სიახლეები

„საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის“ ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები

06.08.2013 • 1930
„საზღვაო სასწავლო ცენტრ ანრის“ ინგლისური ენის ტრენინგ-კურსები

 

საზღვაო სასწავლო ცენტრი „ანრი“ აკრედიტებული უმაღლესი საზღვაო  სასწავლებელია, რომელიც ამ დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში. ცენტრს გააჩნია თანამედროვე სასწავლო ბაზა, რეალობასთან შესაბამისი სიმულატორები, საკუთარი საწვრთნელი გემის მოდელი, იახტა, სამაშველო კატარღები. მეზღვაურთა სწავლებასთან ერთად ცენტრში არსებობს მეზღვაურთა მომზადება/გადამზადებისა და სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც აღიარებულია „სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიერ. 

 

 

ცენტრი აქტიურადაა ჩართული ყველა საზოგადოებრივ საქმიანობაში, მიუხედავად იმისა მოცემული პროექტი ეხება თუ არა ცენტრის უშუალო საქმიანობას.

 

სხვა პროექტებთან ერთად საზღვაო ცენტრი „ანრი“ უკვე მეორე წელია წარმატებით უტარებს ინგლისური ენის ტრენინგ-კურსებს სპეციალურად აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას. წელს, 5 აგვისტოს, ამ პროექტის ფარგლებში უკვე მე-5 ჯგუფი შეიკრიბა.

 

,,ჩვენს სასწავლებელს გააჩნია უცხო ენების, კერძოდ ინგლისური ენის შემსწავლელი სერტიფიცირებული ცენტრი, რომლის ბაზაზეც მიმდინარეობს ეს პროექტი. მსმენელებად ძირითადად მოწვეული გვყავს თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. მათ მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობების ფასად, ზღვაზე დასვენების პარალელურად, ვთავაზობთ ინგლისურ ენაში საჭირო უნარჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას. ჩვენი სასწავლებლის ინიციატივით აღნიშნული კურსები ტარდება როგორც თბილისში, ასევე ბაკურიანში; ბათუმი შემაჯამებელი, ანუ სასერტიფიკაციო ეტაპის მასპინძელია.

 

ტრენინგცენტრი

 

მომავალში ვეცდებით უფრო ფართო მასშტაბიანი გავხადოთ პროექტი. ეს იმას გულისხმობს, რომ გავხსნით ცენტრის ფილიალს თბილისში, ანუ ჩვენს ცენტრში სწავლის შესაძლებლობა დევნილ მოსახლეობასთან ერთად მიეცემა თბილისელებს, ასევე ნებისმიერ სხვა მსმენელს“, – განაცხადა საზღვაო სასწავლო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ.

 

ინგლისური ენის კურსებს უძღვებიან სპეციალურად ამ პროექტისთვის მოწვეული ტრენერები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: ასოცირებული პროფესორი ნანა ახობაძე და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ფიქრია თორია.

 

დოქტორ ფიქრია თორიას თქმით, ,,სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა მოკლე სასწავლო პროგრამა, რომელიც გასული წლების გამოცდილებით ძალიან კარგად მუშაობს. სწავლის დაწყების წინ ვატარებთ ტესტირებას მსმენელთა დონის შესამოწმებლად, თითოეულ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს არანაკლებ 3 და არაუმეტეს 10 ადამიანი. სემინარები, სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით, გრძელდება 4-5 საათს და მოიცავს ახსნილი მასალის ადგილზე სწავლებას. ამ მეთოდით პროგრამის მონაწილეები სწავლასთან ერთად დასვენებასაც ახერხებენ.

 

გასულ წლებში არ გვქონდა, მაგრამ წელს დავამატეთ დონე ე.წ. სტარტერებისთვის (დამწყებთათვის). ეს დონე ინგლისურად საუბრის ელემენტარულ ჩვევებს მოიცავს. კურსის ბოლოს აუცილებლად ტარდება ასევე ტესტირება ნასწავლ მასალაზე. სერტიფიკატს გავცემთ დონეების მიხედვით: 75 ქულის ზევით გავცემთ „წარჩინებულის“ სერტიფიკატს, 50-დან 75-მდე – „კარგს“, ვინც 50-მდე ქულას დააგროვებს, ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტში ეწერება – „მოისმინა“.

 

პროექტი დაიწყო 2013 წლის 5 აგვისტოს და გაგრძელდება 15 აგვისტოს ჩათვლით.

გადაბეჭდვის წესი