მთიანი აჭარა

„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

04.02.2013 • 2964
„ბათუმი ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია“

რა იწვევს მიწისძვრას და რა პროცესები მოჰყვება მას; რა ინტერვალია მიწისძვრიდან მიწისძვრამდე? – ამ თემაზე „ბათუმელები” სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილს ესაუბრა.

 

ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი
ზურაბ ჯავახიშვილი, სეისმოლოგი

 


ბატონო ზურაბმოსახლეობა განსაკუთრებით შეაშფოთა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მიწისძვრა დაფიქსირდა შავ ზღვაში, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?

 

 

მთლიანად კავკასია, შავი ზღვის ტერიტორია,  ტექტონიკურად აქტიური რეგიონია. ეს არის ეგრეთწოდებული კონტინენტური შეჯახების ზოლი, ალპებიდან დაწყებული ჰიმალაებამდე. ამ ზოლში ხვდება მთლიანად კავკასია და მათ შორის საქართველო, ასევე შავი ზღვაც.  მიწისძვრა ხდება შავ ზღვაშიც, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სანაპიროსთან ახლოს ასეთი ძლიერი მიწისძვრა იშვიათია. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ რაც ინსტრუმენტული დაკვირვება არსებობს, აქ ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ ყოფილა. მიწისძვრები დაფიქსირდა 1935, 1949, 1953 წლებშიც, ოღონდ უფრო სუსტი ან საშუალო სიძლიერის, რომელთა მაგნიტუდა 4, 6, 8 მეათედი იყო.

 

ეპიცენტრების  რუკას რომ დავაკვირდეთ, ზღვაზე მიწისძვრა ფიქსირდებოდა, თუმცა გაცილებით  უფრო სუსტი.  23 დეკემბერს კი ექვსი მაგნიტუდა დაფიქსირდა. 25 დეკემბრიდან – 26 დეკემბრამდე ღამით მოხდა განმეორებით მიწისძვრა.  საერთოდ, მომდევნო ბიძგები ასეთ ძლიერ  მიწისძვრას თან ახლავს. მათ „აფთერშოკებს“ ვუწოდებთ, ანუ ეს არის შემდგომი ბიძგები.

 

 

მარტივად რომ აგვიხსნათ, რა არის მიწისძვრა, რა პროცესია და რა იწვევს მას?

 

 

მიწისძვრა უკავშირდება აქტიურ რღვევებს, შავი ზღვის ტექტონიკურ რუკაზე ნახავთ, რომ შავ ზღვაში ორი ქვაბულია, აღმოსავლეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთის ქვაბული საქართველოს სანაპიროსთან ახლოს არის და მას მოსდევს წყალქვეშა მთები. დაახლოებით იქ მოხდა  მიწისძვრა, რომელზეც ვსაუბრობთ. ეს იყო დაახლოებით  ფოთიდან ოდნავ ჩრდილო აღმოსავლეთით, 40 კილომეტრზე, სადაც ზღვის სიღრმე დაახლოებით კილომეტრნახევარია. ზოგადად მიწისძვრას იწვევს დედამიწის ქერქის მოძრაობა, ლითოსფერო (დედამიწის ქერქი), ასე ვთქვათ, დამსხვრეულია და ეს ნამსხვრევები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, აი ეს იწვევს მიწისძვრას.

 

 

საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია?

 

 

კავკასია საერთოდ სეისმურია, მაგრამ ყველა რეგიონი ერთნაირად არა. თუ მარტო საქართველოს ავიღებთ, აქაც გაცილებით უფრო აქტიურია კავკასიონი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები და ჯავახეთის ზეგანი. აქ გაცილებით უფრო ხშირად ხდება მიწისძვრა. შავი ზღვა, როგორც გითხარით, ნაკლებად აქტიურია.

 

 კავკასია მიიჩნევა საშუალო სეისმოლოგიიური აქტივობის მქონე რეგიონად, ძლიერი მიწისძვრა ხდება, მაგრამ იშვიათად. მთავარია ასევე ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი, რაც საქართველოში საკმაოდ დიდია. კავკასიაში ხშირად ხდება ისეთ ადგილზე მიწისძვრა, სადაც თითქოს არ მომხდარა ან ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა და ჩვენ  არ გვაქვს ცნობები მასზე. ზუსტად ასევეა შავ ზღვაშიც, გარკვეული სეისმური აქტივობა იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც სეისმური დაკვირვება არსებობს, იმ პერიოდში იქ ასეთი მიწისძვრა არ მომხდარა.

 

 

რა განაპირობებს რეგიონის სეისმურობას?

 

 

დედამიწის ქერქის მოძრაობა, აი მაგალითად, არაბეთის ნახევარკუნძული მოძრაობს ჩრდილოეთისკენ და აწვება ევრაზიის ფილაქანს. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფილაქანს ქვემოდან არაბეთის ფილა აწვება, მათ შორის მოქცეული ტერიტორია განიცდის დეფორმაციას, აი ეს მოძრაობა იწვევს მიწისძვრას. მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ხის ჯოხი რომ გავღუნოთ, ბოლოს ხომ გატყდება?! აი ეს არის მიწისძვრაც. დაახლოებით ასეა დედამიწის ქერქი, ის განიცდის დეფორმაციას და როცა დაძაბულობა მიაღწევს  ზღვარს – გატყდება.

 

 

ამის შემდეგ რა პროცესი მიდის?

 

 

შემდეგ ეს პროცესი გარკვეული დროით გრძელდება და წონასწორობის მდგომარეობას უბრუნდება. მაგალითად, ასეთი მიწისძვრის შემდეგ, ეს „აფთერშოკები“ გაგრძელდება რამდენიმე კვირას, ან  ერთი-ორი თვე და შემდეგ ჩაცხრება ყველაფერი. ახლა ისეთი მიწისძვრები ხდება, რომელსაც მარტო აპარატურა აფიქსირებს, ანუ მიილია ეს პროცესი და ნელ-ნელა ჩაწყნარდება. რა თქმა უნდა, თუ მიწისძვრა უფრო ძლიერია, პროცესი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, მაგალითად, 1991 წელს რაჭა-იმერეთში მომხდარი მიწისძვრა უფრო ძლიერი იყო და „აფთერშოკებიც“ დიდხანს გრძელდებოდა.

 

 

  ძლიერ მიწისძვრებს შორის ინტერვალი რაზეა  დამოკიდებული?

 

 

ამისი პროგნოზირება შეუძლებელია. არასტაციონალური პროცესია მიწისძვრა, ამიტომ ინტერვალი ზუსტი არ არის.

 

 

როგორ ხდება პროცესის შესწავლა?

 

 

მიწისძვრას მოყვება მთელი გუნდი მომდევნო მიწისძვრებისა, როგორც ამ შემთხვევაშიც მოხდა. შემდგომ მიწისძვრებზე დაკვირვება გვაძლევს ძალიან დიდ ინფორმაციას. მიწისძვრა ხდება დაახლოებით 15-20 კილომეტრ სიღრმეზე. 23 დეკემბრიდან დღემდე ამ ადგილას ასზე მეტი მიწისძვრა მოხდა. სამი დღის შემდეგ შავი ზღვის სანაპიროზე დამატებით სეისმური სადგურები გავხსენით და ახლა დამუშავდება ეს ყველაფერი, რომელიც აი ამ ადგილში, ანუ ზღვაში დედამიწის ქერქის და ამ რღვევის შესახებ მოგვცემს ინფორმაციას, რის შემდეგაც უფრო ზუსტად შევძლებთ ვთქვათ, რა სახის მოძრაობებია, რა იწვევს ამ მიწისძვრას.

 

 

ადამიანებს დღემდე დღემდე აქვთ შიში მიწისძვრის გამეორების…

 

 

ვინც შფოთავს, მათ მინდა ვუთხრა, რომ საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია, აქ მიწისძვრები ხდებოდა წარსულშიც. არსებობს ამის ისტორიული მონაცემები. ცნობილია, რომ  ტაძრები და ციხესიმაგრეებიც დაუნგრევია მიწისძვრას საქართველოში, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება, ამიტომ ნუ ექნებათ ასეთი დამოკიდებულება. საბედნიეროდ ეს არის საშუალო სეისმოლოგიის მქონე ტერიტორია.

 

 

თუ განსაკუთრებით აჭარაზე, ბათუმზე, ვისაუბრებთ, შემიძლია უფრო დაგამშვიდოთ – ის ყველაზე ნაკლებად სეისმური რეგიონია საქართველოში.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: