სიახლეები

არჩილ ხაბაძე: „არ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური?“

08.02.2013 •
არჩილ ხაბაძე: „არ შეიძლება ისე გავაკეთოთ, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური?“

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას არჩილ ხაბაძემ დღეს გამართულ შეხვედრაზე მოუსმინა: „ჩვენ ხომ ვიცით რომ ამ კანონის მიღება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა და არც უმაღლეს საბჭოში მალავენ ამას, რომ მათ ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნა უნდათ. რა გზა არსებობს, რომ შუალედური გადაწყვეტილება მიიღოს თავმჯდომარემ, არც მწვადი დაიწვას და არც შამპური?“

„ასეთ კანონზე ხელს თუ მოაწერთ, მაშინ თქვენ იქნებით მეცამეტე დეპუტატი, ვინც ამ კანონს აუწია ხელი“- განაცხადა საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებით, ამ შემთხვევაში შუალედური პოზიცია არ არსებობს: „თუკი თქვენ ხელს მოაწერთ ამ კანონს, შესაბამისად მოხდება ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც იმდენად სუსტია და რეგლამენტის უხეში დარღვევით არის მიღებული, რომ მას არც კი სცნობენ დასაშვებად, რომ განიხილონ, მაგრამ თუ კი ამ კანონს ჩვენი რეკომენდაციებით დაუბრუნებთ უმაღლეს საბჭოს, მაშინ ძალაში შევა კანონის პირველი ვერსია“.

ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, კანონში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ უსკოს წევრთა დაკომპლექტების წესის შესახებ მიიღო, ბევრი სამართლებრივი ხარვეზია: „პირველ რიგში შეზღუდულია კომისიის წევრთა წარმდგენი წრე და მათი დასახელების უფლება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ, რასაც არ ვეთანხმებით, რადგან არასამთავრო სექტორი არ შეიძლება მონაწილეობდეს უსკოს დაკომპლექტებაში.  ჩვენ ასევე არ ვეთანხმებით, უსკოს წევრთა დათხოვნის წესს, რომელიც პოლიტიკურია და არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ირინე ურუშაძემ.

აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა ჯალაღონიამ არჩილ ხაბაძეს გამოსავლის გზები განუმარტა: „პირველი, შეიძლება იყოს ხელისმოწერა კანონზე. მეორე, დავუბრუნოთ კანონი უმაღლეს საბჭოს მოტივირებული შენიშვნებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თუკი უმაღლესი საბჭო მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს, ახალი კანონი ძალაში ვეღარ შევა, „რადგან, კანონი რეგლამენტის დარღვევით არის მიღებული“.

არასამთავრობოების მხრიდან საუბარი იყო კანონის ოპტიმალურ ვარიანტზეც. „მე ვფიქრობ, რომ ეს კანონი იმისთვის არის მიღებული, რომ ვიღაცას თანამდებობების ინტერესი აქვს. კარგი ხელფასი უსაქმურობაში – აი ეს უნდათ. ამიტომ, შეგიძლიათ შეუმციროთ ბიუჯეტი, მისცეთ 300 ლარიანი ხელფასი და დამერწმუნეთ, არავის გაახსენდება უსკო“- განაცხადა გია ქარცივაძემ.

პაატა ჯალაღონიას აზრით შესაძლებელია ამ ვერსიის განხილვაც: „უსკოს თავმჯდომარე და წევრების შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად 2000-2500 ლარია. არასაარჩევნო პერიოდში შეგვიძლია დავწიოთ ხელფასი, ასე რომ, ეს თანამდებობებიც მომხიბვლელი აღარ იქნება“.

მთავრობის თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მისაღებად კანონით გათვალისწინებული ვადით ისარგებლა. „როგორც ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული ვადა გვაქვს, ამიტომ, ამ ვარიანტებზე ვიმსჯელებთ“ – განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი