Batumelebi | გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა – Batumelebi
RU | GE  

გიორგი კირთაძის გადაყენების კვირა

გასულ ხუთშაბათს ბათუმის საკრებულოში განვითარებულმა მოვლენებმა, შაბათ დილით კი ჩემს მობილურზე გიორგი კირთაძისგან შემოსულმა შეტყობინებამ, ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრი ძველი ამბავიც გამახსენა. ვიფიქრე, რომ მე, როგორც მოქალაქეს და როგორც ჟურნალისტს, ყველაზე მეტად ის არ მინდა, ეს ამბავი ადგილების შეცვლას ჰგავდეს.

არავის სასარგებლო გეგმებში მეპარება ეჭვი, მაგრამ მაინც, რატომღაც, ჩემდაუნებურად ირაკლი ჩავლეიშვილს ტელეფონზე დავუკავშირდი და დიქტოფონზე ჩავიწერე მისი დაპირება, რომ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება და მასთან ძველებურად შევივლით იმ დოკუმენტების წამოსაღებად, რომლის მიღებაც „სხვა მხრიდან“ ჭირს ან გვიანდება. 

 

 

„მგონი, არ არის ეს კარგი ფაქტი. მაშინ, როცა 2012 წლის პირველ ოქტომბერს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 18 წევრი ჰყავდა და დღეს 8 ჰყავს. ათმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ქალაქი კი არ გვიშენებია, არამედ გვინგრევია… ამიტომ მწყდება ყველაზე მეტად გული, თორემ მართლა ყველანი ერთად ვაშენებდით ბათუმს და მივიყვანეთ იმ დონემდე, რა დონემდეც არის. დღეს ეს ადამიანები მიიჩნევენ, რომ ისევ მთავრობაში უნდა იყვნენ, ისევ კომფორტულად უნდა იყვნენ და საერთოდ არა აქვთ ინტერესი, რა მოხდება ბათუმში“, –  მითხრა გასულ კვირას ახალგადაყენებულმა გიორგი კირთაძემ.

 

 

არ ვიცი, რა იგულისხმა მან ისევ კომფორტულად ყოფნაში, მე ჩემი მოსაზრება მაქვს, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ. ისე კი, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „გადასხვაფერებულებისგან“ განსაკუთრებული აქტიურობა საკრებულოს სხდომებზე  არ მახსენდება.

 

 

საკრებულოს იმ სხდომაზე, სადაც თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო, ჟურნალისტებიც კი დავიძაბეთ. მოგვიანებით, როცა ისევ საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ვიხსენებდი, ვიფიქრე რამდენი გმირი ჰყავდა ამ ამბავს? –  საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც სასამართლოში იმპიჩმენტის კანონიერების დასადგენად ჩივილს აპირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც მათთვის სხვა მდგომარეობაში, ანუ როცა გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ახდენ, სხდომაზე არგამოცხადება არჩიეს. ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც ახალი თავმჯდომარე გახდა და ისინი, ვის გამოც გიორგი კირთაძეს გული დაწყდა…

 

 

ვისთვის როგორ, მე კი ამ ჩამონათვალს ცოტა ხნის წინ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ წამოსულ ვაჟა ვერულიძესაც დავამატებ: როცა სხდომაზე მომხდარ ფაქტებს ვაანალიზებდი ჩემს ფიქრებში, დიდი დრო დავუთმე იმას, თუ როგორ, რა ფორმით წაიყვანა სხდომა ვაჟა ვერულიძემ. უფრო ფორმებზე ვფიქრობდი, რომელსაც მან იმ დღეს მიმართა, როგორც სხდომის თავმჯდომარემ.

 

 

ცხადია, ყველაფერი წინასწარ იყო შეთანხმებული და ეს იქ არც პატარა ბავშვს გამოეპარებოდა, –  როცა გიორგი კირთაძე, რომლის იმპიჩმენტის საკითხიც საკრებულოს უნდა გადაეწყვიტა, ისე პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე, რომელსაც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომის წარმართვის უფლება აქვს, დარბაზში არ გამოცხადდნენ, ჯერი ვაჟა ვერულიძეზე მიდგა, ის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეა – წესით სხდომის თავმჯდომარეობის მისია მას უნდა აეღო თავზე და ასეც მოხდა.

 

 

როგორ მოიქცა ვაჟა ვერულიძე? –  მან მანამდე არ დააყენა თავმჯდომარის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში, ვიდრე ვრცელი განმარტება არ მოისმინა ჯერ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარისგან – ხომ არ ირღვეოდა კანონი – შემდეგ საკრებულოს იურისტ სულიკო შვენთიძისგან, რომელმაც თქვა, რომ იურიდიული სამსახურის დასკვნას საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, გადაწყვეტილებაზე არსებითი მნიშვნელობა ვერ ექნებოდა.

 

შემდეგ კი  ვაჟა ვერულიძეც იმ 14-ს შორის ვიხილე, რომლებმაც გიორგი კირთაძის გადაყენებაზე თანხმობა ხელის აწევით დაადასტურეს.

 

ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი
ხმის მიცემა ბათუმის საკრებულოში თამჯდომარის გადასაყენებლად. წყარო: ბათუმის საკრებულოს ვებგვერდი

  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"