სიახლეები

„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა ნაწილის განცხადება

10.02.2013 •
„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის წევრთა ნაწილის განცხადება

„მივმართავთ „ქართული ოცნების“  ბათუმის ორგანიზაციის სხვა წევრებს – ნუ ჩატარდება  აღნიშნული ყრილობა მხოლოდ იმის გამო, რომ უნდა ჩატარდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩატარდება ნუ იქნება არჩეული თავმჯდომარე, ვინაიდან ორივე, პარტიის წევრების ორივე მხარეს მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ვითანამშრომლოთ და სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გამოვავლინოთ ის კანდიდატურა, რომელიც ორივესთვის ერთნაირად იქნება მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მიქელაძემ.

 

 

მიქელაძის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ თურმანიძე უნდა ყოფილიყო. მოულოდნელად აღმოაჩინეს, რომ თურმანიძეს ლაშა სირაბიძე შეცვლიდა.

 

„ლაშა სირაბიძე არის წარმოდგენილი პარტიის სხვა წევრების მიერ, პოლიტსაბჭოს  მიერ არის გამოგზავნილი თამაზ თურმანიძე.  ჩვენ არ ვიძახით, რომ ლაშა სირაბიძე ცუდია ან თამაზი კარგია, ან ვინმე ვინმეზე ნაკლებია. ჩვენ ვიძახით, რომ, უბრალოდ, ნუ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას და ნუ ავირჩევთ დღეს პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ლაშა სირაბიძეს. ის  პარტიის წევრების დიდ ნაწილს არ მიგვაჩნია იმ პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც შეუძლია მართოს პარტიის პოლიტიკურ იდეოლოგიური მიზნები. ამიტომ გვიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება ის მოგვევლინოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ძალიან ვიწრო მიმართულების განმსაზღვრელ პოლიტიკურ ფიგურად. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიზღვევთ თავს, ვაკეთებთ ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებას. ამის მიზანი სწორედ ის არის, რომ არ მოხდეს ისე როგორც სხვა რეგიონებში განვითარდა მოვლენები. მინდა ცივილიზებულად ვმართოთ ეს პროცესი,“ – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

 

მისივე თქმით, პარტიის წვერთა და დამფუძნებელთა ნაწილი, დაახლოებით 70 კაცამდე, დღეს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე მიწვეული არ არის.

 

ყრილობაზე მიწვეული არაა არც თამაზ თურმანიძე, რომელსაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმის ორგანიზაცისთვის უნდა ეხელმძღვანელა. „ბათუმელების“ კითხვაზე, რამ განაპირობა კანდიდატის შეცვლა, თურმანიძე პასუხობს: 

 

„გასულ კვირას, მე როდესაც „ბათუმელებს“ ინტერვიუ მივეცი, მაშინაც ვთქვი, მე ვარ პარტიის ჩვეულებრივი წევრი, რა მითითებასაც მოგვცემენ, იმ მითითებით ვხელმძღვანელობ. ალბათ, რომელიმე მხარისთვის მიუღებელი ვიყავი და ამიტომ.

 

თქვენ პოლიტსაბჭოს რჩეული იყავით, ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?

იცით, ეს არის შიდაპარტიული ცხოვრება, არის რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც იცვლება და ეს ყოველთვის მოსალოდნელია და აქ არის ახლის ძიებაში, რომელი უფრო უკეთესი იქნება, რომელთან უფრო ითანამშრომლებს ხალხი, და ასე შემდეგ. ალბათ უფრო კარგი კანდიდატურა გამოიძებნა.

 

თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, ლაშა სირაბიძეს თუ იცნობთ?

ჩემი ბავშვობის მეგობარია

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, ბათუმში დარჩებით თუ თბილისში დაბრუნდებით?

ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული. რასაც დამავალებენ იმას შევასრულებ. ალბათ, თბილისში წავალ, იქ მყავს ოჯახი, ბევრი რაღაც ჩემი პირადი საქმეები მაქვს. ველოდები პოლიტიკურ დავალებას.

 

დღეს დადგეგმილია პარტიის ყრილობა, დაესწრებით თუ არა?

თუ დამპატიჟებენ აუცილებლად დავესწრები. ჯერ მოწვევა არ მომსვლია.

 

„ქართული ოცნების“ წევრების ინფორმაციით, ლაშა სირაბიძის კანდიდატურას რეკომენდაცია ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოსტზე მურმან დუმბაძემ გაუწია. შესაბამისად, მანვე დაბლოკა თურმანიძე. ლაშა სირაბიძე, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ რიგითი წევრი იყო, ამბობს, რომ მისი ამ პოსტზე კანდიდატად განხილვა, სამი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. კითხვაზე რა როლი ითამაშა მურმან დუმბაძემ მისი კანდიდატურის წარდგენაში სირაბიძე პასუხობს:

 

„უბრალოდ 2004 წლიდან მოვდივართ ერთად, აქედან გამომდინარე რაღაც სახით მთლიან ჯგუფში იყო ეს აზრი, დამფუძნებლებში, კანდიდატებიდან ამირჩეს მე. აქედან გამომდინარე, როგორც ასეთი მურმანის ჩარევის წვლილი ძალიან მწირია.

 

თამაზ თურმანიძე ამბობს, რომ თქვენ ბავშვობის მეგობრები ხართ. ეს ფაქტი გარკვეულწილად რაიმე სახის უხერხულობას ხომ არ გიქმნით?

მესმის შეკითხვის არსი, ბატონ თამაზთანაც ჩვენ ვაგრძელებთ ურთიერთობას, უბრალოდ, ეს იყო ის მოტივი, რომ აი, ბათუმთან დაკავშირებით უბრალოდ დიდი ხნის ურთიერთობა გამაჩნია. მაგას ჰქონდა ის პერიოდი, რომ იქეთ იყო თბილისში გადასული, აქეთ სიტუაციები ძალიან ნაკლებად იცოდა.  ჩემთვის ცოტა უხერხული მომენტი იყო ეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზი გვერდით დამიდგება. ჩვენ არ ვიქნებით ის გუნდი, რომელსაც ერთმანეთში დაპირისპირება ექნება. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ამ ნაბიჯის გადადგმა, მე ვხედავ რეალურად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ქალაქ ბათუმში წამოწევას და მინდა, რომ ეს გუნდი იყოს ძალიან ძლიერი.

 

თქვენ ბრძანდებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ნათესავი…

ვადასტურებ,  რომ  ის არის ჩემი ბიძაშვილის მეუღლე, მაგრამ ამან არ განაპირობა ის, რომ მე დამასახელეს კადიდატად. თვითონ ჩემი ისტორიიდან გამომდინარე, ამ მოძრაობებში ვარ დიდი ხანია. თუ გნებავთ თქვენი ინფორმაციით გადაამოწმეთ, 2006 წელში ვიყავი ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მივიღე მონაწილეობა, იმ ხელისუფლების  პერიოდში მე ვერ შევძელი იმიტომ, რომ იყო ძალიან დიდი ზეწოლა. მას შემდეგ ვარ ფაქტობრივად ოპოზიციაში და ვეწინააღმდეგები ამ რეჟიმს.

ბატონი არჩლის წარდგენა მოხდა, ფაქტობრივად, სრულიად ჩემთვის გაუგებრად. ყოველ შემთხვევაში ბატონი არჩილი არის თავმჯდომარე, იმას აქვს თავის საქმე და მე მექნება ავტომატურად ჩემი საქმე. ჩემს საქმეში და იმ საქმეში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საქმე და პარტიული მუშაობა ჰქვია არ ვაპირებ, რომ ვინმეს ჩარევა დავუშვა.

 

აირჩევენ თუ არა ლაშა სირაბიძეს პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, დღეს დღის ბოლოს გაირკვევა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი