Batumelebi | მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ – Batumelebi
RU | GE  

მაღალმთიან აჭარაში ექიმები დაბალი ხელფასის გამო სამსახურს ტოვებენ

ეკა ბარამიძე

ხულოსა და შუახევის საავადმყოფოებს ექიმები ტოვებენ. მათი წასვლის მიზეზად სადაზღვევო კომპანიის სახელფასო პოლიტიკა სახელდება. ექიმების ანაზღაურება დაბალია.

„უნიმედ აჭარის“ შუახევის მუნიციპალური საავადმყოფო გახსნიდან რამდენიმე თვეში პედიატრმა, ანესთეზიოლოგმა, გინეკოლოგმა და ქირურგმა დატოვა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, წასვლის მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა.

 

გინეკოლოგი ზაურ ლომინაძე სხვა კლინიკაში გადასვლას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ საავადმყოფოს დატოვებას ბევრი ექიმი აპირებს. „შესაძლოა საავადმყოფო ექიმების გარეშე დარჩეს. ოთხმა ექიმმა დატოვა საავადმყოფო და სხვა კლინიკებში გადავიდნენ, ცოტა ხანს დაველოდები მდგომარეობის გაუმჯობესებას და თუ არ მოხდა ცვლილება  სახელფასო ფონდის ზრდასთან დაკავშირებით, სხვა კლინიკაში გადავალ, ზამთრის პერიოდში პაციენტთა რაოდენობა ნაკლებია, ჩემი ხელფასი კი პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული“ –  ამბობს ექიმი.

 

ამ საავადმყოფოებში ექიმები ხელფასს გამომუშავებით იღებენ. „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიის „უნიმედ აჭარის“ ქსელის საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების მედპერსონალი კომპანიის გადაწყვეტილებას საკადრო შემცირებებსა და სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აპროტესტებდა, საპროტესტო აქციებს შუახევის საავადმყოფოს თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში მართავდნენ. აქციების მიუხედავად მმართველმა კომპანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დღემდე  ხელფასებს გამომუშავების მიხედვით გასცემს.   

 

საავადმყოფო შუახევში
საავადმყოფო შუახევში

 

საავადმყოფოს ექიმები ხულოშიც ტოვებენ. როგორც საავადმყოფოს დირექტორი  რუსლან აბულაძე ამბობს, საავადმყოფო სამმა ექიმმა და ერთმა ადმინისტრაციულმა მუშაკმა დატოვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კადრების ჩანაცვლება მოხდა და ამ მხრივ პრობლემა არ არის. დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და წასულებს ახალი მედპერსონალი ჩაენაცვლა. 

 

კითხვაზე, ექიმების წასვლის მიზეზი გახდა თუ არა სახელფასო პოლიტიკა? რუსლან აბულაძე პასუხობს: „ყველა უხელფასობის გამო არ წასულა, ზოგი გადადის საცხოვრებლად ქალაქში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ექიმთა დამაგრების“ მიზნით დამატებით ანაზღაურებაც გამოყო, რაც მისასალმებელია“.

 

სამედიცინო მომსახურების პრობლემას აჭარის მაღალმთიანეთში რეფერალური სამსახურის არ არსებობაც ქმნის. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის რეანომობილს ბათუმიდან იძახებენ. რუსლან აბულაძე პრობლემას ვერც ამაში ხედავს: „საჭიროების შემთხვევაში რეანომობილს ვიძახებთ, გამოძახებიდან ორ საათში რეანომობლი ხულოშია, ამ მხრივ პრობლემა არ არის“.

 

მედიასთან საუბარი არ სურს „უნიმედ აჭარის“ ქედის სამედიცინო ცენტრის მენეჯერს, გიორგი მხატვარს, მან სადაზღვევო კომპანიასთან გადაგვამისამართა. „ბათუმელებთან“ ამ თემაზე კომენტარი არც  შუახევის საავადმყოფოს მენეჯერმა, ანზორ მიქელაძემ გააკეთა, მან მოუცლელობა მოიმიზეზა.  

 

სამი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოდან არც ერთს არ ჰყავს ტრამვატოლოგი, რის გამოც ავარიის შემთხვევაში დაზარალებულები სასწრაფო სამსახურს ჯერ ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაჰყავს, სადაც პირველად დახმარებას უწევენ, შემდეგ კი – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

მუნიციპალური საავადმყოფოების გარდა პრობლემები მედიკოსებს თემის ამბულატორიებსა და სოფლის სამედიცინო პუნქტებშიც აქვთ. ამბულატორიაში დასაქმებულ პერსონალს ხელფასი 50 ლარით  გასული წლის სექტემბრიდან გაეზარდა, მედდის ხელფასი 350 ლარია, ექიმისა კი _ 500 ლარს აღემატება, თუმცა თემის ამბულატორიების ექიმები და ექთნები ხელფასიდან იხდიან საშემოსავლო, ელექტროენერგიისა და გათბობის გადასახადებს და ადმინისტრაციული საქმისწარმოებისთვის საჭირო  ნივთებს ღირებულებას.

 

 ექიმებსა და ექთნებს ყოველთვიურად ანგარიშის წარდგენა მოეთხოვებათ, გარდა ანგარიშებისა, გარდაცვალების შემთხვევაში ცნობა ამბულატორიამ ელექტრონულად ხუთი დღის განმავლობაში უნდა გადააგზავნოს, ამის შესაბამისი აპარატურა კი ადგილზე არ გააჩნიათ: ამბულატორიებში ამბობენ, რომ მთავარ და ძირითად  პრობლემას მაინც კომპიუტერისა და ინტერნეტის არ არსებობა ქმნის. „არ გვაქვს კომპიუტერი, ინტერნეტზე საუბარი ხომ ზედმეტია, თითოეულს ანგარიში გვაქვს ჩასაბარებელი, ამისთვის ქალაქში გვიწევს ჩასვლა, ანგარიშების ამობეჭდვა, დაქსეროქსება და ჩაბარება“ – ამბობს მახუნცეთის ამბულატორიის მედდა ინგა ღოღობერიძე.

 

მახუნცეთის თემის ამბულატორიაში ორი ექიმი და ორი მედდა მუშაობს. როგორც ამბულატორიის ექიმი მაგული ძირკვაძე ამბობს, ხარჯებს ინაწილებენ. გარდა მედიკამენტებისა, ყველა მათგანს გააჩნია ექიმის ჩანთა გარკვეული სახის მედიკამენტების მარაგით: „დაახლოებით 50-60 დასახელებისაა, ყოველთვიურად 30-35 ლარამდე მეხარჯება მედიკამენტების შეძენაზე. გარდა, ამისა 2011 წლის 15 აგვისტოს ბრძანებულებით ყველა პაციენტზე ახალი სამედიცინო ბარათი უნდა გაიხსნას, ერთი სამედიცინო ბარათი 1,50 ღირს და რამდენ ანკეტასაც გახსნი, იმდენი 1,50 უნდა გადაიხადო. უნდა შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა პირველადი ჯანდაცვის სისტემის მიმართ, თორემ ამას ვერც კონკრეტულად „ალდაგი“ გადაწყვეტს და ვერც აჭარის სამინისტრო ვერ შეცვლის “ – ამბობს ექიმი.  

 

ამჟამად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კადრების შესანარჩუნებლად პროგრამას ამუშავებს, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში დასაქმებული ვიწრო სპეციალობის მქონე ექიმები ხელფასზე დანამატის სახით  – 300, ექთნები კი 150 ლარს მიიღებენ.  

 

„აქცენტი ძირითადად ვიწრო სპეციალისტებზეა გაკეთებული, რომელთა არსებობა აუცილებელია. ძირითადად ანესთეზიოლოგებზე, საოპერაციოს მედდებზე, ნევროპათოლოგებზე და ა.შ. დანამატის ოდენობა კონკრეტულად და ინდივიდუალურად იქნება განხილული, დანამატ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო აანაზღაურებს. რაც შეეხება რეფერალურ სამსახურს, სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებაა ამ კუთხით პრობლემა მოაგვაროს, არსებობს პრობლემები, რომელთან დაკავშირებით საკითხები მუშავდება“ – ამბობს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე. 

 

მინისტრის მოადგილე ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება სრულად, თუ  ჯანდაცვა სახელმწიფოს დაუბრუნდება: „ჩემი აზრით, სანამ პირველადი ჯანდაცვა არ დაუბრუნდება სახელმწიფოს და სახელმწიფო არ იქნება მისი განმკარგავი, მანამდე ეს პრობლემა სრულად არ მოგვარდება“.

`

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"