სიახლეები

აქცია მთავრობის სახლის წინ

21.01.2013 • 1333
აქცია მთავრობის სახლის წინ

ლელა დუმბაძე

 

სოციალურად დაუცველმა ადამიანებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი სოციალური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ჩვენ ყველა ნაქირავებ ბინებში, გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. ყველას გვაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას რომ საცხოვრებელი ბინით დაგვაკმაყოფილონ. ჩვენ წერილობითაც არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღებას არ გვაქცევენ“ – ამბობს ბერიძე ჟუჟუნა.

„ავადმყოფი ბავშვი მყავს და არ მაქვს წამლის ყიდვის შესაძლებლობა, ასთმითაა დაავადებული. ნაქირავებ, ნესტიან ბინაში ვცხოვრობთ. როგორც მერიაში მითხრეს, სოციალური სახლის სიაში ვიყავი, მაგრამ ბინა არ მომცეს. ჩვენ ვითხოვთ არჩილ ხაბაძესთან შეხვედრას და ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებას“ – ამბობს აქციის მონაწილე მაყვალა ყულეჯიშვილი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუკი ხელისუფლება ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი თვითნებურად დაიკავებენ რომელიმე ფართს: „იძულებული ვიქნებით გავტეხოთ რომელიმე ფართი და შევსახლდეთ“.

სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა, მთავრობის სახლთან მისვლამდე აქცია მერიის წინაც გამართეს.

 

გადაბეჭდვის წესი