Batumelebi | არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოზე: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ” არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოზე: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ” – Batumelebi
RU | GE  

არასამთავრობო ორგანიზაციები უმაღლეს საბჭოზე: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ”

ლელა დუმბაძე


აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაყვედურა. მისი განცხადებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი შეხვედრების მიმართ ინტერესი დაკარგეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით კი უმაღლეს საბჭოში დაგეგმილი შეხვედრები „არაეფექტურია“ და მას „მონოლოგის რეჟიმი“ აქვს.

 

 

„ჩვენ ამ შეხვედრებზე დავდივართ, რადგან პროექტი გვაქვს. ჩვენი საკანონმდებლო ჩართულობის პროგრამის ოფიცერი კი მონიტორინგს უწევს უმაღლესი საბჭოს მუშაობას. სხვა არასამთავრობოებმა უარი თქვეს და ვფიქრობ სამართლიანად, იმიტომ, რომ არ ხდება რეკომენდაციების გათვალისწინება. ავთანდილ ბერიძეს შეიძლება მიაჩნია, რომ ეს შეხვედრები არის ჩართულობის და გამჭვირვალობის პიკი, მაგრამ რეალურად ამას არანაირი შედეგი არ აქვს“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ირინე ურუშაძე.

 

ირინე ურუშაძის აზრით მსგავსი შეხვედრები იმ შემთხვევაში იქნება შედეგის მომტანი, თუ  ბრიფინგის სახე არ ექნება: „ბოლო შეხვედრის დროს ყველაფერზე ავთანდილ ბერიძემ ისაუბრა და აზრიც არ ჰქონდა დისკუსიაში შესვლას. ეს შეხვედრები დაახლოებით ორშაბათის ბრიფინგებს ჰგავს და ჩართულობის განცდა არა გვაქვს. უსკოს კანონთად დაკავშირებით რომ მუშაობდნენ, დისკუსია გაიმართა ერთხელ და რატომღაც ჩათვალეს, რომ ჩართულობის ყველა შესაძლებლობები ამოწურეს. როცა შევთავაზეთ, რომ დრო მიეცათ მეორე მხარისთვისაც, სეპარატისტული განცხადებები გააკეთეს: „ჩვენ აჭარა ვართ, თვითონ გადავწყვეტთ და რატომ უნდა ვკითხოთ“ სხვა.

 

გენო გელაძე, „დემოკრატიის ინსტიტუტი“: „არ ვთვლი, რომ მთლად ფორმალური ხასიათისაა ეს შეხვედრები, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც აქვს აზრი. ჩვენს შემთხვევაში ეს თანამშრომლობა შედგა, ვგულისხმობ აჭარის ტელევიზიის სტატუსთან დაკავშირებულ განხილვებს. ინდიფერენტულობა ალბათ ბოლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებამაც გამოიწვია, როცა საერთოდ არ გაითვალისწინეს არასამთავრობოების მოსაზრებები. არასამთავრობოებთან შეხვედრების ჩართულობის მექანიზმები შესამუშავებელია. მარტო პრეზენტაციების ფორმით კი არა, სამუშაო შეხვედრაზე რომ მიიწვიონ, ინტერესიც მეტი იქნება და უფრო ხშირადაც ივლიან. ფორმატი არ არის ეფექტურად განსაზღვრული“.

 

გენო გელაძის თქმით, უმაღლესი საბჭოს ანგარიშების გაცნობა ვებგვერდიდანაც არის შესაძლებელი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარის გია ქარცივაძის თქმით, შეხვედრები კარგია, თუმცა ფორმატზეც უნდა იფიქრონ: „ისინი ლაპარაკობენ, ჩვენ ვუსმენთ. შეხვედრა შეხვედრისთვის უფრო არის, თუმცა, ჩვენ მაინც დავდივართ ამ შეხვედრებზე“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"