სიახლეები

„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”

06.02.2013 • 1960
„თუ გათოვდა, შეიძლება ვერც ერთი ხე ვერ გადარჩეს”

გარემოს დამცველებს აქვთ ინფორმაცია, რომ ხეები უნდა გადარგონ, თუმცა როგორც ამ დარგის სპეციალისტი ეთერ მაჭუტაძე აცხადებს, თებერვლის თვეში ამოთხრილი ფიჭვების გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. ამ საკითხზე მან „ბათუმელებს“ რამდენიმე განმარტება მისცა.

 

 

ქალბატონო ეთერ კომპანიამ ნებართვის გარეშე დაიწყო ხეების ამოთხრა, ამაზე თქვენ, როგორც ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის ხელმძღვანელმა, რეაგირება მოახდინეთ?

ბულვარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის, აქედან გამომდინარე მე ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ვერ შევძლებ. 

ამ ხეების გადარჩენა გადარგვით  შესაძლებელია?

ეს არის მრავალწლიანი ფიჭვები. არათუ მრავალწლიანი, სამი და ოთხი წლის ფიჭვიც კი ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადარგო, სპეციალური ამომღები მანქანა ესაჭიროება პროცესს. ამ ხეს აქვს ფუნჯა ფესვები, მისი წყვეტა იწვევს დაზიანებას. ძალიან სათუთად ამოღების შემთხვევაშიც შეიძლება მათი ნაწილი გადარჩენილიყო. გადარგვის პროცესში, თუ თოვლმა მოუსწრო, შეიძლება ვერც ერთი ხე ვარ გადარჩეს. თუ  თბილი ამინდი დაემთხვა და კარგად  მოუვლიან, შეიძლება რამდენიმე გადარჩეს. 

თქვენ, როგორც სპეციალისტი, როგორ უყურებთ  იმ საკითხს, რობათუმში პროექტებს ასწლოვანი ხეები ეწირება?

ეს არის სამწუხარო ფაქტი. არც კი ვიხედები ახლა ბულვარისკენ, რომ ცუდად არ გავხდე.

ვიცით, რომ ბევრი თანხა იხარჯება ქალაქის გამწვანებისთვის. რა ფინანსური ზარალი შეიძლება მიადგეს ქალაქს რვაასი ძირი ხის გახმობის შემთხვევაში?

მინიმალური ფასებით რომ ვიანგარიშოთ, სანარგე მეურნეობებს შორის ძალიან მაღალი კონკურენციიის პირობებში რომ შეიძინო ერთი ძირი ფიჭვის ნერგი 40 ლარი დაჯდება. მისი მოვლის ჩათვლით, თითოეული ძირი იმ მდგომარეობამდე, რასაც ახლა ანადგურებენ, ანუ 20 წლის ზრდის შემთხვევაში,  70-80 ლარს მიაღწევს ერთეულის ფასი.

არ არის შესაძლებელი პროექტების ისე განხორციელება, რომ ხეები არ დაზიანდეს ან არ გაიჩეხოს?

უმეტეს შემთხვევაში ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს ამ შემთხვევაშიც შესაძლებელი იყო. ახალი გზა კარგია, მაგრამ გზაგამყოფს ცოტათი შევავიწროვებდი, ველოსიპედის გზას რომ აკეთებენ, იმასაც ცოტათი შევავიწროვებდი და ნარგავებს გადავარჩენდი. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს პროცესი, იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან ლამაზი ხეივანი და ამისთვის ხელის ხლება სიკვდილის ტოლფასია. სამწუხაროდ ეს ხალხი როგორ მუშაობს იცით? ჯერ ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ, ყოველთვის ვეუბნები, ნუ გააკეთებთ ისეთს, შემდეგ უკან წაგივიდეთ საქმე. ჯერ უნდა იფიქრო, მოძებნო ალტერნატივა, მოძებნო ადგილი სად დარგავ, სპეცმანქანა იპოვო ამოსაღებად და მერე მოთხარო. მე მოვისმინე ამ ამბავზე პასუხად – აბა რა ვქნა. სამმილიონიან პროექტს ხომ არ ჩავშლიო, ასეთი მოსაზრება ჩემთვის მიუღებელია.  

ბულვარი
ბულვარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: