სიახლეები

შპს „გზა“ და მუშების გაუცემელი ხელფასები

06.02.2013 •
შპს „გზა“ და მუშების გაუცემელი ხელფასები

ლელა დუმბაძე


ახალი ავტოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ამბობენ, რომ მათ სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ. მშენებლობას შპს „გზა” აწარმოებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მალხაზ დუმბაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ორი თვის დავალიანება აქვთ: „მაგრამ ეს ჩვენი მიზეზით არ არის გამოწვეული. ახალ ავტოსადგურს თურქული კომპანია „სენა ჯორჯია“ აშენებდა, შპს „გზა“ მხოლოდ შემსრულებელი კომპანია იყო, მას ჩვენი ვალი აქვს და შესრულებული სამუშაოს თანხა ამ დრომდე არ დაუფარავს. ხელფასების გაცემაც ამიტომ დაგვიანდა“.

 

შპს „გზას“ ხელმძღვანელის თქმით, „სენა ჯორჯიას“ დავალიანება ერთი მილიონ 870 ათასი ლარია. „როგორც ვიცი, საზედამხედველო კომპანიამ „თურქ მოლიმ“ შესაბამისი დასკვნის დადება დააგვიანა. არა მგონია, ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენცია იყოს. კონსულსაც დავუკავშირდი, ჩავრთე ყველა ინსტანცია და ველოდები შედეგს“.

 

შპს „გზა“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მეტ სახელმწიფო შესყიდვას იღებდნენ. მალხაზ დუმბაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიღებულ დაკვეთებზე ფინანსური პრობლემები არ შექმნიათ. „მერიას არ აქვს კომპანიის დავალიანება, ჯერჯერობით მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე ვმუშაობთ, ცვლილებებია დაგეგმილი და სამუშაოები მალე განახლდება“.


გადაბეჭდვის წესი