მთიანი აჭარა

ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

12.02.2013 • 2501
ნეიროქირურგი, რომელიც რეჟისორობაზე ოცნებობს

ვინ უფრო ვარ? – კითხვას თავადაც იმეორებს. მერე ერთი წუთით ჩუმდება, იცვლება მისი სახის გამომეტყველება და მზერის მიმართულებაც. შემდეგ კი პასუხობს: „ალბათ უფრო კინომანი. არა, უფრო ქირურგი. ის ყოველთვის არის, ყოველთვის რჩება.“

„ის, რაც ყოველთვის რჩება“ ყოველ სამუშაო დღეს დილის ცხრა საათამდე 15 წუთით ადრე კლინიკა „მედინაში“ კონფერენციით იწყება, იქ ექიმები გასული დღის შედეგებსა და დღის გეგმებზე მოხსენებებს აკეთებენ, ლადოსაც, როგორც ამ კლინიკის ნეიროქირურგს, თავისი სათქმელი აქვს. მერე კი როგორც ყველა, ისიც თავის  პაციენტებს უბრუნდება.

„ქირურგის ცხოვრებას დალაგებულად, რაიმე ქრონოლოგიით ნუ წარმოიდგენთ  – ეს ვერ მოხერხდება“  –  ცდილობს ეს მაგალითებით დამანახოს: „ჯერ პაციენტს იღებ, მერე დოკუმენტაციას ადგენ. შემდეგ გამოკვლევას უტარებ, თუ ეს ყველაფერი მზადაა, პაციენტი რჩება კლინიკაში და იწყება მისი მომზადება საოპერაციოდ. ამ დროს შეიძლება მიმღებში დაგიძახონ, ტრავმა შემოვიდაო. ნეიროქირურგებს ყოველთვის მწვავე და გადაუდებელ შემთხვევებთან გაქვს შეხება.  გეგმებით ვერ იმუშავებ.“

ლადო ახალგაზრდა ნეიროქირურგია, ყოველდღე ცდილობს მეტი ისწავლოს, თუმცა კმაყოფილია იმითაც, რაც მოკლე დროში შეძლო. ბათუმის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო პროგრამით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეზიდენტურისა და შემდეგ უკრაინაში ორდინატურის გავლა მოახერხა და ნეიროქირურგის კვალიფიკაცია მიიღო. ახალგაზრდა ექიმებს პაციენტების ნდობის მოპოვებამდე კიდევ სხვა რამ აკლიათ: „საქართველოში როგორი მიდგომაა იცით? – ავტორიტეტული რომ გახდეს ექიმი, ფიზიკურად დიდი უნდა იყოს, ჭაღარა თმა უნდა ჰქონდეს და სახეზე ნაოჭები. ასე თუ არ არის, ესე იგი, არ არის გამოცდილი.  გამოცდილება აუცილებლად სჭირდება ექიმს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ახალგაზრდა ექიმს არ აქვს შესაბამისი ბაზა, რომ პაციენტს კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს, ამის გამო ახალგაზრდა ექიმი წლების განმავლობაში იჩაგრება.“

ნეიროქირურგმა ლადო ბაზიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოსცა წიგნი „ოპერაციული მიდგომები ნეიროქირურგიაში“, რომელიც სტუდენტობიდან დღემდე დაუგროვდა, რომელიც თავად თარგმნა, რადგან იმ დროს, როცა ის სწავლობდა, ნეიროქირუგიის  შესახებ საქართველოში ლიტერატურა ქართულ ენაზე თითქმის არ იყო, ამ ყველაფერს თავისი ჩანაწერებიც დაამატა გამოცდილებიდან: “ეს არის კლასიკური ლიტერატურა ნეიროქირურგიაზე, ის ახლაც აქტუალურია და ასი წლის შემდეგაც აქტუალური იქნება, იმიტომ, რომ თავის ტვინი, ზურგის ტვინი და პერიფერიფერიული ნერვები ტოპოგრაფიას არშეიცვლიან არასდროს”.

ინსტიტუტში ჩაბარებისას არ უფიქრია, რომ ნეიროქირურგი გახდებოდა. მესამე კურსზე, როცა ნევროლოგიის სწავლა დაიწყო, მიხვდა, რომ ეს იყო ყველაზე სააზროვნო მიმართულება – „კოსმონავტიკა მედიცინაში“ და ცოტა ხანში ამ დარგის კიდევ ერთი მიმართულება, ნეიროქირურგიაც აღმოაჩინა.

1997წ. სტუდენტობისას მედიცინის შესწავლის პარალელურად ლადომ სასულიერო სემინარიას მიაკითხა, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. საღვთო სჯული მას იმდენად აინტერესებდა, რომ  დაუსწრებელი სტუდენტის სტატუსით გაიარა ჰომილეტიკის კურსი, რაც მქადაგებლობის შესწავლას გულისხმობს. 

გარდა დატვირთული დღის რეჟიმისა, სწავლას სხვა სირთულეებიც ახლდა, ნეიროქირურგის განათლების მიღება და ორდინატურა კიევში დაკავშირებული იყო დიდ თანხასთან. ლადო, როგორც წარჩინებული სტუდენტი, გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, თუმცა გადასახადების დაფარვას სჭირდებოდა უფრო მეტი, ვიდრე  მას იმ დროს შეეძლო: „რჩებოდა რაღაც თანხა, რის გამოც  დიპლომი ვერ ავიღე, ნახევარი წელი გამიცდა. იმ პერიოდში რაღაცებს ვეჭიდებოდი, რომ გადასახადი დამეფარა.“

ახსოვს ის დღე, როცა პაციენტისთვის ოპერაციის გაკეთების პასუხისმგებლობა პირველად აიღო საკუთარ თავზე. იყო განცდები, პასუხისმგებლობის გრძნობა, მაგრამ ხელი არ აკანკალებია, რაშიც ასისტენტობის ხუთწლიანი გამოცდილება დაეხმარა: „როცა ასისტენტი ხარ, შეიძლება ოპერაციაზე უფრო მეტი განცდა გქონდეს, ვიდრე ოპერატორს, იგივე ემოციაა და არანაკლები დატვირთვაც, მაგრამ პასუხისმგებლობა მასზეა. შემდეგ კი, როცა შენ ხარ მთავარი – ეს ემოციურად ეს სულ სხვა რამეა.“

საუბრისას პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას, უნდობლობას, პასუხისმგებლობის საკითხებს და  დამკვიდრებულ შეხედულებებს შევეხეთ – ლადო ზოგადად არაფერს უარყოფს, თითქმის არ დავობს, მას მხოლოდ საკუთარი შეხედულებები და მიზეზები აქვს: „როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, ვფიქრობ, ის უნდა იყოს მომზადებული ელემენტარულ დონეზე მაინც. საუბარი არ არის იმაზე, რომ სამედიცინო ტერმინოლოგიას ფლობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პაციენტი ვერ გაგებინებს, რა აწუხებს. ექიმსა და პაციენტს შორის ურთიერთობა ცალკე მეცნიერებაა, ექიმმა ყოველთვის უნდა გაიგოს პაციენტის, მაგრამ ზოგჯერ ეს ჭირს. დღეს, როდესაც სადაზღვევო კომპანიების გარდა არსებობს სახელმწიფო დაზღვევა, არსებობს გაურკვევლობები დაფინანსებასა და მომსახურებას შორის, ეს რთულია. პაციენტს ჰგონია, რომ  ყველაფერი ექიმმა უნდა მოაგვაროს, არადა ეს ექიმს საერთოდ არ ეხება, სამწუხაროდ სახელმწიფო ამას ვერ აგვარებს. ურთიერთობა კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ექიმისა და პაციენტის ურთიერთობაზე აისახება. რის შემდეგაც პაციენტი უკმაყოფილო მიდის. სწორი დიაგნოზი რომ დასვა, ხშირად ბევრი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. თუ  პაციენტი თავად ვერ აფინანსებს მომსახურებას, ამაზე არც სახელმწიფო და არც სადაზღვევო კომპანია მიდის.

დაღლილი ლადო თავს კინოს აფარებს, ეს მისთვის დასვენების და სიამოვნების ადგილია. უკრაინაში სწავლისას მისი ოთახის მეზობელი “ექიმ ჰაუსს” უყურებდა და ლადო იძულებული იყო, დაეთმო დრო სერიალისთვის, ამ გმირში უფრო იუმორის გრძნობა მოსწონდა. 

დროის სიმცირის გამო ერთდროულად რამდენიმე წიგნს კითხულობს. მათ პერიოდულად, ხასიათის მიხედვით უბრუნდება. ისე კი დოსტოევსკის გმირებთან მეგობრობს, ამბობს, რომ მათი სათქმელი უფრო მოსწონს, ვიდრე – საქციელი. ბოლოს ახვლედიანის “კოღო ქალაქში” წაიკითხა.

ახლა ლადოს ოცნება რეჟისორობაა და არ გამორიცხავს, რომ მისი შემდეგი გაჩერება ფილმის გადაღება იყოს, ნეიროქირურგია კი ისაა, რაც ყოველთვის დარჩება.

 

ლადო ბაზიაშვილი - ნეოროქირურგი
ლადო ბაზიაშვილი – ნეოროქირურგი

გადაბეჭდვის წესი