერთი ან ორი კონსულტანტი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება“. მისი განცხადებით, შტატების დამატება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, „რადგან ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი და ამ თანხებს გადავანაწილებთ.“

 

უმაღლეს საბჭოში სულ ოთხი დეპარტამენტი და ხუთი კომისიაა. ამ დროისთვის ხელშეკრულებით ათამდე თანამშრომელია დასაქმებული. ახალ შტატებზე ძირითადად ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ამ დროისთვის ხელშეკრულებით არიან აყვანილი: „თუ გამოჩნდება ვაკანსია, გამოცხადდება კონკურსი, თუ არა და, ხომ მყავს აქ ხელშეკრყულებით აყვანილი ადამიანები, მათ ავიყვანთ შტატში“-აცხადებს ავთანდილ ბერიძე

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.