სპორტი

„გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“

06.02.2013 • 1405
„გადავარჩინოთ ბათუმის დინამო“

ოთარ ფედიჩკინი: სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ბათუმის „დინამო“. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ უკუსვლის პროცესი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც სტადიონი დაგვინგრიეს.

პირადად მე და ჩემი თაობა, ფეხბურთს მოწყვეტილი აღმოვჩნდით. ფაქტობრივად, 19-20 წლის ბიჭებმა თამაშს თავი დავანებეთ. აქ მყოფთაგან ზოგმა მოასწრო „დინამოში“ თამაში, თუმცა ერთი ან ორი სეზონი არაფერია იმათთვის, ვინც ფეხბურთით ცხოვრობს. ყველას კარგად გვახსოვს ის პერიოდი, მაშინ „დინამოს“ დაფინანსება მხოლოდ 80 000 ლარი იყო, არ ჰქონდა გუნდს იმის საშუალება, რომ გამოცდილი ფეხბურთელები ჩამოეყვანა და პირველ ლიგაშიც დაქვეითდა. ოთხი წლის შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდა უმაღლესს, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავ გავარდნის კანდიდატია. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, არასწორი მენეჯმენტის ბრალია.

აი ჩვენ ვითხოვთ, რომ სტადიონი აშენდეს. კი ბატონო, მაგრამ ვინ უნდა შევუშვათ ამ სტადიონზე?! ბათუმის „დინამოს“ ოთხი ასაკობრივი გუნდი ჰყავს და ფეხბურთელთა საერთო რაოდენობა 120-ს არ აღემატება. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვთა ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაშია და გამოსავალი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ. ჩვენ არავის ვებრძვით, თუმცა აღვნიშნავ, რომ დროა კლუბში ახალი სახეები მოვიდნენ, ვინც გაცილებით მეტს გააკეთებს „დინამოსთვის“, ვიდრე ეს დღეს კეთდება.

მადლობა გვინდა ვუთხრათ ბათუმის მერიას, რომელმაც კლუბისთვის მილიონნახევარი ლარი გამოყო, რის შემდეგაც გუნდმა შეძლო გამოცდილი ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არაა. ჩამოყვანილი ფეხბურთელი ექვს თვეში ისევ უკან დაბრუნდება. ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა, რაც „დინამოს“ სამომავლოდ კარგ ბაზას შეუქმნის. პირადად მე მქონდა ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც ადგილობრივ, ასვე უცხოელ ბიზნესმენებთან, რომლებიც მზად არიან „დინამოს“ განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. დიდ მადლობას გადავუხდი ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბს, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა თამაშზე დაჰყვება გუნდს, კარგი იქნება, რომ მათ მიმართ მეტ ყურადღებას თუ გამოიჩენენ და მგზავრობის ხარჯებს თუ დაუფინანსებენ.

 არჩილ ინწკირველი, საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი: პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ რადიკალური ცვლილებების მომხრე არ ვართ. კლუბის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დიდი სამუშაო გასწია, რომ „დინამო“ უმაღლეს ლიგაში დაებრუნებინა. ჩვენ გვინდა, რომ ყველა, ვისაც გული ტკივა ბათუმის „დინამოზე“ და საერთოდ, ქართულ ფეხბურთზე, გავერთიანდეთ, რათა ქალაქს ჰყავდეს ისეთი გუნდი, როგორიც ეკადრება. ასევე, გეგმაში გვაქვს მწვრთნელების გადამზადება. რაც მეტი ლიცენზირებული მწვრთნელი გვეყოლება, მით უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, „დინამომ“ ვერ გაიარა ფიფა-ს ლიცენზირება და ამით საკმაოდ სოლიდური თანხა დაკარგა, რომელიც ლიცენზირებაგავლილ კლუბებს გრანტის სახით გადაეცემა. არის კიდევ ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრას ვგეგმავთ და იმედია, ჩვენს ჩანაფიქრს სისრულეში მოვიყვანთ, ეს კი პირველ რიგში, გულშემატკივარს სტადიონზე დააბრუნებს და ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: