სიახლეები

საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა

12.02.2013 • 1328
საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ აპარატის სამი თანამშრომელი დაითხოვა

მაია რუხაძეს, ავთანდილ ნარაკიძესა და ლაშა ჩხარტიშვილს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება (12 მარტიდან)  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დღეს ჩაბარდათ.  ბრძანების მიხედვით სამივე თანამშრომელი შტატების შემცირების გამო დაითხოვეს.

 

„დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, რადგან ირაკლი ჩავლეიშვილი პირადად არ მინახავს.  ვვარაუდობ, რომ ჩემი გათავისუფლების მიზეზი გიორგი კირთაძესთან მეგობრობა გახდა.  სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ.“ –  განაცხადა  მაია რუხაძემ  „ბათუმელებთან“ სატელეფონო  საუბარში.

 

 

ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“  თანამშრომლობაა: „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში ვმუშაობდი.“

 

 

საკრებულოს აპარატის უფროსის ლიანა დიასამიძე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით  მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ თანამშრომლების გაფრთხილება დაევალა, განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის ბძანებით, რომელსაც ირაკლი ჩავლეიშვილმა ხელი დღეს მოაწერა, დაიწყო აპარატის საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია.

 

„ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც მუშაობდა იურიდიულ განყოფილებაში,  თანამდებობაზე 2012 წლის  31 დეკემბერს დაინიშნა, მანამდე ამ სამსახურში ისედაც იყო  ხუთი სპეციალიტი, ამიტომ ახალმა ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ მეექვსე საჭირო აღარ იყო. რაც შეეხება მაია რუხაძეს, ისიც მასმედიისა და პროტოკოლის განყოფილებაში 31 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  სპეციალისტად მუშაობდა საკრებულოში.  ჩემი პირადი აზრით და ბატონი ირაკლის აზრითაც ის უნდა დარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში და გიორგი კირთაძეს არ უნდა გადმოეყვანა პროტოკოლში, იმიტომ რომ ამ განყოფილებას თავისი სპეციალისტები ყავდა და მეოთხე სპეციალისტი იქაც ზედმეტი იყო. ეს ალბათ იმიტომ გააკეთეს, რომ ფრაქციაში ახალი თანამშრომლის აყვანა უნდოდათ.

 

ავთანდილ ნარაკიძე კი უკვე წელიწადნახევარია მუშაობს პროტოკოლში, მაგრამ მას თუ დაუკავშირდებით, ალბათ გეტყვით, რომ  კონკრეტული ფუნქცია საკრებულოს ამ განყოფილებაში მას არ შეუსრულებია. ის ძირითადად დაკავებული იყო ხელბურთის ფედარეციის საკითხებით, ამას არც თვითონ უარყოფს ალბათ და არც გიორგი კირთაძე. რამდენადაც გიორგი კირთაძე იყო ამ ფედერაციის პრეზიდენტი. ეს ყველაფერი ბატონ ირაკლისთან გავიარეთ, თუ ვის რა ფუნქცია ქონდა და ვინ რას აკეთებდა. ეს სამი სპეციალისტი ნამდვილად ზედმეტი იყო  და ამიტომ გადაწყდა ასე“ – განაცხადა ლიანა დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

 

ამ დროისათვის ავთანდილ ნარაკიძეს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს. 

 

საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით საკრებულოს აპარატში რეორგანიზაცია ამ დროისათვის დასრულებულია. სამი თანამშრომლის  გარდა ცვლილება შეეხო საკრებულოს მძღოლს, რომელიც დამხმარე მოსამსახურედ იყო გაფორმებული და მასთან ხელშეკრულება გააფორმეს. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე გოჩა შამილიშვილი კი თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ვერულიძის თანაშემწედ გადაიყვანეს.

გადაბეჭდვის წესი