საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა

მაია რუხაძეს, ავთანდილ ნარაკიძესა და ლაშა ჩხარტიშვილს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება (12 მარტიდან)  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღეს ჩაბარდათ.  ბრძანების მიხედვით სამივე თანამშრომელი შტატების შემცირების გამო დაითხოვეს.

 

„დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ირაკლი ჩავლეიშვილი პირადად არ მინახავს.  ვვარაუდობ, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი გიორგი კირთაძესთან მეგობრობა გახდა.  სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ.“ –  განაცხადა  მაია რუხაძემ  „ბათუმელებთან“ სატელეფონო  საუბარში.

 

 

ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“  თანამშრომლობაა: „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში ვმუშაობდი.“

 

 

საკრებულოს აპარატის უფროსის ლიანა დიასამიძე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ თანამშრომლების გაფრთხილება დაევალა, განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ბძანებით, რომელსაც ირაკლი ჩავლეიშვილმა ხელი დღეს მოაწერა, დაიწყო აპარატის საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია.

 

„ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც მუშაობდა იურიდიულ განყოფილებაში,  თანამდებობაზე 2012 წლის  31 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე ამ სამსახურში ისედაც იყო  ხუთი სპეციალიტი, ამიტომ ახალმა ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ მეექვსე საჭირო აღარ იყო. რაც შეეხება მაია რუხაძეს, ისიც მასმედიისა და პროტოკოლის განყოფილებაში 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  სპეციალისტად მუშაობდა საკრებულოში.  ჩემი პირადი აზრით და ბატონი ირაკლის აზრითაც ის უნდა დარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში და გიორგი კირთაძეს არ უნდა გადმოეყვანა პროტოკოლში, იმიტომ რომ ამ განყოფილებას თავისი სპეციალისტები ყავდა და მეოთხე სპეციალისტი იქაც ზედმეტი იყო. ეს ალბათ იმიტომ გააკეთეს, რომ ფრაქციაში ახალი თანამშრომლის აყვანა უნდოდათ.

 

ავთანდილ ნარაკიძე კი უკვე წელიწადნახევარია მუშაობს პროტოკოლში, მაგრამ მას თუ დაუკავშირდებით, ალბათ გეტყვით, რომ  კონკრეტული ფუნქცია საკრებულოს ამ განყოფილებაში მას არ შეუსრულებია. ის ძირითადად დაკავებული იყო ხელბურთის ფედარეციის საკითხებით, ამას არც თვითონ უარყოფს ალბათ და არც გიორგი კირთაძე. რამდენადაც გიორგი კირთაძე იყო ამ ფედერაციის პრეზიდენტი. ეს ყველაფერი ბატონ ირაკლისთან გავიარეთ, თუ ვის რა ფუნქცია ქონდა და ვინ რას აკეთებდა. ეს სამი სპეციალისტი ნამდვილად ზედმეტი იყო  და ამიტომ გადაწყდა ასე“ – განაცხადა ლიანა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

 

ამ დროისათვის ავთანდილ ნარაკიძეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

 

საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია ამ დროისათვის დასრულებულია. სამი თანამშრომლის  გარდა ცვლილება შეეხო საკრებულოს მძღოლს, რომელიც დამხმარე მოსამსახურედ იყო გაფორმებული და მასთან ხელშეკრულება გააფორმეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გოჩა შამილიშვილი კი თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ვერულიძის თანაშემწედ გადაიყვანეს.

უმაღლეს საბჭოში 11 თებერვალს მომხდარ ინციდენტის შესახებ

11 თებერვალს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბრიფინგის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტ ნინო ხოზრევანიძეს მატყუარა უწოდა. უმაღლეს საბჭოს კარები ჩაუკეტეს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც ბრიფინგზე რამდენიმე წუთით დააგვიანეს. 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი 11 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ბათუმელები“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტ უცვლელად აქვეყნებს: 

 

„როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ტრადიციულ პრესკონფერეციაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ერთ-ერთ ჟურნალისტს შორის მცირე ინციდენტი მოხდა, რომელიც უკავშირდებოდა ჟურნალისტის მიერ გავრცელებული მასალის შინაარსობრივ მხარეს. გავრცელებულ მასალას სიცრუე უწოდეს, ჟურნალისტს კი მატყუარა.

დემოკრატიული სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანია როგორც ადამიანის პატივისა და ღირსების, ისე სიტყვის, აზრის და გამოხატვის უფლების დაცვა და ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან.

უმაღლეს საბჭოში მომხდარი ინციდენტი ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ უარყოფითად, რადგან პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრება თმენის ვალდებულება და თუ რაიმე საკითხზე მათ სურთ პოზიციის დაფიქსირება, ეს არ უნდა განხორციელდეს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვის ფონზე, მითუმეტეს საჯაროდ, სხვების თანდასწრებით“.

ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

ვინ უფრო ვარ? – კითხვას თავადაც იმეორებს. მერე ერთი წუთით ჩუმდება, იცვლება მისი სახის გამომეტყველება და მზერის მიმართულებაც. შემდეგ კი პასუხობს: „ალბათ უფრო კინომანი. არა, უფრო ქირურგი. ის ყოველთვის არის, ყოველთვის რჩება.“

„ის, რაც ყოველთვის რჩება“ ყოველ სამუშაო დღეს დილის ცხრა საათამდე 15 წუთით ადრე კლინიკა „მედინაში“ კონფერენციით იწყება, იქ ექიმები გასული დღის შედეგებსა და დღის გეგმებზე მოხსენებებს აკეთებენ, ლადოსაც, როგორც ამ კლინიკის ნეიროქირურგს, თავისი სათქმელი აქვს. მერე კი როგორც ყველა, ისიც თავის  პაციენტებს უბრუნდება.

„ქირურგის ცხოვრებას დალაგებულად, რაიმე ქრონოლოგიით ნუ წარმოიდგენთ  – ეს ვერ მოხერხდება“  –  ცდილობს ეს მაგალითებით დამანახოს: „ჯერ პაციენტს იღებ, მერე დოკუმენტაციას ადგენ. შემდეგ გამოკვლევას უტარებ, თუ ეს ყველაფერი მზადაა, პაციენტი რჩება კლინიკაში და იწყება მისი მომზადება საოპერაციოდ. ამ დროს შეიძლება მიმღებში დაგიძახონ, ტრავმა შემოვიდაო. ნეიროქირურგებს ყოველთვის მწვავე და გადაუდებელ შემთხვევებთან გაქვს შეხება.  გეგმებით ვერ იმუშავებ.“

ლადო ახალგაზრდა ნეიროქირურგია, ყოველდღე ცდილობს მეტი ისწავლოს, თუმცა კმაყოფილია იმითაც, რაც მოკლე დროში შეძლო. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეზიდენტურისა და შემდეგ უკრაინაში ორდინატურის გავლა მოახერხა და ნეიროქირურგის კვალიფიკაცია მიიღო. ახალგაზრდა ექიმებს პაციენტების ნდობის მოპოვებამდე კიდევ სხვა რამ აკლიათ: „საქართველოში როგორი მიდგომაა იცით? – ავტორიტეტული რომ გახდეს ექიმი, ფიზიკურად დიდი უნდა იყოს, ჭაღარა თმა უნდა ჰქონდეს და სახეზე ნაოჭები. ასე თუ არ არის, ესე იგი, არ არის გამოცდილი.  გამოცდილება აუცილებლად სჭირდება ექიმს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ახალგაზრდა ექიმს არ აქვს შესაბამისი ბაზა, რომ პაციენტს კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს, ამის გამო ახალგაზრდა ექიმი წლების განმავლობაში იჩაგრება.“

ნეიროქირურგმა ლადო ბაზიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი „ოპერაციული მიდგომები ნეიროქირურგიაში“, რომელიც სტუდენტობიდან დღემდე დაუგროვდა, რომელიც თავად თარგმნა, რადგან იმ დროს, როცა ის სწავლობდა, ნეიროქირუგიის  შესახებ საქართველოში ლიტერატურა ქართულ ენაზე თითქმის არ იყო, ამ ყველაფერს თავისი ჩანაწერებიც დაამატა გამოცდილებიდან: “ეს არის კლასიკური ლიტერატურა ნეიროქირურგიაზე, ის ახლაც აქტუალურია და ასი წლის შემდეგაც აქტუალური იქნება, იმიტომ, რომ თავის ტვინი, ზურგის ტვინი და პერიფერიფერიული ნერვები ტოპოგრაფიას არშეიცვლიან არასდროს”.

ინსტიტუტში ჩაბარებისას არ უფიქრია, რომ ნეიროქირურგი გახდებოდა. მესამე კურსზე, როცა ნევროლოგიის სწავლა დაიწყო, მიხვდა, რომ ეს იყო ყველაზე სააზროვნო მიმართულება – „კოსმონავტიკა მედიცინაში“ და ცოტა ხანში ამ დარგის კიდევ ერთი მიმართულება, ნეიროქირურგიაც აღმოაჩინა.

1997წ. სტუდენტობისას მედიცინის შესწავლის პარალელურად ლადომ სასულიერო სემინარიას მიაკითხა, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. საღვთო სჯული მას იმდენად აინტერესებდა, რომ  დაუსწრებელი სტუდენტის სტატუსით გაიარა ჰომილეტიკის კურსი, რაც მქადაგებლობის შესწავლას გულისხმობს. 

გარდა დატვირთული დღის რეჟიმისა, სწავლას სხვა სირთულეებიც ახლდა, ნეიროქირურგის განათლების მიღება და ორდინატურა კიევში დაკავშირებული იყო დიდ თანხასთან. ლადო, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, თუმცა გადასახადების დაფარვას სჭირდებოდა უფრო მეტი, ვიდრე  მას იმ დროს შეეძლო: „რჩებოდა რაღაც თანხა, რის გამოც  დიპლომი ვერ ავიღე, ნახევარი წელი გამიცდა. იმ პერიოდში რაღაცებს ვეჭიდებოდი, რომ გადასახადი დამეფარა.“

ახსოვს ის დღე, როცა პაციენტისთვის ოპერაციის გაკეთების პასუხისმგებლობა პირველად აიღო საკუთარ თავზე. იყო განცდები, პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ ხელი არ აკანკალებია, რაშიც ასისტენტობის ხუთწლიანი გამოცდილება დაეხმარა: „როცა ასისტენტი ხარ, შეიძლება ოპერაციაზე უფრო მეტი განცდა გქონდეს, ვიდრე ოპერატორს, იგივე ემოციაა და არანაკლები დატვირთვაც, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზეა. შემდეგ კი, როცა შენ ხარ მთავარი – ეს ემოციურად ეს სულ სხვა რამეა.“

საუბრისას პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას, უნდობლობას, პასუხისმგებლობის საკითხებს და  დამკვიდრებულ შეხედულებებს შევეხეთ – ლადო ზოგადად არაფერს უარყოფს, თითქმის არ დავობს, მას მხოლოდ საკუთარი შეხედულებები და მიზეზები აქვს: „როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, ვფიქრობ, ის უნდა იყოს მომზადებული ელემენტარულ დონეზე მაინც. საუბარი არ არის იმაზე, რომ სამედიცინო ტერმინოლოგიას ფლობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პაციენტი ვერ გაგებინებს, რა აწუხებს. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ცალკე მეცნიერებაა, ექიმმა ყოველთვის უნდა გაიგოს პაციენტის, მაგრამ ზოგჯერ ეს ჭირს. დღეს, როდესაც სადაზღვევო კომპანიების გარდა არსებობს სახელმწიფო დაზღვევა, არსებობს გაურკვევლობები დაფინანსებასა და მომსახურებას შორის, ეს რთულია. პაციენტს ჰგონია, რომ  ყველაფერი ექიმმა უნდა მოაგვაროს, არადა ეს ექიმს საერთოდ არ ეხება, სამწუხაროდ სახელმწიფო ამას ვერ აგვარებს. ურთიერთობა კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე აისახება. რის შემდეგაც პაციენტი უკმაყოფილო მიდის. სწორი დიაგნოზი რომ დასვა, ხშირად ბევრი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. თუ  პაციენტი თავად ვერ აფინანსებს მომსახურებას, ამაზე არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანია მიდის.

დაღლილი ლადო თავს კინოს აფარებს, ეს მისთვის დასვენების და სიამოვნების ადგილია. უკრაინაში სწავლისას მისი ოთახის მეზობელი “ექიმ ჰაუსს” უყურებდა და ლადო იძულებული იყო, დაეთმო დრო სერიალისთვის, ამ გმირში უფრო იუმორის გრძნობა მოსწონდა. 

დროის სიმცირის გამო ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობს. მათ პერიოდულად, ხასიათის მიხედვით უბრუნდება. ისე კი დოსტოევსკის გმირებთან მეგობრობს, ამბობს, რომ მათი სათქმელი უფრო მოსწონს, ვიდრე – საქციელი. ბოლოს ახვლედიანის “კოღო ქალაქში” წაიკითხა.

ახლა ლადოს ოცნება რეჟისორობაა და არ გამორიცხავს, რომ მისი შემდეგი გაჩერება ფილმის გადაღება იყოს, ნეიროქირურგია კი ისაა, რაც ყოველთვის დარჩება.

 

ლადო ბაზიაშვილი - ნეოროქირურგი
ლადო ბაზიაშვილი – ნეოროქირურგი

„პირველი გამარჯვება დღესაც მახსოვს“


ზურა
კინწურაშვილი: ვარჯიში მე თვითონ მინდოდა. ექვსი წლის ვიყავი, მშობლებს რომ ვუთხარი აკაკისთან (აკაკი ცენტერაძე, ზურას მწვრთნელი) მიმიყვანეთ-მეთქი, უარი არ უთქვამთ, თან აკაკი მასწავლებელი ჩემი ბიძაცაა. ვარჯიში დავიწყე და იმავე წელს საქართველოს ჩემპიონატზე წამიყვანა. სამი ბრძოლა ჩავატარე და ჩემპიონი გავხდი. ფინალში თბილისელს შევხვდი, ცოტა კი გამიჭირდა, მაგრამ არ ვნერვიულობდი და საბოლოოდ მოვიგე. პირველმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა, დღესაც მახსოვს.

 

 

შენი ასაკის ბიჭები კარატეზე იმიტომ დადიან, რომ ჩხუბი ისწავლონ და მერე ქუჩაში გამოიყენონ

 

 

– არა, მე ქუჩაში არ ვჩხუბობ. ჩვენ მასწავლებელმა გვითხრა, რომ იმას, რასაც დარბაზში გასწავლით, მხოლოდ შეჯიბრებაზე გამოიყენოთო, ან ქუჩაში რატომ უნდა ვიჩხუბო?!

 

 

პირველ შენს ტურნირს მეც ვესწრებოდი, მაშინ შიში არ გეტყობოდა. ახლა ხომ არ გეშინია?

 

 

– არა, შიშით არ მეშინია, უბრალოდ უფრო ფრთხილი გავხდი. ადრე თუ პირდაპირ შეტევაზე გადავდიოდი, ახლა მომენტს ვარჩევ, რომ მეტოქე გაიხსნას და მერე შევუტიო.

 

 

ყოველდღე ვარჯიშობ?

 

 

– კი, ყოველდღე, დღეში დაახლოებით ორ საათს. აბა, თუ არ ივარჯიშე, ისე წარმატებას ვერ მიაღწევ.

 

 

აკაკი როგორი მასწავლებელია?

 

 

– დარბაზში მკაცრია, მაგრამ ვიცით, იმიტომ გვავარჯიშებს, რომ კარგად ვიჩხუბოთ და ბევრი მედალი მოვიგოთ.

 

 

ყველაზე მეტად სპორტში რა მოგწონს?

 

 

– წარმატება. თუ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ მედლის მოგება ძალიან კარგია და ამისთვის თავი არ უნდა დაზოგო.

 

 

ზურა, შენს ტოლებს თუ ეუბნები, რომ თქვენთან ივარჯიშონ?

 

 

– კი, მასტერ-კლასში ვსწავლობ, მეხუთე კლასში ვარ, ყველას ვუთხარი ივარჯიშეთ- მეთქი, მაგრამ არ მოდიან.

 

 

ყველა სპორტსმენს აქვს ოცნება, შენ რაზე ოცნებობ?

 

 

– მსოფლიო ჩემპიონი მინდა გავხდე. ვიცი ძნელი იქნება, მაგრამ თუ კარგად მოვინდომებ, მაშინ შევძლებ. მინდა ბოლომდე გავყვე სპორტს.

 

 

სახლშიც ვარჯიშობ?

 

 

– კი, ცოტას, ძირითადად დარბაზში ვვარჯიშობთ.

 

 

მისაბაძი სპორტსმენი გყავს?

 

 

– კი, ჩემი გუნდელი კახელო (კახა მახარაძე _ ი.დ.). ძალიან კარგად ჩხუბობს, კარგი ტექნიკა აქვს.

 

აკაკი ცენტერაძე, ზურა კინწურაშვილის მწვრთნელი: ზურას ყველაზე მთავარი დადებითი თვისება ისაა, რომ მოსმენა შეუძლია, როგორც ვარჯიშზე, ასევე შეჯიბრზე, ბრძოლის დროს. დამეთანხმებით, მწვრთნელი გარედან უფრო ხედავს და როდესაც ვკარნახობ, თუ როგორ უნდა შეცვალოს დგომი და რომელი მხრიდან შეუტიოს, ყოველთვის ესმის და აკეთებს. თუმცა, თავადაც იღებს გადაწყვეტილებებს, რაც ამართლებს კიდეც. შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭი არა მარტო ჩხუბობს, არამედ ჩხუბის დროსაც ფიქრობს, ეს კი სპორტსმენისთვის, მით უმეტეს მებრძოლისთვის, აუცილებელი თვისებაა.

 

 

როგორც ვიცი, აპრილში ევროპის ჩემპიონატი ტარდება რუმინეთში კადეტთა შორის. პირველი ოფიციალური მედალი საქართველოს სწორედ შენმა მოსწავლემ, გუგა კუტუბიძემ მოუტანა. როგორ ფიქრობ, შეძლებს ზურა წარმატების გამეორებას?

 

 

– პირველ რიგში გეტყვით, რომ ევროპაზე გასვლამდე ჯერ საქართველოს ჩემპიონატი უნდა მოიგოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ზურა ამას მოახერხებს. შედეგის გამეორებას რაც შეეხება, ვერ დაგეთანხმებით. მაშინ ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, ახლა კი ვიმედოვნებთ, რომ შედეგს გავაუმჯობესებთ.

სეზონი 7 მედლით გახსნეს

ბათუმელმა სპორტსმენებმა (მწვრთნელი – აკაკი ცენტერაძე), რომლებიც ტურნირზე თერთმეტკაციანი შემადგენლობით წარსდგნენ, 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თეონა ვაშაყმაძე (53 კგ.), კახა მახარაძე (55 კგ.) და ზურა კინწურაშვილი (35 კგ.). მეორე ადგილზე გავიდნენ დავით ხალვაში (68 კგ.), გიორგი სარჯველაძე (50 კგ.) და ტატო სარჯველაძე (25 კგ.). რამაზ წუწუნავამ (30 კგ.) კი მესამე ადგილი დაიკავა.

„დინამომ“ ფორვარდი დაიმატა

ბესიკ ჩიმაკაძე
ბესიკ ჩიმაკაძე

გუნდში კიდევ ერთი სიახლეა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე ზღვისპირელთა რიგებს შეუერთდა. 24 წლის ფორვარდმა პირველი წრე თბილისის „ვიტ-ჯორიაში“ გაატარა, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე უკრაინას მიაშურა, სადაც უმაღლესი ლიგის ბინადარ კრივოი როგის „კრივბასში“ ისინჯებოდა, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში და ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა.

თურქეთში გამგზავრებამდე ბათუმელებმა პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიასთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართეს და 3:0 გაიმარჯვეს. გოლები ამირან მუჯირმა, ამირან აბუსელიძემ და ირაკლი ცანავამ გაიტანეს.

„შუქურა“ უმაღლესი ლიგისთვის მომდევნო წელს იბრძოლებს

„შუქურას“ მწვრთნელმა ასლან ბალაძემ შეკრებაზე 23 ფეხბურთელი იახლა:

მეკარეები: თემურ კაკალაძე, გიორგი შერვაშიძე, მანუჩარ ქათამაძე;

მცველები: ირაკლი ტაკიძე, ავთანდილ ბრაჭული, დავით გაბელია, მინდია ფუტკარაძე, ლევან მახარაძე, გიორგი ზოიძე, ამირან გოგიტიძე;

ნახევარმცველები: გიორგი ჩხიკვიშვილი, ირაკლი ხუჭუა, ლევან ელიზბარაშვილი, პაატა ბალაძე, შერმადინ ართმელაძე, ალეკო ლორია, ნოდარ გოგიტიძე, გიორგი დევაძე;

თავდამსხმელები: გიორგი ჩელებაძე, მერაბ კოპალიანი, ზაზა ტუღუში, ვახტანგ ცენტერაძე, ლევან ანანიძე.

კლუბის ხელმძღვანელთა განცხადებით, წელს ვერა, მაგრამ მომავალ სეზონში „შუქურა“ უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.

თვითნებურად შესახლებულებს აპრილში გამოასახლებენ

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ ორი თვის განმავლობაში 763 თვითნებურად შესახლებული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. მათგან 409 სოციალურად დაუცველ ოჯახებს მიეკუთვნება, 24 საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვიდრია, 352 კი საერთოდ არ მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა რიცხვს. შესწავლილ ოჯახებს შორის ორი ეკომიგრანტია. ერთ-ერთს უკვე გადაეცა ბინა შუახევის მუნიციპალიტეტში, მეორე კი უახლოეს პერიოდში მიიღებს საცხოვრებელს ქედის მუნიციპალიტეტში. 

 

 

დაკავებული ტერიტორია წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და აქ მყოფ ოჯახებს ტერიტორიის დასატოვებლად ვადა აპრილის დასაწყისამდე ეძლევათ, ამის შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

მიმდინარე წლის იანვარში შუახევის მუნიციპალიტეტში ბინა 33 სოციალურად დაუცველმა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო, უახლოეს პერიოდში კი აჭარის მთავრობა ბინას ქედის მუნიციპალიტეტში 42 ოჯახს გადასცემს.

 

ასევე დაწყებულია მიწისძვრის შედეგად დაზარალებული 24 ოჯახისთვის ბინის ქირისთვის თანხის გამოყოფა 300 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში.

 

„იგეგმება სახლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, აღდგენა ან ალტერნატიური ფართის გამოყოფა“ – განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.

 

რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტში შესწავლილ საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც დაზიანდნენ გეოლოგიური პროცესების შედეგად, მინისტრის მაოდგილის განცხადებით ეს სახლები  აღდგენას არ ექვემდებარება და შესაძლოა დაზარალებული ოჯახები ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შეასახლონ. შესწავლილი იჯახებიდან ერთს, სოფელ მეძიბნარის მკვიდრ მერაბ დუმბაძეს უარი ეთქვა ახალ საცხოვრებელში გადაყვანაზე, ვინაიდან მას ჯერ კიდევ 1987 წელს მისცეს საცხოვრებელი, როცა მისი სახლი დაინგრა, რის სანაცვლოდაც მიღებული სახლი დუმბაძემ დაყიდა და ისევ სოფელ მეძიბნაში აიშენა სახლი,რომელიც კვლავ დაიმეწყრა. ხოლო სოფელ ჯალაბიშვილების მცხოვრები ირაკლი ჩხუბაძის სახლი კომისიამ ხელმეორედ უნდა შეისწავლოს.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ განცხადება რვა თებერვალს მომხდარ მოვლენებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ მიმდინარე წლის რვა თებერვალს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. „დემოკრატიის ინსტიტუტი“ გმობს ყოველგვარ ცინიზმს, შურს, ანგარიშსწორებას, მითუმეტეს პოლიტიკური მოტივებით“- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

 

 

„საქართველოს პრეზიდენტმა მაქსიმალურად უნდა უზრუნოს ქვეყნის ინტერესების დაცვა, იყოს შუამავალი, მედიატორი და არა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რადგან, ის პირველ რიგში ქვეყნის მეთაურია და მერე ოპოზიციური პარტიის ლიდერი“.

 

 

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ნათქვამის, რომ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე პასუხისმგებლობის წილი მოდის პრემიერ-მინისტრზეც:
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მაქსიმალურად უნდა იზრუნოს როგორც ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ისე პოლიტიკური ოპოზიციის ღირებულებისა და პრინციპების დაცვაზე, რომელთა არსებობა იყო, არის და იქნება საქართველოს მომავლისა და განვითარების გარანტია. საქართველოს პარლამენტმა არ უნდა აუკრძალოს პრეზიდენტს პარლამენტში მისვლა და საკონსტიტუციო ვალდებულების შესრულება“.

 

 

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს შს სამინისტრომ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა გამოიძიოს 2013 წლის რვა თებერვალს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი, სამართლებრივი რეაგირება.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა ნაწილის განცხადება

„მივმართავთ „ქართული ოცნების“  ბათუმის ორგანიზაციის სხვა წევრებს – ნუ ჩატარდება  აღნიშნული ყრილობა მხოლოდ იმის გამო, რომ უნდა ჩატარდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩატარდება ნუ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ვინაიდან ორივე, პარტიის წევრების ორივე მხარეს მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ვითანამშრომლოთ და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გამოვავლინოთ ის კანდიდატურა, რომელიც ორივესთვის ერთნაირად იქნება მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მიქელაძემ.

 

 

მიქელაძის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე უნდა ყოფილიყო. მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ თურმანიძეს ლაშა სირაბიძე შეცვლიდა.

 

„ლაშა სირაბიძე არის წარმოდგენილი პარტიის სხვა წევრების მიერ, პოლიტსაბჭოს  მიერ არის გამოგზავნილი თამაზ თურმანიძე.  ჩვენ არ ვიძახით, რომ ლაშა სირაბიძე ცუდია ან თამაზი კარგია, ან ვინმე ვინმეზე ნაკლებია. ჩვენ ვიძახით, რომ, უბრალოდ, ნუ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას და ნუ ავირჩევთ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა სირაბიძეს. ის  პარტიის წევრების დიდ ნაწილს არ მიგვაჩნია იმ პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც შეუძლია მართოს პარტიის პოლიტიკურ იდეოლოგიური მიზნები. ამიტომ გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ის მოგვევლინოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ძალიან ვიწრო მიმართულების განმსაზღვრელ პოლიტიკურ ფიგურად. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიზღვევთ თავს, ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებას. ამის მიზანი სწორედ ის არის, რომ არ მოხდეს ისე როგორც სხვა რეგიონებში განვითარდა მოვლენები. მინდა ცივილიზებულად ვმართოთ ეს პროცესი,“ – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, პარტიის წვერთა და დამფუძნებელთა ნაწილი, დაახლოებით 70 კაცამდე, დღეს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე მიწვეული არ არის.

 

ყრილობაზე მიწვეული არაა არც თამაზ თურმანიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ორგანიზაცისთვის უნდა ეხელმძღვანელა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამ განაპირობა კანდიდატის შეცვლა, თურმანიძე პასუხობს: 

 

„გასულ კვირას, მე როდესაც „ბათუმელებს“ ინტერვიუ მივეცი, მაშინაც ვთქვი, მე ვარ პარტიის ჩვეულებრივი წევრი, რა მითითებასაც მოგვცემენ, იმ მითითებით ვხელმძღვანელობ. ალბათ, რომელიმე მხარისთვის მიუღებელი ვიყავი და ამიტომ.

 

თქვენ პოლიტსაბჭოს რჩეული იყავით, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?

იცით, ეს არის შიდაპარტიული ცხოვრება, არის რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც იცვლება და ეს ყოველთვის მოსალოდნელია და აქ არის ახლის ძიებაში, რომელი უფრო უკეთესი იქნება, რომელთან უფრო ითანამშრომლებს ხალხი, და ასე შემდეგ. ალბათ უფრო კარგი კანდიდატურა გამოიძებნა.

 

თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, ლაშა სირაბიძეს თუ იცნობთ?

ჩემი ბავშვობის მეგობარია

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ბათუმში დარჩებით თუ თბილისში დაბრუნდებით?

ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. რასაც დამავალებენ იმას შევასრულებ. ალბათ, თბილისში წავალ, იქ მყავს ოჯახი, ბევრი რაღაც ჩემი პირადი საქმეები მაქვს. ველოდები პოლიტიკურ დავალებას.

 

დღეს დადგეგმილია პარტიის ყრილობა, დაესწრებით თუ არა?

თუ დამპატიჟებენ აუცილებლად დავესწრები. ჯერ მოწვევა არ მომსვლია.

 

„ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, ლაშა სირაბიძის კანდიდატურას რეკომენდაცია ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოსტზე მურმან დუმბაძემ გაუწია. შესაბამისად, მანვე დაბლოკა თურმანიძე. ლაშა სირაბიძე, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი იყო, ამბობს, რომ მისი ამ პოსტზე კანდიდატად განხილვა, სამი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. კითხვაზე რა როლი ითამაშა მურმან დუმბაძემ მისი კანდიდატურის წარდგენაში სირაბიძე პასუხობს:

 

„უბრალოდ 2004 წლიდან მოვდივართ ერთად, აქედან გამომდინარე რაღაც სახით მთლიან ჯგუფში იყო ეს აზრი, დამფუძნებლებში, კანდიდატებიდან ამირჩეს მე. აქედან გამომდინარე, როგორც ასეთი მურმანის ჩარევის წვლილი ძალიან მწირია.

 

თამაზ თურმანიძე ამბობს, რომ თქვენ ბავშვობის მეგობრები ხართ. ეს ფაქტი გარკვეულწილად რაიმე სახის უხერხულობას ხომ არ გიქმნით?

მესმის შეკითხვის არსი, ბატონ თამაზთანაც ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, უბრალოდ, ეს იყო ის მოტივი, რომ აი, ბათუმთან დაკავშირებით უბრალოდ დიდი ხნის ურთიერთობა გამაჩნია. მაგას ჰქონდა ის პერიოდი, რომ იქეთ იყო თბილისში გადასული, აქეთ სიტუაციები ძალიან ნაკლებად იცოდა.  ჩემთვის ცოტა უხერხული მომენტი იყო ეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზი გვერდით დამიდგება. ჩვენ არ ვიქნებით ის გუნდი, რომელსაც ერთმანეთში დაპირისპირება ექნება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, მე ვხედავ რეალურად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ქალაქ ბათუმში წამოწევას და მინდა, რომ ეს გუნდი იყოს ძალიან ძლიერი.

 

თქვენ ბრძანდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ნათესავი…

ვადასტურებ,  რომ  ის არის ჩემი ბიძაშვილის მეუღლე, მაგრამ ამან არ განაპირობა ის, რომ მე დამასახელეს კადიდატად. თვითონ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, ამ მოძრაობებში ვარ დიდი ხანია. თუ გნებავთ თქვენი ინფორმაციით გადაამოწმეთ, 2006 წელში ვიყავი ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მივიღე მონაწილეობა, იმ ხელისუფლების  პერიოდში მე ვერ შევძელი იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი ზეწოლა. მას შემდეგ ვარ ფაქტობრივად ოპოზიციაში და ვეწინააღმდეგები ამ რეჟიმს.

ბატონი არჩლის წარდგენა მოხდა, ფაქტობრივად, სრულიად ჩემთვის გაუგებრად. ყოველ შემთხვევაში ბატონი არჩილი არის თავმჯდომარე, იმას აქვს თავის საქმე და მე მექნება ავტომატურად ჩემი საქმე. ჩემს საქმეში და იმ საქმეში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საქმე და პარტიული მუშაობა ჰქვია არ ვაპირებ, რომ ვინმეს ჩარევა დავუშვა.

 

აირჩევენ თუ არა ლაშა სირაბიძეს პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, დღეს დღის ბოლოს გაირკვევა.

 

 

 

არჩილ ხაბაძე: „არ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური?“

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე მოუსმინა: „ჩვენ ხომ ვიცით რომ ამ კანონის მიღება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა და არც უმაღლეს საბჭოში მალავენ ამას, რომ მათ ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნა უნდათ. რა გზა არსებობს, რომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს თავმჯდომარემ, არც მწვადი დაიწვას და არც შამპური?“

„ასეთ კანონზე ხელს თუ მოაწერთ, მაშინ თქვენ იქნებით მეცამეტე დეპუტატი, ვინც ამ კანონს აუწია ხელი“- განაცხადა საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, ამ შემთხვევაში შუალედური პოზიცია არ არსებობს: „თუკი თქვენ ხელს მოაწერთ ამ კანონს, შესაბამისად მოხდება ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც იმდენად სუსტია და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული, რომ მას არც კი სცნობენ დასაშვებად, რომ განიხილონ, მაგრამ თუ კი ამ კანონს ჩვენი რეკომენდაციებით დაუბრუნებთ უმაღლეს საბჭოს, მაშინ ძალაში შევა კანონის პირველი ვერსია“.

ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, კანონში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრთა დაკომპლექტების წესის შესახებ მიიღო, ბევრი სამართლებრივი ხარვეზია: „პირველ რიგში შეზღუდულია კომისიის წევრთა წარმდგენი წრე და მათი დასახელების უფლება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან არასამთავრო სექტორი არ შეიძლება მონაწილეობდეს უსკოს დაკომპლექტებაში.  ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით, უსკოს წევრთა დათხოვნის წესს, რომელიც პოლიტიკურია და არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჯალაღონიამ არჩილ ხაბაძეს გამოსავლის გზები განუმარტა: „პირველი, შეიძლება იყოს ხელისმოწერა კანონზე. მეორე, დავუბრუნოთ კანონი უმაღლეს საბჭოს მოტივირებული შენიშვნებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თუკი უმაღლესი საბჭო მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს, ახალი კანონი ძალაში ვეღარ შევა, „რადგან, კანონი რეგლამენტის დარღვევით არის მიღებული“.

არასამთავრობოების მხრიდან საუბარი იყო კანონის ოპტიმალურ ვარიანტზეც. „მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი იმისთვის არის მიღებული, რომ ვიღაცას თანამდებობების ინტერესი აქვს. კარგი ხელფასი უსაქმურობაში – აი ეს უნდათ. ამიტომ, შეგიძლიათ შეუმციროთ ბიუჯეტი, მისცეთ 300 ლარიანი ხელფასი და დამერწმუნეთ, არავის გაახსენდება უსკო“- განაცხადა გია ქარცივაძემ.

პაატა ჯალაღონიას აზრით შესაძლებელია ამ ვერსიის განხილვაც: „უსკოს თავმჯდომარე და წევრების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 2000-2500 ლარია. არასაარჩევნო პერიოდში შეგვიძლია დავწიოთ ხელფასი, ასე რომ, ეს თანამდებობებიც მომხიბვლელი აღარ იქნება“.

მთავრობის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადით ისარგებლა. „როგორც ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული ვადა გვაქვს, ამიტომ, ამ ვარიანტებზე ვიმსჯელებთ“ – განაცხადა მან.

„უფსკრული“ მდიდრებს და ღარიბებს შორის

უთანასწორობის შემცირება  და სოციალური ფონის გაჯანსაღება პირადაპირ უკავშირდება სახელმწიფოს სოციალ–ეკონომიკურ პოლიტიკას. შევეცდები ზოგადი მონაცემების და სხვადასხვა მოდელების საშუალებით წარმოვაჩინო, თუ  რამდენად აღწევენ  ქვეყანები ამ პრობლემის მოგვარებას.

 

უთანასწორობის ზრდის მარტივი მაგალითია, ამერიკული ჰიპერმარკეტის ქსელის „უოლმარტის“  გენერალურის დირექტორისა და ამავე კომპანიის რიგითი თანამშრომლის ხელფას შორის სხვაობა, რომელიც დაახლობით 900–ჯერ განსხვავდება, მაშინ როცა ანლოგიური შეფარდება მეოცე საუკუნის 50–60 იან წლებში დახლოებით  სხვაობა 18 ჯერ დაბალი იყო. საინტერესოა ამავე კომპანიის დამფუძნებლების წლიური შემოსავალი, რომელიც დაახლოებით 90 მილიარდი დოლარია, თითქმის იმდენივე, რაც ამერიკელი მოსახლეობის 120 მილიონი მოქალაქის, რაც შეადგენს ამერიკის მოსახლეობის 40%-ს.  გარდა ამ საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვებისა, აქვე გვხდება შემდეგი აქტუალური საკითხი, დღეს ამერიკელთა დაახლოებით 15 %-ს  არ გააჩნია დაზღვევა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი სრულად მოკლებული არიან  ნორმალურ სამედიცინო მოსახურებას, სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას ემსახურება ობამას სოციალური პოლიტიკა, რომელიც გადასახადების ზრდას და სახელმწიფოს მხრიდან რიგი სოციალური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას ითვალისწინებს.

 

 

ფაქტობრივად 20–30 იანი წლების ეკონომიკური კრიზისებიდან მოყოლებული, მსოფლიო ეკონომიკაში დომინირებდა კეინზიანისტური მიდგომა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის გარკვეული დონით რეგურილებას ითვალისწინებდა. ამ მიდგომამ  შედეგად გამოიღო ის, რასაც 50-იან წლებში ეკონომიკურ სასწაულსა და „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ უწოდებდნენ.

 

60–იანი წლების კრიზისმა, ბევრ ქვეყანას უარი ათქმევინა ამ პოლიტიკაზე და მკვეთრად მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკის „მონეტარიზმის“ გატარება დაიწყეს. შედეგად კრიზისი დაძლეული იქნა თუმცა, უკვე 80–იანი წლებიდან მოყოლებული თვალნათლივ ჩანს, რომ ეკონომიკურ ზრდას თან ახლავს მძიმე სოციალური უთანასწორობის რეალობა.

 

„უფსკრული“ რომელიც თვალნათელივ ჩანს მდიდრებსა და ღარიბებს შორის, კიდევ უფრო იზრდება. სოციალურად დაუცველთა ხვედრითი წილის ზრდაც სახეზეა, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს უთანასწორობა  განვითარებულ ქვეყნებს შორისაც საკმოდ განსხვავებულია. სოციალური  უთანასწორობის გამოხატვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს „Gini Coefficient”-ს რომელზე დაყრდნობითაც, თვალში საცემია და აუცილებლად გამოსაყოფია შემდეგი ასპექტები:      

 

1) სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის აშკარად პოზიტიური  სალდო;                               

2) აშშ–თან შედარებით  ევროკავშირის ქვეყნების  უკეთესი რეალობა;  სადაც ჯინის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია, რაც უთანასწორობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

 

ევროპული სისტემა, რომელიც ორიენტირებულია სოციალური დანახარჯების ზრდაზე და სახელმწიფოს მხრიდან რიგი ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებისაკენ, შედეგად იძლევა საკმაოდ სტაბილურ საზოგადოებას, სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრითი წილი ამერიკასთან შედარებით გაცილებით დაბალია. 

 

რაც შეხეება ამ პარამეტრების კორელაციას ეკონომიკასთან. რითი აღწევს ევროპის სახელმწიფოები განსაკუთრებით კი სკანდინავიის ქვეყნები ამ შედეგს? უმთავრესი ფაქტორი ეს არის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საკმაოდ მაღალი გადასახადები, რომელთა აკუმულირებითაც ხდება სოციალური დაცვის საკმაოდ კარგი პაკეტის შექმნა მოსახლეობის ფართო ფენებისათვის. ამასთან მიმართებაში ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის  პარამეტრების შედარების ერთ–ერთ მთავარ კრიტერიუმად გამოდგება მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდება სახელმწიფო ბიუჯეტთან.

 

ევროპის რიგ სახლმწიფობში ეს მაჩვენებელი 45%–ს აღემატება. მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაშია 40%–ზე დაბალი. შესაბამისად იღებს  საკმაოდ დიდ წვლის სახელმწიფო დოტაციის პრონციპით ანაწილებს მოქალაქეების ფართო ფენებზე.

 

დღეს საფრანგეთის სოციალისტური მთავრობის კურსი  სახელმწიფოს ისედაც დიდი როლის კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ძნელი სათქმელია. ამ ხედვას ბევრი მოწინაღმდეგე და მომხრე ჰყავს. მაგალითად ცნობილ ეკონომისტს თომას მიშელს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი მძიმე დაღს დაასვამს ქვეყნის ეკონომიკას და ღრმა კრიზისში ჩააგდებს, თუმცა პროგრამას მიესალმება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი  მარიო დრაგი. ამ პროგრამამ საკმაოდ დააფრთხო მსხვილი ბიზნესი და აქტიურად დაიწყო წარმოების ქვეყნის გარეთ გატანაზე, ჯერ–ჯერობით არცერთ მსხვილ საწარმოს ამ ნაბიჯისათვის არ მიუმართავს.  ამისგან განსხვავებით ანგლო–საქსურ სისტემაში მყარად გამჯდარია მსიტისეული ეკონომიკური დოქტრინა, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ როლთან მიმართებაში საკმაოდ პესიმისტურია, შესაბამისად, აქვთ მუდმივი შიში სახელმწიფოს ჩარევისაგან. ამერიკაში ანალოგიური მაჩვენებელი, ანუ ბიუჯეტი მშპ–ს მხოლოდ 28%-ს შეადგენს, თუმცა ობამას სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე საკმაოდ მინიშვნელოვანი ზრდა იგეგმება, ძირითადად მსხვილ ბიზნესზე გადასახადების ზრდის შედეგად.  

 

 

აქვე შეიძლება  შემდეგი საინტერესო მონაცემების მოყვანაც, კერძოდ მშპ–ის რა ნაწილი იხარჯება სოციალურ პროექტებზე (ამ შემთხვევაშ იგულისხმება არა მხოლოდ სახელმწიფოს,  არამედ კერძო სექტორის მხრიდან სოციალურ პროექტებში დახარჯული თანხები) მაგალითად საფრანგეთის შემთხვევაში 2012 წელს  მშპ–ის დაახლოებით 32% იხარჯება სოციალურ პროექტებზე. მაშინ როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი პოლონეთში და ბულგარეთში 16% და 14 %. გაერთიანებულ სამეფოში 23%, ხოლო ყველაზე დაბალი ევროკავშირის მასშტაბით ლატვიაშია 12 %.     აშშ–ს ანალოგიური მაჩვენებელი 19%–ს არ აღემატება.

 

 

ევროკავშირის მაშტაბით სოციალურ პროექტების წილი ქვეყნის მშპ–ში და თანხის გაანგარიშება  ერთ ადამიანზე (ევრო) :



ზოგადად, ბევრი ეკონომისტი საუბრობს მზარდი გადასახადების პროპორციულად ეკონომიკური მოტივაციის ვარდნაზე, აპელირებენ გადასახადების ზრდის შედეგად ეკონომიკურ ვარდნაზე, თუმცა ფაქტია, დღეს ვერც ერთი ქვეყნის მათავრობა უარს ვერ ამბობს სოციალური დანახარჯების გაზრდაზე, რადგანაც ეს ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებულია საზოგადოების სტაბილურობასთან. შეიძლება ასეც ითქვას ეს ხარჯები არის „ხარკი“ სტაბილური განვითარებისა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს სოციალ–დემოკრატიული ქვეყნებში ჩამოყალიბებული სოციალ–ეკონომიკური სისტემა, სადაც მიუხედავად მაღალი გადასახადებისა ეკონომიკური ზრდა სტაბილურად მაღალია, მაგალითად ამერიკელი პოლიტოლოგის ჩარლზ ლინდლომის ამასთან დაკავშირებით  აღნიშნავდა: „ სკანდინავიის ქვეყნებში  ეკონომიკურ მოტივაციას მაღალი კლასის მენეჯერებში განსაზღვრავს არა ის, თუ რამდენი რჩება ხელფასი დაქვეთვის შემდეგ, არამედ ის თუ რამდენი აქვს ხელფასი დაქვითვამდე“. აქ ნათლად ჩანს ზოგადად საზოგადოების მისწრაფება და დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისა და სოციალურ დაცულობასთან მიმართებაში.                                  

 

 

მოწოდებულ წერილებში ინფორმაციის სიზუსტეზე გაზეთი „ბათუმელები” პასუხისმგებელი არ არის. 


„გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“

ოთარ ფედიჩკინი: სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ბათუმის „დინამო“. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ უკუსვლის პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც სტადიონი დაგვინგრიეს.

პირადად მე და ჩემი თაობა, ფეხბურთს მოწყვეტილი აღმოვჩნდით. ფაქტობრივად, 19-20 წლის ბიჭებმა თამაშს თავი დავანებეთ. აქ მყოფთაგან ზოგმა მოასწრო „დინამოში“ თამაში, თუმცა ერთი ან ორი სეზონი არაფერია იმათთვის, ვინც ფეხბურთით ცხოვრობს. ყველას კარგად გვახსოვს ის პერიოდი, მაშინ „დინამოს“ დაფინანსება მხოლოდ 80 000 ლარი იყო, არ ჰქონდა გუნდს იმის საშუალება, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ჩამოეყვანა და პირველ ლიგაშიც დაქვეითდა. ოთხი წლის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა უმაღლესს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავ გავარდნის კანდიდატია. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

აი ჩვენ ვითხოვთ, რომ სტადიონი აშენდეს. კი ბატონო, მაგრამ ვინ უნდა შევუშვათ ამ სტადიონზე?! ბათუმის „დინამოს“ ოთხი ასაკობრივი გუნდი ჰყავს და ფეხბურთელთა საერთო რაოდენობა 120-ს არ აღემატება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვთა ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაშია და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არავის ვებრძვით, თუმცა აღვნიშნავ, რომ დროა კლუბში ახალი სახეები მოვიდნენ, ვინც გაცილებით მეტს გააკეთებს „დინამოსთვის“, ვიდრე ეს დღეს კეთდება.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ბათუმის მერიას, რომელმაც კლუბისთვის მილიონნახევარი ლარი გამოყო, რის შემდეგაც გუნდმა შეძლო გამოცდილი ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არაა. ჩამოყვანილი ფეხბურთელი ექვს თვეში ისევ უკან დაბრუნდება. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა, რაც „დინამოს“ სამომავლოდ კარგ ბაზას შეუქმნის. პირადად მე მქონდა ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც ადგილობრივ, ასვე უცხოელ ბიზნესმენებთან, რომლებიც მზად არიან „დინამოს“ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. დიდ მადლობას გადავუხდი ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბს, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა თამაშზე დაჰყვება გუნდს, კარგი იქნება, რომ მათ მიმართ მეტ ყურადღებას თუ გამოიჩენენ და მგზავრობის ხარჯებს თუ დაუფინანსებენ.

 არჩილ ინწკირველი, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი: პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რადიკალური ცვლილებების მომხრე არ ვართ. კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიდი სამუშაო გასწია, რომ „დინამო“ უმაღლეს ლიგაში დაებრუნებინა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა, ვისაც გული ტკივა ბათუმის „დინამოზე“ და საერთოდ, ქართულ ფეხბურთზე, გავერთიანდეთ, რათა ქალაქს ჰყავდეს ისეთი გუნდი, როგორიც ეკადრება. ასევე, გეგმაში გვაქვს მწვრთნელების გადამზადება. რაც მეტი ლიცენზირებული მწვრთნელი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, „დინამომ“ ვერ გაიარა ფიფა-ს ლიცენზირება და ამით საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგა, რომელიც ლიცენზირებაგავლილ კლუბებს გრანტის სახით გადაეცემა. არის კიდევ ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრას ვგეგმავთ და იმედია, ჩვენს ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანთ, ეს კი პირველ რიგში, გულშემატკივარს სტადიონზე დააბრუნებს და ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

ბათუმის მერი შვებულებაში

ცაგო კახაბერიძე

ბათუმის მერი შვებულებაშია. ჯემალ ანანიძემ შვებულებით სარგებლობა ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის გადაყენებიდან მეორე დღესვე – 1 თებერვლიდან გადაწყვიტა. ჯემალ ანანიძე ამტკიცებს, რომ შვებულება  მის შესაძლო გადაყენებას არ უკავშირდება, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საკრებულოს ახალი უმრავლესობა მერის შეცვლას გეგმავს, საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებს“ არჩევის დღესვე, 31 იანვარს დაუდასტურა.

„…არც პირად საუბრებში და არც ტელეფონით ჩემთვის არავის უთქვამს, რომ მერის თანამდებობა უნდა დავტოვო, ამის შესახებ მეც ტელევიზიებისა და გაზეთების საშუალებით გავიგე. 31 იანვარს, მისი არჩევის დღეს მე შევხვდი ირაკლი ჩავლეიშვილს მივულოცე.  მსგავსი საუბარი არ გვქონია. მასთან ერთად იყო მამული ჟღენტიც და პირიქით, მეხუმრენ კიდევაც, რატომ გახვედი შვებულებაში მერის შეცვლის საკითხს ჯერ არ განვიხილავთო.“

რაც შეეხება შვებულებში გასვლის მიზეზს ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ის სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით მცირე დროით ქალაქიდან გასვლას გეგმავს: „გაზაფხულის ყვავილებზე მაქვს ალერგია და ამის გამო მაქვს პრობლემები“ – უთხრა ჯემალ ანანიძემ „ბათუმელებს.“  ბათუმის მერის მოვალეობას კი ჯემალ ანანიძის პირველი მოადგილე გელა დეკანაძე ასრულებს.

„შვებულებაში გასვლა მერის გადაყენებას ვერ შეაფერხებს, საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია მისი გადაყენების საკითხი საკრებულოში ასეთ შემთხვევაშიც გადაყენოს თუ მისი მუშაობა  არადამაკმაყოფილებლად შეფასდება. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, საკრებულოს შეუძლია იმ დღესვე ახალი მერიც აირჩიოს.“ – განმარტავს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე მივლინებით ქალაქ სტამბოლში იმყოფება,  მისი დაბრუნების შემდეგ ჯემალ ანანიძე მასთან შეხვედრას და „საორგანიზაციო საკითხებზე“ გასაუბრებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით კი, რომელიც ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმლებს“ 31 იანვარს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაუდასტურა, საკრებულოს ახალი უმრავლესობა ბათუმის მერის თანამდებობაზე ზურაბ პატარაიას კანდიდატურას განიხილავს.

ბათუმელი სტუდენტების ექსპერიმენტალური თეატრი პარიზში

ნინო სიხარულიძე

 

23 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ-ექსპერიმენტალური თეატრი, რომელიც უკვე 5 წელია არსებობს, პარიზში სტუდენტურ-თეატრალური ფესტივალის გასახსნელად მიემგზავრება.

 

წელს ქართველებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ფესტივალში. მანამდე კი, 14 თებერვალს, 19:00 საათზე, საფრანგეთში წასაღებ სპექტაკლს სტუდენტები აჩვენებენ ბათუმის დრამატულ თეატრში. ეს სპექტაკლის ბოლო საპრემიერო ჩვენება იქნება.

 

სპექტაკლი – „მელოტი მომღერალი ქალი“, ფრანგი დრამატურგის ეჟენ იონესკოს პიესის მიხედვით დაიდგა. „ეს არის კომედია ცუდი დასასრულით“, აღნიშნავს სპექტაკლის რეჟისორი გიორგი ჩხაიძე.

 

დასი სპექტაკლზე ერთ თვეს მუშაობდა. პრემიერა ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში გასული წლის 19 დეკემბერს შედგა. მთავარ როლებს ასრულებენ სტუდენტები: მარიამ ხიტალიშვილი, გიორგი არველაძე, ფრიდონ მოდებაძე, ნონა სურმანიძე და იაგო მორთულაძე. მხატვარი კი – მარიამ გოგოლიშვილია.

 

დასის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრო, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული თეატრი.

 

ფესტივალი საფრანგეთის დედაქალაქში  25 თებერვალს იწყება. დასი საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდება.

 

ხელვაჩაურში რწმუნებულები დაითხოვეს

მიქელაძე ზეწოლაში ჭარნალის თემის ახალ  რწმუნებულს, ვაჟა ქოქოლაძეს ადანაშაულებს.

 

„რატომ  გამათავისუფლეს და ზეწოლის გამო.  ჭარნალის თემის ახალმა რწმუნებულმა ვერ ვიმუშავებთ ერთად და დაწერო უნდა განცხადება და წახვიდეო.  დავემორჩილე, მაგათ დაიწყეს ცოცხი და იგიო და მაგათთან რა საქმე მაქვს ვერ გავიგე,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში ნოდარ მიქელაძემ.

 

მიქელაძესთან ერთად განცხადების დაწერა კიდევ ოთხი სოფლის რწმუნებულმა დაწერა.  „ბათუმელებთან“  საუბარში რწმუნებულები აცხადებენ, რომ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერეს.

 

 „დაწერეს განცხადებები და წავიდნენ. ცრუ ინფორმაციაა, თითქოს მე ვაიძულე. არ ყოფილა იძულებითი არაფერი. მიქელაძეს შევთავაზეთ კიდეც, რაღაც საშუალება თუ იქნებოდა, დავასაქმებდით,“ – განაცხადა ჭარნალის თემის რწმუნებულმა ვაჟა ქოქოლაძემ.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელის ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით რწმუნებულებზე ზეწოლა არ ყოფილა.

 

„მე არ გამითავისუფლებია ეს ხალხი, გუშინ თუ გუშინწინ შემოვიდა მათი განცხადებები სამსახურიდან საკუთარი ნებით წასვლასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ხალხს და მე შეხება არ გვქონია. ჭარნალის თემში მოსახლეობასთან შეხვედრაც არ მქონია. მათ დაწერეს განცხადებები წასვლასთან დაკავშრებით და წავიდნენ სამსახურიდან. ამაში მე რა შუაში ვარ, ვერ ვხვდები,“ -განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

 

 

შპს „გზა“ და მუშების გაუცემელი ხელფასები

ლელა დუმბაძე


ახალი ავტოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ მათ სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მშენებლობას შპს „გზა” აწარმოებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ დუმბაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ორი თვის დავალიანება აქვთ: „მაგრამ ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. ახალ ავტოსადგურს თურქული კომპანია „სენა ჯორჯია“ აშენებდა, შპს „გზა“ მხოლოდ შემსრულებელი კომპანია იყო, მას ჩვენი ვალი აქვს და შესრულებული სამუშაოს თანხა ამ დრომდე არ დაუფარავს. ხელფასების გაცემაც ამიტომ დაგვიანდა“.

 

შპს „გზას“ ხელმძღვანელის თქმით, „სენა ჯორჯიას“ დავალიანება ერთი მილიონ 870 ათასი ლარია. „როგორც ვიცი, საზედამხედველო კომპანიამ „თურქ მოლიმ“ შესაბამისი დასკვნის დადება დააგვიანა. არა მგონია, ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენცია იყოს. კონსულსაც დავუკავშირდი, ჩავრთე ყველა ინსტანცია და ველოდები შედეგს“.

 

შპს „გზა“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტ სახელმწიფო შესყიდვას იღებდნენ. მალხაზ დუმბაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაკვეთებზე ფინანსური პრობლემები არ შექმნიათ. „მერიას არ აქვს კომპანიის დავალიანება, ჯერჯერობით მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე ვმუშაობთ, ცვლილებებია დაგეგმილი და სამუშაოები მალე განახლდება“.


აჭარის მთავრობა ეკომიგრანტების შესახებ

თაკო შოთაძე


აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ გუშინ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შესწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც დაიწყო. კომისია იმ 40-მდე ეკომიგრანტი ოჯახის მდგომარეობას გაეცნობა, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირველი და მეორე კატეგორია.

 

ეკომიგრანტებთან დაკავშირებით მთავრობის გეგმების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ: ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტების მდგომარეობის შესწავლა უახლოეს ვადებში დასრულდება. სახელმწიფო დაზარალებულებს დაეხმარება – მათთვის გამოიყოფა თანხა ბიუჯეტიდან ან საცხოვრებელი სახლებით იქნებიან უზრუნველყოფილნი“.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, იგივე კომისიამ ხელვაჩაურში  უკვე შეისწავლა 30 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

 

კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა და განსახლების დეპარტამენტის, აჭარის გარემოს დაცვის გეოლოგიის სამსახურისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, აჭარის მთავრობას ანგარიშს 15 თებერვალს წარუდგენს.

 

პირველი და მეორე კატეგორიის სიაში ისე ოჯახები ხვდებიან, ვისი სახლებიც საცხოვრებლად უკვე გამოუსადეგარი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”

გარემოს დამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ ხეები უნდა გადარგონ, თუმცა როგორც ამ დარგის სპეციალისტი ეთერ მაჭუტაძე აცხადებს, თებერვლის თვეში ამოთხრილი ფიჭვების გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. ამ საკითხზე მან „ბათუმელებს“ რამდენიმე განმარტება მისცა.

 

 

ქალბატონო ეთერ კომპანიამ ნებართვის გარეშე დაიწყო ხეების ამოთხრა, ამაზე თქვენ, როგორც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, რეაგირება მოახდინეთ?

ბულვარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის, აქედან გამომდინარე მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებ. 

ამ ხეების გადარჩენა გადარგვით  შესაძლებელია?

ეს არის მრავალწლიანი ფიჭვები. არათუ მრავალწლიანი, სამი და ოთხი წლის ფიჭვიც კი ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადარგო, სპეციალური ამომღები მანქანა ესაჭიროება პროცესს. ამ ხეს აქვს ფუნჯა ფესვები, მისი წყვეტა იწვევს დაზიანებას. ძალიან სათუთად ამოღების შემთხვევაშიც შეიძლება მათი ნაწილი გადარჩენილიყო. გადარგვის პროცესში, თუ თოვლმა მოუსწრო, შეიძლება ვერც ერთი ხე ვარ გადარჩეს. თუ  თბილი ამინდი დაემთხვა და კარგად  მოუვლიან, შეიძლება რამდენიმე გადარჩეს. 

თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ უყურებთ  იმ საკითხს, რობათუმში პროექტებს ასწლოვანი ხეები ეწირება?

ეს არის სამწუხარო ფაქტი. არც კი ვიხედები ახლა ბულვარისკენ, რომ ცუდად არ გავხდე.

ვიცით, რომ ბევრი თანხა იხარჯება ქალაქის გამწვანებისთვის. რა ფინანსური ზარალი შეიძლება მიადგეს ქალაქს რვაასი ძირი ხის გახმობის შემთხვევაში?

მინიმალური ფასებით რომ ვიანგარიშოთ, სანარგე მეურნეობებს შორის ძალიან მაღალი კონკურენციიის პირობებში რომ შეიძინო ერთი ძირი ფიჭვის ნერგი 40 ლარი დაჯდება. მისი მოვლის ჩათვლით, თითოეული ძირი იმ მდგომარეობამდე, რასაც ახლა ანადგურებენ, ანუ 20 წლის ზრდის შემთხვევაში,  70-80 ლარს მიაღწევს ერთეულის ფასი.

არ არის შესაძლებელი პროექტების ისე განხორციელება, რომ ხეები არ დაზიანდეს ან არ გაიჩეხოს?

უმეტეს შემთხვევაში ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო. ახალი გზა კარგია, მაგრამ გზაგამყოფს ცოტათი შევავიწროვებდი, ველოსიპედის გზას რომ აკეთებენ, იმასაც ცოტათი შევავიწროვებდი და ნარგავებს გადავარჩენდი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს პროცესი, იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან ლამაზი ხეივანი და ამისთვის ხელის ხლება სიკვდილის ტოლფასია. სამწუხაროდ ეს ხალხი როგორ მუშაობს იცით? ჯერ ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ, ყოველთვის ვეუბნები, ნუ გააკეთებთ ისეთს, შემდეგ უკან წაგივიდეთ საქმე. ჯერ უნდა იფიქრო, მოძებნო ალტერნატივა, მოძებნო ადგილი სად დარგავ, სპეცმანქანა იპოვო ამოსაღებად და მერე მოთხარო. მე მოვისმინე ამ ამბავზე პასუხად – აბა რა ვქნა. სამმილიონიან პროექტს ხომ არ ჩავშლიო, ასეთი მოსაზრება ჩემთვის მიუღებელია.  

ბულვარი
ბულვარი

აჭარის სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

მანანა ქველიაშვილი

 

აჭარის სიმღერისა და ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ავთანდილ ჭოლაძე ამ თანამდებობაზე გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს.  მან ამირან პაიჭაძე შეცვალა.

 

ამირან პაიჭაძის გადადგომას ანსამბლის მსახიობთა ნაწილი ითხოვდა. ამ მოთხოვნით მსახიობები საპროტესტო აქციებს  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მართავდნენ. 

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებულთა შემსწავლელი კომისია შექმნა

აჭარის მთავრობამ მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შესწავლისა და ზარალის აღრიცხვის მიზნით ახალი სამთავრობო კომისია შექმნა. კომისიას სამასამდე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახის სახლების შესწავლა-დასურათებისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მთავრობისათვის წარსადგენად 20 დღიანი ვადა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განუსაზღვრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განმარტებით წინა სალიკვიდაციო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა მთავრობისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა: „მაგალითად დაზარალებულისთვის შვიდი ათი ან რვა ათასი ლარის გამოყოფის შემთხვევაში კომისიამ ვერ დაასაბუთა, რომ რეალურად ეს თანხა საკმარისია მისი პირობების გასაუმჯობესებლად.“

აჭარის ტერიტორიაზე მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების შემსწავლელ კომისიას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრის მოადგილე რამაზ ჯინჯარაძე უხელმძღვანელებს.

აჭარის მთავრობის სხდომა

გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა

არავის სასარგებლო გეგმებში მეპარება ეჭვი, მაგრამ მაინც, რატომღაც, ჩემდაუნებურად ირაკლი ჩავლეიშვილს ტელეფონზე დავუკავშირდი და დიქტოფონზე ჩავიწერე მისი დაპირება, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება და მასთან ძველებურად შევივლით იმ დოკუმენტების წამოსაღებად, რომლის მიღებაც „სხვა მხრიდან“ ჭირს ან გვიანდება. 

 

 

„მგონი, არ არის ეს კარგი ფაქტი. მაშინ, როცა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 18 წევრი ჰყავდა და დღეს 8 ჰყავს. ათმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქალაქი კი არ გვიშენებია, არამედ გვინგრევია… ამიტომ მწყდება ყველაზე მეტად გული, თორემ მართლა ყველანი ერთად ვაშენებდით ბათუმს და მივიყვანეთ იმ დონემდე, რა დონემდეც არის. დღეს ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ისევ მთავრობაში უნდა იყვნენ, ისევ კომფორტულად უნდა იყვნენ და საერთოდ არა აქვთ ინტერესი, რა მოხდება ბათუმში“, –  მითხრა გასულ კვირას ახალგადაყენებულმა გიორგი კირთაძემ.

 

 

არ ვიცი, რა იგულისხმა მან ისევ კომფორტულად ყოფნაში, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. ისე კი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „გადასხვაფერებულებისგან“ განსაკუთრებული აქტიურობა საკრებულოს სხდომებზე  არ მახსენდება.

 

 

საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო, ჟურნალისტებიც კი დავიძაბეთ. მოგვიანებით, როცა ისევ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ვიხსენებდი, ვიფიქრე რამდენი გმირი ჰყავდა ამ ამბავს? –  საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოში იმპიჩმენტის კანონიერების დასადგენად ჩივილს აპირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც მათთვის სხვა მდგომარეობაში, ანუ როცა გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენ, სხდომაზე არგამოცხადება არჩიეს. ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ახალი თავმჯდომარე გახდა და ისინი, ვის გამოც გიორგი კირთაძეს გული დაწყდა…

 

 

ვისთვის როგორ, მე კი ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ წამოსულ ვაჟა ვერულიძესაც დავამატებ: როცა სხდომაზე მომხდარ ფაქტებს ვაანალიზებდი ჩემს ფიქრებში, დიდი დრო დავუთმე იმას, თუ როგორ, რა ფორმით წაიყვანა სხდომა ვაჟა ვერულიძემ. უფრო ფორმებზე ვფიქრობდი, რომელსაც მან იმ დღეს მიმართა, როგორც სხდომის თავმჯდომარემ.

 

 

ცხადია, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და ეს იქ არც პატარა ბავშვს გამოეპარებოდა, –  როცა გიორგი კირთაძე, რომლის იმპიჩმენტის საკითხიც საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა, ისე პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელსაც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომის წარმართვის უფლება აქვს, დარბაზში არ გამოცხადდნენ, ჯერი ვაჟა ვერულიძეზე მიდგა, ის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეა – წესით სხდომის თავმჯდომარეობის მისია მას უნდა აეღო თავზე და ასეც მოხდა.

 

 

როგორ მოიქცა ვაჟა ვერულიძე? –  მან მანამდე არ დააყენა თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში, ვიდრე ვრცელი განმარტება არ მოისმინა ჯერ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარისგან – ხომ არ ირღვეოდა კანონი – შემდეგ საკრებულოს იურისტ სულიკო შვენთიძისგან, რომელმაც თქვა, რომ იურიდიული სამსახურის დასკვნას საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, გადაწყვეტილებაზე არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნებოდა.

 

შემდეგ კი  ვაჟა ვერულიძეც იმ 14-ს შორის ვიხილე, რომლებმაც გიორგი კირთაძის გადაყენებაზე თანხმობა ხელის აწევით დაადასტურეს.

 

ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი
ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი

  

მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ

„უნიმედ აჭარის“ შუახევის მუნიციპალური საავადმყოფო გახსნიდან რამდენიმე თვეში პედიატრმა, ანესთეზიოლოგმა, გინეკოლოგმა და ქირურგმა დატოვა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, წასვლის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა.

 

გინეკოლოგი ზაურ ლომინაძე სხვა კლინიკაში გადასვლას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საავადმყოფოს დატოვებას ბევრი ექიმი აპირებს. „შესაძლოა საავადმყოფო ექიმების გარეშე დარჩეს. ოთხმა ექიმმა დატოვა საავადმყოფო და სხვა კლინიკებში გადავიდნენ, ცოტა ხანს დაველოდები მდგომარეობის გაუმჯობესებას და თუ არ მოხდა ცვლილება  სახელფასო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით, სხვა კლინიკაში გადავალ, ზამთრის პერიოდში პაციენტთა რაოდენობა ნაკლებია, ჩემი ხელფასი კი პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული“ –  ამბობს ექიმი.

 

ამ საავადმყოფოებში ექიმები ხელფასს გამომუშავებით იღებენ. „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „უნიმედ აჭარის“ ქსელის საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების მედპერსონალი კომპანიის გადაწყვეტილებას საკადრო შემცირებებსა და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აპროტესტებდა, საპროტესტო აქციებს შუახევის საავადმყოფოს თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში მართავდნენ. აქციების მიუხედავად მმართველმა კომპანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დღემდე  ხელფასებს გამომუშავების მიხედვით გასცემს.   

 

საავადმყოფო შუახევში
საავადმყოფო შუახევში

 

საავადმყოფოს ექიმები ხულოშიც ტოვებენ. როგორც საავადმყოფოს დირექტორი  რუსლან აბულაძე ამბობს, საავადმყოფო სამმა ექიმმა და ერთმა ადმინისტრაციულმა მუშაკმა დატოვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კადრების ჩანაცვლება მოხდა და ამ მხრივ პრობლემა არ არის. დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და წასულებს ახალი მედპერსონალი ჩაენაცვლა. 

 

კითხვაზე, ექიმების წასვლის მიზეზი გახდა თუ არა სახელფასო პოლიტიკა? რუსლან აბულაძე პასუხობს: „ყველა უხელფასობის გამო არ წასულა, ზოგი გადადის საცხოვრებლად ქალაქში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ექიმთა დამაგრების“ მიზნით დამატებით ანაზღაურებაც გამოყო, რაც მისასალმებელია“.

 

სამედიცინო მომსახურების პრობლემას აჭარის მაღალმთიანეთში რეფერალური სამსახურის არ არსებობაც ქმნის. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის რეანომობილს ბათუმიდან იძახებენ. რუსლან აბულაძე პრობლემას ვერც ამაში ხედავს: „საჭიროების შემთხვევაში რეანომობილს ვიძახებთ, გამოძახებიდან ორ საათში რეანომობლი ხულოშია, ამ მხრივ პრობლემა არ არის“.

 

მედიასთან საუბარი არ სურს „უნიმედ აჭარის“ ქედის სამედიცინო ცენტრის მენეჯერს, გიორგი მხატვარს, მან სადაზღვევო კომპანიასთან გადაგვამისამართა. „ბათუმელებთან“ ამ თემაზე კომენტარი არც  შუახევის საავადმყოფოს მენეჯერმა, ანზორ მიქელაძემ გააკეთა, მან მოუცლელობა მოიმიზეზა.  

 

სამი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან არც ერთს არ ჰყავს ტრამვატოლოგი, რის გამოც ავარიის შემთხვევაში დაზარალებულები სასწრაფო სამსახურს ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაჰყავს, სადაც პირველად დახმარებას უწევენ, შემდეგ კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

მუნიციპალური საავადმყოფოების გარდა პრობლემები მედიკოსებს თემის ამბულატორიებსა და სოფლის სამედიცინო პუნქტებშიც აქვთ. ამბულატორიაში დასაქმებულ პერსონალს ხელფასი 50 ლარით  გასული წლის სექტემბრიდან გაეზარდა, მედდის ხელფასი 350 ლარია, ექიმისა კი _ 500 ლარს აღემატება, თუმცა თემის ამბულატორიების ექიმები და ექთნები ხელფასიდან იხდიან საშემოსავლო, ელექტროენერგიისა და გათბობის გადასახადებს და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისთვის საჭირო  ნივთებს ღირებულებას.

 

 ექიმებსა და ექთნებს ყოველთვიურად ანგარიშის წარდგენა მოეთხოვებათ, გარდა ანგარიშებისა, გარდაცვალების შემთხვევაში ცნობა ამბულატორიამ ელექტრონულად ხუთი დღის განმავლობაში უნდა გადააგზავნოს, ამის შესაბამისი აპარატურა კი ადგილზე არ გააჩნიათ: ამბულატორიებში ამბობენ, რომ მთავარ და ძირითად  პრობლემას მაინც კომპიუტერისა და ინტერნეტის არ არსებობა ქმნის. „არ გვაქვს კომპიუტერი, ინტერნეტზე საუბარი ხომ ზედმეტია, თითოეულს ანგარიში გვაქვს ჩასაბარებელი, ამისთვის ქალაქში გვიწევს ჩასვლა, ანგარიშების ამობეჭდვა, დაქსეროქსება და ჩაბარება“ – ამბობს მახუნცეთის ამბულატორიის მედდა ინგა ღოღობერიძე.

 

მახუნცეთის თემის ამბულატორიაში ორი ექიმი და ორი მედდა მუშაობს. როგორც ამბულატორიის ექიმი მაგული ძირკვაძე ამბობს, ხარჯებს ინაწილებენ. გარდა მედიკამენტებისა, ყველა მათგანს გააჩნია ექიმის ჩანთა გარკვეული სახის მედიკამენტების მარაგით: „დაახლოებით 50-60 დასახელებისაა, ყოველთვიურად 30-35 ლარამდე მეხარჯება მედიკამენტების შეძენაზე. გარდა, ამისა 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულებით ყველა პაციენტზე ახალი სამედიცინო ბარათი უნდა გაიხსნას, ერთი სამედიცინო ბარათი 1,50 ღირს და რამდენ ანკეტასაც გახსნი, იმდენი 1,50 უნდა გადაიხადო. უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიმართ, თორემ ამას ვერც კონკრეტულად „ალდაგი“ გადაწყვეტს და ვერც აჭარის სამინისტრო ვერ შეცვლის “ – ამბობს ექიმი.  

 

ამჟამად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კადრების შესანარჩუნებლად პროგრამას ამუშავებს, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ვიწრო სპეციალობის მქონე ექიმები ხელფასზე დანამატის სახით  – 300, ექთნები კი 150 ლარს მიიღებენ.  

 

„აქცენტი ძირითადად ვიწრო სპეციალისტებზეა გაკეთებული, რომელთა არსებობა აუცილებელია. ძირითადად ანესთეზიოლოგებზე, საოპერაციოს მედდებზე, ნევროპათოლოგებზე და ა.შ. დანამატის ოდენობა კონკრეტულად და ინდივიდუალურად იქნება განხილული, დანამატ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება რეფერალურ სამსახურს, სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაა ამ კუთხით პრობლემა მოაგვაროს, არსებობს პრობლემები, რომელთან დაკავშირებით საკითხები მუშავდება“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე. 

 

მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება სრულად, თუ  ჯანდაცვა სახელმწიფოს დაუბრუნდება: „ჩემი აზრით, სანამ პირველადი ჯანდაცვა არ დაუბრუნდება სახელმწიფოს და სახელმწიფო არ იქნება მისი განმკარგავი, მანამდე ეს პრობლემა სრულად არ მოგვარდება“.

`

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტები ღია ცის ქვეშ რჩებიან

ცაგო კახაბერიძე

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, აჭარიდან წალკაში ჩასახლებული ეკომიგრანტების საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესასწავლად შეპირებული სამთავრობო კომისია არ შექმნილა: „მაგრამ წალკაში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს საცხოვრებლის პრობლემა აღარ აქვთ, ყველაფერი მოგვარდა.“

„არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო. არც კომისია შექმნილა და არც მთავრობა გამოგვხმაურებია. კიდევ ორი ოჯახი გაასახლეს ბერძენმა მეპატრონეებმა სოფელ ავრანლოდან“ – ამბობენ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში ჩასახლებული ეკომიგრანტები „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში.

მაღალმთიანი აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს გასული წლის შემოდგომის მიწურულს საცხოვრებელი სახლისა და მშობლიური მიწა-წყლის დატოვება მეორედ მოუწიათ. ამჯერად მიზეზი სტიქიური უბედურება არ გამხდარა, მათ სახლების დაცლა ბერძენმა მეპატრონეებმა აიძულეს.

2007 წელს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბერძნების მიერ დატოვებულ სახლებში გადასვლა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ეკომიგრანტებს თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა, იმ პირობით, რომ ამ სახლების საფასურს მთავრობა უახლოეს პერიოდში  დაფარავდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მტკიცებით მთავრობამ სახლების საფასური მართლაც დაფარა. წალკის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით  წალკაში 2400-მდე ეკომიგრანტი ოჯახია ჩასახლებული, სამინისტროს ბალანსზე კი მხოლოდ 571 სახლი ირიცხება.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტები

მკლავჭიდელი და პრეზიდენტი დოპინგის გამოყენებას უარყოფენ

გოჩა შავაძე
გოჩა შავაძე

გოჩა შავაძე: ჩვენ ახლახან, ინტერნეტით შევიტყვეთ, რომ თითქოსდა მერაბ კაკაბაძემ დოპინგტესტი ვერ ჩააბარა. თუ ეგ სიმართლეა, რატომ არ მივიღეთ ჩვენ, აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ, ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ და რატომ უნდა ვიგებდეთ ამას ინტერნეტით?!

 

 

გოჩა, თავიდან მოგვიყევი რა მოხდა

 

 

– როგორც გავარკვიეთ, 2010 წელს, ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირზე, მერაბმა დალია სასმელი, აი ისეთი, ენერგეტიკულს რომ უწოდებენ. ორი წლის შემდეგ გაარკვიეს, რომ თურმე მასში დოპინგის შემცველი ნივთიერება აღმოჩნდა. კი მაგრამ, რატომ აქამდე არ თქვეს?! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თავად მერაბს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამის შესახებ. თუ აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა და სპორტსმენისთვის არ შეიძლება, მაშინ რატომ იყიდებოდა იქვე, დარბაზთან ახლოს?! კარგად ვიცნობ მერაბს, არანაირ დოპინგს ის არ იღებს.

 

 

გინდათ თქვათ, რომ გაურკვევლობას აქვს ადგილი?

 

 

– რა თქმა უნდა. გაიხსენეთ ჩვენი ძიუდოისტის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის ირაკლი ცირეკიძის შემთხვევა. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ისიც. მიიღო რაღაც საკვები, რომელიც დოპინგის მაგვარ ნივთიერებას შეიცავდა. ირაკლი უდანაშაულო რომ იყო, ეს დაამტკიცა კიდეც და ჩვენც დავამტკიცებთ, რომ კაკაბაძე დამნაშავე არ არის.

 

 

როდესაც დოპინგის გამოყენებაში სპორტსმენს ამხელენ, დისკვალიფიკაციის გარდა მას ტიტულების ჩამორთმევაც ემუქრება. მერაბი ხომ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონია

 

 

– ისევ ცირეკიძის მაგალითს მოვიშველიებ. მან დაამტკიცა, რომ უდანაშაულოა და ტიტულებიც შეინარჩუნა. ასევე დავამტკიცებთ ჩვენ ჩვენს უდანაშაულობას.

 

 

კაკაბაძეს ორწლიან დისკვალიფიკაცია ემუქრება

 

 

– ამბობენ, რომ თითქოსდა დოპინგი მან 2010 წელს მიიღო, შესაბამისად, ორი წელი კი უკვე გასულია. ასე რომ, მერაბი ტურნირებზე გამოსვლას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად არ ვიბრძოლებთ.

ჩვენ ველოდებით ოფიციალურ წერილს მკლავჭიდის საერთაშორისო ორგანიზაციიდან და მას შემდეგ სათანადო რეაგირება გვექნება – ჩვენს უდანაშაულობას დავამტკიცებთ.

 

 

სხვა რა სიახლეები გაქვთ?

 

 

– აჭარის ჩემპიონატისთვის ვემზადებით. პირველადგილოსნები კი საქართველოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. იმედია, ჩვენი სპორტსმენების უმრავლესობა ეროვნულ ნაკრებში მოხვდება. ამჟამად გვყავს ისეთი მკლავჭიდელები, რომლებზეც დიდ იმედს ვამყარებთ, კადეტთა შორის თაზო კონცელიძე, ახალგაზრდებში გიგა ჭაღალიძე და გოგიტა ხიმშიაშვილი; გოგონათა შორის მარინა ფუტკარაძე, დარინა ცეცხლაძე და ნინო მახარაძე ლიდერობენ, ასევე სტელა ჯიჯავაძე, რომელიც ახალბედაა, მაგრამ საკმაოდ პერსპექტიული. ასე რომ მათზე, და არა მარტო მათზე, დიდ იმედს ვამყარებთ. რაც ყველაზე სასიხარულოა, აჭარის მკლავჭიდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი თემურ ლიპარტაშვილი, სავარაუდოდ, მალე დაუბრუნდება დიდ სპორტს, ანუ თავადაც მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრებებზე. ეს კარგი მაგალითი იქნება ყველასთვის.

 

 

დარბაზის პრობლემა გქონდათ, ახლა რა ვითარებაა?

 

 

– სამწუხაროდ, ჩვენთვის დარბაზი არ გამოიძებნა. ბათუმში არსებულ ერთ-ერთ სპორტულ კლუბში ვარჯიშობენ ჩვენი სპორტსმენები, ზოგიერთი თავად იხდის საფასურს, ზოგიერთს ფედერაცია ეხმარება. არადა, ერთი პატარა დარბაზი რომ გვქონდეს, არ მოგვიწევდა მომთაბარეებივით ხეტიალი. წარმოიდგინეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე გუნდურ პირველ ადგილს ვიკავებთ და საკუთარი დარბაზი არ გვაქვს. ეს პრობლემა რომ არ გვქონდეს, მერწმუნეთ, შედეგი გაცილებით უკეთესი გვექნებოდა.

 

 

დაფინანსების საქმე როგორ გაქვთ?

 

 

– აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი გვაფინანსებს. ჩვენი მუდმივი პარტნიორი, ასე ვთქვათ, სპონსორი შპს „აღმშენებლობა“, მისი დირექტორი მურმან ბაკურიძე და ჩვენი ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი სულიკო ბაკურიძეა. „ბათუმელების“ საშუალებით მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

 

 

მერაბ კაკაბაძე: „ერთ-ერთ ტურნირზე ენერგეტიკული სასმელი დავლიე და როგორც გაირკვა, თან ორი წლის შემდეგ, მასში ყოფილა დოპინგის შემცველობა. ეგ რომ მცოდნოდა, მაგას როგორ გავეკარებოდი?! ცხოვრებაში წამალი არ დამილევია და რა დოპინგზეა საუბარი. მართალი რომ ვარ, მაგას დავამტკიცებ“.

„აკრობუმი წარსულია, აქცენტს ახალ თაობაზე ვაკეთებ“

– ამ გოგონების მომზადებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვასწავლიდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა ამ თემაზე დავკონკრეტდე, ამდენწლიან შრომას წყალში რომ ჩაგიყრიან… თითქოს მე მათთვის არაფერი გამეკეთებინოს, უბრალოდ რომ ვთქვა, საწყენია და მეტი არაფერი. ტყუილად არაა ნათქვამი, მწვრთნელობა უმადური პროფესიააო. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს და პასუხი საკუთარ თავს გასცეს. მეტს მათზე არაფერს ვიტყვი. ახლა ახალი თაობა მყავს, არანაკლებ ნიჭიერები, რომლებმაც უკვე მოიპოვეს არაერთი გამარჯვება.

 

 

  მაშინ ახლების შესახებ მოგვიყევით

 

 

– ორი გოგონათა წყვილი და ორიც შერეული წყვილი მყავს, რომლებიც თავიანთ ასაკობრივ ჯგუფებში ასპარეზობენ. ლანა ცეცხლაძისა და ლელა ქამადაძის დუეტმა – ისინი ერთი წელია ვარჯიშობენ – უკვე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა. დეკემბერში მარნეულში ჩატარდა ღია პირველობა, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და ჩემმა აღსაზრდელებმა პირველი ადგილი დაიკავეს. დებმა – თამუნა და მარი სიხარულიძეებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვეს. შერეულ წყვილთა შორის გაიმარჯვეს და-ძმა ლანა და ალეკო ბერიძეებმა. გიგა იმნაძისა და მილენა ჩარგეიშვილის წყვილიც ჩემპიონი გახდა.

 

კარგი თაობა მოდის და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის ამაგს ისინი მაინც დააფასებენ. 31 წელია მწვრთნელობას ვეწევი, აქედან მხოლოდ 7 წელი გავატარე ტანვარჯიშში, 24 წლის განმავლობაში კი სპორტულ აკრობატიკაში ვავარჯიშებ ბავშვებს და არ მახსოვს თუნდაც ერთი წელი, რომ ჩემი მოსწავლეები საქართველოს ჩემპიონები არ გამხდარიყვნენ. ამის შემდეგ რომ გეტყვიან, ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებიათო…

 

 

ვხედავ, გულნატკენი ხართ ყოფილ მოსწავლეებზე?

 

 

– ეს ბუნებრივი რეაქციაა. თქვენ რა, კმაყოფილი იქნებოდით? მოდით, ამ თემაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. როგორც გითხარით, საკმაოდ კარგი თაობა წამოვიდა და ამჟამად მთელი ყურადღება მათზე მაქვს გადატანილი. თუმცა კარგი იქნება, ჩვენ მიმართ მეტ ყურადღებას რომ იჩენდნენ.

 

 

რას გულისხმობთ?

 

 

– სპორტის დეპარტამენტი და სპორტსკოლის დირექცია გვეხმარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ბავშვები ფორმებს საკუთარი ხარჯებით იძენენ. კარგი იქნება, თუ პატარა სპორტსმენებს ხშირად წაახალისებენ შეკრებებით, ფორმებით, მეტ ტურნირზე თუ გაუშვებენ. ეს, პირველ რიგში, სპორტის ამ სახეობის განვითარებას წაადგება.

 

 

მხოლოდ ეს რვა მოსწავლე გყავთ?

 

 

– არა, მათ გარდა არის კიდევ ათი ბავშვი. არიან მსურველები, რომლებსაც ვარჯიში უნდათ. უარს არ ვამბობ, თუმცა მალევე ვხვდები, ვის რა შესაძლებლობა აქვს. ყველას თავისი პროგრამის მიხედვით ვავარჯიშებ. იმედია, ჩემს მოლოდინს ეს თაობა გაამართლებს.

 

 

 

 

 

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

თაკო შოთაძე

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე, მინისტრი გიორგი თავართქილაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოფელ ხუცუბანში, ფილების ქარხანაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრი ამბობს, რომ საწარმო ,,ლეგის“ ფუნქციონირება არ შეუწყვეტია:

 

„ის საწარმო ერთი კვირის წინ მოვინახულე და მილიონის ნაცვლად, რვა მილიონის ინვესტირება აქვთ გაკეთებული. ტელევიზიით როცა  ვნახე, რომ პრეზიდენტი იმ საწარმოს დახურვაზე საუბრობდა, სადაც მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი, გავოგნდი. საწარმო არ გაჩერებულა, უბრალოდ ამ ეტაპისთვის ისვენებს, რადგან მას დამზადებული აქვს მილიონი ლარის პროდუქცია. ეს მხოლოდ სეზონური მოვლენაა და ზამთრის დასრულებისთანავე მუშაობას განაახლებს“.

 

საწარმო „ლეგ-“ში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ,,ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც ვიღაცეებმა სააკაშვილის ხუშტურები უწოდეს, ახლა შეჩერებულია. ობიექტებზე სადაც დასაქმებული იყო 7-8 ათასი ადამიანი, ახლა გაჩერდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უამრავი ადამიანი ლუკმა-პურის გარეშე დარჩა’’.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოზე: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ”

„ჩვენ ამ შეხვედრებზე დავდივართ, რადგან პროექტი გვაქვს. ჩვენი საკანონმდებლო ჩართულობის პროგრამის ოფიცერი კი მონიტორინგს უწევს უმაღლესი საბჭოს მუშაობას. სხვა არასამთავრობოებმა უარი თქვეს და ვფიქრობ სამართლიანად, იმიტომ, რომ არ ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება. ავთანდილ ბერიძეს შეიძლება მიაჩნია, რომ ეს შეხვედრები არის ჩართულობის და გამჭვირვალობის პიკი, მაგრამ რეალურად ამას არანაირი შედეგი არ აქვს“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ირინე ურუშაძე.

 

ირინე ურუშაძის აზრით მსგავსი შეხვედრები იმ შემთხვევაში იქნება შედეგის მომტანი, თუ  ბრიფინგის სახე არ ექნება: „ბოლო შეხვედრის დროს ყველაფერზე ავთანდილ ბერიძემ ისაუბრა და აზრიც არ ჰქონდა დისკუსიაში შესვლას. ეს შეხვედრები დაახლოებით ორშაბათის ბრიფინგებს ჰგავს და ჩართულობის განცდა არა გვაქვს. უსკოს კანონთად დაკავშირებით რომ მუშაობდნენ, დისკუსია გაიმართა ერთხელ და რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩართულობის ყველა შესაძლებლობები ამოწურეს. როცა შევთავაზეთ, რომ დრო მიეცათ მეორე მხარისთვისაც, სეპარატისტული განცხადებები გააკეთეს: „ჩვენ აჭარა ვართ, თვითონ გადავწყვეტთ და რატომ უნდა ვკითხოთ“ სხვა.

 

გენო გელაძე, „დემოკრატიის ინსტიტუტი“: „არ ვთვლი, რომ მთლად ფორმალური ხასიათისაა ეს შეხვედრები, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც აქვს აზრი. ჩვენს შემთხვევაში ეს თანამშრომლობა შედგა, ვგულისხმობ აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებულ განხილვებს. ინდიფერენტულობა ალბათ ბოლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებამაც გამოიწვია, როცა საერთოდ არ გაითვალისწინეს არასამთავრობოების მოსაზრებები. არასამთავრობოებთან შეხვედრების ჩართულობის მექანიზმები შესამუშავებელია. მარტო პრეზენტაციების ფორმით კი არა, სამუშაო შეხვედრაზე რომ მიიწვიონ, ინტერესიც მეტი იქნება და უფრო ხშირადაც ივლიან. ფორმატი არ არის ეფექტურად განსაზღვრული“.

 

გენო გელაძის თქმით, უმაღლესი საბჭოს ანგარიშების გაცნობა ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის გია ქარცივაძის თქმით, შეხვედრები კარგია, თუმცა ფორმატზეც უნდა იფიქრონ: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ. შეხვედრა შეხვედრისთვის უფრო არის, თუმცა, ჩვენ მაინც დავდივართ ამ შეხვედრებზე“.

გიორგი კირთაძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა

ცაგო კახაბერიძე

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის საჩივარი საკრებულოს 2 თებერვლის  ადმინისტრაციული აქტის შეჩერების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

კირთაძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა მისი იმპიჩმენტისა და  ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს, კანონმდებლობის უხეში დარღვევით ჩატარდა.  „სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ჩვენი მოთხოვნა არ არის მთლად სამართლიანი და მე ვფიქრობ რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილებ. დღეს მოვიფიქრებთ და გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა საქმეს სხვა ინსტანციაში“- განაცხადა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბრისას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში ორი ფრაქცია ექნება

ცაგო კახაბერიძე

 

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში  ორ ფრაქციად გაიყოს, მათ შორის ერთ-ერთს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. 

ზაურ ფატლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან გარიცხეს

ცაგო კახაბერიძე

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან  ზაურ ფატლაზე  გარიცხეს.  ამის მიზეზი 2 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სდომაზე დასწრება და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის  საკითხზე ხმის მიცემა გახდა.  ზაურ ფატლაძემ კი განმარტა, რომ  ფრაქციიდან წავლაზე მან განცხადება დღეს დილით თავად დაწერა.

ნოდარ დუმბაძე

„წინა დღით შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია, ჩატარდა სხდომა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომაზე, სადაც გიორგი კირთაძის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დასმულიყო, დავრჩებოდი მხოლოდ მე და დავაფიქსირებდი ჩვენს საპროტესტო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რიგგარეშე სხდომა იყო არაკანონიერი. ამის შემდეგ ვაპირებდი საკრებულოს სხდომის დატოვებას პროტესტის ნიშნად. როდესაც უკვე ჩემი სიტყვა დავამთავრე და უკან მოვბრუნდი დავინახე, რომ ჩემი უკვე ყოფილი ფრაქციის წევრი ესწრებოდა სხდომას. შემდეგ კი როდესაც მე საკრებულოს სხდომა დავტოვე, მან არ დატოვა.  მისი ამ საქციელით დაირღვა ფრაქციის ქესდება.“ – ასეთი  განუმარტება გააკეთა დღეს საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარემ ნოდარ დუმბაძემ ფატლაძის გარიცხვასთან დაკავშირებით.

ზაურ ფატლაძე

ზაურ ფატლაძის განმარტებით კი ფრაქციამ მისი განმარტებების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება: „კარგი  იყო ჩემთვის მოესმინათ, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს, მე არ ვაპროტესტებ ამას, მაგრამ ამავე დროს მინდა გაცნობოთ, რომ დღეს დილით მე დავწერე განცხადება და ფრაცია დავტოვე. ამის შესახებ ვაცნობე ფრაქციის თავმჯდომარეს, მაგრამ ვაგრძელებ მუშაობას საკრებულოში დამოუკიდებელი წევრის სტატუსით.“

„ცესკოს უფლება არ აქვს რაიმე მოგვთხოვოს“

„ეს კანონი მიღებულია არა კანონის გაუმჯობესების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ მოქმედი წევრები ახლით ჩაანაცვლონ. მე პირადად 2016 წლამდე მაქვს ვადა და უსკოს წევრების გადაყენების წესიც კანონით არის განსაზღვრული“- აცხადებს აჭარის უსკოს თავმჯდომარე არჩილ მიქელაძე.

 

არჩილ მიქელაძის განცხადებით, მიუღებელია უსკოს წევრთა დაკომპლექტების წესიც: „კომისიის წევრებს წარადგენენ არასამთავრობო ორგანიზაციები ან პოლიტიკურ პარტიები. ახლანდელი წევრები კი პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული. არჩევნების დროს კომისიის შემადგენლობა ცამეტამდე იზრდება და გამოდის რომ ცამეტკაციანი შემადგენლობა სულ პარტიული ნიშნით იქნება შერჩეული. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს“. 

 

 

არჩილ მიქელაძე ამბობს, რომ აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია და მას სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„ამ კანონის ნაჩქარევად მიღება არ იყოს საჭირო, რადგან ქვეყანაში მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე მუშაობა და ერთიანობაში მოხდებოდა ეს ცვლილება“. – ამბობს მიქელაძე.

 

უმაღლესი საბჭის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე ცესკოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შემდეგნაირად პასუხობს:

 

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში წერია, „მოვითხოვთ“,- აი ეს არის ზეწოლა. ცესკო თავს უფლებას აძლევს, არჩეული ლეგიტიმური ორგანოდან რაღაც მოითხოვოს. ეს ხარატიშვილის არაკომპეტენტურობის ბრალია. იმიტომ, რომ მან არ იცის რა არის აჭარის უმაღლესი საბჭო, კონსტიტუცია და ის, რაზე ვართ უფლებამოსილი“.

 

ავთანდილ ბერიძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექსების წესი, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ქვეყნის ძირითადი კანონისგან: „იმიტომ, რომ ამ არჩვენებს ჩვენ ვატარებთ“. თუ ვინმე ეჭვს შეიტანს ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, ამისთვის არსებობს სასამართლო და თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ არაკონსტიტუციურია ჩვენს მიერ მიღებული კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილებით.“

„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

რა იწვევს მიწისძვრას და რა პროცესები მოჰყვება მას; რა ინტერვალია მიწისძვრიდან მიწისძვრამდე? – ამ თემაზე „ბათუმელები” სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.

 

ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი
ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი

 


ბატონო ზურაბმოსახლეობა განსაკუთრებით შეაშფოთა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მიწისძვრა დაფიქსირდა შავ ზღვაში, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

 

 

მთლიანად კავკასია, შავი ზღვის ტერიტორია,  ტექტონიკურად აქტიური რეგიონია. ეს არის ეგრეთწოდებული კონტინენტური შეჯახების ზოლი, ალპებიდან დაწყებული ჰიმალაებამდე. ამ ზოლში ხვდება მთლიანად კავკასია და მათ შორის საქართველო, ასევე შავი ზღვაც.  მიწისძვრა ხდება შავ ზღვაშიც, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სანაპიროსთან ახლოს ასეთი ძლიერი მიწისძვრა იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ რაც ინსტრუმენტული დაკვირვება არსებობს, აქ ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა. მიწისძვრები დაფიქსირდა 1935, 1949, 1953 წლებშიც, ოღონდ უფრო სუსტი ან საშუალო სიძლიერის, რომელთა მაგნიტუდა 4, 6, 8 მეათედი იყო.

 

ეპიცენტრების  რუკას რომ დავაკვირდეთ, ზღვაზე მიწისძვრა ფიქსირდებოდა, თუმცა გაცილებით  უფრო სუსტი.  23 დეკემბერს კი ექვსი მაგნიტუდა დაფიქსირდა. 25 დეკემბრიდან – 26 დეკემბრამდე ღამით მოხდა განმეორებით მიწისძვრა.  საერთოდ, მომდევნო ბიძგები ასეთ ძლიერ  მიწისძვრას თან ახლავს. მათ „აფთერშოკებს“ ვუწოდებთ, ანუ ეს არის შემდგომი ბიძგები.

 

 

მარტივად რომ აგვიხსნათ, რა არის მიწისძვრა, რა პროცესია და რა იწვევს მას?

 

 

მიწისძვრა უკავშირდება აქტიურ რღვევებს, შავი ზღვის ტექტონიკურ რუკაზე ნახავთ, რომ შავ ზღვაში ორი ქვაბულია, აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთის ქვაბული საქართველოს სანაპიროსთან ახლოს არის და მას მოსდევს წყალქვეშა მთები. დაახლოებით იქ მოხდა  მიწისძვრა, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს იყო დაახლოებით  ფოთიდან ოდნავ ჩრდილო აღმოსავლეთით, 40 კილომეტრზე, სადაც ზღვის სიღრმე დაახლოებით კილომეტრნახევარია. ზოგადად მიწისძვრას იწვევს დედამიწის ქერქის მოძრაობა, ლითოსფერო (დედამიწის ქერქი), ასე ვთქვათ, დამსხვრეულია და ეს ნამსხვრევები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, აი ეს იწვევს მიწისძვრას.

 

 

საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია?

 

 

კავკასია საერთოდ სეისმურია, მაგრამ ყველა რეგიონი ერთნაირად არა. თუ მარტო საქართველოს ავიღებთ, აქაც გაცილებით უფრო აქტიურია კავკასიონი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები და ჯავახეთის ზეგანი. აქ გაცილებით უფრო ხშირად ხდება მიწისძვრა. შავი ზღვა, როგორც გითხარით, ნაკლებად აქტიურია.

 

 კავკასია მიიჩნევა საშუალო სეისმოლოგიიური აქტივობის მქონე რეგიონად, ძლიერი მიწისძვრა ხდება, მაგრამ იშვიათად. მთავარია ასევე ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი, რაც საქართველოში საკმაოდ დიდია. კავკასიაში ხშირად ხდება ისეთ ადგილზე მიწისძვრა, სადაც თითქოს არ მომხდარა ან ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ჩვენ  არ გვაქვს ცნობები მასზე. ზუსტად ასევეა შავ ზღვაშიც, გარკვეული სეისმური აქტივობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სეისმური დაკვირვება არსებობს, იმ პერიოდში იქ ასეთი მიწისძვრა არ მომხდარა.

 

 

რა განაპირობებს რეგიონის სეისმურობას?

 

 

დედამიწის ქერქის მოძრაობა, აი მაგალითად, არაბეთის ნახევარკუნძული მოძრაობს ჩრდილოეთისკენ და აწვება ევრაზიის ფილაქანს. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფილაქანს ქვემოდან არაბეთის ფილა აწვება, მათ შორის მოქცეული ტერიტორია განიცდის დეფორმაციას, აი ეს მოძრაობა იწვევს მიწისძვრას. მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ხის ჯოხი რომ გავღუნოთ, ბოლოს ხომ გატყდება?! აი ეს არის მიწისძვრაც. დაახლოებით ასეა დედამიწის ქერქი, ის განიცდის დეფორმაციას და როცა დაძაბულობა მიაღწევს  ზღვარს – გატყდება.

 

 

ამის შემდეგ რა პროცესი მიდის?

 

 

შემდეგ ეს პროცესი გარკვეული დროით გრძელდება და წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდება. მაგალითად, ასეთი მიწისძვრის შემდეგ, ეს „აფთერშოკები“ გაგრძელდება რამდენიმე კვირას, ან  ერთი-ორი თვე და შემდეგ ჩაცხრება ყველაფერი. ახლა ისეთი მიწისძვრები ხდება, რომელსაც მარტო აპარატურა აფიქსირებს, ანუ მიილია ეს პროცესი და ნელ-ნელა ჩაწყნარდება. რა თქმა უნდა, თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია, პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, მაგალითად, 1991 წელს რაჭა-იმერეთში მომხდარი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო და „აფთერშოკებიც“ დიდხანს გრძელდებოდა.

 

 

  ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი რაზეა  დამოკიდებული?

 

 

ამისი პროგნოზირება შეუძლებელია. არასტაციონალური პროცესია მიწისძვრა, ამიტომ ინტერვალი ზუსტი არ არის.

 

 

როგორ ხდება პროცესის შესწავლა?

 

 

მიწისძვრას მოყვება მთელი გუნდი მომდევნო მიწისძვრებისა, როგორც ამ შემთხვევაშიც მოხდა. შემდგომ მიწისძვრებზე დაკვირვება გვაძლევს ძალიან დიდ ინფორმაციას. მიწისძვრა ხდება დაახლოებით 15-20 კილომეტრ სიღრმეზე. 23 დეკემბრიდან დღემდე ამ ადგილას ასზე მეტი მიწისძვრა მოხდა. სამი დღის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე დამატებით სეისმური სადგურები გავხსენით და ახლა დამუშავდება ეს ყველაფერი, რომელიც აი ამ ადგილში, ანუ ზღვაში დედამიწის ქერქის და ამ რღვევის შესახებ მოგვცემს ინფორმაციას, რის შემდეგაც უფრო ზუსტად შევძლებთ ვთქვათ, რა სახის მოძრაობებია, რა იწვევს ამ მიწისძვრას.

 

 

ადამიანებს დღემდე დღემდე აქვთ შიში მიწისძვრის გამეორების…

 

 

ვინც შფოთავს, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია, აქ მიწისძვრები ხდებოდა წარსულშიც. არსებობს ამის ისტორიული მონაცემები. ცნობილია, რომ  ტაძრები და ციხესიმაგრეებიც დაუნგრევია მიწისძვრას საქართველოში, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება, ამიტომ ნუ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება. საბედნიეროდ ეს არის საშუალო სეისმოლოგიის მქონე ტერიტორია.

 

 

თუ განსაკუთრებით აჭარაზე, ბათუმზე, ვისაუბრებთ, შემიძლია უფრო დაგამშვიდოთ – ის ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია საქართველოში.

 

 

 

 

ახალი ველოტერმინალები ბათუმში

ქალაქის ქუჩებში 12 ახალი ველოტერმინალი დაიდგა.
მუნიციპალური ველოსიპედებისთვის ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე 12 ველოტერმინალი დაიდგა. ახალი ტერმინალები ბენზესა და აეროპორტის დასახლებებში, გორგილაძის, ხიმშიაშვილის (იუსტიციის სახლთან) და მელიქიშვილის (6 მაისის პარკთან) ქუჩებზე გადანაწილდა. 12-ვე ტერმინალის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია და სრული დატვირთვით მოქმედებს.

 

დღემდე ქალაქში მხოლოდ 10 ველოტერმინალი მოქმედებდა, რომლებიც ზღვისპირა პარკის გასწვრივ იყო დამონტაჟებული.
სამომავლოდ, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე კიდევ 8 ტერმინალი დაიდგმება.

 

მომზადებულია ბათუმის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა

რამსარის კონვენცია ერთადერთი საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ეკოსისტემას განსაზღვრავს  ეროვნულ ქმედებებს  და საერთაშორისო  თანამშრომლობის საკითხებს ჭარბტენიანი ტერიტორიების რესურსების კონსერვაციისა და გონივრული გამოყენების უზრუნველსაყოფად.

1997 წლის შემდეგ,  ყოველწლიურად, სახელმწიფო სამსახურები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლები საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში მონაწილეობენ, რაც ჭარბტენიანი ტერიტორიებისა და ზოგადად რამსარის კონვენციის მნიშვნელობას ეხება.

 

 

ჭარბტენიანი ტერიტორიები ასრულებს ძირითად ეკოლოგიურ ფუნქციებს, არეგულირებს წყლის რეჟიმს და ბიომრავალფეროვნების წყაროებს სახეობების, გენეტიკისა და ეკოსისტემის დონეზე; გამოირჩევა დიდი ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული და რეკრეაციული მნიშვნელობით; ასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებისა და ადაპტაციისათვის; მისი მზარდი ხელყოფა აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს გარემოს და ეკოსისტემას; უნდა მოხდეს  მისი აღდგენა სადაც ეს შესაძლებელი; საჭიროა მოხდეს  მისი კონსერვაცია გონივრული გამოყენების მიზნით

 

 

 

საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიებია:  ცენტრალური კოლხეთის ჭაობები (მოიცავს იმნათის, ნაბადასა და ჭურიის ჭაობებს, პალიასტომის ტბასა და მიმდებარე ტერიტორიებს);  ისპანის ჭაობი (მოიცავს ქობულეთის აღკვეთილსა და ნაკრძალს).

 

 

 

თუ არ იქნება სამართალი, ვერ იქნება მშვიდობა!

ზურაბ ცისკარაძე, ბიზნესმენი

 

ზურაბ ცისკარაძე
ზურაბ ცისკარაძე

კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მან ხალხის მხარდაჭერა და პოლიტიკური დივიდენდები ამ დაპირებით მიიღო. შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი ნაწილი უნდა გახდეს.

 

2004 წლიდან ვიბრძვი წართმეული ქონებისა და ბიზნესის დაბრუნებისათვის. წინა ხელისუფლების დროს არ დამიტოვებია არც ერთი ორგანო, სადაც არ მიმემართოს, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტი  სამ წელზე მეტია არაფრის მთქმელი მიმოწერით არის დაკავებული.

 

შპს „აირი“, რომლის  დამფუძნებელი  და დირექტორი ვიყავი, აზერბაიჯანიდან თხევადი გაზის იმპორტს და მის საცალო-საბითუმო რეალიზაციასა ეწეოდა. 2003 წლის 5 სექტემბერს აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის დროებითი მოწმობის საფუძველზე დაიწყო შპს „აირის“ კომპლექსური შემოწმება. სასამართლოს ნებართვის გარეშე შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის ინსპექტორები და აჭარის უშიშროების სამინისტროს თამანშრომლები.

 

საგადასახადოს ინსპექტორი ა. კახიძე თავის ჩვენებაში წერს: „აღვნიშნავ, რომ ჩემთან ერთად შემოწმებაში მონაწილეობას ღებულობდნენ აჭარის უშიშროების სამინინისტროს წარმომადგენლები და ყველა ციფრი, რომელიც ფიქსირდებოდა, მათ მიერ კონტროლზე იყო აყვანილი“.  შემოწმების შედეგად საურავებისა და ჯარიმების სახით, გადასახდელად 666 878 ლარი დაგვარიცხეს. ეს დავალიანება გამოიწვია იმან, რომ შემმოწმებელმა საბითუმო ფასად გაყიდული გაზი საცალოდ რეალიზებულად ჩაგვითვალა, რადგანაც მყიდველებზე არ გვქონდა გამოწერილი ანაგრიშ-ფაქტურები  და   ვერც გამოვწერდით,  რადგანაც  2002-2003 წლებში აჭარაში რეგისტრირებული გადამხდელები აქციზური საქონლის ანგარიშ-ფაქტურებს ვერ იღებდნენ.

 

 

ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ახალი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი. 2012 წლის 10 დეკემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მივიღე წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 2002 წელს აჭარაში რეგისტრირებულ გადამხდელებზე დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა  გაცემულია ერთი ცალი, ხოლო 2003 წელს – არც ერთი.

 

ეს ფაქტი კარგად იყო ცნობილი აჭარის საგადასახადო დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯუმბერ გოგიტიძისთვის, მაგრამ შემოწმების აქტი მან მაინც გადასცა აჭარის პროკურატურას. მისი პირდაპირი მოვალეობა იყო ანგარიშ-ფაქტურებით ჩვენი მომარაგება. თუმცა რადგანაც ის უკანონოდ, შეთავსებით ს.ს. „აჭარგაზის“ მმართველიც იყო, კონკურენტის ჩაძირვის უმოკლესის გზა აირჩია. სამართალი ურმით დადისო და იმედი მაქვს, აჭარის პროკურატურის ახალი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებით მივმართე, ამ „ურემს“ სწრაფად შეაჩერებს სამართლიანობის კარიბჭესთან. 

 

ვთვლი, რომ სამართლიანობის აღდგენის აუცილებელი პირობაა დამნაშავეების გამოვლენა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ასევე რეპრესირებულთა უფლებებისა აღდგენა. თუ ახალი ხელისუფლება დამნაშავეებს დაუსჯელად დატოვებს, ის ვერ მოიპოვებს ხალხის ნდობას და მის თვალში უსუსტეს და უპრინციპო ხელისუფლებად დარჩება. უნდა დადგეს დრო, როდესაც ყოველ მომდევნო ხელისუფალს ეცოდინება, რომ ნებისმიერი სერიოზული გადაცდომისთვის უმკაცრესად აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე. 

 

სამართლიანობის აღდგენასთან ერთად არა ნაკლებ მტკივნეულ საკითხად მიმაჩნია, ახალი ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურებში კადრების დასაქმების პოლიტიკა. გამარჯვებულ კოალიციაში შემავალი პარტიები თავისი აქტივისა და ნათესავ-მეგობრების დასაქმებით არიან დაკავებული.  მათ მინდა შევახსენო, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 5% გაერთიანებული და დარწმუნებით ვამბობ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს. ასეთ პოლიტიკას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა – „ნადავლის გადანაწილება“.

 

ქართული პოლიტიკა აუცილებლად საჭიროებს ახალ სახეებს, არა ათას პარტია გამოცვლილი ე.წ. „პარტიული აქტივის“ სახით, არამედ თუნდაც ისეთ პიროვნებებს, ვინც წარმატებული იყო და არის კერძო სტრუქტურებში. საქმის მკეთებელი ხალხი უნდა დასაქმდეს და არა მხოლოდ პარტიული აქტივი. ხელისუფლების უმთავრეს მოვალეობად კი მიმაჩნია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, დასაქმების ყველა მსურველთათვის თანაბარი პირობების შექმნას.

Exit mobile version