“მოხეტიალე შუქურა” ბათუმში

პატარა სატვირთო მანქანაზე მსხდომი ადამიანები ძველი ბათუმის ქუჩებში მიდიან.  სატვირთოზე დამაგრებული ხმის გამაძლიერებლიდან  სხვადასხვა ჟანრის მუსიკა ისმის, მიქსი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  ვინილის ფირფიტები სინათლეს აშუქებენ, რაც ძველი ბათუმის არქიტექტურას ახალ იერს აძლევს. ილეინ ბაკჰოლცმა  ბათუმს საინტერესო ინსტალაციით აცნობა რომ „ბათუმის ეზოს ამბები“ წელსაც გაცოცხლდა.

„სინათლის ინსტალაციის საშუალებით ძველი ბათუმის კედლები იქნება სხვაგვარი.    შეიძლება ყოველდღიურად ხედავდე ერთსა და იმავე რაღაცას, მაგრამ თუ კარგად გაახელ თვალებს, შეიძლება ის საინტერესო და არაჩვეულებრივი იყოს. ამისთვის არ გჭირდება არც ფული და არც არაფერი ისეთი განსაკუთრებული,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ილეინ ბაკჰოლცმა.

„ამ ქუჩებს ჩემზე უკეთ არავინ იცნობს, ყოველდღე დავდივარ მაგრამ, დღეს ახლიდან აღმოვაჩინე თითქოს ყველაფერი,“ – ეს კი ბათუმელი მოქალაქის აზრია, მას შემდეგ რაც მან ილეინის „მოხეტიალე შუქურით“  ბათუმის ქუჩები მოიარა.

„მოხეტიალე შუქურა“ სწორედ ასე ჰქვია ილეინის პროექტს და ეს მართლაც ერთგვარი შუქურაა ძველი ქალაქის კარგად ნაცნობი ქუჩების თავიდან აღმოსაჩენად.  ილეინის თქმით  საქართველო მეოთხე ქვეყანაა, სადაც  მსგავს  პროექტს ახორციელებს.

„ჩემთვის  საინტერესოა, როდესაც ხელოვნება კვეთს სხვადასხვა კულტურას. მიუხედავად ქვეყნებს შორის სხვაობისა, შედეგი, ჩვენების შემდეგ, ყოველთვის ერთნაირია. ჩემი ინსტალაცია იმ ადგილებს, რომლებიც ყველამ კარგად იცის,  განსხვავებულად აჩვენებს იმავე ადამიანებს, რომლებიც ამ კედლებს მანამდე განსხვავებულად ვერ აღიქვამდნენ.

მუსიკაც აბსტრაქტულია, მთელი მსოფლიოდან არის მიქსი მუსიკის. ეს მუსიკა აღწევს იმას, რომ ადამიანები, მიუხედავად იმისა, სად, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, განიცდიან ერთსა და იმავეს. ორი ადამიანი რომ მიდის ერთად და რაღაც  თემაზე ლაპარაკობს, ორი გრძნობაა. ერთია, რას ლაპარაკობენ, მეორეა ის, რომ გადიხარ რაღაც მანძილს, რომელიც განიჭებს რაღაც სხვა გრძნობას.  ამ პროექტის ერთ-ერთი  მთავარი მომენტი ის არის, რომ ადამიანებს შორის განსხვავებები, სოციალური იქნება ის თუ სხვადასხვანაირი, დაინგრეს და ერთად განიცადონ ეს მომენტი,“ – ამბობს ილეინ ბაკჰოლცი.

„მსგავსი პროექტები დააინტერესებს არა მარტო პროფესიონალებს, არამედ ჩვეულებრივ  ადამიანებსაც. არა აქვს მნიშვნელობა, ის იქნება მთელი ცხოვრება არტში, თუ პირველად შეხედავს ამას. ხელოვანი მათ გადასცემს მესიჯს და ეს მესიჯი ერთნაირად მიუვა ორივეს. ეს პროექტი აძლევს ადამიანებს დისკუსიის გამართვის და ერთმანეთთან დაახლოების საშუალებას,“ –  ამბობს პროექტის კურატორი ლიდია მეთიუ, სახვითი ხელოვნების პროფესორი ნიუ-იორკიდან.

„ბათუმის ეზოს ამბები“ კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში აერთიანებს.

საჯარო სივრცეს  ბათუმის ერთ-ერთი უბნის რამდენიმე ქუჩა და ეზო წარმოადგენს, სადაც პროექტის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი მხატვრები ეზოს მცხოვრებლებთან ერთად საინტერესო პერსონალურ ისტორიებს, ოჯახებში არსებულ ფოტო-მასალებს, საყოფაცხოვრებო საგნებს, ეზოს ურბანულ გარემოსა და ყოველდღიურ ცხოვრებას ხელოვნების ენაზე „გადათარგმნიან”.

12 ხელოვანი, სხვადასხვა სახელოვნებო მედიიდან 10 დღის განმავლობაში  ეზოს მცხოვრებლებთან ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე შექმნიან ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს, პერმანენტულის, პერფორმანსის ან დროებითის სახით. ნამუშევრები გამოიფინება ბოლო 3 დღის განმავლობაში იმავე ეზოებსა და ქუჩებში (23, 24 და 25 აგვისტოს).

„ჩაკეტილი სივრცეებიდან, რომელიც განკუთვნილია ხელოვნებისთვის, ხელოვნება გადმოგვაქვს უფრო საზოგადოებრივ ადგილას, ეზოში, რომელიც ასევე ჩაკეტილია. ეზოები რეალურად ჩაკეტილი სივრცეა, პრივატულია, თუმცა ჩვენ ამ კონცეფტით ვიზიდავთ ხალხს. ეს არის უფრო  სათემო, საჯარო ხელოვნების არტი,”- ამბობს პროექტის დირექტორი ლევან ხუჯაძე.

გამოფენები ქუჩებსა და ეზოებში, გარკვეული დროით, მნიშვნელოვნად შეცვლიან ეზოების იერსახეს და  მობინადრეთა აქამდე უცნობ, კულტურულ, ისტორიულ და ყოფით თავისებურებებს  ხელოვნების ნიმუშების სახით წარმოადგენენ.

პროექტი  აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, საქართველოში ამერიკის საელჩოს და პარქსონის კურატორული დიზაინის კვლევით ლაბორატორიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ავარიის შედეგად ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა

 

 

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპელის მარკის ავტომანქანა  ქუჩაში მიმავალ ხანდაზმულ ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 -ე მუხლის მეხუთე ნაწილით. 

დეპუტატის მხილება მოქალაქის ცემის ფაქტზე


საფო კობალაძე თქმით, თავის დროზე ჩვენება დიასამიძის მხრიდან თითქოსდა  ტყუილის შესახებ, იძულებით მისცა. კობალაძის ვერსიით, როდესაც მას მედეა ვასაძემ შეამჩნია, რომ ეშინოდა გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემის, „აგრესიულად განუცხადა“, რომ არ უნდა შეშინებოდა ფაქტის გაყალბების, რადგანაც საქმის პროკურორი იყო მისი ახლობელი, ხოლო ჩვენებას მას ჩამოართმევდნენ არა პროკურორაში, არამედ თავისავე კაბინეტში.


საფო კობალაძის თქმით, დიასამიძის ცემის ფაქტზე პროკურორმა რევაზ ჯაშმა ის მართლაც თავის კაბინეტში დაკითხა. დაკითხვის დროს პერიოდულად მასთან ოთახში შედიოდა მედეა ვასაძე.


დაკითხვის დასრულების შემდეგ პროკურორმა დაკითხვის ოქმი იმ მიზნით დატოვა, რომ სხვა გამოსაკითხ პირებსაც ამ ოქმით ეხელმძღვანელათ. საფო კობალაძემ ბრიფინგზე წარმოადგინა დაკითხვის ოქმი და თქვა, რომ სოწრედ ამ ოქმით იხელმძღვანელეს უმაღლესი საბჭოს სხვა თანამშრომლებმა დაკითხვის დროს.


საფო კობალაძე ამბობს, რომ ყოველთვის გრძნობდა პასუხისმგებლობას მოქალაქე დიანა დიასამიძის წინაშე და

სწორედ ამიტომ დაეძაბა მას ურთიერთობა მედეა ვასაძესთან.


დიანა დიასამიძის ცემის ფაქტის კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან საფო კობერიძემ თავი იქამდე შეიკავა, სანამ პროკურატურას არ მისცემს ჩვენებას.


შეკითხვაზე, რატომ უნდა ენდოს საფო კობალაძის ამ განცხადებას საზოგადოება, ანუ აქვს თუ არა მას შესაბამისი მტკიცებულება, ყოფილი თანაშემწე ამბობს, რომ მტკიცებულებებს მას შემდეგ გაასაჯაროებს, როდესაც პროკურატურა ხელმეორედ დაკითხავს. ინფორმირებული წყაროს თქმით კი, საფო კობალაძეს აქვს ჩანაწერები, რომელზეც ასახულია შეხლაშემოხლა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძისა და მედეა ვასაძის მონაწილეობით, რაც საფო კობალაძის უმაღლესი საბჭოს შენობიდან გამოძევებას უკავშირდება.


საფო კობალაძე ამბობს, რომ მედეა ვასაძის მიერ დიასამიძის ცემის ფაქტს შეესწრო არამხოლოდ თვითონ, არამედ მთელი უმაღლესი საბჭო, მათ შორის დაცვის თანამშრომლებიც. მისივე თქმით, პროკურორმა რევაზ ჯაშმა ამ საქმესთან დაკავშირებით არამხოლოდ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არამედ რიგითი თანამშრომლებიც უმაღლესი საბჭოს შენობაში, მედეა ვასაძის ზედამხედველობის ქვეშ დაკითხა.


საფო კობალაძემ ბრიფინგზე ასევე განაცხადა იმ კონტრქმედების შესახებ, რაც უმაღლეს საბჭომ მის მიმართ გაატარა. „მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ მე დიანა დიასამიძის ცემის ფაქტს ვეღარ დავიტოვებდი და საჯაროდ ვიტყოდი ყველაფერს, დაიწყეს ადმინისტრაციული წარმოება. ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების დოკუმეტში წერია: „სამსახურეობრივი მოვალეობის რეალური შეუსრულებლობისა და უხეში დარღვევისათვის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის გამო“.


მედეა ვასაძე ადასტურებს, რომ საფო კობალაძე ნამდვილად დიანა დიასამიძის საქმესთან დაკავშირებით გაუშვა სამსახურიდან. დეპუტატის თქმით, თანაშემწე ამ ფაქტით მის დაშანტაჟებას ცდილობდა, რაც არ აპატია.


საფო კობალაძე კი ცემის ფაქტის კონკრეტული დეტალების გასაჯაროებისგან იქამდე არ აპირებს, სანამ პროკურატურას არ მისცემს ჩვენებას.


ყოფილ საჯარო მოხელეს იმედი აქვს, რომ მისი საქმით ქვეყნის მთავარი პროკურორი დაინტერესდება. 

არტ-პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ იწყება

არტ-პროექტს დღეს საღამოს ბათუმის ისტორიული უბნის ხულოსა და გორგსალის ქუჩები უმასპინძლებს. ამ ქუჩის მაცხოვრებლების პირდი ნივთებით, ისტორიებით, ფოტოალბომებით, იტალიური ეზოების ძველი ატრიბუტიკით და წეს-ჩვეულებებით საგამოფენო ექსპონატები შეიქმნება.

 

პროექტი საღამოს 21:00 საათზე ბათუმის ქუჩებში ამერიკელი ხელოვანების ნამუშევარებით გაიხსნება. ორგანიზაცია micro-ფონის“ ცნობით, საღამოს ბათუმის ისტორიულ ქუჩებში ავტომანქანა სპეციფიური განათებითა და მუსიკალური გახმოვანებით ჩაივლის და ქალაქის ისტორიულ შენობებზე უჩვეულო ჩრდილებსა და კომპოზიციებს შექმნის.

 

12 ხელოვანი, სხვადასხვა სახელოვნებო ცენტრიდან 25 აგვისტომდე ეზოს მაცხოვრებლებთან ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე შექმნის ჯგუფურ და ინდივიდუალურ ნამუშევრებს, პერმანენტულის, პერფორმანსის ან დროებითის სახით. ნამუშევრები გამოიფინება იმავე ეზოებსა და ქუჩებში.

 

„micro-ფონის“ ცნობით, გამოფენები ქუჩებსა და ეზოებში მნიშვნელოვნად შეცვლიან ეზოების იერსახეს და მობინადრეთა აქამდე უცნობ, კულტურულ, ისტორიულ და ყოფით თავისებურებებს ხელოვნების ნიმუშების სახით წარმოადგენენ.

 

პროექტი ყოველწლიურია.

ივანიშვილი და სააკაშვილი ამერიკულ გემს ბათუმში ერთდროულად ესტუმრებიან


საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ „ბალკლიზე“ ხვალ სხვადასხვა შეხვედრა და ტრენინგი გაიმართება.


ხვალ, 18:00 საათისთვის, „ბალკლის“ კაპიტნის სახელით ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური მიღებაც. ხომალდზე დიდი ალბათობით ელიან ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მასპინძელი მხარე აცხადებს, რომ ხომალდზე სტუმრობას დადასტურებულად გეგმავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.


ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.


ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ბათუმს გაზის მიწოდება ხვალ საღამომდე აღუდგება

 

ბათუმისთვის გაზის მიწოდება უკვე დაიწყო, სრულად კი  ხვალ საღამომდე აღუდგება.  ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“  „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ მიაწოდა.  

 

„გაზის  მიწოდება უკვე დაწყებულია. ახლა მიდის ჩატვირთვა და  ხვალ საღამომდე ჩაირთვება ყველგან.  ამჟამად   ბენზეს დასახლებაში ირთვება გაზი,  მერე  ბარცხანა, შემდეგ გაუშვებენ ქალაქშიც. ოღონდ ღამის განმავლობაში კორპუსები არ ჩაირთვება, დილით ადრე  რვა საათის შემდეგ დაიწყება,“ – განუცხადა „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ.

 

მაღალი წნევის გაზსადენი გურიაში ორი დღის წინ დაზიანდა. ამის გამო მთელს აჭარას გაზის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა. 

შიდა აუდიტის ორი წლის მუშაობის შედეგი – არც ერთი დასკვნა

სამსახურის უფროსი პირად საუბარში ამბობს, რომ აუდიტი  2011-2012 და მიმდინარე წლის მონაცემებს ერთდროულად ამუშავებს, მონიტორინგის შედეგები მხოლოდ მაშინ გასაჯაროვდება, როცა სამსახური ერთი წლის მონაცემებს შეისწავლის და დასკვნას დადებს.

„ბათუმელების“ კითხვას, როდის შეისწავლის შიდა აუდიტი ერთი წლის მონაცემებს და მოამზადებს დასკვნას, ჯამბულ თურმანიძე არ პასუხობს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ მისი მუშაობა ვადაში არ არის გაწერილი და დასკვნასა და მონიტორინგის შედეგებს მაშინ დადებს, როცა შესწავლა დასრულდება.

საკრებულოს თავმჯდომარემ ბადრი დიასამიძემ თქვა, რომ შიდა აუდიტმა შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს: „წარმოდგენილი შენიშვნები ბიუროს სხდომაზე განვიხილეთ, ის შენიშვნა, რომლებიც მისაღები იყო, გავუგზავნე წარმოების ხელმძღვანელებს და გავაცანი, შენიშვნები შემოვიდა, გადარიცხვებზე, საწვავზე, დარღვევები არ ყოფილა.“

მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ბოლქვაძე შიდა აუდიტის მუშაობით კმაყოფილია და დასძენს, რომ სამსახურს მისი გამგებლობის პერიოდის შესწავლა სთხოვა: „შიდა აუდიტი მუშაობს, მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია, ვთხოვე ჩემი მუშაობის პერიოდი შეესწავლათ, აუდიტი შესაბამისი დებულებით მოქმედებს,“ –  ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

რას იღებს მაღალმთიანი აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან

ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით დამტკიცებული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობებში ძირითადად სახელფასო ფონდს, კომუნალურ გადასახადებს, მუნიციპალიტეტში მოქმედ სპეციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს ხმარდება. სპეციალური ტრანსფერის სახით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხით კი მუნიციპალიტეტებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ხორციელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტს ერგო, ტრანსფერის სახით ადგილობრივი ბიუჯეტი ხულოში 5 მლნ 883 455 ლარით შეივსო, აქედან 4 მლნ 934 000 ლარი გამოთანაბრებითი ტრანსფერია, 949 455 ლარი კი – სპეციალური ტრანსფერი, რაც მთლიანად სოფლის მხარდაჭერის  პროგრამას მოხმარდება.

ცენტრალური დაფინანსების გარდა ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წლის ბოლომდე 912 000 ლარს აჭარის ბიუჯეტიდან მიიღებს, 912 000-ლარიანი გეგმიდან  ამ ეტაპზე ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მხოლოდ 14 000 ლარია მიღებულია.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი თემურ ცეცხლაძე ამბობს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის ოდენობას მოსახლეობის რაოდენობა, გზების სიგრძე და ა.შ, სულ 16-მდე კომპონენტი განსაზღვრავს. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტად შერჩეული პროექტის დაფინანსებაზე უარი არასოდეს მიუღიათ.

„ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით ფინანსდება. პროექტი, რომლის დაფინანსებაც მოგვეთხოვოს და არ დაფინანსებულიყო – არ ყოფილა. მიმდინარე წელს აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული ტრანსფერით ორი დაწყებითი სკოლის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც 60 000 ლარია გამოყოფილი, გარდა ამისა, დაბაში საყრდენი კედლების ჩამოსხმისთვის – 154 000 ლარი, ამხანაგობის ხელშეწყობის პროგრამაზე – 77 000 ლარი და კურორტ ბეშუმში სახანძრო შენობის მშენებლობისთვის 48 600 ლარია გაწერილი,“ –  განმარტავს თემურ ცეცხლაძე.

ხულოსთან შედარებით ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო ნაკლები თანხა მიიღო შუახევის მუნიციპალიტეტმა. ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერის სახით აქ 4 043 900 ლარით შეივსო, აქედან გამოთანაბრებითი ტრანსფერი 3 მლნ 417 200 ლარი, სპეციალური ტრანსფერი კი  –  626 700 ლარია. შუახევის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი თეიმურაზ კილაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ძირითადად ტრანსფერზეა დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი შემოსავალი მწირია, ცენტრალური ბიუჯეტიდან  სპეციალური ტრანსფერით მიღებული დაფინანსება კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ხმარდება. სპეციალური ტრანსფერის სახით გამოყოფილი 626 700 ლარიდან აქ ყველაზე მეტი თანხა –  150 000 ლარი სასმელი წყლის მილების შეძენას მოხმარდება.

მიმდინარე წელს შუახევის ადგილობრივმა შემოსავალმა,  გეგმის მიხედვით, 250 000 ლარი უნდა შეადგინოს. თეიმურაზ კილაძე იმედოვნებს, რომ  ადგილობრივი შემოსავალი 2013 წელს გეგმას გადააჭარბებს და ნახევარ მილიონს გაუტოლდება.

2012 წელს შუახევის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის სახით 3 მლნ 461 000 ლარი მიიღო, სპეციალური ტრანსფერი კი – 669 000 ლარი, აქედან 44 000 ლარით სარეზერვო ფონდი შეივსო, დანარჩენი თანხა სოფლის დახმარების პროგრამას მოხმარდა. ცენტრალური დაფინანსების გარდა შუახევის ბიუჯეტს აჭარის ბიუჯეტმა სპეციალური დანიშნულებით, ტრანსფერის სახით გასულ წელს 1 მლნ 638 200 ლარი გამოუყო. მილიონიანი ფონდიდან შუახევში სპორტკომპლექსი ააშენეს. მიმდინარე წელს კი შუახევში აჭარის ბიუჯეტიდან 964 200 ლარის მიღებას ელიან.

ცენტრალური ბიუჯეტიდან ყველაზე ნაკლებ დაფინანსებას აჭარის მაღალმთიანეთში ქედის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ქედის ბიუჯეტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერით წლის ბოლომდე 2 მლნ 823 400 ლარით შეივსება, სპეციალური ტრანსფერით კი  – 51 757 ლარს მიიღებს. აჭარის ბიუჯეტიდან ქედის ბიუჯეტს 2 მლნ 823 400 ლარი დაუმტკიცდა. აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერით ყველაზე მეტი თანხა ორი ბაგა-ბაღის მშენებლობასა და წყალსადენების რეაბილიტაციას მოხმარდება.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ განსახორციელებელი პრიორიტეტები წინასწარ დგება და დაფინანსებაც შესაბამისად მტკიცდება: „განსახორციელებელ პრიორიტეტებს წინასწარ ვიხილავთ, საკითხზე ვთანხმდებით და რაც აუცილებლად გასაკეთებელია, ფინანსდება,“ –  ამბობს გამგებელი.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი შემოსავალი ნახევარ მილიონსაც არ აღწევს. თვითმმართველობებში ადგილობრივი შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობას სოფლის მეურნეობისა და მთის ტურიზმის განვითარებაში ხედავენ.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძე ამბობს, რომ ადგილობრივი შემოსავლის გაზრდა არსებული პოტენციალის ათვისებით არის შესაძლებელი: `მთის რეგიონი არ არის ისეთი შემოსავლიანი, როგორც დაბის რაიონები, ამიტომ ხელისუფლება იძულებულია დაგვაფინანსოს. აქ შესაძლებელია განვითარდეს მთის ტურიზმი, მთა ჩირუხი, მთა ღომა – დიდი პოტენციალია. თუ მოხდება ამ პოტენციალის ათვისება, გაიზრდება ადგილობრივი შემოსავალი, რასაც გვთავაზობს ცენტრალური ბიუჯეტი, უნდა დავკმაყოფილდეთ. მე ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზრდება და აისახება ჩვენს ბიუჯეტზეც. გასაკეთებელი ბევრია და ამჟამად არსებული ტრანსფერი ვერ ეყოფა, ვფიქრობ მომავალში მეტად დაგვაფინანსებს ხელისუფლება“, –  იმედოვნებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალი ბაგა-ბაღები ქედაში

 

სარეკონსტრუქციო სამუშაოების დამკვეთი ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოა,  შესაბამისად სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ტენდერი მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა.

 

ახოში ბაგა-ბაღის სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო-ხარისხი“ აწარმოებს. სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხელშეკრულება გამარჯვებულ ფირმასთან 30 ივლისს 122 000 ლარზე გააფორმა, სატენდერო პირობების მიხედვით ობიექტი ნოემბერში უნდა ჩაბარდეს.

 

დოლოგნის ბაგა-ბაღის მოწყობისთვის 120 000 ლარია გამოყოფილი. ამ სოფელში ბაღის მოწყობისთვის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება, რაც ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა გამოვლინდება, ბაგა-ბაღის მოწყობისთვის ტენდერი გასულ კვირას გამოცხადდა.

 

„ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორის აიშე თებიძის თქმით, ამ  ეტაპზე არ არის გარკვეული, როგორ შეარჩევენ ახალგახსნილ ბაღებში თანამშრომლებს.

პეტიცია თამბაქოსგან თავისუფალი გარემოსათვის

არასამთავრობო ორგანიზაცია Welfare Foundation  (რომელიც 2001 წელს შეიქმნა და ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობს) თამბაქოს კონტროლის ალიანსთან ერთად ამზადებს პეტიციას, რომლის საფუძველზეც საჯარო ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს.

პროექტის მენეჯერი ქეთევან შალამბერიძე ამბობს, რომ მოსახლეობა დადებითად ხვდება ამ ინიციატივას. ორგანიზაციამ  სექტემბრამდე 50 000 ხელმოწერა უნდა წარუდგინოს პარლამენტს, რათა კანონპროექტი ამოქმედდეს და საჯარო ადგილებში მოწევა აიკრძალოს.

„ჩვენ  ამ კონკრეტული პუნქტზე ვმუშაობთ. ისე კი კანონმა უნდა დაარეგულიროს მოხმარება, ფასი, რეკლამირება, ლიცენზია და გაყიდვა. ამ ეტაპზე დაახლოებით 15 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული, მათი ნაწილი ონლაინ რეჟიმში შეგროვდა,“ – ამბობს ქეთევან შალამბერიძე.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის თქმით, ხელმოწერების შეგროვებას მთელი საქართველოს მაშტაბით იწყებენ.

„ათი წელია არ სრულდება თამბაქოს კონტროლის კანონი. სექტემბერში პარლამენტში ინიციატივით ვაპირებთ შესვლას, რომლის საფუძველზეც აბსოლუტურად ყველა დახურული შენობა, მათ შორის რესტორნები და ბარები, უნდა გათავისუფლდეს თამბაქოს მომაკვდინებელი კვამლისაგან. უნდა აიკრძალოს ყველა სახის რეკლამა პოპულარიზაცია და სპონსორობა. ბათუმში შემოსვლისას უამრავი ბილბორდი შეგხვდა, რომლებიც ორიენტირებულია ახალგაზრდებზე.  აჭარაში ბოლო სამი წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა მწეველი გოგონების რიცხვი. შესაბამისად მატულობს მკვდრად შობადობებისა და ნაკლები წონით დაბადებული ახალშობილების რიცხვი, ამით ჩვენი დემოგრაფიული მაჩვენებელი კიდევ უფრო მძიმდება. მთავრობა არ იყო აქტიური, თამბაქოს ინდუსტრია უკონტროლოა, ჩინოვნიკებთან შეთანხმებებს აღწევდნენ… ასე რომ არ გაგრძელდეს, მასობრივად ვიწყებთ მხარდამჭერების მოზიდვას,“ – ამბობს გიორგი ბახტურიძე.

სალომე კოღოშვილი ბათუმელი სკოლის მოსწავლეა, მას არ სურს საჯარო ადგილებში მწეველებმა მის ჯამრთელობას საფრთხე შეუქმნან. “ამ აქციაში იმიტომ ვიღებ მონაწილეობას, რომ მოსახლეობას შევახსენო თუ რაოდენ მავნებელია ჯამრთელობისთვის თამბაქოს კვამლი, ყველას უდა დავუმტკიცოთ, რომ ეს ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს,“ – ამბობს სალომე.

ბალახით დაფარული პარკი ბავშვებისთვის

ხელვაჩაურში, შარაბიძეების თემის საჯარო სკოლასთან არსებული პარკი, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობა  ყოველწლიურად 9 მაისს,  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მოუვლელია. პარკში გაზრდილი ბალახის გამო კი, მოსახლეობა საშიში მწერების გაჩენასაც ვარაუდობს.

თემის რწმუნებული როსტომ თავდგირიძე „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ პარკი მოვლილი და ბალახისგან გასუფთავებულია:   „ბალახი გათიბულია. თქვენ იქ როდის იყავით?“ .

„ბათუმელებმა“ შარაბიძეების თემის პარკში ფოტო დღეს დილით 9:30 საათზე გადაიღო.  მას შემდეგ რაც ამის შესახებ სოფლის რწმუნებულმა გაიგო დააზუსტა: „ნახევარი ამ დილით გათიბეს და ნახევარს გათიბავენ“.

შარაბიძეების თემის პარკში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკი, ჯარისკაცის ძეგლი და სათამაშო ატრაქციონია განთავსებული.

რატომ ჩაიჭრნენ მასწავლებლები გამოცდაზე

 

 

„თუ 30 წლის წინ საშუალო სკოლაში ფიზიკის სწავლებას ეთმობოდა 16 კვირეული საათი, დღეს ეთმობა ცხრა კვირეული საათი და პროგრამის შინაარსი ფაქტობრივად არ შეცვლილა. მასწავლებელს ნაკლები დრო რჩება იმისათვის, რომ მოსწავლეები ამუშაოს ამოცანების ამოხსნაზე და რადგან ნაკლები დროა და მოსწავლეებს ინტენსიურად ვეღარ ამუშავებს, მასაც აღარ უჩნდება მოთხოვნა, რომ ამოცანების ამოხსნის მეთოდიკაში ან ახლის ამოხსნაზე იმუშაოს იმუშაოს, ან გაიმეოროს ადრე ნასწავლი. მასწავლებელმა დაკარგა მოტივაცია ამ მიმართულებით. როცა აკადემიური დონე ამის გამო დადაბლდა, ბუნებრივია გამოცდაზე შესაბამისი შედეგი ვერ აჩვენა,“ –  თქვა „ბათუმელებთან“ საუბარში ბათუმის მერვე საჯარო სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.

 

 

განსხვავებული შეხედულება აქვს ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს თამთა კვარაცხელიას. 

 

 

„შედეგების დიდი ნაწილი გამოწვეულია ცოდნის დეფიციტით მთელ რიგ საგნებში. მასწავლებელი როდესაც სამი-ოთხი წელი ზედიზედ გადის საგნობრივ გამოცდაზე და ვერ ლახავს ბარიერს, აქ მისი კომპეტენციის პრობლემა დგება. ეს ერთი, მაგრამ მეორე მომენტიც არის, როდესაც 96-პროცენტი ვერ გადალახავს ზღვარს, საზოგადოება ეჭვის ქვეშ აყენებს ტესტის ვალიდურობას. ეს არის სავალალო შედეგი იმ ვითარებისა, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში არის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მასწავლებლების დაოსტატება, გადამზადება სერიოზული თვალსაზრისით, არ მომხდარა. მოკლევადიანი ტრენინგებით მასწავლებლის ცოდნის განახლება შეუძლებელია. ამას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ჩვენს რეგიონში, აჭარაში, მასწავლებლის სახლი არ ფუნქციონირებს. და ყველაზე მთავარი, უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი მასწავლებლების მომზადების დონეა საეჭვო,“ –  ამბობს თამთა კვარაცხელია. 

 

 

სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2010-2012 წლებში, საქართველოში დასაქმებული 68 584 პედაგოგიდან სერტიფიცირებულია 12 112 (19%) პედაგოგი. მასწავლებელთა ერთ ჯგუფს (სპორტის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის) საშუალება არ ჰქონდა გასულიყო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, ვინაიდან ამ საგნებში სასერტიფიკაციო გამოცდა ჯერ არ ჩატარებულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სამოქალაქო განათლების კონსულტანტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის გიორგი გახელაძის თქმით, ამ საგნების მასწავლებლების გარეშე სერტიფიცირებულთა პროცენტული მაჩვენებელი დაბლა იწევს.

 

 

„ამავდროულად, გვყავს 10 ათასზე მეტი მასწავლებელი, რომელთაც ერთი გამოცდა ჩააბარეს, თუმცა ამით პრობლემა არ მსუბუქდება. ამ ტენდენციის მიხედვით, საეჭვოა, რომ 2015 წლის 1-ელ იანვრამდე მასწავლებლების სრული კონტინგენტი იყოს სერტიფიცირებული. თუკი დროულად დაიწყებოდა მისი განხორციელება, წლევანდელ შედეგს ეს მაინც ვერ შეცვლიდა, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში პროგრესს აუცილებლად ვიგრძნობდით.

 

 

ახლა მოდაშია, განიხილავენ ხოლმე რეფორმის პერიოდში, განსაკუთრებით 2006 წლიდან ძალისხმევებს. რანაირი ძალისხმევაც არ უნდა განხორციელებულიყო ქვეყანაში მოქმედი მასწავლებლების გადამზადებაში, მნიშვნელოვნად ეს ამ შედეგებს ვერ შეცვლიდა, ვინაიდან გამოტოვებული იყო ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, პროფესიაში თაობათა ცვლა. მასწავლებელთა აკადემიური დონის ასეთი დაბალი მაჩვენებლის საფუძველი არის მათი უმაღლესი განათლება, მისი ხარისხი, ასევე თითქმის 10-12-წლიანი პაუზა ამ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაში. შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენ როგორი ძალისხმევითაც არ უნდა მოგვემზადებინა ეს ადამიანები, შედეგი მაინც მეტ-ნაკლებად მსგავსი იქნებოდა,“ – აცხადებს „ბათუმელებთან“ საუბარში გიორგი გახელაძე.

 

 

მისივე თქმით ტესტები იყო რთული და ხშირ შემთხვევაში აცდენილი საგნობრივი მოთხოვნების მთავარ, საკვანძო საკითხებს, აქცენტი კი არაარსობრივზე კეთდებოდა.

 

 

„ქალბატონმა მაიამ პირველ განცხადებაში შედეგებთან დაკავშირებით ინტერპრეტაციები და შედარება რომ გააკეთა შარშანდელის და წლევანდელის, იქ აღნიშნა, შარშან ტესტები ჩვენ კი მოვამზადეთ, მაგრამ შეფასება იყო ლოიალურიო. სინამდვილეში სტატისტიკა რიგ საგნებში მიმინოშვილის დასახელებული რიცხვების საწინააღმდეგოს გვეუბნება. შარშან ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებაში ორჯერ უფრო დაბალი შედეგი იყო, ვიდრე წელს. მთელი წელიწადი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და სამინისტროს მოგვიწია მუშაობა, რომ ტესტები გამხდარიყო ადეკვატური. საგამოცდო ცენტრთან იოლი არ არის მუშაობა, ისინი რთულად იღებენ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რაც მთელ პროცესებზე უარყოფითად აისახება, მათი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დგება,“ –  ამბობს გიორგი გახელაძე.

 

 

გიორგი გახელაძის თქმით მასწავლებლები დემოტივირებულები არიან. ამასთან პროფესია „ბერდება“, მოტივაცია კი, ახალი სპეციალისტები მომზადებისათვის არის მცირე. სერტიფიცირება მხოლოდ გამოცდის საშუალებით არ არის ეფექტური. მისივე ინფორმაციით, სერტიფიცირებული 1000-ზე მეტი მასწავლებელი სკოლის გარეთაა დარჩენილი. 

 

 

„წლევანდელი გამოცდის შედეგად ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ ადამიანებმა, რომლებმაც პროფესიაში შესვლა მოინდომეს, არსებული მოთხოვნებიც დააკმაყოფილეს, მოიპოვეს სერტიფიკატი, მაგრამ სკოლაში მუშაობა ვერ დაიწყეს, ან სისტემაში დარჩენა არ მოინდომეს. არის საუბარი, რომ გამოცდით სერტიფიცირება არ ადასტურებს მასწავლებლის მაღალკვალიფიციურობას. გვყავს სერტიფიცირებული მასწავლებლები, რომელთა პრაქტიკა და რომელთა მოსწავლეთა შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ამოდენა ძალისხმევა და რესურსი მიმართული არის გამოცდებისკენ, რომელიც კომპეტენციების ძალიან ვიწრო სპექტრს ამოწმებს. ამით კი მასწავლებლის სიკარგეზე ვერ იმსჯელებ,“ – აცხადებს გიორგი გახელაძე.

 

მისივე თქმით მიმდინარე სასწავლო წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ინტენსიური, გრძელვადიანი (70-95 საათიანი) ტრენინგები ჩაატარა მასწავლებლებისათვის. შედეგად კი იმ მასწავლებლებს, ვინც ტრენინგი გაიარა, კარგი შედეგებიც აქვთ. 

 

 

„ტრენინგებზე მოსვლის მოტივაცია საკმარისად დაბალი იყო, რიგ რეგიონებში ტრენინგები ვერც კი ჩავატარეთ მასწავლებელთა მხრიდან ინტერესის უქონლობის გამო, თუმცა მაინც 19 ათასზე მეტი მასწავლებელი მხოლოდ 2013 წელს გადავამზადეთ,“ – ამბობს გიორგი გახელაძე.

 

 

სკოლის დირექტორ თამთა კვარაცხელიას თქმით კი ტრენინგები ეფექტური მასწავლებელთა იმ ჯგუფისთვისაა, რომელმაც კარგად იცის საგანი და რომელიც ფლობს ელემენტარულ დონეზე მაინც სწავლა-სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

 

„ის იღრმავებს ამ ტრენინგებით ცოდნას და ეცნობა სიახლეს, მაგრამ, თუ ადამიანმა არ იცის საგანი, ბუნებრივია ის ტრენინგებით ვერ ისწავლის, იმიტომ, რომ მას ეს უნდა ესწავლა უმაღლეს სასწავლებელში და მერე ყოველდღიური უნდა განვითარებულიყო და უნდა გაეღრმავებინა ცოდნა _ ეს ერთი. ვისთვისაც ეფექტური იყო, იმ მასწავლებლებმა უკვე ჩააბარეს 2010-2011-2012-ში, მიმდინარე წელსაც. ამასთან სახელმწიფოს ეკისრება უდიდესი როლი. პირველ რიგში, მასწავლებლობა უნდა გახდეს მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი პროფესია, მეორეც – ანაზღაურებაც უნდა იყოს შესაბამისი, იმიტომ, რომ მაინც ხელფასია მთავარი მოტივაციის ამაღლებისათვის. სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი – 75 ლარი არის ძალიან ცოტა. თუ სახელმწიფოს პოლიტიკა არის ის, რომ ჰყავდეს სერტიფიცირებული მასწავლებელი, მაშინ სერტიფიცირების დანამატიც უნდა იყოს სერიოზული დანამატი,“ –  ამბობს თამთა კვარაცხელია.

 

 

„მე თვითონაც ძალიან შეწუხებული ვარ ამ შედეგებით. წლების განმავლობაში ბევრი უნდა გაკეთებულიყო პედაგოგებისთვის. აქტიური ქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი არ გადატყდეს პედაგოგებზე, ისინი ნაკლებად არიან დამნაშავენი. პირველ რიგში, სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს მაქსიმალური ხელშეწყობა. ზუსტი და მკაფიო სტრატეგია არის საჭირო. ეს გამოცდა სადამსჯელო ოპერაცია არ უნდა იყოს. კვალიფიკაციის ამაღლებაზე სამინისტრომ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, უამრავი აქტივობის დაგეგმვაა საჭირო. ჩემს ორგანიზაციაზე და ჩემს თავზეც ვფიქრობ, იქნებ ჩვენც მოვაკელით რამე, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის, ძალიან ვარ შეწუხებული. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არავინ გაიშვიროს თითი პედაგოგებისკენ. როდესაც სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგმა შეიძლება იზრუნოს საკუთარ კვალიფიკაციაზე და საკუთარ თავზე შეძლოს მუშაობა, მხოლოდ მაშინ შეიძლება დავადანაშაულოთ კონკრეტული პედაგოგი,“ –  განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა „ბათუმელებთან“.  

„საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის“ ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები

 

საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ აკრედიტებული უმაღლესი საზღვაო  სასწავლებელია, რომელიც ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში. ცენტრს გააჩნია თანამედროვე სასწავლო ბაზა, რეალობასთან შესაბამისი სიმულატორები, საკუთარი საწვრთნელი გემის მოდელი, იახტა, სამაშველო კატარღები. მეზღვაურთა სწავლებასთან ერთად ცენტრში არსებობს მეზღვაურთა მომზადება/გადამზადებისა და სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც აღიარებულია „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ. 

 

 

ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა მოცემული პროექტი ეხება თუ არა ცენტრის უშუალო საქმიანობას.

 

სხვა პროექტებთან ერთად საზღვაო ცენტრი „ანრი“ უკვე მეორე წელია წარმატებით უტარებს ინგლისური ენის ტრენინგ-კურსებს სპეციალურად აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას. წელს, 5 აგვისტოს, ამ პროექტის ფარგლებში უკვე მე-5 ჯგუფი შეიკრიბა.

 

,,ჩვენს სასწავლებელს გააჩნია უცხო ენების, კერძოდ ინგლისური ენის შემსწავლელი სერტიფიცირებული ცენტრი, რომლის ბაზაზეც მიმდინარეობს ეს პროექტი. მსმენელებად ძირითადად მოწვეული გვყავს თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. მათ მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობების ფასად, ზღვაზე დასვენების პარალელურად, ვთავაზობთ ინგლისურ ენაში საჭირო უნარჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას. ჩვენი სასწავლებლის ინიციატივით აღნიშნული კურსები ტარდება როგორც თბილისში, ასევე ბაკურიანში; ბათუმი შემაჯამებელი, ანუ სასერტიფიკაციო ეტაპის მასპინძელია.

 

ტრენინგცენტრი

 

მომავალში ვეცდებით უფრო ფართო მასშტაბიანი გავხადოთ პროექტი. ეს იმას გულისხმობს, რომ გავხსნით ცენტრის ფილიალს თბილისში, ანუ ჩვენს ცენტრში სწავლის შესაძლებლობა დევნილ მოსახლეობასთან ერთად მიეცემა თბილისელებს, ასევე ნებისმიერ სხვა მსმენელს“, – განაცხადა საზღვაო სასწავლო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ.

 

ინგლისური ენის კურსებს უძღვებიან სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ტრენერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოცირებული პროფესორი ნანა ახობაძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ფიქრია თორია.

 

დოქტორ ფიქრია თორიას თქმით, ,,სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა მოკლე სასწავლო პროგრამა, რომელიც გასული წლების გამოცდილებით ძალიან კარგად მუშაობს. სწავლის დაწყების წინ ვატარებთ ტესტირებას მსმენელთა დონის შესამოწმებლად, თითოეულ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 10 ადამიანი. სემინარები, სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით, გრძელდება 4-5 საათს და მოიცავს ახსნილი მასალის ადგილზე სწავლებას. ამ მეთოდით პროგრამის მონაწილეები სწავლასთან ერთად დასვენებასაც ახერხებენ.

 

გასულ წლებში არ გვქონდა, მაგრამ წელს დავამატეთ დონე ე.წ. სტარტერებისთვის (დამწყებთათვის). ეს დონე ინგლისურად საუბრის ელემენტარულ ჩვევებს მოიცავს. კურსის ბოლოს აუცილებლად ტარდება ასევე ტესტირება ნასწავლ მასალაზე. სერტიფიკატს გავცემთ დონეების მიხედვით: 75 ქულის ზევით გავცემთ „წარჩინებულის“ სერტიფიკატს, 50-დან 75-მდე – „კარგს“, ვინც 50-მდე ქულას დააგროვებს, ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტში ეწერება – „მოისმინა“.

 

პროექტი დაიწყო 2013 წლის 5 აგვისტოს და გაგრძელდება 15 აგვისტოს ჩათვლით.

გამარჯვებული გოგონები ცეკვის კონკურსიდან

 კონკურსში მონაწილეობის მიღება ლოლიტასა და ანას „ირაკლი მასწავლებელმა” ურჩია. ორივე ფიქრობს, რომ გაუმართლათ, ირაკლი სურმანიძეს რომ შეხვდნენ და ამბობენ, რომ მასწავლებლის დამსახურებაა, ლათინური ცეკვები მათი ცხოვრების ნაწილად რომ იქცა.

 

ლოლიტამ და ანამ ცეკვა ოთხი-ხუთი წლის ასაკში დაიწყეს. ინიციატივა ორივეს შემთხვევაში მშობლებისგან მოდიოდა, დღეს ცეკვის გარეშე ცხოვრება უკვე ვერც ერთს ვერ წარმოუდგენია. უყვართ ცეკვა და ცეკვავენ, ერთადერთი ის ადარდებთ, რომ მეწყვილეები აღარ ჰყავთ, როგორც ჩანს, ბათუმში ლათინური ცეკვები ბიჭებისთვის ჯერ ისევ არ არის სათანადოდ პოპულარული: „მეწყვილეს ვეძებთ, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მომავალი გეგმები, სოლო მოცეკვავისთვის ძნელია დიდ მასშტაბებზე ფიქრი, იმედია გამოჩნდება ვინმე, მთავარია არ იყოს ზარმაცი, ოდნავ ნიჭიერსაც მალე მოვიყვანთ აზრზე.” – სიცილით ამბობს ანა კვაჭაძე.

 

ლოლიტა ცინცაძე
ლოლიტა ცინცაძე

„კონკურსმა ბევრი რამ მასწავლა, მითუმეტეს, ორგზის გამარჯვებული გავხდი. მომავალში ალბათ აღარ ვიქნები კონკურსანტი, კონკურსანტებმა ამიკრძალეს მონაწილეობა, დაყოლიება კი იმით შეძლეს ჩემი, რომ კონკურსის წამყვანობა შემომთავაზეს.” – ღიმილით გვიამბობს ლოლიტა ცინცაძე. იგი გამარჯვების ემოციებს “ენით აღუწერელს” უწოდებს: „სიხარულისგან ვტიროდი, ნამდვილად არ ველოდი, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა, მეწყვილეში გამიმართლა, დეფენსი ნიჭიერია, წელს საქართველოში პირველადაა, სიხარულისგან ისიც ვერ ლაპარაკობდა.” ლოლიტა რამდენიმე სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიცაა, 2012 წელს აჭარაში გამართულ სილამაზის კონკურსში მან პირველი ადგილი დაიჭირა.

 

გამარჯვებები ანასაც ბევრი აქვს, მისთვის ყველაზე დიდი საქართველოს ჩემპიონატზე გამარჯვება იყო. ანას კონკურსში – „მე მიყვარს ცეკვა” პირველი ადგილის მოპოვების იმედი ჰქონდა, თუმცა არც მეორე ადგილს იწუნებს. 


რომელი ცეკვისთვის განკუთვნილი კოსტიუმი მოგწონთ განსაკუთრებით? – ამ კითხვაზე ლოლიტა ასე პასუხობს: „არც ერთი არ მომწონს, ჯერ არ შეკერილა ფორმა, რომელიც მომეწონებოდა”. ანა კი პირიქით, სიამოვნებით იხსენებს საყვარელ ფორმებს: „ძალიან მომწონს ლათინური ცეკვების ფორმა, ლამაზია, ბრჭყვიალა და მხიარული.”

 

ანა კვაჭაძე
ანა კვაჭაძე

ლოლიტა მომავალ გეგმებს მხოლოდ ცეკვას არ უკავშირებს, ამბობს, რომ მუსიკაც მნიშვნელოვანია მისთვის: „ლევან ლაღიძის სასწავლებელში ვსწავლობ ვოკალს, ბავშვობიდან მქონდა მუსიკისადმი ინტერესი, თუმცა სერიოზულად არასოდეს მოვკიდებივარ, სამი წელი ვისწავლი ამ სკოლაში, შემდეგ კონკურსებში ვცდი ბედს.” მისი გარეგნობა დიზაინერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და ლოლიტამ სამოდელო სცენაც მოირგო, თუმცა ამ მხრივ დიდი გეგმები არ აქვს. იგი მეთორმეტე კლასშია, ეკონომიკურზე აპირებს ჩაბარებას. ლოლიტა ფიქრობს, რომ შეიძლება ბანკშიც დასაქმდეს და მერე იქნება “პირველი მოცეკვავე, მომღერალი და მოდელი რომელიც მხიარულად მიუდგება საბანკო საქმიანობას.”

 

ანა კვაჭაძე 18 წლისაა და ორი წელია თავად ასწავლის სხვებს ცეკვას. ანა ამბობს, რომ მკაცრი არ არის, თუმცა მომთხოვნია. მან კოლეჯი დაამთავრა, სასტუმროს მართვასა და ტურიზმს სწავლობდა, სექტემბრიდან სასტუმროს ადმინისტრაციაში იწყებს მუშაობას, ფიქრობს, რომ ყველაფერს თავისუფლად შეათავსებს.

 

მომავალ გეგმებს გოგონები კვლავაც ცეკვას უკავშირებენ, ორივე საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს, წელს პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ლოლიტას წარმატების მოპოვების იმედი აქვს, კონკურსანტია.

 

„კონკურსმა კარგად ჩაიარა, სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე ჩემი მოსწავლეები გავიდნენ, მომავალში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ვგეგმავთ კონკურსის ჩატარებას, განათლების სამინისტრო იქნება ჩვენი მხარდამჭერი, მონაწილეობის სურვილი კი ბევრს აქვს, უკვე გვიგზავნიან თავიანთ ვიდეოებს, მათ შორის უცხოეთიდანაც. უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს” – ამბობს ირაკლი სურმანიძე, კონკურსის ორგანიზატორი.

„ნიკალა“ კვლავ ბათუმშია


„ნიკალა“ დიდი ხანია ფუნქციონირებს თბილისში და ერთ-ერთი საყვარელი ადგილია იქაური მომხმარებლისთვის. თავის დროზე სწორედ ასეთმა პოპულარობამ გადაგვაწყვეტინა ბათუმის ფილიალის გახსნა. 2011 წელს, ყოფილ ხელისუფლებას „თვალში არ მოუვიდა“ ეს შენობა თუ ჩვენი საქმიანობა და „ნიკალა“ აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით დაილუქა. ყადაღა მოეხსნა არჩევნებიდან მეორე დღესვე, ანუ 2 ოქტომბერს, რაც ნათელს ფენს ყველაფერს. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ტურისტულად აქტიური პერიოდია ბათუმში, ჩვენ ავამოქმედეთ იგივე სერვისი, რაც თბილისში უკვე აპრობირებული და პოპულარულია. სექტემბრიდან კი კიდევ უფრო ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ადგილობრივ მომხმარებელს“, – ამბობს „ნიკალას“  ბათუმის ფილიალის დირექტორი ნოდარ სიხარულიძე. 


„ნიკალას“ კაფე


 

,,ნიკალა“ ბათუმში მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს – აქ მუშაობს კაფე, ასევე ბარი, რომელიც მეორე სართულზე მდებარეობს, ბავშვთა გასართობ ოთახი და ორი საბანკეტო დარბაზი. დიდ დარბაზი ერთდროულად 400 ადამიანს ემსახურება, მცირე – კი 50 ადამიანს.


„სწრაფი კვების“ ტიპის კაფე გახსნილია შენობის პირველ სართულზე. კაფესთვის ინვენტარი სპეციალურად იტალიიდან ჩამოიტანეს და თავისი კომფორტულობით უნიკალურია. კაფეში ძირითადად თვითმომსახურებაა. თუმცა როგორც შეფ-მზარეული, ასევე დამხმარე მზარეულები თბილისური „ნიკალადან“ არიან მოწვეულები. სწორედ ისინი სთავაზობენ მომხმარებელს როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნების პოპულარულ მენიუს.


დაიმახსოვრეთ – „ნიკალაში“ ყოველდღიურად ახალი ხორცი, ხილი, ბოსტნეული და რძე შეაქვთ. მომხმარებელს არასდროს მიეწოდება წინა დღით დამზადებული და სარეალიზაციოდ გამოტანილი საკვები.

 

ნიკალას ბარი



მეორე სართულზე განთავსეულ ბარში მყუდრო გარემო და სასიამოვნო მუსიკა გელოდებათ. გამოცდილი ბარმენი შემოგთავაზებთ როგორც საფირმო, ასევე სხვა პოპულარულ კოქტეილებსა თუ ალკოჰოლურ სასმელებს. ბარი თქვენი სიამოვნებისთვის ღამის სამ საათამდე მუშაობს.

 

ნიკალას საბავშვო ოთახი



ატრაქციონები, ბატუტი, სათამაშოები და სხვა საშუალებები – „ნიკალას“ სპეციალურად შექმნილი საბავშვო ოთახით ის მომხმარებელი ისიამოვნებს, ვინც ოჯახით გადაწყვეტს დროის გატარებას. აქ თქვენი პატარები დამოუკიდებლად გაერთობიან. აქვე პატარებს ელით სიურპრიზიც – მათ გართობაზე ზღაპრის გმირები და ჯამბაზები იზრუნებენ.

 

ნიკალას  საბანკეტო დარბაზი


„ნიკალაში“ საბანკეტო დარბაზი 400 ადამიანზეა გათვლილი. აქ ნებისმიერი გრანდიოზული თუ მოკრძალებული ღონისძიების დაგეგმვა შეიძლება. დარბაზის აკუსტიკა იტალიელმა სპეციალისტები დაამონტაჟეს და გამორჩეულია რეგიონში. საბანკეტო დარბაზს სპეციალურად მომზადებული მოსამსახურე პერსონალი ემსახურება, ხოლო მენიუს არჩევანი დამოკიდებულია ღონისძიების ავტორზე. „ნიკლას“ საბანკეტო დარბაზში არ არსებობს მკაცრად დადგენილი ფასები – მისი შეცვლა მომხმარებლის სურვილსა თუ გემოვნებაზეა დამოკიდებული.



ნოდარ სიხარულიძე, „ნიკალას ბათუმის ფილიალის დირექტორი: „რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს საკუთარ მენიუსა და ფასებს ვთავაზობთ, მაგრამ ასევე შეგვიძლია კონკრეტულ კლიენტს სასურველი ფასის მენიუ შევურჩიოთ. „ნიკალას“ საბანკეტო დარბაზი მსგავსი ობიექტებისგან გამოირჩევა მაქსიმალურად რეალური და დაბალი ფასით, რაც ყველაზე მთავარია, ვინარჩუნებთ ხარისხს. დარბაზის სრული დატვირთვის შემთხვევაში კი, მომხმარებელს უამრავი სიურპრიზს ვთავაზობთ“.



„ნიკალა“ ბათუმში დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობს. თუმცა, „ნიკალას“ გუნდი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელს კომფორტი სამუშაო დრო გახანგრძლივებითაც შეუქმნას.

 

მობრძანდით და დარწმუნდებით, რომ აქ თქვენი გარემოა!

მის.: ბათუმი. ასათიანის ქუჩა #14.

მობ.: 558 781054;    ტელ.: 22- 87-01;       22- 87-00;

ვებ გვერდი: www.nikala.ge

 

უცნობი აჭარა მინის ნეგატივებზე

მაღალმთიანი აჭარა. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლა იაილაზე. მე-20 საუკუნის 20-30 წლები. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივიდან. ფოტო დამუშავებულია სტუდია იალონში. ფოტო პირველად დაიბეჭდა გაზეთ ბათუმელებში.
მაღალმთიანი აჭარა. წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციო სკოლა იალაღზე. მე-20 საუკუნის 20-30 წლები. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მინის ნეგატივების არქივიდან. ფოტო დამუშავებულია სტუდია იალონში. ფოტო პირველად დაიბეჭდა გაზეთ ბათუმელებში.

  • შოთა, როგორ და სად იქნა აღმოჩენილი მინის ნეგატივები, რომლის გაციფრულებაზეც ახლა მუშაობთ?

არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეწოდოს აღმოჩენა იმას, რაც დევს მუზეუმის ფონდში, მაგრამ მაინც ყველაფერს სჭირდება აღმოჩენა და ეს ნეგატივები პირველად ბიძინა აფხაზავამ აღმოაჩინა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში.

მე მქონდა პატივი, ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, ვინც ამ არქივს უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში ხელით შეეხო და ბუნებრივია გამიჩნდა სურვილი, რეალურად დამენახა, რა იყო ამ ნეგატივებზე. დავიწყეთ ძებნა, რა შესაბამისი ტექნიკა შეიძლებოდა გამოგვეყენებინა დასამუშავებლად, ვნახე სკანერი შესაბამისი ოპტიკური მახასიათებლებით, რომელიც ღირდა საკმაოდ ძვირი, ყოველ შემთხვევაში მე ამის შეძენა არ შემეძლო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბატონი ბიძინა გახდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი და პირველი, რაც შემოგვთავაზა, თქვა, რომ სააგენტო ამ სკანერს შეიძენდა და საზოგადოება ნახავდა ამ ფოტოებს. მაგრამ გარდა ამისა იყო საჭირო დასაქმება ადამიანების, ვინც იმუშავებდა ამაზე.

პირველი, რაც აზრად მომივიდა, იყო მივსულიყავი ზაზა გოგოტიშვილთან სამშენებლო კომპანია „ანაგში“ და პრაქტიკულად ამ თემაზე საუბარი არც დამჭირვებია, ზაზამ დახედა ციფრს და ეს საკითხი გადაწყდა. ჩვენ ყველამ დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს.

  • მინის ნეგატივებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს, რომ ნეგატივები მართლაც მინაზეა დატანილი?

კი. ცელულიოდის ფირის წინაპარი იყო შუშა, რომელიც იყო ემულსიის თხელი ფენით დაფარული და სწორედ ეს წარმოადგენდა ნეგატივს. წარმოიდგინეთ, ამის ტრანსპორტირება, ტექნიკა – როგორ სწრაფად უნდა შეეცვალა ფოტოგრაფს ნეგატივი… ისე მოხდა, რომ რამდენიმე გატეხილიც არის, თუმცა შეიძლება მათი რესტავრირება.

  • სულ რამდენი ფოტოა  არქივში?

1100-ზე მეტი ნეგატივია, უმრავლესობა კარგად შენახულია. ნეგატივების ხარისხი ძალიან მაღალია, მხოლოდ ხარისხს შემიძლია ვუყურო საათობით. ძირითადად არის აჭარის სხვადასხვა სოფლები, 30-იანი წლები, მაგრამ არის უფრო ძველი ფოტოებიც. ფოტოების ძირითადი ნაწილი დაუსათაურებელია, მაგრამ ხელწერაზე, ეპოქაზე, ადგილმდებარეობაზე შეიძლება მიხვდე სად არის გადაღებული. ფოტოებზე არის ჩაის პლანტაციის გაშენება, გლეხის ოჯახი, რომელსაც პატეფონი აქვს სახლში, პორტრეტები, ყოფითი სცენები, ჯარში გაცილება, ცეკვები…

დიდი ალბათობით, ფოტოების დიდი ნაწილი გადაღებული უნდა იყოს ფოტოგრაფ არესტაკეს შაანიანის მიერ. მუზეუმის ფონდში დაცულია ხელშეკრულება, დაახლოებით იმავე დროის, როცა ვალდებულებას იღებს ერთი მხარე მუზეუმის წინაშე, რომ გადაიღებს ეთნოგრაფიულ ფოტოებს. შინაარსითაც და დროითაც ეს ემთხვევა.

რაც ყველაზე საინტერესოა და შეიძლება ტექნიკური დილემის წინაშე დავდგეთ გამოფენის დროს, ეს არის სტერეოფოტოები, სტერეო, ანუ 3D _ თანამედროვე გაგებით, მინდა, რომ ტექნოლოგიური დამუშავებით ასი წლის წინანდელი სტერეოფოტოებიც მოხვდეს ამ გამოფენაზე. ასეთი ფოტოები დიდი იშვიათობაა და საბედნიეროდ არის ამ არქივში.

  • რამდენია ბათუმის ფოტო და შენი, როგორც ფოტოკოლექციონერის აზრით, რომელია მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, თუ არის ფოტოები, ადგილები, რომელიც მანამდე არ გინახავს?

როცა ხელი მოვკიდე ამ ნეგატივებს, ბათუმი შემხვდა და შემექნა შთაბეჭდილება, რომ მთელი არქივი მხოლოდ ბათუმის ფოტოებისგან შედგებოდა. აღმოჩნდა, რომ ბათუმის ასზე მეტი ფოტოა. ბევრი ფოტოა მნიშვნელოვანი, გადაღებულია უბნები, რომლებიც ინგრევა, ბათუმური ეზოები, სადაც ვიღაც ზის, სარეცხია გაფენილი, ბავშვები თამაშობენ, ყოფითი სცენები… ამ ფოტოების შესწავლას წლები დასჭირდება, ეს დაუსრულებელი პროცესია.

ყველაზე მეტად ერთი ფოტო მომეწონა, ესაა საჰაერო ბურთით გაფრენა ბათუმის თავზე. ბევრ ფოტოში ვცდილობ არ ჩავერიო, ის ნაკაწრებიც იყოს შენარჩუნებული, რაც ნეგატივებზეა, მაგრამ ამ ფოტოსგან მინდა აფიშა გავაკეთოთ. ძალიან ცოტა ბათუმი ჩანს კადრში და გიგანტური საჰაერო ბურთი ბათუმის თავზე. კიდევ ერთი ფოტო მომწონს განსაკუთრებით, სობოროს წინ თავმოყრილი მთელი ბათუმური ბომონდი  – საოცარი ფოტოა.

  • იცანი თუ არა შაანიანის გარდა სხვა ფოტოგრაფების ხელწერა?

არის გლაუდანის ფოტოებიც, ბევრ ფოტოზე შემიძლია ამის თქმა. ეს გამოფენა თავის თავში ბევრ რამეს იტევს, ჯერ ერთი, რომ ბევრი ფოტო ღირებულია ფოტოგრაფიის თვალსაზრისით, ხარისხი არის საოცარი, საინტერესოა ეთნოგრაფიული კუთხითაც. დარწმუნებული ვარ, ეს გამოფენა რომ გაიხსნება, იმ წუთებში მსოფლიოში მსგავსი დონის გამოფენა არ იქნება.

  • რა ეტაპზეა ახლა სამუშაო პროცესი?

დასრულებულია დასკანერება, ახლა „იალონი სტუდიო“ ქმნის მინის ნეგატივების ციფრულ ვერსიებს. მიდის დამუშავების, იდენტიფიცირების, შესწავლის პროცესი.  გამოფენა სექტემბრის ბოლოს იგეგმება ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში, სადაც იყო ეს ნეგატივები დაცული და ამ მუზეუმის წყალობით მოხდა მათი შენარჩუნება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მუზეუმის თანამშრომლებს დახმარებისა და ნდობისათვის.

აჭარისა და გურიის რეგიონს გაზის მიწოდება შეუწყდა

 

წუხელ ძლიერმა წვიმამ გურიაში, მდინარე ნატანებზე არსებული 500 მმ მაღალი წნევის  გაზსადენი დააზიანა.  შედეგად  აჭარისა და გურიის რეგიონი  გაზის გარეშეა დარჩენილი.

 

„სოფელ გურიანთაში, მდინარე ნატანებზე გამავალი გაზსადენი დაზიანდა. როგორც მითხრეს სამტრედიის შემდეგ მთლიანად გურია და აჭარა გაზის გარეშე დარჩა. ახლა მივდივართ ადგილზე და გვეცოდინება საღამოსთვის ზუსტად რა მდგომარეობაა. ერთი-ორი დღე დაჭირდება ალბათ აღდგენას,“ – განუცხადა ბათუმელებს „სოკარ ჯორჯია გაზ აჭარის“ დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ მდინარე ადიდებულია, აღდგენითი სამუშაოების დაწყება, ჯერჯერობით, შეუძლებელია.

 

შსს-მ ბათუმში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა წუხელ, 4 აგვისტოს მოკლული 22 წლის კოკა კეკელიას მკვლელობაში ბრალდებული.

 

„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე წუთში მკვლელობაში ბრალდებული 1970 წელს დაბადებული ირაკლი ს. დააკავეს“, – ამ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს.

 

ბრალდებულმა კოკა კეკელიას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. პოლიციის ვერსიით, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, პიაცაზე მოხდა.

 

შს სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ბილეთები ღვინის დაგემოვნების მსურველი ტურისტებისათვის

 

ბილეთების შეძენა კომპანიის მაღაზიაშია შესაძლებელი, რომელიც ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას # 14 მდებარეობს.  შეძენილი ბილეთები ღვინის მოყვარულ ტურისტებს საშუალებას აძლევს სადეგუსტაციო 12 პროდუქტიდან ნებისმიერი დააგემოვნონ ერთი ჭიქის ფასად.

 

სურვილის გათვალისწინებით, ბილეთის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პაკეტის შედგენა ტურისტებისთვის და განსაკუთრებით მოსახერხებელია სასაჩუქრედ შეძენის შემთხვევაში.

 

 

რემონტი ვარდების სკვერში

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე არსებული ე.წ ვარდების სკვერში ფილების ამოყრა დაიწყეს. კითხვაზე, თუ რით იყო განპირობებული ტურისტულ სეზონზე სკვერში სამუშაოების დაწყება, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს: „ძველი ფილები უკვე ამორტიზირებული იყო და უფრო ხარისხიანი და უფრო ლამაზი ფილები დაიგება. მეორად ფილებს კი ქალაქის გარეუბნებში ვიყენებთ ან ვაძლევთ ეკლესიებს“.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, სკვერის განახლება ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა დაგეგმა, თვითმმარველობის ბიუჯეტიდან კი თანხა 124 498 ლარი საკრებულოს თანხმობით გამოიყო. ტექნიკური სამუშაოების შესრულებაზე ხელშეკრულება მერიამ 25 ივლისს შპს „მონოლითი 2005“-თან გააფორმა. კომპანიამ სამუშაოები 60 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.

ბათუმში 19 წლის ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო

 

დღეს, პირველ აგვისტოს ბათუმში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო –  ინფორმაციას ამის შესახებ  ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურში ადასტურებენ, სადაც შეტყობინება გამოძახების შესახებ  17 საათსა და 42 წუთზე შევიდა.

 

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით გარდაცვლილი გვარად აბაშიძეა და იგი ამ დროისათვის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაშია გადაყვანილი. 

„მუნიციპალიტეტთა განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის” პრეზენტაცია

„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა ეხება მუნიციპალიტეტებში არსებულ სხვადასხვა პროექტების განხილვას. ვაპირებთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საჯარო სამსახურებთან და მოვიპოვოთ მათგან ინფორმაცია.  გვინდა მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ, სათანადო ორგანოების წინაშე გვინდა დავსვათ ყველა პრობლემატური საკითხი და დავსახოთ მათი გადაჭრის გზები.” – ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე კოკი კვერნაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან  დავით წულუკიძე, ნიკა გურგენიძე, თეიმურაზ ხალვაში და ზაზა პაპიძე. „სხვადასხვა საქმიანობას ვეწევით, თუმცა ყოველთვის ვიყავით თანამოაზრეები, გვქონდა დიდი სურვილი შეგვექმნა არასამთავრობო, გვინდა მონიტორინგი გავუწიოთ ყველა პროექტს, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამსახური.” – ამბობს კოკი კვერნაძე.

მონიტორინგს ორგანიზაციის წევრები აჭარის რეგიონით იწყებენ, თუმცა გეგმავენ მომავალში მთელი საქართველო მოიცვან, ამისთვის დონორი კომპანიებისგან გრანტის მოპვებას შეეცდებიან.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებას „უზნეო“ უწოდეს

 

 

 

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქალაქში მშენებლობების გაზრდაზე საუბრობდა და მას „უზნეობა“ უწოდა. გიორგი კირთაძის განცხადებით, ყველა მშენებლობა, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს, წინა ხელისუფლების დროსაა დაწყებული.

 

„საკრებულოს თავმჯდომარე გამოვიდა და გვიყვებოდა, თუ როგორ გაზარდეს ამ ხნის განმავლობაში ქალაქში სასტუმროების მშენებლობა. დღესდღეობით მხოლოდ ორი ახალი სასტუმრო შენდება და ორივე სასტუმროს მშენებლობაზე ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწყო მოლაპარაკებები. მაჩვენონ ერთი პროექტი მაინც, რომელშიც თვითონ იყო ჩართული და გადაწყვიტა რომელიმე ინვესტიციის საკითხი. მიწის ნაკვეთებსაც კი ვერ ჰყიდის და რომელ მშენებელობების გაზრდაზეა საუბარი. მე ამას უზნეობას ვუწოდებ და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას“-განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

გიორგი კირთაძე საკრებულოს „კონსერვატიული პარტიის“ წევრის, მამული ჟღენტის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განცხადება ბათუმის საზღვრების გაფართოებაზე გააკეთა. „უნდა ჩაეხედა იმ საკმაოდ სქელტანიან დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც მოხდა ბათუმის გაფართოება. ბათუმი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაფართოვდა“- აცხადებს კირთაძე.

„ღვინო და ზაფხული” – ღვინის დეგუსტაცია და ფოტოკონკურსი პრესკაფეში

 

ბათუმში, „პრესკაფეში“  2 აგვისტოს, 18:00 საათიდან  20:00 საათამდე  „მეღვინეობა ხარება“  გიწვევთ თავისი პროდუქტების პრეზენტაციაზე.

 

 პრეზენტაციაზე სადეგუსტაციოდ გამოტანილი იქნება 12 დასახელების ღვინო  (კრახუნა – მშრალი, თეთრი ღვინო; მწვანე- მშრალი, თეთრი ღვინო ; ცოლიკაური – მშრალი, თეთრი ღვინო; რქაწითელი – მშრალი, თეთრი ღვინო ; ციცქა- მშრალი, თეთრი ღვინო ; საფერავი პრემიუმი – წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი ხილის ტონებით- წითელი, მშრალი ღვინო; საფერავი- წითელი, მშრალი ღვინო; ქინძმარაული – წითელი, ნახევრადტკბილი  ღვინო; როზე – მშრალი, ვარდისფერი ღვინო; კრახუნა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო; ციცქა ქვევრის – მშრალი, თეთრი ღვინო)   

 

პრეზენტაციის პარალელურად პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს საშუალება ექნებათ,  გადაიღონ ფოტო სახელწოდებით „ღვინო და ზაფხული“ .

 

 ყველა ავტორის ერთი  საუკეთესო ფოტო  განთავსდება „პრესკაფეს“ ფეისბუქის გვერდზე.   ფოტოები, რომლებიც ყველაზე მეტ  მოწონებას – ლაიქს დააგროვებს, დაიბეჭდება და ორი კვირის მანძილზე გასაყიდად გამოიფინება „პრესკაფეში“. გაყიდული ფოტოებიდან შემოსული თანხა გადაეცემა ავტორებს.

 

პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. ყველა სტუმარს  ექნება საშუალება, ერთი ჭიქა ღვინო დააგემოვნოს. გთხოვთ  გვეწვიოთ. 

 

 

ბილეთები ღვინის დაგემოვნების მსურველი ტურისტებისათვის

 

ბილეთების შეძენა კომპანიის მაღაზიაშია შესაძლებელი, რომელიც ქ. ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიას # 14 მდებარეობს.  შეძენილი ბილეთები ღვინის მოყვარულ ტურისტებს საშუალებას აძლევს სადეგუსტაციო 12 პროდუქტიდან ნებისმიერი დააგემოვნონ ერთი ჭიქის ფასად.

 

სურვილის გათვალისწინებით, ბილეთის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პაკეტის შედგენა ტურისტებისთვის და განსაკუთრებით მოსახერხებელია სასაჩუქრედ შეძენის შემთხვევაში.

 

 

როგორ მოვიქცეთ გველის დაგესვლის დროს

 

გურამ წიკლაური. ფოტო: რადიო თავისუფლება
გურამ წიკლაური. ფოტო: რადიო თავისუფლება

ბატონო გურამ, საქართველოში გავრცელებული გველის სახეობებიდან რომელი გვხვდება აჭარაში და რამდენად საშიშია მათი ნაკბენი ?

 

საქართველოში დაახლოებით 22 სახეობის გველია გავრცელებული. აქედან 4-5 სახეობის გველია უფრო შხამიანი. ყველაზე შხამიანია გიურზა, რომელიც მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული და რეალურად ერთადერთი გველია საქართველოში, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. აჭარაში გავრცელებულია კავკასიური გველგესლა, მისი ნაკბენი ადამიანს ვერ კლავს, მიუხედავად იმისა, რომ ინტოქსიკაცია საკმაოდ ძლიერია. სხვა შხამიანი გველი აჭარაში არ გვხვდება.

 

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა პირველ რიგში, თუკი გველმა უკბინა? არის მოსაზრება, რომ ნაკბენი პირით უნდა ამოიწოვოს ან ლახტი უნდა იქნას გადახვეული. რამდენად სწორია ეს მეთოდი?

 

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლახტის გადაჭერა, რადგან მაინც არ შველის. შხამი სისხლძარღვებით კი არ ვრცელდება, არამედ ლიმფური სადენებით, რასაც ჩვენ ვერ გადავკეტავთ. რაც შეეხება პირით ამოწოვას, ასეთი რამ მეც გავაკეთე, როცა მიკბინა შხამიანმა გველმა. ამ პროცედურას სჭირდება 15-20 წუთი. უნდა ამოწოვო და გადანერწყვო. თუმცა, ესეც არ არის კარგი რჩევა, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანს პირის ღრუში აქვს რაიმე დაზიანება, მაგალითად ღრძილებიდან ან კბილიდან სისხლდენა, ამ შემთხვევაში შეიძლება შხამი სისხლის მეშვეობით გადავიდეს ორგანიზმში. მთავარია შხამი არ მოხვდეს სისხლში, კუჭში მოხვედრა არ არის საშიში, რადგან ნერწყვი და კუჭის წვენი შლის შხამს.

 

დაგესვლიდან  რამდენი საათის განმავლობაში უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს, რომ არ დაიღუპოს?

 

 

1-2 საათის განმავლობაში ადამიანს გიურზას ნაკბენიც არ კლავს. აჭარის შემთხვევაში, პრაქტიკულად გამორიცხულია ადამიანის სიკვდილი. გიურზას ნაკბენის შემთხვევაშიც შესაძლებელია მაქსიმუმ ექვსი-შვიდი საათის განმავლობაში მიმართო ექიმს. თუმცა, აქ  გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი. ბავშვის შემთხვევაში აუცილებელია უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან ბავშვის ორგანიზმი უფრო სუსტია და მეორე ეს არის ალერგიული ფაქტორი. ნებისმიერი შხამი არის მძლავრი ალერგენი, ამიტომ, თუ ადამიანი არის ალერგიული, შხამმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული შოკი და ეს გახდეს სიკვდილის მიზეზი. იგივე შეიძლება მოხდეს ფუტკრის ნაკბენის შემთხვევაშიც კი.

 

რა ადგილას არის ნაკბენი ყველაზე საშიში?

 

 

სხეულის კიდურებზე – ხელზე ან ფეხზე ნაკბენი შედარებით უსაფრთხოა, ყველაზე საშიშია თავსა და მკერდზე ნაკბენი.

 

 

 რამდენად შესაძლებელია, რომ შხამის საწინააღმდეგო შრატი სახლის პირობებში შევინახოთ და გველის დაკბენის შემთხვევაში გამოვიყენოთ?

 

არავითარ შემთხვევაში. შრატი შეიძლება გაუკეთდეს ადამიანს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებაში. უფლებაც არ აქვს ადამიანს, რომ იყიდოს და სახლში შეინახოს, რადგან შრატს აქვს მოკლე ვადა შენახვის. თუ გაფუჭებულ შრატს გაუკეთებ პაციენტს,  ვადაგასული შრატი მოკლავს. 

 

გველებისგან თავდაცვის მიზნით ხშირად იყენებენ გოგირდს, განსაკუთრებით სოფლებში. რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

 

 გოგირდი ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მას დახურულ სივრცეში იყენებ. თუ არსებობს ეჭვი, რომ სარდაფში ან ოთახში შესულია გველი, რომ დაწვათ გოგირდი და გველს დავუტოვოთ გასასვლელი, მაშინ გავა გველი, მაგრამ ღია სივრცეში არ იმოქმედებს. ყველაზე კარგი პრევენციაა, ეზოში ბალახის გათიბვა, რადგან ზაფხულში ბალახს გველი იყენებს მზისგან თავშესაფრად. ასევე საშენი ან სხვა მასალები არ უნდა იყოს ეზოში, რომ გველმა არ გამოიყენოს თავშესაფრად.  

 

 

ყველაზე აგრესიული როდის არის გველი, სეზონს აქვს მნიშვნელობა?

 

 

საერთოდ, გველი ადამიანის მიმართ აგრესიული არ არის. ყველა კბენის შემთხვევა არის თავდაცვა. თუ ადამიანი ძალიან მიუახლოვდა ან ფეხი დააბიჯა, ამ შემთხვევაში კბენს ხოლმე.

 

ღამით თუ გვხვდება გველი, ან წყალში თუ არის ის საშიში?

 

შემოდგომაზე უფრო აქტიურია გველი. ზაფხულში, როცა სიცხეა, პრაქტიკულად არ შეგხვდება. უფრო აქტიურია დილით და ღამე. რაც შეეხება წყალს, არის ასეთი სახეობა -ესკულაპის მცურავი, რომელიც იზრდება ორნახევარ მეტრამდე და რატომღაც მისი ყველას ეშინია, მაგრამ ის არ არის საშიში, თუმცა, ზოგადად, შხამიანი გველი წყალშიც იკბინება.      

ბათუმში მშენებლობაზე გაზმა გაჟონა

„გეგმიური სამუშაოებს ახორციელებდა სოკარი. გაზის მილის გადაკეტვის დროს ვერ დაკეტეს კარგად და მოხდა გაზის გაჟონვა ორი თუ სამი წუთის  მანძილზე.  ორ წუთშივე გამოსწორდა სიტუაცია,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“  საუბარში მშენებლობის ხელმძღვანელმა ვლადიმერ შენგელიამ.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს სამშენებლო კომპანია „სახლი პიაცაზე“ აშენებს.

ბრიფინგი ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემაზე

 

დღეს, ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ჭანტურიშვილმა, ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები შეუსყიდოს და ამისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში მოიძიოს. ჭანტურიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გრძელვადიანი სესხები უნდა გასცეს იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლადაც.

„მთავრობამ უნდა მოძებნოს ფინანსები, სხვა გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არსებობს. ფინანსებს კი მთავრობა არჩევნების წინ არ უნდა ეძებდეს. ვფიქრობთ ბიუჯეტში უნდა შევიდეს ცვლილება და ეს თანხები უნდა გამოძებნოს პრემიებისა და მივლინებებისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან“- აცხადებს თემურ ჭანტურიშვილი.

ბრიფინგს რამდენიმე ეკომიგრანტი და იპოთეკარიც ესწრებოდა. ეკომიგრანტ მერაბ შავაძის განცხადებით, პრობლემების მოგვარება ხელისუფლებამ უნდა ითავოს: „ჩვენ თანახმა ვართ გრძელვადიან სესხზეც. თუ სახელმწიფო მოგვცემს სესხ თვითონ შევისყიდით სახლებს, თუ არა და მაშინ სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს. ზამთარიც მოდის და გვინდა ეს პრობლემა მანამდე მოგვარდეს, თანაც ძალიან გადავიღალეთ“.

მისი განცხადებით, ეკომიგრანტები ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„ჰაერის გადასახადი“ ბათუმში

 

„ბათუმი დაყოფილია ზონებად და თითოეული ზონისთვის  დადგენილია გარკვეული კოეფიციენტი, ანუ სამშენებლო ტერიტორიის ნაკვეთის მდებარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია აიგოს გარკვეული ფართობის შენობა. მსგავსი კოეფიციენტი დადგენილია ყველა  ზონისთვის ლიმიტის  ფარგლებში. ერთ ზონაში სხვა ციფრია, მეორე ზონაში კი სხვა. დღეს დავაწესეთ რეგულაცია, რომელსაც აქვს ორი მიზანი: პირველი ის, რომ არსებობს საზოგადოებრივი დაკვეთა, ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არ აშენდეს მრავალსართულიანი შენობები. ვფიქრობთ რეგულაცია ხელს შეუწყობს  ამ ტენდენციას, ანუ რეალურად ეს არის პირველი ნაბიჯი უძრავი ქონების სტაბილური ბაზის ჩამოყალიბებისაკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ღონისძიებით მოხდება ქალაქის  დანარჩენ ნაწილში მშენებლობის გააქტიურების სტიმულირება, სადაც რეგულაცია მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.“ – ამბობს ბათუმის მთავარი  არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

 

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ -საქმიან ზონაში ( გრიბოედოვის ქუჩიდან გოგეგებაშვილის ქუჩამდე და სამხრეთით ჭავჭავაძის ქუჩამდე) ორი კატეგორიის გადასახადი ამოქმედდება, მშენებლობის მდებარეობიის მიხედვით საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში კვადრატულ მეტრზე  315 ლარის გადახდას, საცხოვრებელ ზონაში კი 143 ლარს ითვალისწინებს.  

 

 

ქალაქის კონკრეტულ ზონაში რეგულაციის დაწესებას საკრებულოს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა:

 

 

„ ძალიან ბევრი ჭორია ქალაქში, მე პირადად  ამ ჭორების არ მჯერა რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩემზე ამობენ, რომ თითქოს ბათუმში ყველა კორპუსში ბინა მაქვს. ამიტომ ჭორების არ მჯერა, მაგრამ დღეს მამული ჟღენტმაც აღნიშნა ის, რომ მიმდინარეობს რაღაც ტიპის გარიგებები მშენებლობის ნებართვის გამცემსა და დეველოპერებს შორის. იმისთვის, რომ მსგავსი საუბარი დასრულებულიყო, ჩემი თავმჯდომარეობის დროს შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც  ზუსტად იგივე შინაარსის იყო და გულისხმობდა მშენებლობაზე მოსაკრებლის დაწესებას. ანუ თუ გინდა, რომ მშენებლობაზე ნებართვა მოგცე, მაშინ ბიუჯეტში გადაიხადე თანხა. რა თქმა უნდა ეს პროექტი ვრცელდებოდა მთელ ქალაქზე. ახლა საკრებულომ იგივე მოსაკრებელი მიიღო, მაგრამ გაავრცელა ქალაქის იმ ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობები ისედაც აღარ არის. ჭავჭავაძის ქუჩის გადაღმა სადაც დღეს მართლა არის  მშენებლობების ბუმი იქ მოსაკრებელი არ დააწესეს.“ – უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ „ბათუმელებს“.

 

 

საკრებულოს უმრავლესობა კი, რომელმაც საკითხს მხარი დაუჭირა, გიორგი კირთაძის მოსაზრების არგუმენტად ქალაქის გარეუბნებში მშენებლობის წახალისებას ასახელებს.

 

 

„გაითვალისწინეთ, რომ ნორმით გათვალისწინებულ სტანდარტებზე ჩვენ რეგულაცია არ დაგვიწესებია. მოსაკრებელი დავაწესეთ ნორმის გარეთ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნის შემთხვევაში. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მალე ეს რეგულაცია მთელ ქალაქზე გავრცელდეს“-  განმარტავს გიორგი რამიშვილი.

 

„სამართლიანი არჩევნები” და საია აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან

 

2013 წლის 24 ივლისს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმადაც 14 მილიონ 722 700 ლარით გაიზარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შემოსულობები. მათ შორის, 13 მილიონ  554 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება.

 

,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 49-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან შედეგების შეჯამებამდე იკრძალება ისეთი პროგრამების განხორციელება, რომელიც მანამდე არ ყოფილა გათვალისწინებული ბიუჯეტში. ასევე აკრძალულია უკვე გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსების ზრდაც. ზემოაღნიშნული ცვლილებებით ხდება როგორც ახალი პროგრამების დაფინანსება, ისე არსებული პროგრამების დაფინანსების ზრდა, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საარჩევვნო კოდექსთან. ამ შემთხვევაში უფლებამოსილ პირებს საარჩევნო კოდექსი ანიჭებს უფლებას მიმართონ სასამართლოს და ხარჯების შეჩერება მოითხოვონ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ სარჩელით მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ გაზრდილი ხარჯების შეჩერებას.

 

ამასთან, ჩვენ მივესალმებით ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსახლების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიმართულ ნებისმიერ ღონისძიებას. თუმცა, ხელისუფლება ვალდებულია პრიორიტეტები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გასაზღვროს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდა  წინასაარჩევნო პერიოდში კანონდარღვევით არ მოხდეს.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღების პროცესში გამოითქვა მოსაზრება, რომ საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე არ ვრცელდება, რაც არასწორია. საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-6  მუხლის  ,,გ” პუნქტის თანახმად, ბიუჯეტი მოიცავს როგორც ცენტრალურ, ისე ავტონომიურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს.  უფრო მეტიც, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება. ამ ბიუჯეტებს ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაცია, აღრიცხვის ერთიანი სისტემა და სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ერთიანი პრინციპები გააჩნიათ.

 

გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც 49-ე მუხლის მე-3 პუნქტსაც ეხება.

 

ცვლილებებით აღნიშნული პუნქტის მოქმედება მნიშვნელოვნად დავიწროვდება, შემცირდება შეზღუდვის მოქმედების პერიოდი და ის არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე პერიოდით განისაზღვრება; ამასთან შეზღუდვა აღარ გავრცელდება ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ზრდაზე, ასევე არაგეგმიური ტრასფერის ინიცირების ან გეგმიური ტრანსფერის ზრდის აკრძალვაზე.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილებები არ ყოფილა განხილული და შეჯერებული საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ  პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში, რომლის მუშაობაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. ინიციატივა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მეორე საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერდა. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ინიციატივა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდას გამოიწვევს, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, უკვე ადგილი ჰქონდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება ზოგიერთ მუნიციპალიტეტშიც.“

დათვის ბელი ქობულეთის პლაჟზე

„ცხოველთა სამყაროს შესახებ კანონის თანახმად არ შეიძლება ტყვეობაში ყოლა გარეული ცხოველების. მითუმეტეს წითელი ნუსხის სახეობის. კოდექსით გათვალისწინებულია შესაბამისი დასჯის ღონისძიებები ასეთ დარღვევასთან დაკავშირებით. თუმცა მარტო ეს არ არის. დათვის ბელი რომ ჰყავს ადამიანს, ის თავისით არ მივიდოდა მასთან. აქ იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. კერძოდ დათვის ბელი ისე ვერ  მოხვდებოდა ადამიანთან, თუ დედამისს არ მოკლავდნენ.  დათვი შეტანილია წითელი ნუსხაში, შესაბამისად უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის  სამართლის საქმეზე, დათვის მკვლელობაზე და მისი ბელის უკანონოდ დატყვევებასთან დაკავშირებით. ასი ლარით დააჯარიმებენ ალბათ, უკანონო ტყვეობაში რატომ გყავსო, მეტი სასჯელი არ დაეკისრება. შესაბამისად, მობილურის მოპარვა უფრო დიდი დანაშაულია საქართველოში, ვიდრე წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა. დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული ბოლომდე. აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული ვინ მოკლა და სად,” – ამბობს „ბათუმელებთან” საუბარში ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექციის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული ფაქტის შესახებ „ბათუმელებისგან” გახდა ცნობილი. მისივე თქმით დაიწყება მოკვლევა.

„ეს ფაქტი არ იყო აქამდე ჩემთვის ცნობილი, აჭარის რეგიონში ჩვენ გვყავს აჭარის სამსახური, მე აუცილებლად გადავცემ ამ ინფორმაციას და ალბათ არ იქნება რთული მოსაძებნი. რაც შეეხება სანქციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცნობს რეგულაციას, რომ ეს არის ნამდვილად დასჯადი ქმედება. ჩვენ როგორც კი გავატარებთ ღონისძიებას და როგორც კი იქნება ფაქტი დადგენილი, აუცილებლად შეგატყობინებთ,” – უთხრა „ბათუმელებს” ნელი კორკოტაძემ.

აღნიშნული ქმედება რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე. პირს, რომელსაც ცხოველი უკანონოდ ჰყავს დატყვევებული, ბელი ჩამოერთმევა.

არმანის სახე ბათუმის მერობაზე ოცნებობს

„არმანის“ სათვალეების კოლექციის სახე, „ბენეტონის“ სახე თურქეთში – ბევრისათვის ესეც საკმარისია, რომ ყურადღების ცენტრში მოექცეს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ოთო ფედიჩკინის საქმიანობაში „არმანისა“ და „ბენეტონის“ სახედ ყოფნა მთავარი მიღწევა არ არის.

ოთოს სახასიათო გარეგნობა და ამბიციური სურვილები აქვს. ბავშვობაში ფეხბურთს თამაშობდა და თურქეთში მისი ერთწლიანი ცხოვრებაც სპორტს უკავშირდება:

 

ათი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს, გარკვეული მიზეზების გამო შევეშვი. ვთამაშობდი თურქეთში, სადაც ძალიან ბევრი ლაზი მეგობარი შევიძინე, ეს მეგობრობა დღემდეგ გრძელდება. კონცერტებს ვატარებთ, ბროშურებს გამოვცემთ, ჩემი იდეებით ხდება ეს ყველაფერი. არ მინდა დაიკარგოს ლაზური ენა და კულტურა.

 

ბავშვობიდან იტალიურ ფეხბურთს და „მილანს“ ვგულშემატკივრობ. დიდი ფეხბურთელი, დათო ყიფიანი იყო ჩემი ნათლია. ბათუმში ჩამოსულმა ნახა ჩემი ვარჯიში და მაჩუქა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ბერლუსკონის ჰალსტუხი, ქორწილში გაიკეთეო, დღესაც მაქვს შენახული.

 

 

რამდენადაც ვიცი, შენი საქმიანობა შიუბიზნესსაც უკავშირდება, როგორ მოხვდი სოფო ნიჟარაძის ბათუმზე გადაღებულ ცნობილ კლიპში?

გადამღები ჯგუფი იყო ბათუმში ჩამოსული, ჩემს მეგობარს უთხრეს, რომ ბათუმელი ბიჭი სჭირდებოდათ კლიპისთვის და მან ურჩია მე დამკავშირებოდნენ. თავიდან ძალიან დავიძაბე, ვთქვი, რომ ვერ ვითამაშებდი, ეს ჩემთვის იგივე იყო, ფეხბურთი რომ მეთამაშა პელეს გვერდით. შემდეგ სოფო რომ გავიცანი, დავმშვიდდი. და-ძმასავით ვართ ერთმანეთთან, ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ.

 

ახლახან კიდევ ერთ კლიპში გადამიღეს, გავაცოცხლეთ ძველი პოლონური სიმღერა ბათუმზე. პოლონელი მომღერალი, ნატალია მღერის.

 

ისე, ჩემი ოცნება იყო მონაწილეობა მიმეღო კლიპში „ბათუმს ქათქათას“, ეს მესამე კლიპია ბათუმზე, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ.

 

კიდევ რაზე ოცნებობ?

ჩემი ბავშვობის ოცნებაა ბათუმის მერი გავხდე.

 

ახლა ქალაქის მერი რომ იყო, პირველად რას გააკეთებდი?

სულ ახალგაზრდებთან ვიქნებოდი, კვირაში ერთხელ დილას ავდგებოდი და მეეზოვეებთან ერთად მეც დავგვიდი ჩემს ქალაქს. ძალიან მიყვარს ჭადრაკის სასახლეში ძველ ბათუმელებთან ყოფნა, იქ ამბობენ, ბათუმელი რომ ხარ, უკვე ტიტულოვანი ხარო. ეს განსაკუთრებით მხვდება გულზე.

ძალიან მიყვარს ბათუმი, მეგობრებს ადგილი გვაქვს ზღვის პირას, ბათუმური ლუდი, თევზი და პური მიგვაქვს იქ და ვმღერით.

 

მსახიობობაზე თუ გიფიქრია?

კი, როგორ არა. სიამოვნებით ვითამაშებდი რომანტიკულ დრამაში.

 

როგორი გოგონები მოგწონს?

ჩვეულებრივი, ისე ქალები ჩვენი ძირითადი სასაუბრო თემაა. ყველა ქალს თავისი მომხიბვლელობა აქვს.

 

ამჟამად შეყვარებული ხარ?

კიი (იღიმება).

 

როგორც ვიცი, ახლა ახალი იდეით ხარ შეპყრობილი და პრეზიდენტს წერილიც მისწერე. გვიამბე ამის შესახებ.

 

მინდა, დიდი ფესტივალი გავაკეთო ანაკლიაში, ქაზიმ ქოიუნჯუს ხსოვნის საღამო. მინდა, ეს ფესტივალი სწორედ სამეგრელოში მოეწყოს, დარწმუნებული ვარ, წარმატებული იქნება, უამრავი ხალხი ჩამოვა თურქეთიდან.

 

ლაზებთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს, ქაზიმი იყო მომღერალი, რომელიც გამოვიდა

თურქეთში და იმღერა „დიდოუ ნანა“, „მოხევის ქალო თინაო“. ერთი ამბავი მინდა გავიხსენო, რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. 17 წლის ვიყავი მაშინ, სინჯებზე ვიყავი თურქეთში ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში. ერთ დღესაც ეზოში ჩავედი და ბიჭებთან ფეხბურთს ვთამაშობდი. ვხედავ, ათასობით ადამიანი მოდის, ზღვა ხალხი, „ქაზიმ, ქაზიმ“ – გაიძახიან. ერთი თურქი მოვიდა და მითხრა, წამოდიო.  წავყევი და ვხედავ, რომ ათასობით ადამიანი „დიდოუ ნანას“ მღერის. ცრემლები წამომივიდა. მერე გავიგე, რომ ქაზიმს ფილტვების კიბო ჰქონდა, მალე გარდაიცვალა, 33 წლის.

 

სტატია „ბათუმელების” 2012 წლის არქივიდან. რუბრიკა: „ბულვარი”

“დინამო ბათუმს” ახალი დირექტორი ჰყავს

ბათუმის საკრებულომ ღია კენჭისყრით საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ დირექტორად 27 წლის ოთარ ფედიჩკინი დაამტკიცა. ის დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე წმინდა გიორგის ხატით მივიდა. საკრებულომ ოთარ ფედიჩკინსა და მის კონკურენტს ვახტანგ ქორიძეს ერთდროულად უყარა კენჭი.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა დავას იმის თაობაზე თუ ორი კანდიდატის შემთხვევაში რა სახის კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო 15 წუთზე მეტი მოანდომა.

დირექტორობის კანდიდატი საკრებულოს სხდომაზე ხატით მივიდა

„დინამო ბათუმის“  ახალი დირექტორის თანამდებობაზე ორ კანდიდატს განიხილავენ, ვახტანგ ქორიძეს და ოთარ ფედიჩკინს. წარსულში გამოცდილი ფეხბურთელი, თბილისი „დინამოელი“ ვახტანგ ქორიძე დირექტორის თანამდებობაზე ვეტერანმა ფეხბურთელებმა წარადგინეს, ოთარ ფედიჩკინი კი საკრებულოს წევრებმა, ნოდარ დუმბაძემ და კობა ზაქარაიამ. „ბათუმელების“ კორესპონდენტის ცნობით ოთარ ფედიჩკინი სხდომაზე წმინდა გიორგის ხატით მივიდა.

 

ფოტო: ლელა დუმბაძე

შპს საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ ყოფილმა დირექტორმა სულხან გოგიბერიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ორი კვირის წინ  დაწერა. ბათუმის საკრებულომ 18 ივლისს  გამართულ სხდომაზე, კლუბის დირექტორის განცხადება დააკმაყოფილა.  დღემდე დირექტორის მოვალეობას იური ლორთქიფანიძე ასრულებდა.

სულხან გოგიბერიძის თანამდებობიდან გადადგომას „დინამოს“ წევრები მოითხოვდნენ. ისინი გოგიბერიძის გადადგომის მოთხოვნით ბათუმის მერიის წინ   საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

 

ავთანდილ ბერიძეს ისევ უჩივიან

 

რადიო „აჭარის“ ჟურნალისტი ტარიელ ცეცხლაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ  ბერიძეს ისევ უჩივის. ჟურნალისტმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ტარიელ ცეცხლაძე ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.


„ბათუმის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვის საქმეზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ  ავთანდილ ბერიძის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „მატყუარა“ და „ტყუილია“ არ შეიცავს ჩემს მიმართ პროფესიული რეპუტაციის შელახვას და არ დააკმაყოფილა სარჩელი. მე ვთვლი, რომ ავთანდილ ბერიძემ ჩემი პროფესიული რეპუტაცია შელახა ამ სიტყვებით, ხოლო ჩემი პროფესიონალიზმი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.   ვიმედოვნებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ტარიელ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში.  

 

ტარიელ ცეცხლაძე სააპელაციო საჩივარში ავთანდილ ბერიძისგან ითხოვს, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ საჯაროდ, პრესკონფერენციაზე განაცხადოს, რომ ტარიელ ცეცხლაძე არ არის მატყუარა. ჟურნალისტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელს მიმდინარე წლის მარტში უჩივლა.

 

„ბათუმელები“ კომენტარისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა.

 

„არ ვიცი არაფერი, სამუშაო დღე დამთავრდა და თქვენგან გავიგე ეს ამბავი. ხვალ გავარკვევთ ყველაფერს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მარინე კუპრეიშვილმა.

 

 

 

მავნებელი მწერი ქობულეთის სიმინდის ყანებში

 

 

მავნებელი მწერისგან დაზიანებული სიმინდი
მავნებელი მწერისგან დაზიანებული სიმინდი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბარში მცხოვრებ სულიკო ნიჟარაძეს სიმინდი სოფელ ოჩხამურში, 4500 მეტრზე აქვს გაშენებული. სულიკოს და სხვა ალამბრელ ფერმერებს ოჩხამურში, 160 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სიმინდი მოჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ სიმინდის ყანებს მდელოს ფარვანა ორი კვირაა ანადგურებს. სულიკო ნიჟარაძე ამბობს, რომ დახმარებისთვის სოფლის რწმუნებულს მიმართეს, სოფლის რწმუნებულმა შესაბამის სამსახურს აცნობა, მაგრამ უშედეგოდ.

 

 

„მწერი სიმინდის ყანებს მაისურად მოედო, ათეულობით ნაკვეთიდან სასიმინდე ყანა მხოლოდ 10 ოჯახს აქვს შეწამლული, დახმარებისთვის ხელისუფლებას მივმართეთ და შედეგი არ არის, ამბობენ ხელით უნდა შეწამლოთო, ხელის აპარატით როგორ უნდა შეწამლო? ეს რომ იყოს 1000 მეტრი – კი, მაგრამ 160 ჰექტარს როგორ შეწამლავ?! მცენარეს ფოთოლი აღარ შერჩა, თუ დროზე არ შეიწამლა, მოსავლის გარეშე დავრჩებით“ – ამბობს სულიკო ნიჟარაძე.

 

 

სოფელ ალამბრის რწმუნებული ვაჟა ნოღაიდელი ამბობს, რომ სავარგულები ერთდროულად უნდა შეიწამლოს, ერთი-ორი ნაკვეთის შეწამვლა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან მწერი სწრაფად მრავლდება და ერთი მცენარიდან მეორეზე გადადის.

 

 

„ორი კვირაა რაც მწერები გაჩნდნენ სიმინდის ყანებში. ხმა მივაწვდინე გამგეობას, 3-4 დღის წინ მოვიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. სოფლის მოსახლეობა ჩვენი ძალებით ვწამლავთ, მე ჩემი ნაკვეთი შევწამლე ქიმიური პრეპარატით. სანამ მწერი ნაყოფთან მივა და გაანადგურებს, მანამდე უნდა შეიწამლოს, თუ ერთმა დაწამლა და მეორემ არა  –  ამას აზრი არ აქვს, მწერი მრავლდება და გადადის სხვა ნაკვეთებზეც“ –  ამბობს ვაჟა ნოღაიდელი.

 

 

ქობულეთის აგროცენტრის უფროსი მანუჩარ ნიჟარაძე ამბობს, რომ მდელოს ფარვანა სწრაფად მრავლდება და მას მცენარის სრული განადგურება ორ კვირაში შეუძლია. იგი აქვე დასძენს, რომ მინდვრის ფარვანა ისეთი მასშტაბურობით გავრცელებული, როგორც დღეს არის, ბოლო 15 წლის მანძილზე არ ყოფილა.

 

 

„მწერი ძირითადად მდინარე ოჩხამურსა და აჭყვის აუზების საყანე ფართობებში არის გავრცელებულია, მოიცავს სოფლებს: ალამბარს, ხუცუბანს, მუხაესტატეს, ქაქუთს, გვარასა და დაბა ოჩხამურის მიმდებარე ტერიტორიებს, დაახლოებით 400 ჰექტარს. დაზიანების ხარისხი სხვადასხვა ადგილას სხვადასხვაგვარია, მდელოს ფარვანა საშიში და სწრაფად მრავლებადი მწერია, მისი აქტიური მოქმედების ვადა 12 დღეა, 12 დღის შემდეგ იჭუპრებს, ერთი პეპელა დღეში 600-მდე კვერცხს დებს. დაწამვლა მაშინ უნდა მოხდეს, როცა მატლის სტადიაშია. აღნიშნული მწერი ყოველთვის იყო გავრცელებული, მაგრამ იმ რაოდენობისა, რაც დღეს არის, ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა, უამინდობამ ნაწილობრივ შეაფერხა გამრავლების პროცესი“ –  ამბობს მანუჩარ ნიჟარაძე.

 

 

აგროცენტრის უფროსის განცხადებით მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო პროგრამა შემუშავებული არ არის, იქედან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ამის საჭიროება არ ყოფილა. იგი ფერმერებს რეკომენდაციებს აძლევს: 

 

„მავნებლის განადგურება შესაძლებელია ქიმიური პრეპარატებით, მდელოს ფარვანას გასანადგურებლად ქიმიური პრეპარატებიდან გამოიყენება: კარატე, ვალსამბა, ფროკვეინი, კარატე ზეონი, ბი58, სუპერდექტამეტრინი… მავნებელი ცუდად დამუშავებულ მიწას უფრო მოერია, მის წინააღმდეგ შესაძლებელია გატარდეს აგროტექნიკური ღონისძიებები, სწორი თესლბრუნვა, სიმინდის დათესვისას ვადების დაცვა ხელს უშლის მის გამრავლებას, თავის დროზე უნდა გაიწმინდოს და დაიწვას სიმინდის ღერო, ჩალა და ისე დაითესოს, რადგან მწერი ჩალაში იზამთრებს და გაზაფხულზე თუ არ მოხდა მისი სრული განადგურება, გამრავლებას იწყებს“  – ამბობს მანუჩარ ნიჟარაძე.

 

 

ქობულეთის გამგებლის მოადგილის მირანდა წეროძის განცხადებით აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით გამგეობამ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდა. იგი დასძენს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ღონისძიების გატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

„მოსახლეობას რაიმე სახის დახმარება რომ გავუწიოთ, ადგილობრივ ბიუჯეტში საჭირო თანხა არ გაგვაჩნია, გარდა რეკომენდაციებისა, შეტყობინება მივიღეთ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, რომ მინდვრის ფარვანასთან დაკავშირებით ღონისძიებები განხორციელდება, მოსახლეობას დაურიგდება პრეპარატები, მოხდება დაწამვლა, მინდვრის ფარვანას გასანადგურებელი პრევენცია უახლოეს მომავალში დაიწყება და მას სახელმწიფო დააფინანსებს“ –  ამბობს  მირანდა წეროძე.  

Exit mobile version